ჰეპარინ(ფარეპა)25000სე/5მლ#5ფლ

ჰეპარინ(ფარეპა)25000სე/5მლ#5ფლ

95.00 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფისიოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰეპარინი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 67177
გააზიარე:

სარეკომენდაციო

ფურცელი- ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ფარეპა 5000 ს.ე./1 მლ საინექციო ხსნარი კანქვეშა და ინტრავენური შეყვანისთვის, ამპულები

ფარეპა 25000 ს.ე./5 მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის, ამპულები და ფლაკონები

ჰეპარინის ნატრიუმი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები გავს თქვენსას.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ფურცელ - ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :

1. რას წარმოადგენს ფარეპა და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ფარეპას გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ფარეპა

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ფარეპა

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ფარეპა და რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ჰეპარინის ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით სისხლის გამათხელებლები. იგი მოქმედებს სისხლძარღვებში თრომბების (სისხლის შენადედების) წარმოქმნის თავიდან აცილებით. ფარეპა გამოიყენება იმ დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, რომლის დროსაც ხდება თრომბის წარმოქმნა როგორც ვენებში, ასევე არტერიებში (ვენური და არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება), ასევე გამოიყენება ექსტრაკორპორალური ცირკულაციისა და ჰემოდიალიზის დროს.

2. რა უნდა იცოდეთ იცოდეთ ფარეპას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფარეპა:

- თუ გაქვთ ალერგია ჰეპარინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (წაიკითხეთ „რას შეიცავს ფარეპა“ ).

თუ გაწუხებთ:

- მძიმე თრომბოციტოპენია ან დარღვევები, რომელსაც თან ახლავს ჰემორაგიული დიათეზი;

- ღვიძლის, თირკმელების ან პანკრეასის სერიოზული დაავადებები;

- მდგომარეობები, როდესაც კოაგულაციის ტესტების ჩატარება შეუძლებელია დროის შესაბამის ინტერვალში (მხოლოდ თერაპიული დოზებისთვის);

- დისემინირებული ინტრავაზალური კოაგულაცია (DIC), რომელიც გამოწვეულია ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიით;

- ჰემორაგიული ცერებროვასკულური მოვლენები;

- ორგანული დაზიანებები სისხლდენის რისკით, როგორიცაა კუჭისა და/ან ნაწლავის წყლული, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, ანევრიზმა, ცერებრალური ნეოპლაზია;

- ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების ან სმენის ორგანოების ტრავმა ან ოპერაცია;

- რეტინოპათია ან მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევა;

- ინფექციური ენდოკარდიტი.

ლოკალურ-რეგიონული ანესთეზია, რომელიც გამოიყენება არჩევით ქირურგიულ პროცედურებში, არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰეპარინს ანტიკოაგულანტური დოზებით.

ორგანული დაზიანებების დროს, მაღალი სისხლდენის რისკით, ჰეპარინის გამოყენება უნდა შეფასდეს კონკრეტული კლინიკის კონტექსტში, ცალკეულ შემთხვევაში რისკისა და სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფარეპას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

მიკვლევადობა

ბიოლოგიური მედიკამენტების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ჩაიწეროთ შეყვანილი პრეპარატის სახელი და სერიული ნომერი.

სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

- სისხლდენისადმი მიდრეკილი საეჭვო ნეოპლაზმები;

- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

- ხანდაზმული პაციენტები: შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, განსაკუთრებით სისხლდენის მაღალი რისკის მქონე ქალებში (წაიკითხეთ პარაგრაფი 3);

- პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის მიმართ;

- პაციენტები, რომლებსაც აქვთ სისხლდენის რისკი (წაიკითხეთ „არ გამოიყენოთ ფარეპა“ ). სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს სხეულის ნებისმიერ უბანზე. ჰემატოკრიტის აუხსნელი შემცირება, არტერიული წნევის შემცირება ან ნებისმიერი სხვა ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზთან, შეიძლება იყოს ჰემორაგიული მოვლენის ნიშანი. ჰეპარინის ნატრიუმი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული სისხლდენის რისკის მქონე დაავადებებში. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მდგომარეობა:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები:

- ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი,

- ჰიპერტენზია, რომელიც არ კონტროლდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიით.

ჰემატოლოგიური დაავადებები:

- ჰემოფილური სინდრომები ან შედედების ფაქტორების ნაკლებობა,

- თრომბოციტოპენია,

- თრომბოციტოპათიები,

- ზოგიერთი პურპუროზული სისხლძარღვოვანი სისხლჩაქცევა (როგორიცაა რენდიუ-ოსლერის დაავადება).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები:

- პეპტიური წყლული,

- ეზოფაგიტი ან ეროზიული გასტრიტი,

- ნაწლავის ანთებითი დაავადება აქტიურ ფაზაში,

- კუჭის ან წვრილი ნაწლავის უწყვეტი დრენაჟი.

ქირურგიული დაავადებები:
მიმდინარე და შემდეგ პერიოდში:

- ზურგის ტვინის პუნქცია ან სპინალური ანესთეზია ან

- თავის ტვინზე, ხერხემალზე ან თვალზე მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევები.

- ღვიძლის დაავადებები:
ღვიძლის დაავადებები, რომელსაც თან ახლავს კოაგულაციის პარამეტრების ცვლილებები და/ან საყლაპავის ვარიკოზული ვენები ან პორტალური ჰიპერტენზია გასტროპათიით და სისხლდენის მაღალი რისკით,

სხვა:

- სპონტანური აბორტის საფრთხე;

- მენსტრუალური ციკლის პერიოდი;

- მშობიარობის შემდგომი პერიოდი.

- ფიბრინოლიზური საშუალებებით ან პერორალური ანტიკოაგულანტებით, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და/ან გლიკოპროტეინის რეცეპტორის IIb/IIIa ანტაგონისტითერთდროული მკურნალობა (წაიკითხეთ პარაგრაფი 4.5).

მცირე სისხლდენის ნებისმიერ შემთხვევაში, ჰეპარინოთერაპია უნდა შეწყდეს, ხოლო ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, ჰეპარინი, რომელიც ჯერ კიდევ სისხლის მიმოქცევაშია, უნდა განეიტრალდეს პროტამინის შეყვანის გზით (წაიკითხეთ „თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ფარეპა“ ). აუცილებელია სიფრთხილე და თავიდან უნდა იქნას აცილებული დაზიანებების რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰეპარინით.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინის ნატრიუმს შეუძლია დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას.

რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადებება, მანამდე არსებული მეტაბოლური აციდოზი, კალიუმის მაღალი შემცველობა მკურნალობამდე, კომბინირებული მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება პლაზმაში და ჰეპარინის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში (წაიკითხეთ "სხვა სამკურნალო საშუალებები და ფარეპა" ). გარკვეული რისკის მქონე პაციენტებში კალიუმის პლაზმური დონე უნდა გაიზომოს ჰეპარინით თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალებით, განსაკუთრებით თუ თერაპია ტარდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

კოაგულაციის ტესტი

ჰეპარინის ნატრიუმის ან ჰეპარინის კალციუმის შეყვანისას ანტიკოაგულანტური დოზებით, დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლის კოაგულაციის ხშირი ტესტებით. თუ კოაგულაციის ტესტის მაჩვენებლები აღემატება თერაპიულ დიაპაზონს, ან თუ აღინიშნება სისხლდენა, დოზა უნდა შემცირდეს ან საჭიროების შემთხვევაში ჰეპარინის მიღება უნდა შეწყდეს (წაიკითხეთ პარაგრაფი 3).

ჰეპარინის ნატრიუმის დროებითი მოქმედების გამო, ჰემოკოაგულაციის ტესტების მაჩვენებლები რამდენიმე საათში უბრუნდება ნორმის დიაპაზონს.

ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT)

თრომბოციტოპენია არის ჰეპარინის ნატრიუმის ცნობილი გართულება და ის შეიძლება აღინიშნოს თერაპიის დაწყებიდან 4-10 დღეში, ხოლო თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა HIT (ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია) უფრო ადრეც. პაციენტების დაახლოებით 10-20%-ში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა 100,000/მმ³-ზე მეტი), რომელიც შესაძლოა დარჩეს სტაბილური ან შექცევადი ჰეპარინის მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში (0.3%-დან 3%-მდე შემთხვევაში) შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენიის უფრო მძიმე ფორმა (ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია, ტიპი II), რომელიც წარმოადგენს იმუნური მექანიზმით გამოწვეულ რეაქციას და ხასიათდება ანტისხეულების წარმოქმნით ჰეპარინისა და თრომბოციტული ფაქტორი 4-ის კომპლექსის წინააღმდეგ. ამ პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს ახალი თრომბები, რომლებიც დაკავშირებულია თრომბოციტოპენიასთან (HITT), რაც გამოწვეულია ჰეპარინით სტიმულირებული თრომბოციტების არაშექცევადი აგრეგაციით, ე.წ. „თეთრი თრომბის სინდრომი“. ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თრომბოემბოლიური შედეგები, როგორიცაა: კანის ნეკროზი, კიდურების განგრენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამპუტაციის აუცილებლობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ემბოლია, ინსულტი და ზოგჯერ სიკვდილი. შესაბამისად, ჰეპარინის ნატრიუმის შეყვანა უნდა შეწყდეს არა მხოლოდ თრომბოციტოპენიის დაწყებისას, არამედ მაშინაც, თუ პაციენტს განუვითარდა ახალი თრომბოზი ან გაუარესდა უკვე არსებული თრომბოზული მდგომარეობა. თრომბოზის გაუარესებას ან ახალი თრომბოზული ფენომენის წარმოქმნის შემთხვევაში, თრომბოზის სამკურნალოდ დაწყებული მიმდინარე ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელება ჰეპარინის შეწყვეტის შემდეგ უნდა განხორციელდეს ალტერნატიული ანტიკოაგულანტით.

ამ შემთხვევებში სახიფათოა დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინების დანიშვნაც კი, რადგან შესაძლებელია ჯვარედინი რეაქციის განვითარება, ან პერორალური ანტიკოაგულანტების დაუყოვნებლივ დაწყება (აღწერილია თრომბოზის გაუარესების შემთხვევები).

ამრიგად, ნებისმიერი სახის თრომბოციტოპენია უნდა იყოს საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ. თუ თრომბოციტების რაოდენობა ეცემა 100,000/მმ3-ზე ქვემოთ ან განვითარდება მორეციდივე თრომბოზი, ჰეპარინის ნატრიუმით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰეპარინს 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა, ხოლო თრომბოციტოპენიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. HIT (ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია) ან HITT (ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია თრომბოზით) შესაძლოა გამოვლინდეს თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი. ამიტომ, თუ პაციენტს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ უვითარდება თრომბოციტოპენია ან თრომბოზი, საჭიროა მათი შეფასება HIT-ის ან HITT-ის არსებობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მდგომარეობაზე არსებობს ეჭვი ან დადასტურდება, ჰეპარინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული ანტიკოაგულანტური მკურნალობა. მკურნალობის თავიდან დაწყება დაუშვებელია, განსაკუთრებით პირველი 3–6 თვის განმავლობაში დიაგნოზის დასმის შემდეგ, ან სანამ პაციენტი მაინც დადებით შედეგს აჩვენებს HIT-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.

მგრძნობელობის დაქვეითება ჰეპარინის მიმართ

ჰეპარინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მდგომარეობებისას: ცხელება, თრომბოზი, თრომბოფლებიტი, თრომბოზული მიდრეკილების მქონე ინფექციები, ანთებითი პროცესები, ზოგჯერ მიოკარდის ინფარქტის, ავთვისებიანი სიმსივნის, თანდაყოლილი ან შეძენილი ანტითრომბინი III-ის დეფიციტის მქონე და ასევე, პოსტოპერაციულ პაციენტებში.

ჰეპარინის ინტრამუსკულარული შეყვანა აკრძალულია, ჰემატომის განვითარების მაღალი რისკის გამო (წაიკითხეთ პარაგრაფი 4.8).

სისხლდენის მაღალი რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევებში, როცა ერთდროულად ინიშნება სხვა პრეპარატების ინტრამუსკულარული შეყვანაც.

სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია

იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია, ეპიდურული ანალგეზია ან ლუმბალური პუნქცია, არაფრაქცირებული ჰეპარინით პროფილაქტიკა იშვიათად შეიძლება უკავშირდებოდეს სპინალური ან ეპიდურული ჰემატომის განვითარებას, რაც შესაძლოა გახდეს ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლის მიზეზი. რისკი იზრდება უწყვეტი ინფუზიისთვის მუდმივი ეპიდურული კათეტერების გამოყენების დროს, ჰემოსტაზზე ზემოქმედების მქონე მედიკამენტების ერთდროული გამოყენების გამო, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (FANS), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ან ანტიკოაგულანტები, ტრავმული ან განმეორებითი სპინალური პუნქციების გამო, თანმხლები ჰემოსტაზის დარღვევების დროს და ხანდაზმული ასაკის გამო. ამ რისკ-ფაქტორებიდან ერთის ან მეტის არსებობა საფუძვლიანად უნდა შეფასდეს არაფრაქცირებული ჰეპარინით პროფილაქტიკის ფონზე სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ანალგეზიის დაწყებამდე.

როგორც წესი, სპინალური კათეტერის ჩადგმა უნდა განხორციელდეს არაფრაქცირებული ჰეპარინის პროფილაქტიკური დაბალი დოზის უკანასკნელი შეყვანიდან არანაკლებ 12 საათის შემდეგ. შემდგომი დოზების შეყვანა დაშვებულია თუ კათეტერის ჩადგმიდან ან ამოღებიდან გასულია 4 საათზე ნაკლები, ან, უკეთეს შემთხვევაში, უნდა გადაიდოს ან საერთოდ არ მოხდეს შეყვანა, თუ სპინალური ან ეპიდურული ნემსის ჩადგმისას აღინიშნა ჰემორაგიული ასპირაცია. მუდმივი ეპიდურული კათეტერის ამოღება უნდა მოხდეს მაქსიმალური ინტერვალით (დაახლოებით 12 საათის ინტერვალით) უკანასკნელი ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზის შეყვანის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ანესთეზიის დროს.

თუ მიიღება გადაწყვეტილება არაფრაქცირებული ჰეპარინის დანიშვნის შესახებ სპინალურ ან ეპიდურულ ანესთეზიამდე ან მის შემდეგ, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პაციენტის ხშირ მონიტორინგს, რათა დროულად გამოვლინდეს ნევროლოგიური გართულებების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა: ტკივილი წელის არეში, სენსორული და მოტორული დეფიციტი (ქვედა კიდურების დაბუჟება და სისუსტე), შარდის ბუშტის ან ნაწლავების ფუნქციის დარღვევა.

სამედიცინო პერსონალი შესაბამისად უნდა იყოს დატრენინგებული, რათა შეძლოს ამ ნიშნების და სიმპტომების ამოცნობა. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ დროულად აცნობონ ექიმს ან ექთანს ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შესახებ.

თუ არსებობს ეჭვი ეპიდურული ან სპინალური ჰემატომის ნიშნებსა თუ სიმპტომებზე, საჭიროა სწრაფად დადგინდეს დიაგნოზი და დაუყოვნებლივ დაიწყოს მკურნალობა, რომელიც მოიცავს ზურგის ტვინის დეკომპრესიას.

ჰეპარინით თერაპიის დროს, განსხვავებით დიკუმაროლისგან, ლაბორატორიული ანალიზებით მკურნალობის მონიტორინგი სავალდებულო არ არის. კონტროლისათვის საკმარისია კოაგულაციის დროის განსაზღვრა სინჯებში (ლი–უაიტი) და არ არის აუცილებელი პროთრომბინემიის დადგენა.

შეზღუდული მონაცემები, რომლებიც ინდივიდუალურ კლინიკურ შემთხვევებს ეყრდნობა, მიუთითებს ჰეპარინის გამოყენებასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების ცვლილებებს შორის შესაძლო კავშირზე (მაგალითად: T3-ის და T4-ის ცრუ მაღალი მაჩვენებლები).

ჰეპარინის ცხოველური წარმოშობის გამო, პაციენტებში, რომელთაც ადრე ჰქონდათ ალერგიული რეაქციები ანამნეზში, რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს პაციენტის რეაქციას და ჩატარდეს ჰეპარინის 1000 ერთეულით საცდელი დოზის ანალიზი.

სხვა სამკურნალო საშუალებები და და ფარეპა

პერორალური ანტიკოაგულანტები

ანტიკოაგულანტებთან ერთად შეყვანილმა ჰეპარინის ნატრიუმმა შესაძლოა ნელნელა გაახანგრძლივოს პროთრომბინის დრო (დაახლოებით 0.5-ით გაზარდოს INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებელი). ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია აღნიშნული პარამეტრის შეფასებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰეპარინის თერაპია გადადის პერორალური ანტიკოაგულანტების თერაპიაზე. რეკომენდებულია კლინიკურ-ლაბორატორიული სიფრთხილე და დაკვირვება (პროთრომბინის დროისა (PT) და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (aPTT) ხშირი შეფასება) იმ შემთხვევებში, როდესაც არაფრაქცირებული ჰეპარინი გამოიყენება ანტიკოაგულანტური დოზით ამ პრეპარატებთან კომბინაციაში.

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ფიბრინოლიზური და სხვა პრეპარატები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენის რისკთან

აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, კეტოროლაკი, დიკლოფენაკი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი, სულფინპირაზონი), ცეფალოსპორინები (ცეფაკლორი, ცეფიქსიმი, ცეფტრიქსონი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი), დექსტრანი, დიპირიდამოლი, ჰიდროქსიქლოროქინი, ფიბრინოლიზური პრეპარატები (სტრეპტოკინაზა, უროკინაზა, ალტეპლაზა), კუმარინის რიგის წარმოებულები, გლიკოპროტეინ IIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტები (ეპტიფიბატიდი, აბციქსიმაბი), ეპოპროსტენოლი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტების აგრეგაციაზე (რაც ჰეპარინიზებულ პაციენტებში წარმოადგენს ჰემოსტაზის ძირითად მექანიზმს), შეიძლება გახდეს სისხლდენის გამომწვევი და მათი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰეპარინის ნატრიუმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ინიშნება ანტიკოაგულანტურ დოზებში.

ინტრავენური ნიტროგლიცერინი

ნიტროგლიცერინის ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეასუსტოს ჰეპარინის ეფექტი (შეამციროს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო aPTT). ნიტროგლიცერინის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია aPTT-ის მოულოდნელი მატება. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნიტროგლიცერინისა და ჰეპარინის ერთდროულ ინფუზიას, აუცილებელია aPTT-ის მკაცრი მონიტორინგი და ჰეპარინის დოზის შესაბამისი კორექცია.

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს

განსაკუთრებული სამედიცინო მონიტორინგია აუცილებელი, თუ პაციენტი იღებს იმ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გააზარდონ შრატში კალიუმის დონე, მათ შორის: აგფ-ინჰიბიტორებს, სარტანებს, კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებებს, კალიუმის შემცველ მარილებს, ბეტა-ბლოკატორებს (წაიკითხეთ პარაგრაფი 4.4).

სხვა ურთიერთქმედებები

დიგიტალისი (ფუტკარა), ტეტრაციკლინები, ნიკოტინი, გლუკოკორტიკოიდები, პენიცილინები, ფენოთიაზინები, ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ნაწილობრივ შეამცირონ ჰეპარინის ანტიკოაგულანტული მოქმედება.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტი

ჰეპარინით მკურნალობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებმა შესაძლოა აჩვენოს შეცვლილი შედეგები (მაგალითად: T3-ის და T4-ის ცრუ მაღალი მაჩვენებლები (წაიკითხეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

ჰეპარინი არ კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. არ დაფიქსირებულა მონაცემები, რომლებიც ორსულობის პერიოდში ჰეპარინის გამოყენებას დააკავშირებდა ნაყოფის მაკებთან. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს მისი გამოყენების უსაფრთხოება ბოლომდე დადგენილი არ არის. ზუსტი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ჰეპარინის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული რისკის/სარგებლის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით.

ძუძუთი კვება

ჰეპარინი არ გამოიყოფა დედის რძეში.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ჰეპარინის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ფარეპა არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფარეპა შეიცავს ნატრიუმს

ფარეპას ამპულაში მოთავსებული ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 3.2 მგ ნატრიუმს, რაც 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებია (23 მგ), რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ფარეპა თითოეულ ფლაკონში შეიცავს 29.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) (5.9 მგ/მლ ხსნარი). ეს რაოდენობა შეადგენს მოზრდილი ადამიანის რაციონში რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური რაოდენობის დაახლოებით 1.48%-ს.

ფარეპა შეიცავს მეთილის პ-ოქსიბენზოატს და პროპილ პ-ოქსიბენზოატს

ფარეპა 25000 ს.ე./5 მლ ინტრავენური გამოყენების საინექციო ხსნარი ფლაკონებში შეიცავს მეთილის პ-ოქსიბენზოატს და პროპილ პ-ოქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ასევე დაგვიანებული) და ასევე, ზოგჯერ ბრონქოსპაზმი.

3. როგორ გამოიყენება ფარეპა

ეს პრეპარატი შეიყვანება სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის მიერ. თუ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. თუ ეს პრეპარატი ინიშნება ანტიკოაგულანტურ დოზებში, მისაღები დოზა უნდა განისაზღვროს კოაგულაციის ხშირად ჩატარებული ანალიზების საფუძველზე.

თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ფარეპა

ამ პრეპარატის შეყვანა ხდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს დოზის გადაჭარბება.
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ დოზა ჭარბი რაუდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის მუშაკს ან ექთანს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა.
მძიმე სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პროტამინის შეყვანა, რომელიც ანეიტრალებს ამ პრეპარატის მოქმედებას.

თუ დაგავიწყდათ ფარეპას გამოყენება

ამ პრეპარატის შეყვანა ხდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს დოზის გამოტოვება. არ შეიძლება ორმაგი დოზის შეყვანა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ შეწყვეტთ ფარეპას გამოყენებას:
თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

დღემდე ჰეპარინის სპეციფიკური ტოქსიკურობა არ გამოვლენილა.

უცნობი სიხშირე (სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით):

- ჰეპარინით გამოწვეული არაიმუნური თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა 100.000-150.000/μლ) თრომბოზის გარეშე;

- ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა < 100.000/μლ ან თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი შემცირება, საბაზოსო მნიშვნელობებზე <50%) არტერიული და ვენური თრომბოზით ან ემბოლიით;

- დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია;

- სისხლდენა;

- თრომბოციტების აგრეგაციის გაზრდა;

- საინექციო ადგილის გაღიზიანება;

- ერითემა;

- მსუბუქი ტკივილი;

- ჰემატომა ან წყლული საინექციო ადგილზე;

- ჰიპერმგრძნობელობა (შემცივნება, პირექსია, ჭინჭრის ციება, ასთმა, რინიტი, ცრემლდენის მომატება, გულისრევა და ღებინება, ქავილი და წვა ფეხებში, ჰიპოტენზია, ვაზოსპაზმი, შოკი);

- ოსტეოპოროზი (თერაპიული შეყვანის შემდეგ);

- კანის ნეკროზი;

- ალოპეცია;

- ჰემატომა;

- პეტექია;

- პურპურა;

- ჰიპოალდოსტერონიზმი;

- ჰიპერკალიემია;

- მეტაბოლური აციდოზი (განსაკუთრებით თირკმელების დაზიანებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში);

- ჰიპერლიპიდემია (თერაპიის შეწყვეტით გამოწვეული რეციდივი);

- ამნეზია;

- თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

- ექსტრადურალური ინტრაკრანიალური ჰემატომა;

- არატრავმული სპინალური სუბდურალური ჰემატომა;

- პარკუჭოვანი ჰემორაგია;

- ჰეპატოტოქსიკურობა;

- ბრონქოსპაზმი;

- ფილტვის შეშუპება;

- ჰემატოპნევმოთორაქსი;

- მელენა;

- ტრანსამინაზების დონის მომატება;

- FT3-ის და FT4-ის დონის მომატება;

- პრიაპიზმი.

ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია

არასენსიბილიზებულ პაციენტებში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის დაწყებიდან 6-14 დღის შემდეგ. სენსიბილიზებულ პაციენტებში ის ვლინდება რამდენიმე საათში. ჰეპარინის ანტიკოაგულანტური მოქმედება შეიძლება შემცირდეს (ჰეპარინის მიმართ ტოლერანტობა).

სისხლდენა

განსაკუთრებით გამოვლინდა სისხლდენა კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან, ჭრილობებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შარდ-სასქესო ორგანოებიდან. სისხლდენა არის მთავარი გართულება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ნატრიუმის ჰეპარინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ანტიკოაგულანტური დოზების გამოყენებისას. კოაგულაციის დროის თერაპიულ დონეზე მაღალი მაჩვენებლები ან თერაპიის მიმდინარეობისას გამოვლენილი მსუბუქი სისხლდენა, როგორც წესი, შესაძლებელია მოგვარდეს დოზის შემცირებით ან, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დროებითი შეწყვეტით.

ანტიკოაგულანტური თერაპიის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშარდე სისტემიდან სისხლდენა შეიძლება მიუთითებდეს ფარული დაზიანების არსებობაზე. სისხლდენა შეიძლება აღინიშოს სხეულის ნებისმიერ მიდამოში, მაგრამ ძნელია ზოგიერთი სპეციფიკური ჰემორაგიული გართულების გამოვლენა:

ა) ანტიკოაგულანტური თერაპიის დროს აღინიშნა სისხლდენა თირკმელზედა ჯირკვლიდან, რომელიც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობას.

ამ მიზეზით, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარება თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები;

ბ) ხანგრძლივი ან ხანმოკლე ანტიკოაგულანტური თერაპიის დროს რეპროდუქციული ასაკის ქალებში განვითარდა სისხლდენა საკვერცხეებიდან (ყვითელი სხეული);

გ) რეტროპერიტონეალური სისხლდენა.

ნებისმიერი მძიმე სისხლდენის შემთხვევაში, ჰეპარინით თერაპია უნდა შეწყდეს და ჰეპარინი, რომელიც ჯერ კიდევ სისხლის მიმოქცევაშია, უნდა განეიტრალდეს პროტამინის შეყვანის გზით (წაიკითხეთ „ თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ფარეპა “).

გვერდითი მოვლენები საინექციო ადგილზე

ჰეპარინის კანქვეშა შეყვანის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს გაღიზიანება შეყვანის ადგილზე, ერითემა, მსუბუქი ტკივილი, ჰემატომა ან წყლულები. ეს გართულებები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ინტრამუსკულარული შეყვანის შემთხვევაში, რის გამოც ინტრამუსკულარული გამოყენება მკაცრად აკრძალულია, მათ შორის ზოგჯერაც (წაიკითხეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ).

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

მოსალოდნელია, რომ გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში მსგავსია ზრდასრულ პაციენტებში გამოვლენილი ეფექტებისა.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით ვებგვერდზე https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

5. როგორ ინახება ფარეპა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფარეპა

მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის ჰეპარინი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 5000 ს.ე. ნატრიუმის ჰეპარინს.

დამხმარე ნივთიერებებია:

  • · 5000 ს.ე./1 მლ: წყალი საინექციო პრეპარატებისთვის.
  • · 25.000 ს.ე./5 მლ ამპულა: წყალი საინექციო პრეპარატებისთვის.
  • · 25.000 ს.ე./5 მლ ფლაკონი: მეთილის პ-ოქსიბენზოატი; პროპილ პ-ოქსიბენზოატი; ნატრიუმის ქლორიდი; წყალი საინექციო პრეპარატებისთვის.

ფარეპას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ფარეპა 5000 ს.ე./ 1 მლ საინექციო ხსნარი კანქვეშა და ინტრავენური გამოყენებისათვის, ამპულები

1 მლ-იანი 10 ამპულა შეფუთვაში.

ფარეპა 2 5000 ს.ე./ 5 მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის, ამპულები და ფლაკონები

5 მლ-იანი 10 ამპულა, 5 მლ-იანი 1 ფლაკონი და 5 მლ-იანი 5 ფლაკონი შეფუთვაში.

მარკეტინგული რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგის რეგისტრაციის მფლობელი:

Pharmatex Italia Srl (ფარმატექს იტალია სრლ), ვია სან პაოლო 1, 20121 მილანი - იტალია

გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი:

Fisiopharma Srl (ფისიოფარმა სრლ), ნუკლეო ინდუსტრიალე 84020 პალომონტე (SA) - იტალია

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2020 წლის 04 დეკემბერს.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის:

დოზირება და მიღების წესი

არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა

- პერიოპერაციული პროფილაქტიკა

საწყისი დოზაა 5000 სე კანქვეშ ოპერაციამდე 2 საათით ადრე, რასაც მოჰყვება 5000 სე ყოველ 8-12 საათში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ან სანამ პაციენტი არ განაახლებს სიარულს.

- პროფილაქტიკა არა ქირურგიულ პაციენტებში

იგივე დოზა გამოიყენება მაღალი რისკის მქონე არა ქირურგიული პაციენტების პროფილაქტიკისთვის.

შეყვანის ინტერვალის არჩევა - 8 ან 12 საათში ერთხელ - უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის თრომбоემბოლიური და სისხლდენის რისკიდან გამომდინარე.

ექსტრაკორპორალური ცირკულაცია (კარდიო-პულმონარული შუნტირება)

300 სე/კგ ინტრავენურად, დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ისე, რომ აქტივირებული შედედების დრო (ACT) შენარჩუნდეს 400–500 წამის ფარგლებში.

ჰემოდიალიზი

საწყისი დოზა: 1000–5000 სე ინტრავენურად, რასაც მოჰყვება 1000–2000 სე/სთ, დოზის შეცვლა უნდა მოხდეს კლინიკური საჭიროების მიხედვით.

მონიტორინგი:

რუტინული მონიტორინგი საჭირო არ არის.

არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა

- საწყისი დოზა:

80 ე/კგ ი.ვ. ბოლუსური ან

5000 სე ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით (10000 სე ფილტვის მძიმე ემბოლიის შემთხვევაში).

- შემანარჩუნებელი დოზა:

18 ე/კგ/სთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს (დიაპაზონი 1000 სე-დან 2000 ე/სთ-მდე), უნდა შეიცვალოს პასუხის მიხედვით ან

1.000 სე/სთ უწყვეტი ინფუზიით.

- ალტერნატიული მკურნალობის სქემები

ინტრავენური წყვეტილი ინექცია: 10.000 სე ი.ვ. ბოლუსური, რასაც მოჰყვება 5000-10.000 სე ი.ვ. ყოველ 4-6 საათში.

მონიტორინგი:

როდესაც ჰეპარინის ნატრიუმი ინიშნება ანტიკოაგულანტური დოზით, დოზირება უნდა დადგინდეს სისხლის შედედების ტესტის საფუძველზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული ტესტია აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (aPTT). იმ პაციენტების aPTT, რომლებიც მკურნალობენ, უნდა შენარჩუნდეს ნორმალური მნიშვნელობების 1.5-2.5-ის ფარგლებში. რეკომენდებულია aPTT-ის რეგულარული მონიტორინგი, უმჯობესია — ყოველდღიურად.

თუ კოაგულაციის ტესტების მაჩვენებლები აღემატება თერაპიულ დიაპაზონს ან ვითარდება სისხლდენა, დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჰეპარინის შეყვანა უნდა შეწყდეს (წაიკითხეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა.

არ არსებობს რეკომენდაციები დოზირების შესახებ.

არტერიოზის და ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა

საწყისი დოზა: 50 ე/კგ ინტრავენური ბოლუსურიინექციის სახით.

შემანარჩუნებელი დოზა: 15-25 სე/კგ/სთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიით, ან 100 სე/კგ ი.ვ. ყოველ 4 საათში წყვეტილი ინექციის სახით.

მონიტორინგი:

როდესაც ჰეპარინის ნატრიუმი ინიშნება ანტიკოაგულანტური დოზით, დოზირება უნდა დადგინდეს aPTT-ის მაჩვენებლების საფუძველზე.

მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ უფრო მაღალი დოზა და ინფუზიის სიჩქარე, რათა მიღწეულ იქნას ანტიკოაგულაცია და გახანგრძლივდეს aPTT-ის დონე, რომელიც შეესაბამება უფროსი ასაკის ბავშვებში მიღწეულ მაჩვენებლებს.

გამოყენება ხანდაზმულებში

შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში სისხლდენის რისკი გაზრდილია.

მონიტორინგი:

როდესაც ჰეპარინის ნატრიუმი ინიშნება ანტიკოაგულანტური დოზით, დოზირება უნდა დადგინდეს aPTT-ის მაჩვენებლების საფუძველზე.

შეყვანის წესი

ინტრავენური უწყვეტი ან წყვეტილი ინფუზიის სახით, ან კანქვეშა გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინის ნატრიუმის მოქმედების ხანგრძლივობა მოკლეა, უპირატესად რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა ან ინტრავენური ინფუზიით, ან კანქვეშა ინექციით, ვიდრე წყვეტილი ინტრავენური ინექციით.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

სისხლდენა, ძირითადად კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან, ჭრილობებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან შარ-დსასქესო ორგანოებიდან (ეპისტაქსია, ჰემატურია, მელენა, ჰემატომები, პეტექია). არტერიული წნევის დაქვეითება ან ჰემატოკრიტის შემცირება შეიძლება იყოს ფარული სისხლდენის ნიშანი.

დოზის გადაჭარბების თერაპია

მცირე სისხლდენა

ჰეპარინით თერაპიის შეწყვეტა.

მძიმე სისხლდენა

პროტამინი გამოიყენება ჰეპარინის მოქმედების სწრაფი ნეიტრალიზაციისთვის ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში. საჭირო დოზა დამოკიდებულია სისხლში არსებული ჰეპარინის რაოდენობაზე, რომელიც შეუყვანეს პაციენტს და იმ დროზე, რომელიც გავიდა ინექციიდან.

1 მგ ინტრავენურად შეყვანილი პროტამინი ანეიტრალებს 100 სე ჰეპარინს, რომელიც პაციენტის ორგანიზმშია. ჰეპარინის ბოლუსური დოზის ნეიტრალიზაციისთვის საჭირო პროტამინის დოზა უნდა შემცირდეს პროპორციულად იმ დროის შესაბამისად, რაც გავიდა ბოლუსური შეყვანიდან (დოზის 100% დაუყოვნებლივ ბოლუსური შეყვანის შემდეგ, 50% - 30 წუთის შემდეგ). ჰეპარინის უწყვეტი ინფუზიის შემთხვევაში, პროტამინის დოზა უნდა შეესაბამებოდეს იმ რაოდენობას, რაც საჭიროა ბოლო 4 საათში ინფუზირებული ჰეპარინის ნეიტრალიზაციისთვის.

პროტამინის შეყვანა უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიით; დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 50 მგ-ს 10 წუთის განმავლობაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით