ბართოლინის ჯირკვლის ცისტა
გააზიარე:
ქალის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც გინეკოლოგთან ვიზიტს ვერ გადადებ. სწორედ ეს შემთხვევაა საშოს შესავალთან მტკივნეული კვანძის გაჩენა. ცოტამ თუ იცის, რომ ამ კვანძის მიზეზი ყველაზე ხშირად ბართოლინის ჯირკვლის ცისტაა.
ბართოლინის ჯირკვლები ქალის საშოს შესავლის აქეთ-იქითაა განლაგებული და გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც საშოს სინოტივეს უზრუნველყოფს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ჯირკვლის სადინარი იხშობა და სითხე ჯირკვალში გროვდება. სწორედ ასე წარმოიქმნება ბართოლინის ჯირკვლის ცისტა.
გასივებული ჯირკვალი თავდაპირველად შედარებით უმტკივნეულოა. დროთა განმავლობაში, ჯირკვლის ზრდასთან ერთად, ტკივილიც იმატებს. თუ ცისტის შიგთავსში ინფექცია შეიჭრა, შესაძლოა აბსცესი ჩამოყალიბდეს – ჯირკვლის შიგთავსი დაჩირქდეს და ანთებითი ქსოვილებით შემოიფარგლოს.
ბართოლინის ცისტა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მკურნალობა მის ზომაზე, მტკივნეულობასა და ინფექციის არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ სახლის პირობებში ჩატარებული მკურნალობაც საკმარისია, თუმცა ისეთი შემთხვევაც ხშირია, როცა აუცილებელია ცისტის ქირურგიული დრენირება. ინფექციის დროს დიდ დახმარებას გვიწევს ანტიბიოტიკებიც.
დიდი ზომის ცისტის აღმოჩენა, მეტადრე – ინფიცირებულისა, ძნელი არ არის, პატარა ცისტა კი ქალმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს. თუ ცისტამ ზრდას განაგრძო, დროთა განმავლობაში ქალი საშოს შესავალთან კვანძს აღმოაჩენს. მართალია, ცისტა თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ განსაზღვრული მგრძნობელობა მაინც ახასიათებს. მისი ინფიცირება, როგორც წესი, დროს ამბავია. დაჩირქებული ცისტა წარმოქმნის მგრძნობიარე, ხშირად მტკივნეულ კვანძს საშოს შესავალთან, იწვევს დისკომფორტს სიარულისა და ჯდომის დროს, ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს და ცხელებას.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით, თუ საშოს შესავალთან აღმოაჩინეთ მტკივნეული კვანძი, რომელიც სახლის პირობებში ორ-სამდღიანი თვითმკურნალობის, მაგალითად, ამ მიდამოს თბილი აბაზანების, შემდეგაც უცვლელი დარჩა. თუ ტკივილი მწვავეა, დაუყოვნებლივ ჩაეწერეთ მიღებაზე გინეკოლოგთან. თუ 40 წელს უკვე გადააბიჯეთ, საშოს შესავალთან ახალი კვანძის აღმოჩენისას აუცილებელად ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში, ვინაიდან კვანძი შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის, მაგალითად, კიბოს ნიშანი იყოს. ექიმს ცისტის დიაგნოზის დასმა არ გაუჭირდება – წესისამებრ, ამისთვის რუტინული გასინჯვაც კმარა.
რისი ბრალია?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბართოლინის ცისტის მიზეზი სითხის შეგუბებაა, სითხის შეგუბებას კი ჯირკვლის სადინარის დახშობა იწვევს, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, შესაძლოა ინფექცია ან ტრავმა იყოს.
ცისტის განვითარების მექანიზმის შესახებ წარმოდგენა უკვე შეგვექმნა, მაგრამ რა იწვევს აბსცესს? არსებობს უამრავი ბაქტერია, რომლით ინფიცირების შემთხვევაში ცისტის დაჩირქება გარდაუვალია. მათ შორისაა Eსცჰერიცჰია ცოლი (E. ცოლი) და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებიც – ქლამიდია და გონოკოკი. ბართოლინის ცისტა და აბსცესი შესაძლოა განმეორდეს.
ვებრძვით პრობლემას
ბართოლინის ცისტა მკურნალობას ყოველთვის არ მოითხოვს, მეტადრე – თუ არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, მაგრამ როცა ჩივილები შემაწუხებელია, დღის წესრიგში სამედიცინო ჩარევის საკითხი დგება.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ოპტიმალურს ექიმი არჩევს ცისტის ზომის, დისკომფორტის ხარისხის, ინფექციის არსებობა-არარსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
* თბილი წყლის აბაზანები – რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 3-4-ჯერ, მჯდომარე თბილი აბაზანის მიღება შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს – მცირე ზომის ინფიცირებული ცისტა გასკდეს და ჩირქი გარეთ გამოვიდეს.
* ქირურგიული ჩარევა – შედარებით მოზრდილი და დიდი ცისტები დრენირებას მოითხოვს. აბსცესის დრენირება, წესისამებრ, ადგილობრივი გაუტკივარებისა და სედაციის ფონზე ტარდება. გასივებული ჯირკვლის ზემოთ ქირურგი კანს ოდნავ გაკვეთს, ჩირქს გარეთ გამოდევნის და ცისტის სარეცელში მცირე ზომის რეზინის მილს – კათეტერს ჩადგამს. კათეტერის დატოვება შესაძლოა 6 კვირამდეც გახდეს საჭირო, რათა ჩირქგროვა სრულფასოვნად დაიცალოს.
• ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია ცისტის ინფიცირებისას და მაშინ, თუ გამოკვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აქვს, თუმცა აბსცესის სრულფასოვანი დრენირების შემთხვევაში ანტიბიოტიკები შესაძლოა აღარ დაგვჭირდეს.
* მარსუპიალიზაციას მიმართავენ, როცა ცისტა რეციდივს იძლევა და პაციენტს ძლიერ დისკომფორტს უქმნის. ექიმი განაკვეთის ორივე მხარეს ნაკერს ადებს, რათა შექმნას 6 მმ-მდე ზომის მუდმივი, ღია ფანჯარა, რომელშიც რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება კათეტერს. აღნიშნული პროცედურა ამცირებს რეციდივის ალბათობას.
თუ არც ერთმა გზამ არ გაამართლა და ცისტა კვლავაც პერსისტირებს, შესაძლოა, ბართოლინის ჯირკვლის ამოკვეთა გახდეს საჭირო. ოპერაცია ზოგადი ნარკოზის თანხლებით ტარდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდია სისხლდენისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი.
ბართოლინის ცისტის პრევენციის ეფექტური მეთოდი, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ გახსოვდეთ – უსაფრთხო სექსი და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა ბართოლინის ცისტის ინფიცირებას თავიდან აგაცილებთ.