კაცი, რომელმაც ლამაზად იცხოვრა

გააზიარე:


ვფიქრობ, ასეთი სათაური ყველაზე მეტად შეეფერება ადამიანს, რომლის შესახებაც ამჯერად გვინდა მოგითხროთ. ზაალ (ზაზა) კახიანმა, გარდა იმისა, რომ ცნობილი ქირურგი და მეცნიერი იყო და მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც ეკავა, მოახერხა, საინტერესო, სავსე ცხოვრებით ეცხოვრა. მისი ყოველი დღე დღესასწაული გახლდათ, იგი თავისი არსებობით ირგვლივ მყოფებს აბედნიერებდა.
ზაალ კახიანის ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზა არასტანდარტული, მრავალმხრივ საინტერესო და შემოქმედებითად მდიდარი იყო. დაიბადა 1927 წლის 5 ივლისს, საქართველოში მეცნიერული და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თვალსაჩინო კლინიცისტისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ კახიანის ოჯახში. დედაც, ტერეზა მაჭავარიანი-კახიანი, გამოჩენილი მეან-გინეკოლოგი იყო.
სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, 1951 წელს, ზაალ კახიანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ასპირანტურაში ჩაირიცხა, ხოლო 1954 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. იმავე წელს მიიწვიეს ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო ამ ინსტიტუტის ქირურგიის ფაკულტეტის დეკანი. 1962 წელს ზაალ კახიანი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
დატვირთული სახელმწიფო-საორგანიზაციო საქმიანობის მიუხედავად, ზაალ კახიანს არ შეუწყვეტია სამეციერო, კვლევითი, პედაგოგიური და პრაქტიკული მოღვაწეობა. მისი სადოქტორო დისერტაცია თანამედროვე ქირურგიის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს – პორტულ ჰიპერტენზიას ეხებოდა. 1967 წელს ზაალ კახიანს ერთხმად მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – პროფესორის წოდება.
საყვარელი პედაგოგისა და უფროსი მეგობრის დავით შოთაძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ იგი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგედ დანიშნეს. ზაალ კახიანი სათავეში ჩაუდგა და გააგრძელა ის სახელოვანი გზა, რომელსაც გასული საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაუყარა მისმა მამამ, პროფესორმა ნიკოლოზ კახიანმა.
თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში ბატონმა ზაალმა მრავალ სიახლეს დაუდო სათავე. თანამედროვეობისადმი ნოვატორული მიდგომით მან მაღალი დონის მკვლევარის სახელი დაიმკვიდრა როგორც ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში, ისე კლინიკურ და ექსპერიმენტულ ქირურგიაშიც. იგი უამრავი გამოგონების, ნოვატორული მიდგომისა და სახელმძღვანელოს ავტორია.
ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი პროფესიული დახელოვნებისთვის ზრუნვა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ბატონ ზაალს. მან რვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თორმეტი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მოამზადა ოფიციალურად, არაოფიციალურად კი გაცილებით მეტი აზიარა სამედიცინო მეცნიერებას. სამასზე მეტი სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომი, ოცდათექვსმეტი მონოგრაფია, რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო, ხუთი გამოგონება და ოთხი რაციონალიზატორული წინადადება დაუტოვა მან შთამომავლობას. თითოეული ნაშრომი, შესრულებული მაღალ პროფესიულ დონეზე, რეალურად ასახავს სამედიცინო აზროვნების თანამედროვე დონეს და მეცნიერული ძიებისადმი ჭეშმარიტად ობიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
სახელოვან მამაზე სასაუბროდ ზაზა კახიანის ქალიშვილს, ქალბატონ ჯანა კახიანს ვესტუმრე. სახლში შესულს ულამაზესი ნახატები მომხვდა თვალში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევიტყვე, რომ მათი უმრავლესობა თავად ზაზა კახიანის ყალამს ეკუთვნოდა. ქალბატონმა ჯანამ გვითხრა, რომ ხატვა ერთ-ერთი იყო მამის უამრავი გატაცებიდან, თუმცა ძნელია, ამ ნამუშევრებს მხოლოდ ჰობი უწოდო. ზაზა კახიანის უსაზღვრო ნიჭიერებაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება.
– მამა უსაზღვროდ განათლებული იყო, ნამდვილი ცოცხალი ენციკლოპედია. არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე, სულ ექვსი თვე იარა მუსიკაზე, ნოტები არ იცოდა და ამის თაობაზე ხშირად ხუმრობდა. მიუხედავად ამისა, სრულყოფილი სმენის წყალობით ნებისმიერ ნაწარმოებს დაუკრავდა. ტექნიკაც საოცარი ჰქონდა. ლამის პროფესიულ დონეზე მღეროდა, ცნობილი ოპერებიდან არიებსაც კი ასრულებდა. ხატავდა არა მხოლოდ ფერწერულ ნამუშევრებს, არამედ კარიკატურებსაც. ბევრი ცნობილი ადამიანისა და მეგობრის კარიკატურა შექმნა. ასევე ძალიან კარგად ხატავდა მისი ძმა, ბიძაჩემი საული. არაერთგზის გამართულა ძმების საერთო გამოფენა. ბავშვობაში მამას თურმე მხატვრობა სურდა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა დედას, რომელსაც ძალიან ნდომებია, ზაზას მამის გზა გაეგრძელებინა. მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება ხატავდა, ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ბაბუა, ნიკოლოზ კახიანი, ძალიან ახალგაზრდა, 44 წლისა გარდაიცვალა. მამა მაშინ 6 თვის ყოფილა. მაინც ბევრის გაკეთება მოასწრო. ზაზა ყოველთვის ამაყობდა მამამისის მიერ შესრულებული უნიკალური ოპერაციებით. ამბობდა, შესაძლოა, მე მასზე მეტი ოპერაცია გამიკეთებია, მაგრამ ამხელა გამოცდილების პატრონსაც კი მიჭირს იმ სირთულის ოპერაციების ჩატარება, როგორსაც მამაჩემი აკეთებდაო. ბიძაჩემი საულიც ექიმი იყო. გარდა ამისა, ბიოლოგებს ანატომიის ლექციას უკითხავდა. მახსოვს მისი არაჩვეულებრივი ლექციები. მთელი სტუდენტობა შეყვარებული იყო მასზე. სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც კი მოდიოდნენ მის მოსასმენად. ზაზას და საულს არაერთი ერთობლივი მონოგრაფია აქვთ დაწერილი, რაშიც შემდეგ სახელმწიფო პრემიაც მიიღეს.

დიდი სიყვარულით იხსენებს ზაზა კახიანს ოჯახის მეგობარი, პროფესორ პეტრე შოთაძის მეუღლე, ქალბატონი მარინე ოჩიგავა:
– მასთან ურთიერთობა ნამდვილი დღესასწაული იყო. არაჩვეულებრივი იუმორის პატრონს, სხვისი კარგი უხაროდა, სხვის ნიჭსა და შრომას აფასებდა. ლეგენდები დადიოდა მის თამადობაზე – ლამის ხელოვნების რანგში ჰქონდა აყვანილი. შეეძლო, სრულიად უბრალო ადამიანშიც კი ისეთი პიროვნული ღირსება დაენახა, რომელსაც სხვები, ზოგჯერ თავად ის ადამიანიც ვერ ამჩნევდა.

ქალბატონი ჯანა ამბობს, რომ ზაზა კახიანს საკუთარი ფილოსოფიაც კი ჰქონდა – ამბობდა, რომც ვცდებოდე, ამის შემდეგ იმ ადამიანს სურვილი გაუჩნდება, მართლაც გახდეს ისეთი, როგორადაც მე ვხედავო.
ქალბატონი ჯანა იხსენებს, რომ მამამისს ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, ზეპირად იცოდა ქართული და რუსული პოეზია, ფრანგულადაც ლაპარაკობდა:
– ერთხელ ნორვეგიაში რაღაც საინტერესო წიგნი წავიკითხე, ძალიან მომეწონა და მამას მოვუყევი. ორი წლის შემდეგ მამამ რაღაცასთან დაკავშირებით ეს წიგნი გაიხსენა და მთელ შინაარსს დაწვრილებით მომიყვა. მე უკვე აღარც წიგნი მახსოვდა, აღარც სათაური და აღარც ავტორი...
ერთხელ მამას ერთი სახალისო ამბავი გადახდა თავს. პარიზში მიფრინავდა. გზაში ცნობილი მსახიობი ინოკენტი სმოკტუნოვსკი გააცნეს. ის, როგორც ყველა დიდი ხელოვანი, ეტყობა, ცოტა უხასიათო იყო, უთქვამს, საიდან ეცოდინება ქართველს, ვინ არის ინოკენტი სმოკტუნოვსკი, მათ ხომ ღვინისა და სუფრის გარდა არაფერი იციანო. აფრენის შემდეგ ზაზა თურმე გვერდით მიუჯდა და, სალიერით დაწყებული, ჰამლეტით დამთავრებული, ყველა როლი გაურჩია. პარიზში ჩაფრენილ სმოკტუნოვსკის ბოდიში მოუხდია უპატივცემულობისთვის და უთხოვია, მისი უტიფრობა მთელ რუს ხალხზე არ გაევრცელებინა.
მამა სულით ესთეტი იყო, ყოველთვის ლამაზად, ელეგანტურად ჩაცმული დადიოდა, არასოდეს ეშლებოდა ქალთან მოქცევა. ძალიან უყვარდა სახლი და სტუმრების სახლში მიღება – მიაჩნდა, რომ ამით პატივისცემას გამოხატავდა სტუმრის მიმართ. მთელ ქალაქში იყო ცნობილი ჩვენს სახლში გამართული დღესასწაულები და წვეულებები. ზაზა უკრავდა და მთელი ოჯახი მასთან ერთად მღეროდა. მე, სამწუხაროდ, სიმღერა არ გამომდიოდა, ცეკვას უკეთ ვახერხებდი, ამიტომ უნდა მეცეკვა. ასეთი დაუვიწყარი ბავშვობა მქონდა. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ მამას მეგობრები, ძალიან საინტერესო ადამიანები – მწერლები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, ექიმები. ზაზა მეგობრობდა ელენე ახვლედენიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან, გივი ცერაძესთან, ჯანსუღ კახიძესთან, ლიანა ასათიანთან, მორის ფოცხიშვილთან, ანა კალანდაძესთან, ნანი ბრეგვაძესთან, თემურ (თემიკო) ჩირგაძესთან, გივი ბაქრაძესთან, ამირან ჩაჩავასა და უამრავ სხვასთან...
ძალიან უყვარდა თავისი სოფელი როკითი, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. ჯერ კიდევ ბაბუაჩემს ჰქონია ასეთი ტრადიაცია – ყოველ ზაფხულს ესტუმრებოდა ხოლმე როკითს მოწაფეებთან ერთად და ოპერაციებს აკეთებდა. ბაბუა რომ გარდაიცვალა, გლეხებმა ფული შეაგროვეს და როკითის შესასვლელთან ბაბუას ბიუსტი დადგეს. პატარაობიდან მახსოვს, რომ ყველა ჩვენს თანასოფლელს შინ ბაბუაჩემის პორტრეტი ეკიდა. მამას უნდოდა ამ ტრადიციის გაგრძელება და ზაფხულობით სოფელში ისიც იღებდა პაციენტებს. მერეც, როცა სამინისტროში მუშაობდა, ყველაფერს აკეთებდა თანასოფლელების დასახმარებლად.
მისი მოღვაწობის დიდი ნაწილი პედაგოგიურ საქმიანობასა და ახალგაზრდა კოლეგებთან მუშაობას ეთმობოდა. მისი ორატორული ნიჭის პატრონს, არ უჭირდა მსმენელების დაინტერსება, მთელი აუდიტორია სულგანაბული უსმენდა. პაციენტებსაც დიდხანს ესაუბრებოდა. მე ამის გამო ვსაყვედურობდი, ის კი მპასუხობდა, წამალმა თუ არ უშველა, ჩემი სიტყვა ცოტას მაინც გამოაკეთებსო. ხშირად იმეორებდა ვლადიმერ ბეხტერევის სიტყვებს: “თუ ავადმყოფმა ექიმთან საუბრის შემდეგ თავი უკეთ არ იგრძნო, ის ექიმი არ ყოფილაო”.
ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მახსოვს, თავად უკვე ასაკში იყო, მეგობრები რომ მესტუმრებოდნენ, ზაზაც მოგვიჯდებოდა, ათას საინტერესო თემაზე გვესაუბრებოდა. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვიყავი, ღამის სამ საათზე დავრეკე შინ, მეგობრები სახლში მომყავს-მეთქი. ჩემი თანამშრომლები დღესაც იხსენებენ – კარი რომ გაიღო, დედა და მამა ჩაცმულ-დახურულები დაგვხვდნენ, ზაზა როიალთან იჯდა, რათა ახალგაზრდები გაერთო... 15-16 წლისას მამა და მისი მეგობრები ისე მელაპარაკებოდნენ, როგორც ზრდასრულს, აზრი აუცილებლად უნდა გამომეთქვა, შემდეგ ვკამათობდით კიდეც. ახალგაზრდობისას ცოტას ვბრაზობდი, ზაზა კახიანის შვილად რომ მომიხსენიებდნენ – მე ჯანა კახიანი ვარ-მეთქი, დღეს კი საოცრად მეამაყება მისი შვილობა.

ზაზა კახიანის ახლო მეგობარი გახლდათ პროფესორი გურამ ტატიშვილი, რომელსაც ბევრი დაუვიწყარი მოგონება აკავშირებს მასთან:
– ზაზა კახიანი გავიცანი და დავუახლოვდი მისთვის ყველაზე ტრაგიკულ დღეებში, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა, პროფესორმა მიხეილ ჩაჩავამ, მის დედას, ულამაზეს ქალბატონ ტეკას, უმძიმესი ოპერაცია გაუკეთა. ის უკურნებელი სენით იყო ავად და კლინიკიდან ბინაზე საკაცით გადავიყვანეთ ზაზამ, მისმა ძმამ საულმა და მე. ეს იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში. ზაზა ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა ამ ამბავს.
ჩემი თაობის წარმატებული ქირურგებიდან ზაზა კახიანი გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ყოველთვის მაოცებდა, და არამარტო მე, მისი მრავალმხრივი ნიჭიერება და ერუდიცია. მას ჰქონდა განსაკუთრებული ხიბლი და ირგვლივ მყოფთა მოჯადოების უნარი. გარდა იმისა, რომ იყო ბრწყინვალე მედიკოსი, ის შესანიშნავად ხატავდა, ჰქონდა აბსოლუტური მუსიკალური სმენა და კარგადაც მღეროდა.
ზაზამ გაიარა ქირურგის, პედაგოგისა და მეცნიერის კარიერის ყველა საფეხური – რიგითი ექიმობიდან ქირურგიული კათედრის გამგეობამდე, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორობამდე. ის იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილედ. მიუხედავად ასეთი დიდი საზოგადოებრივი დატვირთვისა, უპირველესად მუდამ ქირურგიული საქმიანობა მიაჩნდა.
ზაზამ ღირსეულად გააგრძელა სახელოვანი მამის, გამოჩენილი ქართველი ქირურგის, პროფესორ ნიკოლოზ კახიანის დიდებული ტრადიციები როგორც ქირურგიასა და მეცნიერებაში, ისე საზოგადოებრივ, მეგობრულ თუ ოჯახურ ურთიერთობებში.
მე და ალბათ ბევრი სხვაც ვცდილობდით უცხოელი განსაკუთრებით საპატიო სტუმრები მიგვეყვანა მის ოჯახში, კოტე მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც ზაზას უმშვენიერესი მეუღლე ქალბატონი ნაირა და ქალიშვილები ქმნიდნენ დაუვიწყარ აურას, ქართული კულტურის ზეიმით სავსეს. მინდოდა, ყველასთვის გამეცნო ჩემი მეგობრის, ქართველი მედიკოსის, ნიჭიერების, უფრო სწორად, მრავალმხრივი ტალანტის გაბრწყინება. მისი ბინის კედლები დაფარული იყო ზაზას მიერ შესრულებული ბრწყინვალე ნამუშევრებით, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავდა მნახველები.
ერთხელ ზაზამ შეამჩნია, რომ ერთ ნახატთან შევჩერდი და დიდხანს ვათვალიერებდი. ჩამოხსნა, უკანა მხარეს წარწერა გაუკეთა და მითხრა: “ეს შენს ოჯახში უნდა ინახებოდესო”. საკმაოდ მოზრდილ ფურცელზე გამოსახული იყო ჩემი ბიძის, აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის, მეგობრული შარჟი, შესრულებული ზაზა კახიანის ნიჭიერი წარმოსახვით. ეს საჩუქარი ჩვენი, ტატიშვილების, უძვირფასესი რელიკვიაა.
ჩვენ ხშირად გვიხდებოდა ერთად ყოფნა საერთაშორისო, საკავშირო თუ რესპუბლიკურ სამეცნიერო ყრილობებსა და კონფერენციებზე. ყოველთვის მეამაყებოდა ზაზას უაღრესად საქმიანი და მჭევრმეტყველური გამოსვლები.
1986 წლის სექტემბერში ტაშკენტში ქირურგების საკავშირო ყრილობა გაიმართა. პროგრამა და მასპინძლობა იყო ძლიერ დატვირთული. 18 სექტემბრის საღამოს, მეგობრული შეხვედრის შემდეგ, დავბრუნდი სასტუმროში, სადაც დამხვდა ქართველ დელეგატთა ჯგუფი ზაზა კახიანის მეთაურობით. მომილოცეს დაბადების დღე და რესტორანში მიმიწვიეს. ჩემმა ზაზამ კი წამომასხა თბილი უზბეკური ხალათი და ასე მომილოცა ეს დღე, რომელიც მე არც კი მახსოვდა. ამ ხალათს თვალისჩინივით ვუფრთხილდები, ზამთრობით ვგრძნობ, რომ მათბობს ზაზას დიდი მეგობრული გრძნობა.
ზაზა კახიანი – ექიმი, კლინიცისტი, ქირურგი, პედაგოგი, პროფესორი, რექტორი, პრეზიდენტი – იმავდროულად იყო საზოგადოების სული და გული, ქართული სუფრის მშვენება და ბრწყინვალე თამადა.
ჩემთვის ერთ-ერთ უბედნიერეს დღეს, ჩემი უფროსი ვაჟის ქორწილში, თამადობა ზაზას ვთხოვე. მან ქორწილი ქართული კულტურისა და ნიჭიერების ზეიმად აქცია. ვიღაც ჩემს “კეთილისმსურველს” დაუწერია უსახელო წერილი, სადაც ეწერა, რომ მარტში პროფესორმა გურამ ტატიშვილმა ფუნიკულიორზე გადაიხადა შვილის ხალხმრავალი, ექვსასკაციანი ქორწილი, სადაც პროფესორი ზაზა კახიანი თამადობდა და იმ დღეს მშრომელებს საშუალება არ მიეცათ, რესტორანში ევახშმათ. სწორედ იმხანად მიმდინარეობდა კამპანია ხალხმრავალი წვეულებების წინააღმდეგ. ცეკას პირველ მდივანთან, თათბირზე, ეს წერილი გადაუწოდებიათ ედუარდ შევარდნაძისთვის. ბატონ ედუარდს წაუკითხავს და ღიმილით უთქვამს: რა სისულელეებს წერენ, ექვსასი კაცი ფუნიკულიორის დარბაზში ვერასოდეს დაეტევა; გურამ ტატიშვილის შვილის ქორწილში ზაზა კახიანი იქნებოდა თამადა, აბა, ვინ უნდა ყოფილიყო, და როდის იყო, რომ მარტში მშრომელები ფუნიკულიორზე დადიოდნენ საჭმელადო.
როდესაც ამის შესახებ ზაზას ვუამბე, მან გაიცინა და მითხრა: “ნეტავი დამენახა მაგ უსახელო წერილის დამწერის ბოღმით გასივებული სახე, როდესაც გაიგებდა, რომ სწორედ იმ პერიოდში მე ინსტიტუტის რექტორად დავინიშნე, შენ კი – რესპუბლიკის მთავარ ქირურგადო”.
ზაზა უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო ჩვენში, არამედ საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებშიც. მის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც შემხვედრიან უცხოელი მეცნიერები, რომლებიც ჩემი ქართული წარმომავლობის გაგების შემდეგ თბილად და დიდი პატივისცემით იხსენებდნენ ზაზა კახიანს.
ასეთი მრავალმხრივ ნიჭიერი, კეთილშობილი ადამიანები იშვიათად იბადებიან და ღრმა კვალს ტოვებენ თავიანთი ქვეყნის ისტორიაში.

 თამარ არქანია

გააზიარე: