გააზიარე:
როგორ მივიღოთ წამალი
წამალი ყველა ჩვენგანს არაერთხელ მიუღია, ზოგისთვის კი ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, რომ, თუმცაღა ვადაც შეამოწმეთ, შენახვითაც სათანადოდ ინახავთ და ექიმის დანიშნულებისამებრ სვამთ, შესაძლოა, წამალს მაინც არასწორად იღებდეთ? შეგიმოწმებიათ მედიკამენტური თერაპიის დროს კვების რაციონი? ამ და მრავალი სხვა ფაქტორის გაუთვალისწინებლობამ წამალს შესაძლოა ეფექტი დაუკარგოს ან, უფრო უარესი, ახალი პათოლოგია გამოიწვიოს.
მაშ, როგორ მივიღოთ წამალი სწორად? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი:
– წამალი ეწოდება ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც იყენებენ მედიცინაში სამი მიზნით – დაავადების დიაგნოსტიკისთვის, პრევენციისთვის ან მკურნალობისთვის. წამლის მოქმედებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და შესაძლოა, მათი გაუთვალისწინებლობა, ერთი მხრივ, უეფექტობის, მეორე მხრივ კი გართულებებისა და ახალი დაავადებების მიზეზად იქცეს. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ფაქტორია წამლის შეყვანის გზა. მას ფარმაკოლოგიის ნაწილი – ფარმაკოკინეტიკა სწავლობს. ერთი და იმავე წამლის შეყვანა სხვადასხვა გზით შეიძლება – ამ შემთხვევაში სხვადასხვანაირი იქნება მათი ეფექტიანობაც, გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირეც და, საზოგადოდ, მოქმედებაც. მაგალითად, არსებობს სტეროიდების როგორც ადგილობრივი მოქმედების (მალამო, საინჰალაციო სითხე, წვეთები), ისე ტაბლეტირებული ფორმები. შეყვანის გზას პირდაპირი კავშირი აქვს წამლის მოქმედების სისწრაფესთან. ყველაზე სწრაფად ვენაში შეყვანილი წამალი მოქმედებს. თითქმის ტოლფასი მოქმედება აქვს ენისქვეშა ლორწოვანიდან მიღებულ მედიკამენტს. წამლის ეფექტი ყველაზე გვიან კუჭ-ნაწლავის გზით შეყვანისას მჟღავნდება ანუ ტაბლეტირებული ფორმა გაცილებით გვიან გვაძლევს ეფექტს, ვიდრე იმავე წამლის ინტრავენური ფორმა. საინჰალაციო ფორმები შესანიშნავია სასუნთქ გზებზე მოქმედების კუთხით, ვინაიდან პრაქტიკულად ადგილობრივად შეგვყავს წამალი და მინიმუმამდე ვამცირებთ სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობას. არსებობს სპეციალიზებული კანის ფორმებიც, რომლებიც ისეთი მედიკამენტებისთვის გამოიყენება, რომლებსაც ხანმოკლე მოქმედება აქვს, მაგრამ მათი ხანგრძლივი მიღებაა საჭირო. ემპლასტროს დღეში ერთხელ მოათავსებთ კანზე და ის ნელ-ნელა გამოათავისუფლებს მოქმედ ნივთიერებას.
– რა ხდება წამლის შეყვანის შემდეგ?
– რა გზითაც არ უნდა შეიყვანოთ წამალი, შეყვანის ადგილიდან ის აუცილებლად დაიწყებს მოძრაობას, გადალახავს სხვადასხვა ბარიერს და სისხლში მოხვდება. იქ გაიხსნება, გადავა პლაზმაში და სისხლძარღვების მეშვეობით ქსოვილებამდე მიაღწევს. წამალმა რომ იმოქმედოს, ის უნდა შეხვდეს და დაუკავშირდეს თავის სამიზნე მოლეკულას. ასეთი სამიზნეები სწორედ ქსოვილებშია გაბნეული. ქსოვილებიდან წამალი სისხლისავე მეშვეობით გადადის ღვიძლში, რომელიც მას ადვილად გამოსაყოფ ნივთიერებებად გარდაქმნის. ეს ნივთიერებები სისხლის ნაკადს თირკმელებამდე მიაქვს, საიდანაც ისინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
ორგანიზმში მოხვედრილ წამლის ოდენობას დოზა ეწოდება. ის ყველა მედიკამენტისთვის მკაცრად არის განსაზღვრული. შეწოვა გახლავთ პროცესი, რომელსაც წამალი შეყვანის ადგილიდან სისხლში მოხვედრამდე გაივლის. შეწოვის შემდეგ წამალი იხსნება სისხლში და პლაზმაში განსაზღვრულ კონცენტრაციას ქმნის. სინამდვილეში, მთავარია, რამდენი წამალი მოხვდება ქსოვილში, მაგრამ ქსოვილში მის კონცენტრაციას ვერ ვზომავთ, – ეს მხოლოდ ექსპერიმენტულადაა შესაძლებელი ცხოველებთან, – ამიტომ ქსოვილში წამლის კონცენტრაციაზე პლაზმაში შექმნილი კონცენტრაციით ვმსჯელობთ.
– პლაზმაში წამლის კონცენტრაცია რა ინფორმაციას გვაწვდის?
– პლაზმაში კონცენტრაცია ყველა წამალს ინდივიდუალური აქვს. არსებობს ამ კუთხით ძალიან საშიში წამლები, რომელთა კონცენტრაციის ოდნავი ცვლილებაც კი მძიმე შედეგებს იწვევს: მომატება – ტოქსიკურ ეფექტს, დაკლება კი – ეფექტის გაქრობას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასეთი წამლების სხვებთან ერთად გამოყენებისას – მეორე წამალმა პლაზმაში პირველის კონცენტრაცია არ უნდა შეცვალოს. სხვათა შორის, არსებობს არა მარტო წამლები, არამდეს საკვებიც, რომელიც პლაზამაში წამლის კონცენტრაციას ცვლის. მაგალითად, ვარფარინის დანიშვნისას პაციენტებს მკაცრად ვაფრთხილებთ, არ მიირთვან კენკრა, თეოფილინის მიღებისას რაციონიდან ამოიღონ კოფეინის შემცველი სასმელები და ნახშირზე შემწვარი ხორცი, კალციუმის ანტაგონისტებით მკურნალობისას ერიდონ ციტრუსებს, – განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენს, და ა.შ.
– კიდევ რა ახდენს გავლენას წამლის მოქმედებაზე?
– უდიდესი მნიშვნელობა აქვს წამლის შეწოვას. მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, უწინარესად კი – იონიზაციის ხარისხი ანუ გარემო, რომელშიც წამალი ხვდება, ამიტომ პაციენტს ვარიგებთ, მიიღოს წამალი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ამით შეწოვს ხარისხს ვაკონტროლებთ. შეწოვაზე გავლენას ახდენს შემწოვი ზედაპირის სისხლით მომარაგებაც – ერთი და იმავე დოზით მიღებული წამალი ლორწოვანიდან უკეთ შეიწოვება, ვიდრე კანიდან. მნიშვნელოვანია შემწოვი ზედაპრის ფართობიც. მაგალითად, თუ მალამო დიდ ზედაპირზე წავუსვით, შემწოვი ზედაპირი გაიზრდება და, ამის კვალობაზე, გაიზრდება შეწოვის ხარისხიც. ყველა მალამოს დოზის ასე ზედმიწევნით დაცვა არ არის საჭირო, მაგრამ კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოების გამოყენებისას ტუბიდან არამც და არამც არ უნდა გამოუშვათ ნახევარ სანტიმეტრზე მეტი და რა ფართობზეც გეყოფათ, იმაზე შეიზილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს შეწოვა და, ამის კვალობაზე, სისტემური ეფექტების გამოვლენის რისკიც. შეწოვაზე გავლენის მქონე კიდევ ერთი ფაქტორია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა: თუ პაციენტს მალაბსორბცია აქვს, მისი ორგანიზმი ვერც პერორალურად მიღებულ წამალს შეიწოვს. გააჩნია იმასაც, რას დავაყოლებთ წამალს – ეს უნდა იყოს წყალი და მხოლოდ წყალი.
– რძის, მინერალური წყლის დაყოლება არ შეიძლება?
– არავითარ შემთხვევაში. რძე უხვად შეიცავს კაცლიუმს – შესაძლოა, წამალი ქიმიურ რეაქციაში შევიდეს მასთან, წარმოიქმნას უხსნელი მარილი და წამალი საერთოდ აღარ შეიწოვოს. მაგალითად, ტეტრაციკლინი რძესთან ერთად გინდ მიგიღიათ, გინდ არა. კოკა-კოლა, რომლის PH მჟავაა, ზოგიერთი წამლის შეწოვას ზრდის, ზოგიერთისას კი ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას გაზიან მინერალურ წყალზეც.
– ზემოთბრძანეთ, ადგილობრივი წამალი შესაძლოა სისტემური ეფექტების მიზეზად იქცესო...
– თუ დოზა არ დაიცავით და, ამასთან, რომელიმე ზემოხსენებულმა მიზეზმა შეწოვა გააძლიერა, შესაძლოა, ზოგადი ეფექტი მართლაც განვითარდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიც. მაგალითად, გლაუკომით დაავადებულებს ხშირად ვუწერთ ბეტა-ადრენობლოკატორებს. პირველი კითხვა, რომელიც ამ დროს უნდა დავუსვათ პაციენტს, ის არის, ხომ არ აქვს ბრონქული ასთმა ან ხომ არ ჰქონია სუნთქვის გაძნელების ეპიზოდი, რადგან თვალის ლორწოვანი გარსიდან შეწოვილმა ბეტა-ბლოკატორმა შესაძლოა ბრონქული ასთმის შეტევა გამოიწვიოს.
ამრიგად, წამლებთან სიფრთხილეა საჭირო და მათ გამოყენებამდე აუცილებელია როგორც ინსტრუქციის წაკითხვა, ისე ექიმის კონსულტაციაც. გვახსოვდეს, რომ უწყინარი წამალი არ არსებობს.
– რას გვეტყვითუ კუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ?
– წამლის დანიშვნის წინ ორი რამ უნდა იქნეს გათვალისწინებული – უკუჩვენება და სიფრთხილე. უკუჩვენება არის პათოლოგიური ან ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება. სიფრთხილე გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც სასურველია, წამალი არ დაინიშნოს, მაგრამ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მეთვალყურეობით მისი გამოყენება შეიძლება. ეს ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ეს წამლის ერთ-ერთი არასასურველი ეფექტია. ფაქტობრივად არ არსებობს წამალი, გვერდით მოვლენებს რომ არ იწვევდეს და მათ ვერც ერთი ექიმი ვერ აუვლის გვერდს – წამალი ხომ ქიმიური ნივთიერებაა, მისი სამიზნეები ჩვენს ორგანიზმშია გაფანტული. წამალი უკავშირდება იმ მოლეკულებს, რომლებზე მოქმედებაც გვჭირდება, მაგრამ მათთან ერთად სხვა მოლეკულებზეც მოქმედებს. აი, ეს არის გვერდითი ეფექტი. მაგალითად, კარდიოლოგი იმიტომ ნიშნავს წამალს, რომ სჭირდება ეფექტი გულზე, მაგრამ ეფექტი, რომელსაც იგივე წამალი თვალზე ახდენს, მისთვის არასასურველია, ოფთალმოლოგისთვის კი. პირიქით, ამ წამლის გულზე მოქმედებაა გვერდითი მოვლენა.
გვერდითი ეფექტები, თუმცაღა შემაწუხებელია, უმეტესად არ არის საშიში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა საკმაოდ მძიმეც აღმოჩნდეს. საბედნიეროდ, გვერდითი ეფექტები ხშირად დოზადამოკიდებულია და დახელოვნებულ ექიმს შეუძლია, კონკრეტულ პაციენტს ისეთი თერაპული დოზა შეურჩიოს, რომ თერაპიული ეფექტი გვერდითი ეფექტების გარეშე მიიღოს.
– შესაძლოა, გვერდითმა მოვლენებმა მოგვიანებითაც იჩინოსთავი?
– გვერდითი ეფექტი ზოგჯერ მართლაც იჩენს თავს წლების შემდეგ. მაგალითად, ნებისმიერი ქიმიოთერაპიული საშუალება ათი წლის შემდეგ თვითონვე იქცევა კანცეროგენად და სიმსივნეს იწვევს. შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებებმა ექვსთვიანი კურსის შემდეგ შესაძლოა მოგვიანებითი დისკინეზია გამოიწვიოს. ქლორამფენიკოლი, იგივე ლევომიცეტინი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, არც ერთ ქვეყანაში არ არის პირველი რიგის პრეპარატი, ვინაიდან, მიკრობთა რეზისტენტობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ სიცოცხლისთვის საშიში აპლაზიური ანემიის გამოწვევაც შეუძლია.
– წამლის ზედოზირების შედეგად გამოვლენილი სიმპტომებიც გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება?
– არა, ეს უკვე ტოქსიკური ეფექტია – მდგომარეობა, რომელიც პლაზმაში წამლის მაღალი კონცენტრაციისას ვლინდება. ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს – ან ექიმმა დანიშნოს წამლის დიდი დოზა, ან პაციენტმა შემთხვევით მიიღოს იმაზე მეტი წამალი, ვიდრე დანიშნული აქვს, ან მასთან ერთად მიიღოს სხვა წამალი, საკვები ან სასმელი, რომელიც მის კონცენტრაციას ზრდის. ისიც შესაძლოა, პაციენტს დაქვეითებული ჰქონდეს თირკმლის გამომყოფი უნარი ან ღვიძლის ფუნქცია, რაც ექიმს არ გაუთვალისწინებია, წამალი დიდხანს დაყოვნდეს ორგანიზმში და ტოქსიკური ეფექტი გამოიწვიოს. სხვათა შორის, წამლის უსაფრთხოების საზომად აღებულია ე.წ. თერაპიული სიგანე ანუ დიაპაზონი მინიმალურ თერაპიულ და მინიმალურ ტოქსიკურ დოზებს შორის. რაც უფრო ფართოა ის, მით უფრო უწყინარია წამალი; რაც უფრო ვიწროა, მით უფრო საშიშია იგი.
– შესაძლოა თუ არა, წამლის მიღების წესების დაუცველობამ მისი ეფექტი შეცვალოს?
– ცხადია, შესაძლოა. ყველაფერი ეს მოქმედებს დოზაზე, სისხლში წამლის კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, მედიკამენტის ეფექტსაც ცვლის. მაგალითად, უმეტესად არ შეიძლება კაფსულის გახსნა (არადა, ჩვენში ხშირად ხსნიან და ფხვნილის სახით იღებენ). კაფსულა გარსია, რომელიც წამალს განსაზღვრული მიზნით უკეთდება. თუ მისი დანიშნულება მხოლოდ ცუდი გემოსა და სუნის დაფარვაა, გახსნა შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ კაფსულა იმისთვის კეთდება, რომ აქტიური ნივთიერება კუჭის მჟავა პჰ-ისგან დაიცვას. მისი გახსნით წამალი არატსაბილური გახდება, მარილმჟავა იმოქმედებს მასზე და ეფექტს დაუკარგავს. ზოგიერთი წამალი კი თავად აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და მხოლოდ თორმეტგოჯა ნაწლავში უნდა გაიხსნას. ამრიგად, კაფსულის გახსნას ან წამლის ეფექტის დაკარგვამდე ან გვერდითი ეფექტების გამოვლენამდე მივყავართ. კაფსულას ხშირად ხსნიან დოზის გასაყოფად – ესეც კატეგორიულად იკრძალება. შინ არც ერთ პაციენტს არ ექნება ისეთი ხელსაწყო, რომ ასეთი მცირე რაოდენობის ნივთიერებას ზუსტად წონიდეს, დოზა კი ზუსტად უნდა იქნეს დაცული.
– არც ტაბლეტის გაყოფა შეიძლება?
– ტაბლეტის გაყოფა ნებადართულია განსაზღვრულ შემთხვევებში. საზოგადოდ, გაყოფის არსი ისაა, რომ დოზა შესატყვისად შემცირდეს. თუ ტაბლეტს აქვს გამყოფი ხაზი, ამით წამლის მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ მასში ნივთიერებები თანაბრადაა განაწილებული და მისი გაყოფა შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.
– როგორ შევინახოთ წამალი?
– ყველა წამალს აქვს შენახვის მკაცრი წესი, რომელიც საცავშიც, აფთიაქშიც და სახლშიც ზედმიწევნით უნდა დავიცავთ. განათებასაც კი აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ქიმიური ნაერთები სინათლეზე შესაძლოა გააქტიურდეს ან დაიშალოს, ასეთი წამალი კი გინდ მიგიღიათ, გინდ არა. მაგალითად, ტეტრაციკლინები, ყვითელი ტაბლეტები, თუ სინათლეზე შევინახეთ, ყავისფერდება – გარდაქმნება სხვა ნივთიერებად, რომელიც არათუ აღარ წამლობს, არამედ წამლავს – თირკმლის მილაკების ნეკროზს იწვევს.
გვახსოვდეს, რომ წამალს აქვს ორი ვადა. ერთი – ეს არის ვადა, რომელიც შეფუთვაზე წერია. ის შეფუთული მედიკამენტის ვარგისობაზე მიუთითებს. მეორეა ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ. სამწუხაროდ, მას ყურადღებას არავინ აქცევს. თვალის წვეთებს რომ გავხსნით, უნდა დავაწეროთ, რა რიცხვში გავხსენით და ორი თვის მერე აღარ გამოვიყენოთ. მალამო ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, ტაბლეტები – შედარებით მეტხანს – წელიწადს, წელიწადნახევარს (გარდა ბლისტერებისა, რომელთა შენახვა უფრო მეტხანსაც შეიძლება), ოღონდ აქაც არის გამონაკლისები. მაგალითად, ნიტროგლიცერინის ტაბლეტების გამოყენება გახსნიდან 2 თვის განმავლობაშია ნებადართული.
წამლის შესანახად საჭიროა ადგილის შერჩევაც – ის სიბნელეში, სიმშრალესა და სიგრილეში უნდა ინახეოდეს. მაცივარი გამოსავალი არ არის, იქ სინესტე ირღვევა. წამლების შესანახად განკუთვნილი მაცივრები სხვაგვარად მუშაობს, მათში სპეციალური რეჟიმია, სახლის პირობებში კი მაცივარში მხოლოდ მალამოებისა და სანთლების შენახვაა ნებადართული. არ შეიძლება ტაბლეტების ცელოფნის პარკში შენახვა, ვინაიდან იქ ნესტიცა და სინათლეც უფრო იოლად აღწევს, ვიდრე კოლოფში.
როგორც ხედავთ, იმისთვის, რომ ერთი შეხედვით ძალზე მარტივი პროცედურა, წამლის მიღება, სწორად შევასრულოთ, მრავალი წესის ცოდნა და დაცვაა საჭირო. ცხადია, სამედიცინო განათლების არმქონე პირს ფარმაკოლოგიის ზედმიწვენით ცოდნა არ მოეთხოვება. მთავარია, წამლის მიღების წინ გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, კარგად გავეცნოთ ინსტრუქციას და დავიხსომოთ ერთი რამ – წამალთან ხუმრობა არ ღირს!