კალციუმის ქლორ10% 5მლ#50ა
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
კალციუმის ქლორიდი
სავაჭრო დასახელება: კალციუმის ქლორიდი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კალციუმის ქლორიდი.
სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კალციუმის ქლორიდი - 100,0 გ;
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 1000 მლ-მდე.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:
სისხლის შემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
ათქ კოდი: B05XA07
ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს კალციუმის იონების წყაროს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის კუნთის ფუნქციონირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში. ავსებს კალციუმის დეფიციტს. აუმჯობესებს კუნთების კუმშვადობას კუნთოვანი დისტროფიის, მიასთენიის დროს, გააჩნია ზომიერი დიურეზული მოქმედება.
ხასიათდება ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით. პრეპარატის ამგვარი ეფექტის მექანიზმი უცნობია, თუმცა კალციუმის მარილების ინტრავენური შეყვანისას აღინიშნება სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნება და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ადრენალინის გამოყოფის გაძლიერება.
ამცირებს უჯრედებისა და სისხლძარღვთა კედლის გამავლობას, თრგუნავს ანთებით რეაქციებს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი და მნიშვნელოვნად აძლიერებს ფაგოციტოზს.
ფარმაკოკინეტიკა
მისი 45% პლაზმის ცილებთან არის შეკავშირებული. დაახლოებით 20% გამოიყოფა თირკმელებით, დანარჩენი (80%), კი - ფეკალურ მასებთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები:
• სხვადასხვა ეტიოლოგიისა და ლოკალიზაციის სისხლდენა (ფილტვისმიერი, კუჭ-ნაწლავის მხრივ, სისხლდენა ცხვირიდან, საშვილოსნოდან და სხვა), ოპერაციული ჩარევის წინ სისხლის შედედების უნარის გაძლიერება;
• სისხლძარღვთა კედლის მომატებული გამტარობა (ჰემორაგიული ვასკულიტი, სხივური დაავადება);
• ჰიპოკალცემიის შემთხვევები, რომლებიც კალციუმის იონების დონის სწრაფ შევსებას საჭიროებს სისხლის პლაზმაში (ტეტანია, განვითარებული პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციური უკმარისობის ფონზე, ტეტანია D ვიტამინის დეფიციტის ფონზე, ჰიპოკალცემია, განვითარებული სისხლის ჩანაცვლებითი თერაპიისა და ციტრატული სისხლის გადასხმის დროს, ალკალოზი);
• ჰიპოკალცემია და ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფის გაძლიერება, რასაც ადგილი აქვს პაციენტის ხანგრძლივი იმობილიზაციის, სპაზმოფილიის დროს;
• კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მწვავე ტყვიისმიერი კოლიკის დროს;
• მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მაგნიუმის ჰიპერდოზირების დროს;
• ოქსილისა და ფტორწყალბადმჟავით ინტოქსიკაცია;
• ალერგიული დაავადებები (შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება, ცხელება, ქავილი, კვინკეს შეშუპება) და მედიკამენტების მიღებასთან, მწერების კბენასთან დაკავშირებული ალერგიული გართულებები, ბრონქული ასთმა;
• კანის დაავადებები (ქავილი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა);
• სამშობიარო მოქმედების სისუსტე;
• ანთებითი და ექსუდაციური პროცესები (პნევმონია, პლევრიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი);
• დისტროფიული ალიმენტური შეშუპებები;
• ოსტეომალაცია;
• ფილტვის ტუბერკულოზი;
• პარენქიმული ჰეპატიტი, ტოქსიკური ჰეპატიტი, ნეფრიტი, ეკლამპსია;
• პაროქსიზმული მიოპლეგია.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვნად (ნელა, 6-8 წვეთი/წუთში), ინტრავენურად ნაკადურად (ძალიან ნელა).
პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია კანქვეშ ან კუნთში, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილთა ძლიერი გაღიზიანება და ნეკროზი.
ინტრავენურად წვეთოვნად შეჰყავთ განზავებული ხსნარი. 5-10 მლ 10% ხსნარის განზავება 100-200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.
ინტრავენურად ნაკადურად 5 მლ 10% ხსნარი შეჰყავთ ძალიან ნელა (5 წუთის განმავლობაში).
სისხლის ჩანაცვლებითი თერაპია და ციტრატული სისხლის გადასხმა: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 30 მგ (0,3 მლ) სისხლის ყოველ 100 მლ-ზე.
ტეტანია მოზრდილებში: 10 მლ 10% ხსნარი (1 გ) შეჰყავთ 10-30 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, გამეორება დასაშვებია 6 საათის შემდეგ.
ბავშვები:
ჰიპოკალცემია: შეჰყავთ ნელა, 0,5 მლ/წთ სიჩქარით, 10-20 მგ/კგ ოდენობით (0,1-0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე). საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 4-6 საათში.
ტეტანია: 10 მგ/კგ (0,1 მლ/კგ სხეულის მასაზე) შეჰყავთ 5-10 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ 6 საათის შემდეგ ან აგრძელებენ ინფუზიის სახით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის (ასაკისგან დამოუკიდებლად) შეადგენს - 10 მლ (1000 მგ).
გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და კლინიკურ მდგომარეობაზე.
გვერდითი მოვლენები:
ინტრავენური შეყვანის დროს შესაძლოა განვითარდეს: ბრადიკარდია, სახის კანის ჰიპერემია, სიცხის შეგრძნება ჯერ პირის ღრუში, შემდეგ მთელს სხეულში, სწრაფი შეყვანის დროს - გულის პარკუჭების ფიბრილაცია. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი და ჰიპერემია ვენების გასწვრივ.
უკუჩვენებები:
• ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• ჰიპერკალცემია, გამოხატული ჰიპერკალციურია;
• შარდკენჭოვანი დაავადება;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა;
• ათეროსკლეროზი;
• სარკოიდოზი;
• ჰიპერკოაგულაცია, მიდრეკილება თრომბოზებისადმი;
• გამოხატული ათეროსკლეროზი;
• პარკუჭოვანი ფიბრილცია;
• ასისტოლია და ელექტრომექანიკური დისოციაციები;
• კანქვეშა და ინტრამუსკულური შეყვანა;
• საგულე გლიკოზიდებთან კომბინირება;
• ცეფტრიაქსონთან ერთად მიღება;
• ბავშვთა ასაკი 1 წლამდე;
• ორსულობა და ლაქტაცია.
სიფრთხილით გამოიყენება გულისა და სუნთქვის უკმარისობის დროს.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან:
დაუშვებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად ერთი შპრიცით შეყვანა.
საგულე გლიკოზიდებით მკურნალობის პერიოდში, კალციუმის ქლორიდის პარენტერალური გამოყენება არ არის რეკომენდებული, საგულე გლიკოზიდების კარდიოტოქსიკური ეფექტის გაძლიერების გამო ფატალური არითმიების განვითარების თავიდან ასაცილებლად.
კალციუმის ქლორიდის შეყვანა აქვეითებს დობუტამინის კარდიოტონურ ეფექტს.
ერთდროული გამოყენების დროს კალციუმის ქლორიდი ჰქმნის კომპლექსებს ტეტრაციკლინების რიგის ანტიბიოტიკებთან და, შედეგად, აქვეითებს მათ ანტიბაქტერიულ ეფექტს.
დაუშვებელია კალციუმის სხვა პრეპარატებთან, ცეფტრიაქსონთან და კალციუმის შემცველ პრეპარატებთან შერევა ან ერთდროული მიღება. კალციუმის შემცველი ხსნარების შეყვანა არ უნდა მოხდეს ცეფტრიაქსონის ბოლო შეყვანიდან 48 საათის განმავლობაში.
თიაზიდური დიურეზულები აქვეითებს კალციუმის ექსკრეციას, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო მათი კალციუმის ქლორიდთან ან კალციუმის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინირების დროს.
კალციუმის ქლორიდს შეუძლია კალციტონინის ეფექტის დაქვეითება ჰიპერკალცემიის დროს, ის ამცირებს ფენიტოინის ბიოშეღწევადობას.
კალციუმის ქლორიდი აქვეითებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების ეფექტურობას, შეუძლია ტუბოკურარინის ქლორიდის მოქმედების გახანგრძლივება.
კალციუმის ქლორიდის კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინირებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა ეფექტურობა.
ქინიდინთან ერთად მიღების დროს შესაძლოა აღინიშნოს პარკუჭოვანი გამტარობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის მატება.
მაგნიუმის მარილებთან, ოქსილისა და ფტორწყალბადმჟავასთან ურთიერთქმედებისას, წარმოიქმნება არატოქსიური უხსნადი ნაერთები, რაც საშუალებას გვაძლევს, კალციუმის ქლორიდის ხსნარი გამოვიყენოთ ანტიდოტის სახით.
განსაკუთრებული მითითებები:
ქსოვილების ძლიერი გაღიზიანებისა და ნეკროზის რისკის გამო დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კანქვეშ ან ინტრამუსკულურად.
კანქვეშ ან კუნთში მოხვედრის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კალციუმის ქლორიდის ამოტუმბვა შპრიცის საშუალებით და მედიკამენტოზური ინფილტრატის მიდამოში თანმიმდევრულად უნდა იქნას შეყვანილი ჯერ 5-10 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, შემდეგ 10 მლ 0,25% ნოვოკაინი (კალციუმის ქლორიდის კანქვეშა ინექციიდან პირველი 10-15 წუთის განმავლობაში), რის შემდეგაც, დაზიანებული მიდამო იფარება ნახევრად სპირტიანი კომპრესით. რეზორბციული გავლენის აღმოსაფხვრელად ინიშნება დიფენჰიდრამინი (დიმედროლი), ჰიპერკალცემიის დროს - ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა.
პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია მსხვილ ვენაში, წვრილი ნემსის საშუალებით, რათა შემცირებულ იქნას სისხლძარღვის კედელზე პრეპარატის დამაზიანებელი გავლენა და მისი ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაჟონვა, შემდგომი ნეკროზით.
ვენაში სწრაფი შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარკუჭოვანი ფიბრილაცია და გულის გაჩერება. ამიტომ, მკურნალობა ხდება სისხლში კალციუმის დონის კონტროლის ქვეშ.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში გამოიყენება ფრთხილად, მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისთვის.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე:
თავი შეიკავეთ პოტენციურად სახიფათო ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას საჭიროებს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერკალცემიის სიმპტომებია (წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პოლიურია, მუცლის ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, ფსიქიკური დარღვევები, მძიმე შემთხვევებში - არითმია, კომა.
მკურნალობა: უმნიშვნელო ჰიპერდოზირების შემთხვევაში (კალციუმის კონცენტრაცია 2,6-2,9 მმოლ/ლ) უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და კალციუმის შემცველი სხვა პრეპარატების მოხსნა. მძიმე ჰიპერდოზირების შემთხვევაში (კალციუმის კონცენტრაცია >2,9 მმოლ/ლ), პარენტერალურად შეჰყავთ კალციტონინი, 5-10 სე/კგ დღეში (იხსნება 500 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში), ინტრავენურად წვეთოვნად 6 საათის განმავლობაში; არათიაზიდური დიურეზული საშუალებები; ხდება კალიუმისა და მაგნიუმის დონის მნიტორინგი შრატში და, საჭიროების შემთხვევაში, შეჰყავთ კალიუმისა და მაგნიუმის პრეპარატები, ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის კონტროლი, ბეტა-ადრენობლოკატორების შეყვანა არითმიის პროფილაქტიკის მიზნით, ჰემოდიალიზი.
გამოშვების ფორმა:
5 მლ ან 10 მლ შუშის ამპულები, ან 5 მლ პოლიპროპილენის, ან სამედიცინო პოლიეთილენის ამპულები. 5 ან 10 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში, ან 10, 20, 40, ან 50 ამპულა მთლიანი ბლოკების სახით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოტავსებულია კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურისა.
ვარგისობის ვადა:
5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
მწარმოებელი ქარხნის მისამართი:
ე.ს. შპს „ჟურაბეკ Lაბორატორიეს“, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაშკენტის ოლქი, ქ. ალმალიკი, ნოსიროვის ქ. 3.
იურიდიული მისამართი:
ე.ს. შპს „ჟურაბეკ Lაბორატორიეს“, უზბეკეთის რესპუბლიკა, 100003, ქ. ტაშკენტი, ალმაზარის ქ. 165.
ტელ./ფაქსი: (99871) 150-03-03
ჭებ: წწწ.ჯურაბეკ.უზ










