სინეგრა 100მგ #4ტ

სინეგრა 100მგ #4ტ

28.82 ლარი 24.50 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სილდენაფილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 88970
გააზიარე:

1.3.1.1 პროდუქტის ზოგადი დახასიათება

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

სინეგრა

100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 140.48 მგ სილდენაფილის ციტრატს, შეესაბამება 100 მგ სილდენაფილს.

დამხმარენივთიერებებიცნობილიმოქმედებით:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.

3. სამკურნალწამლო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ლურჯი ფერის მომრგვალო-ოთხკუთხედი ფორმის, ერთ მხარეს ორმაგი ნაჭდევით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენება

სინეგრა ნაჩვენებია მოზრდილ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციით, როდესაც დარღვეულია სასქესო ასოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარი, რაც აუცილებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტისთვის.

სინეგრას ეფექტიანი მოქმედებისთვის საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.

4.2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება

გამოყენება მოზრდილებში

რეკომენდებული დოზა, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მიიღება დაახლოებით 1 საათით ადრე სექსუალურ აქტივობამდე, შეადგენს 50 მგ-ს. პრეპარატის ეფექტიანობისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მიღების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირე – დღე-ღამეში ერთხელ. თუ სინეგრა მიიღება საკვებთან ერთად, მისი მოქმედების დაწყების დრო შეიძლება დაგვიანდეს, უზმოდ მიღებასთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 5.2).

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წელი) დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

თირკმელების უკმარისობა

პარაგრაფში „გამოყენება მოზრდილებში“ წარმოდგენილი დოზირების რეკომენდაციები ეხება თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებსაც (კრეატინინის კლირენსი =30-80 მლ/წთ).

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ამიტომ უნდა იქნას განხილული პრეპარატის 25 მგ დოზის მიღების შესაძლებლობა. ეფექტიანობისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50 მგ-მდე ან 100 მგ-მდე.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ციროზის დროს) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ამიტომ უნდა იქნას განხილული პრეპარატის 25 მგ დოზის მიღების შესაძლებლობა. ეფექტიანობისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50 მგ-მდე და 100 მგ-მდე.

გამოყენება ბავშვებში

სინეგრას გამოყენება არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პირებში.

გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს

რიტონავირის გარდა, რომლის გამოყენება სილდენაფილთან კომბინაციაში რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4), CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას უნდა იქნას განხილული პრეპარატის საწყისი დოზის 25 მგ-ის მიღების შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი 4.5).

პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ალფა-ბლოკერების მიღებისას საჭიროა პაციენტების მდგომარეობის ნორმალიზება სილდენაფილის მიღების დაწყებამდე. გარდა ამისა, რეკომენდებულია სილდენაფილის მიღების დაწყება დოზით 25 მგ (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5).

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

4.3 უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.

აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) გამოთავისუფლების გზაზე ცნობილი მოქმედების გამო (იხ. პარაგრაფი 5.1), სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ამიტომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონორებთან (როგორიცაა, ამილნიტრიტი) ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთად.

ფდე-5 ინჰიბიტორების, მათ შორის სილდენაფილის, ციკლაზის გუანილატის სტიმულატორებთან, როგორიცაა რიოციგუატი, ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან პოტენციურად შეიძლება იწვევდეს სიმპტომურ ჰიპოტენზიას (იხ. პარაგრაფი 4.5).

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის სილდენაფილი, არ გამოიყენება მამაკაცებში, როდესაც არ არის რეკომენდებული სექსუალური აქტივობა (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დარღვევების შემთხვევაში, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).

სინეგრა უკუნაჩვენებია პაციენტებში ერთ თვალზე მხედველობის დაკარგვის შემთხვევაში მხედველობის ნერვის წინა იშემიური ნეიროპათიის შედეგად, რომელიც არ არის გამოწვეული არტერიიტით (NAION), მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პათოლოგია დაკავშირებული ფდე-5-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან (იხ. პარაგრაფი 4.4).

სილდენაფილის უსაფრთხოება არ არის შესწავლილი და შესაბამისად, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში: ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ. სვ.), ახლახანს გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და ბადურის ცნობილი მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (ამ პაციენტების მცირე ჯგუფს აქვს ბადურის ფოსფოდიესთერაზას გენეტიკური დარღვევები).

4.4 განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკის მიზნით და მათი შესაძლო მიზეზების დასადგენად საჭიროა სამედიცინო ანამნეზის შეგროვება და ფიზიკალური გამოკვლევების ჩატარება ფარმაკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე.

გულ-სისხლძარღვთარისკ-ფაქტორები

გულის დაავადებების არსებობისას სექსუალური აქტივობა გარკვეული რისკის შემცველია, ამიტომ ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ნებისმიერი თერაპიის დაწყებამდე ექიმმა უნდა განსაზღვროს პაციენტს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა. სილდენაფილი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მცირე ტრანზიტორულ დაქვეითებას (იხ. პარაგრაფი 5.1). სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს ვაზოდილატაციური მოქმედების შესაძლო არასასურველი გამოვლინებების რისკი შესაბამისი დაავადებების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით სექსუალური აქტივობის ფონზე. ვაზოდილატატორის მომატებული ათვისება აღინიშნება მარცხენა პარკუჭიდან გადინების გაძნელების შემთხვევებში (მაგალითად, აორტის სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს), ასევე, მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომის დროს, რომელიც ვლინდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ არტერიული წნევის რეგულაციის მძიმე დარღვევით.

სინეგრა აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს (იხ. პარაგრაფი 4.3).

რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში რეგისტრირებულია გულ-სისხლძარღვთა სერიოზული გართულებების შემთხვევები, მ.შ. მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, მოულოდნელი კორონარული სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულური სისხლდენა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, რომლებიც დროში დაკავშირებული იყო სილდენაფილის გამოყენებასთან. ამ პაციენტების უმრავლესობას, მაგრამ არა ყველა მათგანს, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის ფაქტორები. მოვლენების უმრავლესობა აღინიშნა სექსუალური აქტივობისთანავე, ზოგიერთი მათგანი აღინიშნა სილდენაფილის მიღების შემდეგ სექსუალური აქტივობის გარეშე. ამ მოვლენებსა და მითითებულ ან სხვა ფაქტორებს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა შეუძლებელია.

პრიაპიზმი

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მ.შ. სილდენაფილი, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციით (მაგალითად, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში პრიაპიზმის განვითარების რისკის ფაქტორებით (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).

სილდენაფილის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ხანგრძლივი ერექციის და პრიაპიზმის განვითარების შემთხვევები. 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ერექციის შენარჩუნების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პრიაპიზმის თერაპია დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, შეიძლება განვითარდეს სასქესო ასოს ქსოვილების დაზიანება და პოტენციის შეუქცევადი დაკარგვა.

ფდე-5-ისსხვაინჰიბიტორებთანანერექციულიდისფუნქციისმკურნალობისსხვამეთოდებთანერთდროულადგამოყენება

სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ფდე-5-ის სხვა ინჰიბიტორებთან ან ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ სილდენაფილის შემცველი სხვა პრეპარატების (რევაციო), ასევე ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციის გამოყენებისას შესწავლილი არ არის. ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მხედველობისდარღვევები

სილდენაფილისა და ფდე-5-ის სხვა ინჰიბიტორების მიღებისას რეგისტრირებულია მხედველობის დარღვევის სპონტანური შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8). სპონტანურ შეტყობინებებში და დაკვირვებით კვლევაში აღინიშნა იშვიათი დაავადების მხედველობის ნერვის წინა იშემიური ნეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული არტერიიტთან, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სილდენაფილისა და ფდე-5-ის სხვა ინჰიბიტორების მიღებასთან (იხ. პარაგრაფი 4.8). საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, რომ მხედველობის მოულოდნელად დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს სინეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს (იხ. პარაგრაფი 4.3).

რიტონავირთანერთდროულადმიღება

სილდენაფილის და რიტონავირის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5).

ალფა-ბლოკერებთანერთდროულადმიღება

ვინაიდან სილდენაფილის და ალფა-ბლოკერების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარებას ცალკეულ მგრძნობიარე პაციენტებში, სილდენაფილი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებს (იხ. პარაგრაფი 4.5). ამ მდგომარეობის განვითარება სავარაუდოდ შეიძლება აღინიშნოს სილდენაფილის დოზის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად სილდენაფილით თერაპიის დაწყება შეიძლება მხოლოდ ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებს. განსახილველია სილდენაფილის საწყისი დოზის 25 მგ-ის მიღების საკითხი (იხ. პარაგრაფი 4.2). გარდა ამისა, ექიმმა უნდა მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა ჩატარდეს პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

გავლენასისხლდენაზე

ადამიანის თრომბოციტების in vitro კვლევებით ნაჩვენებია, რომ სილდენაფილი ახდენს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგანტული მოქმედების პოტენცირებას. სისხლდენის დარღვევების ან მწვავე პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ, ამ პაციენტებში სილდენაფილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.

დამხმარენივთიერებები

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ნატრიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ეს პრეპარატი პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~.

ქალები

ვიაგრა არ არის განკუთვნილი ქალებში გამოსაყენებლად.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა სილდენაფილზე

in vitro კვლევები

სილდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ციტოქრომ P450 (CYP) – 3A4-ის (ძირითადი გზა) და 2C9-ის (დამატებითი გზა) იზოფერმენტების მოქმედებით. ამიტომ ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებს შეუძლია დააქვეითოს სილდენაფილის კლირენსი, ხოლო ამ იზოფერმენტების ინდუქტორებს შეუძლია გაზარდოს სილდენაფილის კლირენსი.

in vivo კვლევები

კლინიკური კვლევების მონაცემთა პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა სილდენაფილის კლირენსის დაქვეითება CYP3A4-ის ინჰიბიტორების (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი) ერთდროულად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ სილდენაფილისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას არ აღინიშნა არასასურველი მოვლენების გახშირება, განსახილველია პრეპარატის საწყისი დოზის 25 მგ-ის მიღების საკითხი.

აივ პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის, რომელიც წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის ძლიერ ინჰიბიტორს, სტაბილურ მდგომარეობაში (500 მგ ორჯერ დღე-ღამეში), სილდენაფილთან (დოზით 100 მგ ერთჯერადად) ერთდროულად გამოყენება იწვევდა სილდენაფილის Cmax 300%-ით (4-ჯერ) და AUC-ის 1000%-ით (11-ჯერ) გაზრდას. 24 საათში სისხლის პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაცია შენარჩუნდა 200 ნგ/მლ დონეზე, 5 ნგ/მლ-სთან შედარებით მხოლოდ სილდენაფილის მიღების შემდეგ. ეს თანხვედრაშია რიტონავირის გამოხატულ გავლენასთან რიგ პრეპარატებზე, რომლებიც წარმოადგენენ P450-ის სუბსტრატებს. სილდენაფილი არ ახდენდა გავლენას რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების თანახმად სილდენაფილისა და რიტონავირის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4) და სილდენაფილის მაქსიმალური დოზა არცერთ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს 48 საათში.

აივ პროტეაზას ინჰიბიტორის საკვინავირის, CYP3A4-ის ინჰიბიტორის, სტაბილურ მდგომარეობაში (1200 მგ სამჯერ დღე-ღამეში), სილდენაფილთან (დოზით 100 მგ ერთჯერადად) ერთდროულად გამოყენება, იწვევდა სილდენაფილის Cmax 140%-ით და AUC-ის - 210%-ით გაზრდას. სილდენაფილი არ ახდენდა გავლენას საკვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. პარაგრაფი 4.2). CYP3A4-ის უფრო ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, შეიძლება იწვევდეს უფრო გამოხატულ ცვლილებებს.

სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზით CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორთან ერითრომიცინთან (500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 5 დღე) ერთდროულად მიღებისას, სისხლში ერითრომიცინის მუდმივი კონცენტრაციის მიღწევის ფონზე, იწვევდა სილდენაფილის AUC-ის გაზრდას 182%-ით. ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცების მიერ აზითრომიცინის მიღება (500 მგ დღე-ღამეში 3 დღე) არ ახდენდა გავლენას სილდენაფილის ან მისი ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AUC, Cmax, Tmax, ელიმინაციის სიჩქარის კონსტანტაზე და ნახევარგამოყოფის პერიოდზე. ციმეტიდინი (დოზით 800 მგ), ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორი და CYP3A4-ის არასპეციფიკური ინჰიბიტორი, სილდენაფილთან ერთდროულად მიღებისას (დოზით 50 მგ) ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა სისხლის პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის მომატებას 56%-ით.

გრეიპფრუტის წვენი წარმოადგენს CYP3A4-ის მეტაბოლიზმის სუსტ ინჰიბიტორს ნაწლავის კედელში და შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში სილდენაფილის დონის ზომიერი მატება.

ანტაციდის (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება არ ახდენდა გავლენას სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამკურნალო საშუალებასთან ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული, პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემების მიხედვით სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა მისი ერთდროულად მიღებისას CYP2C9-ის ინჰიბიტორების (როგორიცაა ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტოინი), CYP2D6-ის ინჰიბიტორების (როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულების, მარყუჟოვანი და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, კალციუმის არხების ბლოკერების, ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების ან CYP450-ის მეტაბოლიზმის ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები) ჯგუფის სამკურნალო საშუალებებთან. ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში ბოზენტანის ენდოთელინის ანტაგონისტის (რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის [ზომიერ], CYP2C9-ის და, შესაძლოა CYP2C19-ის ინდუქტორს) სტაბილურ მდგომარეობაში (125 მგ ორჯერ დღე-ღამეში) და სილდენაფილის სტაბილურ მდგომარეობაში (80 მგ სამჯერ დღე-ღამეში) ერთდროულად გამოყენება იწვევდა სილდენაფილის AUC და Cmax შემცირებას შესაბამისად 62.6%-ით და 55.4%-ით. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპინი, ერთდროულად გამოყენება გამოიწვევს სისხლის პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის უფრო გამოხატულ შემცირებას.

ნიკორანდილს გააჩნია კალიუმის არხების აქტივატორის და ნიტრატების მსგავსი მოქმედება. ნიტრატის კომპონენტის გამო ამ პრეპარატს პოტენციურად შეუძლია შევიდეს მნიშვნელოვან ურთიერთქმედებაში სილდენაფილთან.

სილდენაფილის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

in vitro კვლევები

სილდენაფილი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 (IC50 >150 მკმ) სუსტ ინჰიბიტორს. რეკომენდებული დოზებით სილდენაფილის მიღებისას პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 1 მკმოლს, ამიტომ ნაკლებსავარაუდოა, რომ სილდენაფილს შეუძლია შეცვალოს ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსი.

მონაცემები სილდენაფილისა და ფოსფოდიესთერაზას ისეთი არასპეციფიკური ინჰიბიტორების, როგორიცაა თეოფილინი და დიპირიდამოლი, ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

in vivo კვლევები

აზოტის ოქსიდის/ცგმფ-ის გამოთავისუფლების გზაზე ცნობილი ეფექტის თანახმად (იხ. პარაგრაფი 5.1), ნაჩვენებია, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რის გამოც აზოტის ოქსიდის დონორების ან ნებისმიერი ფორმით ნიტრატების სილდენაფილთან ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

რიოციგუატი: წინაკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სისტემური არტერიული წნევის დაქვეითების დამატებითი ეფექტი ფდე-5-ის ინჰიბიტორებისა და რიოციგუატის ერთდროულად გამოყენებისას. კლინიკურ კვლევებში რიოციგუატმა აჩვენა ფდე-5-ის ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. პოპულაციურ კვლევებში ამ კომბინაციის სასიკეთო კლინიკური ეფექტის მონაცემები არ არსებობს. რიოციგუატისა და ფდე-5-ის ინჰიბიტორების, მათ შორის სილდენაფილის, ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

სილდენაფილისა და ალფა-ბლოკერების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარებას მიდრეკილების მქონე ცალკეულ პაციენტებში. ამ მდგომარეობის განვითარება სავარაუდოდ შეიძლება აღინიშნოს სილდენაფილის დოზის მიღებიდან 4 საათში (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.4). სამკურნალო საშუალებების სპეციფიკური ურთიერთქმედების შემსწავლელი სამი კვლევის ფარგლებში სტაბილურ მდგომარეობაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) მქონე პაციენტებს დოქსაზოზინის მიღების ფონზე ერთდროულად დაენიშნათ ალფა-ბლოკერი დოქსაზოზინი (დოზით 4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (დოზით 25, 50 და 100 მგ). ამ კვლევებში ჩართულ პაციენტებში აღინიშნა არტერიული წნევის საშუალო დამატებითი დაქვეითება მწოლიარე მდგომარეობაში 7/7 მმ-ით ვწყ.სვ., 9/5 მმ-ით ვწყ.სვ. და 8/4 მმ-ით ვწყ.სვ., და არტერიული წნევის საშუალო დაქვეითება მდგომარე პოზიციაში 6/6 მმ-ით ვწყ. სვ., 11/4 მმ-ით ვწყ. სვ. და 4/5 მმ-ით ვწყ. სვ. სილდენაფილისა და დოქსაზოზინის ერთდროულად გამოყენებისას პაციენტებში სტაბილურ მდგომარეობაში დოქსაზოზინის მიღების ფონზე სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევები არ იყო ხშირი. ეს შეტყობინებები ითვალისწინებდა თავბრუსხვევასა და გონების დაკარგვის წინა მდგომარეობას სინკოპეს გარეშე.

სილდენაფილის (დოზით 50 მგ) ტოლბუტამიდთან (დოზით 250 მგ) ან ვარფარინთან (დოზით 40 მგ) (პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით) მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

სილდენაფილი (დოზით 50 მგ) არ იწვევდა აცეტილსალიცილის მჟავით (დოზით 150 მგ) გამოწვეული სისხლდენის დროის გახანგრძლივების პოტენცირებას.

სილდენაფილი (დოზით 50 მგ) არ იწვევდა ალკოჰოლის ჰიპოტენზიური მოქმედების პოტენცირებას ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური დონის საშუალოდ 80 მგ/დლ შემთხვევაში.

პაციენტებში, რომლებიც იღებდენ სილდენაფილს, არ იყო აღნიშნული განსხვავებები არასასურველი მოვლენების პროფილში პლაცებოსთან შედარებით, ისეთი კლასის ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას, როგორიცაა დიურეზულები, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (ვაზოდილატატორები და ცენტრალური მოქმედების პრეპარატები), ადრენერგული რეცეპტორების ბლოკერები, კალციუმის არხების ბლოკერები და α-ადრენორეცეპტორების ბლოკერები. სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შემსწავლელ სპეციალურ კვლევაში სილდენაფილისა (100 მგ) და ამლოდიპინის ერთდროულად მიღებისას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში აღინიშნა სისტოლური არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში 8 მმ-ით ვწყ. სვ. დიასტოლური არტერიული წნევის შესაბამისმა დაქვეითებამ შეადგინა 7 მმ ვწყ.სვ. არტერიული წნევის ამ დამატებითი დაქვეითების მნიშვნელობები შედარებული იყო ჯანმრთელ მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებელთან მხოლოდ სილდენაფილის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.1).

სილდენაფილი (დოზით 100 მგ) არ ახდენდა გავლენას აივ-პროტეაზის ინჰიბიტორების, საკვინავირის და რიტონავირის (რომლებიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის სუსბტრატებს) ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში.

სილდენაფილი წონასწორულ მდგომარეობაში (80 მგ სამჯერ დღე-ღამეში) იწვევდა ბოზენტანის (125 მგ ორჯერ დღე-ღამეში) AUC 49.8%-ით და Cmax 42%-ით გაზრდას ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში.

4.6 ფერტილობა , ორსულობა და ლაქტაცია

სინეგრა არ არის განკუთვნილი ქალებში გამოსაყენებლად.

ქალებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არის ჩატარებული.

ვირთაგვებსა და ბოცვრებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე პერორალურად მიღებული სილდენაფილის გავლენის კვლევებში მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები გამოვლენილი არ იყო.

ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 100 მგ სილდენაფილის პერორალურად ერთჯერადად მიღება არ ახდენდა გავლენას სპერმატოზოიდების მოძრაობასა თუ მორფოლოგიაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).

4.7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სილდენაფილს შეუძლია უმნიშვნელო გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ვინაიდან სილდენაფილის კლინიკური კვლევებიდან მიღებულია შეტყობინება თავბრუსხვევისა და მხედველობის დარღვევების განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა იცოდეს რა რეაქცია აქვს სინეგრაზე ავტოტრანსპორტის მართვის მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე.

4.8 გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოებისპროფილისშემაჯამებელიინფორმაცია

სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია 9570 პაციენტის მონაცემებზე 74 ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევის ფარგლებში. კლინიკურ კვლევებში სილდენაფილის მიღებისას პაციენტებში ყველაზე ხშირად რეგისტრირებულია ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, ჰიპერემია, დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, წამოხურება, მხედველობის დარღვევები, ციანოფსია და არამკვეთრი მხედველობა.

რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში რეგისტრირებული ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ მიღებულია >10 წლის განმავლობაში. ვინაიდან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი არ იღებდა ინფორმაციას ყველა არასასურველი რეაქციის შესახებ, შესაბამისად, ყველა არასასურველი რეაქცია არ იყო შეტანილი უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში, ამ რეაქციების სიხშირის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.

არასასურველირეაქციებისცხრილი

კლინიკურად მნიშვნელოვანი ყველა არასასურველი რეაქცია, რომელიც კლინიკურ კვლევებში უფრო ხშირად აღინიშნა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის შესაბამისად (ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 და <1/10), არც ისე ხშირად (>1/1000 და <1/100), იშვიათად (>1/10000 და <1/1000).

სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები მოყვანილია მათი სიმძიმის ხარისხის შემცირების წესით.

ცხრილი 1. კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები , რომლებიც რეგისტრირებულია პლაცებოზე მაღალი სიხშირით კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში , და კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები , რომლებიც რეგისტრირებულია რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში

ორგანოთა სისტემების კლასი

ძალიან ხშირად

(>1/10)

ხშირად (>1/100 da <1/10)

არც ისე ხშირად (>1/1000 და <1/100)

იშვიათად (>1/10000 და <1/1000)

ინფექციები და ინვაზიები

   

რინიტი

 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

   

ჰიპერმგრძნობელობა

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილიანობა, ჰიპესთეზია

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კრუნჩხვა,* კრუნჩხვის რეციდივი,* გულის წასვლა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

 

ფერის აღქმის დარღვევა**, მხედველობის დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა

ცრემლდენის დარღვევა***, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, მხედველობითი აღქმის სიმკვეთრე, კონიუნქტივიტი

მხედველობის ნერვის წინა იშემიური ნეიროპათია, რომელიც არ არის განპირობებული არტერიიტით (NAION)*, ბადურის სისხლძარღვების ოკლუზია*, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, ბადურის დაზიანება, გლაუკომა, მხედველობის ველის დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მიოპია, ასტენოპია, მინისებური სხეულის ამღვრევა, ფერადი გარსის დაზიანება, მიდრიაზი, ჰალოს დანახვა, თვალების შეშუპება, თვალების შესიება, დარღვევა მხედველობის ორგანოს მხრივ, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალების გაღიზიანება, უჩვეულო შეგრძნება თვალში, ქუთუთოების შეშუპება, სკლერის ფერის შეცვლა

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

   

თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში

სიყრუე

დარღვევები გულის მხრივ

   

ტაქიკარდია, გულისცემა

მოულოდნელი კორონარული სიკვდილი*, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია*, წინაგულების ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

 

ჰიპერემია, წამოხურება

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზი

 

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

 

ცხვირის გაჭედვა

სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის წიაღების გაჭედვა

ყელში მოჭერის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

 

გულისრევა, დისპეფსია

გასტრიეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა არეში, პირის სიმშრალე

ორალური ჰიპესთეზია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

   

გამონაყარი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს)*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ)*

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

   

მიალგია, ტკივილი კიდურების არეში

 

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

   

ჰემატურია

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ

     

სისხლდენა სასქესო ასოდან, პრიაპიზმი*, ჰემატოსპერმია, მომატებული ერექცია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

   

ტკივილი გულ-მკერდის არეში, მომატებული დაღლილობა, სიცხის შეგრძნება

გაღიზიანებადობა

ანალიზები

   

გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

 

* რეგისტრირებულია მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში

** ფერის აღქმის დარღვევა: ქლოროფსია, ქრომატოფსია, ციანოფსია, ერითროფსია და ქსანტოფსია

*** ცრემლდენის დარღვევა: თვალების სიმშრალე, ცრემლდენის დარღვევა და მომატებული ცრემლდენა

შეტყობინება მოსალოდნელი არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მოსალოდნელი არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი.

4.9 დოზის გადაჭარბება

ჯანმრთელ მოხალისეებში 800 მგ-მდე დოზის ერთჯერადად მიღებისას ჩატარებულ კვლევებში არასასურველი მოვლენები იყო ისეთი არასასურველი მოვლენების მსგავსი, რომლებიც აღინიშნა პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღებასთან, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი გაიზარდა. 200 მგ დოზის გამოყენება არ იწვევდა ეფექტიანობის გაზრდას, მაგრამ იწვევდა არასასურველი რეაქციების (თავის ტკივილი, წამოხურება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა, მხედველობის დარღვევა) განვითარების შემთხვევათა გახშირებას.

დოზის გადაჭარბებისას, თუ საჭიროა, მიმართავენ სტანდარტულ შემანარჩუნებელ ზომებს. სილდენაფილის კლირენსის დაჩქარება ჰემოდიალიზის დროს ნაკლებსავარაუდოა, სისხლის პლაზმის ცილებთან სილდენაფილის შეკავშირების მაღალი ხარისხისა და შარდში პრეპარატის ელიმინაციის არ არსებობის გამო.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური პრეპარატები; ერექcიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები.

ათქ კოდი: G04B E03.

მოქმედების მექანიზმი

სილდენაფილი განკუთვნილია ერექციული დისფუნქციის პერორალური თერაპიისთვის. ჩვეულებრივ პირობებში, ე.ი. სექსუალური სტიმულაციის არსებობისას, ის აღადგენს დარღვეულ ერექტიულ ფუნქციას სასქესო ასოში სისხლის მიწოდების გაძლიერების ხარჯზე.

ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს სასქესო ასოს ერექციას, ითვალისწინებს მღვიმოვან სხეულში აზოტის ოქსიდის (NO) გამოთავისუფლებას სექსუალური სტიმულაციის დროს. აზოტის ოქსიდი შემდეგ ახდენს ფერმენტ გუანილატციკლაზას აქტივაციას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) დონის მომატებას და მღვიმოვან სხეულში გლუვი კუნთების მოდუნებასა და სისხლის მიწოდების გაზრდას.

სილდენაფილი წარმოადგენს ცგმფ-ის სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზა 5-ის (ფდე-5) სელექციურ ინჰიბიტორს მღვიმოვან სხეულში, სადაც ფდე-5 პასუხისმგებელია ცგმფ-ის დაშლაზე. სილდენაფილი ახდენს პერიფერიულ მოქმედებას ერექციაზე. სილდენაფილს არ აქვს პირდაპირი მოდუნების ეფექტი ადამიანში იზოლირებულ მღვიმოვან სხეულზე, მაგრამ აქტიურად აძლიერებს ამ ქსოვილზე NO-ს მომადუნებელ ეფექტს. NO/ცგმფ კასკადის აქტივაციისას, რომელიც აღინიშნება სექსუალური სტიმულაციისას, სილდენაფილის მიერ ფდე-5 ინჰიბირება იწვევს ცგმფ-ის დონის მატებას მღვიმოვან სხეულში. შესაბამისად, სილდენაფილის სასურველი ფარმაკოლოგიური მოქმედების განვითარებისთვის აუცილებელია სექსუალური სტიმულაცია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი სელექციურია ფდე-5-ის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ერექციის განვითარების პროცესში. მისი აქტივობა ფდე-5-ის მიმართ აღემატება აქტივობას სხვა ცნობილი ფოსფოდიესთერაზების მიმართ. ის 10-ჯერ ნაკლებად აქტიურია ფდე-6-ის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ბადურაში ფოტოგარდაქმნის პროცესში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზით სილდენაფილი 80-ჯერ ნაკლებად სელექციურია ფდე-1-ის მიმართ და 700-ჯერ – ფდე-2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ის მიმართ. გარდა ამისა, სილდენაფილის სელექციურობა ფდე-5-ის მიმართ დაახლოებით 4000-ჯერ აღემატება მის სელექციურობას ფდე-3-ის - ცამფ-სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზის მიმართ, რომელიც მონაწილეობს გულის შეკუმშვათა რეგულაციაში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

პრეპარატის მიღების შემდეგ სექსუალურ სტიმულაციაზე საპასუხოდ სილდენაფილის მიერ ერექციის გამოწვევის დროის შესაფასებლად შემუშავდა ორი კლინიკური კვლევა. კლინიკურ კვლევაში, როდესაც პაციენტები იღებდნენ სილდენაფილს უზმოდ, ფალოპლეტიზმოგრაფიის ჩატარებისას (RigiScan-ის ხელსაწყოს საშუალებით) პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს ერექციას სასქესო ასოს რიგიდულობით 60% (რაც საკმარისია სქესობრივი კონტაქტის დასამყარებლად), ერექციის დაწყების დროის მედიანა შეადგენდა 25 წუთს (მნიშვნელობების დიაპაზონში 12-37 წთ). RigiScan-ის ხელსაწყოს გამოყენებით ჩატარებულ იზოლირებულ კვლევაში სილდენაფილს გამოყენებიდან 4-5 საათის შემდეგაც კი შეეძლო ერექციის გამოწვევა სექსუალური სტიმულაციის პასუხად.

სილდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და დროებით დაქვეითებას, რასაც უმრავლეს შემთხვევაში არ აქვს კლინიკური გამოვლინებები. სილდენაფილის 100 მგ დოზით პერორალურად მიღების შემდეგ მწოლიარე მდგომარეობაში განსაზღვრული სისტოლური არტერიული წნევის საშუალო მაქსიმალური დაქვეითება შეადგენდა 8.4 მმ ვწყ. სვ. დიასტოლური არტერიული წნევის შესაბამისი ცვლილება შეადგენდა 5.5 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის ასეთი დაქვეითება შეესაბამება სილდენაფილის სისხლძარღვების გამაფართოებელ მოქმედებას, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებში ცგმფ დონის მომატებით. ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის 100 მგ დოზით ერთჯერადი პერორალური მიღება არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკგ-ზე.

სილდენაფილის 100 მგ დოზით ერთჯერადი პერორალური მიღების ჰემოდინამიკური ეფექტების კვლევაში გულის მძიმე იშემიური დაავადების (გიდ) მქონე 14 პაციენტში (სულ მცირე ერთი კორონარული არტერიის 70%-ზე მეტი სტენოზით), სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის საშუალო მნიშვნელობა მოსვენების მდგომარეობაში შემცირდა შესაბამისად 7% და 6%-ით საწყის დონესთან შედარებით. ფილტვის არტერიის საშუალო სისტოლური არტერიული წნევა შემცირდა 9%-ით. სილდენაფილი არ ახდენდა გავლენას გულის წუთმოცულობაზე და არ არღვევდა სისხლის მიმოქცევას სტენოზირებულ კორონარულ არტერიებში.

ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ფიზიკური დატვირთვის ტესტის გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობდა 144 პაციენტი ერექციული დისფუნქციით და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით, რომლებიც მუდმივად იღებდნენ ანტიანგინალურ სამკურნალო საშუალებებს (გარდა ნიტრატებისა), ლიმიტირებადი სტენოკარდიის განვითარების დროის რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სილდენაფილისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის არ აღინიშნა.

ფერების აღქმის (ლურჯი/მწვანე) მსუბუქი და გარდამავალი დარღვევები გამოუვლინდა ზოგ პაციენტს ფარნსვორტ-მანსელის 100 ელფერის ტესტის ჩატარებისას სილდენაფილის 100 მგ დოზით მიღებიდან 1 საათში. ეს ცვლილებები სრულად ალაგდა პრეპარატის გამოყენებიდან 2 საათში. ფერთა აღქმის ასეთი ცვლილების შესაძლო მექანიზმი უკავშირდება ფდე-6-ის ინჰიბირებას, რომელიც მონაწილეობს თვალის ბადურის რეაქციათა ფოტოგარდაქმნის კასკადში. სილდენაფილი არ მოქმედებს მხედველობის სიმკვეთრეზე ან კონტრასტულ მგრძნობელობაზე. მცირე პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც დადასტურებული აქვს ასაკობრივი მაკულარული დისტროფიის დიაგნოზი (n=9) სილდენაფილი (ერთჯერადად 100 მგ დოზით) არ იწვევდა მხედველობის შემოწმების შედეგების სარწმუნო ცვლილებებს (მხედველობის სიმკვეთრე, ამსლერის ბადე, შუქფორის ფერთა გარჩევის მოდელირება, ჰამფრის პერიმეტრი და ფოტოსტრესი).

სილდენაფილის 100 მგ დოზით პერორალურად ერთჯერადად მიღება ჯანმრთელ მოხალისეებში არ ახდენდა გავლენას სპერმის მოძრაობასა თუ მორფოლოგიაზე (იხ. პარაგრაფი 4.6).

კლინიკური კვლევების დამატებითი მონაცემები

კლინიკური კვლევების პერიოდში სილდენაფილი გამოიყენებოდა 19-დან 87 წლამდე ასაკის 8000-ზე მეტ პაციენტში. კვლევებში წარმოდგენილი იყო პაციენტების შემდეგი ჯგუფები: ხანდაზმული პაციენტები (19.9%), ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები (30.9%), შაქრიანი დიაბეტის (20.3%), გულის იშემიური დაავადების (5.8%), ჰიპერლიპიდემიის (19.8%), ზურგის ტვინის ტრავმების (0.6%), დეპრესიის (5.2%) მქონე პაციენტები, პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექცია (3.7%) და რადიკალური პროსტატექტომია (3.3%). პაციენტების შემდეგი ჯგუფები არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი ან გაირიცხნენ კლინიკური კვლევებიდან: პაციენტები მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტები სხივური თერაპიის შემდეგ, თირკმელების ან ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტები და პაციენტები გულ-სისხლძარღვთა გარკვეული დაავადაბებით (იხ. პარაგრაფი 4.3).

ფიქსირებული დოზის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში პაციენტების წილი, რომელთაც აღენიშნათ ერექციული ფუნქციის გაუმჯობესება პრეპარატის გამოყენებისას შეადგენდა 62%-ს (25მგ), 74%-ს (50 მგ) და 82%-ს (100 მგ), 25%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში სილდენაფილის მოხსნის შემთხვევათა რაოდენობა იყო მცირე და შედარებული პლაცებოს ჯგუფთან.

ყველა ამ კვლევაში სილდენაფილის გამოყენებისას გაუმჯობესების შემთხვევათა რაოდენობა იყო შემდეგი: ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია (84%), შერეული ერექციული დისფუნქცია (77%), ორგანული ერექციული დისფუნქცია (68%), ხანდაზმული პაციენტები (67%), შაქრიანი დიაბეტი (59%), გულის იშემიური დაავადება (69%), ჰიპერტენზია (68%), წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექცია (61%), რადიკალური პროსტატექტომია (43%), ზურგის ტვინის ტრავმები (83%), დეპრესია (75%). სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია ხანგრძლივი კვლევების მონაცემებით.

ბავშვები

ევროპულმა წამლის სააგენტომ უარი თქვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პედიატრიული მოსახლეობის ყველა ქვეჯგუფში სილდენაფილის კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე. ბავშვთა ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პარაგრაფი 4.2.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში აღნიშნული მაქსიმალური კონცენტრაციები სილდენაფილის უზმოდ პერორალურად მიღებისას მიიღწევა 30-120 წუთში (მედიანა 60 წუთი). პერორალურად მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 41%-ს (25-63%). დოზების რეკომენდებული დიაპაზონის (25-100 მგ) პერორალურად მიღების შემდეგ სილდენაფილის AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად.

საკვებთან ერთად სილდენაფილის მიღებისას მისი შეწოვის სიჩქარე მცირდება, tmax-ის საშუალოდ 60 წუთით გაზრდით და Cmax-ის საშუალოდ 29%-ით შემცირებით.

განაწილება

წონასწორულ მდგომარეობაში სილდენაფილის განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს საშუალოდ 105 ლ, რაც მიუთითებს მის განაწილებაზე ქსოვილებში. სისხლის პლაზმაში სილდენაფილის მაქსიმალური საერთო კონცენტრაცია პრეპარატის პერორალურად ერთჯერადად მიღებისას დოზით 100 მგ საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 440 ნგ/მლ (ვარიაციის კოეფიციენტი – 40%). ვინაიდან სილდენაფილის (და მისი ძირითადი მოცირკულირე N-დესმეთილ-მეტაბოლიტის) შეკავშირება პლაზმის ცილებთან აღწევს 96%-ს, სისხლის პლაზმაში სილდენაფილის თავისუფალი ფრაქციის საშუალო მაქსიმალური კოცენტრაცია შეადგენს 18 ნგ/მლ (38ნმ). კავშირი პლაზმის ცილებთან არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კოცენტრაციაზე.

ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის (100 მგ ერთჯერადი დოზის) მიღებიდან 90 წუთში ეაკულატში განისაზღვრა პრეპარატის მიღებული დოზის 0.0002%-ზე ნაკლები (საშუალოდ – 188 ნგ).

ბიოტრანსფორმაცია

სილდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტების СYP3A4-ის (ძირითადი გზა) და СYP2С9-ის (დამატებითი გზა) მოქმედებით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირების შედეგად. ამ მეტაბოლიტს გააჩნია სელექციურობის პროფილი ფოსფოდიესთერაზების მიმართ, რომელიც სილდენაფილის პროფილის ანალოგიურია, ხოლო მისი აქტივობა ფდე-5-ის მიმართ in vitro შეადგენს ძირითადი ნივთიერების აქტივობის დაახლოებით 50%-ს. პლაზმაში ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია შეადგენს სილდენაფილის კონცენტრაციის დაახლოებით 40%-ს. N-დემეთილირებული მეტაბოლიტი ექვემდებარება შემდგომ მეტაბოლიზმს; მისი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს.

გამოყოფა

ორგანიზმიდან სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში – 3-5 საათს. პერორალურად ან ინტრავენურად შეყვანის შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად, განავალთან ერთად (პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 80%) და მცირე ხარისხით – შარდთან ერთად (პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 13%).

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ხანდაზმული პირები

ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში (65 წლის და უფროსი) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ხოლო სილდენაფილის და აქტიური N-დესმეთილ-მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლობით 90%-ით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (18-45 წლის). პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ასაკობრივი სხვაობების გამო, პლაზმაში თავისუფალი სილდენაფილის კონცენტრაციის შესაბამისი მომატება დაახლოებით 40%-ს შეადგენდა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი =30-80 მლ/წთ) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მისი პერორალურად ერთჯერადი მიღებისას დოზით 50 მგ არ იცვლებოდა. N-დესმეთილ-მეტაბოლიტის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 126%-მდე და 73%-მდე ამ ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა. თუმცა, მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელურობის შედეგად ეს განსხვავებები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) სილდენაფილის კლირენსი მცირდებოდა, რაც იწვევდა AUC და Cmax გაზრდას საშუალოდ 100%-ით და 88%-ით, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ამ ასაკის პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. გარდა ამისა, N-დესმეთილ-მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 200%-ით და 79%-ით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ციროზის (კლასი A და B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რაც იწვევდა AUC (84%) და Cmax (47%) გაზრდას, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ამ ასაკის პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.

5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევების მონაცემები

ადამიანებისთვის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალისა და რეპროდუქციასა და განვითარებაზე ტოქსიკურობის შემსწავლელ სტანდარტულ კვლევებში მიღებული არაკლინიკური მონაცემებით არ არის გამოვლენილი სპეციფიკური საფრთხე.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი, უწყლო (ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი უწყლო)

მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102

ნატრიუმის კროსკარმელოზა

სილიციუმი, კოლოიდური უწყლო (აეროსილი 200)

მაგნიუმის სტეარატი

აპკიანი გარსის მასალა #14 (Opadry II ლურჯი 85F20578)*

აპკიანი გარსის მასალა #14-ის შემადგენლობა: Opadry II ლურჯი 85F20578: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/პეგ 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), FD&C ლურჯი #2/ინფიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

6.2 შეუთავსებლობა

ხელმისაწვდომი არ არის.

6.3 შენახვის ვადა

4 წელი.

6.4 შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

6.5 შეფუთვის სახე და შიგთავსი

გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალუმინის ბლისტერული შეფუთვები აპკიანი გარსით დაფარული 1 და 4 ტაბლეტით.

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

აპკიანი გარსით დაფარული 4 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

6.6 სიფრთხილის სპეციალური ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და სხვა მითითება გამოყენებასთან დაკავშირებით

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14

34768 უმრანიე, სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: +90 (216) 633 60 00

ფაქსი: +90 (216) 633 60 01

8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

213/79 (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)

სარეგისტრაციო მოწმობის #R-026634 (საქართველო, სინეგრა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი)

სარეგისტრაციო მოწმობის #R-026635 (საქართველო, სინეგრა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული 4 ტაბლეტი)

9. პირველი რეგისტრაციის თარიღი

12.12.2007 (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)

31.10.2018 (საქართველო, სინეგრა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული 1 და 4 ტაბლეტი)

10. ტექსტის რედაქტირების თარიღი

2022 წლის მაისი