მინოქსიდილი ვინასი 5% 60მლ ხს/გამფრ

მინოქსიდილი ვინასი 5% 60მლ ხს/გამფრ

60.00 ლარი 54.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: Laboratorios Viñas
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მინოქსიდილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 169566
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მინოქსიდილი ვინასი 50 მგ/მლ კანის ხსნარი

მინოქსიდილი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- - პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ გამოყენების ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

- - შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

- დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

- აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ 3 თვის შემდეგ.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია

1. რა არის მინოქსიდილი ვინასი და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა იცოდეთ მინოქსიდილი ვინასის გამოყენებამდე.

3. მინოქსიდილი ვინასის გამოყენების წესი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. მინოქსიდილი ვინასის შენახვის წესი.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის მინოქსიდილი ვინასი და რისთვის გამოიყენება.

ეს პრეპარატი გამოიყენება საშუალო ხარისხის თმის ცვენის სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია როგორც ანდროგენული ალოპეცია (ჭარბი თმის ცვენა).

ეს პრეპარატი შეიცავს მინოქსიდილს. მინოქსიდილი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თავის კანზე და ასტიმულირებს თმის ზრდას ანდროგენული ალოპეციის მქონე მამაკაცებში.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაუარესდა მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ მინოქსიდილი ვინასის გამოყენებამდე

მინოქსიდილი ვინასი არ გამოიყენება

- თუ გაქვთ ალერგია მინოქსიდილზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პუნქტში);

- თუ დაზიანებული გაქვთ თავის კანი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მინოქსიდილი ვინასის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თუ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა თავის კანზე ან ჭრილობა, რადგან ასეთ დროს შესაძლოა მოხდეს პროდუქტის დიდი რაოდენობით შეწოვა. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თავის კანზე არ გაქვთ პრობლემები ან ჭრილობები.
  • თუ ანამნეზში გაქვთ ან ამჟამად გაწუხებთ სისხლძარღვების ან გულის დაავადება. ამ შემთხვევაში, სასურველია, ექიმის მიერ არტერიული წნევის და გულისცემის კონტროლი.
  • ქალი პაციენტის შემთხვევაში, ჰიპერტრიქოზის (თმის ზრდა სხეულის სხვა უბნებში) განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე და გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა თავის კანზე წამლის წასმის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია რადგან სხეულის სხვა ნაწილებთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თმის ზრდა სხვა უბნებზე.
  • მედიკამენტის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
  • თუ შეამჩნევთ სხვა სახის გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე ან კანზე, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
  • საჭიროა თავიდან იქნას აცილებული სამკურნალო უბნებზე მზის ზემოქმედება (ღრუბლიანი ამინდის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი (UVA) ნათურების ზემოქმედება. დამუშავებულ უბნებზე აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება.
  • დაფიქსირებულია ჩვილებში სხეულის თმის ჭარბი ზრდის შემთხვევები იმ კანის უბნებთან კონტაქტის შემდეგ, რომლებზეც მინოქსიდილი იყო დატანილი იმ პაციენტებში (მომვლელებში), რომლებიც იყენებდნენ ადგილობრივ (ტოპიკურ) მინოქსიდილს. მას შემდეგ რაც ჩვილებს აღარ ჰქონდათ კონტაქტი მინოქსიდილთან, რამდენიმე თვის განმავლობაში თმის ზრდა ნორმას დაუბრუნდა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა ბავშვები არ შეეხონ სხეულის იმ უბნებს, სადაც მინოქსიდილი არის გამოყენებული ადგილობრივად.
  • მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ თქვენი ბავშვის სხეულზე თმის ჭარბ ზრდას იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იყენებთ მინოქსიდილის შემცველ ადგილობრივ პრეპარატებს.

გამოყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში

მინოქსიდილი ვინასის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფებში კვლევები არ ჩატარებულა.

სხვა მედიკამენტები და მინოქსიდილი ვინასი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული.

მინოქსიდილი ვინასის პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან და არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა. გარდა ამისა, ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ადგილობრივ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, რეტინოიდები ან კანის ოკლუზიური კრემები, რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ პრეპარატის შეწოვა.

მინოქსიდილი ვინასი საკვებთან და სასმელთან ერთად

არ გამოიყენება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მინოქსიდილი ვინასი სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, სანამ არ დარწმუნდებით, როგორია ამ პრეპარატის ამტანობა თქვენს მიერ ეცადეთ, თავი შეიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისგან, რომლებიც შეიძლება ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვდეს.

მინოქსიდილი ვინასი შეიცავს პროპილენგლიკოლს

ეს პრეპარატი შეიცავს 520 მგ პროპილენგლიკოლს თითოეული დოზის ერთეულში, რაც შეესაბამება 520 მგ/მლ-ს.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3. მინოქსიდილი ვინასის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პროდუქტის რეკომენდებული დოზაა 1 მლ (6 შესხურება) დღეში ორჯერ, თავის კანის სამკურნალო უბანზე.

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ-ს (12 შესხურება), სამკურნალო უბნის ზომის მიუხედავად.

გამოყენების სიხშირე

1 მლ შესხურება დილით და 1 მლ საღამოს.

არ გაზარდოთ დოზა ან გამოყენების სიხშირე.

დოზა ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა იყოს დაცული.

მკურნალობის ხანგრძლივობა

შედეგი მყისიერი არ არის: თმის ცვენა მაშინვე არ ჩერდება და ახალი თმა არ იწყებს ზრდას მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლამდე. შესაძლოა საჭირო გახდეს ორთვიანი მკურნალობის კურსი, დღეში ორი შესხურებით, სანამ თმის ზრდის სტიმულირება შესამჩნევი არ გახდება. მკურნალობის ხანგრძლივობა და რეაქციის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტიდან პაციენტამდე.

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მინოქსიდილი ვინასის 50 მგ/მლ კანის ხსნარის გამოყენება 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაკვირვებითი მტკიცებულებების მიხედვით, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება სავარაუდოა მომდევნო სამიდან ოთხ თვემდე პერიოდში.

გამოყენების წესი

გამოიყენება კანზე. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

ხსნარის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

ქალი პაციენტის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელების დაბანას თავის კანზე პრეპარატის წასმის შემდეგ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სხეულის სხვა ნაწილებთან კონტაქტის შემთხვევაში, არსებობს თმის ზრდის რისკი იმ ადგილებშიც.

პრეპარატის გამოყენებამდე თმა და თავის კანი სრულად უნდა იყოს მშრალი. თითის ბალიშებით გადაანაწილეთ ხსნარი დასამუშავებელ უბნებზე, დაწყებული ამ უბნის ცენტრიდან. არ წაისვათ პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე.

გამოყენების მეთოდი

დაიტანეთ ხსნარი სრულად მშრალ თავის კანზე, დაწყებული დასამუშავებელი უბნის ცენტრიდან. არ წაისვათ პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე.

გამოყენების მეთოდი განსხვავდება დასამუშავებელი უბნის და გამოყენებული აპლიკატორის სისტემის მიხედვით.

თავის კანის დიდი უბნების დამუშავება: გამოიყენება სპრეი-აპლიკატორი და დოზირების ტუმბო.

ა) მოხსენით გარე გამჭვირვალე თავსახური.

ბ) მოხსენით შიდა თავსახური და გადააგდეთ.

გ) მოათავსეთ სპრეი ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ. მოხსენით პატარა გამჭვირვალე თავსახური.

დ) მიმართეთ სპრეის ხვრელი დასამუშავებელი უბნის ცენტრისკენ. ერთხელ დააჭირეთ და თითის წვერებით გადაანაწილეთ ხსნარი მთელ უბანზე. იგივე გაიმეორეთ კიდევ 5-ჯერ (სულ 6 შესხურება), გაიმეორეთ იგივე მოქმედება ყოველ ჯერზე. 6 შესხურების შემდეგ, გამოყენებული იქნება სრული 1 მლ დოზა.

ბოთლის გამოყენების შემდეგ, დაახურეთ გარე გამჭვირვალე თავსახური.

მცირე ზედაპირების დამუშავება ან თმის ქვეშ წასმა: გამოიყენეთ აპლიკატორი კანულითა და საქშენით.

ა) მოხსენით გარე გამჭვირვალე თავსახური.

ბ) მოხსენით შიდა თავსახური და გადააგდეთ.

გ) მოათავსეთ სპრეი ბოთლში და მჭიდროდ დაახრახნეთ. მოხსენით პატარა გამჭვირვალე თავსახური.

დ) ზემოთ მოქაჩვით მოხსენით სპრეის თავი.

ე) ჩასვით კანულის საქშენი სპრეის უთავო ბოლოში და მაგრად დააწექით.

ვ) მიმართეთ კანულა დასამუშავებელი ზედაპირის ცენტრისკენ ან თმის ქვეშ, ერთხელ დააჭირეთ და თითის წვერებით გადაანაწილეთ ხსნარი. იგივე გაიმეორეთ კიდევ 5-ჯერ (სულ 6 შესხურება). 6 შესხურების შემდეგ გამოყენებული იქნება სრული 1 მლ დოზა.

ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი ცხელი წყლით ჩამორეცხეთ. გამოყენების დროს მოერიდეთ პროდუქტის შესუნთქვას.

გამოყენება ბავშვებში

მინოქსიდილი ვინასის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მინოქსიდილი ვინასი.

თუ მინოქსიდილი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენებისას შემთხვევით ან განზრახ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენების ინტენსივობის ზრდა, განსაკუთრებით ქავილი, სიმშრალე, კანის გაღიზიანება და ეგზემა.

მინოქსიდილის შემთხვევითი ან განზრახ გადაყლაპვის შემთხვევაში ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), ტაქიკარდია, შეშუპება და გულის შეგუბებითი უკმარისობა.

თუ აღგენიშნათ ზემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თან იქონიეთ გამოყენების ინსტრუქცია. დოზის გადაჭარბების, შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს (Servicio de Información Toxicológica), ნომერზე 91 562 04 20.

თუ დაგავიწყდათ მინოქსიდილი ვინასის გამოყენება

- მკურნალობის საწყის პერიოდში:

გამოტოვებული დოზა გამოიყენეთ რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ ექიმის მიერ რეკომენდებული რეჟიმით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

- შემანარჩუნებელ პერიოდში:

შემდეგი დოზა გამოიყენეთ ჩვეულ რეჟიმში და გააგრძელეთ მკურნალობა.

თუ შეწყვეტთ მინოქსიდილი ვინასით მკურნალობას

მკურნალობის 3-4 თვით შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ალოპეციის დაბრუნება მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაში.

თუ აღწერილი სიმპტომები გამოვლინდა, მიმართეთ ექიმს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

  • სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი (სიხშირე უცნობია და მისი შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს:

ქავილი, კანის ლოკალური გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი (სიწითლე), კანის სიმშრალე და აქერცვლა.

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს:

თავის ტკივილი და პარესთეზია (ხელებსა ან ფეხებში დაბუჟების შეგრძნება). ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება და ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა). ერითემატოზული გამონაყარი (გენერალიზებული პუსტულები), ეგზემა, ალოპეცია და ჰიპერტრიქოზი (თმის ჭარბი ზრდა).

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს:

პუსტულური გამონაყარი (გენერალიზებული პუსტულები) და აკნე.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს:

მხედველობის დაქვეითება და თვალის გაღიზიანება.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ მკურნლობა და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ადამიანის სამკურნალო საშუალებების შესახებ ესპანეთის ფარმაკოუსაფრთხოების სისტემის საშუალებით (Sistema Español de Farmacovigilancia de medicamentos de Uso Humano): https://www.notificaram.es.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. მინოქსიდილი ვინასის შენახვის წესი

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხსნარში გარეგნულ ცვლილებას.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გადააგდეთ არასასურველი მედიკამენტები და კონტეინერები თქვენი აფთიაქის SIGRE პუნქტში. უტილიზაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები ან შეფუთვა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მინოქსიდილი ვინასი:

აქტიური ნივთიერება არის მინოქსიდილი. 1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ მინოქსიდილს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, 96% ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა:

მინოქსიდილი ვინასი არის ხსნარი კანზე გამოყენებისთვის. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის. ხელმისაწვდომია ხსნარის 60 მლ, 120 მლ (ორი 60 მლ-იანი ბოთლი), 180 მლ (სამი 60 მლ-იანი ბოთლი) და 240 მლ (ორი 120 მლ ბოთლი) შეფუთვაში, დოზირების ტუმბოთი, ასევე კანულით აღჭურვილი აქტივატორით.

მარკეტინგული ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი

Laboratorios Viñas. S.A.

პროვენცა, 386

08025-ბარსელონა

ესპანეთი

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 2024 წლის ოქტომბერი

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) [Agencia Española de Medicamentos y Productos Sanitarios] ვებგვერდზე: http : //www.aemps.gob.es/