ზაფხულის კურორტები და ჯანმრთელობა

გააზიარე:

სად, როდის, როგორ

წყალი მარგებელი

გავიკაჟოთ სასუნთქი სისტემა

ვასვენებთ და ვმკურნალობთ სახსრებს

დასვენება კანსაც სჭირდება

 დაღლილობის პიკზე

 

 

სად, როდის, როგორ

დადგა ზაფხული და საზრუნავიც გაგვიჩნდა – სად დავისვენოთ? თუ სოფლად სახლი ან აგარაკი გაქვთ, დილემა არ გემუქრებათ, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის და ქვეყნის უკეთ გასაცნობად დროდადრო შეიძლება რომელიმე კურორტსაც ეწვიოთ.

მაინც რომელი ჯობია – მთისა თუ ზღვის? ან იქნებ ორივე ერთად?

 

კურორტის შერჩევისას უმეტესად ერთი და იმავე კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობთ: სად მდებარეობს, როგორაა განვითარებული ინფრასტრუქტურა... კურორტის სამკურნალო პოტენციალი ამ ჩამონათვალში იშვიათად შედის. არადა, ზაფხული საუკეთესო დროა, დასვენებას მკურნალობაც შევუხამოთ და უფრო ჯანმრთელნი დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

საკურორტო თერაპიის ერთადერთ ეფექტად ბევრს სხეულის გაკაჟება და მადის გაძლიერება მიაჩნია. სულ ტყუილად. მართალია, არც ორგანიზმის თავდაცვითი უნარის ამაღლებაა უმნიშვნელო რამ, მაგრამ კურორტების სამკურნალო პოტენციალი ამით როდი შემოიფარგლება – იმ დაავადებათა სია, რომლებსაც შეგიძლიათ დასვენების დროს უმკურნალოთ, საკმაოდ ვრცელია. ოღონდ არ დაივიწყოთ: თუ კურორტოთერაპიის პრინციპები დაარღვიეთ, მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგეყრებათ და შესაძლოა, დაავადება გაგიმწვავდეთ კიდეც. ამიტომ მოხერხებულად მოკალათდით და ყურადღებით გაეცანით საკურორტო მკურნალობის წესებს.

 

სამკურნალო ფაქტორები

სამკურნალო პოტენციალი ყველა კურორტს სხვადასხვა აქვს. ის კურორტის ადგილმდებარეობასა და ბუნებრივ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ამ მახასიათებლებს სამკურნალო ფაქტორები ეწოდება. კურორტს, რომლის მთავარი სამკურნალო ფაქტორი მინერალური წყალია, ბალნეოლოგიურს უწოდებენ, კლიმატური კურორტის მთავარი ღირსება კი ჰავაა. თუ კურორტზე ორივე სამკურნალო ფაქტორია (და ასეთი ადგილი საქართველოში არცთუ ცოტაა), წამყვანი ფაქტორის მიხედვით, განასხვავებენ ბალნეოკლიმატურ და კლიმატობალნეოლოგიური კურორტებს.

მინერალური წყლებით მკურნალობა გულისხმობს წყლის სმას, შესხურებას, აბაზანებს და სხვა, კლიმატურ კურორტზე კი აერო- და ჰელიოთერაპიას მიმართავენ, რაც, შესაბამისად, ჰაერითა და მზით მკურნალობას ნიშნავს.

კურორტოთერაპიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პელოიდოთერაპიაა – ტალახით მკურნალობა. რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, მას კურორტული მედიცინის ყველაზე აქტიურ მიმართულებად მიიჩნევენ. ისტორიული წყაროების თანახმად, თურმე ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მკურნალობდნენ ნილოსის ტალახით. ინდოეთის უძველეს სამედიცინო ტრაქტატებშიცაა აღწერილი ტალახით მკურნალობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს. პელოიდოთერაპიას დიდი ხნის ტრადიცია აქვს რუსეთში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და  შვეიცარიაშიც. ერთი სიტყვით, ნაცადი მეთოდია და აქტუალობა არც ჩვენს დროში დაუკარგავს, რაც, თავისთავად, მის ეფექტიანობაზე მეტყველებს.

წყალი და ჰაერი ტალახთან შედარებით ნაკლებეგზოტიკურია, მაგრამ არც აქაა მარტივად საქმე. მაგალითად, ყველა მინერალურ წყალს თავისი ჩვენებები, უკუჩვენებები და მიღების წესები აქვს. ზოგი მათგანი მხოლოდ აბაზანებისთვის გამოიყენება, ზოგი, პირიქით, დალევისას ამჟღავნებს ეფექტს... მოკლედ, ყველაფერს ცოდნა უნდა, ამიტომ კურორტოთერაპიის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. სასურველია, ეს კურორტოლოგი იყოს, მეტადრე მაშინ, როდესაც რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ – ასეთ დროს კურორტზე მკურნალობა სააგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს.

 

ყველას ენიშნება თუ არა კურორტოთერაპია?

მთავარი, რაც კურორტოთერაპიის დროს უნდა გახსოვდეთ, ის არის, რომ მედიცინის ამ მიმართულებას ავადმყოფობის მწვავე ფორმების დროს არ იყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა გაწუხებთ – ნებისმიერი მწვავე დაავადება კურორტოთერაპიის უკუჩვენებაა. უკუჩვენებათა რიცხვს მიეკუთვნება მწვავე ლეიკემია, პოსტოპერაციულ პერიოდი და გულის უკმარისობის შორს წასული ფორმებიც.

 

პირველი დღეები

კურორტზე ჩასვლა საგულდაგულოდ დაგეგმეთ, ადგილიც გულდასმით შეარჩიეთ და ფსიქოლოგიურადაც მოემზადეთ მკურნალობისთვის, მაგრამ კურორტზე ჩასულს უძილობა, მოთენთილობა ან აგზნება და უსიამოვნო შეგრძნებები დაგჩემდათ... ნუ შეშინდებით – ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ორგანიზმი ახალ გარემოს ეგუება. აკლიმატიზაციური რეაქცია მალე გაივლის და დასვენებით დატკბებით. აკლიმატიზაციის რეაქცია განსაკუთრებით მკვეთრი აქვთ ბავშვებს – რამდენიმე დღე გაღიზიანებულნი არიან, არცთუ იშვიათად კუჭ-ნაწლავის აშლილობაც აწუხებთ. ამ დროს განსაკუთრებული ჩარევა საჭირო არ არის. მთავარია, პირველი დღეები კურორტზე მშვიდად გაატაროთ და ორგანიზმს ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული არავითარი სამედიცინო პროცედურის ჩატარება. ერიდეთ დიდხანს სიარულს, სირბილს, ვარჯიშს, საზოგადოდ, გადაღლას. პროცედურების ჩატარება არც კურორტიდან წამოსვლის დღესაა მიზანშეწონილი.

თუ აკლიმატიზაცია სამ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ესე იგი კურორტი თქვენს ორგანიზმს არ უხდება. ამ შემთხვევაში მისი დატოვება მოგიწევთ.

 

რამდენ ხანს?

რაც მეტხანს დაისვენებთ, მით უკეთესი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმი დიდხანს დასვენების საშუალებას არ გვაძლევს. შვებულება იშვიათად აღემატება ორ კვირას. არადა, ეს დრო კურორტოთერაპიისთვის სრულიად არ არის საკმარისი. კურორტული ფაქტორები ორგანიზმზე მოქმედებას 10-14 დღის შემდეგ იწყებს. შესაბამისად, კურორტოთერაპიის ოპტიმალური ხანგრძლივობა 3-4 კვირაა.

 

ამრიგად, კურორტოთერაპიის ზოგად წესებს გავეცანით. ახლა ის დაავადებები განვიხილოთ, რომელთა სამკურნალოდაც ეს ცოდნა გამოგვადგება.

 

წყალი მარგებელი

“მუცელი მტკივა”, – ამ სიტყვებს ხშირად ამბობენ ექიმთან ვიზიტის დროს. ჩვენს სინამდვილეში საჭმლის მონელების პრობლემები, ფაქტობრივად, სასკოლო ასაკიდან იწყება და მალე ქრონიკული ხდება. არც არის გასაკვირი: ურეჟიმოდ მივირთმევთ არაჯანსაღ საკვებს, სტრესი კი, შეიძლება ითქვას, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამ ყველაფერს მავნე ჩვევებიც დაუმატეთ და, აი, შედეგიც: საჭმლის მონელება დარღვეულია.

საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები გავრცელებით მესამე ადგილს იკავებს, ახალი შემთხვევების რაოდენობით კი მეორეს. ყველაზე მეტად გავრცელებულია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები. განსაკუთრებული სიხშირით გამოირჩევა ქოლეცისტიტი და ქოლელითიაზი (1119.4 შემთხვევა 1 000 000 კაცზე), გასტრიტი და დუოდენიტი (996.8 შემთხვევა), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (455.4 შემთხვევა).

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა ტიპობრივი სიმპტომებია:

* მუცლის ტკივილი;

* მუცლის შებერილობა;

* გულისრევა;

* ღებინება;

* ბოყინი;

* სლოკინი;

* უმადობა;

* წვა და ტკივილი ყლაპვის დროს;

* ყაბზობა და ფაღარათი.

მოკლედ მიმოვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები.

გასტრიტი კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს გარსი კუჭის წვენსა და ფერმენტ პეპსინს გამოიმუშავებს. დაავადება შესაძლოა წარიმართოს კუჭის წვენის როგორც მომატებული, ისე დაქვეითებული მჟავიანობის ფონზე. ამის კვალობაზე, განასხვავებენ გასტრიტის ჰიპერაციდულ და ჰიპოაციდურ ფორმებს. დაავადება, განსაკუთრებით – მისი ჰიპერაციდური ფორმა, ხშირად გვხვდება ახალგაზრდებთან. ის კუჭის სეკრეტში მჟავური ბალანსის დარღვევის შედეგია. ანთების ფონზე მჟავასა და ფერმენტების გამომუშავება ზოგჯერ იკლებს. მცირდება დამცავი ნივთიერებებისა და ლორწოს გამოყოფაც. ვითარდება ჰიპოაციდური გასტრიტი.

მომატებული მჟავიანობის დროს წამყვანი სიმპტომებია წვის შეგრძნება და ტკივილი საკვების მიღების შემდეგ. ჰიპოაციდურ გასტრიტს უფრო მეტად სიმძიმის შეგრძნება ახასიათებს, რომელიც ტკივილად ტრანსფორმირდება. ტკივილი ჭამის დასრულებისთანავე იჩენს თავს. ზოგჯერ თან ახლავს ღებინებაც. სხვა დამახასიათებელი სიმპტომებია უმადობა, წონის კლება, ენაზე თეთრი ნადები, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ენდოსკოპიური გამოკვლევა. შესაძლოა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა და რამდენიმე ანალიზიც დაგჭირდეთ.

პათოლოგიური პროცესის სამიზნე წყლულოვანი დაავადების დროსაც კუჭის ლორწოვანია. ლორწოვანის დაზიანება კუნთოვან შრემდე აღწევს. ასე ვითარდება დეფექტი, რომელსაც წყლულს ვუწოდებთ (იგივე მექანიზმი უდევს საფუძვლად ეროზიას, ოღონდ ამ შემთხვევაში დაზიანება უფრო ზედაპირულია). წყლულოვანი დაავადების სიმპტომებია ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, შებერილობა, წვის შეგრძნება, გულისრევა და ღებინება. ტკივილის აღმოცენების დრო წყლულის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული: თუ დეფექტი პილორულ ნაწილში მდებარეობს, – იქ, სადაც კუჭი თორმეტგოჯა ნაწლავს უერთდება, – ტკივილი საკვების მიღების შემდეგ მწვავდება, თუ თორმეტგოჯა ნაწლავში – საკვების მიღება, პირიქით, ამცირებს ტკივილს და ის უფრო გვიან იჩენს თავს.

წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტიც ენდოსკოპიური გამოკვლევაა. ექიმის შეხედულებისამებრ, ინიშნება სხვა გამოკვლევებიც.

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. მას თან ახლავს დისკინეზია – ნაღვლის ბუშტის მოტორიკის მოშლა. მოტორიკის შესუსტების დროს პაციენტი უჩივის მწარე გემოს შეგრძნებას, ბოყინს, გულისრევას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც ღებინების ან კვების შემდეგ სუსტდება. მოტორიკის გაძლიერებისას კი ტკივილი ხანმოკლეა და უწამლოდაც მალე გაივლის. ქოლეცისტიტის დროს მოსალოდნელია ცხელება, ოფლიანობა, მუცლის შებერილობა. სიმპტომები უმეტესად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებები, წესისამებრ, ქრონიკულია, ქრონიკული დაავადებების მართვაში კი წამლებთან ერთად უდიდესი როლი აკისრია არამედიკამენტურ თერაპიას, ცხოვრების ჯანსაღ წესს. მეტად მნიშვნელოვანია კურორტოთერაპიაც, რომელსაც, წესისამებრ, სწორედ ქრონიკული სნეულებების დროს მიმართავენ.

ზემოთ აღწერილი დაავადებები კურორტოთერაპიას კარგად ემორჩილება. თუ რომელიმე მათგანი გაწუხებთ, გირჩევთ, ეწვიოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელგანთქმულ კურორტს – ბორჯომს, რომლის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას გაგვიგონია. ბორჯომი ბალნეოკლიმატური კურორტია. ბორჯომის მინერალურ წყალს შემადგენლობით ძალიან ჰგავს ნაბეღლავის წყალი, ამიტომ მათ მიღების ერთი და იგივე წესები, ჩვენებები და უკუჩვენებები აქვთ. ამ წყლებს ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან მინერალურ წყლებს მიაკუთვნებენ.

სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მიზნით ბორჯომსა და ნაბეღლავს სვამენ ჭამის წინ, დღეში 3-4-ჯერ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს მიღებას იწყებენ 1`2 ჭიქით და დოზას თანდათან 1-1.5 ჭიქამდე ზრდიან. ჩვეულებრივ, წონის ყოველ კილოგრამზე ინიშნება 3 მლ მინერალური წყალი. მინერალური წყლისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში რეკომენდებულია 15-20 მლ-ის დალევა.

საინტერესოა, რომ ბორჯომისა და ნაბეღლავის მინერალურ წყლებს იყენებენ როგორც ჰიპერაციდული გასტრიტის დროს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დასაქვეითებლად, ისე ჰიპოაციდური გასტრიტის დროსაც დაქვეითებული მჟავიანობის მოსამატებლად. ეს, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ეფექტი წყლის დოზირებაზე, ტემპერატურაზე, მიღების დროსა და წესებზეა დამოკიდებული. ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეციაზე ეს წყლები ორგვარად მოქმედებს – ან აძლიერებს მას, ან ასუსტებს.

ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიღებისას მინერალური წყლის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები აძლიერებს კუჭის, პანკრეასისა და ნაწლავების გამომყოფ ფუნქციას. ეფექტი მჟღავნდება მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ, ვიდრე წყალი თორმეტგოჯა ნაწლავში გადავა. ამრიგად, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითების დროს ნაბეღლავის მინერალურ წყალს ჭამამდე 10-15 წუთით ადრე სვამენ – დაახლოებით 1 ჩაის ჭიქას (250 მლ-ს) დღეში 3-4-ჯერ. სასურველია, წყალი ოთახის ტემპერატურისა იყოს. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს.

თუ ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე მივიღებთ, წყალი შემაკავებელად იმოქმედებს კუჭის სეკრეციაზე, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ის მოასწრებს თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლას. იქ წყალი გააღიზიანებს ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს, რასაც კუჭის სეკრეციული ფუნქციის შეკავება და კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება მოჰყვება. ასე იღებენ წყალს ისინი, ვისაც მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი აწუხებს.

გასტრიტი შესაძლოა კუჭის წვენის ნორმალური მჟავიანობის ფონზეც მიმდინარეობდეს (ამ ფორმას ნორმოციდულ გასტრიტს უწოდებენ). ამ დროს ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალს ჭამამდე 30 წუთით ადრე იღებენ.

 

წყლის ულუფა

შინაგანი მიღებისას მინერალური წყალი პირის ღრუს ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს და რეფლექსურად იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ ცვლილებს. ამის კვალობაზე, კუჭის გამომყოფი ფუნქციის გასაძლიერებლად მინერალური წყალი ნელა, მცირე ულუფებით უნდა ვსვათ, ხოლო შესასუსტებლად დიდი ულუფის ერთბაშად მიღება ჯობს.

 

წყლის ტემპერატურა

თბილი მინერალური წყალი აქვეითებს კუჭ-ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და აქრობს სპაზმს, ცივი კი ამ ფუნქციას აძლიერებს და კუჭის სეკრეციას ასტიმულირებს. აქედან გამომდინარე, ფაღარათის დროს თბილი მინერლური წყალი უნდა ვსვათ, შეკრულობის შემთხვევაში კი ცივი.

მაღალი, დაახლოებით 35-40 0ც ტემპერატურის წყლის დალევა ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროსაა რეკომენდებული დღეში 3-4-ჯერ. ეს აწესრიგებს ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციას, აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას. მინერალური წყლის ზემოქმედებით რეფლექსურად იმატებს ნაღვლის გამოყოფა, რის შედეგადაც ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზებში შეგუბებითი მოვლენები ქრება, ანთებითი პროცესი ცხრება.

მინერალური წყალს ნაღვლის ბუშტის ყრუ ზონდაჟისთვისაც იყენებენ ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს. ეს პროცედურა, რომელსაც ტუბაჟსაც უწოდებენ, ასუსტებს და აიშვიათებს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის დენას. 0,5 ლ მინერალურ წყალს 42-45 გრადუსამდე ათბობენ და მწოლიარე ავადმყოფს ნელა, მცირე ულუფებით ასმევენ უზმოზე. ავადმყოფი წვება მარჯვენა გვერდზე და 40-60 წუთით ღვიძლის არეში სათბურს იდებს. პროცედურა კვირაში ორჯერ ტარდება.

მინერალური წყლის მიღების წესი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროსაც კუჭის სეკრეტორულ აქტივობაზეა დამოკიდებული. ნაოპერაციევი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროს მინერალური წყლით მკურნალობის დაწყება ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგაა ნებადართული.

ნაწლავთა დაავადებების: ქრონიკული კოლიტის, ენტერიტის, ნაწლავთა დისკინეზიის, –  მკურნალობაც ნაწლავთა მოტორულ აქტივობაზეა დამოკიდებული. მომატებული აქტივობის დროს წყალს ნელა, მცირე ყლუპებით სვამენ ჭამამდე 35-60 წუთით ადრე. ოპტიმალური ტემპერატურა 40-45 0ც-ია. ყაბზობის დროს ინიშნება შემთბარი წყალი, რომელიც ხელს უწყობს სპაზმისა და ტკივილის მოხსნას და ნაწლავების დაცლას. ქრონიკული ენტერიტისა და ქრონიკული კოლიტის ისეთი ფორმების დროს, რომლებსაც თან ახლავს დისკინეზია და მოტორული ფუნქციის დაქვეითება (ატონია), სწრაფად, დიდი ყლუპებით სვამენ 18-24 0ც ტემპერატურის მინერალურ წყალს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1,5 საათით ადრე.

ქრონიკული პანკრეატიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს ინიშნება 35-45 0ც ტემპერატურის წყალი – 180-280 მლ დღეში 3-4-ჯერ. მიღების დრო და წესი კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზეა დამოკიდებული.

უკუჩვენებები

მინერალური წყლის დალევა არ შეიძლება კუჭისა და ნაწლავების ანთებითი პროცესების გამწვავებისას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გამავლობის დარღვევისას, კერძოდ, საყლაპავისა და პილორული ნაწილის შევიწროების ან კუჭის მკვეთრი დაწევის დროს.

 

 

გავიკაჟოთ სასუნთქი სისტემა

ზაფხული კარს მოგვადგა და ახალი საფიქრალი გაგვიჩინა: სად გავატაროთ შვებულება ისე, რომ კარგადაც დავისვენოთ და ჯანმრთელობასაც ვარგოთ? თუ ხშირად ავადმყოფობთ, სასუნთქი სისტემის დაავადებები გაწუხებთ ან მიგაჩნიათ, რომ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, სტატია ბოლომდე წაიკითხეთ.

 

სამედიცინო სიტყვახმარებაში დიდი ხანია დამკვიდრდა ტერმინი “ხშირად მოავადე ბავშვი”. ასეთი ბავშვების დედებს დამატებითი ახსნა, ვფიქრობ, არ სჭირდებათ, პრობლემის სიმწვავე სავსებით აქვთ გასიგრძეგანებული. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვი ხშირად მოავადეა, თუ 1 წლამდე წელიწადში 4-ჯერ მაინც ემართება მწვავე რესპირატორული დაავადება, 1-დან 3 წლამდე – 6-ჯერ, 4-დან 5 წლამდე – სულ მცირე, 5-ჯერ, 5 წლიდან კი 4-ჯერ და მეტჯერ.

 

რატომ ავადმყოფობენ პატარები ხშირად?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არაერთხელ უცდიათ. ყველაზე მეტადაა მიღებული ჰიპოთეზა, რომელიც ხშირ ავადმყოფობას იმუნური სისტემის არასრულფასოვნებით ხსნის.

რა ასუსტებს იმუნურ სისტემას? დღენაკლულობა, მცირე წონა დაბადებისას, ანემია, რაქიტი, მუცლად ყოფნის პერიოდის ინფექციები და ხელოვნური კვება, დაბადებისას გადატანილი ჰიპოქსია, თერმორეგულაციის დარღვევა, პირველადი და მეორეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ალერგიული დაავადებები, ნაწლავური ფლორის დარღვევა და ცხვირ-ხახაში ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

წელიწადში რამდენიმეჯერ გადატანილი ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის – ის თრგუნავს ბავშვის იმუნურ ფუნქციას, იწვევს გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებას, ცხვირით სუნთქვისა და გემოვნების დარღვევას, უმადობას, ზოგჯერ – მომატებულ აღგზნებადობას, ზოგჯერ კი, პირიქით, ძილიანობას, ზრდის სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.

 

როგორ მოვიქცეთ, როცა პატარა ხშირად ავადმყოფობს?

ამ დროს უმთავრესია ცხოვრების ჯანსაღი წესი: სწორი კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა. აუცილებელია დაავადების ადეკვატური მკურნალობაც. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ვიტამინების კომპლექსის ან იმუნიტეტის მასტიმულირებელი პრეპარატების გამოწერა, მაგრამ უექიმოდ, თვითნებურად, ამ პრეპარატებით მკურნალობას არ გირჩევთ. დაბოლოს, ბავშვი ზედმიწევნით უნდა ვარიდოთ ინფექციებს და გავაკაჟოთ, რისთვისაც ზედგამოჭრილია საქართველოს მთის კურორტები.

 

პრობლემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს

ტუბერკულოზმა საქართველოში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იფეთქა, მაგრამ პრობლემას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს.  ინფექციას შეუძლია, ყველა ორგანოსა და სისტემაში მოიკიდოს ფეხი, მაგრამ ყველაზე საშიშად მიიჩნევა ფილტვის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი (ღია) ფორმა, ვინაიდან უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება და ინფექციის მასობრივი გავრცელების საშიშროებას ქმნის.

ტუბერკულოზთან მიმართებით ორ ტერმინს იყენებენ: ინფიცირებას და დაავადებას. ტუბერკულოზით ინფიცირება იგივე ლატენტური ანუ ფარული ტუბერკულოზია. ინფიცირებულია მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი, მაგრამ ეს საშიში არ არის, რადგან დაავადება ყველას არ ემართება. ინფიცირება მოსალოდნელია მხოლოდ ფილტვის ან ხორხის ბაქტერიაგამომყოფი ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის დროს. ამასთან, კონტაქტი ხანგრძლივი და ხშირი უნდა იყოს. დახურულ სივრცეში კონტაქტის დროს ინფიცირების რისკი იმატებს. სხვა საქმეა დაავადების განვითარება. როდის შეიძლება, ინფიცირებული ადამიანი ტუბერკულოზით გახდეს ავად? მაშინ, როდესაც ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება, ისეთი დაავადება სჭირს, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან კუჭის წყლული), სიმსივნური პროცესის გამო ქიმიურ ან სხივურ თერაპიას იტარებს, დიდი ხანია იმყოფება კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე, აივ ინფექციით ან შიდსით, ალკოჰოლიზმით ან ნარკომანიითაა დაავადებული.

ტუბერკულოზის სათანადო მართვისთვის გადამწყვეტია დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმა.

როდის ვიეჭვოთ ტუბერკულოზი?

საეჭვო სიმპტომებია:

* ხველა ნახველის გამოყოფით, რომელიც ორ კვირაზე მეტია გრძელდება

ან

* მშრალი ხველა, რომელიც სამ კვირაზე მეტია გრძელდება;

* სხეულის დაბალი ტემპერატურა;

* ოფლიანობა;

* წონის კლება;

* საერთო სისუსტე;

* უმადობა.

თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ჩამოთვლილი ნიშნები ზოგადინტოქსიკაციურ სინდრომს ახასიათებს და შესაძლოა, ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ახლდეს თან, დიფერენცირებისთვის კი აუცილებელია პროფესიონალის დახმარება.

ჩვეულებრივი ანუ მგრძნობიარე ტუბერკულოზის მკურნალობა თითქმის ყოველთვის წარმატებით სრულდება. მკურნალობის დაწყებიდან 10-14 დღის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის. სამკურნალო არსენალში შედის პირველი, მეორე და მესამე რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატები. წამლების მიმართ მგრძნობიარე ფორმებს პირველი რიგის პრეპარატებით მკურნალობენ. სამწუხაროდ, დღეს ძალზე მწვავედ დგას რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის საკითხი.

როგორ დავიცვათ თავი ტუბერკულოზისგან? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი: რეგულარული კვება, ცილით მდიდარი საკვების მიღება და გაკაჟება. გასახდომ დიეტას უნდა ვერიდოთ. თუ ის აუცილებელია, პროფესიონალის ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს. კარგი იქნება, თუ რეგულარულად, ექვს თვეში ერთხელ, ოჯახის ექიმთან ყველა პროფილაქტიკურ გამოკვლევას ჩაიტარებთ. თუ იცით, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთან გქონდათ კონტაქტი, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის დაწესებულებას დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად. თუ გახანგრძლივებულ ხველასა და ინტოქსიკაციის ნიშნებს უჩივით, მიდით ექიმთან.

 

პრობლემა, რომელიც გამუდმებით გვახსენებს თავს

ბრონქიტი სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტი სწრაფად ვითარდება და რამდენიმე კვირაში გაივლის. თუ ხველა სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ბრონქიტზე ვსაუბრობთ. ეს უკანასკნელი თვეობით, ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება. ქრონიკული ბრონქიტის მიზეზი უმეტესად თამბაქოს ნაწარმია. სახიფათოა არა მხოლოდ აქტიური, არამედ პასიური მოწევაც. ცნობილია, რომ ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს უფრო ადვილად ემართებათ ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის – პნევმონია ანუ ფილტვების ანთებაც. ბრონქიტის განვითარებას მოწევასთან ერთად დაბინძურებული გარემოც უწყობს ხელს. ისიც ცნობილია, რომ თუ ადამიანს ხშირად ემართება მწვავე ბრონქიტი, ეს უკანასკნელი შესაძლოა ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს. ქრონიკული ბრონქიტის დროს პაციენტს აწუხებს ხველა, ქოშინი და მკერდის დაჭიმულობა. შემცივნება და ცხელება მწვავე ბრონქიტისთვისაა დამახასიათებელი. თუ პრობლემის მოგვარებაზე დროულად არ ვიზრუნეთ, სიმპტომები შესაძლოა თვეობით და წლობით გაგრძელდეს.

მწვავე ბრონქიტი, წესისამებრ, ვირუსულია და ანტიბიოტიკოთერაპიას არ მოითხოვს. საკმარისია, ავადმყოფს მივცეთ ბევრი სითხე, მაღალი ტემპერატურის დროს კი – სიცხის დამწევი. შესაძლოა, ექიმმა ამოსახველებელი საშუალებებიც გამოუწეროს. რაც შეეხება ქრონიკულ ბრონქიტს, ამ დროს, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ორგანიზმის გაკაჟებასაც, რისთვისაც საქართველოს მაღალმთიან კურორტებს გირჩევთ.

 

მწეველთა დაავადება

ტერმინი “ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება” არცთუ დიდი ხანია დამკვიდრდა. ფქოდი კომპლექსური პათოლოგიაა. მისი კლინიკური კომპონენტი ანუ გამოხატულება ქრონიკული ბრონქიტია, ხოლო მორფოლოგიური სუბსტრატი ანუ ის, რაც ამ დროს ემართება ფილტვს – ემფიზემა. ემფიზემურ ცვლილებებს ფილტვში სწორედ ქრონიკული ბრონქიტი იწვევს.

რამდენიმე ათეული წელია, ფქოდი უფრო და უფრო ხშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მისი საშუალო ან მძიმე ფორმა მსოფლიოში 80 მილიონ კაცს აქვს. 2005 წელს ფქოდით 3 მილიონი კაცი გარდაიცვალა.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მწეველთა დაავადებაა. მწეველობასთან ერთად მის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. ფქოდის კიდევ ერთი რისკფაქტორია იმ გარემოს დაბინძურება, სადაც პაციენტი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს – ცხოვრობს ან მუშაობს.

ფქოდის მთავარი სიმპტომი ნახველიანი ხველაა. ფქოდის დიაგნოზი რომ დაისვას, ხველა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, სამ თვეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. ხველასთან ერთად ხშირად შეინიშნება ქოშინიც.

ფქოდი კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურ მართვას მოითხოვს. რისკფაქტორების აღმოფხვრასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობაც საჭიროა – ბრონქოდილატაციური საშუალებებით, სასუნთქი კორტიკოსტეროიდებით, თიოტროპიუმის პრეპარატებით. სამწუხაროდ, დაავადება ბოლომდე არ იკურნება – რაც თამბაქომ დააზიანა, ვეღარ აღვადგენთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და მდგომარეობა დავასტაბილუროთ.

 

ბრონქული ასთმის დროს

ბრონქული ასთმა ფილტვების ქრონიკული დაავადებაა. შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, თუმცა უმეტესად ბავშვებს აწუხებს. ზრდასრულ ასაკში ქალებთან უფრო გვხვდება. გავრცელებულია უმთავრესად ქალაქის მოსახლეობაში, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირებს შორის. ხშირად გვხვდება სამრეწველო რეგიონებსა და ცივი კლიმატის ქვეყნებში.

ბრონქული ასთმის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს გარემო, უფრო სწორად, მასში არსებული მასენსიბილიზებელი ფაქტორები, იგივე ეგზოალერგენები. ყველაზე გავრცელებული ეგზოალერგენებია ოთახის მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, ტარაკანი, ცხოველის ბეწვი, ასპირინი, მცენარის მტვერი, კვებითი ალერგენები. ბრალი მიუძღვის მემკვიდრეობას – მშობლების ან სისხლით ნათესავების ავადობას ბრონქული ასთმით ან სხვა ალერგიული დაავადებით – და შინაგან ფაქტორებსაც – E ჯგუფის ანტისხეულების ჭარბ პროდუქციას სისხლის შრატში. ეს ფაქტორები ან თავად იწვევს სულხუთვის შეტევას, ან პროვოცირებას უწევს მის განვითარებას.

ბრონქული ასთმა ხველით, ქოშინითა და სტვენით ვლინდება. ავადმყოფი ხშირად უჩივის დისკომფორტის შეგრძნებას, შებოჭილობას ან სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, უჭირს სუნთქვა. ასთმის შეტევის პირველი ნიშანია მშრალი და მტანჯველი ხველა. ამ დროს ავადმყოფი დამახასიათებელ, იძულებით პოზას იღებს, ხელებით საწოლის ან მაგიდის კიდეს ეყრდნობა ან დგება. ქოშინის დროს ძნელდება ამოსუნთქვა, ხშირდება სუნთქვა. შეტევები უმეტესად ღამით ვითარდება. ბრონქული ასთმის შეტევას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ალერგენთან კონტაქტმა, ვირუსულმა ან სხვა რესპირატორულმა ინფექციამ, ფიზიკურმა დატვირთვამ, სიცივემ, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღებამ. შეტევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და დაავადების კონტროლი.

ბრონქული ასთმის მკურნალობა კომპლექსურია. მისი მიზანია ასთმის სიმპტომების შესუსტება, ანთებითი პროცესის ჩაცხრობა და სასუნთქი გზების დაზიანების პროცესის შეჩერება.

ასთმის მკურნალობაში მედიკამენტებთან ერთად დიდ როლს ასრულებს კურორტოთერაპიაც.

 

თუ რომელიმე ამ დაავადებას უჩივით, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ექიმი ორგანიზმის გაკაჟებასაც გირჩევთ. საქართველოს მთის კურორტები ამისთვის საუკეთესო ადგილია. მოდი, ვნახოთ, როდის რომელ კურორტზე დასვენება ჯობს.

 

აბასთუმანი

აბასთუმნის კლიმატის თავისებურებები მისი რელიეფის სირთულითა და მაღალი მდებარეობით არის განპირობებული. კურორტი ზღვის დონიდან 1250-1650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ღია ჰორიზონტის წყალობით მზის ნათების ხანგრძლივობა აქ წელიწადში 1967 საათს აღწევს. ფერდობები დაფარულია წიწვიანი ტყეებით, სადაც ხარობს ნაძვი, ფიჭვი, სოჭი. ზაფხული ზომიერად თბილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +160ჩ), ცხელი, ჩახუთული დღეები იშვიათია. შემოდგომა ხანგრძლივია, საკმაოდ თბილი, მზიანი და მშრალი, ზამთარი – ზომიერად რბილი. ქრის სუსტი და ზომიერი მთა-ხეობის ქარები, რომლებიც კურორტის კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფს. ჰაერი სუფთა და გამჭვირვალეა და გაჯერებულია წიწვის არომატით, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე.

კურორტზე უმთავრესად ფილტვების ტუბერკულოზს, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს მკურნალობენ.

 

ბახმარო

ბახმარო მართლაც უნიკალური კურორტია და ამას მისი მდებარეობა განაპირობებს. დასავლეთით კურორტი ღიაა, რისი წყალობითაც ხეობაში იჭრება ზღვის თბილი ქარი – ბრიზი, ეს კი, თავის მხრივ, რბილი შუა მთის მაღლივი სარტყლის ჰავის ფორმირებას უზრუნველყოფს. მთა-ველის ქარების სიჭარბე კურორტის კარგ ვენტილაციას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭვირვალეა. შედეგად კურორტზე მაღალია გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის დონე, ყოველივე ეს კი ბახმაროს კლიმატის განსაკუთრებულობას განაპირობებს. ზაფხული ზომიერად გრილი და მშრალია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +13.40ჩ). მზის ნათება წელიწადში 2000 საათს აღწევს. საკურორტო სეზონი სხვა კურორტებთან შედარებით ხანმოკლეა – ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ნახევრამდე გრძელდება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა თოვლიც კი მოვიდეს.

ბახმარო მაღალმთიანი კურორტია. აქ დასვენება მათთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო, ვისაც ამა თუ იმ წარმოშობის, მეტადრე – რკინადეფიციტური, ანემია აქვს. ამასთანავე, მთის კლიმატი მატრენირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, მობილიზებას უწევს და აძლიერებს მის სარეზერვო ძალებს, რაც გაკაჟების, იმუნური სისტემის გაძლიერების საწინდარია, ამიტომ მათ, ვინც ხშირად ავადმყოფობს, ბახმაროში დასვენებას ურჩევენ. მთის კლიმატის ზემოქმედებით ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ვითარდება სასუნთქი კუნთები, ფართოვდება გულმკერდი, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა.

ბახმაროში მკურნალობის ძირითადი ჩვენებებია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი), ასევე – რკინადეფიციტური ანემია, გულის ქრონიკული იშემური დაავადების I ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია, მიოკარდიოდისტროფია, ესენციური ჰიპერტენზიის I სტადია, ნევროზი.

ბახმაროში ბავშვის დასასვენებლად წაყვანა 2-3 წლიდან შეიძლება, ორსულები კი ამ კურორტზე დასვენებას უმჯობესია ერიდონ, რადგან მაღალი მთა ტვირთავს ორგანიზმს. გარდა ამისა, ბახმაროში წასვლამდე უნდა შეფასდეს გული, მისი ფუნქციური მდგომარეობა. გულ-ფილტვის უკმარისობის თუნდაც მეორე სტადია მაღალმთიან კურორტზე დასვენების უკუჩვენებაა.

ბახმაროში გზა თანდათანობით ადის მთაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის წყალობით ორგანიზმი ნელ-ნელა ეგუება განსხვავებულ პირობებს. პირველი ორი დღე შესაძლოა გაგიჭირდეთ, მოუსვენრობამ, სისუსტემ, აღგზნებამ იჩინოს თავი. ამ პერიოდში უმჯობესია მეტი დაისვენოთ, არ დაიტვირთოთ. ისიც იცოდეთ, რომ თუ ბახმაროში დასვენებას აპირებთ, სულ ცოტა, სამი კვირა მაინც უნდა გამონახოთ. ამაზე მოკლე ხანში მთის კლიმატი სათანადო ეფექტს ვერ მოახდენს. აქ, როგორც გითხარით, ძლიერია ულტრაიისფერი გამოსხივება, ამიტომ ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას.

 

ბაკურიანი

ბაკურიანის კლიმატის თავისებურება მისი სუბტროპიკულ ზონაში, შედარებით დიდ სიმაღლეზე მდებარეობით არის განპირობებული. წიწვოვანი ტყეების არომატით გაჟღენთილი მთის მშრალი, გამჭვირვალე ჰაერი და მზის რადიაციის სიუხვე ხელსაყრელ პირობებს ქმნის სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებების სამკურნალოდ, ასევე – გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს უმთავრესად ბავშვებს ეხება – უკვე ითქვა, რომ სასუნთქი სისტემის დაავადებები, იმუნური სისტემის უმწიფრობისა და სხვა ასაკობრივი თავისებურებების გამო, სწორედ მათ ასაკშია ყველაზე ხშირი. ამასთანავე, მთის კლიმატის გავლენით ორგანიზმში ძლიერდება ჰემოპოეზი – სისხლის წარმოქმნა, რაც ანემიის პროფილაქტიკას ეწევა და კურნავს მის უკვე ჩამოყალიბებულ ფორმებს. ამას ხელს უწყობს ჟანგბადით გაჯერებული ჰაერიც. ამრიგად, თუ თქვენი პატარა ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს, ახველებს და ცუდი მადა აქვს, ბაკურიანი სწორედ სათქვენოა. აქ ორკვირიანი დასვენებაც კი ბავშვს ისე გააკაჟებს, შესაძლოა, მთელი წელი აღარ გაგიხდეთ ავად. მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღებად დასვენება 3-4 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. ეცადეთ, აღნიშნული პერიოდი ნაყოფიერად გაატაროთ და რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოთ სუფთა ჰაერზე.

სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც გულისა და სუნთქვის უკმარისობას უჩივის. ამ დავადებათა II და უფრო მაღალი სტადიები ბაკურიანში დასვენების უკუჩვენებაა, ამიტომ ამ კურორტზე წასვლამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს გულისა და სასუნთქი სისტემის მდგომარეობა და დაავადების კომპენსაციის ხარისხი. არ დაგავიწყდეთ, რომ კურორტოთერაპია ასევე უკუნაჩვენებია ნებისმიერი დაავადების მწვავე სტადიაში.

 

ბორჯომი

ბორჯომის ჰავა ორგანიზმზე ძალზე სასიკეთოდ მოქმედებს, გაკაჟებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს, ამიტომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. გირჩევთ, კურორტზე ყოფნის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, მაგრამ ერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და შუადღე ჩრდილში გაატაროთ. ეცადეთ, ადაპტაციის პერიოდში, პირველ ორ-სამ დღეს, შედარებით ნაკლებად დაიტვირთოთ და თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, არ შეშინდეთ – რამდენიმე დღეში ეს სიმპტომები უკვალოდ გაივლის. კურორტზე დასვენების ოპტიმალური ხანგრძლივობა სამი კვირაა. ეს დრო საჭიროა, რათა კურორტულმა ფაქტორებმა ორგანიზმზე სათანადოდ იმოქმედოს.

 

წაღვერი

წაღვერს დამსვენებლები გასაჯანსაღებლად და გასაკაჟებლად სტუმრობენ. ის ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1025-1050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სამკურნალო თვისებები ადგილმდებარეობითაა განპირობებული. სასუნთქ სისტემაზე დადებითად მოქმედებს კურორტის ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და მზის ზომიერად მაღალი რადიაცია.

წაღვერის კლიმატი დამზოგველად მიიჩნევა – აქაური ჰავა ორგანიზმს მეტეოროლოგიურ ფაქტორთა კომპლექსის მკვეთრი გავლენისაგან იცავს, ამიტომ წაღვერში უმთავრესად ბავშვიანი ოჯახები ისვენებენ. იქ გზავნიან ისეთ ავადმყოფებსაც, რომლებიც კარდიოვასკულური და ნერვული სისტემების დაავადებათა გამო მაღალი მთის კლიმატურ კურორტებს ვერ იტანენ. მთის კლიმატი ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს და სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას ზრდის. ამის კვალობაზე, წაღვერში დასვენება ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია (განსაკუთრებით – მისი ჰიპოქრომული ფორმა), ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ან ფილტვების ემფიზემა აქვს. თუ თქვენი პატარა ხშირად ცივდება, გირჩევთ, წაღვერში წაიყვანოთ – სუფთა, გამჭირვალე მთის ჰაერი, მთიდან მონაბერი სიო, დაბურული წიწვოვანი ტყეები დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.

წაღვერში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა სამკურნალოდ ამ კურორტს უმჯობესია მაის-ივნისში ესტუმროთ. ამ დროს აყვავებას იწყებს ნაძვი, ფიჭვი… სწორედ მათი მტვერია ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი სამკურნალო ფაქტორი. წიწვიან ტყეებში სეირნობა, მათი მტვრის სუნთქვა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხშირი გაციებისგან იცავს.

კურორტოლოგები გვირჩევენ, სამკურნალო ეფექტის მისაღებად წაღვერში თვეზე ნაკლები ხანი არ გავატაროთ. 10-14 დღით კურორტზე წასვლა ზამთარში შეიძლება, ზაფხულში კი ორკვირიანმა დასვენებამ შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს. რამდენიმე დღე ორგანიზმს ახალ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად სჭირდება, მერე კი საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანი, რათა კურორტულმა ფაქტორებმა იმოქმედოს, ამიტომ დასვენების ოპტიმალური ხანგრძლივობა სამი-ოთხი კვირაა.

ამრიგად, უკვე იცით, რომელი კურორტი რომელ დაავადებას უხდება. სასიამოვნო და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ.

 

 

ვასვენებთ და ვმკურნალობთ სახსრებს

ძვალსახროვანი სისტემის დაავადებებზე საუბარს, წესისამებრ, ართრიტით იწყებენ. ართრიტი სახსრის ანთებაა, რომელსაც არაერთი მიზეზი აქვს და, მიზეზის კვალობაზე, სხვადასხვანაირი კლინიკური სურათი ახასიათებს.

რევმატოიდული ართრიტი იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქციის შედეგია. საბრძოლველად შემართული იმუნური სისტემა საკუთარ სახსრებს ესხმის თავს. ანთებითი რეაქციაც არ აყოვნებს: თავს იჩენს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის ფუნქცია სუსტდება და, დასასრულ, სულ მთლად იკარგება. რევმატოიდული ართრიტი უმეტესად მტევნებსა და ტერფებს აზიანებს, თანაც – ორივე მხარეს.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ტკივილით, მოძრაობის შეზღუდვითა და სახსრის შეშუპებით გამოიხატება, პერიოდულად კი ტემპერატურის მატებასა და გამონაყარსაც იწვევს.

ოსტეოართრიტის დროს სახსარში შემავალი ძვლების დაბოლოებებზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება ან სრულიად განილევა, რის შედეგადაც თავს იჩენს სახსრის ტკივილი და იზღუდება მოძრაობა.

ფიბრომიალგია შემაერთებელი და კუნთოვანი ქროვილის დაზიანებით მიმდინარეობს. ამ დროს ანთებით პროცესში სახსარიც არის ჩართული. ყველაზე ხშირად კისრის, ხერხემლის, მხრებისა და თეძოს სახსრები ზიანდება.

სახსრებს აზიანებს ფსორიაზი, სისტემური წითელი მგლურა, პოდაგრა და სკლეროდერმიაც. ართრიტი შესაძლოა ინფექციური წარმოშობისაც იყოს.

ოსტეოართროზი სახსრების კიდევ ერთი გავრცელებული, თუმცა არაანთებითი დაავადებაა. სამედიცინო წრეებში მას სახსრის არაანთებით დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებას უწოდებენ, ხალხში კი – მარილებს. ოსტეოართროზის დროს სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის, ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება და მცირე ზომის კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრის დეფორმაციას, რომელსაც ხშირად რეაქტიული სინოვიტი – სასახსრე სითხის ანთება – მოჰყვება. ოსტეოართროზი ყველაზე ხშირად მოიცავს ხერხემლის სვეტს, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებს.

 

ართრიტი კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. მთავარი, რა თქმა უნდა, წამლებია, მაგრამ ფიზიკური და საკურორტო თერაპიის გარეშე ფონს ვერ გავალთ. თუ გვსურს, მკურნალობა შედეგიანი იყოს, სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას უნდა მივმართოთ. იმის მიხედვით, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ექიმმა შესაძლოა გვირჩიოს მსუბუქი ვარჯიში, ცეკვა, აერობიკა, ძალისმიერი ვარჯიში, ველოსიპედით სიარული ან ცურვა.

სამკურნალო კომპლექსის აუცილებელი კომპონენტია დაბალანსებული კვებაც. უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს, მჟავე და ცხარე საკვებს.

ართრიტის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ჰიდროთერაპია – თბილ წყალში ვარჯიში და რელაქსაცია. ამ დროს კუნთები დუნდება, ტკივილი იკლებს და სახსარიც უფრო მობილური ხდება. არსებობს მობილიზაციური თერაპიაც, რომელიც მასაჟს და სახსრის იძულებით, ფრთხილ მოძრაობას გულისხმობს. შედეგიანია რელაქსაციის მეთოდიც, რომლის დროსაც კუნთების შეკუმშვა და მოდუნება ხდება. ზოგჯერ ცხელ და ცივ აპლიკაციებსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს. ცხელი კომპრესი სახსარში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მის მოქნილობას ზრდის და ტკივილს ამსუბუქებს, ცივი კი ნერვს აბუჟებს, ტკივილს ასუსტებს, ანთების ჩაცხრობას და კუნთოვანი სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.

წყლის პროცედურები, აკვააერობიკა და სპათერაპია დაზიანებული სახსრების უებარი წამალია, ვინაიდან თბილი წყალი ტკივილს ამსუბუქებს, სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს. სპა პროცედურის დროს სწორად შერჩეული მასაჟი განსაკუთრებით უხდება მტკივან კუნთებს. წყალი ადუნებს და ხსნის სტრესს.

როგორც აღვნიშნეთ, ძვალსახსროვანი დაავადებების მკურნალობაში დიდი ადგილი ეთმობა კურორტოთერაპიას. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა კურორტი, სადაც შეიძლება დავისვენოთ კიდეც და სახსრებსაც ვუმკურნალოთ.

აბასთუმნის მინერალური წყლების აბაზანებს ხშირად უწერენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

უკანასკნელ ხანს ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ლაშიჭალის, ნაბეღლავისა და წყალტუბოს სამკურნალო წყლების აბაზანები თერაპიულ ზემოქმედებას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ზოგიერთ პათოლოგიაზე.

ძალზე ეფექტურია ურეკი-გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლის უნიკალური, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების მქონე, მაგნეტიტით მდიდარი ქვიშა. ის აცხრობს ანთებას, ამსუბუქებს ან აყუჩებს დაზიანებული სახსრის ტკივილს, ზრდის მოძრაობის ამპლიტუდას.

ეფექტურია პელოიდოთერაპია ახტალისა და კუმისის ტალახით. ის უხდება ძვალ-სახსართა ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა რევმატოიდული და რევმატული, ინფექციური და არასპეციფიკური პოლიართრიტი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, დისტროფიული ოსტეოართროზი, სპონდილოართროზი და მიოზიტი არააქტიურ ფაზაში.

კურორტოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნუნისის წყალი უხდება ძვალსახსროვანი და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია. კურსი 15-20 აბაზანისგან შედგება. აბაზანები პირველ დღეებში დღეგამოშვებით ინიშნება, მერე კი ყოველდღე. პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება.

უდაბნოს მინერალური წყლის აბაზანები უხდება ართრიტს, პოლიართრიტს, ოსტეოქონდროზს, ოსტეოპოროზს, მიოზიტს, აჩქარებს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას.

ფართოა თბილისის წყლის მოქმედების არეალიც. მისი გამოყენება ნაჩვენებია ართრიტის, პოლიართრიტის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოპოროზის, მიოზიტის, მოტეხილობისა და ტრავმის შემდგომი გართულებების დროს. თბილისის სულფიდური წყლებს უმთავრესად აბაზანებისთვის იყენებენ. აბაზანის ხანგრძლივობა 10-15 წუთია, ციკლი კი 10-15 პროცედურას მოიცავს.

აბაზანის მიღების მეთოდიკა (წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, ცირკულარული, ადგილობრივი აბაზანები) სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვაა. მას ექიმი კურორტოლოგი შეარჩევს.

 

 

დასვენება კანსაც სჭირდება

საბედნიეროდ, საქართველოში ისეთი კურორტებიც არის, რომლებიც მისწრებაა კანის ქრონიკული დაავადების დროს.

მოდი, ჯერ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული დაავადება გავიხსენოთ.

ფსორიაზი უცნობი წარმოშობის ავტოიმუნური დაავადებაა. ის, როგორც უკვე ვთქვით, ქრონიკულია და, ყველა ქრონიკული დაავადების მსგავსად, რემისიისა და გამწვავების ფაზების მონაცვლეობით მიმდინარეობს. რემისია შესაძლოა რამდენიმე წელიწადსაც გაგრძელდეს. დაავადების გამწვავებას მაპროვოცირებელი ფაქტორები უწყობს ხელს.

ფსორიაზის რამდენიმე ფორმა არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია კანის ფორმა. ამ დროს პათოლოგიური პროცესი მხოლოდ კანსა და ფრჩხილებს მოიცავს. კანზე, უპირატესად – იდაყვებზე, მუხლისთავებსა და თავის თმიან ნაწილზე, სპეციფიკური გამონაყარი – მოვერცხლისფრო ქერქით დაფარული ფსორიაზული ბალთები – წარმოიქმნება, ხოლო ფრჩხილებზე – თითისტარისებრი ნაჭდევები. ბალთები პერიოდულად ჩნდება, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მკურნალობის შედეგად, ზოგჯერ – თავისთავადაც, უკვალოდ ქრება.

ფსორიაზის უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ მის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობა, გარეგანი ფაქტორები და სტრესი. ამ გარეგან ფაქტორთა შორისაა ზოგიერთი წამალი (მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), ალკოჰოლი და თამბაქო. საკვები ფსორიაზს უშუალოდ არ უწევს პროვოცირებას, თუმცა ზოგიერთმა პროდუქტმა, განსაკუთრებით – ალერგიულმა, შესაძლოა ქავილი გამოიწვიოს, რაც ახალი ბალთების გაჩენას შეუწყობს ხელს. მზე უმეტესად აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა გამორიცხული არ არის, პირიქითაც მოხდეს.

ფსორიაზის სრულფასოვანი რემისია შესაძლებელია, განკურნება კი, სამწუხაროდ, არა. რემისიის დროს მკურნალობა საჭირო არ არის, მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ: ერიდოთ სტრესს, ალკოჰოლს, ალერგიულ საკვებს, მოუაროთ კანს, არ მოიქავოთ, არ გაიკაწროთ.

ეგზემა, იგივე კონტაქტური დერმატიტი, კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც სხვადასხვანაირად ვლინდება. მწვავე ფაზაში მას ახასიათებს ერითემული გამონაყარი, ქავილი, ვეზიკულიზაცია (ბუშტუკების გაჩენა), ხოლო ქრონიკულში – კანის აქერცვლა და დესკვამაცია. ეგზემის განვითარებას, წესისამებრ, წინ უძღვის გამაღიზიანებელი ფაქტორის ან ალერგენის ზემოქმედება. ზემოქმედების შედეგს ზოგჯერ იმუნური რეაქცია უდევს საფუძვლად, ზოგჯერ კი – არაიმუნური. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ეგზემის რამდენიმე კლინიკურ ფორმას.

ხშირად კონტაქტური დერმატიტის რამდენიმე ფორმა ერთდროულად გამოიხატება, განსაკუთრებით – კიდურებზე. მკურნალობისთვის გადამწყვეტია დაავადების მიზეზის დადგენა, ამაში კი მთავარი როლი ეკისრება ანამნეზს.

ეგზემა შეიძლება გამოიწვიოს სამკაულმა, ტანსაცმელმა, არომატულმა დანამატებმა, სარეცხმა საშუალებებმა, საღებავებმა, ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტებმა, ასევე – კონტაქტმა მზესთან, წყალთან, ცხოველებთან, პროფესიულ ან სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან, წამლებიდან – სულფანილამიდებმა, ტეტრაციკლინებმა, ფთორქინოლონებმა, ორალურმა კონტრაცეპტივებმა, თიაზიდური ჯგუფის პრეპარატებმა და ფენოთიაზინებმა (ანტიჰისტამინებმა და ფსიქოტროპულმა საშუალებებმა).

ეგზემას ახასიათებს ერითემა, ქავილი, წვის ან ტკივილის შეგრძნება, კანზე მცირე ზომის ან მოზრდილი ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცვლა. ზოგჯერ გამოვლინდება ტუჩების ანთებითი დაავადების – ქეილიტის, კანის პიგმენტაციის დარღვევის, აკნეს, ლიქენისა და ურტიკარიის სახით. ქავილი ეგზემის ერთ-ერთ ყველაზე ტიპობრივი სიმპტომია.

კონტაქტური დერმატიტის მკურნალობის მთავარი პრინციპი დამნაშავე ალერგენის გამოვლენა და უვნებელყოფაა. აუცილებელია გამღიზიანებლებთან კონტაქტისთვის თავის არიდება. როდესაც გამოვლენილი ალერგენისთვის ან გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, თავი შესაბამისი ტანსაცმლითა და ხელთათმანებით უნდა დავიცვათ.

გამომწვევი ფაქტორის მოშორებასთან ერთად აუცილებელია სიმპტომური მკურნალობაც. ეგზემას უხდება ცივი წყლის, ფიზიოლოგიური და ბუროვის ხსნარის (1:40) საფენები. კონტაქტური დერმატიტის დროს ადგილობრივი სტეროიდები პირველი რიგის პრეპარატებია. ისინი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, კანის დაზიანების ხასიათისა და დაზიანებული უბნის ფართობის გათვალისწინებით.

ნეიროდერმატიტი კანის ქრონიკული დაავადებაა. მისი უშუალო მიზეზიც უცნობია, მაპროვოცირებელ ფაქტორებს კი მიაკუთვნებენ ზოგიერთ საკვებს, მედიკამენტს, საყოფაცხოვრებო ალერგენს, შინაურ ცხოველს. დაავადების კლინიკუი სურათი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია.

მცირეწლოვანებთან ნეიროდერმატიტი ვლინდება ექსუდაციური ერითემით, შეშუპებით, ბუშტუკებითა და სისველით. გამონაყარი ყველაზე ხშირად თავს იყრის ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე. შედარებით მოზრდილ ასაკში ნეიროდერმატიტს ახასიათებს კანის მშრალი ლიქენოიდური დაზიანება. ასაკთან ერთად გამონაყარი მცირდება, მის ადგილას რჩება სიწითლე და მცირედი შეშუპება. შეინიშნება კანის სიმშრალე, ლიქენიფიკაცია და ნახეთქები. გამონაყარი უმთავრესად მუხლქვეშა და იდაყვის მიდამოში, კისერზე, მტევნებსა და მაჯებზეა ლოკალიზებული. ზრდასრულ ასაკში ლიქენიფიკაცია იმატებს, გამონაყარი კი უმთავრესად სხეულის ზედა ნაწილზე ვრცელდება.

გამონაყარს ყველა ასაკში თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი.

დაავადების მკურნალობა სპეციალური მალამოებითაა შესაძლებელი, ოღონდ აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით. სასარგებლოა ზღვის აბაზანებიც.

ახლა კი დროა შევიტყოთ, რომელი კურორტი უხდება კანს.

კანის დაავადებების დროს ეფექტურია პელოიდოთერაპია – სამკურნალო თვისებების მქონე ტალახის პროცედურები. ასეთი ტალახი კი, როგორც იცით, ახტალასა და კუმისში მოიპოვება. დადგენილია მისი დადებითი ეფექტი კანის ზოგიერთი დაავადების, მათ შორის – ქრონიკული ფსორიაზის, ნეიროდერმატიტის, სკლეროდერმიისა და ქრონიკული ეგზემის მშრალი ფორმის დროს.

ნუნისის წყალი ბევრ სხვა დაავადებასთან ერთად უხდება ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმატიტისა და იმპეტიგოს. კურსი მინერალური წყლის 15-20 აბაზანისგან შედგება. პირველ დღეებში აბაზანები დღეგამოშვებით ინიშნება, მერე კი ყოველდღე. პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება.

თუ ფსორიაზი, ეგზემა და ნეიროდერმიტი გაწუხებთ, უდაბნოს მინერალური წყლისა და თბილისის წყლის აბაზანები მალამოდ დაედება თქვენს კანს.

 

დაღლილობის პიკზე

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მძიმე სამედიცინო პრობლემაა. ის გამოიხატება ძლიერი დაღლილობით, რომელსაც არც ერთი სხვა პათოლოგიური მდგომარეობა არ უდევს საფუძვლად. ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისას დაღლილობა, წესისამებრ, იმატებს, მაგრამ დასვენების შემდეგ არ გაივლის.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ვირუსული ინფექციით დაწყებული, ფსიქოლოგიური სტრესით დამთავრებული, უამრავ ფაქტორს უკავშირებენ, მაგრამ მისი ნამდვილი მიზეზი უცნობია. სამწუხაროდ, არც დიაგნოსტირებაა მარტივი. დიაგნოზის დასასმელად გამოკვლევათა წყებაა საჭირო, რათა გამოირიცხოს ყველა ის მდგომარეობა, რომელსაც ასეთივე სიმპტომებები ახასიათებს.


როგორ ვლინდება

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს დაღლილობის შეგრძნებასთან ერთად რვა ტიპობრივი სიმპტომი ახასიათებს. ესენია:

1. მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

2. ყელის ტკივილი;

3. კისრისა და მკერდის ლიმფური კვანძების გადიდება;

4. კუნთების აუხსნელი ტკივილი;

5. სახსრების ტკივილი, რომელიც ხან ერთ სახსარს მოიცავს, ხან – მეორეს;

6. თავის ტკივილი;

7. არასრულფასოვანი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანი გამოუძინებელი რჩება;

8. ნებისმიერი ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობის შემდეგ 24-საათიანი გამოფიტვა და დაქანცულობა.

ხშირად ამ სიმპტომებს ერთვის ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებიც.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა აუხსნელი, მუდმივი დაღლილობა 6 თვეზე მეტია გრძელდება და თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი თუნდაც ოთხი ნიშანი.

როდის გვჭირდება პროფესიონალის დახმარება

დაღლილობა არასპეციფიკური სიმპტომია და უამრავ დაავადებას ახლავს თან, მათ შორის – ინფექციურსა და ფსიქოლოგიურსაც. ექიმი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, რისი ბრალია თქვენი ბოლოდროინდელი მუდმივი დაქანცულობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ათწლეულებში მედიცინა საკმაოდ წავიდა წინ, ამ ერთი შეხედვით მარტივი დაავადების მიზეზისთვის ჯერაც ვერ მიუგნიათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე პათოლოგიური მდგომარეობის კომბინაციის შედეგია. გარდა ამისა, განიხილავენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიმართ გენეტიკური განწყობის არსებობას.

გენეტიკურ განწყობასთან ერთად დაავადების მანიფესტაციას ხელს უწყობს:

* ვირუსული ინფექცია. დამტკიცებულია, რომ ზოგს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სწორედ ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ემართება. ამის კვალობაზე, ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ვირუსი პროვოცირებას უწევს აღნიშნულ სინდრომს. საეჭვო ვირუსების რიცხვში შედის ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის ჰერპესვირუსი ტიპი 6, თაგვის ლეიკემიის გამომწევი ვირუსი, თუმცა მტკიცე კავშირი ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან არ უპოვიათ.

* იმუნური დარღვევები. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პირთა იმუნური სისტემა, წესისამებრ, ამა თუ იმ ხარისხით კომპრომეტირებულია, თუმცა უცნობია, არის თუ არა საკმარისი იმუნური სისტემის სისუსტე სინდრომის გამოსაწვევად.

* ჰორმონული დისბალანსი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პირთა უმრავლესობას დარღვეული აქვს ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონთა ბალანსი, თუმცა უშუალო კავშირი ამ დისბალანსსა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს შორის არ დადასტურებულა.

ვინ იღლება ყველაზე ხშირად?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის რისკფაქტორებია:

* ასაკი. სინდრომმა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, თუმცა 40-50 წლიდან უფროა მოსალოდნელი.

* სქესი. ცნობილია, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზს მამაკაცებზე ხშირად ქალებს უსვამენ, თუმცა დაუდგენელია, რატომ: იმიტომ, რომ ქალები უფრო ხშირად ავადმყოფობენ, თუ იმიტომ, რომ უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს ავადმყოფობის სიმპტომების დროს.

* სტრესი.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შესაძლო გართულებათა ჩამონათვალი ასეთია: დეპრესია, სოციალური იზოლაცია, ცხოვრების წესის შეზღუდვა, სამსახურის ხშირი გაცდენა.

სინდრომის დიაგნოსტიკისთვის კონკრეტული ტესტი არ არსებობს. ვინაიდან მისი სიმპტომები არასპეციფიკურია და არაერთ სხვა დაავადებასაც ახლავს თან, ექიმს მოუწევს, გამორიცხოს ასეთი დაავადებების მთელი წყება. მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევამ. ძილის პროცესის ფიზიოლოგიის შესწავლით გაირკვევა, ხომ არ არის დაღლილობა ძილის აპნოეს, მოუსვენარი ფეხების სინდრომის ან უძილობის ბრალი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხშირად გვხვდება ანემიის, დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების – ჰიპოთირეოზის – დროსაც. ამ დაავადებების გამორიცხვა მარტივად შეიძლება ლაბორატორიული ტესტებით. დაბოლოს, ქრონიკული დაღლილობა ზოგჯერ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსაც უკავშირდება – დეპრესიას, შფოთვას, ბიპოლარულ სინდრომსა და შიზოფრენიას.

როგორ დავამარცხოთ დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა მიზნად ისახავს შემაწუხებელი სიმპტომების შემსუბუქებას. ის კომპლექსურია – მოიცავს მედიკამენტებს, ფიზიკურ თერაპიას და ცხოვრების წესის ცვლილებას. მედიკამენტები კონკრეტული სიმპტომების შესამსუბუქებლადაა საჭირო. როგორც უკვე ვთქვით, ქრონიკულ დაღლილობას ხშირად ერთვის დეპრესია. ამ შემთხვევაში ჯერ დეპრესიის დამარცხებაა საჭირო, მერე კი ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ბრძოლა. ანტიდეპრესანტების მცირე დოზები აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას, ძილს და გარკვეულწილად ტკივილსაც ამსუბუქებს.

თუ დეპრესია ჯერ არ მოგრევიათ, მაგრამ უძილობა მუდმივ თანამგზავრად გექცათ, დროა, მოქმედება დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ამოიღეთ რაციონიდან კოფეინის შემცველი ყოველგვარი სასმელი. თუ ამან არ გიშველათ, ექიმი საძილე აბებს გამოგიწერთ, ვინაიდან უძილობა უფრო მეტად ამძიმებს ქრონიკული დარლილობის სინდრომს და იკვრება მანკიერი წრე.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური თერაპიისა და ვარჯიშის კომბინაციაა. ფიზიკური თერაპევტი სავარჯიშოთა სათანადო კომპლექსს შეგირჩევთ. ვისაც არასოდეს უვარჯიშია, მარტივი სავარჯიშოებით მოუწევს დაწყება.

ზომიერება ვარჯიშის დროსაც საჭიროა. თუ მეორე დღეს დაქანცულობას გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ დატვირთვა უნდა შეამციროთ. ვარჯიშის დანიშნულება ორგანიზმის ტონუსში მოყვანაა და არა გადაძაბვა. სურვილისამებრ, ტემპი და დატვირთვა ნაბიჯ-ნაბიჯ ზარდეთ.

ფსიქოლოგთან საუბარი დაგეხმარებათ, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ქრონიკული დაღლილობის გამო შეზღუდულ შესაძლებლობებს მოარგოთ. ამგვარად, თავად მართავთ საკუთარ ცხოვრებას, თავდაჯერებას დაიბრუნებთ და თავს უკეთ იგრძნობთ.

ქრონიკული დაღლილობის სიდრომის დაძლევაში დაგეხმარებათ ცხოვრების წესის შეცვლა და ზოგიერთი სასარგებლო ჩვევის გამომუშავებაც:

* შეამცირე სტრესი. ზედმიწევნით არიდე თავი სტრესულ სიტუაციებს. ყოველდღე გამოყავი განსაზღვრული დრო დასასვენებლად. ისწავლე შენთვის უსიამოვნო წინადადებაზე უარის თქმა დანაშაულის გრძნობის გარეშე.

* მოიწესრიგე ძილი. ყოველდღე დაიძინე და გაიღვიძე ერთსა და იმავე დროს. ერიდე დღისით ძილს, კოფეინს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს.

* იყავი ტონუსში. ეცადე, არ დააგდო ფიზიკური დატვირთვის ტემპი, მაგრამ არც მეტისმეტად გაზარდო. გახსოვდეს, ზედმეტი ვარჯიში ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს უკეთეს შედეგს.

თქვენს განკარგულებაშია ალტერნატიული მედიცინაც: აკუპუნქტურა, მასაჟი, იოგა, ტაი ჩი, – თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მათი ეფექტი ინდივიდუალურია. მოგეხსენებათ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს მჭიდრო კავშირი აქვს განწყობასთან. თუ ალტერნატიული მედიცინის რომელიმე მიმართულება თქვენს განწყობაზე სასიკეთოდ მოქმედებს, ტრადიციული მედიცინა მას რეკომენდაციას უწევს.

დაბოლოს, რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო დატვირთული წლის ბოლოს, ვიდრე ბუნების წიაღში დასვენება და მისი სილამაზით ტკბობა?! ქრონიკული დაღლილობის დამარცხებაში საქართველოს თითქმის ყველა კურორტი დაგეხმარებათ, თუმცა ფსიქონევროლოგიური პრობლემების დროს კურორტოლოგები რამდენიმე მათგანს უწევენ რეკომენდაციას.

ურეკი-გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლი, სადაც უნიკალური, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების მქონე, მაგნეტიტით მდიდარი ქვიშაა, საუკეთესო ადგილია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სადღეღამისო აეროთერაპია, ჰაერისა და მზის, ზღვისა და მაგნეტიტური ქვიშის აბაზანების კომპლექსი აწესრიგებს აღგზნებისა და შეკავების პროცესებს, აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას და იმუნობიოლოგიურ რეაქტიულობას, ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გარემოს არასასურველი პირობების მიმართ ადაპტაციურ რეაქციებს. დაგვეთანხმებით, ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

ბახმაროში დასვენება მათთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო, ვისაც ამა თუ იმ წარმოშობის ანემია აქვს. ამასთანავე, მთის კლიმატი მატრენირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, მობილიზებას უწევს მის სარეზერვო ძალებს, რაც გაკაჟების, იმუნური სისტემის გაძლიერების საწინდარია.

თუ დედაქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, კურორტს თბილისშიც იპოვით. თბილისის წყალი ეფექტურია ნერვული სისტემის დაავადებების: ნევროზის, ნევრასთენიის, ნევრიტის, პოლინევრიტის, რადიკულიტის, პლექსიტის, – დროს.

წყალტუბოს წყლის სამკურნალო თვისებები ორგანიზმში სასიკეთო ძვრებს იწვევს – ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, კანის კაპილარებს, აიშვიათებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, აღრმავებს და აიშვიათებს სუნთქვას, ასუსტებს ნერვული სისტემის აღგზნებას და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს შარდში შარდმჟავა მარილების გამოყოფას, რითაც სისხლში მათ რაოდენობას ამცირებს.

წყალტუბოს თეთრი მღვიმის ტემპერატურა, ტენიანობა, რადიაცია და ჰაერის მოძრაობა ქმნის მეტად სასარგებლო მიკროკლიმატს, რომელიც, სხვა დაავადებებთან ერთად, უხდება ნევროზს, ნევრასთენიას, ჰიპერტონიულ დაავადებას. მკურნალობა მარტივია: ორი-სამი კვირის განმავლობაში მღვიმეში ყოველდღე სამიოდე საათი უნდა გაატაროთ. ამ დროს შეგიძლიათ აკეთოთ, რაც გინდათ – იკითხოთ, იძინოთ, ივარჯიშოთ.

 

 

 

 

გააზიარე: