ვალმოხდილი მამულიშვილი

გააზიარე:

 მისი დაბადების წელი, ავად სახსენებელი 1937, ავის მომასწავებელ სიმბოლოდ გასდევს მის ცხოვრებას... ამჯერად ექიმ გედი გელბახიანის შესახებ გიამბობთ.

გედი გელბახიანი ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, პეტრე გელბახიანი, დიდხანს იყო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. გედი სკოლაშიც წარჩინებით სწავლობდა, ასე რომ, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვა და სანიმუშო სტუდენტობა ნამდვილად არ ყოფილა მამის თანამდებობის დამსახურება. მისი ჯგუფელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სრულიად არ ეტყობოდა რექტორის შვილობა, იყო კომუნიკაბელური, თავმდაბალი და კეთილი. სტალინის სახელობის სტიპენდიანტს, სტიპენდიით ერთხელაც არ უსარგებლია – ბავშვთა სახლში აღზრდილ ხელმოკლე სტუდენტს ურიცხავდა.

სწორედ სტუდენტობის წლებში გაიცნო მომავალი მეუღლე ნუცა ტატიშვილი. ქალბატონ ნუცას კარგად ახსოვს ის დღე:

– ჩემი უფროსი ბიძაშვილის, გურამ ტატიშვილის, საქორწილო სამზადისი გვქონდა. გედი გურამთან მეგობრობდა. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში დამხვდა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა, რომელიც მამას ესაუბრებოდა. მამამ სტუმარი გამაცნო. მახსოვს, მოვიხიბლე და დავიბენი. უცბად დავმეგობრდით, მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ბევრს ვიცინოდით. ალბათ ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება... იმ წელს სკოლას ვამთავრებდი და დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. იმავე საღამოს მივხვდი, რომ გედის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი და გაუსაძლისი იქნებოდა და გადავწყვიტე, სამედიცინო ისტიტუტში ჩამებარებინა. მამა ჩემი ექიმობის წინააღმდეგი იყო, ამიტომ საბუთები მალულად შევიტანე ინსტიტუტში... სტუდენტობის წლები ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ხანა გახლდათ. 1961 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ვიქორწინეთ, გედის კი გაგრაში მოუხდა სამუშაოდ წასვლა.

გედი გელბახიანმა ორი წელი იმუშავა ექიმ თერაპევტად გაგრის რაიონულ საავადმყოფოში, 1963 წელს კი სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე გააგრძელა საქმიანობა, ჯერ – უფროს ლაბორანტად, შემდგომ კი ასისტენტად და დოცენტად.

ქალბატონი ნუცა იხსენებს:

– გაგრიდან დაბრუნების შემდეგ გედის წილად ხვდა ბედნიერება, მუშაობა დაეწყო თბილისში, თერაპიის კათედრაზე, ბატონ გიორგი მხეიძესთან. სიცოცხლის ბოლომდე თავს მის მოწაფედ მიიჩნევდა და ტრაბახობდა კიდეც ამით. მათ ძალზე ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. როცა გედი მოულოდნელად დააპატიმრეს, ბატონი გოგი ტელევიზორს უყურებდა. უცბად აჩვენეს ნაცემი და ნაწამები გედი... ბატონ გოგის იმ საღამოს ინსულტი დაემართა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სიკვდილამდე უთქვამს – 1937 დაიწყოო...

1965 წელს გედი გელბახიანმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, ხოლო 1972 წელს – სადოქტორო. 1986 წელს სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მას პროფესორის წოდება მიანიჭა, ერთი წლის შემდეგ კი აირჩია შინაგან სნეულებათა კათედრის გამგედ. გედი გელბახიანის ძალისხმევით კათედრაზე შეიქმნა ზოგადი პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა დიაგნოსტიკურ ცენტრად. სწორედ აქ დაინერგა მრავალი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელთა უმრავლესობა დღესაც აქტიურად გამოიყენება კლინიკურ მედიცინაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სისხლისა და შარდის ოსმოლარობისა და ელექტროლიტების საერთო რაოდენობის განსაზღვრისთვის შექმნილი მეთოდი შესაბამისი ხელსაწყოთი.


ბედისწერამ გედი გელბახიანის პროფესიული წინსვლა დაამუხრუჭა. ამის მიზეზი ეროვნული ხელისუფლებისადმი მისი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა. 1992 წელს, ეროვნული ხელისუფლების დამხობასთან ერთად, მისი თანამოაზრეები ქვეყნის მოღალატეებად შერაცხეს და მასობრივად დააპატიმრეს. რეპრესიების ამ ტალღაში მოჰყვა პროფესორი გედი გელბახიანიც შვილთან – პეტრესთან ერთად.

– ჩვენი ოჯახის აწიოკება ჩემი მამამთილის, პეტრე გელბახიანის დაჭერით დაიწყო. ჩვენმა შვილებმა ძალიან განიცადეს ბაბუის დაპატიმრება. სწორედ იმ წლებში ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში ჩემი შვილი პეტრეც. მე და გედი არასოდეს გადავდგომივართ წინ, არ დაგვიშლია სამშობლოსთვის თავის გაწირვა. ღიმილით ვაცილებდი და, ღამენათევი, თვალცრემლიანი ველოდი მის დაბრუნებას. და აი, ერთხელაც აღარ დაბრუნდა... მოათავსეს დახურული ციხის სიკვდილმისჯილთა კამერაში. ესეც არ იკმარეს – 1992 წლის 13 სექტემბერს შეთითხნილი ბრალდებით დაიჭირეს გედიც და ცამეტი წელი მიუსაჯეს. პეტრეს და გედის ციხეში ყოფნის წლები ძალიან მძიმე იყო. იმ უტრანსპორტობის პერიოდში ორ ადგილას მიწევდა საკვების მიტანა, ხშირად – ფეხითაც...

გედი გელბახიანმა შვიდი წელი დაყო ციხის კედლებში... ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა. იმ წლებში, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ფიზიკურად და სულიერად დასახიჩრდა. გედი გელბახიანიც მათ შორის იყო. დაუნდობელი ცემისგან ცალი თვალი და ყური დაუზიანდა, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს, ვერ შეურყიეს პრინციპები, ვერ აყარეს პატივი, იდეალების ღალატი ვერ აიძულეს. იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ, მიუხედავად შესაძლებლობისა, არ მიატოვა სამშობლო, უცხო მიწაზე მშვიდად ცხოვრებას საკუთარი ქვეყნის ციხე არჩია.

პატიმრად მყოფს, ყველაზე მეტად სტუდენტებთან ურთიერთობა, თავისი ლაბორატორია, სამეცნიერო მუშაობა ენატრებოდა. ედარდებოდა პაციენტებიც.

საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის შედეგად ბატონი გედი გაათავისუფლეს. 2001 წელს ის კვლავ აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგედ. 2005 წელს კათედრა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ზოგადი თერაპიის დეპარტამენტად გადაკეთდა. ბატონი გედი მას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. იმავდროულად, იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო, სადისერტაციო, პედიატრიული ფაკულტეტის საბჭოების წევრი. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

მიუხედავად პატიმრობაში გატარებული ჯოჯოხეთური წლებისა, მაინც მხნედ გამოიყურებოდა. ამაში სპორტის სიყვარული დაეხმარა: ახალგაზრდობაში საქართველოს ჩემპიონი იყო ცურვაში. მრავალჯერ უსახელებია სამედიცინო ინსტიტუტი. მთელი სიცოცხლე, ციხეშიც კი, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი გახლდათ.

– ახლა, თვალს რომ ვავლებ ჩემი და გედის თანაცხოვრების არცთუ იოლ წლებს, ამდენი უბედურების გადამტანი, თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, რადგან გედიმ ასეთი სიყვარული დამიტოვა და თვითონაც ამ დიდი სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან. ორმოცდათერთმეტი წელი ერთსულ და ერთხორც ვიცხოვრეთ და ერთხელაც არ დამიწუწუნია მასთან გატარებული ძალიან რთული, თუმცა, ამავე დროს, საინტერესო წლების გამო, – ამბობს ქალბატონი ნუცა.

 

გედი გელბახიანის უახლოესმა მეგობარმა და მისი მეუღლის ბიძაშვილმა, პროფესორმა გურამ ტატიშვილმა გვიამბო:

– გედი გელბახიანს ვიცნობდი ჯერ კიდევ სტუდენტს, რომელიც გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, სწავლასა და სპორტში წარმატებებით, ირგვლივ მყოფთა მიმართ ყურადღებითა და კეთილგანწყობით. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ორი წელი იმუშავა რაიონულ საავადმყოფოში რიგით ექიმად და შემდეგ დიდი მედიკოსის გიორგი მხეიძის ხელმძღვანელობით გაიარა კლინიცისტის, პედაგოგისა და მეცნიერის ცხოვრების ყველა ეტაპი. წარმატებულ ახალგაზრდას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

უკვე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თერაპიის კათედრის გამგე, აბსურდული, უფრო სასაცილო ბრალდებით ხვდება საპატიმროში: დააბრალეს, რომ საავადმყოფოს პირველი სართულის სარდაფში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და ბომბებს. მე იმ საავადმყოფოში ვმუშაობდი და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ იქ არავითარი სარდაფი და საწყობი არ ყოფილა, იყო ღია სივრცე, სავსე სამშენებლო მასალებითა და ნაგვით, სადაც დათარეშობდნენ ვირთხები და ყოვლად შეუძლებელი გახლდათ იქ რამის, მით უმეტეს, იარაღისა და ბომბების შენახვა. ის კი არა, საავადმყოფოს დაცვის პირობებში მათი იქამდე მიტანაც წარმოუდგენელი იყო.

გელბახიანების ოჯახის სამი თაობის ტრაგედია ერთი კაცის ახირებამ გამოიწვია. კაცისა, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა უფლებამოსილება, ემართა ადამიანების ბედ-იღბალი. გედის დაპატიმრების რეალური მიზეზი იყო ორი რამ: პირველი – იმ დროს ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდებით შერისხული და დაპატიმრებული პეტრე გელბახიანის შვილობა და მეორე –ეროვნული მოძრაობის აქტიური მოღვაწის, პეტრე უმცროსის მამობა.

გედის მამა, პროფესორი პეტრე გელბახიანი, იყო ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფარმაციის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. შეთითხნილი ბრალდებით მან თორმეტი წელი გაატარა პატიმრობაში და იქაც ლეგენდები დადიოდა მის ვაჟკაცობასა და კაცთმოყვარეობაზე. პირადი მაგალითით ამხნევებდა მსჯავრდადებულებს. რამდენჯერმე შესთავაზეს, დაეწერა თხოვნა შეწყალებაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

გედის შვილი, გულანთებული პატრიოტი, გვერდით ედგა ზვიად გამსახურდიას. იყო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობდა თერაპიის კათედრაზე. როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და იმჟამად შერისხული პეტრე გელბახიანის შვილიშვილი, თითქმის წელიწადი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში.

გედიმ პატიმრობაში შვიდი მძიმე წელი გაატარა. გადაიტანა არაადამიანური მოპყრობა, წამება, მაგრამ შეინარჩუნა მხნეობა, კეთილშობილება, მოყვასის სიყვარული. დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა როგორც პატიმრებს, ისე კოლონიის თანამშრომლებს შორის. მე ხშირად ვნახულობდი და ყოველთვის მთხოვდა, სამედიცინო დახმარება გამეწია პატიმრისა თუ კოლონიის თანამშრომლის ახლობლებისთვის.

მახსოვს, ერთხელ, ღამით, ნუციკომ დამირეკა, გედი დაუჭრიათო. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის არ იყო. წავედით ავჭალის კოლონიაში. მორიგე ოფიცერი აღმოჩნდა ჩემი პაციენტის შვილი. დაგვამშვიდა, ათი წუთის წინ ველაპარაკეო და წავიდა გედის მოსაყვანად. იქვე გაჩნდა რამდენიმე პატიმარი. როცა გაიგეს ჩვენი ასეთი გვიანი ვიზიტის მიზეზი, ერთხმად შესძახეს – აქ ბატონ გედის ვინ გაუბედავს რამეს, ის ჩვენი იმედი და პატრონიაო.

განთავისუფლების შემდეგ გედი გელბახიანი კვლავ აირჩიეს შინაგან სნეულებათა კათედრის გამგედ. ისევ ის ოპტიმისტი, ჩვეული ენერგიით შეუდგა პედაგოგიურ, სამკურნალო და სამეცნიერო მუშაობას. ჰქონდა ბევრი საინტერესო გეგმა, მაგრამ გელბახიანების ოჯახში დატრიალებულ სასტიკ ქარბორბალას უკვალოდ არ ჩაუვლია: ჯერ ახალგაზრდა პეტრეს, მერე კი გედისაც უმტყუნა გულმა, მაშინ როდესაც ორივე შემართული იყო ბევრი სასიკეთო საქმის საკეთებლად... გელბახიანების სამი თაობის ამ ბრწყინვალე წარმომადგენლების ხსოვნას სათუთად შეინახავს ქართული საზოგადოება.

ბატონ გედის იგონებს მეგობარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის კათედრის პროფესორი მარინა ტუღუში:

– ძალიან მიჭირს ბატონ გედიზე წარსულში საუბარი. ის მარტო ჩემი კათედრის გამგე კი არა, ჩემი უფროსი მეგობარიც იყო. მადლიერი ვარ განგების, რომ ასეთი ექიმი, მასწავლებელი, პედაგოგი და ადამიანი შემახვედრა ცხოვრების გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაიტანა დაუმსახურებლად, ბატონი გედი დარჩა კეთილშობილ, მგრძნობიარე, იუმორით აღსავსე პიროვნებად. სამსახურში ძალიან მომთხოვნი იყო. იმავდროულად, თითოეული თანამშრომლის ცხოვრებასა და პრობლემებს იცნობდა. შეეძლო, პატარა ბიჭივით დაუზარლად შემოერბინა მთელი თბილისი სხვისი თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის მოსაგვარებლად.

პაციენტისგან არასოდეს აუღია ჰონორარი, პირიქით, მუდამ მზად იყო, ხელმოკლე პაციენტის დასახმარებლად კოლეგებიც შეეწუხებინა. გარდა იმისა, რომ იყო კარგი პედაგოგი და კლინიცისტი, მეცნიერი და ნოვატორიც გახლდათ. გამუდმებით ცდილობდა კათედრაზე თანამედროვე მეცნიერების მიღწევების დანერგვას, რისი დასტურიც იყო კათედრის თანამედროვე კლინიკურ-ბიოქიმიური ლაბორატორია. იგი თავად გახლდათ ავტორი ახალი მეთოდებისა, რომლებსაც წარმატებით ვიყენებდით დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ჭეშმარიტი ინტელიგენტი, იშვიათი პიროვნული ხიბლით, მოკრძალებული, სადა, უაღრესად განათლებული, მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილი – სწორედ ასეთი დაამახსოვრდა ბატონი გედი ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.

გედი გელბახიანის უახლოესი მეგობარი, ღვაწლმოსილი თერაპევტი ზურაბ ზედანია გვიამბობს:

– ბატონი გედი ოცნებობდა, ეცხოვრა თავისუფალ საქართველოში. ამ იდეას შეეწირა მამა-შვილი. გაუსაძლისი ტანჯვა-წამება გადაიტანა ციხის ჯურღმულებში, მაგრამ არ დაცემულა, კაცად დარჩა. იყო უზომოდ თბილი, ზრდილი, უპრეტენზიო, პროფესიონალი, ობიექტური, მაგრამ პრინციპების ერთგული. მის პიროვნებას ჩინებულად აღწერს იოსებ ნონეშვილის სტრიქონები: “ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი”.

 თამარ არქანია

გააზიარე: