სამოთხე ქვეყნის კიდეზე
გააზიარე:
ამჯერად გვსურს, ველური ლანდშაფტებით მდიდარი ადგილები – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გაგაცნოთ.
რითია საინტერესო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა) მოიცავს და საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 590-3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ტერიტორიები განთქმულია საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია. ალპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძერები და ორბები დალივლივებენ. აქ ბინადრობენ როჭო და შურთხიც – ფრინველები, რომლებსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ ნახოთ, როგორ გადმოქუხს ლაღი და წყალუხვი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რომლითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. ზღვის დონიდან 2850 მეტრზე ასულს, შავი კლდეების ტბები დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე გაგაოცებთ და აღგაფრთოვანებთ... თუმცა ყველაფერ ამაზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ, მანამდე კი ნაკრძალის დაარსების ისტორია გავიხსენოთ.
ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება პოლონელი მოყვარული ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს უკავშირდება. დიდგვაროვანი წარმოშობის გადამდგარი ოფიცერი რუსეთის ხელისუფლებამ ლაგოდეხში გადაასახლა, სადაც მან უბრალო მეტყევედ დაიწყო მუშაობა. 1875 წელს მლოკოსევიჩს დაებადა ეჭვი, რომ ლაგოდეხის მთებში მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა, რამდენიმე ინდივიდი იმ დროის მოწინავე ბიოლოგებს გაუგზავნა და მათი შესწავლა სთხოვა.
1889 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების საკითხი დასვა. აკადემიამ ამ საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლაი კუზნეცოვი მიავლინა.
კუზნეცოვმა და მლოკოსევიჩმა რამდენიმე ექსპედიცია მოაწყვეს. ამ ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობის მცენარეული საფარი აერთიანებს უიშვიათეს მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა ლოკალური, ენდემური სახეობებია. გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, 1912 წელს ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა, აიკრძალა ამ ტერიტორიაზე ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა ძალზე მდიდარია. მრავალფეროვნებასთან ერთად ის იშვიათობითაც გამოირჩევა.
ამ ტერიტორიებზე 1 100 სახეობის მცენარე ხარობს. ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარი. 850-დან 1700 მეტრამდე უმთავრესად წიფლის ტყეებია, რომელსაც რცხილა, ქართული მუხა, იფანი და ცაცხვი ერევა. 1 800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს სუბალპური ტყეების სარტყელი მოსდევს, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი.
საქართველოს წითელი ნუსხის სახეობათაგან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნახავთ კაკალს, წაბლს, მაღალმთის მუხას, ლაფანს, უთხოვარს, კავკასიურ ხურმას.
ფრინველებიდან შეხვდებით კავკასიის ენდემურ სახეობებს – საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ როჭოს და კავკასიურ შურთხს, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან – აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს, კავკასიურ კეთილშობილ ირემს, არჩვს, დათვს, ფოცხვერს, როლებიც ასევე წითელ ნუსხაშია შეტანილი. საზოგადოდ, საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.
სანამ ლაშქრობას შეუდგებოდეთ
თავდაპირველად ვიზიტორთა ცენტრში მისვლას და დარეგისტრირებას გირჩევთ – ადმინისტრაციას ექნება ინფორმაცია ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფის ყოფნის შესახებ და რაც არ უნდა მოხდეს, არ დაიკარგებით. ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც გაეცნობით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და აირჩევთ სასურველ ტურისტულ მარშრუტს შესაბამისი მომსახურებით. საგამოფენო დარბაზის დათვალიერება უფასოდ შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში ცენტრშივე დაიქირავებთ სასურველ ტურისტულ აღჭურვილობასაც.
ახლა კი – უფრო ვრცლად იმ მარშრუტების შესახებ, რომელთა დალაშქვრას ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შეძლებთ:
როჭოს ჩანჩქერი – ამ მარშრუტის საერთო მანძილი 9.5 კილომეტრია. ის საშუალო სირთულისაა და გამოცდილ მოლაშქრეებს მის დასალაშქრავად 3-5 საათი ეყოფათ.
ტური ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ფართოფოთლოვანი ხეების საფარქვეშ მდინარე შრომის ხეობისკენ გრძელდება. გზად ჯერ რცხილნარის უნიკალურ კორომს შეხვდებით, რაც კავკასიაში იშვიათობაა, მერე – წიფლნარის შერეულ კორომს. ამის შემდეგ გადაკვეთთ მდინარე შრომისხევს და ვიწრო, კლაკნილი საცალფეხო ბილიკით მთა ნინიგორის მარცხენა ფერდობს აუყვებით. აქედან იშლება ხმაურიანი მდინარის ხედი პატარ-პატარა წყალვარდნილებითა და უზარმაზარი ლოდებით. ბილიკის ბოლოს კი ნახავთ უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილ წყლის მასას, რომელიც ექვსმეტრიან წყალვარდნილს – როჭოს ჩანჩქერს ქმნის. გზად შესაძლოა თვალი მოჰკრათ შველს, ირემს, გარეულ ღორს.
ნინოსხევის ჩანჩქერის მარშრუტის საერთო სიგრძე 8.5კილომეტრია. ისიც საშუალო სირთულისად მიიჩნევა და მის დასალაშქრავად 4-6 საათზე მეტი არ დაგჭირდებათ. ტური გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და საცალფეხო ბილიკით მდინარე ნინოსხევის პარალელურად მიემართება. რამდენიმე ნაბიჯი და თვალწინ გადაგეშლებათ ჯადოსნური სანახაობა – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი წყალვარდნილი, ნინოსხევის ორმოცმეტრიანი ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც აყრუებს არემარეს და თითქოს სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ. გზად ნახავთ იშვიათ მცენარეებს: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლოა გადაეყაროთ შველს, ირემს, გარეულ ღორს, მტაცებელ ფრინველებს.
მაჭის ციხის მარშრუტის სიგრძე 10.5 კილომეტრია. თუ მას აირჩევთ, ჯერ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ მაწიმში უნდა გადახვიდეთ (ლაგოდეხიდან მაწიმამდე 7 კმ-ია). ტური სწორედ ამ სოფელში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და მდინარე ბნელი ხევისკენ მიემართება. გზა იმდენად შთამბეჭდავია, რომ თავი ზღაპარში გეგონებათ. გაივლით წიფლნარის შერეულ კორომს და გადაკვეთ მდინარე ბნელ ხევს, იქიდან კი ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელიც რამდენიმე საუკუნის ციხესიმაგრესთან მიგიყვანთ.
IX საუკუნეში აგებულ ციხესიმაგრეს გალავანი არტყია გარს, გალავნის შიგნით კი ჯერ კიდევ ამაყად დგას კარის ეკლესია მიწისქვეშა გასასვლელებით. ოდესღაც დიდებულ შენობათა ნანგრევები თქვენ თვალწინ გააცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.
შავი კლდეების ტბა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მარშრუტია, რომელსაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები. ამ მარშრუტის საერთო სიგრძე 48 კილომეტრია და მის დასალაშქრავად სამი დღე მაინც დაგჭირდებათ.
ტური ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან იწყება. 10-15 წუთში რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ. 30-40 წუთის შემდეგ მდინარე ლაგოდეხის ხევს გადაკვეთ, მერე კი ზედიზედ ნახავთ ქართული ფლორის უნიკალურ, უიშვიათეს სახეობებს. მთელ გზაზე ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა სარტყლისთვის დამახასიათებელი მცენარეთა უნიკალური სხეობები. დაახლოებით ერთ საათში 1 300 მეტრზე ახვალთ და ქოჩალოს ქედის გავლით წიფლის ტყეში აღმოჩნდებით. კიდევ ორი საათის შემდეგ სუბალპურ სარტყელში მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერი კორომი შეგხვდებათ, იქიდან კი ერთ საათში ტურისტულ თავშესაფარ “მეტეოს” მიადგებით, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც საგანგებოდაა მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
მეორე დღის მარშრუტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში მოხვდებით, საიდანაც შეგეძლებათ, ბუნებრივ გარემოში დააკვირდეთ იშვიათ ჩლიქოსან ცხოველებს – ირემს, არჩვსა და ჯიხვს. ფრინველებიდან აქ ნახავთ როჭოს, კავკასიურ შურთხს, ბატკანძერს და სხვადასხვა სახეობის არწივს. კიდევ ერთ საათში, უღელტეხილზე მოხვდებით, რომელსაც დემიდოვის ნაშლებს ეძახიან და ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. ცოტაც და ალპურ მდელოებზე, ჯიხვების საძოვრებზე აღმოჩნდებით. აქ გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჭაობებია მიმოფანტული. ცოტაც და თვალწინ გადაგეშლებათ შავი კლდეების ტბის ზღაპრული ხედი... სხვათა შორის, შავი კლდეების ტბა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული ბუნებრივი საზღვარია.
იმედი გვაქვს, ექსკურსიით მოიხიბლეთ და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დალაშქვრის სურვილი გაგიჩნდათ. გპირდებით, მომდევნო ნომრებშიც არანაკლებ საინტერესო ადგილებში გამოგზაურებთ.