კეტოროლ(კელაკი)30მგ/მლ1მლ კ/ვ#10ა

კეტოროლ(კელაკი)30მგ/მლ1მლ კ/ვ#10ა

5.50 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: აჯიო ფარმაცევტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოროლაკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 91213
გააზიარე:

ფურცელი-ჩანართი

გამოიყენება მხოლოდ რეგისტრირებული  სამედიცინო პრაქტიკოსის მიერ ან ჰოსპიტალში ან ლაბორატორიაში.

კელაკი საინექციო 30 მგ/მლ

კეტოროლაკის ტრომეთამინი საინექციო USP

შემადგენლობა:

თითო მლ შეიცავს

კეტოროლაკის ტრომეთამინი USP 30 მგ

საინექციო წყალი BP q.s.

ჩვენებები:

კეტოროლაკი საინექციო ნაჩვენებია პოსტ-ოპერაციული ზომიერი და მწვავე ტკივილის ხანმოკლე მართვისთვის.

მკურნალობა ტარდება მხოლოდ ჰოსპიტალში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 2 დღე.

დოზირება და მიღების წესი:

კეტოროლაკი საინექციო მიიღება ინტრამუსკულარულად ან ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით. ბოლუსური ინტრავენური დოზები მიიღება მინიმუმ 15 წამის განმავლობაში. კეტოროლაკი საინექციო არ მიიღება ეპიდურალურად ან სპინალურად.

ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის დაწყების დრო ი.ვ. და ი.მ. შეყვანის შემდეგ მსგავსია და შეადგენს დაახლოებით 30 წუთს, მაქსიმალური ანალგეზია მიიღწევა ერთი-ორი საათის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება ოთხი-ექვსი საათი.

დოზირება კორექტირდება ტკივილის სიმწვავის და პაციენტის პასუხის მიხედვით. არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოყენების გზით.

უწყვეტი მრავალჯერადი დღიური დოზების მიღება კუნთში ან ვენაში არ უნდა აჭარბებდეს ორ დღეს, ვინაიდან გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენებისას. გამოცდილება შეზღუდულია ხანგრძლივად გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პაციენტების დიდი ნაწილი გადავიდა პრეპარატის პერორალურ ფორმაზე ან მოცემული დროის გასვლის შემდეგ აღარ საჭიროებდნენ ტკივილგამაყუჩებელ თერაპიას.

მოზრდილები

საინექციო კეტოროლაკის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 10 მგ და შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4 - 6 საათში საჭიროების მიხედვით. საწყის პოსტ-ოპერაციულ პერიოდში კეტოროლაკი საინექციო მიიღება ყოველ 2 საათში, თუ აუცილებელია. უნდა მიიღებოდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ-ს არახანდაზმულებში და 60 მგ-ს ხანდაზმულებში, თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და <50 კგ წონის პაციენტებში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ორ დღეს.

<50 კგ წონის პაციენტებში დოზირება უნდა შემცირდეს.

ამავდროულად შესაძლებელია ოპიოიდური ანალგეტიკების (მაგ.: მორფინი, პეთიდინი) გამოყენება და შესაძლოა საჭიროც იყოს ოპტიმალური გამაყუჩებელი ეფექტის მისაღებად ადრეულ პოსტ-ოპერაციულ პერიოდში, როდესაც ტკივილი ყველაზე მწვავეა. კეტოროლაკი არ მოქმედებს ოპიოიდის კავშირზე და არ ამწვავებს ოპიოიდის მიღებასთან დაკავშირებულ სუნთქვის დათრგუნვას ან სედაციას. საინექციო კეტოროლაკთან ერთად მიღებისას ოპიოიდის დღიური დოზა როგორც წესი ჩვეულებრივზე ნაკლებია. თუმცა, ოპიოიდის გვერდითი ეფექტები ასევე გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით ქირურგიაში.

პაციენტები, რომლებიც იღებენ საინექციო კეტოროლაკს და რომლებიც გადაყვანილნი არიან პერორალურ დოზაზე, უნდა მიიღონ მთლიანი დღიური დოზა არაუმეტეს 90 მგ (60 მგ ხანდაზმულებში, თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და <50 კგ წონის პაციენტებში). პერორალური კომპონენტი არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს იმ დღეს, როდესაც შეიცვალა წამლის ფორმა. პაციენტების პერორალურ მკურნალობაზე გადაყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

ხანდაზმულები

>65 წლის პაციენტებში რეკომენდებულია დოზირების ყველაზე დაბალი დიაპაზონი და საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას). ხანდაზმულებში იზრდება გვერდითი მოვლენების სერიოზული შედეგების რისკი. თუ აუცილებელია ასაპ-ის გამოყენება, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უნდა მიიღებოდეს მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდით. ასაპ-ით მკურნალობის დროს პაციენტი რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის თვალსაზრისით.

ბავშვები

უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. შესაბამისად, კეტოროლაკი საინექციოს გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

კეტოროლაკი საინექციო არ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მწვავე დარღვევების დროს და შემცირებული დოზა მიიღება თირკმლის ფუნქციის უფრო ნაკლები ხარისხის დარღვევების შემთხვევაში (არაუმეტეს 60 მგ დღეში ი.ვ. ან ი.მ.).

უკუჩვენებები

  • აქტიური პეპტიკური წყლული ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია.
  • აქტიური ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია ასაპ-ით მანამდე ჩატარებულ მკურნალობასთან
  • ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ტრომეთამოლის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • ასაპ უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც მანამდე ჰქონდათ ჰიპერმგძნობელობითი რეაქციები (მაგ.: ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება) იბუპროფენის, ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიმართ (ასეთ პაციენტებში აღინიშნა ანაფილაქსიის მსგავსი მწვავე რეაქციები).
  • კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების ფუნქციას და შესაბამისად უკუნაჩვენებია პაციენტებში საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულარული სისლხდენით, პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია ჰემორაგიის მაღალი რისკით ან პაციენტებში არასრული ჰემოსტაზის და სისხლდენის მაღალი რისკით, როგორიც არის ჰემორაგიული დიათეზი, მათ შორის კოაგულაციის დაარღვევები.
  • პაციენტებში სრული ან ნაწილობრივი ცხვირის პოლიპების სინდრომით, ანგიონევროზული შეშუპებით ან ბრონქოსპაზმით
  • ასპირინით ან სხვა ასაპ-ით თანმხლები მკურნალობა, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2-ის სპეციფიური იჰიბიტორებით.
  • პრობენეციდი ან ლითიუმის მარილები
  • თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან  მწვავე დარღვევები (შრატში კრეატინინი >160 მიკრომოლი/ლ) ან თირკმლის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში სითხის მოცულობის შემცირების ან დეჰიდრატაციის გამო
  • ასთმა ანამნეზში
  • გულის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმლის უკმარისობა
  • პაციეტები, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს, მათ შორის ვარფარინს და  ჰეპარინის დაბალ დოზებს (2500 -5000 ერთეული 12 საათში)
  • ორსულობის , მშობიარობის ან ლაქტაციის დროს
  • 16 წლამდე ასაკის ბავშვები
  • კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პროფილაქტიკური ანალგეტიკის სახით ოპერაციამდე თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის გამო და ინტრაოპერაციულად, ვინაიდან იზრდება სისხლდენის რისკი
  • კეტოროლაკის საინექციო ხსნარი უკუნაჩვენებია ნეიროაქსიალური (ეპიდურული ან ინტრათეკალური) მიღებისთვის ალკოჰოლის შემცვლობის გამო.
  • კეტოროლაკის კომბინაცია ოქსპენტიფილინთან უკუნაჩვენებია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

კეტოროლაკი: ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით კეტოროლაკის მიღებას შესაძლოა უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული ტოქსიური ეფექტების განვითარების მაღალი რისკი ზოგიერთ სხვა ასაპ-თან შედარებით, განსაკუთრებით თუ გამოიყენება დაშვებული ჩვენებების გარდა სხვა შემთხვევებში და/ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგიერთ პაციენტში ანალგეზიური ეფექტი შესაძლოა არ დადგენს 30 წუთზე ადრე ი.ვ. ან ი.მ შეყვანისას.

კეტოროლაკის გამოყენება ასაპ-თან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებათან ერთად თავიდან უნდა იქნას არიდებული.

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოყენების გზით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია, რაც შესაძლოა ფატალური იყოს, აღინიშნა ყველა ასაპ-ის, მათ შორის კეტოროლაკის გამოყენებისას, მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული მოვლენებით ან მათ გარეშე.

კვლევამ აჩვენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირის ზრდა <65 წლის პაციენტებში, რომლებიც ი.მ. ღებულობდნენ კეტოროლაკის  საშუალო დღიურ დოზას >90 მგ,  იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პარენტერალურ ოპიოიდებს.

ხანდაზმულებში ასაპ-ის მიმართ გვერდითი რეაქციების სიხშირე იზრდება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია, რაც შესაძლოა ფატალური იყოს. ასაკთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის რისკი  ხშირია  ყველ ასაპ-ის შემთხვევაში. ახალგაზრდა მოზრდილებთან შედარებით ხანდაზმულებში იზრდება კეტოროლაკის პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი და მცირდება პლაზმური კლირენსი. სასურველია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის, მათ შორის კეტოროლაკის დოზების მომატებისას, ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებულ შემთხვევებში და ხანდაზმულებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკი დოზაზე დამოკიდებულია. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით. კომბინირებული მკურნალობა დამცავი საშუალებებით (მაგ.: მისოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა გაითვალისწინებოდეს ასეთ პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ასპირინის დაბალი დოზის ან სხვა პრეპარატების თანმხლებ მიღებას, რომლებიც ზრდიან რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ტოქსიური ეფექტები, უფრო მეტად ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ ექიმს მუცელთან დაკავშირებული ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. კეტოროლაკის მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიხსნას.

ასაპ სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ნაწლავის ანთებითი  დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება გამწვავდეს.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ ისეთ პრეპარტებს, რომლმებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის განვითარების ან სისხლდენის რისკი, მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტური საშუალებები, როგორიც არის ასპირინი.

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს, როგორიც არის ვარფარინი.

სხვა ასაპ-ის მსგავსად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების სიხშირე და სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს კეტოროლაკის დოზის და მკურნალობის ზრდასთან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკი დოზაზე დამოკიდებულია. განსაკუთრებით ხანდაზმულებში, რომლებიც ღებულობენ კეტოროლაკის საშუალო დღიურ დოზას >60 მგ. ანამნეზში პეპტიკური წყლულის არსებობა ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების განვითარების შესაძლებლობას კეტოროლაკით მკურნალობის დროს.

კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები: სათანადო მონიტორინგი და კონსულტაცია არის საჭირო პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი ან ზომიერი გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ასაპ-ის მიღებისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური კვლევის და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით კოქსიბის და ზოგიერთი ასაპ-ის მიღებას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება უკავშირდებოდეს არტერიული თრომბული მოვლენების  (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკის მცირედით ზრდა. მართალია კეტოროლაკის მიღებისას არ გამოვლენილა თრომბული მოვლენების (როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი) სიხშირის ზრდა, მაგრამ მონაცემები არასაკმარისია იმისათვის, რომ გამოირიცხოს ასეთი რისკი კეტოროლაკის შემთხვევაში.

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულარული დააავადების მქონე პაციენტების კეტოროლაკით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ  სათანადო შეფასების შემდეგ. მსგავსი მიდგომაა საჭირო უფრო ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დაწყებამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების (მაგ.: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მწეველობა) მქონე პაციენტებში.

რესპირატორული ეფექტები: სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ან ანამნეზში აქვთ  ბრონქული სპაზმი, რადგან ასაპ აჩქარებს ბრონქოსპაზმს ასეთ პაციენტებში.

ეფექტები თირკმელების მხრივ: სხვა ასაპ-ის მსგავსად, კეტოროლაკი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია ან ანამნეზში უფიქსირდებათ თირკმლის დაავადება, რადგან იგი არის პროსტაგლანდინის სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორი. საჭიროა სიფრთხილე, რადგან აღინიშნა ტოქსიურობა თირკმელების მხრივ კეტოროლაკის და სხვა ასაპ-ის გამოყენებისას პაციენტებში ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ სისხლის მოცულობის და/ან თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირებას, სადაც პროსტაგლანდინს აქვს  თირკმლის პერფუზიის შემანარჩუნებელი როლი.

ასეთ პაციენტებში კეტოროლაკის ან სხვა ასაპ-ის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზაზე დამოკიდებული შემცირება და დააჩქაროს თირკმლის გამოხატული დეკომპენსაცია ან უკმარისობა. მსგავსი რეაქციების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევვა, ჰიპოვოლემია, გულის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს და ხანდაზმულები. კეტოროლაკის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების შეწყვეტას, როგორც წესი მოყვება მკურნალობამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინის სინთეზს, კეტოროლაკის მიღებისას აღინიშნა შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის დონის ზრდა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ერთი დოზის მიღების შემდეგ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: ვინაიდან კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფიან თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მწვავე  დარღვევების (შრატში კრეატინინი >160 მიკრომოლი/ლ) მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ საინექციო კეტოროლაკი. თირკმლის ფუნქციის უფრო მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში მიიღება კეტოროლაკის შემცირებული დოზა (არაუმეტეს 60 მგ/დღეში ი.მ. ან ი.ვ.) და სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა.

სისტემური წითელი მგლურა (SLE)და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

კანის რეაქციები: კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღინიშნა ძალიან იშვიათად ასაპ-ის გამოყენებისას. პაციენტები მოცემული რეაქციების განვითარების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან მკურნალობის ადრეულ ეტაპზე: რეაქციის დაწყება უმეტესად ხდება მკურნალობის პირველ თვეს. კეტოროლაკის ტრომეთამოლი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოვლენისას.

ქალის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები: კეტოროლაკის ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინის სინთეზს, შეიძლება დაარღვიოს ქალის ნაყოფიერება და არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებსაც სურთ დაორსულება. ქალებში, რომლებსაც აქვთ დაორსულების პრობლემები ან უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობის გამო, უნდა გადაიხედოს კეტოროლაკის შეწყვეტის შესაძლებლობა.

გულ-სისხლძარღვთა, თირკმის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები: საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ სისხლის მოცულობის და/ან თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირებას, სადაც პროსტაგლანდინს აქვს  თირკმლის პერფუზიის შემანარჩუნებელი როლი. ასეთ პაციენტებში ასაპ-ის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზაზე დამოკიდებული შემცირება და დააჩქაროს თირკმლის გამოხატული უკმარისობა. ასეთი რეაქციების განვითარების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ სითხის მოცულობის შემცირება სისხლის დაკარგვის ან ძლიერი დეჰიდრატაციის გამო, თირკმლის ფუნქციის დარღვევები, გულის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ხანდაზმულები და პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს. ასეთ პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია. ასაპ-ის შეწყვეტას მოყვება მკურნალობამდელი მდგომარეობის დაბრუნება. სითხის/სისხლის არასათანადო ჩანაცვლებამ ოპერაციის დროს, რაც იწვევს ჰიპოვოლემიას, შესაძლოა განაპირობოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა გართულდეს კეტოროლაკის მიღები დროს. შესაბამისად,სითხის შემცირება უნდა დაკორექტირდეს და რეკომენდებულია შრატში შარდოვანას და კრეატინინის და შარდის გამოყოფის მონიტორინგი, ვიდრე პაციენტი არ იქნება ნორმოვოლემიური. თირკმლის დიალიზზე მყოფ პაციენტებში კეტოროლაკის კლირენსი შემცირდა დაახლოებით ნორმის ნახევრამდე და საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი გაიზარდა დაახლოებით სამჯერ.

ნატრიუმის/სითხის შეკავება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსდა პერიფერული შეშუპება

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა, რადგან ასაპ-ით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

სითხის შეკავება, ჰიპერტენზია და პერიფერული შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში ასაპ-ის, მათ შორის კეტოროლაკის მიღებისას და შესაბამისად მისი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში გულის დეკომპენსაციით, ჰიპერტენზიით ან მსგავსი მდგომარეობებით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ციროზით გამოწვეული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები კეტოროლაკის კლირენსის ან საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდის მხრივ.

შესაძლებელია აღინიშნოს ღვიძლის ფუნქციური ერთი ან რამდენიმე ტესტის ზღვრების მომატება. მოცემული გადახრები შეიძლება იყოს გარდამავალი, შეიძლება უცვლელად დარჩეს ან პროგრესირდეს უწყვეტი თერაპიის ფონზე. შრატში გლუტამატის პირუვატის ტრანსამინაზების (SGPT/ALT) ან შრატში გლუტამატის ოქსალოაცეტატის ტრანსამინაზების (SGOT/AST) მნიშვნელოვანი მომატება (ნორმაზე 3-ჯერ მეტი) აღინიშნა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტების <1%-ში. კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს თუ განვითარდა ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები  ან თუ აღინიშნა სისტემური გამოვლინებები.

ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური ) რეაქციები

ანაფილაქსიური(ანაფილაქტოიდური) რეაქციები (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ანაფილქსია, ბრონქოსპაზმი, ჰიპერემია, გამონაყარი, ჰიპოტენზია, ხორხის შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ანამნეზში ასპირინის, სხვა ასაპ-ის ან კეტოროლაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ან მის გარეშე. ეს შეიძლება ასევე განვითარდეს სუბიექტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ანგიონევროზული შეშუპება,  ბრონქოსპასტიკური რეაქცია (მაგ.: ასთმა) და ცხვირის პოლიპები. ანაფილაქტოიდური რეაქციები, როგორიც არის ანაფილაქსია, შეიძლება დასრულდეს ფატალურად. ამგვარად, კეტოროლაკი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ ასთმა  და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სრული ან ნაწილობრივი ცხვირის პოლიპების სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება ან ბრონქოსპაზმი.

ჰემატოლოგიური ეფექტები: კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ კეტოროლაკი. ანტიკოაგულაციურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი კეტოროლაკის მიღებისას. კეტოროლაკის მიღება ჰეპარინის პროფილაქტიკურ დაბალ დოზებთან (2500-5000 ერთეული თორმეტ საათში), ვარფარინთან და დექსტრანთან ერთად არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და შეიძლება  ასევე დაკავშირებული იყოს სისხლდენის რისკის ზრდასთან. პაციენტებმა, რომლებიც უკვე ღებულობენ ანტიკოაგულანტებს ან საჭიროებენ ჰეპარინის დაბალ დოზებს, არ უნდა მიიღონ კეტოროლაკი. სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე, პაციენტები საჭიროებენ სათანადო დაკვირვებას კეტოროლაკით მკურნალობის დროს.  კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კლინიკურად მნიშვნელოვანი პოსტ-ოპერაციული სისხლდენების სიხშირე 1%-ზე ნაკლები იყო.

კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. პაციენტებში სისხლდენის ნორმალური ფუნქციით, სისხლდენის დრო გაიზარდა, მაგრამ არა ნორმულ დიაპაზონზე (2-11 წუთი) მეტად. ასპირინის ხანგრძლივი ეფექტებისგან განსხვავებით, თრომბოციტების ფუნქცია ნორმას უბრუნდება კეტოროლაკის შეწყვეტიდან 24-48 საათში.

პოსტ-ოპერაციული ჭრილობის ჰემორაგია აღინიშნა კეტოროლაკის მყისიერი პერი-ოპერაციული გამოყენებისას. ამგვარად, კეტოროლაკი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია ჰემორაგიის მაღალი რისკით ან არასრული ჰემოსტაზით. საჭიროა სიფრთხილე, როდესაც მკაცრი ჰემოსტაზი აუცილებელია მაგ.: მაგრამ არა მხოლოდ კოსმეტიკური ან ერთ-დღიანი ქირურგიული ჩარევის, პროსტატის რეზექციის ან ტონზილექტომიის დროს. კეტოროლაკის გამოყენებისას აღინიშნა ჰემატომა და ჭრილობის ჰემორაგიის სხვა ნიშნები და ეპისტაქსი. ექიმებმა უნდა იცოდნენ კეტოროლაკის ფარმაკოლოგიური მსგავსება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარტებთან, რომლებიც თრგუნავენ ციკლოოქსიგენაზას და სისხლდენის რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

მეთოტრექსატი: სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატის თანმხლები მიღებისას, ვინაიდან ცნობილია, რომ პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელი ზოგიერთი პრეპარატი ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და ამგვარად შესაძლოა გააძლიეროს მისი ტოქსიურობა.

პრეპარატის ბოროტად გამოყენება და მასზე დამოკიდებულება:

კეტოროლაკი არ იწვევს დამოკიდებულებას. კეტოროლაკის უეცარი შეწყვეტისას არ დაფიქსირებულა მოხსნის სიმპტომები.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

კეტოროლაკი ძლიერ უკავშირდება ადამიანის პლაზმურ ცილებს (საშუალო 99.2%) და შეკავშირება კონცენტრაციისგან დამოუკიდებელია.

შემდეგი სამკურნალო საშუალებები არ მიიღება საინექციო კეტოროლაკთან ერთად:

ასაპ/ასპირინი: კეტოროლაკი არ მიიღება სხვა ასაპ-თან, მათ შორის ციკლოოქსიგენზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად ან პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ასპირინს, რადგან იზრდება ასაპ-თან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

თრომბოქსანი: კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციებს და ახანგრძლივებს სისლხდენის დროს. ასპირინის გახანგრძლივებული ეფექტებისგან განსხვავებით, თრომბოციტების ფუნქცია უბრუნდება ნორმას კეტოროლაკის შეწყვეტიდან 24- 48 საათში.

ანტიკოაგულანტები: კეტოროლაკი საინექციო უკუნაჩვენებია ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, როგორიც არის ვარფარინი, ვინაიდან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ მიუთითებენ კეტოროლაკსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის მნიშვნელოვან ურთიერთქმედებაზე, კეტოროლაკის და ისეთი თერაპიის კომბინაციას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, მათ შორის ანტიკოაგულანტების თერაპიულ დოზებთან (ვარფარინის), ჰეპარინის საპროფილაქტიკო დაბალ დოზებთან (2500-5000 ერთეული 12 საათში) და დექსტრანებთან ერთად მიღებას შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლდენის რისკის ზრდა.

ლითიუმი: პაციენტებში ლითიუმის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსის დათრგუნვა, რაც იწვევს ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას პროსტაგლანდინის სინთეზის დამთრგუნველ ზოგიერთი პრეპარატის გამოყენებისას. კეტოროლაკით მკურნალობისას აღინიშნა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციების ზრდის  შემთხვევები.

პრობენეციდი არ მიიღება კეტოროლაკთან ერთად, რადგან მცირდება კეტოროლაკის პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა, რაც იწვევს კეტოროლაკის პლაზმური კონცენტრაციების და ნახევარ-გამოყოფის პერიოდის ზრდას.

მიფეპრისტონი: ასაპ არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ასაპ-მა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტები.

ოქსპენტიფილინი: ოქსპენტიფილინთან ერთად კეტოროლაკის მიღებისას იზრდება სისხლდენისადმი მიდრეკილება.

კეტოროლაკთან კომბინაციაში შემდეგი სამკურნალო საშუალებები მიიღება სიფრთხილით:

შარდმდენები: კეტოროლაკის საინექციო ხსნარმა ფუროსემიდის შარდმდენი ეფექტი შეამცირა დაახლოებით 20%-ით ნორმოვოლემიურ ჯანმრთელ სუბიექტებში, ამგვარად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გულის დეკომპენსაციის მქონე პაციენტებში. შარდმდენებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიურეზული ეფექტის შემცირება და ასაპ-ის ნეფროტოქსიურობის რისკის ზრდა.

შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ასაპ-ის მიღებამ შესაძლოა შეამციროს შარდმდენების  და ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ეფექტები. აგფ ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ასაპ-თან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკის (ჩვეულებრივ შექცევადია) ზრდა ზოგიერთ პაციენტში, რომელსაც დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია (მაგ.: დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმულები). ამგვარდ, კომბინაცია მიიღება სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. საჭიროა სათანადო ტიტრაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები მკურნალობის დაწყებისას და შემდეგ პერიოდულად.

საგულე გლიკოზიდები: საგულე გლიკოზიდებთან ერთად მიღებისას ასაპ-მა შესაძლოა გაამწვავონ გულის უკმარისობა, შემაცირონ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) და გაზარდონ საგულე გლიკოზიდების პლაზმური დონეები.

მეთოტრექსატი: სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატის თანმხლები მიღებისას, ვინაიდან ცნობილია, რომ პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელი ზოგიერთი პრეპარატი ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და ამგვარად შესაძლოა გააძლიეროს მისი ტოქსიურობა.

ციკლოსპორინი: სხვა ასაპ-ის მსგავსად სიფრთხილეა საჭირო ციკლოსპორინის თანმხლები მიღებისას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.

კორტიკოსტეროიდები: ყველა ასაპ-ის მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიღებისას, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის რისკი.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით ასაპ-მა შესაძლოა გაზარდონ ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კონვულსიების რისკი. ასაპ-ის და ქინოლონების ერთობლივად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს კონვულსიების განვითარების რისკი.

ანტითრომბოციტური საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): ანტითრომბოციტური საშუალებების და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ასაპ-თან ერთად მიღებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

ტაკროლიმუსი: ასაპ-ის და ტაკროლიმუსის ერთობლივად მიღებისას არსებობს ნეფროტოქსიურობის შესაძლო რისკი.

ზიდოვუდინი: ზიდოვუდინთან ერთად ასაპ-ის მიღებისას იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიურობის რისკი. არსებობს მონაცემები ჰემატომის წარმოქმნის რისკის ზრდის შესახებ აივ (+) ჰემოფილიით დაავადებულ  პაციენტებში, რომლებიც ერთობლივად ღებულობენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.

დიგოქსინი: კეტოროლაკის ტრომეთამინი არ ცვლის დიგოქსინის ცილებთან შეკავშირებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციების (300 მკგ/მლ) შემთხვევაში კეტოროლაკის შეკავშირება შემცირდა დაახლოებით 99.2%-დან 97.5%-მდე, რაც წარმოადგენს პლაზმაში შეუკავშირებელი კეტოროლაკის კონცენტრაციების პოტენციურ ორჯერ ზრდას.

დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, პარაცეტამოლის, ფენიტოინის და ტოლბუტამიდის თერაპიული კონცენტრაციების შემთხვევაში არ შეცვლილა კეტოროლაკის ცილებთან შეკავშირება.

ნაჩვენებია, რომ კეტოროლაკი ამცირებს თანმხლები ოპიოიდური ანალგეზიის აუცილებლობას, როდესაც იგი მიიღება პოსტ-ოპერაციული ტკივილის შესამსუბუქებლად.

ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების შემდეგ კეტოროლაკის ტაბლეტების პერორალურად მიღებამ გამოიწვია კეტოროლაკის მაქსიმალური კონცენტრაციის შემცირება და მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის დაყოვნება დაახლოებით 1 საათით.

ანტაციდები ზეგავლენას არ ახდნენ შეწოვის  ხარისხზე.

ცხოველებში ან ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა იმის მტკიცებულება, რომ კეტოროლაკის ტრომეთამოლი აინდუცირებს ან თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებსაც აქვთ თვით მეტაბოლიზმის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმის უნარი. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ კეტოროლაკმა შეცვალოს სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა ფერმენტების ინდუცირების ან დათრგუნვის მექანიზმების გამო.

ორსულობა:

ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ასაპ-ის დადგენილი ზეგავლენის გათვალისწინებით (არტერიული სადინარის დახურვის რისკი) კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ორსულობის ან მშობიარობის დროს.

ადამიანებში ორსულობის პერიოდში კეტოროლაკის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ვირთაგვებში ან ბოცვრებში კეტოროლაკის დედისთვის ტოქსიური დოზების შესწავლისას არ გამოვლენილა ტერატოგენულობის ფაქტები. ვირთაგვებში აღინიშნა გესტაციის პერიოდის გახანგრძლივება და/ან შეყოვნებული მშობიარობა. ადამიანებში დაფიქსირდა ასაპ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მანკები, თუმცა მათი სიხშირე დაბალია და არ აქვთ რაიმე სახის გამოხატული ხასიათი.

პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღების შემდეგ იზრდება მუცლის მოშლის, გულის მანკების და გასტროშიზისის რისკი.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების აბსოლუტური რისკი გაიზარდა <1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. მიჩნეულია, რომ რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიონ-ნაყოფის სიკვდილიანობის ზრდა. გარდა ამისა, ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებისას აღინიშნა სხვადასხვა მანკების სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ორსულობის პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი ზემოქმედება ნაყოფზე:

-        გულ-ფილტვის ტოქსიურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);

-        თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგო-ჰიდროამნიოზით;

დედაზე და ახალშობილზე, ორსულობის ბოლოს:

-        სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციური ეფექტი, რაც შესაძლოა განვითარდეს დაბალი დოზების მიღების შემთხვევაშიც.

-        საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაყოვნებას ან გახანგრძლივებას.

კეტოროლაკი კვეთს პლაცენტას დაახლოებით 10%-ით.

ქალებში ნაყოფიერებასთან დაკავშირებით.

მშობიარობა:

კეტოროლაკი უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგან პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვის ეფექტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ამგვარად გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი.  როგორც დედის, ასევე ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ლაქტაცია:

ნაჩვენებია, რომ კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები  აღწევენ ცხოველთა ნაყოფში და რძეში. კეტოროლაკი დაბალი კონცენტრაციებით გამოვლინდა ადამიანის რძეში, შესაბამისად კეტოროლაკი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.

გვერდითი ეფექტები:

პოსტმარკეტინგული

შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში კეტოროლაკის მიღებისას; შეტყობინებული მოვლენების სიხშირე უცნობია, ვინაიდან მათი შეტყობინება მოხდა დაუდგენელი რაოდენობის პოპულაციისგან ნებაყოფლობით.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან.

პეპტიკური წყლულები, წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, ჰემატემეზისი, სტომატიტი, პირის სიმშრალე, ეზოფაგიტი, დიარეა, ბოყინი, ყაბზობა, მეტეორიზმი, სისავსის შეგრძნება, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული, რექტალური სისხლდენა, წყლულოვანი სტომატიტი, ღებინება, პანკრეატიტი, კოლიტის და კრონის დაავდების გამწვავება აღინიშნა მიღების შემდეგ. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

თრომბოციტოპენია, პურპურა, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციების მსგავსი ანაფილაქსია, შეიძლება დასრულდეს ფატალურად, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები როგორიც არის ბრონქოსპაზმი, ჰიპერემია, გამონაყარი, ჰიპოტენზია, ხორხის შეშუპება.

ეს მოვლენები ასევე შესაძლოა განვითარდეს სუბიექტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ ანგიონევროზული შეშუპება, ბროქნოსპასტიური რეაქტიულობა (მაგ.: ასთმა და ცხვირის პოლიპები).

ინფექცია:

ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით არსებული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ისეთი სიმპტომებით როგორიც არის კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია;

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

ანორექსია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია

ფსიქიატრიული დარღვევები:

უჩვეულო ფიქრები, დეპრესია, ეიფორია, უძილობა, შფოთვა, ნერვიულობა, ფსიქოზური რეაქციები, უჩვეულო სიზმრები, ჰალუცინაციები, კონცენტრირების უუნარობა, ძილიანობა, დაბნეულობა, სტიმულაცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, კონვულსიები, უჩვეულო გემოს შეგრძნება, ჰიპერკინეზია.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

ოპტიკური ნევრიტი, უჩვეულო მხედველობა, მხედველობის დარღვევა.

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ:

სმენის დაკარგვა, ტინიტუსი, ვერტიგო

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:

შარდვის სიხშირის მომატება, ოლიგურია, თირკმლის მწვავე უკამრისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, გვერდის ტკივილი (ჰემატურიით ან მის გარეშე +- აზოტემია), ინტერსტიციული ნეფრიტი, შარდის შეკავება, ნეფროზული სინდრომი. სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც თრგუნავენ თირკმლის პროსტაგლანდინის სინთეზს, კეტოროლაკის ერთი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები, როგორიც არის, მაგრამ არა მხოლოდ კრეატინინის და კალიუმის მომატება.

დარღვევები გულის მხრივ:

ბრადიკარდია, აჩქარებული გულისცემა, გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ჰიპერემია, სიფერმკრთალე, ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰიპოტენზია, პოსტ-ოპერაციული ჭრილობის ჰემორაგია, ჰემატომა.

კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით კოქსიბების და ზოგიერთი ასაპ-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკის მცირე ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ კეტოროლაკის გამოყენებისას არ გამოვლენილა თრომბული მოვლენების (მაგ.:მიოკარდიუმის ინფარქტი) ზრდა, მონაცემები შეზღუდულია კეტოროლაკის შემთხვევაში ასეთი რისკის გამოსარიცხად.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ქალების უნაყოფობა

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

დისპნოე, ასთმა, ფილტვის შეშუპება, ეპისტაქსი

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ოფლიანობა, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათი). ასევე აღინიშნა მულტიფორმული ერითემა და კანის ფოტომგრძნობელობა.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

მიალგია, ფუნქციური დარღვევები

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას:

ძლიერი წყურვილი, ასთენია, წონის მატება, ცხელება, რეაქციები ინექციის ადგილას და ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, დაღლილობა.

კვლევები:

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები და ნიშნები

კეტოროლაკის ერთჯერადად ჭარბი დოზირება დაკავშირებული იყო მუცლის ტკივილთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, ჰიპერვენტილაციასთან, პეპტიკურ წყლულთან და/ან ეროზიულ გასტრიტთან და თირკმლის დოსფუნქციასთან, რომელიც მოგვარდა დოზების შეწყვეტის შემდეგ.

შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. ასაპ-ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა, მაგრამ იშვიათად.

ასევე აღინიშნა თავის ტკივილი, ეპიგასტრალური ტკივილი, დეზორიენტაცია, აღგზნება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტინიტუსი და გულის წასვლა.

აღინიშნა დიარეის და  კონვულსიების იშვიათი შემთხვევები.

ასაპ-ის თერაპიული დოზების მიღებისას დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები და ასევე შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების შემდეგ.

მკურნალობა:

პაციენტების მართვა უნდა მოხდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობით ასაპ-ის ჭარბი დოზირების შემდეგ. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტები. დიალიზი მნივშნელოვნად არ გამოდევნის კეტოროლაკს სისხლიდან.

პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში გასათვალისწინებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. ალტერნატივის სახით, მოზრდილებში განიხილება კუჭის ამორეცხვა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ჭარბი დოზირების მიღებიდან 1 საათის განმავლობაში.

საჭიროა შარდის სათანადო რაოდენობით გამოყოფა. სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში. ხშირი და გახანგრძლივებული კონვულსიების მკურნალობა უნდა მოხდეს ინტრავენური დიაზეპამით. სხვა სახის ზომები ნაჩვენებია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

კეტოროლაკი არის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო კლასის (ასაპ) ძლიერი ანალგეზიური საშუალება. იგი არ არის ოპიოიდი და არ აქვს ოპიოდურ რეცეპტორებზე დადგენილი ზეგავლენა. მისი მოქმედების მექანიზმია ციკლოოქსიგენაზას ფერმენტული სისტემის და შესაბამისად პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვა და ავლენს მინიმალურ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ანალგეზიური დოზის მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინტრამუსკულარული

ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ აღინიშნა კეტოროლაკის სწრაფად და სრულად შეწოვა. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2.2 მკგ/მლ აღინიშნა საშუალოდ 50 წუთში ერთჯერადი 30 მგ დოზის მიღების შემდეგ. ასაკი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია ზემოქმედებს საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდზე და საშუალო მთლიან კლირენსზე, როგორც მოცემულია ქვემოთ ცხრილში (შეფასდა კეტოროლაკის 30 მგ ერთჯერადი ი.მ. დოზიდან).

სუბიექტების ტიპი

საერთო კლირენსი (ლ/სთ/კგ) საშუალო (დიაპაზონი)

საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი (სთ) საშუალო (დიაპაზონი)

ნორმალური სუბიექტები (n=54)

0.023 (0.010 – 0.046)

5.3. (3.5-9.2)

ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები (n=7)

0.029 (0.013-0.066)

5.4 (2.2 – 6.9)

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები (n=25) (შრატში კრეატინინი 160 - 430 მიკრომოლი/ლ)

0.016 (0.005 – 0.043)

10.3 (5.9 – 19.2)

თირკმლის დიალიზზე მყოფი

პაციენტები (n=9)

0.016 (0.003 - 0.036)

13.6 (8.0-39.1)

ჯანმრთელი ხანდაზმულები (n=13) (საშუალო ასაკი 72)

0.019 (0.013 - 0.034)

 

7.0 (4.7 - 8.6)

 

ინტრავენური

კეტოროლაკის ერთჯერადი 10 მგ დოზის ინტრავენური მიღებისას საშუალო პლაზმური კონცენტრაცია იყო 2.4 მკგ/მლ დოზირებიდან საშუალოდ 5.4 წუთში. საბოლოო პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენდა 5.1 სთ-ს, განაწილების საშუალო მოცულობა იყო 0.15 ლ/კგ და საშუალო პლაზმური კლირენსი - 0.35 მლ/წთ/კგ.

კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა მამაკაცებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზირებისას ხაზოვანია. წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმური დონეები მიიღწევა ყოველ 6 საათში დოზირების შემდეგ ერთი დღით. კლირენსის ცვლილებები არ შეინიშნებოდა ქრონიკული დოზირებისას. კეტოროლაკის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმელები: მიღებული დოზის 91.4 % (საშუალო) აღინიშნა შარდში და 6.1 % (საშუალო) ფეკალიებში.

კეტოროლაკის >99% პლაზმაში უკავშირდება ცილებს დიდი კონცენტრაციის დიაპაზონში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ.

გამოშვების ფორმა:

1 მლ ქარვისფერი შუშის ამპულები. 10 ასეთი ამპულა მოთავსებულია HIP ფირფიტაზე დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით თანმხლებ ინსტრუქციას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი:

აჯიო ფარმაცეუტიკალს ლტდ (AGIO PHARMACEUTICALS LTD)

A/38, ნანდჯიოტ ინდასტრიალ ისთეით, ანდჰერი - კურლა როუდ, სეიფდ ფული,

მუმბაი - 400 072. ინდოეთი.

ფაქტიური მისამართი.: T-81, 82, MIDC, ბჰოსარი, პუნა 411 026.