საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

გააზიარე:

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებების ფარული ეპიდემიაა. თუ საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ინფექციური სნეულებები იყო, დღეს ისინი არაგადამდებმა დაავადებებმა შეცვალა, ამ უკანასკნელთა შორის კი გულ-სისხლძარღვთა სნეულებების შემდეგ მთავარი ადგილი ონკოლოგიურ დაავადებებს უჭირავს. მეორე მხრივ, სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ კიბო არ არის განაჩენი. დიახ, კიბო მართლაც აღარ არის განაჩენი, მაგრამ ერთი პირობით: თუ მას დროულად აღმოვაჩენთ. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად კი სკრინინგი მიიჩნევა.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს სკრინინგის ეროვნული პროგრამა, რომელიც ოთხი ლოკალიზაციის: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული, – კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას ისახავს მიზნად. მიმდინარე წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგპროგრამაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სწორედ ამ ცვლილებებსა და, საზოგადოდ, სკრინინგზე გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

 

– რამდენად გავრცელებული დაავადებაა საშვილოსნოს ყელის კიბო და რომელი ფაქტორები ზრდის მისი განვითარების რისკს?

– ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილს იკავებს ძუძუს კიბოს შემდეგ. საყურადღებოა, რომ ქალები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოთი უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ავადდებიან.

საშვილოსნოს ყელის კიბოთი მაღალი ავადობა ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში – გაცილებით მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა მოდიოდა მესამე-მეოთხე სტადიების წილად, როდესაც მკურნალობა ძალიან ძვირია, ეფექტი კი არასაიმედო. ამიტომ გადავწყვიტეთ იმ გზით წასვლა, რომლითაც მიდიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და სკრინინგის დანერგვა.

– რას გულისხმობს სკრინინგი და რატომ მიიჩნევა ის კიბოსთან ბრძოლისას ასეთ ეფექტურ ინსტრუმენტად?

– სკრინინგი – ეს არის ჯანმრთელი პოპულაციის, ხაზს ვუსვამ – ჯანმრთელი პოპულაციის, კვლევა რისკჯგუფების გამოსავლენად. არსებობს კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში სკრინიგი ეფექტურად მიიჩნევა. სკრინინგს, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს დაავადებები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყანაში და რომელთა ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას. ავიღოთ, მაგალითად, ისეთი დაავადებები, როგორებიცაა პანკრეასის თავის კიბო და რეტროპერიტონეალური სიმსივნე – ორივე ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ ამ დაავადებათა სკრინინგი არახარჯეფექტურია. საშვილოსნოს ყელი და ძუძუ კი იმ ორგანოებს მიეკუთვნება, სადაც კიბოს აღმოცენებიდან შორს წასული ფორმის ჩამოყალიბებამდე საკმაო ხანი გადის, ამიტომ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენით შეიძლება მკვეთრად შევამციროთ სიკვდილის რისკი.

– როდის დაიწყო საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

– ეროვნული სკრინინგპროგრამა თბილისში 2008 წელს ამოქმედდა, 2011 წელს კი მთელი საქართველო მოიცვა. დღეს ამ პროგრამას თბილისში – 24, ხოლო რეგიონებში 41 ორგანიზაცია ემსახურება. ამ ორგანიზაციებში სკრინინგი მოსახლეობისთვის, ხაზს ვუსვამ – მოსახლეობისთვის, უფასოა, მის საფასურს მთლიანად სახელმწიფო იხდის. შესაბამისად, სკრინინგული გამოკვლევა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, გამოკვლევისთვის მისულმა, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა. არსებობს ერთიანი ცხელი ხაზი – 220 35 35, რომელზეც მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელ ორგანოებზე ტარდება სკრინინგი და სად არის თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოესი ცენტრი. მაგალითად, აფხაზეთიდან დარეკვისას ზუგდიდის სკრინინგცენტრში გადაგამისამართებენ, ოსეთიდან – გორის სკრინინგცენტრში და ა.შ.

– რა ასაკის ქალებისთვის არის რეკომენდებული საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და რომელ გამოკვლევებს ითვალისწინებს ის?

– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინიგი ოცდახუთიდან სამოც წლამდე ასაკის ქალებს უტარდებათ. ის რამდენიმესაფეხურიანია. სკრინინგცენტრში მისულ ქალს თავდაპირველად გინეკოლოგი სინჯავს და უტარებს პაპ ტესტს, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ყელიდან მასალის აღებას ციტოლოგიური გამოკვლევისთვის. თუ აღებულ მასალაში ცვლილებები არ აღმოჩნდა, ქალს მომდევნო გამოკვლევისთვის სამი წლის თავზე ვიბარებთ. თუ ტესტმა პათოლოგიური პროცესის არსებობა დაადასტურა (აქვე გეტყვით – პათოლოგია მაინცდამაინც კიბოს არ ნიშნავს), კოლპოსკოპიაზე გადავდივართ – გამადიდებელი შუშით, მიკროსკოპით ვათვალიერებთ საშვილოსნოს ყელს და საჭიროებისამებრ ვიღებთ ბიოფსიურ მასალას ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის. თუ ქალი რომელიმე რისკჯგუფს მიეკუთვნება, პროგრამა გვავალდებულებს, ის დავიაბროთ არა სამი წლის, არამედ ექვსი ან თორმეტი თვის შემდეგ, განურჩევლად იმისა, აღმოაჩნდება თუ არა ქსოვილებში რამე ცვლილება.

– რისკჯგუფში ქალები გენეტიკური განწყობის მიხედვითაც ხვდებიან?

– გენეტიკურ განწყობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან გენეტიკური კვლევა საქართველოში მასობრივად არ ტარდება. უფრო მართებული იქნება, დატვირთულ მემკვიდრეობაზე ვილაპარაკოთ: თუ დედას, დეიდას, დას ჰქონდათ ასეთივე დაავადება, ქალს რისკჯგუფს მივაკუთვნებთ. გარდა ამისა, კიბოს განვითარების შანსს ზრდის საშვილოსნოს ქრონიკული ანთებითი დაავადება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

– რამდენად ეფექტურია ასეთი სკრინინგი და რამდენად ხარისხიანად ტარდება ის?

– კვლევის ეს მოდელი ჩვენ არ მოგვიგონია – ვიმეორებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, სადაც სკრინინგი ამავე სქემით მიმდინარეობს. რაც შეეხება კვლევის ხარისხს, ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის წაყლობით, ის მთელ საქართველოში ერთნაირია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: სკრინინგცენტრი გამოვლენილი შემთხვევების შემდგომ მონიტორინგსაც ეწევა. ჩვენთან მოსულ, პრაქტიკულად, ყველა ქალზე გვაქვს მონაცემები: სად იმკურნალა, როგორ დასრულდა მკურნალობა და სხვა.

ბევრს არ სჯერა, რომ ქალმა, რომელსაც ძუძუს ან საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქონდა, მკურნალობის შემდეგ შესაძლოა თავი კარგად იგრძნოს. მერწმუნეთ, ასეა. მთავარია, დაავადება დროულად გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ. სწორედ ამიტომ არის სკრინინგი ესოდენ მნიშვნელოვანი.

– მიღწევებთან ერთად ამ ხნის განმავლობაში ალბათ სირთულეებსაც შეეჯახეთ. რა მიგაჩნიათ პროგრამის ყველაზე სუსტ რგოლად და როგორ ცდილობთ პრობლემის მოგვარებას?

– მერწმუნეთ, ჩვენზე უკეთ პრობლემებს ვერავინ ხედავს და მათ აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ პროგრამის აქილევსის ქუსლი მოსახლეობის მოცვის დაბალი დონე იყო. იმ ქვეყნებში, სადაც სკრინინგი ეფექტურია, ის სამიზნე პირთა 60-70%-ს აქვს ჩატარებული. ჩვენც სწორედ ასეთ ქვეყნებს ვეჯიბრებით და გვინდა, მოცვის მაჩვენებელი ამ რიცხვებამდე მივიყვანოთ. მართალია, ბოლო წლებში მომართვიანობა გაიზარდა და სკრინინგცენტრებში რიგებიც კი დგას, მაგრამ შედეგი ჯერ კიდევ შორს არის იმ მაჩვენებლისგან, რომელზეც სწორება უნდა გვქონდეს. უამისოდ კი სკრინინგი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ინერგება სკრინინგის ახალი მოდელი – ე. წ. ორგანიზებული სკრინინგი.

– რას გულისხმობს ორგანიზებული სკრინინგი?

– ის, რასაც დღემდე ვაკეთებდით, ოპორტუნისტული სკრინინგი იყო: ჩვენ მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობას ვეწეოდით და ქალები თავად მოდიოდნენ გამოკვლევის ჩასატარებლად. ორგანიზებული სკრინინგის შემთხვევაში კი დგება, მაგალითად, რომელიმე ქუჩაზე მცხოვრები შესაბამისი ასაკის ქალების სია, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი კი მათ სიის მიხედვით ურეკავს და სკრინინგზე იბარებს. იგეგმება მეორე მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებაც: სკრინინგპროგრამაში ერთვება პირველადი ჯანდაცვის სისტემა. საქართველოში პირველად ოჯახის ექიმებს საშუალება მიეცემათ, აიღონ მასალა პაპ-ტესტისთვის საშვილოსნოს ყელიდან. ვფიქრობთ, ეს ცვლილებები მოსახლეობის მოცვის დონეს ნახტომისებურად გაზრდის. საერთაშორისო გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ ორგანიზებული მოდელით კიბოს სკრინინგი ზედმიწევნით ეფექტურია.

– როდიდან დაიწყება ცვლილებები?

– ამჟამად ორი საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს. პირველი შარშან ამოქმედდა გურჯაანის რამდენიმე სოფელში, წელს კი მათ რიცხვს თბილისიც შეემატა. თუ სასურველი შედეგი მივიღეთ, პროგრამა მთელ ქვეყანას მოიცავს. საგანგებოდ შევარჩიეთ როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებები, ვინაიდან მათ სხვადასხვანაირი ორგანიზება სჭირდებათ. ქალაქში პროგრამას პოლიკლინიკები და საოჯახო მედიცინის ცენტრები მოემსახურებიან, სოფლად კი – სოფლის ამბულატორია.

– ოჯახის ექიმს მხოლოდ პაპ-ტესტის აღება დაევალება?

– ოჯახის ექიმს დიდი ფუნქცია აკისრია, ვინაიდან პირველადი ჯანდაცვაა ჯანდაცვის ის რგოლი, რომელსაც პირველი და უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან, სკრინინგი კი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სწორედ ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევაა. ოჯახის ექიმს ქალი მრავალი არაონკოლოგიური პრობლემის გამო მიმართავს, პარალელურ რეჟიმში მათი გამოკვლევა კი უდავოდ გაზრდის მოცვის მაჩვენებელს. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მხოლოდ პაპ-ტესტის აღება მოხდება. გამოსაკვლევად მასალა შესაბამის ლაბორატორიაში გაიგზავნება. თუ დამატებითი კვლევა გახდა საჭირო, საქმეში ჩაერთვება ზედა დონე – სკრინინგცენტრი. ამგვარად, პროგრამა ორმხრივ სარგებლობას მოიტანს – ხელს შეუწყობს როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე სკრინინგპროგრამის უფრო ეფექტურ ფუნქციობასაც.

– სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის განყოფილებაშიც უფასო იქნება?

– ცხადია. პროგრამის წარმატება ჩვენი გუნდის უდავო დამსახურებად მიმაჩნია, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. დღიდან დაარსებისა, მხარში გვიდგას და ჩვენი უდიდესი დონორია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა. თბილისში პროგრამას ქალაქის მუნიციპალიტეტი ახორციელებს, რაიონებში კი – ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გავლით.

– როდის შეაჯამებთ საპილოტე პროგრამის შედეგებს?

– პირველადი შედეგები წლის ბოლოს გვექნება. შემდეგ მონაცემებს გავაანალიზებთ, საჭიროებისამებრ, შევცვლით და დავხვეწთ მოდელს და თუ სატტისტიკაც აჩვენებს, რომ მოცვის მაჩვენებელი გაიზარდა (რაშიც პირადად მე ეჭვი არ მეპარება), პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ავამოქმედებთ.

არ შემიძლია არ ვახსენო მედიის როლი, რომელიც ამ საქმეში მართლაც უდიდესია. 2008 წლიდან დღემდე ამ თემისადმი მიძღვნილი თითოეული გადაცემის შედმდეგ მომართვიანობა მკვეთრად იმატებს.

– სხვა აქტივობებიც ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

– ამჟამად ჩვენი პროგრამა-მინიმუმი საქართველოში ორგანიზებული სკრინინგის დანერგვაა, მაგრამ გვაქვს სხვა გეგმებიც. გვინდა, დავნერგოთ არა მხოლოდ კიბოს, არამედ მასზე მეტად გავრცელებული სასიკვდილო დაავადების სკრინინგიც. პროგრამა-მაქსიმუმი კი ის იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხი კიბოთი არ იხოცებოდეს. შესაძლოა, არარეალური მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ყველამ მოვინდომეთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

გააზიარე: