მოგონებების კორიანტელში

გააზიარე:

 “სიკეთე საქციელი არ არის, სიკეთე ბუნებაა. არ შეიძლება, სიკეთე ადამიანმა ჯოჯოხეთის შიშით აკეთოს – სიკეთისკენ სიყვარული უნდა მოგიწოდებდეს. არიან ადამიანები, რომლებიც რჩეულთა მადლით იბადებიან. ისინი მაგალითს გვაძლევენ თავიანთი სიკეთით, დიდსულოვნებით, განსწავლულობით, ნიჭიერებით, გამჭრიახობით, ენერგიული შრომით, მოვალეობის შეგნებითა და გზამართლობით...” – ასე იწყებს გამოჩენილ ქართველ თერაპევტზე, ნუგზარ ტატიშვილზე, საუბარს მისი კოლეგა და მეგობარი, მედიცინის მეცნიერების კანდიდატი, დოცენტი ელგუჯა ადამია.

ნუგზარ ტატიშვილი 1933 წლის 20 ივლისს თბილისში, ცნობილი ექიმების ოჯახში დაბადებულა. მამამისი, ირაკლი ტატიშვილი, სახელგანთქმული პათანატომი იყო, დედა კი, თამარ მითაიშვილი – პედიატრი. რა გასაკვირია, რომ ნუგზარმაც ექიმის პროფესია აირჩია.

“ნუგზარ ტატიშვილი იყო შესანიშნავი ოჯახიშვილი, შესანიშნავ პროფესიულ გარემოში აღზრდილი, თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, სულით – არისტოკრატი, გონებით – არისტოტელე. ეგზიუპერი ამბობს, არავის უცხოვრია ისე, როგორც უნდოდაო, მე კი სიცოცხლეშიც მუდამ ვეუბნებოდი ბატონ ნუგზარს და ახლაც გავიმეორებ, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც იცხოვრა, როგორც სურდა და ულამაზესი, უფაქიზესი ოჯახი შექმნა”, – მოგვითხრობს ბატონი ელგუჯა.

ოჯახი რომ უმთავრესი იყო დიდი თერაპევტისთვის, ამას მისი მეუღლის, ქეთი ანჯაფარიძის მონათხრობიდანაც მიხვდებით: “ნუგზარი ხშირად მსაყვედურობდა – ზედმეტად მეოცნებე ხარ, წარსულით ცხოვრობ; მე რეალისტი ვარ და ხვალინდელი დღე უფრო მაინტერესებსო. მე ამ შენიშვნას არ ვიღებ და ვუხსნი: ოპტიმისტი ვარ, მაჟორული ცხოვრება მიყვარს, დეპრესია უცხოა ჩემთვის, მაგრამ წარსულს ხშირად ვუბრუნდები, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრება შენთან ერთად; ამიტომაც ვცხოვრობ მოგონებებით და ოცნებებით”.

ქალბატონ ქეთის ძალიან ენატრება გარდაცვლილი მეუღლე და იმისთვის, რომ თავი მუდამ მის გვერდით იგრძნოს, მასზე ბევრს წერს, სიყვარულით სავსე ტექსტებს აგროვებს და წიგნებად კრავს.

ვერიკო ანჯაფარიძის ძმისშვილი, ქეთი, ერთ ცხელ ზაფხულს მამამ ბათუმში გაუშვა დასასვენებლად. გოგონას არ უნდოდა თბილისის დატოვება, რადგან ნუგზარი ახალგაცნობილი ჰყავდა და ის-ის იყო, იწყებდნენ ურთიერთობას. ქეთი იხსენებს, როგორ დაჰპირდა ნუგზარი ბათუმში ჩასვლას და მის მონახულებას. “ბათუმში მშვენიერი ამინდი იყო, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი. ერთი იმედით ვიყავი – ველოდებოდი დეპეშას თბილისიდან მისი ჩამოსვლის შესახებ. გავიდა ორი დღე, სამი – უშედეგოდ. კიდევ ორი დღის შემდეგ მივიღე დეპეშა, რომ ნუგზარი სამ დღეში იქნებოდა ბათუმში. გავიქეცი მამიდებთან, სიხარულით დავფრინავდი და ხმამაღლა ვიმეორებდი: “ჩამოდის, ჩამოდის!” ვერიკო გაოცებული მიყურებდა – ვინ ჩამოდის, ძალიან გთხოვ, გამაგებინეო... სოფიკომ დააწყნარა – ეს არის ჯადოსნური მამაკაცი და ხვალ დილით აუცილებლად გაიცნობო... დადგა ნანატრი დღე. მამიდებმა გაიკეთეს სათვალეები და უთენია ნუგზარის მოლოდინში აივანზე ჩამოსხდნენ. მე ხან ეზოში ვარ, ხან – ჩვენებთან. სოფიკო კვდება სიცილით... უცბად ეზოში შემოვიდა ნუგზარი, რაღაც ძველი, მრგვალი სათვალით. ხელში ბაბუამისის დროინდელი ჩანთა ეჭირა. მე მივანიშნე ჩვენებს და თან გახარებულმა ვკითხე: ხომ გადასარევი ბიჭია-მეთქი? ვერიკო მომიბრუნდა და მითხრა: ვიცოდი, იდიოტკა რომ იყავი, მაგრამ თუ ასეთი, ვერც კი წარმოვიდგენდიო... გავიდა ხანი. ვერიკოს ძალიან მოსწონდა ნუგზარი. ერთხელ მითხრა: იცი, რა მიკვირს? ამისთანა ჭკვიან კაცს შენ, ასეთი გადარეული, როგორ შეუყვარდი?! თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო.

მართლაც შეუძლებელი იყო, გაგეცნო ნუგზარი და არ შეგყვარებოდა. მე მუდამ ვტრაბახობდი მეუღლით და დღესაც ასეა. ის იყო მოკრძალებული, გონიერი, ინტელიგენტური; ძალიან კარგი მამა, ბაბუა, თუმცა აქაც კი არ კარგავდა ზომიერებას. იყო ყოველმხრივ ნიჭიერი. საოცარია, როგორ ასწრებდა ყველაფერს! მიუხედავად იმისა, რომ სიმკაცრით ცნობილი სკოლა ფრიადებზე დაამთავრა, მეგობრების შეკრებას არასოდეს დაჰკლებია. ნუგზარი ხშირად დადიოდა უცხოეთში სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, სადაც არასოდეს დასჭირვებია თარჯიმანი, რადგან თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად, თან წუხდა, რომ ენების შესასწავლად მეტი თავისუფალი დრო არ ჰქონდა... შესანიშნავად უკრავდა როიალზე. რატომღაც ყველას ეგონა, მუსიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ მედიცინამ გადასძალა. იყო ძალიან სპორტული, პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ჩოგბურთს, მოიგო უამრავი ტურნირი. სახლი სავსე გვქონდა მისი სიგელებითა და მედლებით. უყვარდა მოგზაურობა, ხშირად დავდიოდით ერთად სამოგზაუროდ და უამრავი საინტერესო ამბავიც გადაგვხდენია თავს”.

ნუგზარი დამყოლი, დამთმობი, რბილი პიროვნება ყოფილა. მეუღლის გასახარებლად თურმე არაფერზე იხევდა უკან, მზად იყო, აივანზე ტანგოც კი ეცეკვა:

“ერთხელ ნუგზარს ვუთხარი: ძალიან გთხოვ, ტანგო მაცეკვე, თან, იცი, როგორ? ხომ ორნი ვართ – ცეკვის დროს ერთ ადამიანად უნდა გადავიქცეთ-მეთქი. ნუგზარი მიჩვეული იყო ჩემს სიგიჟეებს. დამთანხმდა. ვგონებ, თვითონაც კმაყოფილი დარჩა... მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი სახლიდან სამჯერ შემოჰკრა ტაში. ნუგზარი საშინლად დაიბნა, გადაეყუდა აივანზე და შესჩივლა: “არ გეცოდებით? ნახეთ, რა დღეში ვარ...” პასუხი იყო სავსებით ადეკვატური: ნუგზარ, უნდა მაპატიოთ, თვალი ვერ მოგაცილეთ; გიყურებდით და ვფიქრობდი, რა არაჩვეულებრივად ცხოვრობთ. მშურს თქვენი, არ მოველოდი და ვნანობ, რომ ეს შემთხვევა ფირზე არ აღვბეჭდეო”.

ასეთი იყო ნუგზარ ტატიშვილი – იუმორით სავსე, თბილი და კეთილი. ქეთი ანჯაფარიძე ამბობს, რომ წიგნები მოგონებებს ვერ იტევს, ნუგზარზე სასაუბროდ კალამი უძლურია.

ბატონი ელგუჯა ადამია იხსენებს: “ნუგზარ ტატიშვილი ერთხანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი იყო სასწავლო მუშაობაში. როცა იგრძნო, რომ მის პატიოსნებას შესაძლოა ჩრდილი მისდგომოდა, დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა. ეს გახლდათ უპრეცედენტო შემთხვევა ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში. ცალკე და სრულიად განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი ნუგზარის მიერ გამოცემული ორი უნიკალური სახელმძღვანელო: “შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა” (ირაკლი ტატიშვილის თანაავტორობით) და “შინაგანი სნეულებები” (გაიანე სიმონიას თანაავტორობით). ეს ორი სახელმძღვანელო დღეს სანიმუშო წიგნებია არა მხოლოდ თერაპევტებისთვის, არამედ, საზოგადოდ, ექიმ-ინტერნებისთვის”.

ნუგზარ ტატიშვილზე სასაუბროდ კვლავაც ვეწვიეთ ჩვენს ერთგულ რესპონდენტს და დიდი თერაპევტის ბიძაშვილს, პროფესორ გურამ ტატიშვილს:

“ნუგზარი ჩემთვის მარტო ახლო ნათესავი არ ყოფილა – ჩვენ გვაკავშირებდა დიდი მეგობრობა, ძმური სიყვარული და, რაც მთავარია ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ზოგიერთ ღირსეულ და უღირს პიროვნებაზე შეხედულებათა აბსოლუტური თანხვედრა. ვიზრდებოდით ერთ დიდ, უაღრესად შეკრულ ოჯახში, სადაც არ არსებობდა რძლის, მულის, დედამთილის და სხვა პრობლემები, სადაც ოჯახის ყველა წევრი სულდგმულობდა ერთი გაგებით. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მაშინ, როცა მამაჩემი, იმ დროს ცნობილი და წარმატებული ინჟინერი, უსამართლოდ შეეწირა გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ავბედით პერიოდს. იმ დღიდან ტატიშვილების ძველი, ტრადიციული ოჯახის ერთადერთ საზრუნავად უმამოდ დარჩენილი ბავშვების  აღზრდა იქცა, რასაც ღირსეულად თავკაცობდა ნუგზარის მამა, დიდი ირაკლი ტატიშვილი.

მე ნუგზარზე ოთხი წლით უფროსი გახლდით და კარგად მახსოვს, რომ ის ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში საოცრად ცნობისმოყვარე იყო. აინტერესებდა სათამაშოების შიგთავსი, აუცილებლად გაჭრიდა რეზინის ცხოველს იმის გასარკვევად, რატომ გამოსცემდა ხმას ხელის დაჭერისას. ამიტომ, იმხანად უკვე სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტს, არ გამკვირვებია, რომ ნუგზარმა სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ მედიცინა აირჩია და მთელი სიცოცხლე შესწირა ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოების, იქ მიმდინარე ურთულესი, ნატიფი პროცესების ახსნას.

ნუგზარის ეს გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ნიჭიერების გამო, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა – მას დიდი პერსპექტივა ჰქონდა ენათმეცნიერებაში, სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, იყო შესანიშნავი მუსიკოსი, ბრწყინვალედ თამაშობდა ჭადრაკს, ჩოგბურთს... ყველაფერ ამასთან ერთად, ნუგზარმა შესანიშნავად იცოდა მეგობრობის ფასი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მეცადინეობდა, ეზოში, ქუჩასა თუ სკოლაში მუდამ გვერდით ედგა მეგობრებს.

თუ ნუგზარის ამ თვისებებს დავუმატებთ მის დიდ პასუხისმგებლობას დასახული მიზნისა და გარშემო მყოფთა მიმართ, მის შრომისმოყვარეობასა და ენერგიას, გასაგები გახდება, როგორ მიაღწია მან შედარებით ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში აღიარების უმაღლეს მწვერვალებს. ის იყო ბრწყინვალე პედაგოგი, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების საყვარელი უფროსი მეგობარი, ავტორი რამდენიმე კლასიკური, ფუნდამენტური სახელმძღვანელოსი შინაგან სნეულებებში, სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი თერაპიული კათედრისა და ძლიერი თერაპიული სკოლის ხელმძღვანელი, თვალსაჩინო მკვლევარი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი. მის მოხსენებებსა და გამოსვლებს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე ყოველთვის მნიშვნელოვანი გამოძახილი ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ქალაქში ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ საპატიო მოქალაქედაც კი აირჩიეს.

ნუგზარის როგორც მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის უმთავრეს აღიარებად კი მიმაჩნია მისი არჩევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად, რაც, სამწუხაროდ, მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ბატონი ირაკლი ქართული მეცნიერების ამ დიდი ტაძრის ღირსეული წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ჩემსა და ნუგზარის სიხარულს თან ახლდა სევდაც, რომ მამა ვერ მოესწრო შვილის ესოდენ დიდ აღიარებას. ეს ერთგვარი რეკორდიც იყო, რადგან იშვიათია, ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიაში აერჩიოთ ერთი და იმავე დარგის წარმომადგენელი მამა და შვილი.

დასანანია, რომ ნუგზარი შემოქმედებითი აღმავლობის წლებში გარდაიცვალა. მას ბევრი რამ დარჩა სათქმელი, კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო ჩვენი ხალხისთვის, ქართული სამედიცინო მეცნიერების წინსვლისთვის. სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ნუგზარმა დატოვა შესანიშნავი შთამომავლობა, მისი შვილები და შვილიშვილები ღირსეულად აგრძელებენ სახელოვანი წინაპრის გზას”.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: