რატომ არის აუცილებელი მოწესრიგებული ციკლი

გააზიარე:

ქალის ორგანიზმი სიცოცხლის განმავლობაში განვითარების რამდენიმე ეტაპს გაივლის: პატარა გოგონასგან მოწიფული ქალი ყალიბდება, რომელიც შემდეგ ასაკოვან ქალბატონად იქცევა. ყველა ეს ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლთან, ვინაიდან ის ჰორმონული სისტემის სწორი მუშაობის გამოვლინებაა.

პუბერტატულ პერიოდში ჰორმონული დისბალანსი მენსტრუაციული ციკლის დარღვევით, ჭარბთმიანობით, აკნეთი და წონის მატებით ვლინდება. სამწუხაროდ, სულ უფრო მეტ მოზარდს აღენიშნება ციკლის დარღვევა ცნობილ თუ უცნობ მიზეზთა გამო.

რის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც მწყობრიდან გამოვიდა და ექიმს მივმართოთ? როგორი რეჟიმით ვიცხოვროთ, რომ ორგანიზმი ნაკლები სტრესის პირობებში მუშაობდეს? ამ კითხვებზე სამედიცინო ცენტრ “ინოვას” ექიმი რეპროდუქტოლოგი თამთა ცაავა გვიპასუხებს.

 

– ქალის ორგანიზმის განვითარების რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ. ესენია:

* ბავშვობა (8 წლამდე);

*  პრეპუბერტატული პერიოდი (8-11 წელი);

* პუბერტატული (სქესობრივი მომწიფების) პერიოდი (12-18 წელი);

*  რეპროდუქციული (შვილოსნობის) პერიოდი (19-45 წელი);

* კლიმაქტერიული პერიოდი (45-49 წელი);

* პოსტმენოპაუზის პერიოდი (55 წლიდან).

როგორც ხედავთ, ნორმაში ყოველ ეტაპს თავისი კლინიკური გამოვლინება აქვს. ასეთი გამოვლინებაა ნორმალური მენსტრუაციული ციკლის დაწყებაც, რაც მენარქეს სახელწოდებით მოიხსენიება. ის იწყება 11-13 წლის ასაკში და გრძელდება 45-55 წლამდე.

მენსტრუაციული სისხლდენა ციკლის გარეგანი გამოხატულებაა.

 

რეგულარულობა

– მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და საკმაოდ ვარიაბელური. მთავარია, ის რეგულარული იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე ინტერვალი 21-35 დღის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ერთი და იგივე შუალედი არ არის აუცილებელი, მთავარია, ის ამ ჩარჩოებში ეტეოდეს. სხვაგვარად ციკლი რეგულარულად ვერ ჩაითვლება. სისხლდენა, როგორც წესი, 3-7 დღე გრძელდება, იშვიათად – 8 დღეც, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. ნორმალური მენსტრუაციის დროს გამონადენს არ უნდა ახლდეს ტკივილი და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეცვლა.

  • – რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მენსტრუაციის რეგულარულობა?

– იმიტომ, რომ რეგულარული მენსტრუაცია დასტურია საკვერცხის ნორმალური ფუნქციობისა, რაც, თავის მხრივ, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რთული სისტემის შეთანხმებული ურთიერთქმედების გამოვლენა გახლავთ. მენსტრუაციული ციკლის პირველ ფაზაში საკვერცხეში ფოლიკული მწიფდება, შემდეგ ის სკდება (ოვულაცია) და მისგან გამოდის კვერცხუჯრედი, რომელიც სქესობრივი ცხოვრების შემთხვევაში განაყოფიერდება. ჩამოყალიბდება ემბრიონი, რომელიც საშვილოსნოს მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში მოხვდება. ოვულაციის შემდეგ საკვერცხის ფოლიკულის ადგილას ჩამოყალიბდება ყვითელი სხეული. თუ ემბრიონი საშვილოსნოს კედელს მიემაგრა, ქალი დაორსულდება თუ არა, ჩვეულებრივი მენსტრუაცია დაეწყება.

ჰორმონულ დარღვევას მენსტრუაციის გადაცდენამდე ან ნაადრევ მენსტრუაციამდე მივყავართ, ჰორმონების სწორი მუშაობა კი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების კოორდინირებულ ურთიერთკავშირზეა დამოკიდებული. ეს სისტემა პრეპუბერტატულ პერიოდში (8-დან 11 წლამდე) ყალიბდება და რამდენიმე ხანს უწესრიგოდ მოქმედებს, შემდგომ კი კოორდინირებულად ამუშავდება და მენსტრუაციაც თანდათან რეგულარული ხდება.

  • – რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს არარეგულარული მენსტრუაცია?

– პირველი მენსტრუაციიდან 1-1.5 წლის განმავლობაში არარეგულარული მენსტრუაცია დარღვევად არ მიიჩნევა, ამიტომ არც ჩარევაა საჭირო. ზოგჯერ ცოტა მეტხანსაც შეიძლება ლოდინი, მაგრამ თუ ამ ხნის განმავლობაში მენსტრუაცია სისხლდენაში გადაიზადა, ინტენსიური გამონაყარი გაჩნდა ან ჭარბთმიანობა გამოვლინდა, წელიწად-ნახევარს აღარ ვიცდით და მკურნალობას ვიწყებთ. ამ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩამოყალიბებული ციკლის დროს.

ბოლო ხანს განსაკუთრებით იმატა ციკლის დარღვევის გამო გოგონების ექიმთან მიმართვიანობამ, რაც პაციენტების მეტი ინფორმირებულობის, სამედიცინო ცოდნის მატების შედეგია. ციკლის დარღვევასთან ერთად გოგონას შესაძლოა აღენიშნებოდეს წონის მატება, ჭარბთმიანობა, აკნე, რაც აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და მოზარდ ასაკში ერთიორად მძაფრად აღიქმება. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მენარქედან (პირველი მენსტრუაცია) 2-5 წლის განმავლობაში მენსტრუაციული დარღვევები გოგონათა თითქმის 20-30%-ს აღენიშნება.

  • – რა განაპირობებს ციკლის დარღვევას?

– ჰორმონული დისბალანსი, ძლიერი სტრესი და სხვა შინაგანი ფაქტორები: მემკვიდრეობა, კონსტიტუცია, სხეულის მასის ცვლილება – კლება ან მატება, ასევე –გარეგანი ფაქტორებიც: კლიმატი, არასრულფასოვანი კვება.

დღეს მოზარდებს სტრესული ცხოვრება აქვთ. ვინაიდან სტრესი გავლენას ახდენს ჰორმონულ ფონზე, ციკლი განსაკუთრებით ხშირად ირევა გარდატეხის ასაკში, აბიტურიენტობის დროს. რა თქმა უნდა, მოზარდი სწავლას ვერ მიატოვებს, სტრესიც ყოველთვის ექნება – უმაღლეს სასწავლებელში, სამსახურში, ცხოვრების ყოველი ახალი ეტაპის დადგომისას, ამიტომ ცხოვრების შეცვლას კი არ უნდა ვეცადოთ, არამედ თავად მოვერგოთ მას.

კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ჭარბი წონა და სიმსუქნე, რაც ასევე არასწორ რეჟიმს მოსდევს – გვიან მეცადინეობას, ღამისთევას, გვიან კვებას, ფიზიკური აქტივობისთვის დროის უქონლობას. ყოველივე ეს განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, წონის მატებას. თუმცა ბოლო ხანს ფიზიკური აქტივობისადმი ინტერესმა იმატა. მოზარდები უფრო მეტად ცდილობენ, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მდგომარეობას ართულებს სწრაფი კვების ობიექტებისა და არაჯანსაღი საკვების პოპულარობა.

არანაკლებ მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს სხეულის მასის დეფიციტიც, რომელიც გარკვეულწილად მოდითაა ნაკარნახევი. გოგონებს მოსწონთ ზედმეტი სიგამხდრე და მკაცრ დიეტას იცავენ წონის დასაკლებად. ბევრი პოპულარული დიეტა ერთგვაროვან კვებას მოითხოვს, მოზარდისთვის კი ასეთი კვება მიზანშეწონილი არ არის – შემდგომ ეს ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტს შექმნის.

ყოველივე ამის შედეგად ირღვევა ციკლი და ზოგჯერ საქმე მენსტრუაციის სრულ შეწყვეტამდეც კი მიდის. ზედმეტი სიგამხდრით გამოწვეული ციკლის მეორეული დარღვევის გამოსწორება გაცილებით ძნელია, ვიდრე სხვა მიზეზით განპირობებულისა. ამიტომ არის აუცილებელი, საკვები რაციონი სათანადო რაოდენობით შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

ორგანიზმში ყველა პროცესს ციკლურობა და ფაზობრიობა ახასიათებს, ამიტომ რეჟიმის დარღვევა ჰორმონულ სტატუსზე აისახება. ადამიანმა მხოლოდ 7-8 სააათი კი არ უნდა იძინოს, არამედ იძინოს სწორედ ღამით. დღეს კი მოზარდები და ახალგაზრდები კომპიუტერთან ან სმარტფონით ხელში ათენებენ და ძილ-ღვიძილის რეჟიმი არეული აქვთ.

ციკლის დარღვევის ხელშემწყობ ფაქტორებად განიხილება ნიკოტინი და ნარკოტიკებიც. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცს – დღეში 10 ღერზე მეტი, ხოლო ქალებს – 3-4 ზე მეტი სიგარეტი შვილოსნობის ფუნქციას ურღვევს. მწეველ ქალებთან საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკიც მომატებულია.

ცალკე – ნიკოტინი ან ნარკოტიკი, ცალკე – სტრესი, რომელსაც განიცდის ადამიანი, რომელიც მათ მოხმარებას ოჯახს უმალავს... ყველაფერ ამას საბოლოოდ ფსიქოემოციურ დარღვევებთან მივყავართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ფაქტორები: გარემოს დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, გამოსხივება, რადიაცია.

 

რას ვაქცევთ ყურადღებას

  • – მენსტრუაციის რა სახის დარღვევებს ვხვდებით?

– მენსტრუაციული ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: მწირი მენსტრუაცია, მენსტრუაციული სისხლის რაოდენობის შემცირება (ჰიპომენორეა); მენსტრუაციებს შორის დიდი ინტერვალი (ოლიგომენორეა), რომელიც შეიძლება პირველივე მენსტრუაციიდან ჰქონდეს გოგონას ან შემდგომ ჩამოუყალიბდეს; მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა) – შესაძლოა, თავიდანვე არ იყოს ან შემდეგ შეწყდეს 3-6 თვით; გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება (პოლიმენორეა); ჭარბი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა (მენორაგია) –ის შესაძლოა აღინიშნოს როგორც რეგულარული, ისე არარეგულარული ციკლის დროსაც – და მტკივნეული მენსტრუაცია (ალგომენორეა), თუმცა სუსტი ტკივილი მენსტრუაციის დროს დასაშვებია.

  • – მიიჩნევა თუ არა დარღვევად, როცა ციკლის დროს ოვულაცია არ ხდება?

– მენსტრუაცია დროდადრო შესაძლოა ანოვულატორულიც იყოს, ეს ნორმაა, მაგრამ თუ წლის განმავლობაში ანოვულატორული ციკლების რაოდენობამ გადააჭარბა ოვულატორულ ციკლებისას, ეს უკვე პრობლემად მიიჩნევა. ანოვულატორული ციკლის დროს ქალი ვერ ორსულდება. ასეთი ციკლის დადგენა სპეციალური ტესტების ან ექოსკოპიის მეშვეობით არის შესაძლებელი.

  • – როგორ ადგენენ ციკლის დარღვევის მიზეზს?

– მენსტრუაციული ციკლი საკმაოდ რთული მექანიზმია და ერთ ან ორ ჰორმონზე არ არის დამოკიდებული. ის რეგულირდება საკვერცხის, ჰიპოფიზ–ჰიპოთალამუსის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებით. ამის კვალობაზე, მისი ფუნქციის დარღვევის დროს წამყვანია ჰორმონული მექანიზმი და მიზეზის დასადგენად ექოსკოპიასთან ერთად აუცილებელია ჰორმონული სტატუსის გამოკვლევაც.

მენსტრუაციული დარღვევები ხშირად უკავშირდება მამაკაცური ტიპის ჰორმონების მომატებას (ჰიპერანდროგენიას), რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჭარბი წონა და ჰიპერანდროგენია (მამაკაცური ტიპის ჰორმონების მატება) ხანგრძლივ კონტროლს და მეთვალყურეობას მოითხოვს.

პირველადი ამენორეის – მენსტრუაციის არარსებობის – დროს საჭიროა ქრომოსომული დარღვევებისა და განვითარების მანკების გამორიცხვაც.

საინტერესოა, რომ თუ გაიშვიათებული მენსტრუაცია (ოლიგომენორეა) ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, პაციენტების 2/3-თან ის შემდგომი 10 წლის განმავლობაშიც დარღვევით მიმდინარეობს. ოლიგომენორეა ასოცირდება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან, განსაკუთრებით – ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს. თავის მხრივ, ქალებს, რომლებსაც 16 წლის ასაკში მენსტრუაციული დარღვევები აღენიშნებათ, 26 წლისთვის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის განვითარების მომატებული რისკი აქვთ. ამიტომ მენსტრუაციის შეწყვეტის ან დარღვევის შემთხვევაში ქალმა, განურჩევლად ასაკისა, აუცილებლად უნდა ეძებოს მიზეზი. დარღვევის დროს მოზარდს პირველი მენსტრუაციიდან წელიწად–ნახევრის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები, ხოლო მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ დიაგნოზის საბოლოო დადასტურების შემდეგ დაენიშნოს.

 

აქვს თუ არა აზრი

– თუ პრობლემის სწორი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვერც მკურნალობა იქნება ეფექტური. უნდა ვუმკურნალოთ არა სიმპტომს, არამედ მიზეზს. ციკლის დარღვევა არ არის ერთჯერადი დაავადება, რომელსაც ერთჯერადი ჩარევით განვკურნავთ. დარღვევა შესაძლოა ქრონიკული იყოს. დარღვეული ჰორმონული სტატუსი კომპენსირდება, მაგრამ მოსალოდნელია მისი ხელახლა დარღვევა ძლიერი სტრესის, წონის მატება-კლების გავლენით, ასე რომ, პროფილაქტიკურ ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • – თუ ციკლი შეიძლება კვლავ აირიოს, აქვს კი აზრი მის მოწესრიგებას მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში დაორსულებას არ აპირებს?

– არათუ აზრი აქვს, აუცილებელიცაა, რადგან რაც უფრო ხანგრძლივია დარღვევა, მით უფრო ძნელია მისი მოწესრიგება, საბოლოოდ კი ამას შვილოსნობის პრობლემასთან მივყავართ. დროულად დაწყებულ მკურნალობას დარღვევა უფრო ადვილად ემორჩილება. მკურნალობა ტარდება ჰორმონული პრეპარატებით, რასაც თან ახლავს ხელშემწყობი ღონისძიებები: წონის რეგულირება, კვების, ძილ-ღვიძილის რეჟიმის მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობა.

მკურნალობის შემდეგ უფრო ნაკლებია რისკი, მომავალში რეპროდუქციულ თუ ესთეტიკურ პრობლემებს შევეჯახოთ.

როგორც აღვნიშნე, ბოლო ხანს მოსახლეობის ინფორმირებულობამ იმატა. გოგონებმა იციან, რომ შესაძლოა, ციკლის დარღვევამ ქალს მომავალში რეპროდუქციული და ესთეტიკური პრობლემები შეუქმნას, ამიტომ თუ წინათ ციკლის დარღვევის გამო ქორწინებამდე ექიმს არ მიმართავდნენ, ახლა დროულად მოდიან, არა მხოლოდ ციკლის დარღვევის, არამედ წონის მატების, გამონაყარის, ჭარბთმიანობის მიზეზითაც და ჩვენც ამ პრობლემის პარალელურად ციკლსაც ვაწესრიგებთ. ვისცერული (ზემოთა) ტიპის წონის მატება, გამონაყარი, თმიანობა გოგონამ მხოლოდ გარეგნულ პრობლემებად არ უნდა მიიჩნიოს – ყველაფერი ეს ენდოკრინული დისბალანსის შედეგია, რომელსაც ხშირად თან ახლავს მენსტრუაციის დარღვევაც.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები

– ჩვენს ცხოვრებაში არის ყოველდღიური რუტინა: დაბანა, გამოცვლა, კბილების გამოხეხვა, – რაც ჩვენი ყოფითი კულტურის ნაწილია. ასევე უნდა გავითავისოთ და ყოფითი კულტურის ნაწილად ვაქციოთ პროფილაქტიკური მედიცინაც, რაც გულისხმობს ექიმთან გეგმურ პროფილაქტიკურ ვიზიტს, გინეკოლოგიური ექოსკოპიისა და სხვა გამოკვლევების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ამავე რანგის აუცილებელი ქმედებაა მენსტრუაციული ციკლის კალენდრის წარმოება. ჯერ ერთი, ამ კალენდრის მეშვეობით ექიმი მარტივად მიიღებს საჭირო ინფორმაციას, მეორე – კომფორტულია, როცა ადამიანი მოგზაურობისა თუ წვეულების დაგეგმვისას თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასაც ითვალისწინებს, არ დაამთხვევს მას ციკლის დღეებს ან ექიმს მიმართავს მენსტრუაციის გადასავადებლად.

შეიძლება ჩვეულებრივი კალენდრის გამოყენებაც, რომელშიც შემოიხაზება ციკლის დასაწყისი და გამონადენის ბოლო დღე. დღეს ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ სპეციალურ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც გვახსენებს ციკლის დასაწყისს, ადგენს გრაფიკს, აფიქსირებს გადაცდენას, მიუთითებს ჩასახვისთვის რეკომენდებულ პერიოდს და ა.შ.

  • – უშუალოდ მენსტრუაციის დროს რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა?

– დაიცვას ჰიგიენის ნორმები და ერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. კვების თაობაზე რეკომენდაციები კი ყველა ჯანმრთელი ადამიანისთვის ერთნაირია: სასურველია, ვიკვებოთ დღეში 3-4–ჯერ, მცირე ულუფებით, ვერიდოთ თეთრი ფქვილის პროდუქტებს, შაქარს, ჭარბ ცხიმს, მივიღოთ ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი. ასევე სასურველია, შეძლებისდაგვარად ყველამ მისდიოს ფიზიკურ აქტივობას, დაიცვას დღის რეჟიმი, ერიდოს ნიკოტინს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს არა მარტო ესთეტიკურ იერსახეს, არამედ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასაც, რაც ქალისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.

 

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: