შალვა მიქელაძე – დიდი ექიმი და შეუპოვარი ადამიანი
გააზიარე:
ის რეპრესიისთვის იყო განწირული. იცოდა, მაგრამ გულხელი არ დაუკრეფია: მკურნალობდა, აქვეყნებდა სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის ნაშრომებს, ხვეწდა დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, აქტიურად კითხულობდა ლექციებს შინაგან მედიცინაში. მომხიბლავი გარეგნობის, იშვიათი გემოვნებით ჩაცმული, ტკბილად მოსაუბრე, ენამახვილი, საუცხოო ორატორი – ასეთი შემორჩა შალვა მიქელაძე სტუდენტების, კოლეგებისა თუ პაციენტების მეხსიერებას.
ტოტალური რეჟიმი ვერ ეგუებოდა ასეთი ადამიანების არსებობას... სიკვდილიდან მხოლოდ სამოცდაორი წლის შემდეგ აღმოაჩინეს მისი საფლავი.
გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს შალვა მიქელაძის შესახებ და წიგნის გამოცემასაც გეგმავდა. დიდი ექიმის საფლავის პოვნაც დიდწილად მისი დამსახურებაა. რა გასაკვირია, რომ შალვა მიქელაძის პიროვნებაზე, მის ცხოვრებაზე ბატონი ხუტა სიამოვნებით, მოწიწებითა და სიყვარულით გვესაუბრა.
– ბოლშევიკურმა ტერორმა უამრავი ხალხი შეიწირა. საქართველოში ოთხასზე მეტი ექიმი იქნა რეპრესირებული, თუმცა შალვა მიქელაძე მათ შორისაც გამორჩეული ბედისა აღმოჩნდა.
ბავშვობა და განათლება
– შალვა 1884 წელს დაიბადა ხონში. წიგნის სიყვარულს დედამ, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის გამგემ აზიარა. მან ადრევე ასწავლა შვილს წერა-კითხვა და 1893 წელს ქუთაისის კლასიკურ გინაზიაში მიაბარა. შალვას დედა, პელაგია, ცნობილი რევოლუციონერის ალექსანდრე (საშა) წულუკიძის მამიდა გახლდათ. საშა 1905 წელს გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა რევოლუციონერმა იოსებ ჯუღაშვილმა. იქვე სიტყვით გამოვიდა შალვა ნუცუბიძეც. იმ დღეს დაწყებულმა ნაცნობობამ გადაარჩინა ცნობილი მეცნიერი დახვრეტას 1939 წელს.
შალვა მიქელაძემ გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. განსაკუთრებით უყვარდა ლათინური და ბერძნული ენები. ბოლო ხანს რევოლუციურმა იდეებმა გაიტაცა. 1902 წელს ოდესაში, მაშინდელ ნოვოროსიისკის მხარეში, წავიდა და უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. რომ არა პროფესორების გამოსარჩლება, რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრებდნენ.
პირველი წლები
– 1907 წელს შალვა მიქელაძე საქართველოში დაბრუნდა. ერთხანს ხონში მუშაობდა, შემდეგ ბაქოში გადავიდა. თავი გამოიჩინა როგორც ექიმმა, პარალელურად შევიდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში და 1917 წლის რევოლუციას აღტაცებით შეხვდა. მკურნალობდა პარტიის თავმჯდომარეს – არჩილ ჯორჯაძეს, რომელსაც ტუბერკულოზი ჰქონდა. მისი პაციენტი გახლდათ ვაჟა-ფშაველაც. ამ დიდმა ეროვნულმა მოღვაწეებმა შალვა მიქელაძის ხელში დალიეს სული. სხვათა შორის, თავის დროზე შალვა სტალინის დედის მკურნალი ექიმიც იყო, მაგრამ ამანაც ვერ გადაარჩინა...
1917 წელს გრიგოლ მუხაძესთან, სპირიდონ ვირსალაძესა და სხვებთან ერთად შალვა მიქელაძემ ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება დააარსა. გარდა ამისა, იყო იმ 17 მეცნიერ მედიკოსთაგანი, რომელთა ძალისხმევითაც თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი გაიხსნა. მომდევნო წლებში მუშაობდა ამავე ფაკულტეტის სხვადასხვა კათედრაზე. მონაწილეობდა ქართული თერაპიული ტერმინოლოგიის დამდგენი კომისიის საქმიანობაში, იყო ჟურნალ “თანამედროვე მედიცინის” ერთ-ერთი დამაარსებელი, ექიმთა საზოგადოების გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე.
სანტერესოა, რომ შალვა მიქელაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და სამანდატო საბჭოს თავმჯდომარეც. ასე რომ, 1918 წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მისი ხელმოწერაც არის.
1924 წელს წელს შალვამ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – რიგით მესამე აკაკი შანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის დისერტაციების შემდეგ. ნაშრომის თემა გახლდათ “მასალები სისხლის წებოვნებისა და შედედების თვისებების შესასწავლად მალარიის დროს”.
ბრწყინვალე ქართულით (რაც იმ დროს იშვიათობა იყო) წაიკითხა ლექციები დიაბეტზე. ინსულინი ჯერ მხოლოდ ორი წლის შემოღებული იყო. გამოამჟღავნა ფრანგული, გერმანული წყაროების შესანიშნავი ცოდნა. მისმა ლექციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.
1925 წელს შალვა პარიზის, ბერლინისა და ვენის კლინიკებში მიავლინეს მკურნალობის ახალი მეთოდების შესასწავლად. 1926 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და თან ჩამოიტანა თერაპიული კლინიკის პროექტი. მისი ძალისხმევით ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდა ძალიან ლამაზი კლინიკა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს.
წარმატებები
– 1930 წელს შალვა მიქელაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა. იყო შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე. გახსნა ექიმთა გადასამზადებელი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტად მათი გარდაქმნის შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა სასწავლო საქმიანობას და თერაპიის კათედრას. იყო ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
შესანიშნავ ორატორს კალამიც უჭრიდა. წერდა სტატიებს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. კუჭ-ნაწლავის სნეულებათა შესახებ ქართულ ენაზე დღემდე მხოლოდ მისი ორტომიანი სახელმძღვანელო არსებობს (გამოიცა 1930 და 1937 წლებში). გრიგოლ დიდებულიძის თანაავტორობით გამოცემული “შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა” მოსკოველმა კლინიცისტმა, ცნობილმა თერაპევტმა, პროფესორმა დიმიტრი პლეტნიოვმა ამ დარგის მსოფლიოში საუკეთესო ნაშრომად აღიარა. სამწუხაროდ, შალვა მიქელაძეს ავტორიზებული თარგმანის მომზადება აღარ დასცალდა – ისიც და მისი მომწონებელი პროფესორიც ხალხის მტრებად გამოაცხადეს. პლეტნიოვს ისიც კი უნდოდა, 1936 წელს თერაპიის საკავშირო ყრილობა თბილისში გაემართათ, მაგრამ დაიჭირეს, მაქსიმ გორკის არასწორი მკურნალობა და მკვლელობა დააბრალეს და რამდენიმე წლის შემდეგ დახვრიტეს.
მტრად შერაცხული
– ყველას ეგონა, მიქელაძესაც დაიჭერდნენ, მაგრამ 1937 წლის რეპრესიებს გადაურჩა. ხალხი ერიდებოდა შერისხულთან ურთიერთობას. თვითონ შალვა ამბობდა, მე არაფერი დამიშავებია და არაფრის მეშინიაო, მაგრამ ხელისუფლება ალმაცერად უყურებდა ყოფილ ფედერალისტს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრს... მართალია, პოლიტიკას ჩამოშორდა და მთლიანად პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაზე გადაერთო, არც 1924 წლის აჯანყებისთვის დაუჭერია მხარი, მაგრამ მაინც დააპატიმრეს.
არსებული წყობილება გულზე რომ არ ეხატებოდა და მის კრიტიკას ადვილად იწყნარებდა, 1932 წლის გაზაფხულზე შალვა შარაშიძის მიერ მისთვის მიწერილ ლექსშიც ჩანს (შალვა შარაშიძე, მწერალი და იუმორისტი, საზოგადო მოღვაწის, პედაგოგისა და ეთნოგრაფის გიგო შარაშიძის ვაჟი, “თაგუნას” ფსევდონიმით წერდა; ხშირად ავადმყოფობდა და შალვა მიქელაძესთანაც მკურნალობდა). იმ დროს ასეთი შინაარსის წერილის არათუ გაგზავნა, მიღებაც კი საშიში იყო:
წერილი შალვა მიქელაძეს
უმდაბლესი მოხსენება შალვას შალვასაგან.
წინასიტყვას არ დავეძებ – შევუდგები საგანს.
გავბედავ და მოგახსენებ, უპირველეს ყოვლის,
რომ ნათლად ვგრძნობ შედეგს შენის მკურნალობის, მოვლის.
ჯერ ერთი, რომ ტკივილები ათი დღეა არ მაქვს, თითქოს ახლად დავიბადე, გეფიცები კარლ მარქსს!
შემდეგ – კვება: პურსაც ვირგებ, კვერცხსაც, ქათმის კატლეტს.
ცოლ-შვილს შია, მე კი რას ვჭამ! მომაფურთხე პადლეცს!
ვგრძნობ აგრეთვე შემატებას ენერგიის, ძალის,
თუმც არც იმდენს, რომ გავბედო – დავეტაკო სტალინს.
კუჭზე მაინც სატფურს ვიდებ, ჯერ არ ვდგები, ვწევარ.
ამ რეჟიმით გამტკიცებას ვფიქრობ მინაღწევართ.
მიღწევების შემდეგ, ახლა, თვითკრიტიკის წესით,
მოგახსენებ შალვას უმრწმესს შალვა უხუცესი:
ვხედავ, კუჭი გადამექცა ჰაშ-ქლორის ქარხანად...
– გაუმარჯოს ინდუსტრიას! – შევძახოთ ამხანაგთ.
იმგვარ ტემპით ამუშავებს ის ოხერი ამ წვენს,
რომ საბჭოთა ყველა ტემპებს აბითურებს, არცხვენს.
არც სანერწყვე რჩება უკან – სწორედ მახრჩობს ნერწყვით!
სოცშეჯიბრიც ამას ქვია! დამკვრელებო, შერცხვით!
ახლა – რაიც შეეხება სეირანის* საკითხს:
ამ საკითხს ვერ გამოარკვევს საკავშირო ცაკიც:
ჭამით მე რომ ამდენს ვჭამ, რომ შეშურდება ხარსაც –
ეს ნაჭამი სადღა მიდის, რომ აღარ ჩანს არსად?!
ვერას გავხდი ვერც მასაჟით, ვერც ნაცადი კლიზმით.
რა ძნელია შეკრულობა პლუს სოციალიზმი!
ვინაიდან ეს საკითხი აღარ გადიდება,
გევედრები, მომაწოდო ექვსი მითითება!
შალვა მიქელაძე სამ თვეში გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ ინტენსიურად უთვალთვალებდნენ. განსაკუთრებით ლავრენტი ბერიამ აითვალწუნა. მიქელაძეებს არც მანამდე უყურებდა კარგი თვალით, რასაც ერთმა ამბავმაც შეუწყო ხელი: 1930 წელს ბერიას შინ ესტუმრა სერგო ორჯონიკიძე, იმხანად – საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. ერთ დღეს სტუმარი ცუდად გახდა. მოიწვიეს ექიმები ნიკოლოზ ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მან კი შალვა მიქელაძის მოწვევაც მოითხოვა. ბერია უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, მაგრამ უარი ვერ უთხრა, შალვამ კი მოწამვლის დიაგნოზი დასვა, რამაც უკიდურესად აღაშფოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. პაციენტს კუჭის ამორეცხვამ კი უშველა, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა.
იმხანად ეკონომისტი კონდრატიევი დასაბუთებულად ეწინააღმდეგებოდა კოლექტივიზაციას, ამიტომ მისი ყველა მომხრე დასახვრეტად იყო განწირული. სწორედ ეს ბრალდება წაუყენეს შალვას სამედიცინო ინსტიტუტში საჯარო დაკითხვა-დამუშავების დროს. მთავარ ბრალმდებლად მისი ასისტენტი, მისივე აღზრდილი ექიმი გამოიყვანეს. გამოსარჩლება მხოლოდ პროფესორმა ალექსანდრე ალადაშვილმა გაბედა, რომელმაც შალვა მიქელაძის ღვაწლზე ილაპარაკა. ალადაშვილის თავგამოდებამ შედეგი გამოიღო – მიქელაძის დაპატიმრება შვიდი წლით გადაიდო, თუმცა კერძო პაციენტების მიღება აუკრძალეს, ამიტომ ოჯახის რჩენა უჭირდა. ვინც მის დახმარებას ცდილობდა, ყველას მისწვდა ჩეკას მახვილი მზერა, მაგალითად, პირად საქმეში შეტანით სასატიკი საყვედური გამოუცხადეს მიშა გამცემლიძეს, პოლიკლინიკის მთავარ ექიმს, რომელიც თავის მასწავლებელს პაციენტების ნახევრად არალეგალურად მიღების საშუალებას აძლევდა, თავად მიქელაძე კი პოლიკლინიკიდან გააგდეს. მალე ამ ყველაფერს დიმიტრი პლეტნიოვის დაპატიმრებაც დაერთო. ჩეკამ ახალი გეგმა შეიმუშავა – გადაწყვიტეს, მიქელაძისთვის ოპერის თეატრში მეგობრის საჯაროდ დაგმობა მოეთხოვათ. მართლაც, ჰკითხეს, რა შეფასებას მისცემდა დიმიტრი პლეტნიოვის მოღალატეობრივ ქმედებას. თუ ბრალდება სიმართლეს შეესაბამება, სასტიკად უნდა დაისაჯოსო, დინჯად უპასუხა შალვამ. ამ განცხადებას გადაცმული ჩეკისტების აღტაცებული ტაში მოჰყვა. დარბაზი რომ მიწყნარდა, მიქელაძემ განაგრძო: მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ პროფესორი პლეტნიოვი ჰიპოკრატეს ფიცს დაარღვევდაო.
ჩეკას უკანასკნელი სვლა
– 1937 წლის ქარიშხალმა, ერთი შეხედვით, გადაიარა, 1938 წლის აგვისტოში კი შალვა მიქელაძე დააპატიმრეს და ბრალად დასდეს, თითქოს პროფესორ ელიავასთან ერთად ბაქტერიებით მოწამლა მდინარე მტკვარი საბჭოთა მშრომელებისთვის ზიანის მისაყენებლად.
ეს ამბავი ნაღმის აფეთქებას ჰგავდა.
დააპატიმრეს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის სხვა ყოფილი წევრებიც: შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გრიგოლ წერეთელი. საქმის “გამოძიება” სისასტიკით ცნობილ ნიკიტა კრიმიანს და ალექსანდრ სავიცკის დაავალეს. ერთ-ერთი წამების შემდეგ ნუცუბიძემ საკანში თავის ჩამოხრჩობა დააპირა, მაგრამ მეორე პატიმარმა მისი ხროტინი გაიგონა, ჩამოხსნა და ასე გადაარჩინა. ამგვარადვე ექცეოდნენ შალვა მიქელაძესაც.
გრიგოლ წერეთელი საკანში ჩაქუჩისა და ლურსმნის ჩარტყმით მოკლეს.
შალვა ნუცუბიძე მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ, რუსული ენის ბრწყინვალედ მცოდნე, სტალინის მოთხოვნით “ვეფხისტყაოსანს” თარგმნიდა.
მიქელაძემ სასტიკი წამების შემდეგ ხელი მოაწერა აბსურდულ ბრალდებას, თითქოს რამდენიმე ქვეყნის ჯაშუში იყო. რა თქმა უნდა, დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ მისმა მეუღლემ მოსკოველი ნაცნობები შეაწუხა, კარგი ადვოკატი იპოვა და ექიმს დახვრეტა ათწლიანი პატიმრობით შეაცვლევინა.
ბედის უკუღმართობით, შალვა მიქელაძე მოხვდა ქალაქ ორიოლის ციხეში, მოსკოვის ახლოს. იქ სასჯელს იხდიდნენ სხვა პოლიტპატიმრებიც, მათ შორის – დიმიტრი პლეტნიოვი, გალაკტიონის პირველი ცოლი ოლია ოკუჯავა, ესერების პარტიის ლიდერი მარია სპირიდონოვა.
ომის დაწყების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ ციხე გერმანელების ხელში გადავიდოდა, ამიტომ სტალინმა ბერიას ინიციატივით პატიმრების დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი. 169 პატიმარს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. დახვრეტის ბრძანება ბერიას მოადგილემ ბოგდან (ბაღჩო) ქობულოვმა შეასრულა.
მსჯავრდადებულები 1941 წლის 11 სექტემბერს ორიოლის მახლობლად, დათვების ტყეში დახვრიტეს, საერთო ორმოში ჩაყარეს, მიწით ამოავსეს (ამბობდნენ, რომ მიწა მოძრაობდა. 30-იანი წლების ენაზე ეს ნიშნავდა, რომ ზოგი დამარხული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო), ზემოდან ტრაქტორი გადაატარეს და ხეები დარგეს.
შალვა მიქელაძეს მეუღლე, ოლიმპიადა, და ქალ-ვაჟი დარჩა. ქვრივი მალევე გადაიყოლა ქმრის დაკარგვამ. მათი ვაჟი, გივი მიქელაძე, მეტალურგი გახდა და მინისტრთა საბჭოსთან არსებულ განათლებისა და მეცნიერებათა კომიტეტში მუშობდა.
ორიოლის სიკვდილით დასჯილი პატიმრების პირველი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა, ხოლო სრული რეაბილიტაცია – 1990 წელს. მანამდე მათი ბედიც და საფლავის ადგილმდებარეობაც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. 1991 წლის 11 მაისს იქ მემორიალური დაფა აღმართეს.
შემთხვევითი აღმოჩენა
– შალვა მიქელაძის სიკვდილის ამბავიც და დახვრეტის ადგილიც სრულიად შემთხვევით გავიგეთ. 1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მოხდა სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დემონტაჟი. ცნობისმოყვარეობის გამო ძველი პრესა გადავათვალიერე და გაზეთ “იზვესტიას” ფურცლებზე ორიოლის ციხის პატიმართა, მათ შორის – შალვა მიქელაძის, ოლია ოკუჯავას, დიმიტრი პლეტნიოვის, დახვრეტის ამბავი ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, ეს შალვას ოჯახსაც შევატყობინე. საფლავის ადგილმდებარეობის დადგენა მოსკოვში მიმავალ სტუდენტს ვთხოვე, მაგრამ ვერ მიაგნო.
მოგვიანებით შალვა მიქელაძის შვილიშვილი, ცნობილი მეცნიერი მეტალურგი არჩილ მიქელაძე, ორთვიანი მივლინებით მოსკოვში წავიდა. დავხაზეთ საფლავის სავარაუდო გეგმა. სოხუმიდან დევნილი რუსი ქალიც დაგვეხმარა, რომელიც მაშინ 15 წლისა ყოფილა, ორიოლში უცხოვრია და ეს ამბავი სცოდნია. შალვას შვილიშვილმა მიაგნო საფლავს და იქიდან მიწაც ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ გალაკტიონის საფლავზე მოვაბნიეთ როგორც ოლიას უკანასკნელი სახსოვარი.
ასე დაასრულა სიცოცხლე დიდმა თერაპევტმა, მეცნიერმა და პედაგოგმა შალვა მიქელაძემ. უამრავი საერო საქმის მონაწილემ და ფუძემდებელმა, წარუშლელი კვალი დააჩნია ქართულ მედიცინას, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ჩანაფიქრი დარჩა აუხდენელი...
* სეირანს გურიაში კუჭის მოქმედებას ეძახიან
მარი აშუღაშვილი