ლიდოკაინი(სოლვეკაინ)1%3.5მლ#10
გააზიარე:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
სამკურნალო საშუალების დასახელება
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (Lidocainе hydrochloridе)
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
ლიდოკაინი.
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ათქ კოდი: N01BB02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ანტიარითმიული საშუალება/
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარი ფუნქცია არ ითრგუნება. სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, ლიდოკაინი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდიუმის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერული პერიოდის ეფექტურობას.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურული და სპინალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებისა და ტაქიარითმიის დროს, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში; პარკუჭების ფიბრილაციის დროს.
მიღების წესი და დოზები
ადგილობრივი გამტარი ანესთეზიისათვის შეჰყავთ 5-10 მლ 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი. მაქსიმალური დოზაა 10 მლ, რომლის განმეორებითი შეყვანა არ შეიძლება 24 სთ-ის განმავლობაში.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკაინის კომბინირება ადრენალინთან.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს საჭიროა პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანისაგან თავის არიდება.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთში.
ვენაში ლიდოკაინი შეჰყავთ ჯერ ნაკადურად. მოზრდილებში პრეპარატის დატვირთვის დოზაა 1-2 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-4 წთ-ის განმავლობაში. საშუალო ერთჯერადი დოზაა 80 მგ. შემდეგ გადადიან წვეთოვან ინფუზიაზე, რომლის სიჩქარეა 20-55 მკგ/კგ/წთ. წვეთოვანი ინფუზიის ჩატარება შეიძლება 24-36 სთ-ის განმავლობაში. აუცილებლობისას წვეთოვანი ინფუზიის ფონზე, პირველი დატვირთვის დოზის შეყვანიდან 10 წთ-ის შემდეგ, შესაძლებელია ვენაში განმეორებით 40 მგ ლიდოკაინის ნაკადურად შეყვანა.
კუნთში შეჰყავთ 2-4 მგ/კგ სხეულის მასაზე, აუცილებლობისას 60-90 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი შეყვანა.
ბავშვებში ლიდოკაინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება. ვენაში ნაკადურად შეჰყავთ დატვირთვის დოზა - 1 მგ/კგ სხეულის მასაზე. აუცილებლობისას 5 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია ლიდოკაინის განმეორებითი შეყვანა. დატვირთვის დოზის შემდეგ გადადიან წვეთოვან ინფუზიაზე, რომლის სიჩქარეა 20-30 მკგ/კგ/წთ.
სტომატოლოგიაში, ქირურგიულ, სამეანო და ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში გამოყენებისას დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებებსა და კლინიკურ სიტუაციაზე.
მაქსიმალური დოზები: მოზრდილებში ვენაში შეყვანისას დატვირთვის დოზაა 100 მგ, შემდგომი წვეთოვანი ინფუზიის დროს - 2 მგ/წთ; კუნთში შეყვანისას - 300 მგ (დაახლოებით 4.5 მგ/კგ) 1 სთ-ის განმავლობაში.
ბავშვებში 5 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია დატვირთვის დოზის განმეორებითი შეყვანა (ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ-ს); უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს (დატვირთვის დოზის შეყვანის შემდეგ) ინიშნება 50 მკგ/კგ/წთ.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების (ნორადრენალინი, მეზატონი), ბრადიკარდიის დროს - ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
ლიდოკაინისა და ნოვოკაინამიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.
შეფუთვა
1% საინექციო ხსნარი, 3.5 მლ ამპულაში. 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, 15–25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს ბიოპოლუსი
საქართველო 6007,
ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65