ქართველი ხალხის სულის მკურნალი
გააზიარე:
პროფესორმა გურამ ტატიშვილმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს გვითხრა, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარი ჩვენი ქვეყნის კლინიკური მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების აღმავლობის პერიოდი იყო. იმ დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი კლინიცისტები და მეცნიერები, რომლებმაც მედიცინის არაერთ დარგში საქვეყნოდ აღიარებული სკოლები შექმნეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსიქიატრიის განვითარების მსოფლიო დონე, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო გამოჩენილი მეცნიერის, კლინიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ავლიპი ზურაბაშვილის პიროვნებით, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ედგა სათავეში მედიცინის ამ ურთულეს დარგს.
“ბატონი ავლიპი იყო გამორჩეული ქართველი, დიდი პატრიოტი. ის ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი გახლდათ და ჩემდამი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ის თურმე კარგად იცნობდა ჩემს ტრაგიკულად დაღუპულ მამას და ყოველი შეხვედრისას პატივს მიაგებდა მის ხსოვნას.
მისი დიდბუნებოვნება, კეთილშობილება, მეცნიერული თუ საექიმო ღვაწლი სათანადოდ დააფასა ქართველმა ხალხმა და მისი დაბადების 70-ე წლისთავი გადაიქცა მადლიერი საზოგადოების საყოველთაო დღესასწაულად. ზეიმობდა სრულიად საქართველო, გამორჩეულად კი მისი მშობლიური ქიზიყი. მსგავსი არაფერი მინახავს – ზღვა ხალხი აღფრთოვანებით გამოხატავდა სიყვარულს და პატივისცემას დიდი მამულიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ავლიპის მიღებული ჰქონდა იმ დროს არსებული ყველა საპატიო ჯილდო თუ წოდება, იყო ქვეყნის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო მედიცინის მეცნიერებათა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, მას ჩემთვის რამდენჯერმე უთქვამს, რომ უზენაესად თავისი ხალხის სიყვარული მიაჩნდა”, – გვიამბობს ბატონი გურამი და გვირჩევს, ბატონ ავლიპიზე სასაუბროდ შევხვდეთ მის შვილსა და შვილიშვილს, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ დიდი წინაპრის გზას.
მივდიეთ მის რჩევას და ზურაბ და დავით ზურაბაშვილებს ვესტუმრეთ, რომლებმაც დიდი სიყვარულით გაიხსენეს სახელგანთქმული წინაპარი.
ავლიპი ზურაბაშვილი ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს. მამამისი, დავითი, მღვდელი გახლდათ. ის, როგორც ღვთისმსახურს შეეფერება, კეთილი ადამიანი ყოფილა. ბევრჯერ მიუყვანია შინ გზად შემხვედრი დაღლილი და მშიერი მიუსაფარი ადამიანები და გულუხვად გამასპინძლებია. საბოლოოდ ის ბოდბისხევის ამაღლების ეკლესიაში დამკვიდრდა. დიდ ბებიას კი ბატონი დავითი იგონებს როგორც საოცრად შრომისმოყვარე, თბილ და მზრუნველ ქალს.
– პატარაობისას პაპა არ ყოფილა ცელქი და მოუსვენარი, – მოგვითხრობს დავით ზურაბაშვილი, – როცა მისი ტოლები სათამაშოდ შეიკრიბებოდნენ, ის თურმე შინ იჯდა და კითხულობდა – ჩვენს ოჯახს, როგორც სამღვდელოს, მრავალფეროვან ლიტერატურაზე მიუწვდებოდა ხელი.
ავლიპი სიღნაღის სკოლაში სწავლობდა. იქ ბევრმა მასწავლებელმა იცოდა უცხო ენა, მათ შორის – გერმანული და ფრანგული. ავლიპიმც კარგად შეისწავლა ეს ენები. მოგვიანებით, როცა უკვე პროფესორი იყო, ქუჩაში ღრმად მოხუცებული თავისი გერმანელი მასწავლებელი შეხვდა. მან იცნო ავლიპი და უთხრა, რომ შენახული ჰქონდა მისი როგორც საუკეთესო მოსწავლის ყველა ნაშრომი. ამ ამბავს დიდი ექიმი ხშირად იგონებდა.
მეექვსე კლასის დასრულების შემდეგ ავლიპი მშობლებმა იმ დროისთვის საუკეთესო – რეალურ სასწავლებელში გადაიყვანეს. ბატონი ზურაბი გვიამბობს, რომ მამამისს იქ ჩასარიცხად ძალიან რთული გამოცდები უნდა ჩაებარებინა გერმანულსა და მათემატიკაში, სასწავლებელში კი მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო.
– იმ სასწავლებლის დირექტორის გვარიც კი მახსოვს – ჩოჩიშვილი. მამაჩემს ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავდა – საკმაოდ შეძლებული ოჯახიშვილი. მამამ საუცხოოდ იცოდა მათემატიკა, გერმანულის გამოცდისა კი ცოტა ეშინოდა. მოითხოვა თურმე გერმანულის სახელმძღვანელო და მთელი თვის განმავლობაში დღედაღამ მეცადინეობდა. გამოცდის შემდეგ კარგა ხანს ელოდნენ პასუხს. პაპაჩემი თურმე ძალიან დარდობდა, ვაითუ ჩაიჭრაო. ერთი თვის შემდეგ დირექტორმა პაპა დაიბარა, გადაეხვია და უთხრა: მადლობა ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა, რომ სასწავლებლად ჩვენთან მოიყვანეო.
რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ავლიპი ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი თანაკურსელები იყვნენ ცნობილი მათემატიკოსები ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი. ავლიპიმ მათთან ერთად ორი წელი ისწავლა, მერე კი მოულოდნელად ექიმობა გადაწყვიტა. ნიკო მუსხელიშვილი, რამდენჯერაც შეხვდებოდა, მეგობრულად საყვედურობდა, რატომ მიგვატოვე, შენი სახით საქართველომ შესანიშნავი მათემატიკოსი დაკარგაო.
პროფესიის შეცვლის მიზეზად ერთი ამბავი ქცეულა, რომელიც უნივერსიტეტიდან სოფელში ჩასულ ავლიპის გადახდენია თავს.
– ქიზიყში შემოდგომაზე ცოცხს ტეხდნენ. მამას უფიქრია, წავალ, ოჯახს ცოცხის ტეხაში მივეხმარებიო. ბოდბისხევიდან ალაზნის ველისკენ ცხენით მიმავალს გზად ორი შეიარაღებული კაცი გადაჰყრია და ცხენის წართმევა დაუპირებიათ. მამას უთქვამს: სტუდენტი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად ვისწავლო და სამშობლოს გამოვადგე; თუ ცხენს წამართმევთ, შინ ვეღარ წავალო. ყაჩაღებს შესცოდებიათ და აღარ წაურთმევიათ ცხენი, – იხსენებს ბატონი ზურაბი.
ამ შემთხვევის შემდეგ ავლიპის გადაუწყვეტია, ისეთი პროფესია შეეძინა, რომლითაც ხალხს უფრო მეტად გამოადგებოდა. გაივლის წლები და კახეთში, საკუთარ იუბილეზე, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრება, ავლიპი ზურაბაშვილი სწორედ ამ შემთხვევას გაიხსენებს როგორც ბიძგს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
რაც შეეხება ფსიქიატრიის არჩევას, ამაში ბედისწერის ხელიც ურევია. სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე ავლიპიმ შემთხვევით გაიგო, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის ადგილი იყო და სამუშაოდ მივიდა. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ მამამისმა ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია ყველაზე მაღალს, ცნობილი ფსიქიატრი გახდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი.
1930 წელს ავლიპი ზურაბაშვილი ლენინგრადში მიემგზავრება და პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, მოგვიანებით კი ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ხდება. დიდი ექიმის წარმატების საიდუმლოდ მის შვილიშვილს სწორედ ის მეცნიერული კვლევები, ნეირომორფოლოგიის საკითხების შესწავლაში გატარებული წლები მიაჩნია, რომლებმაც მყარი ბაზისი შეუქმნა მომავალ ფსიქიატრს:
– ავლიპი ზურაბაშვილი არ ყოფილა უბრალოდ ექიმი, უბრალოდ ფსიქიატრი. იგი ყოველთვის უფრო სიღმისეულად უდგებოდა თითოეულ პაციენტს, ვიდრე ამას რომელიმე პრაქტიკოსი ექიმი გააკეთებდა. ამის მიზეზი, ცხადია, ის გახლდათ, რომ იგი ძალიან კარგად, უჯრედულ დონეზე იცნობდა ყველა დაავადებას, მათი განვითარების მექანიზმებს. მან და მისმა თანამედროვეებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, რომლებზეც მანამდე პრაქტიკულად საუბარიც კი არ ყოფილა. მეცნიერული კვლევა-ძიება არც საქართველოში დაბრუნებულს შეუწყვეტია, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან ერთად იგი ყოველთვის იცლიდა მეცნიერებისა და აღმზრდელობითი საქმიანობისთვის.
ლენინგრადში გატარებული ნაყოფიერი წლების შემდეგ ავლიპი ზურაბაშვილს ორი გზა ჰქონდა: ევროპისკენ და საქართველოსკენ. პატრიოტმა მეცნიერმა სამშობლოში დაბრუნება არჩია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც და ევროპაც საქართველოსთან შედარებით უკეთეს მატერიალურ პირობებს და ტექნიკურ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ.
– პაპას მიაჩნდა, რომ ქვეყნის წინაშე ვალში იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაეხადა. ამას იგი პროფესიული თუ საზოგადოებრივი საქმიანობით აკეთებდა. ავლიპი ზურაბაშვილი გახლდათ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის წარმომადგენელი, ქართული ბრენდი მაშინდელ მსოფლიო ასპარეზზე. ყველა საერთაშორისო კონგრესსა თუ ყრილობაზე აცხადებდა, რომ საქართველოდან იყო, მუდამ გამოხატავდა მადლიერებას მშობლიური კუთხის – კახეთის მიმართ. თავის პატრიოტულ სულისკვეთებას პაპა საქმით ამტკიცებდა, – მოგვითხრობს დავით ზურაბაშვილი.
და მაინც, რამ განაპირობა მისი ესოდენ დიდი წარმატება, ის, რომ მისი სახელი დღესაც ყველას ახსოვს, დღესაც იგონებენ ისტორიებს მის შესახებ?! არ შეიძლება, ვისაუბროთ ავლიპი ზურაბაშვილზე და არ გავიხსენოთ მისი განსაკუთრებული იმიჯი, დამახასიათებელი ულვაში. ბატონი დავითი გვიამბობს, რომ პაპას იმიჯზე მისი შვედი მეუღლე, ჰელენა ლუნდი ზრუნავდა. ავლიპიმ ცნობილი გვარის წარმომადგენელი პეტერბურგში გაიცნო. ჰელენა მოკრძალებული და ძალიან მზრუნველი ქალბატონი ყოფილა:
– დიდედამ და პაპამ ერთად დაახლოებით 70 წელი იცხოვრეს. საოცრად ჰარმონიული ტანდემი ჰქონდათ. როდესაც პაპას რაიმე იდეა დაებადებოდა, ბებოს უზიარებდა. ისიც ყველაფერს ინიშნავდა, იწერდა, შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველგვარ საქმეში ეხმარებოდა ავლიპის, ასე რომ, პაპას წარმატება დიდწილად მისი მეუღლის დამსახურებაცაა.
ბატონი ზურაბი კი ასეთ ამბავს იხსენებს:
– დედას ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები. მამასაც ყოველდღე მოჰქონდა მისთვის თაიგული. როცა ასაკის გამო აღარ შეეძლო ამის გაკეთება, მძღოლს ავალებდა. ასე რომ, ღრმა სიბერემდე დედას ყოველდღე ხვდებოდა ოთახში მინდვრის ყვავილები.
ავლიპი ზურაბაშვილის კიდევ ერთი საფირმო ნიშანი იყო მოსწრებული ენა. მისი გამონათქვამები დღესაც ლეგენდებად დადის ხალხში. ერთი ასეთი ისტორია ზურაბ ზურაბაშვილმაც გაიხსენა:
– პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელსაც მამაჩემისთვის გადაულაპარაკია: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მამასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს – ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია.
ავლიპი ზურაბაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამად კი ბატონ ზურაბს ის სამი სიტყვა მიაჩნია, რომლებიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: სინდისი, ნამუსი, პატიოსნება. შესაძლოა, ცოტა პათეტიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ, ბატონი ზურაბის აზრით, დღესაც ბევრს სჭირდება ამის შეხსენება. დიდი ფსიქიატრის კიდევ ერთი ცნობილი გამონათქვამია “კაცურკაცობა, ანუ შრომა და ზნეობა”. ეს ლიტონი სიტყვები როდი იყო – ბატონი ავლიპი თავად გახლდათ ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ექიმი და ადამიანი. როგორც ბატონი დავითი ამბობს, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ავლიპი ზურაბაშვილმა ამქვეყნად დატოვა.
თამარ არქანია
ნინია მაჭარაშვილი