დიდი ქართველი ნოვატორი ქირურგი

გააზიარე:

პროფესორ ცინუკი ჯანელიძეს შინ ვესტუმრეთ. მის სახელგანთქმულ ბიძაზე, დიდ ქართველ ქირურგზე, იუსტინე ჯანელიძეზე ვაპირებთ საუბარს. მაგიდაზე ჟურნალ-გაზეთებია გაშლილი – ჩვენი მასპინძლის ცნობილი წინაპრის შესახებ უამრავი რამ დაბეჭდილა. ზოგი სიძველისგან გახუნებულა, ზოგიც ახალია, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტინე ჯანელიძის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. პუბლიკაციებს შორის აღმოვაჩინეთ ჰიუსტონის კარდიოქირურგიის ინსტიტუტის შრომებში 2000 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც აღწერილია სრულიად ახალგაზრდა – 30 წლის – ქირურგის მიერ 1913 წელს ჩატარებული ასწვრივი აორტის ჭრილობის მსოფლიოში პირველი წარმატებული ოპერაცია. მანამდე ასეთი ოპერაციის მცდელობა ყოველთვის ფატალურად მთავრდებოდა. სტატიის დასკვნაში ასეთი რამ ამოვიკითხეთ: “ეს ის გაბედული წარსულია, რომლის მხრებზეც ვდგავართ ჩვენ, დღევანდელი კარდიოქირურგები, ახალი ათასწლეულის გამოწვევათა მიჯნაზე”.

– სამტრედიაში დაბადებულს, სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გაუგრძელებია, მოგვიანებით – ხარკოვში, მერე კი შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს, შეუქმნია აპარატი, რომელიც დაჭრილი ასწვრივი აორტიდან მჩქეფარე სისხლის ნაკადს კოლატერალურ სისხლძარღვებში გადაისროდა და შესაძლებელს ხდიდა აორტის ჭრილობის ქირურგიულ დამუშავებას. ვფიქრობ, დღევანდელი ქართველი სტუდენტებისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი მეცნიერული კვლევა-ძიებისა და შედეგის პრაქტიკაში დანერგვისა, – ამბობს ქალბატონი ცინუკი და იხსენებს იუსტინე ჯანელიძის კეთილშობილურ დამოკიდებულებას არა მხოლოდ პაციენტების – საზოგადოდ, ადამიანების მიმართ. ერთხელ, ომის შემდეგ, პროფესორს კლინიკის დერეფანში დასუსტებული, გაძვალტყავებული კლინიკის კონსულტანტ-თერაპევტი შეხვედრია. ბატონმა იუსტინემ კოლეგა თავის კაბინეტში იხმო და სისუსტის მიზეზი ჰკითხა. სიმსივნე მაქვსო, უპასუხა მან. იუსტინემ ყურადღებით გასინჯა ექიმი, შემდეგ უჯრიდან ფული ამოიღო, მიაწოდა და უთხრა: “არავითარი სიმსივნე არ გჭირთ. თქვენ უბრალოდ შიმშილობთ. აიღეთ ეს ფული, კარგად იკვებეთ და მაშინ დააბრუნეთ, როცა შეძლებთ”. მისი თანადგომით გამხნევებული და გამოჯანმრთელებული თერაპევტი თავად გახდა მძიმე ავადმყოფების სულიერი მკურნალი.

პროფესორი იუსტინე ჯანელიძე მუდამ დიდ პატივს მიაგებდა მათ მიღწევებს, ვინც მედიცინის ისტორია შექმნა, მათი ღვაწლის ხაზგასმით იწყებდა ლექციებსა და საჯარო გამოსვლებს კონფერენციებსა თუ მსოფლიო კონგრესებზე, – იგონებენ მისი ბიოგრაფები, კოლეგები, მოწაფეები.

პროფესორი თურმე ვერ იტანდა, როცა საოპერაციოდან ან შესახვევიდან ავადმყოფის კვნესა, შეკივლება გამოდიოდა. ამ დროს ის ყოველგვარ საქმეს თავს ანებებდა და იმის გასარკვევად მიდიოდა, მიიღეს თუ არა ყველა ზომა პაციენტისთვის ტკივილის შესამსუბუქებლად. გაუტკივარების მეთოდების გამოყენება მისი პრინციპული მოთხოვნა იყო. მიაჩნდა, რომ პანარიციუმის ბანალური ქირურგიული მკურნალობაც კი, თუ ადამიანს ტანჯვას მიაყენებდა, ზოგადი გაუტკივარებით უნდა ჩატარებულიყო. პროფესორი შესანიშნავად იცნობდა ადამიანის ფსიქიკას და ამის ცოდნას კოლეგებისგანაც მოითხოვდა. მისი მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ანესთეზიოლოგია შეტანილ იქნა საგანმანათლებლო საგანთა აუცილებელ ნუსხაში და ჩამოყალიბდა კიდეც მედიცინის დამოუკიდებელ დარგად.

იუსტინე ჯანელიძის ქირურგიული ტექნიკა იყო თანმიმდევრული, ქსოვილების დამზოგველი. მის ოპერაციებზე დასწრების მსურველებს საოპერაციო ოთახი ძლივს იტევდა. ბატონი იუსტინე გეგმურ ოპერაციებს კვირაში ორჯერ აკეთებდა, დანარჩენ დღეებში კი კოლეგებს ანდობდა. ოპერაციები იყო მრავალგვარი: გული, სისხლძარღვები, შეხორცებადი პერიკარდიტი, პლევრა, ფილტვები, საყლაპავის ფისტულები, მუცლის ღრუს ყველა ორგანო, დამწვრობა, ტრანსპლანტაცია, პლასტიკური ქირურგია, ტრავმები და სხვა.

იუსტინე ჯანელიძემ მსოფლიოში პირველმა შემოიღო “დამწვრობითი დაავადების” ცნება და 1948 წელს თავის კლინიკაში გახსნა კიდეც 50-საწოლიანი თერმულ დაზიანებათა ცენტრი. ამით ჩაეყარა საფუძველი დღევანდელ კომბუსტოლოგიას – ტრანსპლანტოლოგიური ქირურგიის ქვედისციპლინას. მხრის ამოვარდნილობის ჩასწორების მისეული ტექნიკა და მისი სახელობის ქირურგიული კვანძი ქირურგიის დღევანდელ სახელმძღვანელოებშიც არის შეტანილი. იუსტინე პროფესორ ჯანელიძის მეხსიერებას ფენომენურს უწოდებდნენ, რაზეც ის პასუხობდა: “არავითარი ფენომენური მეხსიერება მე არ მაქვს. უბრალოდ, საჭიროა მეხსიერების მუდმივი და დაჟინებული წვრთნა. ტვინი, როგორც კუნთები, შრომაში ვითარდება”.

პროფესორი ჯანელიძე – უპარტიო და თავისუფალი კაცი იყო. მეიოს ფონდის მიწვევით პროფესორი სამი თვით მიავლინეს აშშ-ში, საიდანაც დაბრუნებულმა გულწრფელად აღიარა – ამერიკის მიღწევებს ჩვენ ასი წლით ჩამოვრჩითო. არ აპატიეს პროფესორს სიმართლის თქმა და შინაპატიმრობა მიუსაჯეს – ჩამოართვეს ოპერაციების კეთების უფლება და მხოლოდ სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის ჩარჩოებში მოაქციეს. ეს პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ასპირანტების, დოქტორანტებისა და სტუდენტებისთვის. მაგრამ არა თავად მისთვის – აქტიური ქირურგისათვის, რომელიც შედიოდა საოპერაციოში, ყურადღებით აკვირდებოდა მოწაფეების საქმიანობას და აძლევდა ძვირფას რჩევებს. თავისიანებისთვის მას უთქვამს: “შესაძლოა, ჩემი ეს მდგომარეობა სწორიც კი იყო, ვინაიდან კოლეგები – ოპერატორები – გავათავისუფლე ჩემი ავტორიტეტის ტვირთისგან, ისინი გახდნენ დამოუკიდებელნი და ეს მე მახარებს”. ექვსი თვის შემდეგ იუსტინეს სასჯელი მოეხსნა. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სტალინის საყვარელ ქალიშვილს, სვეტლანას, აპენდიციტის ოპერაცია დასჭირვებია. სტალინი თანამემამულეს ენდო.

1947 წელს, რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, ევროპამ სათანადოდ დააფასა ჯანელიძის ღვაწლი ქირურგიის განვითარებაში – იგი აირჩიეს საფრანგეთის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრად და ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად. ხოლო ამერიკამ, როგორც ზემოთ ითქვა, 2000 წელსაც კი გაიხსენა მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში მისი პიონერული როლი.

იუსტინე ჯანელიძეს სხვა საარაკო ამბებიც გადახდენია. ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულს, ორჯერ გადაურჩენია გულში მძიმედ დაჭრილი ბანდიტი. მან კლინიკაში არ შეუშვა პატიმრის ბადრაგი, რითაც სასტიკად გააბრაზა ჩეკისტები და თავისი ყოფნა-არყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაწერისას კი ხელახლა დასაპატიმრებლად განწირულ პაციენტს სთხოვა, თავი დაენებებინა ყაჩაღობისთვის. მანაც მადლიერების ნიშნად არა ფული, არამედ გული მიუძღვნა პროფესორს. ბანდა გაქრა. 1942 წელს, ლენინგრადის ბლოკადის დროს, ტყეში ნაპოვნ გვამს ჯიბეში წერილი უპოვეს: “ჩემს გულს ვუძღვნი პროფესორ ჯანელიძეს”. ყოფილი ყაჩაღი, ამჟამად – პარტიზანი, თავში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა... მისი გული დღესაც ინახება სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მუზეუმში.

 

ქალბატონი ცინუკის რჩევით, იუსტინე ჯანელიძეზე ქართველი ქირურგების პატრიარქს, პროფესორ გურამ ტატიშვილსაც გავესაუბრეთ.

ბატონი გურამი იუსტინე ჯანელიძეს უწოდებს ბუმბერაზ ქირურგს, დიდი მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო ქირურგიაში. მისი თქმით, იგი იყო სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვის ნოვატორი, მრავალი ფუნდამენტური კვლევის, მონოგრაფიისა და ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური, მსოფლიოში აღიარებული მეთოდის ავტორი.

– შეუძლებელია, ერთმა საჟურნალო სტატიამ დაიტიოს ამ დიდი ადამიანის ღვაწლი, ამიტომ მოვიხსენიებ უმთავრესს: მსოფლიო ქირურგიის პრაქტიკაში მან პირველმა აღადგინა აორტის მთლიანობა, ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო კარდიოქირურგიას და სამართლიანად ითვლება მსოფლიოში გულის ქირურგიის ერთ-ერთ პიონერად. ამავე დროს, ბატონი იუსტინე გახლდათ უაღრესად მრავალმხრივი ქირურგი და არ ყოფილა ამ სპეციალობის არც ერთი განშტოება, სადაც მას არ ეთქვას თავისი ნოვატორული სიტყვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი და მრავალი დაჭრილი მეზღვაური დააყენა ფეხზე. იუსტინე ჯანელიძეს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში იმ დროს არსებული ყველა საპატიო წოდება და ჯილდო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ერთს გავიხსენებ – ეს დიდი პიროვნება, მეცნიერი და ქირურგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის ქირურგთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, რაც იმ დროს მრავლის მეტყველი იყო. იგი წლების განმავლობაში ითვლებოდა საბჭოთა ქირურგიის ლიდერად.

მე წილად მხვდა ბედნიერება, სიცოცხლეში მენახა ეს დიდი ადამიანი. ეს მოხდა მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. 1948 წელს მე, სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი, სტუმრად გახლდით ლენინგრადში ბიძასთან, მიხეილ ტატიშვილთან – ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორთან. ერთხელ მეუბნება, ჩვენთან, აკადემიაში, მოხსენების წასაკითხად მოწვეულია ცნობილი ქართველი ქირურგი, აკადემიკოსი იუსტინე ჯანელიძე და შენთვის, მომავალი ექიმისთვის, საინტერესო იქნება მისი მოსმენა და ნახვაო. ის დღე გუშინდელივით მახსოვს. დარბაზში შემოვიდა სათნო ხანდაზმული პროფესორი, გამოწყობილი სამხედრო-საზღვაო ფლოტის გენერლის ფორმაში, მკერდზე – უამრავი სახელმწიფო ორდენითა და მედლით. დამსწრე საზოგადოება მოწიწებით, ფეხზე წამოდგომით შეხვდა მას. შემდეგ ბიძამ ბევრი რამ მიამბო ამ დიდი ადამიანის შესახებ.

1961 წელს, უკვე როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ლენინგრადში სამეცნიერო კონფერენციაზე მიმიწვიეს. მასპინძლებს იუსტინე ჯანელიძის საფლავზე წაყვანა ვთხოვე. ჩემს გაოცებას და სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე დიდი ქართველი მეცნიერის განსასვენებელი ორი უდიდესი რუსი მოღვაწის – მენდელეევისა და პიროგოვის – საფლავებს შორის, ვოლკოვოს მემორიალურ სასაფლაოზე.

1983 წელს ფართოდ აღინიშნა იუსტინე ჯანელიძის დაბადების მეასე წლისთავი. საბჭოთა კავშირის არაერთ ქალაქში გაიმართა ამ თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები. მე მიწვეული გახლდით ლენინგრადის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ინსტიტუტის საიუბილეო კონფერენციაზე. ეს ინსტიტუტი ატარებს დამაარსებლის, აკადემიკოს იუსტინე ჯანელიძის სახელს. და საოცრად მეამაყებოდა, რომ ჩვენი დიდი თანამემამულის საიუბილეო თარიღს ასეთი სიყვარულით აღნიშნავდნენ. ალბათ, როგორც იუსტინე ჯანელიძის სამშობლოდან წარგზავნილს, კონფერენციის გახსნაზე ერთ-ერთ პირველს მომცეს სიტყვა. შესვენებაზე ბევრი მოდიოდა ჩემთან, განსაკუთრებით – იუსტინე ჯანელიძის თაობის ხანდაზმული თანამშრომლები, რომლებიც ჩემდამი თბილი მოპყრობით ცდილობდნენ გამოეხატათ პატივისცემა და სიყვარული პროფესორის მიმართ. იმ დღეებში თბილისშიც გაიმართა ქირურგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების გაფართოებული საიუბილეო სხდომა, სადაც ბევრი მადლიერი სიტყვა ითქვა ჩვენს სასიქადულო მამულიშვილზე.

2012 წელს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, შედგა პროფესორ ცინუკი ჯანელიძის მიერ გამოცემული შესანიშნავი წიგნის პრეზენტაცია. ამ წიგნში ბრწყინვალედ არის ასახული იუსტინე ჯანელიძის ღვაწლი და დამსახურება კაცობრიობის წინაშე. ეს სხდომა გადაიქცა მოგონებების დიდებულ საღამოდ... აქვე მინდა გულწრფელი მადლობა მოვახსენო თქვენი ჟურნალის რედაქციას და მთლიანად კომპანია “ავერსის” ხელმძღვანელობას ჟურნალში ამ რუბრიკის არსებობისთვის, სადაც ასე ლამაზად ვიხსენებთ მარადისობაში გადასულ ჩვენს სახელოვან ექიმებს. ეს საშვილიშვილო საქმეა.

გააზიარე: