ვილპო 50მგ/850მგ #60ტ

ვილპო 50მგ/850მგ #60ტ

58.03 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ზადა ფარმაცევტიკალსი ბოსნია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 170027
გააზიარე:

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის


ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

– ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

– ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ვილპო 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ვილპო 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

წინამდებარე ფურცელი - ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :

  1. რას წარმოადგენს ვილპო და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ვილპოს მიღებამდე
  3. როგორ მიიღება ვილპო
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ ინახება ვილპო
  6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია


1. წარმოადგენს ვილპო და რისთვის გამოიყენება

ვილპოს მოქმედი ნივთიერებები — ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი — მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები“.

ვილპო გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. დიაბეტის ეს ტიპი ასევე ცნობილია, როგორც არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. ვილპო გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით და/ან დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტებით (ინსულინით ან სულფონილშარდოვანათი).

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან როდესაც ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი სათანადოდ არ მოქმედებს. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, მაშინ, როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ზედმეტად ბევრ გლუკაგონს.

როგორც ინსულინი, ასევე გლუკაგონი გამომუშავდება პანკრეასში. ინსულინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი კი ღვიძლს უბიძგებს შაქრის გამომუშავებისკენ, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს.

როგორ მოქმედებს ვილპო

ორივე მოქმედი ნივთიერება - ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ნივთიერება ვილდაგლიპტინი ხელს უწყობს პანკრეასის მიერ მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის გამომუშავებას. ნივთიერება მეტფორმინი კი ეხმარება ორგანიზმს ინსულინის უკეთ გამოყენებაში. ეს პრეპარატი ნაჩვენებია სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დიაბეტით გამოწვეული გართულებების პრევენციას.

2. რა უნდა იცოდეთ ვილპოს მიღებამდე

არ მიიღოთ ვილპო

- თუ გაქვთ ალერგია ვილდაგლიპტინზე, მეტფორმინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ალერგია რომელიმე მათგანზე, ვილპოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

- თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევით, ღებინებით, დიარეით, წონაში სწრაფად დაკლებით, ლაქტოაციდოზით (იხ. „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზით. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც კეტონის სხეულები ეწოდება და რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომებია: კუჭის ტკივილი, აჩქარებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან სუნთქვის დროს უჩვეულო ხილის სუნი.

- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა ან თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება იყოს გულის პრობლემების ნიშანი.

- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაიარესება.

- თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან სერიოზული დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყლის კარგვა).

- თუ აპირებთ რენტგენის გადაღებას კონტრასტით (სპეციფიკური ტიპის რენტგენი, რომელიც მოიცავს ინექციურ საღებავს).

ასევე იხილეთ ინფორმაცია ამის შესახებ გაფრთხილებები „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

– თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

– თუ ჭარბი რაოდენობით იღებთ ალკოჰოლს (ყოველდღიურად ან მხოლოდ დროდადრო).

– თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. აგრეთვე „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლაქტოაციდოზის რისკი

ვილპომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტოაციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელები არ მუშაობს სათანადოდ. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, ასევე, იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (დამატებითი ინფორმაცია იხ. ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, რომლის დროსაც სხეულის ნაწილს ჟანგბადი მიეწოდება შემცირებული რაოდენობით (მაგალითად, გულის მძიმე მწვავე დაავადება).

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შეწყვიტეთ ვილპოს მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხეების მნიშვნელოვანი კარგვა), როგორიცაა: ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხესთან კონტაქტი ან თუ ჩვეულებრივზე ნაკლები სითხეს სვამთ. დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეწყვიტეთ ვილპოს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ ლაქტოაციდოზის რომელიმე სიმპტომს, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:

- ღებინება,

- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),

- კუნთების სპაზმები,

- ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ძლიერი დაღლილობით,

- სუნთქვის გაძნელება,

- სხეულის ტემპერატურის და გულისცემის შემცირება.

ლაქტაციდოზი არის სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა და მისი მკურნალობა ხდება საავადმყოფოში.

ვილპო არ ცვლის ინსულინს. ამიტომ, არ მიიღოთ ვილპო ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ. თუ გაქვთ ან გქონიათ პანკრეასის დაავადება, ვილპოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

ვილპოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელწოდებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ სულფონილშარდოვანას დოზა, როდესაც მას იღებთ ვილპოსთან ერთად, სისხლში გლუკოზის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) საპრევენციოდ.

თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო მოგიწიათ მისი შეწყვეტა, მაშინ არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

დიაბეტური კანისმიერი დაზიანებები დიაბეტის ხშირი გართულებაა. რეკომენდებულია დაიცვათ კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგცემთ თქვენი ექიმი ან ექთანი. ასევე, ვილპოს მიღების დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ბუშტუკებისა ან წყლულების გაჩენაზე. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გესაჭიროებაღ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია, შეწყვიტეთ ვილპოს მიღება პროცედურის დროს და მის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ ვილპოთი მკურნალობა.

ვილპოთი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდგომში პერიოდულად, ჩაგიტარდებათ ღვიძლის ფუნქციური სინჯები. აღნიშნული საჭიროა, რათა ღვიძლის ფერმენტების მომატების ნიშნები რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს.

ვილპოთი მკურნალობის დროს თქვენი ექიმი წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად დაგინიშნავთ თირკმლის ფუნქციის შემოწმებას, თუ ხართ ხანდაზმული ასაკის და/ან აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

თქვენი ექიმი რეგულარულად დაგინიშნავთ სისხლისა და შარდის ანალიზებს, შაქრის დონის შესამოწმებლად.

ბავშვები და მოზარდები

ვილპოს გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ვილპო

თუ გჭირდებათ იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექცია სისხლის მიმოქცევაში, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების დროს, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ ვილპოს მიღება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ ვილპოთი მკურნალობა.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ ვილპოს დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების აღნიშვნა:

- გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ;

- ბეტა-2 აგონისტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ;

- დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები;

- შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი მედიკამენტები (დიურეზული საშუალებები);

- ტკივილისა და ანთების სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ცოგ-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);

- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები);

- ფარისებრ ჯირკვალზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები;

- ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები;

- სტენოკარდიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. რანოლაზინი);

- აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. დოლუტეგრავირი);

- კონკრეტული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბო) სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. ვანდეტანიბი);

- გულძმარვისა და პეპტიური წყლულის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი).

ვილპოს მიღება ალკოჰოლთან ერთად

ვილპოს მიღების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

- თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ორსულობის დროს ვილპოს მიღების პოტენციურ რისკს.

- არ გამოიყენოთ ვ ილპო , თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. აგრეთვე „არ მიიღოთ ვ ილპო “).

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ ვილპოს მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.

3. როგორ მიიღება ვილპო

ადამიანების მიერ მისაღები ვილპოს რაოდენობა, განსხვავდება მათი მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად მისაღები ვილპოს დოზას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზაა ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ, დღეში ორჯერ.

თუ გაუარესებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა. ასევე, თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელწოდებით, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი მონოთერაპიის სახით ან სისხლში შაქრის დონის დამწევ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

როდის და როგორ მიიღება ვილპო

- ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ერთ ჭიქა წყლის დაყოლებით,

- ერთი ტაბლეტი მიიღეთ დილით, ხოლო მეორე საღამოს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტის მიღება ჭამის შემდეგ შეამცირებს კუჭის აშლილობის რისკს.

დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული დიეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი რჩევა. კერძოდ, თუ იცავთ დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ წონის საკონტროლო დიეტას, განაგრძეთ მისი დაცვა ვილპოს მიღების დროსაც.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვილპო

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვილპოს ტაბლეტი, ან თუ სხვამ მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლა მოგიწევთ, თან იქონიეთ შეფუთვა და წინამდებარე ფურცელი-ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ ვილპოს მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის შემდეგ კვებასთან ერთად, თუ იმ დროს ისედაც არ გიწევთ უკვე შემდეგი დოზის მიღება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ტაბლეტი ერთდროულად) გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ვილპოს მიღებას

განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში, რათა პრეპარატმა შეძლოს სისხლში შაქრის დონის კონტროლი. არ შეწყვიტოთ ვილპოს მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.


4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას. თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვილპოს მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს:

- ლაქტოაციდოზი (ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): ვილპომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვილპოს მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

- ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): სიმპტომები მოიცავს: სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცარ გამოვლენას, რაც შეიძლება მიუთითებდეს რეაქციაზე, რომელსაც „ანგიონევროზული შეშუპება“ ეწოდება.

- ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): სიმპტომები მოიცავს: კანისა და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).

- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): სიმპტომები მოიცავს: მუცლის (კუჭის არეში) ძლიერ და მუდმივ ტკივილს, რომელიც შეიძლება ზურგამდე გავრცელდეს, ასევე გულისრევას და ღებინებას.

სხვა გვერდითი მოვლენები

ვილპოს მიღებისას ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

- ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება, გამონაყარი ქავილით, ჭარბი ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანკალი, რომლის კონტროლიც შეუძლებელია, ყაბზობა, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება), ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გულძმარვა, ტკივილი კუჭში და მის გარშემო (მუცლის ტკივილი).

- არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): დაღლილობა, სისუსტე, მეტალის გემო, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მადის დაკარგვა, ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება (შეშუპება), შემცივნება, პანკრეასის ანთება, კუნთების ტკივილი.

- ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ზე ნაკლებ ადამიანს): სისხლში რძემჟავას მაღალი დონის ნიშნები (ცნობილი ლაქტოაციდოზის სახელით), როგორიცაა: ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გულის რიტმის დარღვევა ან ღრმა, გახშირებული სუნთქვა; კანის სიწითლე, ქავილი; ვიტამინი B12-ის დონის შემცირება (სიფერმკრთალე, დაღლილობა, მენტალური სიმპტომები, როგორიცაა: დაბნეულობა ან მეხსიერების დარღვევა).

ამ პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

- სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ შეფასდება): კანის ლოკალიზებული აქერცვლა ან ბუშტუკები, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე ან კანის ზედაპირის ქვეშ წვეტიანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები ან სისხლჩაქცევები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (დეტალები იხ. ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

5. როგორ ინახება ვილპო

- შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოდ კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

- არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

- შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში (ბლისტერში) ნესტისგან დასაცავად.

- არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შ ეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვილპოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

- მოქმედი ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (რაც შეესაბამება 660 მგ მეტფორმინს).

თითოეული 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (რაც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს).

- სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH-101), პოვიდონი K-90, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH-102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი - ნაეილობრივ ჰიდროლიზებული, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), გლიცეროლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს (6 × 10).

მწარმოებელი

ZADA Pharmaceuticals Ltd. (ზადა ფარმაცეუტიკალს ლტდ.)

Bistarac Donji bb (ბისტარაც დონჯი ბბ)

75 300 ლუკავაცი

ბოსნია და ჰერცეგოვინა

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

შპს რიჩ გრუპი

ზურაბ საკანდელიძის ქ.#7, თბილისი, საქართველო

საფოსტო ინდექსი - 0162

წინამდებარე ფურცელი ჩანართი უკანასკნელად გადაიხედა 12/2024.

თარგმანი სწორია: