ქართული გინეკოლოგიური სკოლის ფუძემდებელი

გააზიარე:

იმის თქმა, რომ ლევან ჩარკვიანი სახელგანთქმული ექიმი იყო, ნიშნავს არაფერი ითქვას მის შესახებ. ბატონი ლევანი გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, საქართველოში პრაქტიკული გინეკოლოგიური სკოლისა და ქალის სასქესო ორგანოთა კიბოს ეპიდემიოლოგიის შესწავლის ფუძემდებელი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ბიოგრაფია შეტანილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის საერთაშორისო ბიოგრაფიულ ცნობარებში “მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები”.

ლევან ჩარკვიანზე სასაუბროდ მის შვილს, თენგიზ ჩარკვიანს ვესტუმრეთ. არ გაგვკვირვებია, რომ ჩვენი მასპინძელი ასეთი სიამაყით გვიამბობდა მამაზე, თუმცა მოსმენილმა ისტორიებმა მოლოდინს გადააჭარბა.

ბატონი თენგიზი გვიამბობს, რომ ლევან ჩარკვიანი სამართლიანად ითვლება გინეკოლოგიური სფეროს ავთვისებიანი სიმსივნეების ეპიდემიოლოგიური კვლევის პიონერად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მისი ხელმძღვანელობით მოხდა, რომ ამ ქვეყნებში მეცნიერულად არის დამუშავებული საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული ფორმების მკურნალობის მეთოდები. მის სახელს უკავშირდება გინეკოლოგიური სფეროს კიბოს პროფილაქტიკის ახალი, ოპტიმალური გზების ძიება, შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.

ლევან ჩარკვიანი არ ყოფილა მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმი და მეცნიერი – მას თურმე საოცრად კარგად გამოსდიოდა პუბლიცისტობაც. ის გახლდათ საქართველოსა თუ უცხოეთში გამოცემული სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი, ევროპის გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოებისა და უცხოეთის რამდენიმე სახელმწიფოს ონკოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოების დამაარსებელი, ევროპის გინეკოლოგ-ონკოლოგთა კონფედერაციის წევრი.

ლევან ჩარკვიანი 1913 წლის 24 იანვარს ქუთაისში, გაბაშვილის გორაზე დაიბადა. მამა, იოსებ ჩარკვიანი, გამოჩენილი ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო. მან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაამთავრა და პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ფრონტზე, რუსეთის არმიაში მსახურობდა პოლკის უფროს ექიმად. საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებისთანავე იგი მეორე ქართულ არმიაში იწყებს სამსახურს, მერე კი მშობლიურ ლეჩხუმში მოღვაწეობს და სოფელ დერჩში საექიმო უბანს აყალიბებს.

დედა, ნუგეშა გაბუნია, სათნო და განათლებული ქალბატონი, გამოირჩეოდა ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების განსაკუთრებული სიყვარულითა და ქველმოქმედებით. ლევან ჩარკვიანი ხშირად იგონებდა დედის საოცარ მზრუნველობას – შვილებს ცივ ნიავს არ გვაკარებდაო.

1940 წელს ლევან ჩარკვიანი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მერვე საშუალო სკოლას ამთავრებს და, როგორც ფრიადოსანს, უგამოცდოდ იღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რამდენიმე წელიწადში კი დიპლომირებული მკურნალი ექიმი ხდება. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა დიდ სამამულო ომში გაიწვიეს, მცირე ნაწილი კი მაღალმთან რაიონებში მიავლინეს სამუშაოდ. ასე გახდა 21 წლის ექიმი აჭარის მაღალმთიანი სოფლის, რიყეთის, საექიმო უბნის გამგე. “მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. საექიმო უბანი დიდი ხანია უექიმოდ იყო და არავითარი აღრიცხვა არ წარმოებდა. სამედიცინო დახმარებაზე ზედმეტი იყო საუბარი. პრატიკული გამოცდილება არ მქონდა. ბათუმში მამაჩემის მეგობრისგან მივიღე დარიგებები, საჭიროებისას როგორ მემოქმედა. ერთ თოვლიან დღეს მეზობელ სოფელში გამომიძახეს ხანში შესულ ავადმყოფთან. მოვუსმინე ფილტვებს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, კრუპოზული პნევმონიის დიაგნოზი რომ დავადგინე და ავადმყოფი განვკურნე”, – იგონებდა ის.

ლევან ჩარკვიანის ორგანიზატორული ნიჭი და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1945 წელს ის ბათუმის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, სადაც 1947 წლის ბოლომდე იმუშავა. აქვე მან საფუძველი ჩაუყარა ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს საწინააღმდეგო გინეკოლოგიურ პროფილაქტიკურ გასინჯვებს.

1948 წელს ლევან ჩარკვიანი დაქორწინდა. ცოლად მეან-გინეკოლოგი მემნუნე უსტიაშვილი შეირთო. მემნუნეც საქართველოს დამსახურებული ექიმი და გამოცდილი ქირურგ-გინეკოლოგი იყო. იგი თბილისში გადმოსვლამდე გინეკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. მემნუნესა და ლევანს ქალ-ვაჟი, თენგიზი და ნინო შეეძინათ. თენგიზი იხსენებს, რომ დედა საოცრად მზრუნველი, ალერსიანი ქალი იყო.

1949 წლიდან ლევან ჩარკვიანი კვლავ ადმინისტრაციულ სამუშაოზეა. მას ნიშნავენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად. ის, ფაქტობრივად, ქალაქის სამკურნალო დაწესებულებების ორ მესამედს განაგებს. აქ მკაფიოდ გამოვლინდა მისი ორგანიზატორული ნიჭი. ფართოდ გაიშალა სამეცნიერო მუშაობაც. მისი ძალისხმევით მოხერხდა არსებული შენობის რეკონსტრუქცია. ამავე დროს, ლევან ჩარკვიანი არც კლინიკას ივიწყებს. ის შეთავსებით ინიშნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ.

მალე ლევანი, ნაწილობრივ – მამის გავლენითაც, მეანობა-გინეკოლოგიას უბრუნდება. იგი ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად გადაჰყავთ. სამშობიარო სახლი ოცდაათიანი წლების შუა ხანებში ქალაქის გარეუბანში აშენდა. ოცი წლის შემდეგ დაწესებულება ტუბერკულოზით დაავადებულებს დაუთმეს და სამშობიარო სახლი ქალაქის ცენტრში, ფიზიოთერაპიის საავადმყოფოს ყოველი შენობაში გადაიტანეს. ლევან ჩარკვიანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ახალი შენობა სამშობიარო სახლს მორგებოდა. ცოლისძმის, გამოჩენილი მშენებლის მირიან უსტიაშვილის დახმარებით მან შენობას ახალი, სამსართულიანი კორპუსი მიაშენა და პრაქტიკულ და სამეცნიერო მუშაობას შეუდგა.

სამეცნიერო ნაშრომების დაბეჭდვა და გამოქვეყნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. “ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, – იგონებდა ლევან ჩარკვიანი, – როდესაც აჭარის სახელმწიფო გამომცემლობამ დამიკვეთა და გამოსცა 23-გვერდიანი პოპულარული ბროშურა “ორსულობის ჰიგიენა”. ხშირად შევივლიდი ხოლმე სახელგამის მაღაზიაში. გამგე, თეთრწვერა მოხუცი, შემომეგებებოდა და მეტყოდა: გრიალით იყიდებაო ბროშურა”. ეს იყო ლევან ჩარკვიანის პირველი დაბეჭდილი ნაშრომი.

ლევან ჩარკვიანი კლინიცისტად და ქირურგად ბათუმის სამშობიარო სახლში, მამასა და მეორე დიდებულ ექიმთან, გიორგი ხეჩინაშვილთან ჩამოყალიბდა. მას არც ასპირანტურაში უსწავლია მედიცინის კორიფეებთან და არც რომელიმე კლინიკურ ცენტრში, რითაც ხშირად იქებენ თავს. იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალებაო და ასეცაა – უბადლო ნიჭს, მიზანსწრაფვას და ენთუზიაზმს წინ ვერაფერი დაუდგება.

1964 წელს ლევან ჩარკვიანს კონკურსით ირჩევენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად და იგი თბილისში გადადის. იმ დროს კლინიკაში მხოლოდ ერთი მეცნიერი თანამშრომელი და რამდენიმე ორდინატორი იყო. მკურნალობა ძირითადად სხივური თერაპიის მეთოდებით ტარდებოდა. მასშტაბური ოპერაციები იშვიათობა იყო. ლევან ჩარკვიანმა ირგვლივ ნიჭიერი ახალგაზრდობა შემოიკრიბა და რამდენიმე წელიწადში გინეკოლოგიურ კლინიკას დიდი ავტორიტეტი შეუქმნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთაც. გაფართოვდა სამეცნიერო და პრაქტიკული კონტაქტები. კლინიკა ერთ-ერთ მოწინავე და საჩვენებელ დაწესებულებად იქცა.

დედაქალაქში გადმოსვლისთანავე გამოიკვეთა ლევან ჩარკვიანის როგორც ოსტატი ქირურგ-გინეკოლოგის სახე. რაფინირებული ქირურგიული ტექნიკა და დიდი ერუდიცია საშუალებას აძლევდა, მაღალ დონეზე შეესრულებინა ურთულესი გინეკოლოგიური და უროლოგიური (შარდის ბუშტ-საშოს ხვრელ-მილები) ოპერაციები როგორც აბდომინური, ისე ვაგინალური მიდგომით. ყოველივე ამან ლევან ჩარკვიანს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებაში. იგი სამართლიანად აღიარეს პირველ ქირურგ-გინეკოლოგად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ბატონი ლევანის ქირურგიული ხელოვნებით აღფრთოვანებულმა გამოჩენილმა ქართველმა ქირურგმა ირაკლი მგალობლიშვილმა მას ოქროს ლანცეტი უძღვნა. იგი არა მხოლოდ შესანიშნავი ქირურგი, არამედ დიაგნოსტი და კლინიცისტიც იყო და გამუდმებით ილაშქრებდა იმ ქირურგების წინააღმდეგ, რომლებიც დაუსაბუთებლად მიმართავდნენ ქირურგიულ ჩარევას.

დიდი სიყვარულითა და სითბოთი იგონებს ლევან ჩარკვიანს ცნობილი ქართველი ქირურგი, პროფესორი გურამ ტატიშვილი: “ბატონ ლევან ჩარკვიანს როგორც გამოჩენილ ექიმს და ჯანდაცვის წარმატებულ ორგანიზატორს ვიცნობდი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს, გასული საუკუნის 50-იან წლებში. ის მაშინ მოღვაწეობდა ბათუმში და დიდი ღვაწლი დასდო ბათუმისა და მთლიანად აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. განუზომელია მისი დამსახურება სამეანო-გინეკოლოგიური დარგის აღორძინებაში. აქ მან ღირსეულად გააგრძელა და ახალ სიმაღლეზე აიყვანა მამის, იოსებ ჩარკვიანის, და აჭარაში სახელგანთქმული მეან-გინეკოლოგის გიორგი ხეჩინაშვილის საქმე.

ლევან ჩარკვიანის როგორც კლინიცისტისა და ორგანიზატორის ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოვლინდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ის, უკვე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აირჩიეს საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. აქ მან ფაქტობრივად დააფუძნა მედიცინის ახალი დარგი ონკოგინეკოლოგია, მაღალ დონეზე აიყვანა ეს სპეციალობა და შექმნა მყარი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

ბატონი ლევანი მალე გახდა ახალგაზრდობის კერპი. ჩემთვის ის იყო მაგალითი დიდი სამეცნიერო-სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელისა. როდესაც წამოვიზარდე, გავხდი კლინიკის ხელმძღვანელი, ბატონ ლევანს საჭიროების დროს ვიწვევდით ონკოგინეკოლოგიური პაციენტების საოპერაციოდ. ხშირად ვეხმარებოდი ოპერაციებზე და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი უბადლო ქირურგიული ტექნიკით. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რომ ახალგაზრდა პროფესორს ბატონი ლევანი მეგობრად მიმიჩნევდა. შემდეგ ერთად მოგვიხდა მუშაობა ჯგუფში, რომელმაც დააარსა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და მეამაყება, რომ მან ამ აკადემიის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად დამასახელა.

ბატონ ლევანს ჰქონდა შესანიშნავი ოჯახი, გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. მიხარია, რომ მისი და მისი წინაპრების დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს მისი შვილი, პროფესორი თენგიზ ჩარკვიანი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წამყვან ონკოლოგ-გინეკოლოგად ითვლება. ასევე წარმატებულია ბატონი ლევანის ქალიშვილი ნინო ჩარკვიანი – სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის პროფესორი. კარგია, რომ ჩარკვიანების საუკუნოვანი ტრადიციები მედიცინაში ასე ლამაზად გრძელდება”.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: