რომან ლაბაძე კაცი, რომელმაც სიცოცხლე მედიცინას მიუძღვნა
გააზიარე:
არსებობს დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკა დღესაც, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, არ არის ადვილი. ასეთ შემთხვევებში ფასდაუდებელია გამოცდილი ექიმი, რომელსაც თითქოსდა ბანალური დაავადების ამოცნობა ატიპური სიმპტომების მიღმაც მარტივად შეუძლია. ასეთი გახლდათ ცნობილი კლინიცისტ-ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი რომან ლაბაძე, რომლის შესახებაც მისი მეგობრები და კოლეგები გვიამბობენ.
ხუტა პაჭკორია, გასტროენტეროლოგი:
– რომანი ჭიათურაში, მიხეილ ლაბაძის ოჯახში დაიბადა 1935 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიად ექიმობა აირჩია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა ქუთაისში დაიწყო. ხუთი წელი ქუთაისის ავტოქარხნის მედსანნაწილისა და მეოთხე საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი თერაპევტი იყო.
1966 წელს თბილისში გადავიდა, თსსუ-ს კლინიკურ ორდინატურაში სერგო კობალაძისა და გურამ გურგენიძის ხელმძღვანელობით შეუდგა ჰოსპიტალური თერაპიისა და ალერგოლოგიის კურსის გავლას. ორდინატურის დამთავრების შემდეგ რომანი აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალდაარსებული ალერგოლოგიური ლაბორატორიის გამგედ დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების ექიმი ორდინატორი გახდა. აქვე მუშაობდა გარდაცვალებამდე, 2009 წლამდე, და სახელი გაითქვა როგორც საუკეთესო კლინიცისტმა, თერაპევტმა და ალერგოლოგმა.
დიაგნოსტიკის დიდოსტატი
– რომან ლაბაძე არ ყოფილა მხოლოდ ალერგოლოგი – ის გახლდათ ფართო სპექტრის თერაპევტი, მოსაზღვრე დისციპლინების უებრო მცოდნე. მოგეხსენებათ, რა ძნელია ზოგჯერ გამონაყარის მიზეზის გამოცნობა – ის ვითარდება ინფექციის, ალერგიის, კანისა და სისხლის დაავადებების დროს და არამხოლოდ. ასეთი ამოცანების ამოხსნა – დახლართული, გაუგებარი შემთხვევების დიაგნოსტირება – რომანს განსაკუთრებით ეხერხებოდა. არაერთხელ დახმარებია კოლეგებს გორდიასის კვანძის გახსნაში... ალერგოლოგები, თერაპევტები, ინფექციონისტები, ჰემატოლოგები დიდად აფასებდნენ, კონსულტაციისთვის ხშირად იწვევდნენ. არამხოლოდ თბილისში – რაიონებშიც. ავადმყოფის საწოლთან სასწაულებს ახდენდა. ისეთ დიაგნოზს დასვამდა, ექიმებსაც და პაციენტებსაც აოგნებდა.
რომანი კარგად იცნობდა ისეთ დაავადებებსაც, რომლებიც სხვა ექიმებს უკვე დავიწყებული ჰქონდათ ან არც ენახათ. მაგალითად, მუნს, შავ ჭირს. საოცარი მეხსიერების პატრონი, დაავადებას ერთხელ მაინც თუ შეეჯახებოდა, აღარასოდეს დაავიწყდებოდა. მუნი, რომელიც ჩვენში თითქმის აღმოფხვრილი იყო, არასახარბიელო ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გამო ერთხანს კვლავ გაჩნდა სკოლებში, ბაღებში, დევნილთა დასახლებებში, ციხეებში. რამდენჯერ ავადმყოფი სხვა დიაგნოზით მიგვიყვანია. დახედავდა გამონაყარს, მიკროსკოპით დაათვალიერებდა, დიაგნოზს დასვამდა და ისეთ პაციენტს მოარჩენდა, რომელიც თვეობით, წლობით მცდარი დიაგნოზის გამო უშედეგოდ მკურნალობდა. ჰემორაგიების, წერტილოვანი სისხლჩაქცევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დიდი გამოცდილებაც ჰქონდა...
მეცნიერება და პუბლიცისტიკა
– 1983 წელს რომან ლაბაძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა პოლინოზის შესახებ, 2006 წელს კი მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. რომანი ბევრს შრომობდა. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი შინაგანი მედიცინისა და კლინიკური ალერგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, საინტერესო ნაშრომები ჰემორაგიებზე. იყო საქართველოს დამსახურებული ექიმი, საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და ალერგოლოგთა სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი. ხშირად აქვეყნებდა საინტერესო სტატიებს მედიცინის აქტუალურ საკითხებზე არა მარტო სამედიცინო ჟურნალებში, არამედ პოპულარულ პერიოდულ გამოცემებშიც: “თბილისში”, “სოფლის ცხოვრებაში”... იყო ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
ბევრი დაავადება საქართველოში პირველად რომანმა აღწერა. მათ შორის – რეიტერის დაავადება, აიერზა-არილაგას სინდრომი (შავი ციანოზი), ბუშკეს სინდრომი, ჰემორაგიული კაპილარიტები – იშვიათი ფორმის კაპილარული ტოქსიკოზები...
მიხეილ გამცემლიძესთან ერთად რომანმა წიგნი მიუძღვნა დიდ მკურნალს ალექსანდრე (საშა) კანდელაკს, რომელსაც თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. მუდამ დიდი მოწიწებით იხსენიებდა ცნობილ თერაპევტსა და დიდ კლინიცისტს ლევან ანჯაფარიძეს –ვერიკო ანჯაფარიძის ძმას. რომანს მიაჩნდა, რომ მისი სამედიცინო ცოდნა ამ ორი კორიფეს დამსახურება იყო.
ემპათიური ექიმი
– მე და რომანი ვმეგობრობდით. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. პროფესიონალიზმთან ერთად პიროვნული თვისებებითაც გამოირჩეოდა. იყო საოცრად მგრძნობიარე და ყურადღებიანი, სხვისი ჭირის გულთან მიმტანი. ადვილად ამყარებდა კონტაქტს ავადმყოფთან, ადვილად აღუძრავდა ნდობას. იყო კეთილშობილი, წრფელი, მოწესრიგებული. მოლხენაც იცოდა და გაჭირვებულის დახმარებაც. მორწმუნეც იყო და რწმენა მისთვის ლიტონი სიტყვა არ გახლდათ.
კითხულობდა ბევრს. ჰქონდა სამედიცინო და მხატვრული ლიტერატურის უმდიდრესი ბიბლიოთეკა. უყვარდა ციტირება და ეს ძალიან გონებამახვილურად გამოსდიოდა. სიამოვნება იყო მასთან საუბარი...
რომანი 2009 წელს, 74 წლისა გარდაიცვალა თირკმლის სიმსივნით, რომელიც დიდხანს ვერ ამოიცნეს. სხვადასხვა დიაგნოზით ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ვერ უშველეს.
ოჯახი არ დარჩენია. საკუთარი თავი მთლიანად მედიცინას მიუძღვნა. მისი სახით საქართველომ ნამდვილად დიდი კლინიცისტი დაკარგა.
მურმან კიკვიძე, ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი:
– რომან ლაბაძესთან ერთად 1978 წლიდან ვმუშაობდი. იყო შესანიშნავი ექიმი და ცოდნის დაუშრეტელი წყარო, თანაც არამხოლოდ სამედიცინო ცოდნისა. საოცრად მრავალმხრივი პიროვნება გახლდათ. კლასიკურ მედიცინასთან ერთად იცნობდა და იყენებდა ტრადიციულსაც. გატაცებული იყო ჰომეოპათიით, ნატუროპათიით, ფიტოთერაპიით.
გურამ გურგენიძის ხელმძღვანელობით და რომანის აქტიური მონაწილეობით განყოფილებაში შემუშავდა ალერგიული მცენარეების ყვავილობის კალენდარი, რომელსაც შეუძლია, უდიდესი დახმარება გაუწიოს პოლინოზის (მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიის) მქონე პაციენტებს.
განიწყვეტლივ სწავლობდა. ხშირად მონაწილეობდა სამეცნიერო სესიებში, განსაკუთრებით – პათანატომიურ კონფერენციებში, რომლებზეც განიხილებოდა განსხვავება დაავადებათა კლინიკურ და პათანატომიურ დიაგნოზებს შორის. ჩართული იყო მეთოდური განყოფილების მუშობაში – ეხმარებოდა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებს: მივლინებით ჩადიოდა, სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიდა, ხარვეზებს ასწორებდა, პაციენტების გასინჯვაში, რთული შემთხვევების განხილვაში მონაწილეობდა...
იყო საიმედო კოლეგა, ერთგული მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი. ყოველთვის გვერდით ედგა ახალგაზრდებს. ხშირად ჰქონდა საქმე კლინიკურ ორდინატორებთან და თავდაუზოგავად ეხმარებოდა. მათთან ერთად მორიგეობდა, პაციენტების მდგომარეობას განიხილავდა... მერეც ხშირად აკითხავდნენ ხოლმე რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევების დროს. პაციენტებსაც ძალიან უყვარდათ და დღემდე დიდი სითბოთი იხსენებენ.
როცა თავად შეეყარა უკურნებელი სენი, იცოდა, რაც ელოდა, მაგრამ არავის აწუხებდა...
მაია ტატიშვილი, ექიმი ალერგოლოგი
– სხვებზე უმცროსი ვიყავი და ბატონ რომანთან არც ისე დიდხანს მომიწია ურთიერთობა, მაგრამ ამ ხანმოკლე თანამშრომლობამაც კი ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში... ახალგაზრდებს ეპყრობოდა საოცრად მეგობრულად, მამაშვილურადაც იყო, არაფერს უმალავდა... უფროს კოლეგასთან ასეთ ურთიერთობა ძალიან ბევრის მომცემი იყო.
ნატუროპათიურ პრეპარატებს იყენებდა, მცენარულ მკურნალობასაც დიდ პატივს მიაგებდა. თვითონაც ადგენდა რეცეპტებს და ჩვენც გვიზიარებდა. ვეხუმრებოდით ხოლმე, კრებულს გამოვცემთ და თანაავტორებად დავეწერებითო... სხვათა შორის, მის ზოგიერთ რეცეპტს დღეს მეც ვიყენებ. ნამდვილად ბევრ რამეს ისწავლიდი მისგან, რადგან ის არა მხოლოდ ალერგოლოგი, არამედ დიდი თერაპევტი და კარგი პედაგოგიც იყო. მშვიდი, დინჯი, ცოდნის დაუნანებლად გამცემი, უაღრესად განათლებული...
თინა ჭელიძე, ალერგიული სამსახურის ექთანი:
– 1973 წლიდან, რაც რესპუბლიკური სავადმყოფოს ალერგიული სამსახური გაიხსნა, ერთად მოვდიოდით. ოჯახებითურთ ვნეგობრობდით. იყო საოცრად ყურადღებიანი და უანგარო, ამასთან – უშუალოც, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, საოცრად თავმდაბალი...
ასეთად დარჩა რომან ლაბაძე კოლეგებისა და მეგობრების მეხსიერებაში: უბადლო ექიმი, სანდო მრჩეველი და ერთგული მეგობარი.