ვალმოქსი 500მგ #7ტ
გააზიარე:
ვალმოქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი - დანართი მთლიანად , სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
– შეინახეთ ეს ფურცელი-დანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
– თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
– ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
– თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-დანართში
1. რა არის ვალმოქსი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ ვალმოქსის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ ვალოქსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ შევინახოთ ვალმოქსი
6. კოლოფის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ვალმოქსი და რისთვის გამოიყენება ის
ვალმოქსი ფართო სპექტრის ქინოლონის ანტიბიოტიკია. მას აქვს ბაქტერიციდული ეფექტი, რომელიც აჩერებს ორგანიზმში ინფექციების გამომწვევი რიგი ბაქტერიების ზრდას.
ვალმოქსის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- · ცხვირის დანამატი წიაღების;
- · ფილტვების, ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემების ან პნევმონიის მქონე ადამიანებში;
- · საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების ან შარდის ბუშტის;
- · პროსტატის ჯირკვლის, თუ გაქვთ ხანგრძლივი ინფექცია;
- · კანის და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, რომლებსაც ზოგჯერ „რბილ ქსოვილებს“ უწოდებენ.
ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, ვალმოქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების ალბათობის შესამცირებლად:
- · ჯილეხის სახელწოდებით ფილტვის დაავადების განვითარებისას;
- · ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის ზემოქმედების შემდეგ დაავადების გაუარესებისას.
2. რა უნდა იცოდეთ ვალმოქსის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ვალმოქსი და აცნობეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ ალერგია ლევოფლოქსაცინზე, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკზე (როგორიცაა ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6);
- ოდესმე გქონიათ ეპილეფსია;
- ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები (მაგ., ტენდინიტი), რომლებიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ანტიბიოტიკით მკურნალობასთან;
- ხართ ბავშვი ან მოზარდი;
- ხართ ორსულად, შეიძლება დაორსულდეთ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად;
- ძუძუთი კვებავთ.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვალმოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვალმოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- ხართ 60 წლის ან მეტი ასაკის;
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებსაც უწოდებენ (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ვალმოქსი“);
- გქონიათ კრუნჩხვა (კონვულსია);
- გადატანილი გაქვთ ტრანსპლანტაცია;
- გაქვთ ტვინის დაზიანება ანამნეზში (ინსულტი ან ტვინის მძიმე დაზიანება);
- გაქვთ თირკმლის პრობლემები;
- გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ მედიკამენტის მიღებისას არსებობს სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციის (ჰემოლიზი) და ანემიის რისკი;
- გქონიათ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები;
- თუ ოდესმე გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ დაბადებიდან გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გაქვთ მისი ოჯახური ანამნეზი (როგორც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ მარილოვანი დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), გაქვთ გულის ძალიან ნელი რიტმი (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზი, ხართ ქალი ან ხანდაზმული, ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებებს (იხ. ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ვალმოქსი“);
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;
- თუ გაქვთ დიაბეტი;
- თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას);
- თუ დიდი სისხლძარღვის გაფართოების ან „ამობურცულობის“ დიაგნოზია დასმული (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვების პერიფერიული ანევრიზმა);
- თუ ადრე გქონიათ აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
- თუ ოდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების გაჩენა, პირის ღრუში ბუშტუკების და/ან წყლულების გაჩენა ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ;
- გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი გამომწვევი მდგომარეობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოსის ვასკულური სინდრომი, ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადასტურებული ათეროსკლეროზი).
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან, ვალმოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, თუ წარსულში გქონიათ სერიოზული გვერდითი მოვლენა ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ექიმს.
ფტორქინოლონების მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- · გრძნობთ უეცარ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება ანევრიზმის და აორტის განშრევების სიმპტომი იყოს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
- · მოულოდნელად გაგიჩნდათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლზე ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან პალპიტაციას (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა. თქვენი რისკი იზრდება, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), განხორციელებული გაქვთ ორგანოს გადანერგვა, გაქვთ თირკმლის პრობლემები ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს ვალმოქსით მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში. მყესის (მაგ., ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნების გამოვლენის შემდეგ, შეწყვიტეთ ვალმოქსის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ნებისმიერ არასაჭირო ვარჯიშს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათად შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში, ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდა, შეწყვიტეთ ვალმოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
- · სტივენს-ჯონსონის სინდრომი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო, სამიზნის ფორმის ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში (თვალების სიწითლე და შეშუპება). კანის ამ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უსწრებს ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის გავრცელებულ აქერცვლაში და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში ან იყოს ფატალური.
- · DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი გავრცელებული გამონაყარით სხეულის მაღალი ტემპერატურით, სისხლის ანალიზებში დაფიქსირებული ღვიძლის ფერმენტების მომატებით, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის (ეოზინოფილების) რაოდენობის ზრდით და გადიდებული კვანძებით.
თუ განგივითარდებათ სერიოზული გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ხანგრძლივი, შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონების/ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული მედიკამენტების, მათ შორის ვალმოქსის, გამოყენება დაკავშირებულია ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან, რომელთაგან ზოგიერთი დიდხნიანია (თვეები ან წლები), დამაუძლურებელი ან პოტენციურად შეუქცევადი. მათ მიეკუთვნება ტკივილი ზედა და ქვედა კიდურების მყესებში, კუნთებსა და სახსრებში, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, პწკენა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, გამოხატული დაღლილობა და ძილის ძლიერი დარღვევა. თუ ვალმოქსის მიღების შემდეგ შენიშნავთ რომელიმე ამ გვერდით ეფექტს, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა, ასევე განიხილავთ სხვა კლასის ანტიბიოტიკის შესაძლო გამოყენებას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ვალმოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები: ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა ან მოზარდებმა (18 წლამდე ასაკის).
სხვა მედიკამენტები და ვალმოქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, რადგან ვალმოქსი შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალმოქსის მოქმედებაზე.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ვალმოქსის მიღებისას:
- · კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (გამოიყენება ანთების დროს). ეს ზრდის ანთების და/ან მყესების გაწყვეტის ალბათობას.
- · ვარფარინი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად). შესაძლოა, უფრო მეტად გაწუხებდეთ სისხლდენა. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება სისხლის შედედების შესამოწმებლად.
- · თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს). ვალმოქსის მიღებისას კრუნჩხვის (კონვულსიის) განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
- · არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) (მიიღებიან ტკივილისა და ანთების დროს), როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ვალმოქსის მიღებისას კრუნჩხვის (კონვულსიის) განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
- · ციკლოსპორინი (მიიღება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ). ციკლოსპორინის მიღებისას გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
- · მედიკამენტები გულის რიტმზე ცნობილი ზემოქმედებით. ესენია მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის დროს (ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
- · პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ). თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
- · ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს). თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა თქვენ გეხებათ.
არ მიიღოთ ვალმოქსი შემდეგ პრეპარატებთან ერთად, რადგან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ ვალმოქსის მოქმედებაზე: რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის სამკურნალოდ); თუთიის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები (გულძმარვის ან წვის შეგრძნების სამკურნალოდ); დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ). იხილეთ ნაწილში 3 „თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის შემცველ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“ ქვემოთ.
შარდის ანალიზი ოპიატების გამოსავლენად
შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების, ოპიატების სახელწოდებით, გამოყენებისას იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ვალმოქსს. თუ ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი, აცნობეთ მას, რომ იღებთ ვალმოქსს.
ტუბერკულოზის ტესტები
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში, რომლებიც ავლენენ ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
არ მიიღოთ ვალმოქსი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განიცადოთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო) ან მხედველობის ცვლილებები. ზოგიერთმა ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სიჩქარეზე. თუ ეს მოხდა, არ მართოთ მანქანა ან არ შეასრულოთ ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
ვალმოქსი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3. როგორ გამოვიყენოთ ვალმოქსი
გამოიყენეთ ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის მიღება
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებებს შორის ნებისმიერ დროს.
დაიცავით კანი მზის სხივებისგან
მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს ამ მედიკამენტის მიღების დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში. ეს აუცილებელია, რადგან თქვენი კანი შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე მზის მიმართ და შეიძლება დაიწვას, გაღიზიანდეს ან წარმოიქმნას დიდი ბუშტუკები, თუ არ დაიცავთ შესაბამის უსაფრთხოების ზომებს:
- · გამოიყენეთ მაღალფაქტორიანი მზისგან დამცავი კრემი;
- · ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს;
- · მოერიდეთ მზის აბაზანების მიღებას.
თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის შემცველ დანამატებს, ანტაციდურ მედიკამენტებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს:
- · არ მიიღოთ ეს მედიკამენტები ვალმოქსთან ერთად. მიიღეთ ამ მედიკამენტების დანიშნული დოზა მინიმუმ 2 საათით ადრე ვალმოქსის მიღებამდე ან მის შემდეგ.
რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რამდენია ვალმოქსის დოზა. დოზა დამოკიდებულია თქვენს ორგანიზმში ინფექციის ტიპსა და ადგილმდებარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ინფექციის სიმძიმეზე. თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თავად, არამედ მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ვალმოქსი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და მოზარდებმა ზრდის პერიოდში (18 წლამდე).
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ვინაიდან ვალმოქსი ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დაკორექტირდეს. დაიცავით ექიმის მითითებები.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ცხვირის დანამატი წიაღების ინფექცია: ვალმოქსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
ფილტვის ინფექცია სუნთქვისხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში: ვალმოქსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
პნევმონია: ვალმოქსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
საშარდე გზების,მათ შორის თირკმლის ან შარდის ბუშტის, ინფექცია: ვალმოქსის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია: ვალმოქსის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების,მათ შორის კუნთების, ინფექცია: ვალმოქსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
თუ მიიღეთ ვალმოქსის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სხვა სამედიცინო დახმარებას. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ექიმმა იცოდეს, რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები: კონვულსიური კრუნჩხვები (კონვულსიები), დაბნეულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების დაქვეითება, ტრემორი (ხელების კანკალი) და გულის პრობლემები - რაც იწვევს გულისცემის არარეგულარულ რიტმს, ასევე ცუდად ყოფნის შეგრძნებას (გულისრევას) ან გულძმარვას.
თუ დაგავიწყდათ ვალმოქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ ვალმოქსის მიღება
არ შეწყვიტოთ ვალმოქსის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსი დაასრულოთ ტაბლეტების დანიშნული რაოდენობით. თუ მკურნალობა დანიშნულ დროზე ადრე შეწყდება, არსებობს ინფექციის სიმპტომების დაბრუნების, თქვენი მდგომარეობის გაუარესების ან ბაქტერიების პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად ხანმოკლე დროის შემდეგ ქრება.
შეწყვიტეთ ვალმოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს :
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000 - დან 1- მდე პაციენტს )
- · გაქვთ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას.
შეწყვიტეთ ვალმოქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1 000-დან 1-მდე პაციენტს)
- · წყლიანი დიარეა, რომელიც შეიძლება იყოს სისხლიანი, ზოგჯერ მუცლის სპაზმებით და ცხელებით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების მძიმე პრობლემის ნიშნები.
- · მყესების ან იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი.
- · კრუნჩხვები (კონვულსიები).
- · ჰალუცინაციები, პარანოია, თქვენი თვალსაზრისისა და აზრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები), სუიციდური აზრების ან ქმედებების რისკით.
- · დეპრესიის შეგრძნება, ფსიქიკური პრობლემები, შფოთვის (აგზნებადობის) შეგრძნება, უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანთან)
- · წვა, ჩხვლეტა ან ტკივილი. ეს შეიძლება იყოს „ნეიროპათიის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია)
- · კანის ძლიერი გამონაყარი, რომელიც მოიცავს სტივენს-ჯონსონის სინდრომს და ტოქსიკურ ეპიდერმალურ ნეკროლიზს. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო, სამიზნის ფორმის ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში წყლულების გაჩენით და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი.
- · მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი ან სიმძიმის შეგრძნება კუჭში (მუცელში). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რაც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობას.
თუ ვალმოქსის მიღების დროს დაქვეითდა მხედველობა ან გაქვთ თვალის სხვა პრობლემები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.
დიდხნიანი (რამდენიმე თვეებამდე ან წლამდე) ან ხანგრძლივი გვერდითი მოვლენების, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, პწკენა, ღიტინი, წვის შეგრძნება, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დაქვეითება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, წინასწარი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, ზოგჯერ ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან ასოცირდება.
აცნობეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე სერიოზული გახდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება:
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1- მდე ადამიანს )
- · ძილის პრობლემები (უძილობა).
- · თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
- · ცუდად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა და ღებინება) და დიარეა.
- · სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1- მდე ადამიანს )
- · სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილებები, Candida-ს სახელით ცნობილი სოკოთი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც შეიძლება მკურნალობას საჭიროებდეს.
- · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რაც ჩანს ზოგიერთი სისხლის ანალიზის შედეგებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია).
- · შფოთვა (მოუსვენრობა), დაბნეულობა, ნერვიულობა, ძილიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა (ვერტიგო).
- · ქოშინი (დისპნოე).
- · გემოს შეცვლა, მადის დაკარგვა, კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
- · ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
- · სახსრების ან კუნთების ტკივილი.
- · სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმლის (კრეატინინის მომატება) პრობლემების გამო.
- · ზოგადი დაღლილობა.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1 000-დან 1-მდე ადამიანს)
- · სისხლჩაქცევების და სისხლდენის გაადვილება თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია).
- · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
- · გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა).
- · ხელებისა და ფეხების დაბუჟება (პარესთეზია).
- · სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის დაბინდვა) პრობლემები.
- · გულისცემის პათოლოგიური აჩქარება (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
- · კუნთების სისუსტე. ეს საყურადღებოა მიასთენია გრავისის მქონე ადამიანებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
- · ცვლილებები თირკმლების მუშაობაში და იშვიათად თირკმლის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ინტერსტიციული ნეფრიტი ეწოდება.
- · ცხელება.
უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია)
- · სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან მოყვითალო შეფერილობა სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
- · ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე, რომელიც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
- · სისხლის მიმოქცევის უეცარი დარღვევა (ანაფილაქსიის მსგავსი შოკი).
- · სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). ეს საყურადღებოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
- · ყნოსვითი ცვლილებები, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია).
- · გადაადგილების ან სიარულის გაძნელება (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები).
- · გონების დროებითი დაკარგვა ან გულის წასვლა (სინკოპე).
- · მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება.
- · სმენის დაქვეითება ან დაკარგვა.
- · გულისცემის პათოლოგიური აჩქარება, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც აღინიშნება ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობა).
- · სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი).
- · ფილტვის მხრივ ალერგიული რეაქციები.
- · პანკრეატიტი.
- · ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
- · კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
- · ალერგიული რეაქციის გამო სისხლძარღვების, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ანთება (ვასკულიტი).
- · პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი).
- · კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი).
- · სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი).
- · ტკივილი, მათ შორის ტკივილი ზურგში, გულმკერდში ან კიდურებში.
- · პორფირიის შეტევები იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება).
- · ხანგრძლივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია).
ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედელში რუპტურის წარმოქმნის შემთხვევები (ანევრიზმები და განშრევება), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გახეთქვა, რაც შეიძლება ფატალური იყოს, ასევე მოხსენებულია გულის სარქვლის პროლაფსის შემთხვევები. იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. როგორ შევინახოთ ვალმოქსი
განსაკუთრებული შენახვის პირობები არ მოითხოვება.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერის “Exp. date“ შემდეგ და ბლისტერზე. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის ხარისხის გაუარესების თვალსაჩინო ნიშნებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები რომლებსაც აღარ გამოიყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვალმოქსი
- აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი. თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს 512,5 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით.
- დამხმარე ნივთიერებებია:
- · ტაბლეტის ბირთვი: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი;
- · აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), პოლისორბატი 80, წითელი რკინის ოქსიდი (E172).
ვალმოქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ვარდისფერი, მოგრძო, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლითა და ორივე მხარეს ჭდით.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ვალმოქსი ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე PVC/PVDC/AL-ფოლგის ბლისტერს 7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით და პაციენტის ფურცელ-დანართს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს „ავერსი–რაციონალი“
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
მწარმოებელი:
Fortex Nutraceuticals Ltd.
10 Prohladen kat Str.
1362 Sofia, Bulgaria










