“ტკბილი” მკურნალი

გააზიარე:

ამჯერად კიდევ ერთი ლეგენდარული ქართველი მედიკოსის – ნიკო ჯანდიერის შესახებ გიამბობთ. უფროსი კოლეგის ცხოვრებას კარგად იცნობს ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, რომელსაც ჟურნალ “ავერსის” მკითხველისთვის ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი.

 

ნიკო ჯანდიერი 1873 წლის 24 ნოემბერს ზაქათალაში, თავად ალექსანდრე ჯანდიერის ოჯახში დაიბადა. მამამისი მეთაურობდა სიღნაღის საყარაულო ასეულს, რომელიც იმხანად ზაქათალაში იყო დისლოცირებული. დედა ადრე გარდაეცვალა. 1881 წელს ნიკო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღეს, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. ექიმობა უნდოდა, მაგრამ ხელმოკლე ოჯახს მისი სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. მაშინ ნიკო ჯანდიერმა სტიპენდიის თხოვნით მიმართა სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. როცა კრებაზე მისი განცხადება წაიკითხეს, ერთი გადაგვარებული თავადი წამომდგარა და უთქვამს: გიმნაზიის დიპლომი სავსებით საკმარისია, რომ ჯანდიერმა სამსახური იშოვოს და ჩვენს საყვარელ ხელმწიფე-იმპერატორს ემსახუროს; უნივერსიტეტში მისი გაგზავნა საჭირო არ არის, რადგან იქ მეამბოხე რევოლუციონერებს და მეფის მოღალატე სტუდენტებს ზრდიანო. თავადს ბევრი მომხრე გამოსჩენია, ისე რომ, ნიკოს უნივერსიტეტში სწავლა უიმედო ჩანდა, მაგრამ მოულოდნელად ჯანდიერს ილია ჭავჭავაძე გამოქომაგებია და უთქვამს: ამ ყმაწვილის რევოლუციონერობისა ნუ შეგეშინდებათ, ეს სენი ჩვენც მოგვიხდია; რაც შეეხება ამბოხებას, თუ მან შეძლო სხვა ახალგაზრდებთან ერთად დახავსებული ადათ-წესების ამოძირკვა, ბარაქალა მას; ის თურმე ექიმობას აპირებს, რაც ჩვენს ხალხს ძალიან სჭირდება; წინადადება შემომაქვს, ამ ახალგაზრდას ბანკმა თვეში ორი თუმანი გამოუყოსო. ილიას წინადადება ერთხმად მიიღეს და ნიკო ჯანდიერი ხარკოვს გაემგზავრა, სადაც 1894 წლის სექტემბერში იქაური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა – ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ქირურგიის კათედრის დირექტორმა, პროფესორმა ორლოვმა, ის კლინიკაში დატოვა. ნიკოს წინაშე ფართო პერსპექტივა იშლებოდა, მაგრამ მას სამშობლოსკენ მოუწევდა გული.

სამწუხაროდ, თბილისის გუბერნატორი, ეროვნებით რუსი, წინააღმდეგი იყო, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული სოფლის ექიმის თანამდებობა ქართველისთვის მიეცა. მეფის რუსეთის ადმინისტრაციას პეტერბურგიდან მოსდიოდა საიდუმლო ინსტრუქცია, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ექიმებად მხოლოდ არაქართველები დაენიშნა, ხოლო ქართველი ექიმები რუსეთის შორეულ გუბერნიებში განეწესებინა. საბედნიეროდ, თბილისში შეიტყვეს ეს ამბავი, დატრიალდნენ ნათესავები, მათთან ერთად – თბილისის გუბერნიის მთავარი ექიმი ტიტე ქორიძეც და, როგორც იქნა, 1900 წლის 20 აგვისტოს თავადი ნიკო ჯანდიერი სოფელ ველისციხის ამბულატორიის რიგით ექიმად დანიშნეს.

ბატონი ხუტა გვიამბობს:

– ერთხელ ნიკო ჯანდიერი მის მოამაგე ტიტე ქიქოძეს სწვევია თბილისში. იქ მას ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე დახვედრია, რომელიც ფრიად შეწუხებული ყოფილა ილიას შეუძლოდ ყოფნით. პაპანაქება აგვისტო მდგარა და ყველა გამოცდილი ექიმი ქალაქიდან აგარაკებზე გაკრეფილიყო. ახალგაზრდა ნიკომ ილიას ნახვის სურვილი გამოთქვა. გულდასმით გასინჯვის შემდეგ ათეროსკლეროზის, დიაბეტისა და გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვა, მის გონებრივ და ფიზიკურ გადაღლასაც მიაქცია ყურადღება, დაუნიშნა წამლები, კვებისა და დასვენების რეჟიმი. საბედნიეროდ, მკურნალობამ დადებითად იმოქმედა ავადმყოფზე. სწორედ იმხანად თბილისს კიეველი პროფესორი ვაგნერი სტუმრობდა, რომელიც, ცხადია, საგურამოში, ილიასთან მიიყვანეს. ვაგნერმა სავსებით გაიზიარა ნიკო ჯანდიერის დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა. მანვე ურჩია ილიას, სწვეოდა ბერლინში პროფესორ ერნსტ ლაიდენის ცნობილ კლინიკას – “შარიტეს”. როგორც შემდეგ გაირკვა, ნიკო ჯანდიერის დიაგნოზი “შარიტეშიც” დადასტურდა. სამშობლოში დაბრუნებული ილია კვლავ ინახულა ახალგაზრდა მკურნალმა და ისიც გაუმხილა, რომ სამედიცინო განათლება სწორედ მისი წყალობით მიიღო. პოეტს თურმე ძალიან ეამა ამის გაგონება.

ნიკო ჯანდიერმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა ველისციხის ამბულატორიაში. ახალგაზრდა ექიმს პაციენტები არა მარტო ამ დიდი სოფლიდან, არამედ მთელი კახეთიდან და თბილისიდანაც კი აკითხავდნენ. დღეში თურმე ორმოცდაათამდე ავადმყოფს იღებდა. 1904 წელს ნიკო სიღნაღის მაზრის ექიმად გადაიყვანეს. მაზრაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც ნიკო ჯანდიერი დღისით თუ ღამით, დარსა თუ ავდარში მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა.

საკვირველი ექიმი იყო. დიაგნოზს ხშირად შეხედვით ან გამოლაპარაკებით სვამდა. ხალხს თურმე ისე სწამდა ნიკო ჯანდიერის სამკურნალო ძალისა, რომ ავადმყოფი როგორც კი შეიტყობდა, ნიკო-მკურნალი მოვიდაო, მაშინვე უკეთ ხდებოდა. სნეულისთვის უბრალო წყალიც რომ მიეცა – წამალიაო, უთუოდ მოარჩენდა. ჰქონდა მოსმენის საოცარი უნარი. თანაგრძნობით და გულთბილი რჩევითაც ბევრის სულიერი ტრავმა განუკურნავს. არაჩვეულებრივი მეხსიერების პატრონი იყო – ახსოვდა ყველა ავადმყოფი, იცოდა მათი ცხოვრება... ავლიპ ზურაბიშვილი იგონებდა: ნიკო ჯანდიერს ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა; ხშირად გამიგონია, როგორ უთქვამთ მასზე, “ჩვენი კარგი ექიმი და ტკბილი მკურნალიო“.

ბატონი ხუტა გვიამბობს:

– ნიკო ჯანდიერი მხოლოდ საექიმო საქმიანობას როდი სჯერდებოდა. მან თავი გამოიჩინა როგორც დიდმა ორგანიზატორმა – სიღნაღის მაზრაში გახსნა აფთიაქები, ამბულატორიები, საავადმყოფოები. ბოდბეში, წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, სწორედ მისი დამსახურებით ამოქმედდა ოთხსაწოლიანი საავადმყოფო. ჯანდიერმა წინამძღვარს ფერშლობა შეასწავლა, თავად კი ყოველ კვირადღეს აკითხავდა საავადმყოფოს და მონაზვნებს ყურადღებას არ აკლებდა.

არანაკლებ საინტერესო იყო ნიკო ჯანდიერის საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი ავტობიოგრაფიაში წერდა: “როგორც ქართველი ინტელიგენტი და მოქალაქე, ყოველ საზოგადო საქმეში დიდის მოწადინებით და დაუღალავი ენერგიით ვმონაწილეობდი. არ ვერიდებოდი არც დაღლას, არც საკუთარი თანხის გაღებას იმ საქმისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, სასარგებლო და საჭირო იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სინდისისთვის არ მიმტყუნია და მხოლოდ ადამიანის სიყვარული და მისი კეთილდღეობის სურვილი მამოძრავებდა და შეადგენდა მიზანს ჩემი სიცოცხლისა”.

სიღნაღში სწორედ ნიკომ დააარსა ღარიბთა დამხმარე საზოგადოება და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელთა თავმჯდომარე თავად იყო. მისივე თაოსნობით სიღნაღში გაიხსნა პირველი წიგნის მაღაზია, პირველი ბიბლიოთეკა, წმინდა მარინეს სახელობის საქალებო სასწავლებელი, ვაჟთა სასწავლებელი.

ცნობილია, რომ ნიკო ჯანდიერს საზოგადოებრივ საქმიანობაში დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე – მარიამ ზაქარიას ასული ქობულაშვილი.

ქიზიყში, სადაც კაპიტალი უმთავრესად არაქართული მოდგმის ხალხის ხელში იყო, სწორედ ნიკო ჯანდიერის თაოსნობით შეაგროვეს შეძლებულმა ქართველებმა თანხა და დააარსეს საკრედიტო ბანკი, სადაც ყოველ ქართველს შეეძლო, შეღავათიან ფასად აეღო სესხი. ამან საშუალება მისცა ქართველებს, შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო იარაღები, შხამქიმიკატები და მრავალი წვრილმანი თუ მსხვილმანი საქონელი, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ქიზიყელ გლეხთა მდგომარეობა. გარდა ამისა, ნიკო კახეთის რკინიგზის მშენებლობაშიც მონაწილეობდა და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქიზიყისა და შირაქის დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილებაშიც.

ვაჟა-ფშაველას თაოსნობით ქიზიყში დასახლდნენ მცირემიწიანი ხევსურები, ფშავლები და თუშები, რამაც შური აღუძრა მეფის ადმინისტრაციის რუს მოხელეებს. მათ ახალდასახლებული მხარე უკანონოდ მითვისებულად გამოაცხადეს და ფშავ-ხევსურებსა და სხვა მთიელებს მიწების დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ვაჟა-ფშაველამ და ნიკო ჯანდიერმა კარდაკარ შემოიარეს თავად-აზნაურთა სახლები და მიაგნეს საკუთრების დამადასტურებელ ძველ სიგელ-გუჯრებს, რომლებიც მეფე ერეკლეს გადაუცია კახელი თავადებისთვის სამშობლოს წინაშე დამსახურების ნიშნად. მათი წყალობით სასამართლო პროცესი მოიგეს და მექრთამე ჩინოვნიკები გაწბილებულები დატოვეს.

ნიკომ საკრედიტო ბანკიდან თანხა გამოუყო უმიწაწყლო ქართველ გლეხებს მიწების შესაძენად. ესეც არ იკმარა – თავისი დანაზოგით შეიძინა ადგილ-მამულები და შემდეგ ისინი გაჭირვებულ ქართველ გლეხებს იაფად მიჰყიდა.

რა გასაკვირია, რომ ქიზიყს და მთელ საქართველოს განსაკუთრებულად უყვარდა ნიკო ჯანდიერი. 1917 წელს, როცა ექიმი თვითონ გახდა ავად პარტახტიანი ტიფით, მთელი კახეთი გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მათი საყვარელი ექიმი. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ, ქიზიყში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. განსაკუთრებით ავიწროებდნენ ექიმ ჯანდიერს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, თბილისში გადასულიყო სამუშაოდ. პოლიკლინიკაში, უბნის ექიმად მუშაობდა, როცა ივანე ჯავახიშვილმა ცნობილი თერაპევტი ალექსანდრე ალადაშვილი მიუგზავნა და უნივერსიტეტში თერაპიის კათედრის გამგის თანამდებობა შესთავაზა. თავმდაბალმა ნიკო ჯანდიერმა მადლობა გადაუხადა, თუმცა ამ საპატიო თანამდებობაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ უკვე ხანდაზმული იყო.

უდიდესი გამოცდილების პატრონს, ხშირად იწვევდნენ კონსილიუმებზე გრიგოლ მუხაძე, ალექსანდრე ალადაშვილი, კონსტანტინე ერისთავი, ეფრემ ზაქარაია, ეგნატე ფიფია, მიხეილ ჩაჩავა და მედიცინის სხვა კორიფეები. მისი პაციენტები იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ექვთიმე თაყაიშვილი, გერონტი ქიქოძე, ალექსანდე მაჭავარიანი და სხვები.

ნიკო ჯანდიერს მოხუცებულობის დროსაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1959 წლის 28 იანვარს მას რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება მიენიჭა, 1968 წელს კი პროფესორმა ალექსანდრე გზირიშვილმა და დავით აგლაძემ საქვეყნოდ გამოაცხადეს, რომ “ნიკო ჯანდიერს საქართველოს სახალხო ექიმის წოდება ეკუთვნოდა, რადგან ის ჭეშმარიტი მკურნალი იყო”.

დიდი ექიმი 1964 წლის 22 დეკემბერს, 91 წლისა გარდაიცვალა.

 

 თამარ არქანია

 

 

გააზიარე: