ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ონკოლოგიური პაციენტისთვის - კიბო განაჩენი არ არის

გააზიარე:

კიბოს დიაგნოზი მეხის გავარდნას ჰგავს. ადამიანი იბნევა, ვერ ხვდება, საიდან დაიწყოს მოქმედება, რა გააკეთოს. მისთვის დიდი შვებაა, თუ მის გვერდით აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც მისი სრულყოფილად დაკვალიანება შეუძლია. მრავალ ქვეყანაში არსებობს ადვოკატირების სამსახური, რომელიც ონკოპაციენტს ამ გზაზე დახმარებას უწევს.

საქართველოში თითქმის ორი ათეული წელია მოქმედებს “ევროპა დონა საქართველო” – ძუძუს კიბოს მქონე ქალთა საზოგადოება. მისი პრეზიდენტი, ანა მაზანაშვილი, კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფის” (Hope – ინგ. იმედი) დამფუძნებელიც არის. ანას თავადაც აქვს გამოცდილი ამ დაავადებასთან ბრძოლის სირთულე. დღეს ის საკუთარ გამოცდილებას სხვა ონკოპაციენტებს უზიარებს. “ევროპა დონას” საერთაშორისო ტრენინგებზე მიღებულ ცოდნასთან ერთად ამაში არტთერაპევტისა და ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაციაც ეხმარება.

ანა მაზანაშვილი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე გვესაუბრა.

– ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება, მით უმეტეს მას, ვისაც მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. რას გრძნობს ადამიანი, როდესაც შეიტყობს, რომ კიბო აქვს? რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ახლობლების მხარდაჭერა?

– 2012 წელს, როდესაც კიბო დამიდასტურდა, 43 წლის ვიყავი. შოკი მივიღე. ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანის წარმოდგენაში, ჩემსაშიც კიბო სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ყველაფერი მეღონა, რათა მეცოცხლა. რაც მთავარია, მივიღე ჩემი დიაგნოზი, ეს კი ამ ბრძოლაში ამოსავალი წერტილია.

– რა ემოცია ეუფლება თავდაპირველად ადამიანს და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას?

– პირველია დაბნეულობა. პაციენტებისგან ხშირად  მესმის: “ეს რატომ დამემართა?! ისეთი ჯანმრთელი ვიყავი, ექიმთანაც კი არასოდეს ვყოფილვარ...” (ექიმთან რომ არასოდეს ყოფილა, ეს ცალკე თემაა – ესე იგი არც  სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარებია).

ამას მოსდევს უარყოფა: “მე ახალგაზრდა ვარ და სიკვდილი არ მინდა”. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, როცა ძვირად ღირებული მკურნალობა არ ფინანსდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით შემძრა 78 წლის ქალბატონმა, რომელმაც გვითხრა, რომ სიცოცხლე უნდოდა. სწორედ ამის შემდეგ წამოვიწყეთ კამპანია “ნუ განმასხვავებ”. სიცოცხლე ყველას უნდა, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ასაკისა თუ სოციალური სტატუსისა.

ვგულისხმობ სწორედ სიცოცხლის სურვილს და არა თვითგადარჩენის ინსტინქტს, რომელიც ადამიანს დიაგნოზის გაგებისთანავე უაქტიურდება. თვითგადარჩენის ინსტინქტი ხშირად იწვევს არასწორ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა უარესი შედეგი გამოიღოს. თუ ადამიანი, რომელიც ვერ ცურავს, წყალში ჩავარდა, ფართხალი კი არ უნდა დაიწყოს, არამედ მიენდოს მაშველს, რომელმაც იცის, როგორ მოიქცეს ამ სიტუაციაში. თუ სწორი სტრატეგია არ ავირჩიეთ, შესაძლოა, მართლა არ გვეყოს რესურსი ამ ყველაფერთან გასამკლავებლად.

ნდობა

– თვითგადარჩენაზე პასუხისმგებელია პატარა ტვინი (ტვინის ღერო). ის საფრთხის შეგრძნებისთანავე აფორიაქებს შუა ტვინს (ლიმბურ სისტემას), რომელიც ჩვენს ემოციებს განაგებს. ამ დროს დიდი ტვინისგან (შუბლის წილისგან) დახმარება გვჭირდება. მას ევალება პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, რაციონალურად აზროვნება, საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარება. დიდი ტვინი, თუ შეიძლება ასე ითქვას, აჯერებს ტვინის სხვა ნაწილებს, რომ ყველაფერს იღონებს, რათა იცოცხლოს. ამის შემდეგ პატარა ტვინი მშვიდდება და შუა ტვინის ემოციებიც ნეიტრალდება.

თუ დიდმა ტვინმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, ემოციები ვერ განეიტრალდება, ადამიანი შფოთვას და დეპრესიას თავს ვერ დააღწევს.

ბევრს ნიშნავს ნდობა ექიმის მიმართ. როდესაც ადამიანი ექიმს ენდობა, პატარა ტვინი მშვიდად არის, იცის, რომ მასზე იზრუნებენ.

პაციენტს ხშირად ვურჩევ, პირადად გაესაუბროს რამდენიმე ექიმს და ისე გადაწყვიტოს, რომელ მათგანს ანდოს თავისი სიცოცხლე. ამ დროს სხვისი რეკომენდაცია საკმარისი არ არის. ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს თავისი კომფორტი.

ერთმანეთის მხარდამხარ

– როგორ ეხმარებით პაციენტებს?

– ადამიანი, რომელმაც ეს-ესაა შეიტყო, რომ კიბო აქვს, შეშინებული და დაბნეულია. ერთი ერთს ეუბნება, მეორე – მეორეს, ისიც აქეთ-იქით აწყდება და ბევრ შეცდომას უშვებს. ასეთ დროს მისთვის დიდი შვებაა თავისნაირ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც გასაგებად, საკუთარი მაგალითის მოშველიებით აწვდის საჭირო ინფორმაციას.

ონკოპაციენტს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავანახოთ, რასთან აქვს საქმე, ავუხსნათ, რომ კიბო ჩვეულებრივი დიაგნოზია და მისი დამარცხება შეუძლებელი არ არის. ძალიან კარგად მუშაობს კიბოსთან ბრძოლაში გამარჯვებული ქალების ისტორიები. ამით პაციენტს თითქოს ჩვენი გამარჯვების იმპულსებს გადავცემთ. როცა მან უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს, სტრესი და დაბნეულობა ქრება და მათ ადგილს მკაფიო სამოქმედო გეგმა იკავებს.

ვსაუბრობთ ორივე, ფსიქოთერაპევტიც და პაციენტიც, და ჩვენს ფიქრებს შორის თანდათან იდება ხიდი, რომლითაც პაციენტი გადმოგვყავს კიბოს მხარეს – იმ მხარეს, საითაც გადმოსვლის ეშინია. ვასწავლით, როგორ იცხოვროს ამ დიაგნოზთან ერთად.

საკუთარი თავისთვის

– პაციენტს ვურჩევ ხოლმე, სარკეში გაესაუბროს საკუთარ თავს და კარგად ჩაეკითხოს, რა უნდა. ხშირად ამბობენ: “უნდა ვიცოცხლო შვილებისთვის, უნდა ვიცოცხლო დედისთვის”,  –და სხვა. არა! ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომ იცოცხლოს თავისთვის. უნდა გააცნობიეროს და თქვას: “მე მინდა სიცოცხლე”. ეს არის ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ადამიანის გონებაში ყველაფერს ალაგებს. რა თქმა უნდა, ამას ერთი ხელის მოსმით ვერავინ ახერხებს, მაგრამ პირველივე შეხვედრამ შეიძლება მისცეს პროცესს მთავარი ბიძგი.

პაციენტმა საკუთარ თავთან ჰარმონია უნდა დაამყაროს. ამისთვის ის თავის რესურსებს უნდა ჩაეჭიდოს. რესურსების პოვნასა და გაქტიურებაში ჩვენ ვეხმარებით. ყოველ მომდევნო შეხვედრაზე ის კიდევ უფრო გაზრდილია, მზრუნველია საკუთარი თავის მიმართ.  ასეთი ადამიანები უფრო აფასებენ, მათ ცხოვრებაში რომ სიკეთე შევიტანეთ და თვითონაც ცდილობენ, სარგებლობა მოუტანონ სხვა პაციენტებს. ეს პოზიტივი მნიშვნელოვანია კიბოსთან ბრძოლისას.

– ონკოპაციენტებთან ფსიქოთერაპიის რომელი მეთოდია უფრო ეფექტური?

–  ეფექტურია ყველა, თუმცა ჩემთვის არტთერაპიაა ჯადოსნური. როდესაც პაციენტებთან ერთად ვაანალიზებ მათ ნამუშევრებს, ბევრი თავის თავში ისეთ რაღაცებს აღმოაჩენს, რაც არასდროს შეუმჩნევია. რესურსების მოძიებასთან ერთად, არტს შეუძლია იმის გამოხატვა, რაც შიგნით ხდება. შესაძლოა, გარეგნულად ადამიანი ძალიან მშვიდი ჩანდეს, მაგრამ შიგნით ემოციები უდუღდეს. არტთერაპია სწორედ მათ გამოტანაში ეხმარება.

– ემოციებთან გამკლავება ყოველთვის არ იქნება ადვილი. როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, როდესაც  უსიამოვნო ფიქრები შემოაწვება?

– ბევრი ცუდად იხსენებს წარსულს. ეს ძალიან გვიშლის ხელს. წარსულს ვერ შევცვლით, მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. თუ ცალ ფეხს გადავდგამთ, მეორეს კი ადგილზე დავტოვებთ, როგორც არ უნდა მოვინდომოთ, წინ ვერ წავალთ. ამას თვალსაჩინოდაც ვაჩვენებ ხოლმე. ჩვენი გონების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მომავლის დაგეგმვაა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა მშვიდადაა და სჯერა, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. ამიტომ მიყვარს ხოლმე თქმა, რომ საუკეთესო რამ ჩვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ არ მომხდარა.

განწყობა

– სწორ მკურნალობასთან ერთად განწყობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რამდენად აქტიური დარჩება ადამიანი, რასაც დასავლეთის ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი გოგონები ქიმიას რომ გადიან, მაშინაც კი აქტიურები არიან. 2013 წელს პირველად გავმართეთ უთმო ქალების ფოტოსესია. ორი პაციენტი გადავიღეთ. მთელმა საქართველომ ნახა. სამუშაო პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონებს მოტივაცია არ განელებიათ. ეს ფოტოსესია მათთვის ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა. გავმართეთ ჯერ პარიკიანი, მერე უპარიკო გოგონების პოდიუმი. ერთი პაციენტი ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, როცა პოდიუმზე გავიდა. იქამდე ყავარჯნებით მივიდა, მაგრამ პოდიუმზე რომ შედგა, ყავარჯნები სულ დაავიწყდა.

ასეთი აქტივობები სიცოცხლის სტიმულს გვაძლევს, ბევრი გვიდგას მხარში, გვჩუქნიან თეატრის, კონცერტის ბილეთებს. განუწყვეტლივ რაღაცას ვქმნით. ვატარებთ ჯგუფურ თერაპიებს "ვარდისფერ სივრცეში" – ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ქალების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ცენტრში. ჯგუფში ერთნაირი ადამიანები სხედან, გამარჯვების ენერგეტიკა გადამდებია, ერთმანეთის ემოცია ნაცნობია, ჩნდება დიდი ნდობა.

სიმართლე

– ზოგჯერ ახლობლები პაციენტს დიაგნოზს უმალავენ, რომ არ ანერვიულონ.

–  ასე არ შეიძლება. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი დიაგნოზი. წარმოიდგინეთ – არ იცის და ამ დროს ვუსხამთ ქიმიას, ვუტარებთ აგრესიულ მკურნალობას. მისი არაცნობიერი ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს. შედეგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც ადგება ზიანი და არც მკურნალობაა ისეთი შედეგიანი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ახლაც გვხვდება, მაგრამ წინათ უფრო ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ახლობლებს უმალავდა დიაგნოზს. წინათ მთავარი მოტივი მკურნალობის სიძვირე იყო – სახლ-კარის გაყიდვა და შვილების ღია ცის ქვეშ დატოვება არავის უნდოდა. ოჯახის წევრები კი მაინც იგებდნენ, ოღონდ უკვე შორს წასულ სტადიაზე, და ბრაზობდნენ, რომ სიმართლე დაუმალეს. ექიმებს საყვედურობდნენ, თქვენ მაინც უნდა გეთქვათო.

დღეს  კიბოს დიაგნოზს ასე აღარ მალავენ, თუმცა საქართველოს რეგიონებში ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. თუნდაც იმისთვის, რომ ხალხმა დროულად ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევები, მით უმეტეს, რომ ისინი უფასოა. დროულად აღმოჩენილი კიბო გაცილებით ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

მეორე მოტივი, რის გამოც ახლობლებს დიაგნოზს უმალავენ, მათი დაზოგვაა. ჩემი მეუღლე რომ ნერვიულობდა, ისე განვიცდიდი, რომ მშობლებს აღარაფერი ვუთხარი. ორივე ძუძუ ისე მოვიკვეთე, არ გაუგიათ. როცა ოპერაციამაც და რებილიტაციის პერიოდმაც ჩაიარა, ვახარე, ყველაფერი კარგად არის-მეთქი, მაგრამ ისეთივე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, როგორიც ექნებოდათ, თავიდანვე რომ მეთქვა.

ზოგი შიშობს, რომ ავადმყოფობის გამო ოჯახისთვის ტვირთად იქცევა, მალავს დიაგნოზს და ამით ახლობლებს მასზე ზრუნვის საშუალებას ართმევს.

უმჯობესია, მივცეთ ჩვენს უახლოეს ადამიანებს ჩვენ გვერდით ყოფნის უფლება. ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. როდესაც ბრძოლა გაქვს გადაწყვეტილი, ოჯახისგან ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელიც მუდამ გვერდით მედგა და რომელთან ერთად გადავლახე ყველა სირთულე. 

–  როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები, რომ არც მხარდაჭერა მოაკლონ და არც ზედმეტი ყურადღებით მოაბეზრონ თავი?

– უპირველეს ყოვლისა, არ უნდა აგრძნობინონ სიბრალული. მე სწორედ იმიტომ დავიწყე ჩემს დიაგნოზზე ღიად საუბარი, რომ არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი. მე ვარ ძლიერი ადამიანი და ვამბობ, რომ მაქვს კიბო. შესაბრალისი მაშინ ვიქნები, უსუსური რომ ვიყო. არ მინდა, იმით გამომარჩიონ, რომ ონკოპაციენტი ვარ.

ახლობლები მამშვიდებდნენ, აი, ამას და ამას კიბო ჰქონდა, მაგრამ ოცი წელი იცოცხლაო. ვერ ხვდებოდნენ, რომ თუნდაც ოცი წელი ჩემთვის საკმარისი არ იყო.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, კიბომ მაპოვნინა საკუთარი თავი. მანამდე ცოლობაში, დედობაში ვიყავი ჩაკარგული. დიაგნოზის გაგების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ვარსებობ, მაქვს ჩემი სურვილები, მისწრაფებები. შევუერთდი „ევროპა დონა საქართველოს“, რომელში საქმიანობაც ჩემი ცხოვრების ქვაკუთხედად იქცა.

სტიგმა

– სამწუხაროდ, კიბოსთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა, განსაკუთრებით – რეგიონებში. ერთი ქალაქიდან ქალბატონმა დამირეკა. მკურნალობის ფული არ ჰქონდა. ვურჩიე, ადგილობრივი მერიისთვის მიემართა, მაგრამ იუარა – იქ ჩემი და ჩემი ქმრის ნათესავები მუშაობენ, გაიგებენ და იჭორავებენო. ვკითხე, რამე რომ დაგემართოს, მერე ხომ ყველა გაიგებს-მეთქი? ჩემი სიკვდილის შემდეგ რამდენიც უნდათ იჭორაონ, ჩემს ყურამდე ხომ აღარ მოვაო.

მალე გარდაიცვალა, რადგან ვერ იბრძოლა თავისი სიცოცხლისთვის. იმაზე ფიქრში, რას იტყოდნენ მასზე სხვები, არც კი გაუცნობიერებია, თავად რა უნდოდა.

სიტუაციამ კი არ უნდა გმართოს, არამედ შენ უნდა მართო სიტუაცია. კიბო განაჩენი არ არის. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ახალგაზრდას აქვს ეს დიაგნოზი, მაგრამ ისე ენერგიულად არიან ჩართულები ჩვენს საქმიანობაში, ბევრ სხვასაც აძლევენ მაგალითს.

რეკომენდაციების შესრულება

– მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია. შესაძლებელია თუ არა ამის ფონზე ცხოვრების ადრინდელი სტილის შენარჩუნება?

– ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების შესრულება. კვების რეჟიმის, ძილის რეჟიმის დაცვა, თავის გაფრთხილება და დაზოგვა ქიმიოთერაპიული პროცედურების დროს. ზოგს ჰგონია, რაც უფრო მეტს იმოძრავებს, მით უკეთესია. ასე არ არის, ორგანიზმს თავისი ლიმიტი აქვს, განსაკუთრებით – ავადმყოფობით დასუსტებულს. თუ პაციენტს დამამშვიდებელი სჭირდება, ისიც უნდა მიიღოს. რაც მთავარია, უნდა ენდოს საკუთარ თავსა და ექიმს. დაბოლოს, შეუძლია, გვიპოვოს ჩვენ, თავისნაირი ადამიანები, და ჩვენთან ერთად გაძლიერდეს. ჩვენი დახმარება უფასოა.

ცხოვრება კიბოსთან ერთად

როდესაც შეიტყობ, რომ კიბო გაქვს, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგა, მაგრამ იმის ცოდნა, რას უნდა ელოდე, თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებს.

დიაგნოზით გამოწვეული შოკი რომ გადაივლის, ცვლილებების პერიოდი დაიწყება. სავარაუდოდ, ბევრი რამის შეცვლა მოგიწევთ. ამერიკის კიბოს საზოგადოებამ გამოაქვეყნა რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც შესაძლოა ამ გზაზე დაგეხმაროთ.

* კიბოს დიაგნოზი მძაფრი, უჩვეულო გრძნობების მთელ სპექტრს აღძრავს. ერთმანეთს ენაცვლება დათრგუნულობა, უარყოფა, ბრაზი, შიში და წუხილი, იმედი, სევდა, შფოთვა. განწყობა იცვლება ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსაც კი.

თამამად გამოხატეთ გრძნობები – ასე მათ უფრო ადვილად დააღწევთ თავს.

* ზოგს გამუდმებით უტრიალებს გონებაში კითხვა: “ეს რატომ დამემართა? რაღა მაინცდამაინც მე?” – ზოგს კი მიაჩნია, რომ ახლა ამაზე ფიქრს აზრი აღარ აქვს – მთავარია, კიბოს მოვერიოთ, წუხილი კი ავადმყოფობის დასამარცხებლად საჭირო ენერგიას გვართმევს.

თუ ატყობთ, რომ მსგავს ფიქრებს დამოუკიდებლად ვერ აღწევთ თავს, ითხოვეთ ფსიქოლოგიური დახმარება.

* მიმართეთ სპეციალისტს, თუ ორ კვირაზე მეტია გრძელდება:

  • წუხილი;
  • უმწეობის განცდა, უიმედობა;
  • ფეთქებადობა, ჭირვეულობა;
  • ფიქრის ან კონცენტრაციის გაძნელება;
  • ინტერესის დაკარგვა ჰობის მიმართ;
  • ძილის დარღვევა;
  • გულის აჩქარება;
  • მუდმივი დაქანცულობა.

თუ თვითმკვლელობაზე დაიწყეთ ფიქრი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

* შეატყობინეთ დიაგნოზი ახლობლებს. კიბოზე საუბარი ახალ ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ბუნებრივია, თქვენი უახლოესი ადამიანებიც იგრძნობენ დაბნეულობას, შიშს, ბრაზს, მაგრამ ეს ნორმალურია. ამ გრძნობებს უფრო ადვილად მოერევიან, თუ თქვენი დახმარების საშუალებას მისცემთ. თუნდაც მაღაზიიდან საჭირო პროდუქტებს მოატანინებთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რაში გჭირდებათ დახმარება და შესთავაზოთ ახლობლებს, თავად აარჩიონ ის პუნქტი, რომლის შესრულებაც შეუძლიათ.

* ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.

* ეცადეთ იყოთ აქტიური და იკვებოთ დაბალანსებულად.

*აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ (მიიღეთ ცხელი აბაზანა, იძინეთ ბევრი, ჭამეთ საყვარელი საჭმელი).

* იარეთ სტუმრად, კინოში, სპორტულ თამაშებზე.

* დაიხმარეთ სხვები ყოველდღიურ საქმიანობაში, ნუ ეცდებით ყველაფრის თავად გაკეთებას. ნუ ეცდებით ბევრი რამის გაკეთებას ერთ დღეში.

* თავს ძალას ნუ დაატანთ იმისთვის, რომ გახალისდეთ.

კიბოს განმეორების შიში ყველაზე გავრცელებული შიშია კიბოს მკურნალობის შემდეგ. ეს ნორმალურია, განსაკუთრებით –პირველ წელს. პაციენტებს ნებისმიერი ახალი სიმპტომი განგაშის ნიშანი ჰგონიათ.

დროთა განმავლობაში შიში შესაძლოა გაქრეს, მაგრამ ექიმთან ვიზიტის, ოჯახის წევრის ავადმყოფობის და სხვა ფაქტორების გამო კვლავ დაბრუნდეს. ესეც ნორმალურია. თუ ის მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა, კარგი იქნება, ითხოვოთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: