დავით კვაჭაძე – მკვლევარი, მეცნიერი, პედაგოგი

გააზიარე:

 ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად მდიდარი ცხოვრება განვლო. მოასწრო საყოველთაო სიყვარულის, პატივისცემისა და აღიარების მოპოვება და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მედიცინისა და კულტურის ისტორიაში.

შესანიშნავი პიროვნება, გამორჩეული მკვლევარი და პედაგოგი, მრავალი თაობის მედიკოსთა აღმზრდელი, იშვიათი ადამიანური და მოქალაქეობრივი თვისებებით დაჯილდოებული ერისშვილი – ასე ახასიათებენ დავით კვაჭაძეს მისი თანამედროვეები.

დავით კვაჭაძე 1928 წელს დაიბადა საზოგადო მოღვაწისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის ალექსანდრე კვაჭაძისა და მისი მეუღლის ნინო ლეჟავას ოჯახში. 1945 წელს წარჩინებით დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის #1 საშუალო სკოლა, ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოირჩეოდა აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით და მეცნიერული ინტერესით, იყო ერთ-ერთი პირველი სახელობითი სტიპენდიანტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტი გახდა და ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგის, პროფესორ გიორგი ცქიმანაურის ხელმძღვანელობით შეუდგა წარმატებულ სამეცნიერო მუშაობას. მისი ცხოვრება და საქმიანობა ორგანულად დაუკავშირდა ექსპერიმენტულ კვლევებს, რომელთაც აქტიურად აწარმოებდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში და, რა თქმა უნდა, უპირველესად – ფარმაკოლოგიის კათედრაზე. აქ მან განვლო პროფესიული ზრდის ყველა საფეხური – იყო ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი და ბოლოს, 1983 წლამდე, გარდაცვალებამდე – კათედრის გამგე.

დავით კვაჭაძე იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი და მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, შედეგების საინტერესო ინტერპრეტაციის უნარით დაჯილდოებული შესანიშნავი ექსპერიმენტატორი. მის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა. მას არ აკმაყოფილებდა შესწავლილი პრობლემის ფარმაკოლოგიური ასპექტები – წესისამებრ, სიღრმისეულად იკვლევდა მის პათოფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და ბიოფიზიკურ საფუძვლებსაც. ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლისას ჩაატარა საინტერესო კვლევები ჰემორაგიული შოკური მდგომარეობის ფარმაკოლოგიური კორექსიის მექანიზმების ირგვლივ, რის შემდეგაც, 1954 წელს, წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მეტად მნიშვნელოვან პრობლემაზე – ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიური კორექციის მექანიზმების დადგენასა და პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენებაზე.

სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისთანავე დაიწყო ახალგაზრდა მეცნიერის განუხრელი აღმასვლა დიდ მეცნიერებასა და პედაგოგიკაში. მისი სამეცნიერო კვლევების დიაპაზონი – მეტად ფართო, ხოლო სპექტრი ფრიად ნაირფეროვანი გახლდათ.

დავით კვაჭაძის იშვიათი ადამიანური თვისებები, უზომო კაცთმოყვარეობა მკაფიოდ აისახა მის სამეცნიერო საქმიანობაში – მან განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, მიზანმიმართულად აზუსტებდა ფარმაკოლოგიური საშუალებების მოქმედებას სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალურ და პერიფერიული სტრუქტურებზე. მეტიც: შექმნა ფარმაკოლოგიაში ფრიად მნიშვნელოვანი მიმართულებების – გერონტოლოგიური და გერიატრიული ფარმაკოლოგიის – საფუძვლები.

– განსაკუთრებით შთამბეჭდავია დავით კვაჭაძის ნაშრომები, რომლებიც ეხება ფარმაკოლოგიური საშუალებების მოქმედებას სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალურ და პერიფერიულ მექანიზმებზე. მეცნიერმა ნაშრომთა სოლიდური ციკლი მიუძღვნა ფარმაკოლოგიის გერონტოლოგიურ და გერიატრიულ საკითხებს. ამ მხრივ მეტად საინტერესოა მისი კვლევები, რომლებშიც ასახულია ანტიარითმიული საშუალებების მოქმედების მექანიზმები ასაკობრივ ასპექტში. დავით კვაჭაძემ პირველმა შეისწავლა სხვადასხვა ასაკის ცხოველებში საგულე გლიკოზიდებით ინდუცირებული არითმიების მიმდინარეობის თავისებურება და დაადგინა მათი ეფექტური კუპირების გზები. მან გამოთქვა საინტერესო მოსაზრება ზოგიერთი ანტიარითმიული საშუალების შესაძლო საპირისპირო, პროარითმიული თვისების შესახებ, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო შემდგომში მათ მოქმედებასთან. დავით კვაჭაძე ვერ მოესწრო ამ ბრწყინვალე იდეის დადასტურებას, რომელიც მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, აღიარებულ იქნა კარდიოლოგიაში ტორსე და პოინტეს სახელწოდებით, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს.

ბატონი დავითი ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ამ ბრწყინვალე მეცნიერის, პედაგოგის, მეგობრის გარდაცვალებით აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ქართულმა მეცნიერებამ და საზოგადოებამ. მან ღირსეული კვალი დატოვა თავისი მოღვაწეობით არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და დასაბამი მისცა იმ მეცნიერულ წანამძღვრებს, რომლებსაც დღეს მისი მეგობრები და მოწაფეები აგრძელებენ, – აღნიშნავს მისი მოსწავლე და კოლეგა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე.

ფრიად მნიშვნელოვანია მეცნიერის გამოგონება – გულის არითმიების მოდელირების მეთოდი, რომლის გამოც 1979 წელს მას საკავშირო საავტორო მოწმობა გადაეცა. ეს ნათხემის დაზიანების კლინიკამდელი დიაგნოსტიკის მეთოდია, წინ უსწრებს სპეციფიკური კლინიკური ნიშნების გამოვლენას და ამით ხელს უწყობს ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დადებით ეფექტს. დავით კვაჭაძე სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად ეძიებდა ახალ ეფექტურ გზებს ყველაზე გავრცელებულ და მძიმე დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების – პრევენციისა და თერაპიის სპექტრის გასაფართოებლად და შესავსებად.

– ენერგიული, გულღია და მეტად კონტაქტური იყო. პირველივე სიტყვებით იპყრობდა თანამოსაუბრის გულს. გამოირჩეოდა უბრალოებითა და გულისხმიერებით, კაცთმოყვარეობითა და საიმედოობით. თელავის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზმა მამა ანთიმოზმა მიამბო, რა საყოველთაო სიყვარულით იყო გარემოცული დავით კვაჭაძე მშობლიურ კუთხეში – დიდ ჯიხაიშში, რა დაუზარლად, უანგაროდ და განსაკუთრებული ტაქტით მკურნალობდა ყველა თანასოფლელს. მოგვიანებით მისი იშვიათი ადამიანური და პროფესიული თვისებები აღნიშნა საქართველოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმაც, რომელიც ამ დიდებულ ექიმსა და პიროვნებას ახალგაზრდობიდანვე იცნობდა. იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა დავით კვაჭაძის თავმდაბლობასა და კაცთმოყვარეობას, სულიერებასა და მოკრძალებას.

მწამს, რომ სწორედ ამ სულიერებამ უკვდავყო ჩვენს ხსოვნაში დავით კვაჭაძე მისი გამორჩეული თვისებებით: პროფესიული , მეცნიერული ძიების დაუცხრომელი წყურვილით, იშვიათი სათნოებით, კეთილმოსურნეობითა და კეთილსინდისიერებით, – იხსენებს კოლეგას პროფესორი ვადიმ სააკაძე.

ბატონი დავითის უახლოესმა მეგობარმა, პროფესორმა გურამ ტატიშვილმა გვიამბო:

– ჩვენი ახლომეგობრული ურთიერთობა სტუდენტობის წლებიდანვე დაიწყო. დავითი სტუდენტური საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი გახლდათ. ჩვენ, პირველკურსელებს, გვხიბლავდა, რომ თავს გვიყადრებდა იმ დროის ერთ-ერთი პირველი სახელობითი სტიპენდიანტი, ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა. როდესაც მესამე კურსზე ფარმაკოლოგიის კათედრაზე მივედით, ის უკვე ასპირანტი იყო და ხშირად სტუდენტებთან მეცადინეობის ჩატარებასაც ანდობდნენ. ჩვენთვის, ჯერ კიდევ სტუდენტებისთვის, დათო ამ დროსაც მეგობრად რჩებოდა.

დავით კვაჭაძე მალევე ჩამოყალიბდა მეცნიერად, მკვლევრად და უბადლო ექსპერიმენტატორად, პედაგოგიურ ასპარეზზე გაიარა ყველა საფეხური, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მისაღებად და ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი, მალე კი დოცენტიც გახდა. სხვათა შორის, მეც ვესწრებოდი მისი დისერტაციის დაცვას.

ჩვენი საქმიანი და სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა გასული საუკუნის სამოციან წლებში. იმხანად მე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად ვმუშაობდი, ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულება კი იყო ტრავმული შოკი. დავით კვაჭაძე ფასდაუდებელ კონსულტაციას გვიწევდა, რადგან ჩატარებული ჰქონდა უაღრესად საინტერესო კვლევები ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიურ კორექციაზე.

წლების განმავლობაში ბატონი დავითი და მე ერთდროულად ვიყავით კათედრების გამგეები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები. საბჭოზე ის მუდამ გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, მეცნიერული პატიოსნებით, სიდინჯით და გააზრებული რიტორიკით.

დავით კვაჭაძემ დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს ქვეყანაში მეცნიერული ფარმაკოლოგიის განვითარებას. ის მუდამ სიახლისკენ მიისწრაფოდა და ახალი მეცნიერული იდეების უშრეტი გენერატორი იყო.

დავით კვაჭაძე 1983 წელს გარდაიცვალა, ჯერ კიდვ სრულიად ახალგაზრდა, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პიკზე. ეს უდავოდ დიდი დანაკლისი იყო ქართული სამედიცინო მეცნიერებისთვის, რადგან მას უამრავი ჩანაფიქრი და მეცნიერული იდეა დარჩა განუხორციელებელი.

რა ბედნიერი იქნებოდა ბატონი დავითი, რომ მოსწრებოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ ასპარეზზე თავისი სათაყვანებელი ქალიშვილის ირინეს წარმოჩენას, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა მამის გზა. ბატონი დავითის ყველა პიროვნული თუ პროფესიული ღირსება მის შვილში განსხეულდა და დღეს პროფესორი ირინე კვაჭაძე სათავეში უდგას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინის – ფიზიოლოგიის სწავლებას და, ამავე დროს, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მიმართულებას.

 თამარ არქანია

გააზიარე: