სულის უბადლო მკურნალი

გააზიარე:

 სახელგანთქმული ექიმის საძებნელად შორს წასვლა არ დაგვჭირვებია, ის თავად მოვიდა ჩვენთან. “ავერსის” აფთიაქ “ჭიაურელის” თანამშრომელი, ფარმაცევტი ლია სხირტლაძე, ცნობილი ფსიქიატრის ივანე სხირტლაძის შვილთაშვილი აღმოჩნდა და სიამოვნებით გვიამბო ბაბუის შესახებ. ეს ფოტოებიც, რომლებიც პუბლიკაციას ერთვის, ლიამ მოგვაწოდა.

 

“დაუვიწყარ მოგონებად რჩება ჩემთვის გამოჩენილი, ძალზე ნიჭიერი ექიმი ფსიქიატრი ივანე სხირტლაძე. მე კარგად ვიცნობდი იმ ნათელ პიროვნებას. იგი ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ. ეს საავადმყოფო ეგრეთ წოდებული ფერმის მახლობლად, მაღლობზე, მისივე ხელმძღვანელობით იყო დაარსებული”, – ასე იხსენებს კოლაუ ნადირაძე ჩანაწერებში გამოჩენილ ექიმს.

ივანე რაჭაში, სოფელ მრავალძალში დაიბადა 1894 წლის 22 ივნისს. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა ვანოს მამას, ხარება სხირტლაძეს, გუდა-ნაბადი ააკვრევინა და ცოლ-შვილით ქალაქის გზას გაუყენა. მომავალი ექიმი მაშინ სამი წლისაც არ იქნებოდა.

1905 წლის სახალხო რევოლუციაში ივანე სხირტლაძე თანამოაზრეებსა და მეგობრებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. მაშინ საქართველოს სწავლადამთავრებული ახალგაზრდების ერთი ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთსა და დასავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო ქალაქებში მიდიოდა. გამონაკლისი არც ივანე ყოფილა. იგი პეტერბურგში გაემგზავრა და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. პირველი მსოფლიო ომის წლებში მესამეკურსელი ივანე ჯარში გაიწვიეს. ომმა მასში დიდი გარდატეხა მოახდინა და მანაც პროფესიის შეცვლა განიზრახა – ექიმობა მოინდომა. ჯარიდან დაბრუნებული, თბილისში ჩამოვიდა და ახალდაარსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ დიდი ქართველი ექიმები: ა. ალადაშვილი, გ. ღამბაშიძე, გ. მუხაძე, ნ. კახიანი, მ. ასათიანი და ვ. ჟღენტი. “სტუდენტობის წლებში ივანე სხირტლაძე გამოირჩეოდა უაღრესად დიდი შრომისმოყვარეობით, სიბეჯითით და გულკეთილობით. იგი არა მარტო სპეციალური სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების შესწავლაში იყო გამორჩეული, არამედ უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩაბმული”, – იხსენებს მისი უნივერსიტეტის მეგობარი, შემდგომში მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი გიორგი ლორთქიფანიძე.

1922 წელს ივანე სხირტლაძემ სწავლა როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. ბუნებრივმა ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო და იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ როსტოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში ორდინატორად დატოვეს პროფესორ ა. იუშენკოსთან. სწორედ აქ შექმნა მან სამედიცინო ნაშრომები: “ეპიდემიური ენცეფალიტის კლინიკა და მკურნალობა”, “ნევროზები და ფსიქოზები ბავშვთა ასაკში”. 1924-1926 წლებში ქართველი ექიმი ნოვოჩერკასკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გამგედ მუშაობს და მთელ თავის ახალგაზრდულ ენერგიას ხალხის ჯანმრთელობის დაცვას ახმარს. ამ პერიოდში ივანე სხირტლაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლენინგრადში გაგზავნეს, სადაც გამოჩენილი საბჭოთა ფსიქიატრი, ვ. ბეხტერევი მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიღრმავა ივანე სხირტლაძემ ცოდნა ფსიქიატრიაში.

განსაკუთრებული სირთულისა და სიმძიმის გამო ფსიქიატრიის დარგი ოციან წლებში სპეციალისტთა დიდ ნაკლებობას განიცდიდა. მხოლოდ ზოგიერთი, ხალხისთვის თავდადებული ადამიანი თუ გაბედავდა ამ განხრით მუშაობას. ივანე სწორედ ასეთი იყო. მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ შესანიშნავმა ორგანიზაციულმა ნიჭმა, შრომისმოყვარეობამ, კეთილსინდისიერებამ, პრინციპულობამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ ივანეს დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოუტანა.

1927 წელს ივანე სხირტლაძე სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად ინიშნება და მთელი დასავლეთ საქართველოს ფსიქიატრიული სამსახურის ხელმძღვანელობა ეკისრება, 1929 წელს კი ის ქუთაისში გადაჰყავთ, სადაც ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად იწყებს მუშაობას. აქვე ევალება ბათუმის, სოხუმისა და ფოთის მოსახლეობის ფსიქიატრიული სამსახურის ხელმძღვანელობაც. პროფესორი ევტიხი გობრონიძე იგონებს: “მძიმე დაბრკოლებებით სავსე და რთული ცხოვრების გზა განვლო მან, მაგრამ დაბრკოლებებს, წინააღმდეგობებს და გაჭირვებას შეუპოვრად ებრძოდა. ქედს არ იხრიდა და ყოველთვის გამარჯვებული და კმაყოფილი რჩებოდა. მე მქონდა შემთხვევები მენახა, თუ როგორ ხელმძღვანელობდა იგი შრომისუნარიანი ფსიქიკური ავადმყოფების მუშაობას მომავალი საავადმყოფოს ტერიტორიის დამუშავებაში და აგრეთვე თვით საავადმყოფოს მშენებლობაზე. ივანე სხირტლაძე პირადად მუშაობდა ფიზიკურად და ამით კარგ მაგალითს ძლევდა თანამშრომლებს და პაციენტებს... მოწმე ვარ იმისა, ეს ვეებერთელა, წარმოსადეგი და გოლიათი ვაჟკაცი ვანო სხირტლაძე წერაქვით ხელში როგორ მუშაობდა საავადმყოფოს სარდაფის და საწყობების მშენებლობაზე”.

მისი ინიციატივით და ქუთაისის სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოების გადაწყვეტილებით, 1929 წლის 26 ივნისიდან ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილება გაიხსნა. ასეთი სპეციალური სამსახურის შექმნის აუცილებლობა გარდაუვალი იყო, რადგან მედიცინის სხვა დისციპლინათა შორის ფსიქიატრიული ექსპერტიზა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებდა ექიმ- ექსპერტს.

1930 წელს ივანე სხირტლაძე ბავშვთა ფსიქონევროლოგიისა და დეფექტოლოგიის შესასწავლად საკმაოდ დიდი ხნით ლენინგრადში გაემგზავრა. იქიდან დაბრუნებულმა, ოცდაათიან წლებში დასავლეთ საქართველოში პირველმა განახორციელა ბავშვთა ფსიქოლოგიური და დეფექტოლოგიური ხასიათის მოშლილობების დროს სპეციალიზებული დახმარების სამსახურის შექმნის ორგანიზაცია. 1933 წლიდან ივანე საბოლოოდ დამკვიდრდა ქუთაისში. აქ იგი სამკურნალო ნაწილში ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგის მოადგილედ დაინიშნა. ამის პარალელურად თვალსაჩინო სამკურნალო საქმიანობასაც ეწეოდა. ივანემ მალე მოიხვეჭა ავტორიტეტი საზოგადოების ფართო ფენებში და მრავალმხრივი ცოდნითა და კლინიცისტური გამოცდილებით დიდი სარგებელი მოუტანა მოსახლეობას. სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ქუთაისში სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი. 

დისპანსერის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში სხირტლაძემ აღნიშნა: “მეფის მთავრობა სულით ავადმყოფებისთვის მხოლოდ მონასტრებსა და საპყრობილეებს იმეტებდა, ზოგჯერ მათ სამეძაო სახლებშიც ათავსებდნენ. არავინ ზრუნავდა მათი ჯანმრთელობის აღდგენაზე. ტანჯვა-წამებისთვის იყვნენ ისინი განწირული. ახლა ჩვენ ვაშენებთ სამედიცინო და სოციალური დანიშნულების სრულიად ახალ საავადმყოფს,რომელიც მეცნიერების უკანასკნელი სიტყვის მიხედვითაა აღჭურვილი”. ივანე სხირტლაძე პაცენტთა მკურნალობის კომპლექსში დიდ ყურადღებას ანიჭებდა შრომით თერაპიას. მას მიაჩნდა, რომ პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის უპრიანი იყო, თუ მედიკამენტურ, ბიოლოგიურ და ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობას შრომითი საქმიანობაც შეეწყობოდა. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სამედიცინო ტექნიკუმის დაარსებაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გარდა ამისა, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში წლების განმავლობაში კითხულობდა ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსს.

ივანეს მეუღლე მკურნალი, მეოჯახე და დედა ელენე ყიფიანი იყო. გამოჩენილი ექიმის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ელენე ქუთაისის ბავშვთა სტომატოლოგიური დახმარების ცენტრში მუშაობდა, რომელიც მაშინ მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურებოდა.

ივანე თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულ, გერმანულ, არაბულ ენებზე, კარგად იცნობდა ევროპისა და აზიის ხალხთა კულტურას და თარგმნა კიდეც რამდენიმე გამოკვლევა, რომლებიც ფსიქონევროლოგიური აზროვნების განვითარებისაკენ არის მიმართული.

საქართველოს დამსახურებული ექიმი ანდრო ცხადაძე ასე იგონებს გამოჩენილ ფსიქიატრს: “ივანეს პიროვნებაში ჰარმონიულად იყო შერწყმული დიდი სპეციალისტისა და განსაკუთრებულად გულთბილი, სპეტაკი ადამიანის თვისებები. იგი ავადმყოფებისთვის იყო არა მხოლოდ მკურნალი, არამედ მათი უახლოესი მეგობარიც. ამ თვისებებით იგი მკურნალობაში ყოველთვის დადებით შედეგს აღწევდა”.

“შემოვლაზე თუ რაიმე უწესრიგობას შეამჩნევდა, სხვების თანდასწრებით შენიშვნას არ მოგვცემდა. კაბინეტში მიგვიწვევდა, დაგვარიგებდა, გვასწავლიდა, გაგვაფრთხილებდა და ბოლოს გვეტყოდა: “მე, შენ და ოთხი კედელი…” მახსოვს, ერთხელ საავადმყოფო ღამით შეამოწმეს. მორიგეები თავიანთ მოვალეობას ფხიზლად და ღირსეულად ასრულებდნენ, რითაც საავადმყოფომ მადლობა დაიმსახურა. მეორე დღეს, საერთო შეკრებაზე, მთავარი ექიმი სიხარულს ვერ მალავდა, ბავშვივით იყო გალაღებული. მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ექიმებს... ავადმყოფთა მიმართ საოცარ მზრუნველობას იჩენდა”, – იხსენებენ ყოფილი თანამშრომლები.

დამსახურებული ქართველი ექიმი გრ. მხეიძე ივანე სხირტლაძეზე წერდა: “არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით არ ყოყოჩობენ, საგმირო თავგადასავლებით ვერავის გააოცებენ, მაგრამ იმდენად შინაარსიანი და მიმზიდველი ცხოვრება გაუტარებიათ, რომ ხალხის პატივისცემას იმსახურებენ, სახელს იხვეჭენ თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით, უმწიკვლო შრომით. ივანე სხირტლაძეს ახასიათებდა ყოველი ის თვისება, რაც საჭიროა ექიმისთვის: კეთილშობილება, ჰუმანურობა, სიფაქიზე, დიდი მოვალეობის გრძნობა და თავისი საქმის სიყვარული. მას, როგორც ექიმ ფსიქიატრს, კარგად ესმოდა, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების პათოლოგიის მკურნალობა ექიმისგან არა მარტო დიდ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ გარკვეულ პირად ადამიანურ თვისებებსაც მოითხოვს”.

ივანეს გარდაცვალებას კოლეგები, ნათესავები და პაციენტები დიდი გულისტკივილით შეხვდნენ. მადლიერების ნიშნად ქუთაისში რუსთაველის გამზირის მეორე შესახვევს ივანე სხირტლაძის ქუჩა ეწოდა, ხოლო ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქალაქის პირველ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს მისი სახელობის მემორიალური დაფა გაუკეთეს.

                                                                                                                                                                                            ნინია მაჭარაშვილი

                                                                                                                                                                                            თამარ არქანია

 

გააზიარე: