პათოლოგიური მშობიარობა

გააზიარე:

 ძნელი სათქმელია, რა უფრო მძიმე განსაცდელია – ორსულობა თუ მშობიარობა. ზოგისთვის ცხრა თვე შეუმჩნევლად ჩაივლის, მაგრამ მშობიარობა ექცევა ტანჯვად, ზოგს კი ორსულობა ისე ურთულდება, მშობიარობის ტკივილები აღარც კი აშინებს. ასეა თუ ისე, შედეგი ყველა უსიამოვნებას გადაწონის და კიდევ ერთი ცხრათვიანი გამოცდის ჩაბარების სურვილს გვიჩენს... მაგრამ ეს სანატრელი წუთი რომ დადგეს, ექიმებს ხშირად ნამდვილი ბრძოლის გადატანა უწევთ დედისა თუ შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. მაგალითად, მაშინ, როცა მშვიდი ორსულობის შემდეგ ერთბაშად პათოლოგიურ მშობიარობასთან შეჯახება უწევთ.

რას ნიშნავს პათოლოგიური მშობიარობა, რისი ბრალია ის და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? სწორედ ამაზე გვესაუბრება სამედიცინო კლინიკა “ბაიების” გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ნია ონიაშვილი.

 

ხშირია თუ არა პათოლოგიური მშობიარობა და რამდენად პროგნოზირებადია ის?

– მშობიარობის მიმდინარეობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ორსულობის მიმდინარეობაზე. როცა ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, დიდია ალბათობა, მშობიარობამაც გაურთულებლად ჩაიაროს, ხოლო ორსულობის თანმხლები პრობლემების ფონზე გართულების ალბათობა იზრდება. მაგრამ ისიც შესაძლოა, ნორმალურად მიმდინარე ორსულობას პათოლოგიური მშობიარობა მოჰყვეს და პირიქით. ამრიგად, მშობიარობის გართულებისგან დაზღვეული არავინ არის.

საბედნიეროდ, არსებობს ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვითითებს და საშუალებას გვაძლევს, უსიამოვნებას მომზადებულები შევხვდეთ. ამ ნიშნებს რისკის ფაქტორებს ვუწოდებთ, ექიმს კი მათი დროული გამოვლენა და მართვა ევალება.

რისკის ფაქტორებია ქალის ასაკი 17 წლამდე და 30 წლის ზემოთ (პირველ შემთხვევაში ქალს ახალგაზრდა პირველმშობიარეს ვუწოდებთ, მეორე შემთხვევაში – ხანდაზმულს), მრავალნაყოფიანი ორსულობა, მრავალწყლიანობა, უშვილობის რამდენიმეწლიანი ანამნეზი, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა, დიდი ნაყოფი, მრავალჯერადი (5 და მეტი) გადატანილი მშობიარობა, მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, სიგარეტი), გართულებული მშობიარობის ისტორია და სხვა. ცხადია, ცალკეულ პათოლოგიებს სპეციფიკური რისკფაქტორებიც აქვს.

უმეტესად რა გართულებები იჩენს თავს პათოლოგიური მშობიარობის დროს?

– ყველაზე გავრცელებულ გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება სამშობიარო მოქმედების ანომალიები, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და სისხლდენა უშუალოდ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

რას ნიშნავს სამშობიარო მოქმედების ანომალია და როგორ იქცევით ამ დროს?

– სამშობიარო მოქმედების ანომალია გულისხმობს სამშობიარო მოქმედების სისუსტეს, როდესაც საშვილოსნო არ იკუმშება ისეთი ძალით, რომ მშობიარობა უზრუნველყოს. ამ დროს პროცესი ხანგრძლივდება, 12 საათს, ზოგჯერ მეტხანსაც გრძელდება, ქალი იღლება, ნაყოფი ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის, შესაძლოა, ტრავმაც მიიღოს. ზოგჯერ საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება ან მშობიარობის ინსტრუმენტული მეთოდით – ვაკუუმექსტრაციით ან სამეანო მაშების დადებით – დასრულება.

რის მიხედვით ირჩევს ექიმი ტაქტიკას?

– ტაქტიკა დამოკიდებულია ნაყოფის მდგომარეობასა და მდებარეობაზე, ასევე იმაზე, მშობიარობის რომელ პერიოდში იჩინა თავი პრობლემამ. თუ ეს პირველ პერიოდში მოხდა, მშობიარობა უმეტესად საკეისრო კვეთით სრულდება. მეორე პერიოდში თავჩენილი გართულებისას ინსტრუმენტული ჩარევა უფრო ხშირად გვიწევს. დღეს უმეტესად ვაკუუმექსტრაციას მივმართავთ. ის ტარდება სპეციალური აპარატით, რომელიც ნაყოფს თავზე ეჭიდება და გარეთ გამოქაჩავს. თანამედროვე. ვაკუუმექსტრაქტორები ძალზე დახვეწილია და მინიმუმამდე დაჰყავს გართულებათა ალბათობა. პროცედურა მარტივია, არცთუ ინვაზიური. სამეანო მაშები კი უფრო ტრავმულ ჩარევად მიიჩნევა, ამიტომ ბოლო ხანს მათ თითქმის აღარავინ იყენებს.რას ნიშნავს სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს?

– ეს ნიშნავს, რომ ქალი მანამდე ღვრის სანაყოფე წყალს, სანამ სამშობიარო მოქმედებები, ტკივილები დაეწყება. სანაყოფე წყლების ნაადრევ დაღვრას ხელს უწყობს ფიზიკური გადაღლა, ტრავმა, ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა, მრავალწყლიანობა. სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და თავად შეძლება იქცეს სამშობიარო მოქმედების ანომალიის, მშობიარობის გახანგრძლივების მიზეზად, თუმცა ხდება ისეც, რომ მშობიარობა წყლების ნაადრევი დაღვრის შემდეგაც ფიზიოლოგიურად გრძელდება და გაურთულებლად სრულდება. მთავარია, წყლების დაღვრასა და ნაყოფის დაბადებას შორის ბევრი დრო არ გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს აღმავალი ინფექციის განვითარების ალბათობა. ასეთი ინფექციისგან ნაყოფს სანაყოფე გარსები იცავს. სანაყოფე წყლების დაღვრა ამ ბარიერის მთლიანობის დარღვევაზე მიუთითებს. ბარიერის მთლიანობის დარღვევა კი თავისუფალი გადააადგილების საშუალებას აძლევს მიკროორგანიზმებს, რომლებიც ქალის სასქესო სისტემაში სახლობენ. შედეგად ვითარდება ენდომეტრიტი, ქორიოამნიონიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციური გართულებები, ახალშობილთა სეფსისი. ამის გათვალისწინებით, თუ წყლების დაღვრიდან მშობიარობამდე 12 საათი გავიდა, ვიწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას.

როგორც თავადაც ბრძანეთ, მშობიარობის ერთ-ერთი გართულებაა სისხლდენა. რამდენად ხშირია ეს გართულება და რა იწვევს მას?

– სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს როგორც მშობიარობის დროს, ისე მის შემდეგ. მშობიარობის დროს სისხლდენას უმეტესად იწვევს პლაცენტის წინამდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აცლა. ამ დროს ორსულობა ყოველთვის საკეისრო კვეთით სრულდება. მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს მომყოლის მოცილებისა და გამოდევნის დაყოვნება, საშვილოსნოს ჰიპოტონია, სამშობიარო გზების დაზიანება – საშვილოსნოს გახევა, შორისის გახევა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და სხვა.

ორსულობის პერიოდში თუა შესაძლებელი სისხლდენის პროგნოზირება და პრევენცია?

– პლაცენტის წინამდებარეობა აუცილებლად ორსულობის პერიოდში უნდა იქნეს დიაგნოსტირებული ექოსკოპიური გამოკვლევით. პლაცენტის ნაადრევი აცლის დიაგნოზს წინასწარ ვერ დავსვმთ, მაგრამ განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია მისი პროგნოზირება და კონტროლის გამკაცრება. რისკის ფაქტორებია, მაგალითად, პრეეკლამფსია – ორსულობის თანმხლები პათოლოგია, რომელსაც მაღალი არტერიული წნევა და შარდში ცილის გაჩენა ახასიათებს, მრავალწყლიანობა ან სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, პლაცენტის წინამდებარეობა, წინა მშობიარობის დროს გადატანილი სისხლდენა ან პლაცენტის ნაადრევი აცლა...

მშობიარობის შემდგომ სისხლდენას რა იწვევს?

– განვასხვავებთ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ორ ტიპს. პირველადი ეწოდება სისხლდენას, რომელიც მშობიარობიდან პირველ 24 საათში ვითარდება. ის უფრო ხშირი და მძიმე გართულებაა და მეტ ჩარევას მოითხოვს. მეორეული სისხლდენა კი შესაძლოა 24 საათის შემდეგ 6 კვირის – მთელი ლოგინობის ხანის განმავლობაში – განვითარდეს. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საჭიროა სერიოზული ჩარევა და ჰემოტრანსფუზია – სისხლის გადასხმა.

სისხლდენა პათოლოგიურად მიიჩნევა, როდესაც ქალი კარგავს 500 მლ-ზე მეტ სისხლს ფიზიოლოგიური მშობიარობისას  1000 მლ-ზე მეტს საკეისრო კვეთის დროს. პირველადი სისხლდენა მთელ მსოფლიოში მშობიარეთა სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო აუცილებლად უნდა შეიკუმშოს. თუ ასე არ მოხდა, დაიწყება სისხლდენა. გახანგრძლივებული მშობიარობა, მრავალწყლიანობა, დიდი ნაყოფი საშვილოსნოს გადაჭიმვას იწვევს. გადაჭიმული საშვილოსნოს კუნთი ზოგჯერ ეშვება, ატონიური ხდება, და აღარ შესწევს შეკუმშვის ძალა. ამ დროსაც იწყება სისხლდენა, რომლის შესაჩერებლად აუცილებელია საშვილოსნოს შეკუმშვის ინიცირება. თუ საშვილოსნო ვერავითარი ჩარევით ვერ შეიკუმშა, ტარდება რადიკალური ოპერაცია – ჰისტერექტომია, საშვილოსნოს ამოკვეთა.

საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციისთვის ყინულსაც იყენებდნენ...

– ეს მეთოდი უკვე ამოღებულია სამედიცინო პრაქტიკიდან. საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულირებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ტარდება მისი გარეგანი მასაჟი. არსებობს მედიკამენტური საშუალებებიც, – მაგალითად, ოქსიტოცინი, – რომლებიც ასევე უწყობს ხელს შეკუმშვას.

საშვილოსნოს მდგომარეობა მშობიარობიდან პირველი ორი საათის განმავლობაში 15 წუთში ერთხელ მოწმდება. მას ხელით ამოწმებენ მეანი ან ბებიაქალი, ამიტომ მელოგინე მშობიარობის შემდეგ ორი საათის განმავლობაში რჩება ბლოკში. თუ ორი საათის შემდეგ საშვილოსნო კარგადაა შეკუმშული და გამონადენი არ არის უხვი, მელოგინე გადაჰყავთ პალატაში, სადაც საშვილოსნოს შეკუმშვის ხარისხის შემოწმება საათში ერთხელ გრძელდება. გაწერის წინ მელოგინეს ექიმის შეხედულებისამებრ უტარდება ექოსკოპიური კვლევა საშვილოსნოს შესამოწმებლად. ლოგინობის ხანის დასასრულს კი, სასურველია, საშვილოსნოს მდგომარეობა კიდევ ერთხელ შემოწმდეს ექოსკოპიურად.

სისხლიანი გამონადენი რამდენ ხანს შეიძლება ჰქონდეს მელოგინეს?

– გამონადენი შესაძლოა ლოგინობის ხანის ბოლომდე დარჩეს. შესაძლოა, 2-3 კვირაში შეწყდეს და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ განახლდეს. ეს ყველაფერი ნორმალურია. მთავარია, გამონადენი არ იყოს უხვი. ასეთი გამონადენის არსებობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მშობიარობის შემდეგ ზოგჯერ საჭირო ხდება გამოფხეკა. სახელდობრ, როდის?

– მშობიარობის შემდგომი ერთ-ერთი ხშირი გართულებაა ენდომეტრიტი – საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ანთება. მას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მათ შორის  – საშვილოსნოში ჩარჩენილი მომყოლის ნაწილიც. როცა აშკარაა ენდომეტრიტის ნიშნები: ცხელება, შემცივნება, მღვრიე სუნიანი გამონადენი, საერთო სისუსტე, – მიზეზი აუცილებლად უნდა გაირკვეს. თუ ანთება მომყოლის ნარჩენის ბრალია, საშვილოსნო ასპირაციული მეთოდით უნდა გასუფთავდეს და დაინიშნოს ანტიბიოტიკი. სხვა შემთხვევაში გამოფხეკა საჭირო არ არის. ენდომეტრიტის მკურნალობის მთავარი გზა ანტიბიოტიკოთერაპიაა.

აქვე მინდა შევჩერდე ერთ საკითხზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს. დაორსულებამდე ქალები ბანალური გაციებისა თუ გრიპის დროს თვითნებურად იღებენ ანტიბიოტიკებს. ეს, გარდა იმისა, რომ ამაოა (ანტიბიოტიკი ვირუსულ ინფექციაზე უბრალოდ ვერ იმოქმედებს), სათავეს უდებს დიდ პრობლემას – ანტიმიკრობულ რეზისტენტობას. მიკრობები გამძლენი ხდებიან სამკურნალო საშუალებების მიმართ და მომავალში, როცა ამ უკანასკნელთა გამოყენება მართლა გვჭირდება, შეუვალნი რჩებიან. ამ პრობლემას ხშირად ვეჯახებით ენდომეტრიტის დროსაც, როცა მკურნალობა შედეგს არ იძლევა. საბედნიეროდ, რეცეპტურულმა სისტემამ ამ მავნე პრაქტიკის შემცირებას შეუწყო ხელი. იმედი მაქვს, თანდათან მოსახლეობის ცნობიერების დონეც აიწევს და ანტიბიოტიკოთერაპიას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, საჭირო დროს და საჭირო ხანგრძლივობით ჩაიტარებენ.

ენდომეტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს მშობიარის ხშირმა ვაგინალურმა გასინჯვამაც. ქალებს ჰგონიათ, რაც მეტჯერ გასინჯავს მეანი, მით უკეთესია. სინამდვილეში ეს სხვა არაფერია, თუ არა ინფექციის დამატებითი წყარო. მშობიარის ვაგინალური გასინჯვა 4 საათში სავსებით საკმარისია.

მელოგინეებისგან ასეთ საყვედურსაც გაიგონებთ – მშობიარობამ ისე ჩაიარა, მეანს არაფერი გაუკეთებიაო...

– თუ მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, მეანის ჩარევა მართლაც არ არის საჭირო, პირიქით, რაც მეტად ჩავერევით, მით მეტად აიწევს მაღლა გართულები რისკი. ეს ბევრს არ ესმის, ითხოვენ დამაჩქარებლის გაკეთებას და სხვა. დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება დემედიკალიზაციის ტენდენცია. ეს ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენებას ნიშნავს, ვინაიდან ერთიცა და მეორეც ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც მხოლოდ დაკვირვება და კონტროლი სჭირდება. ჩარევა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა საქმე პათოლოგიისკენ მიდის.

დაბოლოს, რას ურჩევდით ორსულებს, როგორ შეიძლება მშობიარობის გართულებათა თავიდან აცილება?

– ცხადია, ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ქალის ქცევაზე, ცხოვრების წესსზე, ფსიქოლოგიურ განწყობაზეც კი ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორსული რაც შეიძლება აქტიური უნდა იყოს – ვარჯიში, ფეხით სიარული მშობიარობას აადვილებს. აქტიური რეჟიმი ლოგინობის ხანაშიც ძალიან სასარგებლოა. აუცილებელია სწორი კვება, წონის კონტროლი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ანტენატალურ მეთვალყურეობას. სწორედ იქ უნდა ველოდეთ მშობიარობის გართულებებს, სადაც ანტენატალური მეთვალყურეობა სათანადო დონეზე არ დგას. კარგი კონტროლის პირობებში კი რისკი საგრძნობლად მცირდება.

ქალის ადეკვატურ ქცევას უშუალოდ მშობიარობის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ის ღელავს და უმართავია, მშობიარობა ჭიანურდება და შესაძლოა გართულდეს კიდეც. ადეკვატური განწყობისთვის საჭიროა, ორსული გამუდმებით გრძნობდეს არა მარტო ოჯახის წევრების, არამედ სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერასაც, ამ პერიოდში კი თანადგომა, სასიამოვნო გარემო ქალისთვის ერთიორად მნიშვნელოვანია.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: