დიკლარენი 50მგ #20ტ

დიკლარენი 50მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 53827
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დიკლარენი / Diclaren


  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): diclofenac
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ფენილძმარჟავას წარმოებულები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
პრეპარატის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დიკლოფენაკის 50 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ჟელატინიზირებული სახამებელი, LS--ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსავი ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას) ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული ეფექტებით. 
დიკლოფენაკი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას აქტივობას და შესაბამისად - პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარების მექანიზმში.
პრეპარატი გამოიყენება ყველა ფორმის რევმატული დაავადების დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და მოძრაობის დროს, სახსრებში შებოჭვასა და შეშუპებას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონალურ მდგომარეობას. 
ოპერაციის შემდგომი ტრავმების დროს დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილს და ანთებით შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამომდინარე წამლის ფორმიდან, დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-4 საათში. რადგან დიკლოფენაკი შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში, საკვების მიღება გავლენას ახდენს მისი შეწოვის სიჩქარეზე, მაგრამ არა აქტიური ნივთიერების რაოდენობაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში და მისი კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 60-70%-ს შეადგენს. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-2 საათია. თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. დოზის 70% გამოიდევნება არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად, დანარჩენი ნაღვლის გზით და ფეკალურ მასასთან ერთად.
ჩვენებები
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტით: რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), ფსორიაზული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები, ასევე 
– ართროზი და სპონდილოართროზი;
- პოდაგრული ართრიტი, ფსევდოპოდაგრული ართრიტი;
- პერიართრიტი, ბურსიტი, მიოზიტი, ტენდინიტი, სინოვიტი;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა ანთებითი დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით;
- როგორც ანალგეზიური საშუალება გამოიყენება დაავადებების დროს: ნევრალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, ტრავმის შემდგომი ტკივილის სინდრომი, რომელსაც ანთებაც ახლავს, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი;
- კომპლექსურ თერაპიაში ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადების (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი) დროს გამოხატული ტკივილის სინდრომი.
მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, დაუღეჭავად, სითხის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისას.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, საწყისი დღიური დოზა შეადგენს 100-150 მგ-ს (1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში).
შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში.
დიკლარენის ტაბლეტის კომბინაციისას დიკლოფენაკის სხვა ფორმის პრეპარატებთან უნდა გაითვალისწინონ, რომ დიკლოფენაკის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 150 მგ-ს.
ბავშვებში 1 წლიდან იუვენილური ართრიტის დროს დიკლოფენაკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-3 მგ/კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. 
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 50 მგ დოზის ტაბლეტების ბავშვებში დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები
დიკლოფენაკმა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ყველაზე ხშირად ვლინდება - გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, კოლიკა, დისპეფსია, მეტეორიზმი; ხშირად - კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილების სხვადასხვა სახის დაზიანებები, 3-6 თვემდე მკურნალობის შემთხვევაში – შესაძლებელია სისხლდენა, წყლული და პერფორაცია. ერთეულ შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის სისტემის ქვედა ნაწილების დაზიანებები, არასპეციფიკური ჰემორაგიული კოლიტის, წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების რეციდივის და გამწვავების ჩათვლით. 
ცნს-ის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, ვერტიგო; იშვიათად - თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, მოუსვენრობა.
თირკმელების მხრივ: იშვიათად - თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა ან ჰემატურია; ერთეულ შემთხვევაში - ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პროტეინურია.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად - სიყვითლე, უსიმპტომო ჰეპატიტი, მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ქოლესტაზი; ერთეულ შემთხვევაში – ფულმინანტური (უეცარი) ჰეპატიტი.
კანისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი, ეკზანთემა; იშვიათად – ქავილი, ჭინჭრის ციება; ერთეულ შემთხვევაში - ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შესაძლებელია თრომბოზის განვითარება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენება
- დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა
- სალიცილატებისა და სხვა ასას-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელიც ვლინდება ბრონქული ასთმით, ჭინჭრის ციებით ან რინიტით, ტუჩების, სახის, კისრის შეშუპებით, ასევე ხელებისა და ფეხების შეშუპებით, კვინკეს შეშუპებით
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულოვანი დაზიანებები
- სისლდენები კუჭ-ნაწლავის სისტემაში
- გულის უკმარისობის მძიმე ფორმა
- 1 წლამდე ბავშვთა ასაკი
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკი არ ახდენს ტერატოგენულ გავლენას, ორსულობის პერიოდში მისი დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.
დიკლოფენაკი არ არის რეკომენდებული დაინიშნოს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
დიკლარენით მკურნალობის ფონზე, პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
რეკომენდებულია ერთდროულად წყლულის საწინააღმედო პრეპარატების დანიშვნა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადებების დროს, რადგან მოსალოდნელია მათი გამწვავება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის მძიმე ფორმის უკმარისობით, სისხლის შედედების დარღვევით, ეპილეფსიით, პორფირიით ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებითა და ფიბრინოლიზური საშუალებებით.
დიკლოფენაკის ხანგრძლივად გამოყენებისას, იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური რეაქციების გამოვლინება, ამიტომ აუცილებელია რეგულარულად ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.
ინფექციური დაავადებების დროს, დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევმა ეფექტმა, შესაძლებელია სიმპტომების შენიღბვა გამოიწვიოს. 
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვა ზეგავლენა 
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაღიზიანებადობა. ასევე შესაძლებელია სისხლნარევი ღებინება, მელენა, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვა და თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, საჭიროებისას – სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დიკლოფენაკის ერთდროულმა გამოყენებამ:
ლითიუმთან ან დიგოქსინთან - შესაძლოა გამოიწვიოს მათი კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში;
ზოგიერთ დიურეტიკთან, ისევე როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან - ამცირებს დიურეზულ ეფექტს;
კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან - შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის შემცველობის გაზრდა; 
აცეტილსალიცილის მჟავასთნ და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან - ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების რისკს;
ციკლოსპორინთან - ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობას;
მეტოტრექსატთან - ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიკურობას;
ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან - ამცირებს მათ ეფექტურობას.
დიკლოფენაკი როგორც წესი არ ახდენს გავლენას პერორალურად მისაღები ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტურობაზე.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი. 
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)