ბოსტნეული, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს
გააზიარე:
- ნიორი
თეთრი ბოსტნეულის, მათ შორის – ნივრის, მთავარი ღირსებებია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, დიასტოლური ანუ “გულის” წნევის, სისხლში ქოლესტერინის დონისა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციობის მარეგულირებელი მოქმედება.
ნივრის ეს თვისებები უმთავრესად ალიცინის დამსახურებაა, რომელიც სწორედ ამ ბოსტნეულშია ყველაზე მეტი და მას მძაფრ სუნსა და გემოს სძენს. ეს ნივთერება ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა. ალბათ, ამიტომაც ამბობენ, რომ ნიორი მისწრებაა ზამთარში, რადგან ამ პერიოდში ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები ხშირდება.
თუ ნივრის ჭამა არ გსურთ, ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაცავად ისუნთქეთ დანაყილი ნივრის არომატი. მას დაახლოებით 20 სანტიმეტრიდან შეუძლია ორგანიზმში მოხვედრილი დაავადების გამომწვევი ბაქტერიების განადგურება. ამასთან, ტოქსიკურ ზემოქმედებასაც არ ახდენს.
ალიცინი, ეს უნიკალური ნივთიერება, მაღალ ტემპერატურაზე იშლება და ნიორი კარგავს სასარგებლო თვისებათა უდიდეს ნაწილს. ასე რომ, უმი ნიორი გაცილებით მარგებელია. თუ გსურთ, ეს ბოსტნეული ცხელ კერძს დაამატოთ, გააკეთეთ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კერძი დაახლოებით 60 გრადუსამდე გაცივდება.
ნიორი ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო ბუნებრივი წყაროა. სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად მის შემადგენლობაში შედის უიშვიათესი ელემენტებიც – გერმანიუმი და გოგირდი.
ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით ნიორს შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს მსხვილი ნაწლავის, ძუძუსა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. ლაბორატორიის სინჯარებში ნიორი კლავს სიმსივნურ უჯრედებს. კვლევები მოწმობს, რომ იმავე ეფექტს ახდენს ცოცხალ ორგანიზმშიც. აშშ-ში, აიოვის უნივერსიტეტში, ჩატარდა ხანგრძლივი გამოკვლევა, რომელშიც 41 000 ქალი მონაწილეობდა. ისინი ყოველდღე მიირთმევდნენ ნიორს. დასასრულ, ამ ჯგუფში მსხვილი ნაწლავის კიბოს შტატის იმავე ასაკის სხვა მცხოვრებთა საშუალო მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლები შემთხვევა აღირიცხა.
იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ჰორმონების დონესაც ეფექტურად აბალანსებს.
ნიორი საუკეთესო ბუნებრივი იმუნომოდულატორია. ხველისა და ვირუსული ინფექციის საწყის სტადიაშივე დასამარცხებლად მოამზადეთ ასეთი ნაყენი: ერთი ჭიქა რძე დაასხით 4 კბილ წვრილად დაჭრილ ნიორს; რძე ადუღდება თუ არა, გაწურეთ და გემოვნებისამებრ დაუმატეთ თაფლი ან კარაქი. ეს ნაყენი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ცხელ-ცხელი, პატარ-პატარა ყლუპებით.
ნიორს სისხლძარღვების გაწმენდისა და ათეროსკლეროზის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც შესწევს. ის სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ამერიკისა და გერმანიის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოები გვირჩევენ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების რისკის შესამცირებლად ყოველდღე მივირთვათ 4 გრამი ნიორი, რაც დაახლოებით 1 მოზრდილ კბილს უდრის.
თრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და ვენების გასამაგრებლად ხალხური მედიცინა ასეთ რეცეპტს გვთავაზობს: 250 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ, დაასხით 350 გრამი ახალი თაფლი, კარგად აურიეთ და 7 დღით სიბნელეში დადეთ. მიიღეთ თვე-ნახევრის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
თუ გინდათ მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების უნარის გაუმჯობესება, აზროვნების პროცესის გააქტიურება, ნიორი აუცილებლად უნდა მიირთვათ. ის სისხლძარღვებს წმენდს და თავის ტვინის უჯრედებს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს.
ნიორი ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით ის აფერხებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ტოქსინების გამოძევებაში ეხმარება ორგანიზმს, ელასტიკურობას უნარჩუნებს ქსოვილებს, აუმჯობესებს კაპილარებში სისხლის მიმოქცევას და მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.
ნიორი ზედმეტი წონის მოშორებაშიც დაგეხმარებათ. ის ამცირებს ტკბილეულისადმი ლტოლვას და ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას.
კვლევები ცხადყოფს, რომ ნიორს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, ამიტომ თუ სახსრები ან კუნთები გტკივათ, შეიზილეთ ის მტკივან ადგილას ზეთთან ერთად.
ნიორი სპობს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, საგრძნობლად ამცირებს გამონაყარს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
ნიორი საკვებში არსებულ მავნე მიკროორგანიზმებსაც ანადგურებს და ამცირებს საკვებისმიერი მოწამვლის რისკს.
დანაყილი ნივრის ნიღაბი ამაგრებს თმის ძირებს და ეფექტურად ანელებს თმის ცვენას, თუმცა პროცედურის შემდეგ უსიამოვნო სუნის მოცილება არ არის იოლი საქმე.
ასე რომ, თუ გსურთ, ჯანმრთელი იყოთ, ყოველდღე მიირთვით რამდენიმე კბილი ნიორი, ოღონდ ეცადეთ, ზომიერებამ არ გიღალატოთ – ნივრის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, დიარეა და არასასიამოვნო სუნი მთელ სხეულზე.
- ღანძილი
ღანძილიც უამრავი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ მას ჯერ კიდევ რომაელები, კელტები და გერმანელები მიირთმევდნენ. ლეგენდის მიხედვით, გერმანელებმა მას დათვის ხახვი უწოდეს, ვინაიდან ზამთრის ძილისგან გამოფხიზლებული დათვები სწორედ მისი მეშვეობით აღიდგენდნენ ძალ-ღონეს.
ღანძილი ციმბირშიც მოჰყავთ და ჩრდილოეთის ქვეყნებში გავრცელებული სურავანდის, C ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადების, პროფილაქტიკისთვის იყენებენ. გერმანიაში, ებერბახში, რომელსაც ღანძილის დედაქალაქსაც უწოდებენ, ყოველწლიურად იმართება ებერბახის ღანძილის ფესტივალი.
ღანძილი მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებითა და მინერალებით. როგორც ნიორი, ისიც დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, სპობს მიკრობებს.
XX საუკუნის ბოლოს, როცა ცნობილი გახდა, რომ C ვიტამინი ღანძილში გაცილებით მეტია, ვიდრე ლიმონსა და ფორთოხალში, ამ მცენარისგან უამრავი ახალი კერძი შექმნეს. ღანძილს ამატებენ წვნიანს, კატლეტს, ტოლმას, ომლეტს, იყენებენ ღვეზლის გულსართად, შემწვარი ხორცის გარნირად და სხვა.
ღანძილი შეიძლება მივირთვათ უმიც, მოხარშულიც და დამარილებულიც. უმი ღანძილის ნორჩი ფოთლებით კაზმავენ გაზაფხულის სალათებს.
კავკასიაში ღანძილი ძალიან უყვართ. ჩეჩნეთში მას ამზადებენ ჭინჭარსა და მოხარშულ კვერცხთან ერთად, მიირთმევენ შემწვარი ქათმის გარნირად, ამატებენ პომიდვრის პიურეს...
თუშეთში ღანძილს უფუარი ცომის კვერებში რთავენ.
კახეთში განსაკუთრებით ფასობს გომბორის ღანძილი. კრეფისას უპირატესობას ანიჭებენ ნედლ ყლორტებს. თუ ღანძილს უკვე დიდი ფოთლები აქვს, ევროპისგან განსხვავებით, ჩვენში საკვებად არ იყენებენ.
ხარშვისას ღანძილს საკმაოდ უსიამოვნო სუნი სდის და ბევრი დიასახლისი მოხარშულის შეძენას ამჯობინებს, მაგრამ თუ არ გსურთ, მოუხარშავი ან ძმრით ჭარბად შეზავებული ღანძილი შეგხვდეთ, უმჯობესია, ისევ შინ მოამზადოთ. ღანძილი მზადაა, როდესაც ხელით ადვილად ისრისება. მას კარგად რეცხავენ და მდუღარე წყალში ყრიან. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხარშავენ, მერე რამდენჯერმე ავლებენ ცივი წყალში, გუნდებად წურავენ და მარილით, ძმრითა და ზეთით აზავებენ. ძალიან უხდება ახალი ქინძიც. ზოგი პიტნასა და ქონდარსაც ამატებს.
მოხარშული ღანძილი 3-4 დღე შეინახება, თუ ცივ წყალში მოვათავსებთ და დილა-საღამოს გამოვუცვლით წყალს.
- ღანძილის მობრაწულა
მოხარშული ღანძილი შეაზავეთ მარილით, პილპილით, მოათავსეთ საცხობ ფორმაში, მოასხით კვერცხი და გამოაცხეთ.
- ღანძილის შეჭამანდი
მოხარშეთ ბრინჯი, შეურიეთ მოხარშული ღანძილი, შეაზავეთ მარილით, პილპილით, ძმრით და მიირთვით.
თამარ ციბალაშვილი