ვიზიტი გინეკოლოგთან – ქალის ცხოვრების აუცილებელი რუტინა

გააზიარე:

ზოგი ქალი გინეკოლოგის სავარძელზე პირველად ორსულობის დროს ხვდება. არადა, გინეკოლოგთან პერიოდული ვიზიტი ისევე აუცილებელია, როგორც სტომატოლოგთან სიარული.

მაშ, როდის უნდა მივმართოთ ამ დარგის სპეციალისტს, რას უჩივიან ყველაზე ხშირად ქალები და უმთავრესად რა აინტერესებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ? ამ და სხვა კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ექიმმა გინეკოლოგმა, თსუ დოქტორანტმა ლელა თანდაშვილმა გვიპასუხა.

ინფორმაცია

– გინეკოლოგთან ვიზიტი სამ ძირითად მიზანს ემსახურება: ინფორმაციის მიღებას, პრევენციას და მკურნალობას. სწორედ გინეკოლოგისგან უნდა მიიღოს ქალმა კომპეტენტური ინფორმაცია სქესობრივი ცხოვრების, მენსტრუალური ციკლის ხასიათისა და ნორმების, ჰიგიენის, ორსულობის დაგეგმვის საკითხებზე.

– ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ხომ არ გასცემთ პასუხს ქალების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს?

– სიამოვნებით. გინეკოლოგთან ვიზიტის დროს ყველაზე ხშირად შემდეგ კითხვებს სვამენ:

ციკლის ნორმები

• როდის მიიჩნევა მენსტრუალური ციკლი ნორმალურად და რა შემთხვევაში მივმართოთ გინეკოლოგს?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, მენსტრუალური ციკლი ნორმალურად მიიჩნევა, როდესაც მენსტრუაციებს შორის შუალედია 21-35 დღე, ხოლო თავად მენსტრუაცია 2-7 დღე გრძელდება, თუმცა ლიტერატურაში შეხვდებით სხვა მონაცემებსაც. მაგალითად, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგია (The American College of Obstetricians and Gynecologists) ნორმად მიიჩნევს 24-38-დღიან ციკლს, რომლის დროსაც მენსტრუაციის ხანგრძლივობაა 2-8 დღე. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ნორმებით ვსარგებლობთ. ასე რომ, როცა მენსტრუალური ციკლი 21 დღეზე ხანმოკლეა ან 35 დღეზე ხანგრძლივი, ეს დარღვევად მიიჩნევა და სათანადო კვლევასა და მკურნალობას მოითხოვს.

გამონადენი

• რა შემთხვევაში მიიჩნევა პათოლოგიად სისხლიანი გამონადენი? რა მიგვანიშნებს, რომ დროა, ექიმს მივმართოთ?

– ექიმთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, თუ გაქვთ

* სისხლიანი გამონადენი

. მენსტრუაციებს შორის (თუნდაც წვეთების სახით);

. მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის შემდეგ რამდენიმე დღე (მოყავისფრო, შესაძლოა, წვეთების სახით);

. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;

. მენოპაუზის პერიოდში;

* უხვი მენსტრუაცია (გრძელდება 7 დღეზე მეტხანს ან იძულებული ხართ, გამოიცვალოთ ჰიგიენური საფენი`ტამპონი 2 საათზე ნაკლებ ხანში (დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით)).

აქვე დავძენ, რომ პათოლოგიური სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: საშვილოსნოს ტანისა და ყელის პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (საშვილოსნოს შიგნითა შრის ნორმაზე მეტად გასქელება), ენდომეტრიოზი`ადენომიოზი, ანოვულაცია, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციული საშუალება (სპირალი), თვითნებითი აბორტი, საშვილოსნოსგარე ორსულობა, საშვილოსნოს ტანის`ყელის კიბო.

ჰიგიენა

• როგორია ქალის პირადი ჰიგიენის მთავარი პრინციპები?

– არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირადი ჰიგიენის წესების დაცვა საგრძნობლად ამცირებს ავადობას.

პირადი ჰიგიენის პირველი წესია გამდინარე წყლით ხელების ხშირი ბანა. სასქესო ორგანოების ჰიგიენა კი გულისხმობს:

* ბამბის საცვლების გამოყენებას – 2018 წელს ევროპაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბამბის ქსოვილი საგრძნობლად ამცირებს სოკოვანი ვაგინიტის რისკს;

* მენსტრუაციის პერიოდში საფენების`ტამპონების გამოყენებას და მათ ხშირ (3-4 საათში ერთხელ) ცვლას;

*  საშოს სანაციისთვის (ე.წ. საშოს გამორეცხვისთვის) თავის არიდებას.

რამდენიმე ათეული წლის წინ საშოს სანაცია მკურნალობის გავრცელებული მეთოდი იყო. განვითარებულ ქვეყნებში ის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან პაციენტები (უმეტესად – რეგიონებიდან), რომლებიც ახლობლებისა თუ ექიმების რეკომენდაციით იტარებენ ამ პროცედურას. საშოს სანაცია იწვევს საშოს ლორწოვანის გაღიზიანებას, მორეციდივე სოკოვან ვაგინიტს და ბაქტერიულ ვაგინოზს, რომელსაც ახასიათებს საშოდან უსიამოვნო სუნი. სანაციის დროს ირღვევა საშოს ნორმალური ფლორის ბალანსი და ხელსაყრელი გარემო იქმნება პათოლოგიური ბაქტერიების გასამრავლებლად. თანამედროვე მედიცინაში ეს მეთოდი ვაგინალურმა სანთლებმა შეცვალა.

იგივე რეკომენდაციები ეხება ორსულებსაც. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ზოგიერთს ჰგონია, ორსულობის დროს ქალს განსხვავებული მოვლა სჭირდება. მაგალითად, მყავდა ორსული, რომელმაც 26-ე კვირის ვადაზე ვიზიტის დროს მკითხა, როდიდან შეიძლებოდა მისთვის ტანის დაბანა. აღმოჩნდა, რომ, რაც ორსულობა დაუდასტურდა, “მუცელი რომ არ მოშლოდა”, ბებიის რჩევით, აღარ იღებდა შხაპს. დიახ, ასეთებიც ხდება.

ორსულობამდე

• რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობისთვის მზადება? აუცილებელია თუ არა დაორსულებამდე გინეკოლოგთან მისვლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სასურველია, ქალმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე დაიწყოს 400 მგ ფოლიუმის მჟავას ყოველდღიური მიღება, ვინაიდან ორგანიზმში მისი ადეკვატური დონე ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტების, მაგალითად, ზურგის ტვინის თიაქრის განვითარების რისკს.

ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეფასების აუცილებლობა კი სწორედ ვიზიტის დროს ირკვევა. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ჭარბი წონა ან წონას სწრაფად იმატებს, ვურჩევთ, გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოზის დონე, მოიწესრიგოს დარღვევები (თუ აღმოაჩნდა) და ისე დაგეგმოს ორსულობა. თუ პაციენტი სამსახურის გამო დღის უმეტეს ნაწილს ოფისში ატარებს, ვურჩევთ D ვიტამინის დონის განსაზღვრასაც – ამ ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა თვითნებითი აბორტის მიზეზად იქცეს.

თუ პაციენტს არასოდეს ჩაუტარებია გამოკვლევა სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე, პირველ ორსულობამდე რეკომენდებულია ამის გაკეთებაც. მომდევნო ორსულობის დაგეგმვისას, თუ სქესობრივი პარტნიორი იგივეა და, თავის მხრივ, არც ამ უკანასკნელს ჰყოლია სხვა პარტნიორი, გამოკვლევა აუცილებელი არ არის.

პრევენცია

• უვნებელია თუ არა გრიპის აცრა ორსულებისთვის?

– გრიპის ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. არსებობს მისი A, B და C ტიპები. ადამიანები მხოლოდ A და B ტიპის ვირუსებით ავადდებიან. ორსულები და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს. თუ ორსული გრიპის ვირუსით დაინფიცირდა, მოსალოდნელია პნევმონია, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, იშვიათად – დედის სიკვდილიც კი. A და B ტიპის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება სამვალენტიანი ინაქტივირებული ვაქცინა (TIV), სამვალენტიანი ცოცხალი შტამების შემცველი ვაქცინა (LAIV) და ოთხვალენტიანი ცოცხალი შტამების შემცველი ვაქცინის (LAIV) ინტრანაზალური აპლიკაცია. ორსულებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან სამვალენტიან ინაქტივირებულ ვაქცინას (TIV) იყენებენ.

აცრასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამერიკის სამეანო-გინეკოლოგიური კოლეგიის 2018 წლის რეკომენდაციები ასეთია:

* გრიპის ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში (ინაქტივირებული ვაქცინა).

* აცრა რეკომენდებულია ეპიდემიის პერიოდში (ნოემბერ-მარტში).

* ოთხმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ გრიპის აცრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებს გაცილებით დაბალი აქვთ გრიპით დაავადების რისკი.

* ექვს თვემდე ახალშობილთა აცრა უეფექტოა, ამიტომ რეკომენდებულია პასიური ვაქცინაცია (ანტისხეულების ტრანსპლაცენტური გადასვლა).

აცრის უკუჩვენებებია 6 თვემდე ასაკი და წინა აცრისას გამოვლენილი მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია. კვერცხზე ალერგიის მქონე პაციენტებთან ალერგიული რეაქციის ალბათობა დიდია!

ხშირად გაისმის შემდეგი კითხვებიც: როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან, სქესობრივად გადამდები ინფექციებისგან, ონკოლოგიური დაავადებებისგან.

ამერიკის სამეანო-გინეკოლოგიური კოლეგია გვირჩევს, დაავადებათა პრევენციის მიზნით წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური ვიზიტით ვესტუმროთ გინეკოლოგს. ამ ვიზიტის დროს ჩატარდება გასინჯვა გინეკოლოგიურ სავარძელზე, პაპ-ტესტისთვის ნაცხის აღება საშვილოსნოს ყელიდან, საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპიური კვლევა.

პაპ-ტესტი

• რა არის პაპ-ტესტი?

– პაპ-ტესტი კვლევის მეთოდია: საშვილოსნოს ყელიდან იღებენ უჯრედებს, ამუშავებენ სპეციალური ხსნარებით და ამ გზით ადგენენ პათოლოგიებს (საშვილოსნოს ყელის ფონურ და კიბოსწინარე დაავადებებს), რომლებმაც, თუ ნებაზე მივუშვით, წლების შემდეგ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს.

• რა ასაკშია რეკომენდებული პაპ-ტესტის ჩატარება?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, პაპ-ტესტი უნდა ჩაუტარდეს 21-დან 65 წლამდე ასაკის ყველა ქალს სამ წელიწადში ერთხელ, თუ წინა კვლევის პასუხი იყო დამაკმაყოფილებელი. 65-ს გადაცილებული ქალებისთვის ტესტის ჩატარება არ არის აუცილებელი, იმ პირობით, რომ მანამდე რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, იტარებდა მას და უკანასკნელი მონაცემები ნორმას შეესაბამებოდა.

მეიოს კლინიკის რეკომენდაციით, 30 წელს გადაცილებულმა ქალებმა სასურველია პაპ-ტესტთან ერთად პაპილომავირუსის (HPV) ტესტიც ჩაიტარონ ხოლმე. პაპილომავირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივად გადამდები ინფექციაა. მისი ზოგიერთი ტიპი (16, 18) ათიდან დაახლოებით 7 შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

– რა შემთხვევაში იცავს ქალს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა? ვიცით, რომ ის 11-12 წლის ასაკშია რეკომენდებული. აქვს თუ არა აზრი უფრო მოზრდილ ასაკში ვაქცინაციას და როდის?

– პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მართლაც 11-12 წლის ასაკშია რეკომენდებული (CDC), შესაძლოა, 9 წლის ასაკშიც, რევაქცინაცია კი – 6-12 თვის შემდეგ. 15 წელს გადაცილებულ გოგონებს სჭირდებათ ვაქცინის სამი დოზა ექვსთვიანი შუალედებით. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება ჩატარდეს 26 წლამდე. ამ ასაკის შემდეგ ის ნაკლებეფექტურია. თუმცა 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებსაც დამძიმებული აქვთ გენეტიკა და აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკი, გინეკოლოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. აცრა ნაკლებეფექტურია, თუ პაციენტი უკვე ინფიცირებულია პაპილომავირუსით. ორსულებისთვის აცრა უკუნაჩვენებია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ის სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის.

ქლამიდია, გონორეა

* როგორ უნდა დაიცვას თავი ქალმა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან?

– სქესობრივად გადამდები დაავადებების დაახლოებით ნახევარი მოდის ქლამიდიასა (გამომწვევი – Chlamidia trachomatis) და გონორეის (გამომწვევი – Neisseria gonorrhoeae) წილად. ეს ორი ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში კი ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: წვა შარდვისას ან მტკივნეული შარდვა, გამონადენი საშოდან, სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის, ყრუ ტკივილი მცირე მენჯში. სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიით ორივე ინფექცია იკურნება.

 

*როგორ დავიცვათ თავი გონორეით და ქლამიდიით ინფიცირებისგან?

– სქესობრივი ურთიერთობის დაწყებამდე სასურველია, წყვილმა ჩაიტაროს ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, საჭიროების შემთხვევაში კი იმკურნალოს. აქვე გავაფრთხილებ ჩვენს მკითხველს: ინფიცირება ორალური სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაშიც არის მოსალოდნელი.

 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (კონდომი) იცავს ქალს გონორეისგან და მკვეთრად ამცირებს ქლამიდიით ინფიცირების რისკს, თუმცა უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას არ იძლევა.

 

* გადაეცემა თუ არა ეს ორი ინფექცია ინფიცირებული ორსულისგან ახალშობილს?

– გონორეით და ქლამიდიოზით დაავადებულმა დედამ მშობიარობის პროცესში შესაძლოა ახალშობილიც დააინფიციროს.

 

* რა ხდება მიშვებულ შემთხვევებში?

– ვინაიდან გონორეით და ქლამიდიით ინფიცირებულთა უმეტესობას ან საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები, ან მსუბუქი სიმპტომები აქვს, ისინი ან საერთოდ არ მიმართავენ ექიმს, ან მიმართავენ დაგვიანებით. ნებაზე მიშვებულ გონორეას და ქლამიდიას ახასიათებს ანთებითი პროცესის განვითარება მცირე მენჯის ღრუში, რასაც მივყავართ შეხორცებითი პროცესის განვითარებამდე, უნაყოფობამდე (საშვილოსნოს მილების დაზიანების გამო), საშვილოსნოსგარე ორსულობამდე, ქრონიკულ ტკივილამდე.

სქესობრივად გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა ხშირად, სამწუხაროდ, მაშინღა ხდება, როცა უნაყოფობის გამო მოგვმართავენ. ბევრი ასეთი პაციენტისთვის ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერებაა.

მკურნალობა

– არსებობს ჩივილები, რომლებიც სხვადასხვა პათოლოგიაზე მიუთითებს. ასეთებია: ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, უსიამოვნო გამონადენი საშოდან, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ჭარბთმიანობა, შარდის შეუკავებლობა... ნებისმიერი ამ ჩივილის არსებობისას ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც დაადგენს პრობლემის მიზეზს და შესაბამისად უმკურნალებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: