კაცი, რომლის სიტყვაც კი კურნავდა
გააზიარე:
კვირა განსაკუთრებული დღეა, ეს კვირადღე კი ჩვენთვის ორმაგად გამორჩეული აღმოჩნდა – ფინჯან ჩაიზე ბატონი გურამ ტატიშვილი თავის უფროს მეგობარსა და მასწავლებელზე, გამოჩენილ ქართველ ექიმზე, ლევან ანჯაფარიძეზე გვესაუბრება. საუბარი სამ საათზე მეტს გასტანს… როგორ გინდა, ჟურნალის ორიოდე ფურცელზე დაატიო ამბები ადამიანისა, რომლის ცხოვრებას სამტომეულიც ძნელად დაიტევს, ამბები, რომელთა მოსმენის დროსაც, ვინ იცის, რამდენი ფინჯანი ჩაი გაცივდება…
– ბატონი ლევანი არა მხოლოდ დიდებული ექიმი, პედაგოგი, მეცნიერი, არამედ შესანიშნავი პიროვნება, ქართული სუფრის აპოლოგეტი, ბუნების ტრფიალი- მონადირეც გახლდათ, – გვიმბობს ბატონი გურამი, – ლევან ანჯაფარიძის სახელი ბავშვობიდანვე მესმოდა. ის ჩვენი ექიმური ოჯახის აღიარებული და გამორჩეული მკურნალი გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდობის წლებში მასთან ახლო ურთიერთობის საშუალება მომეცა – ამან წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე და ბევრი რამ შემძინა.
ის გახლდათ, ახოვანი, კეთილშობილი იერის კაცი. უსაზღვროდ უყვარდა თავისი პროფესია, უყვარდა ადამიანები და ავადმყოფს არა სამსახურებრივი, არამედ ადამიანური მოვალეობის გამო მკურნალობდა. პაციენტებიც ენდობოდნენ მას და უზომოდ უყვარდათ. მათზე წამალივით მოქმედებდა მისი აურა... რამ უნდა დამავიწყოს, როგორ გაუხანგრძლივა სიცოცხლე ბატონმა ლევანმა ჩემს ავადმყოფ დედას?! დედაჩემს უკურნებელი სენი ჰქონდა და, სპეციალისტების პროგნოზით, ორ-სამ თვეზე მეტს ვერ გაატანდა. ბატონმა ლევანმა ყურადღებით გასინჯა, რჩევა-დარიგება მისცა და ბოლოს უთხრა: ჩემ მიერ დანიშნული მკურნალობა შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გააგრძელებთო, მე კი გამაფრთხილა, დედა არაფერში შემეზღუდა – ეცადეთ, ავადმყოფობაზე არ იფიქროს, მხოლოდ ამით თუ გაუხანგრძლივებთო სიცოცხლეს. მართლაც, მას შემდეგ დედამ სამი წელი იცოცხლა.
ლევან ანჯაფარიძე 1902 წლის 23 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. მამამისი ცნობილი ნოტარიუსი გახლდათ, დედა კი – თეატრისა და ხელოვნების მოყვარული. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სამედიცინო მოღვაწეობა სტუდენტობის წლებშივე, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრაზე პრეპარატორად მუშაობით დაიწყო. ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ლევან ანჯაფარიძემ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. ორდინატურის დამთავრების შემდეგ იგი სპირიდონ ვირსალაძის მიერ იმხანად დაარსებულ ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტში სამუშაოდ მიიწვიეს, 1931 წელს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კლინიკაში პროფესორ ნიკოლოზ ყიფშიძის ასისტენტად დაინიშნა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მისი ყველაზე ნაყოფიერი საექიმო, პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობა.
ბატონი ლევანი პოპულარული ექიმი გახლდათ. მასთან ბინაზე მოხვედრა ყველა პაციენტს არ შეეძლო – ეს ხდებოდა წინაწარი ჩაწერით, კვირაში მხოლოდ ორი დღე, განსაზღვრულ საათებში. ქალაქში ხუმრობდნენ, მჟავანაძესთან (მაშინდელი პარტიის ცეკას პირველი მდივანი) უფრო ადვილად მოხვდები, ვიდრე ლევან ანჯაფარიძესთანო.
ბატონ ლევანსა და მის ოჯახთან სიახლოვე უფლებას მაძლევდა, ზოგჯერ ჩემი ახლობლისთვის მეშუამდგომლა, რაც იმხანად დიდ დახმარებად ითვლებოდა.
ყველამ იცოდა, რომ კერძო პრაქტიკით მიღებული შემოსავლის უდიდეს ნაწილს ლევანი მეგობრებთან ხარჯავდა. მას ძალიან უყვარდა ნადირობა და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა მათთან ერთად სანადიროდ. მისი პოპულარობის პატრონს, შეეძლო, დიდი ქონება დაეგროვებინა, მაგრამ ერთადერთი სიმდიდრე, რაც მან ამქვეყნად დატოვა, მისი ოჯახია: მეუღლე ლენა და ორი შვილი – ქეთი და თეიმურაზი, რომლებმაც ღირსეულად გააგრძელეს მამის გზა.
1949 წელს ლევანი, ნიკოლოზ ყიფშიძის თხოვნით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გადავიდა, სადაც 1955 წლამდე დოცენტის თანამდებობაზე მუშაობდა. მალე ის კათედრის გამგედ და პროფესორად აირჩიეს. მოკლე ხანში მან საუკეთესო კოლექტივი შემოიკრიბა და ჩინებული კლინიკა შექმნა, სადაც გაჩაღდა აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური და სამკურნალო საქმიანობა. მისი ინიციატივით, კლინიკასთან სპეციალური ენდოკრინოლოგიური განყოფილებაც შეიქმნა.
ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებშიც და მერეც, როცა უკვე ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ხშირად შევსწრებივარ, რა დიდი მოწიწებით ახსენებდა ჩემი მასწავლებელი, დიდებული ქირურგი, პროფესორი მიხეილ ჩაჩავა, ლევან ანჯაფარიძის სახელს. ყველა მძიმე ავადმყოფის საკონსულტაციოდ, ყველა დიაგნოსტიკური სირთულის დროს მას უხმობდა. ლევან ანჯაფარიძის ყოველი მოსვლა კონსილიუმზე კლინიკის თანამშრომლებისთვის მოვლენა იყო…
ლევან ანჯაფარიძე თავისი კლინიკური გამოცდილებით არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში იყო ცნობილი. იგი ბევრს შრომობდა, ყველაფერს ასწრებდა და უზომოდ უყვარდა თავისი პროფესია. ბევრგან მუშაობდა შეთავსებით კონსულტანტ-თერაპევტად. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ზოგიერთი კურორტის, მათ შორის – ლებარდეს, ბახმაროს, შესწავლაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. მან ჰემატოლოგიაში უამრავი საკითხი დაამუშავა: ანემიებისა და ლეიკოზების მკურნალობის, სისხლის გადასხმის საკითხები და სხვა.
ბატონ ლევანს საოცარი ინტუიცია ჰქონდა. არ მახსოვს, დამატებითი ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევები მოეთხოვოს – იქვე იტყოდა დიაგნოზს, რომელსაც შემდეგი კვლევა ყოველთვის ადასტურებდა. ამიტომაც იყო ჩვენი, ახალგაზრდა მედიკოსების, კერპი.
ლევან ანჯაფარიძე აქტიურად მონაწილეობდა მრავალი ყრილობის, კონფერენციისა და სამეცნიერო სესიის მუშაობაში. იყო შესანიშნავი პედაგოგიც. მის ლექციებს დიდი ინტერესით ისმენდნენ როგორც ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები, ისე ექიმები. დიდი ექიმი გულუხვად უზიარებდა ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის თანამშრომლებს, სხვადასხვა რესპუბლიკიდან დახელოვნების მიზნით ჩამოსულ მსმენელებს. დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა ექიმების მუშაობას. საექიმო საქმიანობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც ეწეოდა: წლების განმავლობაში იყო საქართველოს თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარე, ჰემატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის წევრი, სპორტული საზოგადოება “დინამოს” რწმუნებული და სხვა.
ამას წინათ ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ჰკითხეს აზრი ქართულ ფეხბურთზე. მან მოკლედ მოუჭრა, ფეხბურთი არ მაინტერესებსო. როგორ შეიძლება, თავს დებდე ქვეყნის სიყვარულზე და არ გაინტერესებდეს სპორტი, ხელოვნება, ის ღირებულებები, რომლითაც შენი ხალხი ცხოვრობს?! ბატონი ლევანი ამ მხრივაც გამორჩეული პიროვნება გახლდათ. მიუხედავად ძალიან დატვირთული გრაფიკისა, სპორტისა და ხელოვნების ქომაგობასაც ასწრებდა, ხარობდა მათი მიღწევებით, განიცდიდა წარუმატებლობას... ამას ყოველთვის აკეთებდა უბრალოდ, მაგრამ საოცარი არტისტიზმით. რა გასაკვირია – ის ხომ ქართული თეატრის მშვენების, ვერიკო ანჯაფარიძის ძმა გახლდათ.
ფეხბურთის დიდი მოყვარული და თბილისის “დინამოს” თავგადაკლული გულშემატკივარი იყო. ამ გუნდის არც ერთი თამაში არ გაუცდენია. 1961 წელს “დინამოს” სტადიონზე იყო ლოჟები, სადაც გარკვეულ პირებს მუდმივი ადგილები ჰქონდათ. ბატონ ლევანს ერთ-ერთი ლოჟის პირველ რიგში ეკავა ადგილი, მე კი მის უკან, მეორეში. გარდა ამისა, ბატონმა ლევანმა იცოდა, რომ მე მქონდა მანქანის საშვიც და ხშირად ერთად ვბრუნდებოდით თამაშის შემდეგ. ერთხელ, მეორე ნახევრის დაწყებისას შემეხმიანა – გურამ, მგონი, ვერა ვარ კარგად და თუ მანქანით ხარ, შინ წამიყვანეო. მაშინვე გამოვედით. მანქანაში რადიორეპორტაჟის ჩართვა მთხოვა. უკვე კიბეზე ავდიოდით, რომ მითხრა, მოდი, დავბრუნდეთ, ყველაფერმა გამიარაო. ძლივს დავარწმუნე, რომ დაბრუნებას აზრი არა ჰქონდა, რადგან თამაშის დასასრულს ვეღარ მივუსწრებდით…
სამი საათი სამი წუთივით მიილია. ყოველთვის ასეა, საინტერესო ადამიანებზე საუბრისას დრო შეუმჩნევლად გეცლება ხელიდან. ბატონ გურამს კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაყოლი… ჩვენ კი ვცადეთ, მისი ნაამბობიდან განსაკუთრებით საინტერესო ფაქტები გაგვეცოცხლებინა.
თამარ არქანია
ნინია მაჭარაშვილი