სუსტაკი-ფორტე 6.4მგ #25ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები 6.4 მგ
ნიტროგლიცერინი
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 6.4 მგ ნიტროგლიცერინს.
მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ცელულოზას აცეტატის ფტალატი, წითელი საღებარი ერითროზინი (E127), აბუსალათინის ზეთი, ეთილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სუსტაკი განეკუთვნება ნიტრატების ჯგუფის სისხლძარღვების გამაფართოვებელ პრეპარატებს. ეს სამკურნალო პრეპარატი ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, რაც ამ სისხლძარღვების გაფართოვებას იწვევს. პრეპარატი ძირითადად მოქმედევს ვენებზე და, ნაკლებად, არტერიებზე. ამით სუსტაკი განტვირთავს გულის დაავადებულ კუნთს, აუმჯობესებს მის სისხლით მომარაგებას და ჟანგბადით უზრუნველყოფას.
სუსტაკი გამოიყენება მკერდის უჯრედში ტკივილების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც ვითარდება გულის კუნთში სისხლის სუსტი დინების გამო (სტენოკარდია), ასევე გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
ეს სამკურნალო საშუალება არ ახდენს მდგომარეობის დაუყოვნებლივ შემსუბუქებას სტენოკარდიის შეტევის დროს. სუსტაკის ტაბლეტები დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც შესაძლებელს ხდის ორგანიზმში ნიტროგლიცერინის თანდათან და თანაბრად გამოთავისუფლებას. მისი მოქმედება გამოვლინებას იწყებს მიღებიდან 10 წუთში და 10 საათის განმავლობაში გრძელდება.
ჩვენება
პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია სტენოკარდიის შეტევების ან გულის უკმარისობის დროს.
უკუჩვენება
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს იმის შესახებ, თუ ავადმყოფს აწუხებს ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლიზმის დარღვევა, ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ და თუ სარგებლობს სხვა პრეპარატებით.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• ადრე არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სისხლის წნევის ძლიერი დაწევა) ნიტროგლიცერინის ან სუსტაკის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
• გულის კუნთის დაავადება (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
• ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტი;
• გულის მწვავე უკმარისობა ან მისი გამოვლინება აორტის სარქველის ძლიერ შევიწროვების გამო (მიტრალური ან აორტული სტენოზი);
• სისხლის წნევის ძლიერ დაწევა ან სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჟანგბადითა და საკვები ელემენტებით არასაკმარისად მომარაგება (მძიმე ჰიპოტენზია, შოკი, დაბალი წუთობრივი მოცულობა ჰიპოვოლემიის გამო, სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა);
• პერიკარდის მწვავე და მძიმე დაავადება (გულის ტამპონადა);
• შემდეგი დარღვევები თავის მხრივ: ქალაშიდა მაღალი წნევა, ტვინში სისხლის ჩაქცევა, ცოტახნის წინ მიღებული ქალა-ტვინის ტრავმები;
• თვალის დაავადებები (დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
იმისათვის, რომ სუსტაკის ეფექტურობა არ შემცირდეს (ტოლერანტობა ნიტრატების მიმართ), მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მოხდეს.
ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული შემდეგი თანმხლები დაავადებების დროს: მძიმე ათეროსკლეროზი, ჰიპოქსემია, ფილტვისმიერი გული (გულის მარჯვენა პარკუჭის გადიდება), მძიმე ანემია, დეჰიდრატაცია, მიტრალური სარქველის პროლაფსი.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დღეისათვის დადგენილი არ არის.
კორონარული სისხლძარღვების ძალიან ძლიერი შევიწროვებისას შესაძლებელია სტენოკარდიის გამწვავება.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა თანდათან უნდა მოხდეს. პრეპარატის გამოყენების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება იშემიური დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს თავის ძლიერი ტკივილი, რაც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების მოქმედებასთან.
სუსტაკის გამოყენება სითხესთან და საკვებთან ერთად
საკვები და სასმელები (ალკოჰოლურის გარდა) სუსტაკის მოქმედებაზე ზეგავლენას არ ახდენენ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნიტრატების მავნე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. დედისათვის სარგებლისა და ნაყოფისათვის რისკის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ზოგიერთ პაციენტში, ყველაზე ხშირად მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, რომელიც მაღალ ყურადღებას მოითხოვს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს სუსტაკის არასასურველი ზემოქმედება სისხლის წნევაზე. სუსტაკის გამოყენების დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, თუ პაციენტი იყენებს შემდეგ პრეპარატებს:
• კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფის საშუალებები სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ სტენოკარდიის დროს,
• სისხლის წნევის დამწევი სხვა საშუალებები,
• სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები,
• ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ანტიფსიქოზურები, ანტიდეპრესიულები).
სუსტაკისა და სილდენაფილის (ვიაგრა) კომბინაცია უკუნაჩვენებია.
სუსტაკისა და ალკოჰოლის ერთად გამოყენებამ შეიძლება სისხლის წნევის დაწევა და გულყრა გამოიწვიოს.
გამოყენების წესი და დოზირება
აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა.
ჩვეულებრივი დოზა 6.4 მგ-იან 1 ტაბლეტს შეადგენს, რომელიც დილით მიიღება. სასურველი ეფექტის მიხედვით ექიმს შეუძლია 2-3 ტაბლეტი სადღეღამისო დოზა დანიშნოს. ამ შემთხვევაში მიიღება 1 ტაბლეტი დილით ან 2 ტაბლეტი დღის მეორე ნახევარში. წინა დღის ბოლო დოზისა და მომდევნო დღის პირველი დოზის მიღებათა შორის ინტერვალი არანაკლებ 12 საათს უნდა შეადგენდეს. თუ ავადმყოფს სტენოკარდიის შეტევები ღამით აღენიშნება, სუსტაკის მიღებას ექიმი დანიშნავს დილის ნაცვლად დღის მეორე ნახევარსა და საღამოს.
გულის უკმარისობის მკურნალობა ჩვეულებრივ საავადმყოფოში იწყება.
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა თანდათან უნდა მოხდეს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ექიმი შესაფერის მკურნალობას დანიშნავს და თვაყურს ადევნებს იმ ორგანოების მუშაობას, რომელთა მდგომარეობას შეიძლება შეეხოს ჭარბი დოზის მიღება (გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემა). ექიმთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში აუცილებელია გულისრევის გამოწვევა, რათა არ მოხდეს სამკურნალო საშუალების სისხლში მოხვედრა.
გამოტოვებული დოზა
ბოლო დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
სუსტაკის მიღება ჩვეული რეჟიმით უნდა გაგრძელდეს.
რისკი სუსტაკის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში
სუსტაკის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის სამკურნალოდაც დაინიშნა ეს სამკურნალო საშუალება.
გვერდითი მოქმედება
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, სუსტაკიც ახდენს გვერდით მოქმედებას.
მკურნალობის დასაწყისში ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, მაგრამ იგი რამოდენიმე დღეში გაივლის. შესაძლო გვერდითი ეფექტებია: სისხლის წნევის დაწევა, თავბრუსხვევა, გახშირებული, გამონაკლის შემთხვევებში, ასევე შენელებული პულსი, გულყრა, ტერფებისა და წვივების შეშუპება, გულის ფრიალი, ჭარბი ოფლდენა, წამოხურება, გაძნელებული სუნთქვა, დაღლილობა, გემოს შეგრძნების დაკარგვა, ღებინება და გულისრევა. ძალიან იშვიათად ვლინდება მხედველობის დარღვევები, სიმშრალე პირში, გამონაყარი კანზე და მეტჰემოგლობინემია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები) იშვიათად აღინიშნება. ისინი ჩვეულებრივ ვლინდება გამონაყარის ან ანთებების ფორმით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
გამოშვების ფორმა
6.4 მგ-იანი 25 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი დასაკეც კოლოფში მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი
რეცეპტით.
მწარმოებელი
KRKA დ.დ. (ნოვო მესტო, სლოვენია) Streuli & Co. AG-სთან (უზნაჩი, შვეიცარია) თანამშრომლობით.