ნობელის პრემიის ვერშემდგარი ლაურეატი

გააზიარე:

“დიდად პატივცემულო ვასილ ვარაზაშვილო! კაროლინის სამეფო ინსტიტუტის დავალებით გვაქვს პატივი, 1939 წელს მოგიწვიოთ ნობელის პრემიის მოსაპოვებლად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. გთხოვთ, საატესტაციო დოკუმენტები გამოგზავნოთ მისამართზე: კაროლინის სამეფო ინსტიტუტის ნობელის კომიტეტი, სტოკჰოლმი”. წერილს ხელს შვედეთის სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე გუნარ პოლმგრენი აწერს. მიუხედავად ამისა, ქართველებს ნობელიანტი არ გვყავს. ამ წერილის არსებობაც მხოლოდ ადრესატის, ვასილ ვარაზაშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი – იგი ოჯახის წევრებმა შემთხვევით იპოვეს. წერილი დღესაც ვარაზების ოჯახში ინახება. უცნობია, რა მოხდა ამ წერილის მიღების შემდეგ, სად დაიბარეს და როგორი რეალობის წინაშე დააყენეს საბჭოთა მოხელეებმა სამეფო აკადემიაში მიწვეული ქართველი ექიმი. ფაქტია, ვასილ ვარაზმა ათასობით მეცნიერის საოცნებო შანსი არ გამოიყენა, არც წერილზე გაუცია პასუხი და შემთხვევითობა რომ არა, ვერასოდეს ვერავინ გაიგებდა, რომ ის ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.

როგორც ამბობენ, ქართველ მეცნიერს ნობელის პრემიაზე უარის სათქმელად საკმაო მიზეზი ჰქონდა. ზოგი ამტკიცებს, ვარაზი, ღრმად მორწმუნე ადამიანი, სასიკვდილო იარაღის წარმოებით ნაშოვნ ფულს ვერ აიღებდაო; მეორენი სისხლიანი საბჭოთა რეჟიმის დროს ნობელის პრემიის მიღებას სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას ადარებენ. მით უმეტეს, რომ ვარაზების ოჯახს ნამდვილად არ სწყალობდა საბჭოთა მთავრობა: დიდი რეპრესიების დროს მისი ერთი ძმა და ძმისშვილი დახვრიტეს, მეორე ძმა კი ბერლინიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ბედავდა.

ნობელის პრემიის კომიტეტის ყურადღება 1938 წელს ქართველი მეცნიერის მიერ გერმანულ ჟურნალ “ექსპერიმენტულ მედიცინაში” გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა მიიპყრო. მისი თანამედროვე, პროფესორი გურამ ტატიშვილი ამ ამბავს ასე იგონებს: “მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი ვასილ ვარაზი ცხოვრობდა ქვეყანაში, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან რკინის ფარდით იყო გამიჯნული, მის მეცნიერულ ღვაწლს კარგად იცნობდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც... ამის დასტურია ის, რომ მან, თუ არ ვცდები, 1939 წელს ნობელის კომიტეტისგან მიიღო წერილი, რომლითაც ზოგიერთი მასალის გაგზავნას სთხოვდნენ, რადგან მისი მეცნიერული მიღწევები ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული. ეს ცნობილი გახდა ვასილ ვარაზის გარდაცვალების შემდეგ, 1969 წელს, როდესაც ოჯახმა მის არქივში აღმოაჩინა საგულდაგულოდ გადამალული ეს დოკუმენტი. იმ დროს მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეიწირა. კაპიტალისტურ სამყაროსთან ასეთი სრულიად უწყინარი კონტაქტიც კი შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო არა მარტო ვასილ ვარაზისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვისაც. როგორც ჩანს, ამიტომაც არ გაამხილა სიცოცხლეში ეს დიდებული ამბავი. ეს დოკუმენტი მე მაჩვენა ბატონი ვასილის შვილმა, ცნობილმა მხატვარმა და შესანიშნავმა ადამიანმა ავთო ვარაზმა, რომელსაც ახლოს ვიცნობდი, რადგან მეზობლად ვცხოვრობდით და ერთი ასაკისანი ვიყავით”.

 

ყველაფერი ასე დაიწყო...

მომავალი ცნობილი პათფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) 1988 წლის 16 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ვარაზის პირად საქმეში მისი სახელის გასწვრივ ვკითხულობთ: “ქართველი გლეხი, უპარტიო”. 1911 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ვარაზი ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მალე ქართველი ახალგაზრდა ცნობილი პათფიზიოლოგის, დოქტორ კრინბერგის საყვარელი მოწაფე გახდა. რევოლუციის შემდეგ კრინბერგმა ვასილს გერმანიაში გაყოლა და მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა, როგორც ჩანს, მან სამშობლოში დაბრუნება არჩია. პირველი მსოფლიო ომის დროს ვასილ ვარაზი პოლკის ექიმად განაწესეს ირანის ტერიტორიაზე. ამის შესახებ მის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: “1915 წელს მოვყევი მობილიზაციაში და ჩამრიცხეს ცხენოსან პოლკის უმცროს ექიმის თანამდებობაზე. მოქმედ არმიაში დავყავი 1918 წლამდე. დემობილიზაციის შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდები და მომენიჭა მკურნალის წოდება 1918 წელს”. ფრონტიდან დაბრუნებული ვარაზი ქალაქ თბილისის პირველი საავადმყოფოს პროზექტორად დაინიშნა. 1921 წელს კი პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის უფროს ასისტენტად აირჩიეს. აქ ვარაზს პროფესორ შიროკოგოროვთან ერთად მოუწია მუშაობა. მოგვიანებით იმავე თანამდებობით პროფესორ ვორონინის კათედრაზე გადაიყვანეს. სამშობლოში დაბრუნებულ მეცნიერს ქართული უნივერსიტეტის დაარსებაშიც მიუღია მონაწილეობა.

1922-1923 წლებში ვასილ ვარაზაშვილმა სადოქტორო გამოცდები ჩააბარა, 1925 წელს კი საჯაროდ დაიცვა დისერტაცია და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. მისი სტუდენტები იხსენებდნენ, რომ იგი თავისუფლად კითხულობდა და ლაპარაკობდა გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. გურამ ტატიშვილი მას ასე იხსენებს: “პროფესორი ვარაზი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი – ბიოქიმიკოსი და პათოფიზიოლოგი. ის ათეული წლები განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიური ქიმიის კათედრას. ჩვენი თაობის ექიმებისა და სტუდენტების მახსოვრობაში ის დარჩა როგორც ძველი ყაიდის მოღვაწე-მეცნიერი, დახვეწილი ინტელიგენტი, შესანიშნავი პედაგოგი და უკეთილშობილესი პიროვნება”.

1926 წელს ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ ვასილ ვარაზს პრივატდოცენტის წოდება მიანიჭა და აზოტური ცვლის პათოლოგიის პრივატული კურსი მიანდო. 1927 წელს იგი სამეცნიერო მივლინებით ერთი წლით მოსკოვსა და ლენინგრადში გაგზავნეს. რუსეთიდან დაბრუნებულ ვარაზს უნივერსიტეტის საბჭომ პროფესორის წოდება მიენიჭა, 1931 წელს კი ის სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგედ დანიშნეს. ამ ამბავს გურამ ტატიშვილი გვიამბობს: “პროფესორი ვასილ ვარაზი ბიოქიმიის კათედრის გამგედ არჩევამდე და შემდეგაც სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური განყოფილებების ხელმძღვანელად მუშაობდა. მისი მეცნიერული ინტერესის საგანი გახლდათ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების შესწავლა, განსაკუთებით კი ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლის საკითხები. აქედან გამომდინარე, მისი ლექციები ბიოქიმიაში გამოირჩეოდა პრაქტიკული, კლინიკური მიდგომით და ეს სტუდენტთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ლექციებზე დასწრების აღრიცხვა არ ხდებოდა, აუდიტორია ყოველთვის სავსე იყო. მისი დახვეწილი მანერები, სიდინჯე, მასალის გადმოცემის დამახასიათებელი უნარი გვხიბლავდა სტუდენტებს. ბატონ ვასილს ლექციის დროს ზოგჯერ ავიწყდებოდა, რომ მეორეკურსელებთან ჰქონდა საქმე და პრობლემით გატაცებული, ცარცით წერდა აუდიტორიის დიდ დაფაზე ურთულეს ფორმულებს. შემდეგ მოგვიბრუნდებოდა და გვეტყოდა: ეს თქვენთვის ძნელი აღსაქმელია და შევეცდები, გასაგებად გადმოგცეთო. გამოცდაზე იყო უაღრესად დემოკრატიული და კეთილგანწყობილი, ატარებდა მას ყოველგვარი ბილეთის გარეშე. როგორც წესი, პირველი კითხვა იყო, რომელმა პრობლემამ დააინტერესა სტუდენტი ლექციებსა თუ პრაქტიკულ მეცადინეობზე და პასუხის მიხედვით მიმიდნარეობდა სჯა-ბაასი და შემდეგ შეფასებაც. ის ყოველთვის ათვალიერებდა სტუდენტის ბილეთს. მე, მახსოვს, გამამხნევა: ფრიადოსანი ყოფილხარ და გამახარებ, ჩვენთანაც თუ იმარჯვებო.”.

ვასილ ვარაზი იკვლევდა მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს. დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიური და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ცვლის დარღვევა იწვევს.

ვარაზმა საბჭოთა მთავრობისგანაც კი უამრავი ჯილდო და წოდება დაიმსახურა: 1944 წელს მას მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1954 წელს კი ლენინის ორდენით დააჯილდოეს დამსახურებისთვის.

 

ვარაზების ოჯახი

ვასილ ვარაზის მეუღლის, ელისაბედ გასპარიანის თურქეთიდან ემიგრირებული ოჯახი ვასილის მამამ, სოფრომ ვარაზმა შეიფარა. ელისაბედმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. იგი მხატვარი გახდა და თავისუფალი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. დედის ნიჭი გამოყვათ სახელგანთქმულ მხატვარს ავთო ვარაზს და მის ძმებს, ვახტანგსა და ლევანს, თუმცა ამ ორმა მედიცინაში მუშაობა არჩია.

ავთო ვარაზს მოლხენა უყვარდა და მამა გამუდმებით ედავებოდა, არ შეიძლება ამდენი დალევაო. ერთხელ ავთოს და მის ძმას ლევანს ვასილ ვარაზი შუა ქეიფში ხმლით შეუვარდა და ავთოს ომახიანად მიმართა: მე შენ დუელში გიწვევო. ავთო თავჩაქინდრული იდგა; მამის გამოწვევაზე თავი ასწია და მშვიდად ჰკითხა: “სახლში კიდევ არის ხმალი?” მეორე ხმალი არ მოიძებნა, ამიტომ დუელი გადაიდო. დუელის ნაცვლად ავთო ვარაზმა  მამისგან იმ ხმლის ისტორია მოისმინა და მერე თვითონვე გამოიწვია მამა დუელში, ოღონდ ფიალებისა და ყანწების დუელში. ასეთი სიმბოლური დუელი მამა-შვილ ვარაზებს შორის ხშირად იმართებოდა.

ვარაზების სახლში, პეროვსკაიაზე, ხშირად იკრიბებოდნენ ვასილის მეგობრები და “ამერიკის ხმას” უსმენდნენ. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და სხვები.

 

ვარაზების ოჯახში სხვა ღვაწლმოსილი ადამიანებიც აღიზარდნენ. ვასილის ძმებმა, ივანემ, ისიდორემ და გიორგიმ, გიორგი ნიკოლაძესთან ერთად დააარსეს “ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი საზოგადოება”, გიორგი კი თბილისში პირველი წყალსადენის პროექტის ავტორი იყო. გიორგიმ და ისიდორემ გერმანიაში, ჰამბურგში, რუსთაველის საზოგადოება დააარსეს და მეცენატობით გაითქვეს სახელი. ბევრი ქართველი სტუნდენტი, მათ შორის – ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, ამ საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა საზღვარგარეთ.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: