სიკვდილთან მებრძოლი ჯადოქარი
გააზიარე:
საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ვირსალაძეს, სამსახურში ვესტუმრეთ. მის ბაბუაზე, სახელგანთქმულ ექიმ სპირიდონ ვირსალაძეზე ვაპირებთ საუბარს. შვილიშვილის ექიმობას სპირიდონი არ მოსწრებია. სამაგიეროდ, დავითს ახსოვს საინტერესო დეტალები ბაბუის ცხოვრებიდან, ბევრი რამ ბებიის ნაამბობიდანაც ჩარჩენია მეხსიერებაში...
სპირიდონ ვირსალაძე 1968 წელს იმერეთში, ნახშირღელეში დაბადებულა. თავიდანვე ექიმობა ნდომებია... ბატონი დავითის პროფესიულ არჩევანში ბაბუის ფაქტორმა უდიდესი როლი რომ შეასრულა, უთქმელადაც ცხადია. ფაქტობრივად საავადმყოფოში გავიზარდეო, გვიამბობს: “მიქაელის საავადმყოფო ხომ იცით – მისი მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს ორი ორსართულიანი სახლი დგას. ერთში ჩვენ ვცხოვრობდით, მეორეში – გრიგოლ მუხაძე ოჯახითურთ. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მთელმა ჩემმა ბავშვობამ საავადმყოფოს კედლებს შორის გაიარა...”
მასპინძელი გვიხსნის, რომ ბაბუასთან დაკავშირებული ყველა მასალა მისმა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ არქივს გადასცა. ჩვენც იქით ვიღებთ გეზს. ძველი, გაყვითლებული, წარსულის სურნელით გაჟღენთილი ფურცლების თვალიერებას საოცარი ხიბლი აქვს... მასალებს შორის სპირიდონ ვირსალაძის შვილის, ასევე ცნობილი ექიმის კოტე ვირსალაძის ხელნაწერს ვაწყდებით. როგორც ჩანს, სპირიდონ ვირსალაძის დაბადების 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სიტყვაა. ათასგზის გადახაზულ სტრიქონებს შორის ვკითხულობთ: “მეუხერხულება საკუთარ მამაზე წერა, მაგრამ მისი მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან მამის შესახებ იმდენი სიტყვიერი ფაქტი მიპყრია ხელთ, ნამდვილად სუბიექტური ვიქნები... ღარიბი გლეხის შვილი, სწავლას მოწყურებული, სოფლიდან ქუთაისში ფეხით მიდიოდა და, მიუხედავად დასველებული ქალამნებისა, ჯიუტად აგრძელებდა თავის ჩანაფიქრს – ცოდნის შეძენას”.
სკოლის დამთავრების შემდეგ სპირიდონს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია, თუმცა არალეგალური ლიტერატურის კითხვის გამო იქიდან მალევე გაურიცხავთ და იძულებული გამხდარა, განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასულიყო. თავდაპირველად კიევის სასულიერო სემინარია დაუმთავრებია. მისთვის მღვდლობა შეუთავაზებიათ. სპირიდონს უარი უთქვამს და ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისკენ აუღია გეზი... “უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაწილებით დაღესტანში მოხვდა, 1896 წელს კი ცოდნის ასამაღლებლად პეტერბურგს მიაშურა. იქ, ობუხოვის საავადმყოფოსა და სხვა კლინიკებში, მან რამდენიმე წელი იმუშავა სერგეი ბოტკინის მოწაფეების, ვლადიმირ ბეხტერევისა და ალექსანდრ ნეჩაევის, ხელმძღვანელობით”, – გვიამბობს ბატონი დავითი.
საქართველოში 1909 წელს დაბრუნებულა და თბილისის წმინდა მიქაელის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროს ორდინატორად (მთავარი ექიმის მოადგილედ) დაუწყია მუშაობა, 1918 წელს კი მთავარ ექიმად დაუნიშნავთ. იგი 22 წელი ხელმძღვანელობდა ამ სამკურნალო დაწესებულებას.
სპირიდონ ვირსალაძე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია. 1916-1917 წლებში სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაფუძნებაში. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე ამ ფაკულტეტის პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგედ აირჩიეს, 1921 წელს კი ის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას ჩაუდგა სათავეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მოღვაწეობდა. ვირსალაძე იყო პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ “ექიმის” რედაქტორი.
იმხანად მიქაელის საავადმყოფოს კონტინგენტს უმთავრესად მალარიით დაავადებულები შეადგენდნენ. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე წერდა: “საქართველოს ერი ფიზიკურად დასუსტებული და დაუძლურებულია, დგას გადაგვარებისა და გადაშენების გზაზე. ტუბერკულოზი და მალარია ეროვნულ ავადმყოფობებად არიან ჩათვლილნი... ეს მოვლენანი ისეთ უბედურებას შეადგენს ხალხის მომავლისთვის, რომ თუ დროზე შესაფერისი ზომები არ იქნა მიღებული, ხალხს ვერ დავიხსნით დაღუპვისაგან”. ცხოვრების მიზნად მან მალარიასთან ბრძოლა დაისახა. ამ დაავადების თავისებურებების, მასთან ბრძოლის ხერხების შესასწავლად სპირიდონ ვირსალაძეს დასავლეთ ევროპის უამრავ ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში – უმოგზაურია და თერაპიასა და ტროპიკულ მედიცინაში მნიშვნელოვნადაც აუმაღლებია კვალიფიკაცია. ყველაზე მეტი ხანი ჰამბურგში დაუყვია, სადაც მჭიდრო მეცნიერული და მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია ინსტიტუტის დირექტორთან ბერნარდ ნოხტთან.
სპირიდონ ვირსალაძე კავკასიაში მალარიასთან მებრძოლი ინსტიტუტის დაარსებაზე ოცნებობდა. ამ რეგიონში ტროპიკულ სნეულებებთან ბრძოლის მეცნიერული გეგმაც კი შეიმუშავა. 1919 წელს პროექტი რუსეთის სამინიტროს საუწყებათაშორისო კომისიაში გაგზავნა განსახილველად, მაგრამ უარი მიიღო… დიდი ხნის ოცნება მხოლოდ 1921 წელს აუსრულდა. ახალდაარსებულ დაწესებულებას თავდაპირველად ტროპიკულ სნეულებათა ცენტრალური სადგური ერქვა. მოგვიანებით, 1924 წელს, ის ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა. ამჟამად მის ადგილას პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც სპირიდონ ვირსალაძის სახელს ატარებს.
სპირიდონმა უამრავი ენერგია შეალია ინსტიტუტის მშენებლობას, მაგრამ მისი კლინიკური განყოფილების გახსნას ვერ მოესწრო...
სპირიდონ ვირსალაძეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთაც იცნობდნენ. თანამედროვენი იხსენებენ, რომ მეცნიერულ ერუდიციასთან ერთად იგი უჩვეულო ენერგიით და საზოგადოებრივი საქმის გულწრფელი სიყვარულითაც იყო დაჯილდოებული, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონგრესებსა და ყრილობებში. “ექიმთა და ფართო საზოგადოებრივ წრეებში ვირსალაძე ცნობილი იყო როგორც მძიმე ავადმყოფთა სიკვდილისგან მხსნელი ჯადოქარი, დიდი კლინიცისტი, დიაგნოსტი და მკურნალი”, – წერს გიორგი მარუაშვილი.
სიმონ კანდელაკთან ერთად სპირიდონ ვირსალაძის დიდ დამსახურებადაც უნდა ჩაითვალოს 1928 წელს მეცნიერულ-საზოგადოებრივი ჟურნალის “ტროპიკული მედიცინის მოამბის” გამოცემა, რომლის პასუხისმგებელი რედაქტორი იყო 1930 წლამდე. მედიცინის საკითხებზე მან 69 მეცნიერული ნაშრომი დაგვიტოვა.
ბატონი დავითი გვიამბობს, რომ ბაბუა მეტად გულჩვილი ადამიანი ყოფილა: “ბებიაჩემისგან გამიგონია, როგორ მოიქცა სპირიდონი, როცა მისი უფროსი ვაჟი, ჩემი სეხნია, გერმანიაში მიდიოდა. გააცილა მატარებელზე, დაბრუნდა შინ და უხასიათოდ წამოწვა. კარგა ხნის დუმილის შემდეგ მეუღლემ უთხრა, თუ ასე დარდობ, აგერ ეტლი და სანამ ბაქოდან ჩრდილოეთ კავკასიამდე ჩასულა, დაეწიეო. გახარებული სპირიდონი გზას გაუდგა და ვლადიკავკაზში ჩასულ შვილს და მის მეგობრებს იქ დახვდა. გერმანიაში ჩასულები, ცას ავყურებდით, სპირიდონმა აქაც არ ჩამოგვაკითხოსო, – ჰყვებოდა მერე დავითი”.
კოტე ვირსალაძის მოგონებებში ერთ ასეთ ამბავსაც წავაწყდით: “მამაჩემს კარგად ესმოდა, რომ მე ზედმიწევნით თავმდაბალი და მორიდებული ბავშვი ვიყავი, სწორედ ამიტომ გაუკვირდა და გაეცინა, როდესაც მე მას შემდეგი სიტყვებით მივმართე: რატომ არ ხარ შენ ფილიპე მახარაძე-მეთქი? ეს ჩემი სიტყვები ხუმრობად ჩათვალა და ხუმრობითვე მიპასუხა: რატომ გგონია, რომ ფილიპე მახარაძეზე ნაკლები ვარო? მე ვუპასუხე: იმიტომ, რომ მას შესანიშნავი ავტომანქანა ჰყავს, შენ კი არა-მეთქი. იმ პერიოდში მე იმდენად მიყვარდა და ისე ვიყავი გატაცებული მანქანებით, რომ სწორედ ავტომანქანა იყო ჩემთვის ყველაფრის საზომი”.
დავითი კიდევ ერთ კურიოზს გვიამბობს ბაბუაზე. ერთხელ სპირიდონი მოსკოვში სერგო ორჯონიკიძესთან ყოფილა სტუმრად. დილით, ჩაის სმის დროს, გაზეთის კითხვა ჰყვარებია. ერთ დილას, როცა ჩაის სმითა და კითხვით იყო გართული, კარზე ვიღაცას დაუკაკუნებია და შემოსულა. ვინ მოვიდაო? – უკითხავს ოთახიდან სერგოს. ვიღაც სამხედროო, – გაზეთისთვის თვალიც არ მოუშორებია, ისე უპასუხია სპირიდონს. ვიღაც სამხედრო კი არა, სტალინიო, – შეუსწორებია მოსულს...
სპირიდონ ვირსალაძემ შესანიშნავი შთამომავლობა დაუტოვა სამშობლოს. მათ შორის – ჩვენი რესპონდენტი, ბატონი დავით ვირსალაძე, სახელგანთქმული თეატრალური მხატვარი სოლიკო ვირსალაძე, რომელიც ანსამბლ “სუხიშვილების” კოსტიუმების მხატვარი გახლდათ ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დროს; სპირიდონ ვირსალაძის შვილიშვილია ცნობილი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
სპირიდონ ვირსალაძე 1930 წლის 30 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
ნინია მაჭარაშვილი
თამარ არქანია