ცეფოქსი 500მგ #14ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცეფოქსი, 250 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ცეფოქსი, 500 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
(ცეფუროქსიმი)
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ცეფოქსი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცეფოქსის მიღებამდე;
3. ცეფოქსის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ცეფოქსის შენახვის წესი;
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ცეფოქსი და მისი გამოყენება
ცეფოქსი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში. მისი მოქმედების ეფექტი განპირობებულია ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. მედიკამენტი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფს.
ცეფოქსი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- ყელის
- სინუსური წიაღების
- შუა ყურის
- ფილტვების ან გულმკერდის
- საშარდე გზების
- კანისა და რბილი ქსოვილების.
ცეფოქსი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას:
- ლაიმის დაავადების ადრეული ფორმის სამკურნალოდ (ბორელიოზი -ინფექცია, რომლის გადამტანები არიან ტკიპები).
ექიმმა შეიძლება განსაზღვროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპი ანალიზის საშუალებით და მოახდინოს მონიტორინგი, მგრძნობიარეა თუ არა ბაქტერია ცეფოქსის მიმართ მკურნალობის პერიოდში.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცეფოქსის მიღებამდე
დაუშვებელია ცეფოქსის მიღება:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ცეფალოსპორინების ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
- თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტა-ლაქტამური სხვა ტიპის ანტიბიოტიკების (პენიცილინების, მონობაქტამების და კარბაპენემების) მიმართ;
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, ცეფოქსის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ცეფოქსი არ არის განკუთვნილი 3 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის დადგენილი არ არის.
ცეფოქსით მკურნალობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ალერგიული რეაქციები, სოკოვანი ინფექციები (მაგ.: კანდიდოზი) და მძიმე ხასიათის დიარეა (ფსევდომემბრანოზული კოლიტი). ეს შეამცირებს პრობლემების განვითარების რისკებს, იხ. მე-4 პარაგრაფი “მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებას”.
სისხლის ანალიზები
ცეფოქსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონის შედეგზე ან კუმბსის სინჯზე. თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის ანალიზების ჩატარება:
სისხლის ანალიზის აღების დროს, პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ცეფოქსს.
ცეფოქსი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც.
- კუჭის მჟავის რაოდენობის დამაქვეითებელმა მედიკამენტებმა (მაგ.: ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის დროს) შეიძლება გავლენა იქონიონ ცეფოქსის მოქმედების მექანიზმზე;
- პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის და სხვა მდგომარეობების დროს);
- პერორალური ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დასაქვეითებლად).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ ტიპის მედიკამენტებს.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ცეფოქსმა შეიძლება შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ პაციენტი იღებს კონტრაცეპციულ აბებს ცეფოქსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ბარიერული ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (მაგ.: პრეზერვატივების) გამოყენება. თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, უნდა მიმართოს ექიმს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ცეფოქსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
- თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას;
- ძუძუთი კვების დროს.
მკურნალი ექიმი შეაფასებს ცეფოქსის სარგებელს ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს ბავშვზე მოსალოდნელ რისკებთან შედარებით.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ცეფოქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქვეითებენ ყურადღებას.
დაუშვებელია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს.
3. ცეფოქსის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ცეფოქსი მიიღება ჭამის შემდეგ. ამ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ეფექტურია.
ცეფოქსის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან გატეხვა - ამ დროს მკურნალობა ნაკლებეფექტური იქნება.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები
ცეფოქსის რეკომენდებული დოზაა 250-500 მგ ცეფოქსი ორჯერ დღეში ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.
ბავშვები
ცეფოქსის რეკომენდებული დოზაა 10 მგ/კგ-დან (მაქსიმუმ 125 მგ) 15 მგ/კგ-მდე (მასიმუმ 250 მგ) ორჯერ დღეში
- ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.
ცეფოქსი არ არის რეკომენდებული 3 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის. ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა, ცეფუროქსიმი გამოყენებულ უნდა იქნას შიგნით მისაღები სუსპენზიის სახით.
დაავადების ან მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, ბავშვებში საწყისი დოზა შეიძლება შეიცვალოს ან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ერთ კურსზე მეტის ჩატარება.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. საჭიროა ექიმის ინსტრუქციების დაცვა.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის ცვლილება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები.
ცეფოქსის დოზის გადაჭარბებისას
ცეფოქსის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ნევროლოგიური პრობლემები, კერძოდ შეიძლება აღინიშნოს გულყრები.
საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა ან სასწრაფოში დარეკვა. შესაძლებლობის შემთხვევაში პაციენტმა თან უნდა იქონიოს ცეფოქსის კოლოფი.
ცეფოქსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
ცეფოქსით მკურნალობის შეწყვეტა
მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებულ იქნას ცეფოქსით მკურნალობის სრული კურსი. წამლის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტისას, შეიძლება განვითარდეს ინფექციის რეციდივი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებას
პაციენტების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ ცეფოქსს, განუვითარდათ ალერგიული რეაქცია ან კანის მძიმე რეაქცია. ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:
- მძიმე ალერგიული რეაქციები. ნიშნები მოიცავს კვანძოვან გამონაყარს ქავილით, სახის ან პირის ღრუს შეშუპებას, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
- გამონაყარი კანზე, შეიძლება იყოს ბუშტუკოვანი და პატარა სამიზნის მსგავსი (ცენტრში მუქი ნაწილით, გარშემო მკრთალი ზოლითა და კიდეზე მუქი რგოლით);
- გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით (შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის – ლაიელის სინდრომის ნიშნები იყოს).
სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებას ცეფოქსით მკურნალობის დროს, მოიცავს:
- სოკოვანი ინფექციები. ცეფოქსის მსგავსი მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში საფუარა სოკოს (კანდიდას ტიპის სოკოს) გამრავლება, შედეგად ვითარდება სოკოვანი ინფექციები (მაგ.: რძიანა). ეს გვერდითი მოვლენა უფრო ვითარდება ცეფოქსის ხანგრძლივად მიღების დროს;
- მძიმე ფაღარათი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი). ცეფოქსის მსგავსი მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მძიმე დიარეას, ჩვეულებრივ, სისხლითა და ლორწოთი, მუცლის ტკივილით, ცხელებით;
- იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია. ლაიმის დაავადების გამო ცეფოქსით მკურნალობის დროს ზოგიერთი პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მაღალი ტემპერატურა (ცხელება), შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი კანზე, რაც ცნობილია იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციის სახელით. სიმპტომები ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.
ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
- სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა კანდიდოზი)
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- დიარეა
- გულისრევა
- მუცლის ტკივილი
ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებით:
- ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია)
- ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
- გულისრევა
- გამონაყარი კანზე
არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებით:
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას);
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
- კუმბსის დადებითი ტესტი.
სხვა გვერდითი მოვლენები
სხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში და მათი განვითარების ზუსტი სიხშირე უცნობია:
- მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანოზული კოლიტი)
- ალერგიული რეაქციები
- კანის რეაქციები (მათ შორის მძიმე ხასიათის)
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
- კანისა და სკლერების გაყვითლება
- ღვიძლის ანთება
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებით:
- ერითროციტების სწრაფად დაშლა (ჰემოლიზური ანემია).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა, ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. ცეფოქსის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის ტემპერატურის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ცეფოქსი
აქტიური ნივთიერებაა ცეფუროქსიმი (ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით).
ცეფოქსი, 250 მგ - თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ცეფუროქსიმს ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით.
ცეფოქსი, 500 მგ - თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ცეფუროქსიმს ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი - მიკროკრისტალური ცელულოზა (PH-102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა (5ცP), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.
ცეფოქსის ფორმა და შეფუთვა
ცეფოქსი 250 მგ: თეთრი ან მოთეთრო, მოგრძო ფორმის, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს სადა და მეორე მხარეს ამოტვიფრულია “A33”;
ცეფოქსი 500 მგ: თეთრი ან მოთეთრო, მოგრძო ფორმის, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს სადა და მეორე მხარეს ამოტვიფრულია “A34”;
პა/ალუმინი/პვქ/ალუმინის ბლისტერები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვა შეიცავს 10, 14, 20 ან 28 ტაბლეტს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და იმპორტიორი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
S-LAB Sp. z o.o.
ul. Kiełczowska 2
55-095 Mirków
Tel.: 71 330 50 80
ს-ლაბ სპ.ზ.ო.ო.
ულ. კიელჩოვსკა 2
55-095 მირკოვი
ტელ.: 71 330 50 80
იმპორტიორი
APL Swift Services (Malta) Limited
HF 26 Hal Far Industrial Estate, Hal Far, Birzebbuga
BBG 3000
Malta
აპლ სვიფტ სერვისის (მალტა) ლიმითედ
HF 26 ჰალ ფარ ინდასტრიალ ისთეით, ჰალ, ფარ, ბირზებუჯა,
BBG 3000
მალტა