მცირე გზამკვლევი კატის შეძენის მსურველთათვის
გააზიარე:
ვეტკაბინეტში ამჯერად კატის რამდენიმე გავრცელებულ ჯიშს და მათთვის დამახასიათებელ თავისებურებებს მიმოვიხილავთ. რომელი ჯიშია მიზანშეწონილი ბავშვიანი ოჯახებისთვის? განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან მათი ქცევა და ხასიათი? არსებობს თუ არა “ჰიპოალერგენული” კატა?
დავიწყოთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული “ცისფერსისხლიანების” მიმოხილვით.
სიამის კატა
მიჩნეულია, რომ თანამედროვე სიამის კატას 11 სხვადასხვა ჯიშის წინაპარი ჰყავს. სელექციის ეს მრავალფეროვანი გზა მის გარეგნობაზე დადებითად აისახა: ელეგანტური სხეული, კარგად განვითარებული კუნთები, მოხდენილი თავი, პატარა ცხვირი, ნუშისებრი თვალები, გრძელი კისერი და კუდი, მოკლე, კრიალა ბეწვი... სიამის კატა ძალიან ჭკვიანია, ადვილად იწვრთნება, სწავლობს ბრძანებებს. ის კატების იმ იშვიათ ჯიშებს განეკუთვნება, რომელთა საბელით ტარებაც შესაძლებელია. სიამის კატა ძალიან ცნობისმოყვარეა, მოძრავი, ცოცხალი და ენერგიული, თუმცა ეჭვიანობაც სჩვევია – არ ღირს მასთან ერთად სხვა შინაური ცხოველის აღზრდა.
ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ კატას საკუთარი ცხოვრება და სურვილები აქვს და მისი ზედმეტად შეწუხება არ ღირს. სიამის კატას თავის დაცვაც შეუძლია და თუ საფრთხე იგრძნო, ბრჭყალებისა და კბილების გამოყენებას არ მოერიდება.
სპარსული კატა
ეს ჯიში გამოირჩევა გრძელი, სქელი, მომხიბვლელი ბეწვით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს. დიდი თავი, მოკლე ფეხები, მოკლე, დაცქვეტილი ყურები და პატარა ცხვირი ამ ჯიშის დამახასიათებელი ნიშნებია. სიამის კატისგან განსხვავებით, სპარსული კატა ძალიან მშვიდია, ამიტომ ადვილად ეგუება ბინაში ცხოვრებას, ამიტომ თუ თვინიერ, დამჯერ ოთხფეხა მეგობარს ეძებთ, ეს ჯიში თქვენთვის ზედგამოჭრილია.
გასათვალისწინებელია, რომ გრძელი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს და თუ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, უმჯობესია, სპარსული კატის შეძენისგან თავი შეიკავოთ, რადგან გაზაფხულსა და შემოდგომაზე მას ბეწვი უხვად სცვივა.
ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა
ბრიტანული მოკლებეწვიანი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი წინაპრები, სავარაუდოდ, ეგვიპტური შინაური კატები იყვნენ, რომლებიც რომაელმა დამპყრობლებმა ბრიტანეთში წაიყვანეს. კატის ეს ჯიში საკმაოდ პოპულარულია რამდენიმე მიზეზის გამო: იშვიათად ავადმყოფობს, მშვიდი, თვინიერი ბუნებით გამოირჩევა და ზრდასრულ ასაკშიც პატარა, საყვარელი კნუტივით გამოიყურება, თუმცა აქვს კარგად განვითარებული მუსკულატურა და შესაძლოა, საკმაოდ დიდი ტანისაც იყოს. ფართო გულმკერდი, მსხვილი, ოდნავ მოხრილი თათები, მრგვალი მასიური თავი, მოკლე და ძლიერი კისერი, მსხვილი თვალები ამ ჯიშის სავიზიტო ბარათია. ბეწვი მოკლე აქვს, ტანზე მჭიდროდ მიმჯდარი, და, სხვა ჯიშებთან შედარებით, ადვილი მოსავლელი – არ იხლართება, ადვილად ივარცხნება და ცვლის პერიოდშიც ნაკლებად ცვივა.
ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა ნაზი, სითბოსა და მოფერების მოყვარული ცხოველია. უყვარს ხალხმრავლობა. მუდამ თან დაჰყვება პატრონს, კარგად ეგუება ბავშვებს და მოთმინებით იტანს მათ ცელქობას.
სფინქსი – კატა მათთვის, ვისაც ბეწვზე ალერგია აქვს
თუ ძალიან გიყვართ კატები, მაგრამ მათ ბეწვზე ალერგია გაქვთ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ კატის ამ ჯიშით.
სფინქსი როგორც ცალკე სახეობა ორმოცდაათი წლის წინ გმოიყვნეს. გარეგნულად ის ჩვეულებრივი კატაა, ოღონდ უბეწვო.
“შიშველ” კატას არ უყვარს სიცივე და მარტოობა, ალერსიანია და კეთილგანწყობილი. ადამიანის გარეშე სფინქსი ვერ ძლებს, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება: არ შეიძლება მზის გულზე დიდხანს ჯდომა, – შესაძლოა, დაიწვას; ორპირ ქარში სწრაფად ცივდება; არ აქვს წამწამები, ამიტომ პატრონმა ხშირად უნდა უწმინდოს თვალები სპეციალური ლოსიონით. საინტერესოა, რომ, ჩვეულებრივი კატებისგან განსხვავებით, სფინქსი არასდროს ზნექს ზურგს და არ აჩენს კლანჭებს. სამაგიეროდ, ხშირად ითხოვს ხელში აყვანას. პატრონს შეუძლია, სასეირნოდ სფინქსი ძაღლივით თასმაზე გამობმული ატაროს.