დულსევია 30მგ #30კაფს
გააზიარე:
დულსევია 30მგ 30 კაფსულა
- 1. დულსევიას დახასიათება და გამოყენება
დულსევია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს.
დულსევია ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში.
დულსევია გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესია;
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვა ან ნევროზულობა);
- დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილები (ხშირად აღწერენ, როგორც წვის, ჩხვლეტის, სუსხვის, დაჭრის შეგრძნებას ან ელექტო შოკის მსგავს ტკივილს. დაზიანებულ ადგილას შეიძლება გამოვლინდეს შეგრძნების დაკარგვა ან ტკივილის შეგრძნება შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის მიმართ).
დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტების უმრავლესობაში დულსევია მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, თუმცა მდგომარეობის
გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა. აცნობეთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ თავს გრძნობთ უკეთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დულსევიათი მკურნალობის გაგრძელება დეპრესიის ან შფოთვის ხელახლა გამოვლინების თავიდან ასაცილებლად.
დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე კვირა. აცნობეთ ექიმს, თუ ორი თვის შემდეგ თავს არ გრძნობთ უკეთესად.
2. დულსევიას მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ მიიღოთ დულსევია თუ აღინიშნება:
- ალერგია დულოქსეტინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების (ჩამოთვლილი ნაწილში 6) მიმართ;
- ღვიძლის დაავადება;
- თირკმლის მძიმე დაავადება;
- იღებთ, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით სხვა პრეპარატს, რომელსაც ეწოდება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაო-ს ბლოკატორი) (იხ. დულსევიას გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად);
- იღებთ ფლუვოქსამინს (ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს (გამოიყენება ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ);
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. დულსევიას გამოყენება სხვა პრეპარატებთან).
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება. ექიმი გადაწყვეტს მიიღოთ თუ არა დულსევია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო შესაძლოა დულსევია არ იყოს თქვენთვის რეკომენდებული. დულსევიას მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ:
- იღებთ დეპრესიის სამკურნალო სხვა საშუალებებს (იხ. დულსევიას გამოყენება სხვა პრეპარატებთან);
- იღებთ კრაზანას შემცველ მცენარეულ საშუალებებს (Hypericum perforatum);
- აღინიშნება თირკმლის დაავადება;
- აღინიშნება გულყრები (ეპილეფსია);
- აღინიშნება მანია;
- აღინიშნება ბიპოლარული აშლილობა;
- აღინიშნება თვალის დაავადება, როგორიცაა ზოგიერთი სახის გლაუკომა (თვალისშიდა წნევის მომატება);
- ანამნეზში აღინიშნება სისხლდენის დარღვევები (სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია);
- აღინიშნება სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკი (მაგ, თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში);
- ამჟამად მკურნალობთ პრეპარატით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება;
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. დულსევიას გამოყენება სხვა
პრეპარატებთან).
დულსევიას მსგავსმა მედიკამენტებმა (ეგრეთ წოდებული SSRIs/SNRIs) შესაძლოა გამოიწვიოs სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები შესაძლოა შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.
დულსევიამ შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობა ან ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაურესება
თუ აღინიშნება დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შეიძლება განვითარდეს თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ეს აზრები შესაძლოა უფრო ინტენსიურად გამოიხატოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან პრეპარატის მოქმედებას ესაჭიროება დრო, ჩვეულებრივ ორი კვირა და ზოგჯერ მეტიც.
ამ აზრებისადმი მიდრეკილება უფრო მეტად ვლინდება თუ:
- ადრე აღინიშნა სუიციდური ან თვითდაზიანების აზრების გამოვლენა;
- ხართ ახალგაზრდა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
კარგი იქნება აცნობოთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და თხოვეთ პრეპარატზე ამ ინფორმაციის წაკითხვა. თხოვეთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა გაუარესდება ან თუ შენიშნეს ცვლილება თქვენს ქცევაში.
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ჩვეულებრივ დულსევია არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას მაღალია გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი, როგორებიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და დამაზიანებელი საქციელი (უპირატესად აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და ბრაზი). თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დულსივია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ გადაწყვეტს ამის საჭიროებას. თუ ექიმმა დულსივია დანიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და გსურთ განიხილოთ ეს ექიმთან, გთხოვთ კვლავ მიმართოთ თქვენს ექიმს. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტი იღებს დულსივიას, აცნობეთ ექიმს ზემოთ აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის გამოვლინის ან გაუარესების შესახებ. ამასთანავე, არ არის დადგენილი დულსევიას ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება ზრდაზე, მომწიფებასა და ქცევით განვითარებაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში.
დულსევიას გამოყენება სხვა პრეპარატებთა ნერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც.
დულსევიას მოქმედი ნივთიერება დულოქსეტინი სხვა პრეპარატების შემცველობაში გამოიყენება შემდეგი შემთხვევებისათვის: დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილები, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა. თავიდან უნდა აიცილოთ რამდენიმე ასეთი პრეპარატის ერთდროული გამოყენება. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დულსევიას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ. არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ ნებისმიერი პრეპარატის მიღება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატისაც, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ასევე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები): დულსევია არ გამოიყენება თუ იღებთ ან ახლო წასრსულში იღებდით (ბოლო 14 დღის განმავლობაში) სხვა ანტიდეპრესანტებს ე.წ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ინჰიბიტორებს). მაო-ინჰიბიტორებს შეიცავს მაგალითად, მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). მაო-ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებამ რეცეპტით გასაცემ სხვადასხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის დულსევიასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი ეფექტები. მაო-ინჰიბიტორების მიღების დასრულებიდან უნდა გავიდეს სულ მცირე 14 დღე დულსევიას გამოყენებამდე. ასევე, დულსევიას მიღების დასრულებიდან უნდა გავიდეს სულ მცირე 5 დღე მაო-ინჰიბიტორების გამოყენების დაწყებამდე.
პრეპარატები, რომლებიც იწვევს ძილიანობას: ეს მოიცავს რეცეპტით გასაცემ საშუალებებს, ბენზოდიაზეპინების, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების, ანტიფსიქოზური საშუალებების, ფენობარბიტალის და ანტიჰისტამინური საშუალებების ჩათვლით.
პრეპარატები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (როგორიცაა ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორებიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, კრაზანას პრეპარატები და მაო-ინჰიბიტორები (როგორებიცაა მოკლობემიდი და ლინეზოლიდი). ეს პრეპარატები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს; მიმართეთ ექიმს, თუ ამ პრეპარატების დულსევიასთან ერთად მიღებისას აღინიშნება ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი.
პერორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტები: სისხლის გამათხელებელი ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები. ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.
დულსევიას გამოყენება ასაკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დულსევიას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სიფრთხილეა საჭიროა, თუ დულსევიათი მკურნალობისას იღებთ ალკოჰოლის შემცველ სასმელებს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
- აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდით ან გეგმავთ დაორსულებას დულსევიათი მკურნალობის პერიოდში. დულსევია მიიღება მხოლოდ პაციენტის მიმართ პოტენციური სარგებლის და ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის ექიმის მიერ შეფასების შემდეგ.
აცნობეთ თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს, რომ იღებთ დულსევიას. მსგავსი პრეპარატების (SSRIs) ორსულობის პერიოდში მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ჩვილებში სერიოზული დაავადების განვითარების რისკს, რომელსაც ეწოდება ახალშობილთა პერსისტირებადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც იწვევს ჩვილებში სუნთქვის გახშირებას და კანის სილურჯეს. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებიდან 24 საათის შემდეგ. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ბებიაქალს ან ექიმს.
თუ დულსევიას იღებთ ორსულობის ბოლო ეტაპზე, ჩვილს შეიძლება აღენიშნოს ზოგიერთი სიმპტომი. ჩვეულებრივ ეს ვლინდება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს, ტრემორს, აღგზნებადობას, კვების სირთულეებს, სუნთქვის გაძნელებას და კრუნჩხვებს. თუ ახალშობილს დაბადებისას გამოუვლინდა აღნიშნული სიმპტომები ან შიშობთ მის ჯანმრთელობაზე, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ბებია ქალს.
- აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში. დულსევიას გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დულსევიამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. არ მართოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები სანამ არ დადგინდება, თუ რა ეფექტს ახდენს თქვენზე დულსივია.
დულსევია შეიცავს საქაროზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
3. დულსევიას მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დულსევია მიიღება პერორალურად. კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად წყლის დაყოლებით.
დეპრესიის და დიაბეტური ნეიროპათიით გამოწვეული ტკივილის დროს
დულსევიას რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთჯერ, მაგრამ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის საჭირო სხვა დოზა.
გენერალიზებულიშფოთვითიაშლილობა
დულსევიას ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღეში ერთჯერ, შემდგომ პაციენტთა უმრავლესობაში ინიშნება 60მგ დღეში ერთჯერ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო დოზას. დულსევიას მიმართ თქვენი პასუხიდან გამომდინარე შესაძლებელია დოზირება გაიზარდოს 120მგ-მდე დღეში ერთჯერ.
რომ არ დაგავიწყდეთ დულსევიას მიღება, ამაში დაგეხმარებათ პრეპარატის ყოველდღე ერთი და იმავე დროს მიღება.
თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ დულსევია, ამის შესახებ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ შეწყვიტოთ დულსევიას მიღება ან შეცვალოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი მდგომარეობის სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა არ გამოსწორდება და შეიძლება უფრო დამძიმდეს და გართულდეს მისი მკურნალობა.
თუ მიიღეთ დულსევიას ჭარბი დოზა
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ დულსევიას ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სიხარულის გრძნობა, თვლემა, დაუდევრობა, მოუსვენრობა, “სიმთვრალის” შეგრძნება, ცხელება, ოფლიანიბა ან კუნთების რიგიდულობა), კრუნჩხვები, ღებინება და გულის ცემის გახშირება.
თუ დაგავიწყდათ დულსევიას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ დოზა მხოლოდ ერთჯერადად ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. არ მიიღოთ დულსევიას დღიურ დოზაზე მეტი, რაც დაგინიშნათ ექიმმა.
თუ გსურთ დულსევიას მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ კაფსულების მიღება ექიმის რჩევის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გრძნობთ უკეთ. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ აღარ გესაჭიროებათ დულსევიას შემდგომი მიღება, მაშინ ის ჯერ შეამცირებს დოზას სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში მკურნალობის საბოლოო დასრულებამდე.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებმაც უეცრად შეწყვიტეს დულსევიას მიღება, გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა, ნემსით ჩხვლეტის ან ელექტრული შოკის მსგავსი ჩხვლეტის შეგრძნება (განსაკუთრებით თავის არეში), ძილის დარღვევა (უცნაური სიზმრები, ღამის კოშმარები ან უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობა ან აღგზნებადობა, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, ტრემორი (კანკალი), თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაღიზიანებადობა, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან თავბრუსხვევა.
ჩვეულებრივ ეს სიმპტომები არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში, თუმცა თუ სიმპტომები შემაწუხებელია, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ ეს რეაქციები მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა და ხშირად ქრება რამდენიმე კვირაში.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
- თავის ტკივილი, უძილობა;
- შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), პირის სიმშრალე.
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- მადის დაქვეითება;
- ძილის დარღვევა, აღგზნებადობა, შემცირებული ლიბიდო, შფოთვა, ანორგაზმია ან ორგაზმის განცდის გაძნელება, უჩვეულო სიზმრები;
- თავბრუსხვევა, ენერგიის ნაკლებობა, ტრემორი, შეგრძნების დაკარგვა, მათ შორის კანზე შეგრძნების დაკარგგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- მხედველობის დაბინდვა;
- ტინიტუსი (ხმაური ყურებში გარშემო ხმაურის არ არსებობისას);
- გულისცემის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- არტერიული წნევის მომატება, წამოხურება;
- მომატებული მთქნარება;
- ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), გულძმარვა ან დისპეფსია, გაზების ხშირი გამოყოფა;
- ჭარბი ოფლიანობა, გამონაყარი (ქავილით);
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი;
- მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა;
- ერექციის გართულება, ეაკულაციის ცვლილება;
- წაქცევა (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), დაღლილობა;
- წონის კლება.
დეპრესიის მქონე ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ამ პრეპარატით მკურნალობისას გამოვლინდა წონის კლება მკურნალობის დაწყებისას. წონის მატება მსგავსი იყო იმავე სქესის და ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- ყელის ანთება, რომელიც იწვევს დისფონიას;
- სუიციდური აზრები, ძილის გაძნელება, კბილების კრაჭუნი, დეზორიენტაცია, მოტივაციის ნაკლებობა;
- კუნთების სპაზმი ან კუნთების უნებლიე მოძრაობა, მოუსვენრობის შეგრძნება ან ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა, ნევროზულობა, ყურადღების დარღვევა, გემოს შეცვლა, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, მაგ. კოორდინაციის დარღვევა ან კუნთების უნებლიე მოძრაობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ხარისხის დარღვევა;
- გუგების გაფართოვება (თვალის შავი ცენტრი), მხედველობის დარღვევა;
- თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ყურების ტკივილი;
- გახშირებული და/ან არარეგულარული გულისცემა;
- გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა წამოდგომისას, ხელების და ფეხების თითებში სიცივის შეგრძნება;
- სივიწროვის შეგრძნება ყელის არეში, სისხლდენა ცხვირიდან;
- სისხლიანი ღებინება ან შავი თხელი განავალი (ფეკალიები), გასტროენტერიტი, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება;
- ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი აბდომინალური ტკივილები და კანის ან თვალების გუგების სიყვითლე;
- ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, სინათლისადმი მგრძნობელობა, სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი მიდრეკილება;
- კუნთების დაჭიმულობა, კუნთების სპაზმი;
- შარდვის გამოყოფის გაძნელება ან შარდის შეკავება, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდვა, გახშირებული შარდვა, შარდის გამოყოფის შემცირება;
- პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა, პათოლოგიური მენსტრუაცია, რომელიც მოიცავს უხვ, მტკივნეულ, არარეგულარულ ან გახანგრძლივებულ მენსტრუაციას, უჩვეულოდ მსუბუქ მენსტრუაციას ან მენსტრუალური ციკლის გამოტოვებას, ტკივილს სათესლე ჯირკვლის ან სათესლე პარკის არეში;
- ტკივილი გულ-მკერდის არეში, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, სიცხის შეგრძნება, სიარულის მანერის დარღვევა;
- წონის მომატება;
- დულსივიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მოვლენები, რომლებსაც ვერ შენიშნავთ, მაგალითად, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის, კრეატინინის ფოსფოკინაზას, შაქრის, ან ქოლესტერინის დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
- ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა ენის ან ტუჩების შეშუპებით, ალერგიული რეაქციები;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მომატება;
- დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (განსაკუთრებით ხანდაზმულებში; სიმპტომებია თავბრუსხვევა, სისუსტე, გონების არევა, ძილიანობა ან ძლიერი დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება ან უფრო სერიოზული სიმპტომები, როგორებიცაა გონების დაკარგვა, გულყრები ან დაცემა), ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)
- სუიციდური ქცევა, მანია (დაავადება, რომლის სიმპტომებია ჰიპერაქტივობა, აზრების სწრაფი ცვალებადობა და ძილის საჭიროების დაქვეითება), ჰალუცინაციები, აგრესიის და სიბრაზის გამოვლენა;
- “სეროტონინის სინდრომი” (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ბედნიერების გრძნობა, ძილიანობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდულობა), კრუნჩხვები;
- თვალის შიდა წნევის მომატება (გლაუკომა);
- ხველა, ხიხინი ან ქოშინი, რასაც შესაძლოა ახლდეს მაღალი ტემპერატურა;
- პირის ღრუს ანთება, წითელი სისხლი განავალში, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას);
- ღვიძლის უკმარისობა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მძიმე დაავადება კანის, პირის ღრუს, თვალებისა და
გენიტალიების დაწყლულებით), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის და ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება);
- საღეჭი კუთნების შეკუმშვა;
- შარდის უჩვეულო სუნი;
- მენოპაუზალური სიმპტომები, რძის პათოლოგიური სეკრეცია ქალებსა და მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
- კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
5. დულსევიას შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ საწყის შეფუთვაშე ნესტისაგან დაცვის მიზნით.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებლი საშუალებების განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
დულსევიას შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი.
თითოეული კაფსულა შეიცავს 30მგ ან 60მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ნივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: შაქრის ბურთულები (შაქარი, სიმინდის სახამებელი), ჰიპრომელოზა 6cP, საქაროზა, ჰიპრომელოზას ფტლატი, ტალკი და ტრიეთილციტრატი (იხ. ნაწილი 2 საქაროზას შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის).
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინი (E132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) (შეიცავს მხოლოდ 60მგ კაფსულების დოზა), საღებარი (შელაკი, შავი რკინის ოქსიდი (E172)).
დულსევიას აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
დულსევია არის გასტრორეზისტენტული კაფსულა. დულსევიას თითოეული კაფსულა შეიცავს დულოქსეტინის გარსით დაფარული ჰიდროქლორიდის გრანულებს, რაც იცავს მათ კუჭის მჟავას ზემოქმედებისაგან.
ხელმისაწვდომია დულსევიას ორი დოზა: 30მგ და 60მგ.
დულსევია 30მგ
მკვრივი ჟელატინის კაფსულა ტიპი 3 (სიგრძე: 15.9 მმ) შეიცავს თეთრიდან მოთეთრო ფერის ბურთულებს. კაფსულის კორპუსი არის თეთრი ფერის და თავსახური არის მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე შავ ფრად დაბეჭდილია რიცხვი 30.
დულსევია 60მგ
მკვრივი ჟელატინის კაფსულა ტიპი 1 (სიგრძე: 19.4 მმ) შეიცავს თეთრიდან მოთეთრო ფერის ბურთულებს. კაფსულის კორპუსი არის მოყვითალო-მომწვანო ფერის და თავსახური - მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე შავ ფრად დაბეჭდილია რიცხვი 60.
დულსევია 30მგ შეფუთვა შეიცავს 7, 10, 14, 28, 30, 56, 60, 90 და 100 კაფსულას.
დულსევია 60მგ შეფუთვა შეიცავს 7, 10, 14, 28, 30, 56, 60, 90 და 100 კაფსულას.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე რეალიზაციაში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიც II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.