ესციტამი ასინო 10მგ #60ტ
გააზიარე:
ესციტამი ასინო
(ESCITAM ACINO)
სავაჭრო დასახელება: ესციტამი ასინო
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ესციტალოპრამი
სამკურნალწამლო ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ესციტალოპრამის ოქსალატი (12,775 მგ ან 25,55 მგ) 10 მგ ან 20 მგ ესციტალოპრამის ეკვივალენტი;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსი ოპადრაი II თეთრი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი), ტალკი.
აღწერილობა
ტაბლეტები 10 მგ: აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ფორმის, თეთრი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით.
ტაბლეტები 20 მგ: აპკიანი გარსით დაფარული ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ფორმის, თეთრი ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდეპრესანტები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი).
ათქ კოდი: N06AB10.
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
აბსორბცია თითქმის სრულია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 4 საათის შემდეგ. ესციტალოპრამის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
განაწილება
განაწილების ხილული მოცულობა (Vd, β/F), პერორალური მიღების შემდეგ, შეადგენს 12-დან 26 ლ/კგ-მდე.
ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბილოტების შეკავშირება სისხლის ცილებთან ნაკლებია 80%-ზე.
ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემიეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. აზოტს ასევე შეუძლია დაჟანგვა ნ-ოქსიდურ მეტაბოლიტამდე. მეტაბოლიტებიცა და საწყისი ნივთიერებაც ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, დემეთილ- და დიდემეთილმეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, 28-31% შეადგენს და ესციტალოპრამის კონცენტრაციის 5%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტამდე ხდება, ძირითადად, ციტოქრომ CYP2C19 საშუალებით. შესაძლოა პროცესში უმნიშვნელოდ მონაწილეობდნენ იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6.
გამოყოფა:
ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 30 საათს. კლირენსი (Cloral), პერორალური მიღების შემდეგ, დაახლოებით 0,6 ლ/წთ-ია. ძირითადი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლით (მეტაბოლური გზა) და თირკმელებით. დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.
სწორხაზოვნება:
ესციტალოპრამი ხასიათდება ხაზოვანი კინეტიკით. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 50 ნმოლ/ლ (20-125 ნმოლ/ლ) მიიღწევა 10 მგ სადღეღამისო დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან) ესციტალოპრამი ახალგაზრდებზე ნელა გამოიყოფა. სისტემური ექსპოზიცია (AUC) ასაკოვან პაციენტებში 50%-ით აღემატება ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებელს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის შემთხვევაში (A და B კლასი ჩაილდ-პიუს მიხედვით), ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-ჯერ ხანგრძლივი იყო, ექსპოზიცია, კი - 60%-ით მეტი, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (Clcr 10-53 მლ/წთ), რაცემული ციტალოპრამის მიღების დროს, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდისა და ექსპოზიციის გახანგრძლივება. მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში გამოკვლეული არ არის, თუმცა შეიძლება მომატებული იყოს.
პოლიმორფიზმი:
ფერმენტ CYP2C19 მეტაბოლური ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტების პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაცია 2-ჯერ აღემატებოდა CYP2C19 ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისას. ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება ფერმენტ CYP2D6 ფუნქციის დაქვეითებისას არ აღინიშნა.
ფარმაკოდინამიკა:
მოქმედების მექანიზმი
ესციტალოპრამი წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორს (სუმსი), რომელსაც აქვს მაღალი აფინურობა ბმის პირველადი საიტის მიმართ. ესციტალოპრამი ასევე უკავშირდება სეროტონინის ტრანსპორტერი ცილის ბმის ალოსტერულ საიტს, ათასჯერ ნაკლები აფინურობით.
ესციტალოპრამს საერთოდ არა აქვს ან აქვს ძალიან სუსტი უნარი რიგ რეცეპტორებთან დასაკავშირებლად, მათ შორის სეროტონინულ 5 HT1A-, 5 HT2- რეცეპტორებთან, დოფამინურ D1 და D2 რეცეპტორებთან, α1, α2, β ადრენერგულ რეცეპტორებთან, ჰისტამინურ H1-, M- ქოლინორეცეპტორებთან, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებთან.
სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება არის მოქმედების ერთადერთი შემოთავაზებული მექანიზმი, რომლითაც აიხსნება ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიური და კლინიკური ეფექტები.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებად ეკგ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, QTc–ის ცვლილებამ (კორექცია ფრიდერიჩის ფორმულის მიხედვით) საწყის მონაცემებთან შედარებით შეადგინა 4.3 მწმ (90% ნდობის ინტერვალი: 2.2; 6.4) დოზირებისათვის 10 მგ/დღეში, და 10.7 მწმ (90% ნდობის ინტერვალი: 8.6; 12.8) დოზირებისათვის 30 მგ/დღეში, რომელიც აღემატებოდა თერაპიულს.
კლინიკური ეფექტურობა
დიდი დეპრესიული ეპიზოდები. აღმოჩენილი იქნა ესციტალოპრამის ეფექტურობა დიდი დეპრესიული ეპიზოდების გადაუდებელ მკურნალობაში ოთხიდან სამ ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად მოკლევადიან (8-კვირიანი) კვლევაში. რეციდივის პროფილაქტიკის გრძელვადიანი კვლევის დროს 274 პაციენტი, რომლებმაც დაასრულეს ღია კვლევის საწყისი 8–კვირიანი ფაზა და ღებულობდნენ ესციტალოპრამს დოზით 10 ან 20 მგ დღეში, იყვნენ რანდომიზებული და შემდგომ ღებულობდნენ ესციტალოპრამს იმავე დოზირებით ან პლაცებოს მაქსიმუმ 36 კვირის განმავლობაში. მთელი ამ კვლევის განმავლობაში, პაციენტებმა, რომლებმაც განაგრძეს ესციტალოპრამის მიღება, არ განიცადეს რეციდივი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომდევნო 36 კვირის მანძილზე პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.
სოციალური ფობია. ესციტალოპრამმა აჩვენა თავისი ეფექტურობა როგორც სამი მოკლევადიანი (12-კვირიანი) კვლევის განმავლობაში, ასევე სოციალური ფობიის მქონე პაციენტებში რეციდივის პროფილაქტიკის 6-თვიან კვლევებში. დოზის შერჩევის 24–კვირიანი კვლევის დროს გამოვლენილი იქნა ესციტალოპრამის ეფექტურობა 5, 10 და 20 მგ დოზებზე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. ესციტალოპრამმა დღეში 10 და 20 მგ დოზით აჩვენა თავისი ეფექტურობა ოთხიდან ოთხ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.
სამი ანალოგიური კვლევის შედეგების ჯამურმა ანალიზმა, რომელშიც მონაწილეობდა 421 ესციტალოპრამის მიმღები პაციენტი და 419 პლაცებოს მიმღები პაციენტი, აჩვენა, რომ მკურნალობაზე პასუხი აღენიშნა პაციენტების 47.5% და 28.9%-ს, შესაბამისად, პაციენტების 37.1% და 20.8%-ში დაავადება გადავიდა რემისიის სტადიაში. მდგრადი თერაპიული ზემოქმედება დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ.
ესციტალოპრამის თერაპიული ეფექტურობის შენარჩუნება დღეში 20 მგ დოზირებით დემონსტრირებული იქნა 24-76–კვირიანი რანდომიზებული კვლევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა 373 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შენარჩუნებას, რომლებშიც აღინიშნა გაუმჯობესება თავდაპირველი 12–კვირიანი ღია კვლევის განმავლობაში.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. რანდომიზებულ ორმაგად ბრმა კლინიკურ კვლევაში ესციტალოპრამის თერაპიული მოქმედება 20 მგ დღეში დოზით შედარებული იქნა პლაცებოსთან იელ-ბრაუნის ობსესიურ-კომპულსური შკალით გამოანგარიშების საფუძველზე 12 კვირის შემდეგ. 24 კვირის შემდეგ ესციტალოპრამმა დოზირებით 10 და 20 მგ დღეში აჩვენა უფრო მაღალი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით.
რეციდივების პროფილაქტიკის ეფექტურობა დემონსტრირებული იქნა ესციტალოპრამის 10 და 20 მგ დღეში დოზით მიღებისას იმ პაციენტების მიერ, რომლებისთვისაც ესციტალოპრამით მკურნალობამ აჩვენა წარმატებული შედეგები 16-კვირიანი ღია კვლევის დროს, და რომლებიც მონაწილეობდნენ 24–კვირიან რანდომიზებულ ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.
გამოყენების ჩვენებები:
დიდი დეპრესიული ეპიზოდების, აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობების (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
20 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებისას უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ესციტალოპრამი გამოიყენება მოზრდილებში ერთხელ დღეში შიგნით მისაღებად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
დიდი დეპრესიული ეპიზოდი.
ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ ერთხელ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის გაზრდა მაქსიმალურ - 20 მგ დოზამდე.
ანტიდეპრესიული ეფექტი, ჩვეულებრივ, დგება 2-4 კვირის შემდეგ. ეფექტის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების გაქრობიდან 6 თვის განმავლობაში.
აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობები.
პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში, რის შემდეგაც სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე. შემდგომში, პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა.
პანიკური აშლილობების დროს მაქსიმალური ეფექტი 3 თვეში მიიღწევა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეს შეადგენს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
სოციალური შფოთვითი აშლილობები (სოციალური ფობია).
ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. სიმპტომების შემსუბუქება, როგორც წესი, ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა.
ვინაიდან სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გაგრძელება 12 კვირის განმავლობაში.
რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, დაავადების ინდივიდუალური გამოვლინებების გათვალისწინებით, კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს; საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი შეფასება.
სოციალური შფოთვითი აშლილობა წარმოადგენს სპეციფიკური აშლილობის ზუსტად განსაზღვრულ დიაგნოსტიკურ ტერმინოლოგიას, რომელიც არ უნდა აგვერიოს ზედმეტ მორცხვობაში. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აშლილობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობაში.
მედიკამენტოზური თერაპიისა და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტურობის შედარება არ ჩატარებულა. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს საერთო თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები.
ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმუმ - 20 მგ-მდე გაზრდა.
იმ პაციენტების ხანგრძლივი თერაპია, რომლებმაც უპასუხეს მკურნალობას, შეისწავლებოდა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში 20 მგ/დღეში დოზის მიღებისას. რეკომენდებულია რეგულარულად ჩატარდეს მკურნალობის სარგებლობისა და დანიშნული დოზის შეფასება.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობები (ოკა).
ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 20 მგ-მდე გაზრდა. ოკდ - ქრონიკული დაავადებაა, რომლის მკურნალობაც საკმარისად ხანგრძლივი დროის, რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გაგრძელეს, რათა მოხდეს სიმპტომების სრული კუპირება. რეკომენდებულია რეგულარულად ჩატარდეს მკურნალობის სარგებლობისა და დანიშნული დოზის შეფასება.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის)
საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. პრეპარატ ესციტამი ასინოს ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.
პედიატრიული პოპულაცია:
პრეპარატი ესციტამი ასინო არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების მკურნალობის დროს.
თირკმლის უკმარისობა.
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში პაციენტისთვის დოზის კორექციის საჭიროება არ არსებობს. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში. ღვიძლის სერიოზული უკმარისობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისა და ტიტრაციის დროს.
CYP2C19 იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითება.
CYP2C19 იზოფერმენტის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში.
მკურნალობის შეწყვეტა:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის უეცარი შეწყვეტა. მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატით ესციტამი ასინო მკურნალობის შეწყვეტისას დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში. თუ დოზის შემცირების შემდეგ ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განვითარდება აუტანელი სიმპტომები, შეიძლება განხილული იქნას ადრე დანიშნული დოზის განახლების საკითხი. შემდგომში ექიმმა შეიძლება განაგრძოს დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ზომიერი ტემპით.
გვერდითი ეფექტები:
ყველაზე ხშირად, გვერდითი ეფექტები მკურნალობის დაწყებიდან პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში აღინიშნება და, ჩვეულებრივ, მათი სიხშირე და ინტენსივობა თანდათან მცირდება შემდგომ მკურნალობასთან ერთად. სუმსი-ს კლასის პრეპარატებისა და ესციტალოპრამისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ან მათი სამედიცინო გამოყენების დროს, მოყვანილია ქვემოთ ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10-მდე), ზომიერი სიხშირის (≥1/1000, <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000, <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).
სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა.
მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირი - მადის დაქვეითება ან გაძლიერება, სხეულის მასის მატება; ზომიერი სიხშირის - სხეულის მასის დაქვეითება; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია2.
ფსიქიკის მხრივ: ხშირი - შფოთვა, მოუსვენრობა, ანომალური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში, ანორგაზმია ქალებში; ზომიერი სიხშირის - კბილების კრაჭუნი, აჟიტაცია, ნევროზულობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების დაბინდვა; იშვიათი - აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები; სიხშირე უცნობია - მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქმედება1.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - თავის ტკივილი; ხშირი - უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი; ზომიერი სიხშირის - გემოს გაუკუღმართება, ძილის დარღვევა, გულის წასვლა; იშვიათი - სეროტონინული სინდრომი; სიხშირე უცნობია - დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები, ფსიქომოტორული შფოთვა/აკატიზია2.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - გუგის გაფართოება, მხედველობის დაბინდვა.
სმენის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - ხმაური ყურებში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზომიერი სიხშირის - ტაქიკარდია; იშვიათი - ბრადიკარდია; სიხშირე უცნობია - QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, პარკუჭოვანი არითმია, torsade de pointes ჩათვლით, სიხშირე უცნობია - ორთოსტატიული ჰიპოტენზია.
რესპირატორული დარღვევეები: ხშირი - სინუსიტები, მთქნარება; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა ცხვირიდან.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის რექტალური).
ღვიძლისა და ნაღველ-გამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილება.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირი - გაძლიერებული ოფლიანობა; ზომიერი სიხშირის - გამონაყარი, სიმელოტე, ჭინჭრის ციება, ქავილი; სიხშირე უცნობია - სისხლჩაქცევები, შეშუპებები.
ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები: ხშირი - ართრალგია, მიალგია.
თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირი - მამაკაცებში: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია; ზომიერი სიხშირის - ქალებში: მეტრორაგია, მენორაგია; სიხშირე უცნობია - გალაქტორეა, მამაკაცებში - პრიაპიზმი.
ზოგადი დარღვევები: ხშირი - დაღლილობა, პირექსია; ზომიერი სიხშირის - შეშუპება.
1 სუიციდური აზრებისა და ქმედების შესახებ მონაცემები აღინიშნა ესციტალოპრამით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან მოკლე პერიოდში.
2 ასეთი შემთხვევები აღწერილია სუმსი-ს კლასის ყველა წარმომადგენლისთვის.
QT-ინტერვალის გახანგრძლივება
QT-ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიის, torsade de pointes ჩათვლით, განვითარების შემთხვევები აღინიშნა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების დროს ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან გადატანილი QT-ინტერვალის გახანგრძლივებით, ან გულის სხვა დაავადებებით.
კლასის ეფექტი
არსებობს მონაცემები, რომ ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, 50 წლის და მეტი ასაკის პაციენტების მონაწილეობით, გამოავლინა ძვლების მოტეხილობების მომატებული რისკი სუმსი-ს, ესციტალოპრამის ჩათვლით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღების დროს. ამგვარი ეფექტის მექანიზმი უცნობია.
მოხსნის სიმპტომები
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების / სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი/სნუმსი) მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით უეცარი) ჩვეულებრივ იწვევს მოხსნის სიმპტომების განვითარებას. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება და წარმავალია, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მძიმე და/ან ხანგრძლივი ეფექტები. ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა, დოზის შემცირების გზით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ; უკუნაჩვენებია მონოამინოქსიდაზას არასელექტიური შეუქცევადი ინჰიბიტორებით (მაო-ს ინჰიბიტორები) მკურნალობა, სეროტონინული სინდრომის განვითარების გამო აჟიტაციით, ტრემორით, ჰიპერთერმიით და ა.შ.
ესციტალოპრამის კომბინაცია A ტიპის შექცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან (მაგალითად, მოკლობემიდთან) ან შექცევად არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორ - ლინეზოლიდთან უკუნაჩვენებია სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო.
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი. ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია ერთობლივად იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
დოზის გადაჭარბება
ტოქსიკურობა: მონაცემები ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შესახებ მწირია. შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული დოზის გადაჭარბებით. სიმპტომები, ძირითადად, მსუბუქი იყო ან აღინიშნა უსიმპტომო ჰიპერდოზირება. აღნიშნულ იქნა ესციტალოპრამით გამოწვეული ჰიპერდოზირების ლეტალური გამოსავლის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა უმეტესობა განპირობებული იყო სხვა მედიკამენტების ერთდროული ჰიპერდოზირებით. 400-800 მგ დოზის მიღება არ იწვევდა მძიმე სიმპტომების განვითარებას.
სიმპტომები: ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბება, ძირითადად, ცნს-ის (თავბრუსხვევიდან, ტრემორიდან და აჟიტაციიიდან დაწყებული, სეროტონინული სინდრომის, კრუნჩხვებისა და კომის იშვიათი შემთხვევებით დამთავრებული), კუჭ-ნაწლავის სისტემის (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი სიმპტომებით (არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია) და ელექტროლიტურ/სითხოვანი ბალანსის დარღვევით (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია) გამოვლინდება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი გზების გამავლობის, ადეკვატური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა და რესპირატორული ფუნქციის შენარჩუნება. უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება. კუჭის ამორეცხვა საჭიროა პრეპარატის ორალური მიღებიდან რაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში. აუცილებელია გულისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი, სიმპტომურ შემანარჩუნებელ მკურნალობასთან ერთად.
რეკომენდებულია ეკგ-ს კონტროლი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიებით, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, ან მეტაბოლიზმის ცვლილებების, მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
განსაკუთრებული მითითებები
ქვემოთ მოყვანილი გამოყენების თავისებურებები ეხება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი) მთელ თერაპიულ ჯგუფს.
ბავშვთა პოპულაცია: პრეპარატი ესციტამი ასინო არ უნდა იქნას გამოყენებული პედიატრიული პოპულაციის სამკურნალოდ. სუიციდთან დაკავშირებული ქცევა (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრულობა (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და სიბრაზე) უფრო ხშირად შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში პედიატრიულ პოპულაციაში, რომლებსაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, მათთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ამასთან, თუ კლინიკური აუცილებლობის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება მკურნალობაზე, პაციენტი ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სუიციდური სიმპტომების განვითარების მხრივ. გარდა ამისა, პედიატრიულ პოპულაციაში არ არსებობს უსაფრთხოების გრძელვადიანი მონაცემები ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ.
პარადოქსული შფოთვა: პანიკური აშლილობების მქონე ზოგ პაციენტს, სუმსი-თ მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოს შფოთვის გაძლიერება. ამგვარი პარადოქსული რეაქცია, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.
კრუნჩხვითი შეტევები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს პირველად განუვითარდა კრუნჩხვითი შეტევა, ან შეტევები გახშირდა (ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტებში). არ არის სასურველი სუმსი-ს გამოყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, კონტროლირებადი ეპილეფსიის შემთხვევაში, კი, საჭიროა პაციენტზე საფუძვლიანი დაკვირვების უზრუნველყოფა.
მანიები: სუმსი სიფრთხილით მიიღება ანამნეზში მანიების/ჰიპომანიების მქონე პაციენტებში. მანიაკალური მდგომარეობის გამოვლენისთანავე სუმსი-ს მიღება უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სუმსი-ს გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გლიკემიური კონტროლზე (ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის განვითარება). შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.
სუიციდი, სუიციდური აზრები ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება: დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდური ქცევა) მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მდგრადი რემისიის მიღწევის პირობებშიც კი. ვინაიდან მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება არ იქნას მიღწეული მკურნალობის პირველი კვირების ან უფრო მეტი დროის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, საჭიროა პაციენტებზე საფუძვლიანი დაკვირვება. ცნობილია, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე.
სხვა ფსიქიკური მდგომარეობებიც, რომელთა დროსაც ხდება ესციტალოპრამის გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს სუიციდური ქცევის მომატებულ რისკთან. გარდა ამისა, ასეთი მდგომარეობები შეიძლება დიდი დეპრესიული აშლილობის კომორბიდს წარმოადგენდეს. ამიტომაც, სხვა ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა დაცული იქნას იგივე სიფრთხილის ზომები, როგორიც დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ანამნეზში სუიციდური ქცევის მქონე პაციენტებისთვის, ან მათთვის ვინც მნიშვნელოვანი ხარისხით ავლენენ სუიციდური აზრებს, მკურნალობის დაწყებამდეც კი, დამახასიათებელია სუიციდური აზრების ან მცდელობების მაღალი რისკი და საჭიროებენ ყურადღებით დაკვირვებას მკურნალობის პროცესში. ფსიქიატრიული დარღვევების მქონე ზრდასრულ პაციენტებში პრეპარატ – ანტიდეპრესანტების გამოყენების პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების მეტაანალიზმა გამოავლინა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს, განსხვავებით პლაცებოს ჯგუფისგან. საფუძვლიანი მეთვალყურეობა ძირითადად მაღალი რისკის პაციენტებზე საჭიროა მკურნალობის დასაწყისში და დოზის ტიტრაციის დროს.
აუცილებელია პაციენტებისა და მათი მომვლელი პირების გაფრთხილება, ყურადღება გაამახვილონ მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე, სუიციდურ ქცევასა ან აზრებზე და ქცევის უჩვეულო ცვლილებებზე, ასევე სასწრაფოდ მიმართონ ექიმს ამგვარი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
აკატიზია/ფსიქომოტორული შფოთვა: სუმსი/სნუმსი-ს გამოყენება დაკავშირებულია აკატიზიის განვითარებასთან - მდგმარეობა, რომელიც ხასიათდება შფოთვის უსიამოვნო, დამღლელი შეგრძნებით და მოძრაობის მოთხოვნილებით და ხშირად თან ახლავს ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის უუნარობა. ამგვარი მდგომარეობა უფრო ხშირია მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. დოზის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ზემოთ მოყვანილი სიმპტომების მქონე პაციენტებში.
ჰიპონატრიემია: სავარაუდოდ, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის შედეგად განვითარებული ჰიპონატრიემია, სუმსი-ს მიღების ფონზე იშვიათად ვითარდება და, ჩვეულებრივ, თერაპიის შეწყვეტისთანავე გაივლის. სუმსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, ღვიძლის ციროზი ან ჰიპონატრიემიის განმაპირობებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება).
სისხლჩაქცევები: სუმსი-ს მიღების ფონზე შესაძლოა სისხლჩაქცევების (ექკიმოზი და პურპურა) განვითარება კანზე. სიფრთხილეა საჭირო სუმსი-ს მიღების დროს პაციენტებში, განსაკუთრებით რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ.: ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინები, უმეტესობა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიპირიდამოლი და ტიკლოპიდინი), ასევე სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ)): მწირია მონაცემები სუმსი-სა და ეკთ-ის ერთდროული გამოყენების შესახებ, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო მათი კომბინირების შემთხვევაში.
სეროტონინული სინდრომი: სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის კომბინირებისას პრეპარატებთან, რომლებიც სეროტონინერგული მოქმედებით ხასიათდება, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.
პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ სუმსი-ს და სეროტონინერგულ პრეპარატებს, ერთეულ შემთხვევებში, შეიძლება განუვითარდეთ სეროტონინული სინდრომი. მის არსებობაზე მიუთითებს ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი, ჰიპერთერმია. ამგვარი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სუმსი-სა და სეროტონინერგული პრეპარატების დაუყოვნებლივ მოხსნა და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა.
კრაზანა: სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროული მიღების დროს შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების სიხშირე.
მოხსნის სიმპტომები: ხშირია მოხსნის სიმპტომების განვითარების შემთხვევები მკურნალობის დასრულების, განსაკუთრებით უეცარი შეწყვეტის დროს. ცნობილია, რომ კვლევებში მკურნალობის შეწყვეტისას, გვერდითი ეფექტები განუვითარდათ პაციენტების დაახლოებით 25%-ს რომლებიც ღებულობდნენ ესციტალოპრამს და პაციენტების 15%-ს რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი შესაძლოა დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობასა და პრეპარატის დოზაზე, დოზის შემცირების სიჩქარეზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზიები, დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს უფრო მძიმე ეფექტები. ჩვეულებრივ, ისინი მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩნდება, თუმცა აღწერილია მსგავსი სიმპტომების ძალიან იშვიათი შემთხვევები პაციენტებში, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს დოზა. მოხსნის სიმპტომები, როგორც წესი, 2 კვირის განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება უფრო გაუხანგრძლივდეს (2-3 თვე და მეტი). ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა დოზის შემცირების გზით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
სქესობრივი დისფუნქცია: სუმსი/სნუმსი-ს გამოყენების ფონზე შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი დისფუნქციის სიმპტომები (იხ. “გვერდითი ეფექტები”). ზოგ შემთხვევაში აღინიშნა აღნიშნული სიმპტომების გახანგრძლივება სუმსი/სნუმსი-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გულის იშემიური დაავადება: კლინიკური გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღონ სიფრთხილით.
QT ინტერვალის გახანგრძლივება: აღმოჩნდა, რომ ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზაზე დამოკიდებულ გახანგრძლივებას. QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევები, torsade de pointes ჩათვლით, იქნა რეგისტრირებული პოსტ--მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან ადრე არსებული QT ინტერვალის გახანგრძლივებით ან გულის სხვა დაავადებებით.
საჭიროა სიფრთხილე მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის მქონე პაციენტებში; ან ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ან გულის არაკომპენსირებული უკმარისობით. ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდიან ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს და უნდა აღმოიფხვრას ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებამდე. თუ პაციენტები სტაბილური გულის დაავადებით გადიან მკურნალობას, მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ეკგ გამოკვლევა. თუ ესციტალოპრამით მკურნალობის დროს განვითარდება გულის არითმიების ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და გადაღებული იქნას ეკგ.
დახურულკუთხოვანი გლაუცომა: სუმსი–ებს, ესციტალოპრამის ჩასთვლით, შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გუგის ზომაზე და გამოიწვიონ მიდრიაზი. ამ მიდრიაზულმა ეფექტმა შეიძლება დაავიწროვოს თვალის კუთხე, რაც იწვევს თვალისშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვან გლაუკომას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამადე ჰქონდათ მიდრეკილება. ამიტომაც, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან გლაუკომა ანამნეზში.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა. კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის გამოყენების შესახებ ორსულებში შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპორდუქციული ტოქსიკურობა.
პრეპარატი ესციტამი ასინო არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თანაფარდობის “რისკი/სარგებელი” საფუძვლიანი შეფასების შემდეგ დადასტურდა პრეპარატის დანიშვნის აშკარა აუცილებლობა. რეკომენდებულია იმ ახალშობილთა საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ღებულობდნენ ესციტამი ასინოს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა ორსულობის პერიოდში.
ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობის გვიან სტადიებზე ღებულობდნენ სუმსი/სნუმსი-ს, შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის მერყეობა, პრობლემები კვების დროს, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვული აგზნება, გაღიზიანებადობა, აპათიურობა, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, როგორც სეროტონინერგული ეფექტების შედეგად, ისე წარმოადგენდეს მოხსნის სინდრომის ნიშანს. შემთხვევათა უმეტესობაში გართულებები მშობიარობის შემდეგ მალევე ან მცირე დროის შემდეგ (<24 საათზე) ვითარდება.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ სუმსი-ს მიღებამ ორსულებში, განსაკუთრებით გვიან სტადიებზე, შესაძლოა გაზარდოს მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (5 შემთხვევამდე ყოველ 1000 ორსულზე). საერთო პოპულაციაში ვითარდება 1 - 2 შემთხვევა 1000 ორსულზე.
ლაქტაციის პერიოდი. ვინაიდან ესციტალოპრამი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა. ზოგი სუმსი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. მონაცემები ზოგი სუმსი-ს გამოყენების თაობაზე მიუთითებს, რომ მათი გავლენა ადამიანის სპერმის ხარისხზე შექცევადია. ფერტილობაზე გავლენა ადამიანებში, დღემდე არ არის აღწერილი.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს
ზოგადად, ესციტალოპრამი არ ახდენს გავლენას ინტელექტუალურ ფუნქციებსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს საღი აზროვნების უნარი და შესაძლებლობა. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო გავლენის შესახებ.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები.
აკრძალულიკომბინაციები:
არასელექტიური შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორები. აღწერილია სერიოზული რეაქციების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სუმსი-ს მაო-ს არასელექტიურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან ერთად და პაციენტებში, რომლებმაც სუმსი-ს მიღების დასრულებისთანავე დაიწყეს მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ზოგ შემთხვევაში აღინიშნა სეროტონინული სინდრომის განვითარება. ესციტალოპრამის კომბინირება არასელექტიურ შეუქცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია. ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. არასელექტიური, შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტიდან არაუადრეს 7 დღისა.
A ტიპის სელექტიური, შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორი (მოკლობემიდი). სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, ესციტალოპრამის კომბინირება A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორთან, როგორიცაა მოკლობემიდი, უკუნაჩვენებია. თუ ამგვარი კომბინაციის აუცილებლობა დამტკიცებულია, დასაწყისში საჭიროა მედიკამენტების მინიმალური რეკომენდებული დოზების გამოყენება საფუძვლიანი კლინიკური კონტროლის ქვეშ.
შექცევადი, არასელქტიური მაო-ს ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი). ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორი, რომელიც არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს. თუ კომბინაცია აუცილებელი აღმოჩნდება, ის უნდა მიეცეს მინიმალური დოზებით და საფუძვლიანი კლინიკური დაკვირვების ქვეშ.
B ტიპის სელექტიური, შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორი (სელეგილინი). სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, კომბინაცია სელეგილინთან (B ტიპის შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორი) სიფრთხილეს საჭიროებს. სელეგილინი დოზებში 10 მგ-მდე/დღეში უსაფრთხოდ გამოიყენება რაცემულ ციტალოპრამთან ერთად.
QT ინტერვალის გახანგრძლივება: არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები ესციტალოპრამზე კომბინციაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ესციტალოპრამის და ამ სამკურნალო პრეპარატების ადიტიური ეფექტი გამორიცხული ვერ იქნება. შესაბამისად, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთობლივი გამოყენება სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, ფენოთიაზიინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგალითად, ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილეს.
სეროტონინერგული საშუალებები. სეროტონინერგულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) კომბინაციამ შესაძლოა სეროტონინული სინდრომის განვითარება გამოიწვიოს.
კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი საშუალებები. სუმსი-მა შესაძლოა დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი მედიკამენტების, მაგ.: ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, სუმსი) ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი, კომბინაციაში გამოყენების დროს.
ლითიუმი, ტრიპტოფანი. აღწერილია თერაპიული ეფექტის გაძლიერების შემთხვევები სუმსი-სა და ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენების დროს. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო მათი კომბინაციის დანიშვნის შემთხვევაში.
კრაზანა. სუმსი-სა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტრების სიხშირის გაზრდა.
ანტიკოაგულანტები. შესაძლოა ორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის ცვლილება ესციტალოპრამთან კომბინაციის შემთხვევაში. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ სისხლის შედედების სისტემის საფუძვლიანი მონიტორინგი ესციტალოპრამის გამოყენებამდე და მის შემდეგ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენისამი მიდრეკილებას.
ალკოჰოლი. ესციტალოპრამი არ შედის ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებთან, ალკოჰოლთან კომბინაცია არასასურველია.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას / ჰიპომაგნიემიას. საჭიროა სიფრთხილე იმ სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას / ჰიპომაგნიემიას, რადგანაც ეს მდგომარეობები ზრდიან ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიაზე.
ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი, ძირითადად განპირობებულია CYP2C19-ით. CYP3A4 და CYP2D6-მ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით. ძირითადი მეტაბოლიტი S-DCT-ის მეტაბოლიზმი (დემეთილირებული ესციტალოპრამი), როგორც ჩანს, ნაწილობრივ კატალიზირდება CYP2D6-ის საშუალებით.
ესციტალოპრამისა და ომეპრაზოლის 30მგ დღეში ერთხელ დოზით (CYP2C19 ინჰიბიტორი) ერთდროული დანიშვნა განაპირობებს ესციტლოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 50%-ით) მატებას სისხლის პლაზმაში.
ესციტალოპრამისა და ციმეტიდინის 400მგ დღეში ორჯერ დოზით (ფერმენტების ზომიერი საერთო ინჰიბიტორი) ერთდროული დანიშვნა განაპირობებს ესციტლოპრამის კონცენტრაციის დაახლოებით 70%-ით მატებას სისხლის პლაზმაში. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამისა და ციმეტიდინის ერთდროული დანიშვნისას. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ., ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან კომბინირების შემთხვევაში. ზემოთხსენებულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ესციტალორამის დოზის შემცირება გვერდითი ეფექტების მონიტორინგის საფუძველზე.
ესციტალოპრამის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე.
ესციტალოპრამი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2D6 –ის ინჰიბიტორს.
სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენების დროს ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად ამ იზოფერმენტით მეტაბოლიზდება და ვიწრო თერაპიული ინდექსით ხასიათდება, მაგ.: ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს) ან ზოგ საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უპირატესად CYP2D6-ით მეტაბოლიზდება, მაგ.: ისეთი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი, ისეთი ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საწირო გახდეს დოზის კორექცია.
დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან კომბინაცია განაპირობებდა ამ ორი სამკურნალო საშუალების დოზის გაორმაგებას სისხლის პლაზმაში.
სიფრთხილეა საჭირო ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირების დროს, რომლებიც უპირატესად CYP2C19-ით მეტაბოლიზდება.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე; 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
სს “ფარმა სტარტი”,
უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. გაველის ბულვ., 8.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5 / დ. უზნაძის ქ. 16-18, 0102, საქართველო.
ტელ.: +995 32 220 69 42
ელ-ფოსტა: [email protected]
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ასინო ფარმას ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა
სომხეთის რესპუბლიკა, 0014, ერევანი, ადონცის ქ. 6/1 – 54.
ტელ.: +37460670170
ელ-ფოსტა: [email protected]