ლუარსაბ ქავთარაძე – დაუღლელი ხელმძღვანელი

გააზიარე:

კლინიკის კარგი ხელმძღვანელი კარგ ექიმზე არანაკლებ ფასობს. ბევრი პრაქტიკოსი ექიმისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დამღლელი დამატებითი საქმეა და თუ ჰკითხავთ, გეტყვიან, რამხელა ბედნიერებაა გამართულ, კარგად ორგანიზებულ კლინიკაში მუშაობა, სადაც ყოველგვარი პირობა აქვთ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის ადამიანთა სასიკეთოდ გამოყენებისთვის.

ჩვენი რუბრიკიდან გემახსოვრებათ, რომ მთავარი ექიმის თანამდებობა იმდენად დიდი ტვირთი აღმოჩნდა ალექსანდრე გზირიშვილისა და გიორგი აბაშიძისთვის, თვითონვე ითხოვეს გათავისუფლება და მთელი დრო პრაქტიკულ საქმიანობას მიუძღვნეს. ლუარსაბ ქავთარაძე კი თითქმის თხუთმეტი წელი ხელმძღვანელობდა ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს.
ცნობები ლუარსაბ ქავთარაძის შესახებ ჩვენმა უცვლელმა რესპონდენტმა, ჟურნალის დიდმა მეგობარმა, გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ მოგვაწოდა. მანვე დაგვაკავშირა მის ქალიშვილთან, მანანა ქავთარაძესთან. სიმბოლურია, რომ წელს, 27 აგვისტოს, ლუარსაბ ქავთარძეს დაბადებიდან მე-100 წლისთავი შესრულდა.

– ლუარსაბ ქავთარაძე ფოთში დაიბადა 1919 წელს. მამამისი, სერგი, ფართო თვალსაწიერის ადამიანი იყო. იცოდა რამდენიმე ენა. ექიმობას აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა – 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტს სწავლის მიტოვება და პოლონეთიდან წამოსვლა მოუწია. მოგვიანებით ის ფოთის საბაჟოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა და წლების განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე. მისი მეუღლე ნინო წუალაია რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. დამსახურებული პედაგოგი ვაჟთა სკოლაში ასწავლიდა და იმ დროისთვის უმნიშვნელოვანესი ჯილდო – ლენინის ორდენიც კი ჰქონდა მიღებული. ცოლ-ქმარმა სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაზარდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა.


მამის ოცნებას სერგის უფროსმა ვაჟმა შეასხა ხორცი. ფოთის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლუარსაბი თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ, ბედის ირონიით, მასაც მოუსწრო ომმა და სწავლა შეაწყვეტინა. მეხუთე კურსის სტუდენტი მოქმედ არმიაში ექიმ-ორდინატორად გაიწვიეს. ერთხანს დივიზია ახალციხეში იდგა. სწორედ ამ პერიოდში დაოჯახდა ლუარსაბი. მისი და თინათინ ანთაძის სიყრმის შვილი, ნოდარი, 1943 წლის იანვარში დაიბადა. იმ დროს ლუარსაბის დივიზია უკვე ქერჩში იბრძოდა. როგორც იცით, ეს ბრძოლა 1943 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების განადგურებით დასრულდა. საქართველოდან გაწვეულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა, მაგრამ ლუარსაბი იღბლიანი აღმოჩნდა...

  • ტყვიების წვიმაში

– ცნობილმა ექიმმა გიორგი აბაშიძემ ქერჩის დღეები აღწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელშიც ლუარსაბის გმირობასაც იხენებს: უკან დახევის დროს ჰოსპიტალი სამედიცინო ინვენტარითა და მედიკამენტებითურთ გერმანელების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დარჩა. ექიმები ხელფეხშეკრულები აღმოჩნდენ. ლუარსაბ ქავთარაძემ და ვალიკო კუტუკიამ მოილაპარაკეს, გერმანელების ზურგში გადაპარულიყვნენ და სამედიცინო ინვენტარი და წამლები დაებრუნებინათ. განზრახვა გიორგი აბაშიძეს გაანდეს. გიორგიმ ამ სარისკო საქმეზე წასვლა აუკრძალა, მაგრამ ბიჭებმა არ დაიშალეს, საბარგო ავტომობილით შევიდნენ გერმანელებით სავსე სოფელში, მანქანა დატვირთეს და უკან გამობრუნდნენ. გერმანელებმა შეამჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს, ახალგაზრდა რუსი მძღოლი შეშინდა და მანქანიდან გადახტა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს... ლუარსაბი სასწრაფოდ გადაჯდა საჭესთან და მანქანა ტყვიების ცეცხლში სამშვიდობოს გამოიყვანა. გაიხარეს დამხვდურებმა, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ულოცავდნენ, გმირებს ეძახდნენ... მანქანა სულ მთლად დაცხრილული იყო, ბიჭებს კი ერთი ნაკაწრიც არ ჰქონიათ...

ლუარსაბი უკანასკნელ წუთამდე გიორგი აბაშიძის გვერდით იყო. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში გენერლებმა წითელი ლენტები მოიხსნეს, რომ გერმანელებს მათი წოდება არ გაეგოთ. ბრძოლის ველზე ქაოსმა დაისადგურა. მაშინ დაჭრილების სამშვიდობოს გაყვანა გიორგიმ ითავა. უკანასკნელ კარჭაპს გამოჰყვნენ. გერმანელებმა გემს ცეცხლი გაუხსნეს. კარჭაპს ცეცხლი მოედო. ყველა დაიღუპებოდა, დამხმარე კატერს რომ არ ემარჯვა. ასე გადაურჩნენ სასაკლაოს...
სხვათა შორის, ქერჩში ლუარსაბი უმცროს ძმას შეხვედრია – შემთხვევით გაუგია, რომ მისი ნაწილი მახლობლად იდგა და მოუნახულებია.
ქავთარაძეების ოჯახი იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც სამივე ვაჟი ომიდან ცოცხალი და საღ-სალამთი დაუბრუნდა.
ომის დასასრულს ლუარსაბი ქალაქ გორკში ცენტრალური ფრონტის მესამე კორპუსის ლაზარეთის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ იაპონიის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო ოპერაციების გამო შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლეს და სამშობლოში 1946 წლამდე ვერ დაბრუნდა. სამაგიეროდ, ომიდან რამდენიმე ორდენი ჩამოიყოლა.
ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური სავადმყოფოს თანამშრომლებმა არც კი ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი ექიმი ქერჩის ბრძოლაში მონაწილეობდა. მაშინაც კი არაფერი წამოსცდენია, როცა წალენჯიხაში ვალიკო კუტუკიას, მისი გმირობის თანამონაწილის, მეუღლის გასვენებაში შეხვდით ერმანეთს...

  • ყოველთვის “მთავარი”

– 1947 წელს ლუარსაბმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და სურამის სანატორიუმის თერაპიული განყოფილების გამგის თანამდებობა დაიკავა. ორიოდე წელიწადში სურამიდან გაგრის სანატორიუმ "ჩელუსკინელების" მთავარ ექიმად გადაიყვანეს, მერე კი ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მთავარ ექიმად. 1954 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში მეოთხე სამმრთველოს უფროსად მუშაობდა. ეს დაწესებულება თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. მკურნალობდნენ ცეკას, მინისტრთა საბჭოს და სხვა მსგავსი სტრუქტურების თანამშრომლებს.
1960 წელს ლუარსაბი რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. საავადმყოფო იმხანად ჯერ კიდევ პლეხანოვის ქუჩაზე იყო. შვიდი წლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. უამრავი საქმის პარალელურად ლუარსაბი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის მშენებლობასაც მეთვალყურეობდა. ყოველდღე მიდიოდა, საქმის ვითარებას ეცნობოდა, მშენებლებს ეკამათებოდა, მათთან ერთად მსჯელობდა... ახალი საავადმყოფოს ყველა განყოფილება ლუარსაბის ზედამხედველობით აღიჭურვა და დაკომპლექტდა.
შვიდი წელი იმუშავა ლუარსაბმა სამინისტროში და როდესაც ახალი საავადმყოფოს გახსნის დრო დადგა, ითხოვა, ისევ მის მთავარ ექიმად დაებრუნებინათ.


მართლა სანატრელი ხელმძღვანელი იყო. თავად სამეცნიერო მუშაობას არ ეწოდა, მაგრამ შესანიშნავად ეხერხებოდა სამეცნიერო საქმიანობის დაგეგმვა, ნაშრომების რედაქტირება. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამეცნიერო კრებულების გამომცემლობას და სამეცნიერო საბჭოს, ბეჭდავდა სტატიებს ორგანიზების საკითხებზე...

მანანა ქავთარაძე:
– მამა სულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, პაციენტებს უმთავრესად შემოვლების დროს ხვდებოდა, თუმცა, როგორც მთავარი ექიმი, კონსილიუმებში აქტიურად მონაწილეობდა და ხშირად სწორ გეზსაც აძლევდა კოლეგებს.
საავადმყოფოს ყოველდღე საფუძვლიანად შემოივლიდა ხოლმე – ლიფტით ავიდოდა მეთორმეტე სართულზე და ფეხით მოუყვებოდა ქვემოთ. ყველა სართულს დაივლიდა, ყველაფერს შეამოწმებდა და მერეღა მოდიოდა სახლში.

ხუტა პაჭკორია:
– თუ მორიგეობის დროს ჩაძინებულ ექთანს ან სანიტარს დაინახავდა, პაციენტების თვალწინ არ უსაყვედურებდა, ცალკე დაიბარებდა და რბილად ეტყოდა, ავადმყოფებს ეგონებათ, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთო.
რაიონიდან მოვლენილ ექიმებსაც პატრონობდა: პირადად ხვდებოდა, საყოფაცხოვრებო პირობებს უგვარებდა... როდესაც სამინისტროდან ახალ ექიმს დანიშნავდნენ, დაიბარებდა, გაესაუბრებოდა, გამოჰკითხავდა, სად ისწავლა, რას საქმიანობდა, მერე განყოფილებაში შეიყვანდა, ხალხს გააცნობდა და მის მიმართ კეთილად განაწყობდა. ყველანაირად მხარში ედგა ექიმებს, პაციენტებს თუ უბრალო ნაცნობებს. არაფერში არ უყვარდა ბიუროკრატია, მისი შემოვლებიც მსუბუქი და შინაარსიანი იყო.
მშრომელთა დეპუტატების საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად აირჩიეს. თანამშრომლებს დაუღალავად ეხმარებოდა ბინების მიღებაში. აღმასკომში დადიოდა, ბიუროკრატიულ საკითხებს აგვარებდა, სადაც საჭირო იყო, კამათობდა კიდეც.

  • კრეატიული პიროვნება

მანანა ქავთარაძე:
– ლუარსაბი არ იყო კაბინეტის კაცი, მთელი დღე ფუსფუსებდა, ავადმყოფებს ამხნევებდა. ცხოვრებას უხალისებდა – კონცერტებსა და კინოსეანსებს უმართავდა.
საავადმყოფოში ბიბლიოთეკაც მოაწყო. სულ სიახლეების ძებაში იყო. მოგზაურობისას ყველაფერს აკვირდებოდა. რაც მოეწონებოდა, იწერდა და კლინიკაში ნერგავდა. საავადმყოფო უკიდურესად ჰქონდა მოწესრიგებული. ფოეიში გარდერობი მოაწყო და პალტოთი ვერც მნახველი შევიდოდა შიგნით, ვერც თანამშრომელი.

ენერგიული, მცოდნე, ნაკითხი კაცი იყო, პოლკის ქირურგად მუშაობის დროსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მაგრამ ძალიან კარგი ზოგადი განათლებაც ჰქონდა მიღებული. სტუდენტობის დროს ყველა საგანში ჯერ მამაჩემისთვის უნდა ჩამებარებინა გამოცდა – გამომკითხავდა, კლინიკურ შეკითხვებს დამისვამდა და გამოცდაზე მერეღა მიშვებდა.
ნოვატორიც იყო. საქართველოში ჯერ სანავიაციის ჩანასახიც არ არსებობდა, როცა ამბობდა: ვერტმფრენი ომალოდან რომ წამოვა, პირდაპირ ჩვენი საავადმყოფოს სახურავზე უნდა დაჯდესო.

  • მოუშუშებელი ტკივილი

– მთელ ოჯახს მძიმე დაღი დაგვასვა ჩემი ძმის, ნოდარის სიკვდილმა. ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. ოცდაორი წლისას უბედურება შეემთხვა – ბიჭები იარაღს ათვალიერებდნენ, შემთხვევით გაუვარდათ და ნოდარს ტყვია მუცელში მოხვდა. ჯერ საქართველოში სცადეს მისი გადარჩენა, კონსილიუმი კონსილიუმზე იმართებოდა, მერე მოსკოვში, ვიშნევსკის კლინიკაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ვიშნევსკის ბებია იმერელი ჰყავდა და ქართველები ძალიან უყვარდა. თუ რამე ტკბილი და თბილი მახსოვს, ბებიაჩემისგან მახსოვსო, იტყოდა ხოლმე. ჩვენი ოჯახის მიმართაც ძალიან კარგად იყო განწყობილი. ჩემს ძმას, რომელიც მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის მეექვსე კურსს ამთავრებდა, ეუბნებოდა ხოლმე, შენ ოღონდ გამოკეთდი და გვერდით დაგიყენებ, დიდ ქირურგად გაქცევო.


იმ პერიოდში ვიშნევსკის კლინიკაში იური გაგარინის ცოლს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. ცნობილი კოსმონავტი ცოლის სანახავად რომ მივიდა, ვიშნევსკიმ უთხრა: თავი გმირი გგონია? წამოდი, ვინ უნდა გაჩვენოო, – და ჩემს ძმასთან შეიყვანა, რომელსაც 12 ღია ჭრილობა ჰქონდა დრენაჟებით, – აი, ეს არის ნამდვილი გმირიო. იმ დღეს ფოტოც გადაიღეს.
რა თქმა უნდა, ეს ტკივილი მე და ჩემს მშობლებს არ გაგვნელებია, მაგრამ ცხოვრება გაგრძელდა. მე სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ოფთალმოლოგი ვარ. ექიმია ჩემი მეუღლეც, ილია ბაქრაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ემერიტუსი, წლების განმავლობაში – თსსუ-ს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ჩვენმა შვილმა ნოდარმა ეკონომისტის პროფესია აირჩია, გიორგი (გოგა) კი ონკოპროქტოლოგია, მედიცინის აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორი.

  • ხასიათის შტრიხები

– მამა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, საქართველოშიც და მის გარეთაც უამრავი მეგობარი ჰყავდა. როდესაც სტაჟირებაზე დავდიოდი მოსკოვსა თუ ოდესაში, მამას მეგობრები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ვისთან მეცხოვრა.
ყველას მიმართ თბილი და ყურადღებიანი იყო. მისთვის თანამდებობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ერთნაირად ეპყრობოდა პროფესორებს, სანიტრებს, დარაჯებს...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ რომ მუშაობდა, იმ პერიოდში დეფიციტური წამლები რკინიგზელთა სახლთან, თბილისის მეორმოცე აფთიაქში იყიდებოდა. ამ წამლების ყიდვაზე რეზოლუცია მამას უნდა დედო, უმეტესად გაჭირვებული ხალხი აკითხავდა. ყველას თანაუგრძნობდა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც შვილი ჰყავდა ავად. ბევრისთვის ფულიც მიუცია. მიცვალებულებსაც ხშირად პატრონობდა...


ყველაფერი აინტერესებდა. მართავდა მოტოციკლეტს, უყვარდა ველოსიპედით სეირნობა, მოგზაურობა. მიუხედავად უზომოდ ბევრი საქმისა, ოჯახისთვის მუდამ პულობდა დროს. შეიკრიბებოდნენ მეგობრები ოჯახებითურთ და ვუვლიდით მთელ საქართველოს. თუ რამე მინახავს, სულ მამაჩემის დამსახურებაა. კარგი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო და ჩვენც სიყვარულით ვპასუხობდით.
ცეკვავდა ევროპულ ცეკვებს, ხშირად დადიოდა თეატრში, კარგად იცნობდა ილიკო სუხიშვილს, ირაკლი აბაშიძეს, აკაკი ძიძიგურს, სიკო დოლიძეს, აპოლონ ქუთათელაძე კი მისი ბიძაც იყო და მეგობარიც. მამამისის დაბადების დღეს, 25 აგვისტოს, თითქმის ყოველთვის ჩადიოდა ფოთში, ჯერ მას გადაუხდიდა ხოლმე დაბადების დღეს და ორ დღეში საკუთარსაც აღნიშნავდა.
მუდამ ასეთი აქტიური, მოულოდნელად გარდაიცვალა – 1984 წლის 4 ნოემბერს შვილიშვილები გაასეირნა, შინ დაბრუნებისას ეზოში მეზობლის ბავშვებს კანფეტები დაურიგა, სახლში ავიდა, წამოწვა და უეცრად დალია სული. მაშინ მხოლოდ 65 წლის იყო.

ლუარსაბ ქავთარაძე დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. მისი გარდაცვალებიდან უკვე 35 წელი გავიდა, თუმცა მას დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: