სერტრალინი ჯენერისი 50მგ #56ტ
გააზიარე:
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სერტრალინი ჯენერისი 50მგ შემოგარსული ტაბლეტები
სერტრალინი ჯენერისი 100მგ შემოგარსული ტაბლეტები
სერტრალინი, ჰიდროქლორიდი
ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვის ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ შეფუთვის ჩანართში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი?
- რა არის სერტრალინი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ სერტრალინი ჯენერისის მიღებამდე
- სერტრალინი ჯენერისის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- სერტრალინი ჯენერისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის სერტრალინი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
სერტრალინი ჯენერისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI). ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სერტრალინი ჯენერისი შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგის სამკურნალოდ:
- დეპრესია და დეპრესიის რეციდივის პრევენცია (მოზრდილებში).
- სოციალური შფოთვითი აშლილობა (მოზრდილებში).
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) (მოზრდილებში).
- პანიკური აშლილობა (მოზრდილებში).
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) (ზრდასრულებში, ბავშვებსა და მოზარდებში 6-17 წლის).
დეპრესია არის კლინიკური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სევდის შეგრძნება, სწორად ძილის ან ცხოვრებით ტკბობის შეუძლებლობა.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პანიკური აშლილობა შფოთვასთან დაკავშირებული დაავადებებია, რომელთა სიმპტომებია მუდმივი შეწუხების შეგრძნება აკვიატებული აზრებით (ობსესიებით), რაც გიბიძგებთ განმეორებითი რიტუალების (კომპულსიების) შესრულებას.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან ტრავმული ემოციური გამოცდილების შემდეგ და აქვს დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი სიმპტომები. სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) არის შფოთვასთან დაკავშირებული დაავადება. იგი ხასიათდება ინტენსიური შფოთვის ან ნერვიულობის განცდით სოციალურ სიტუაციებში (მაგ., უცნობებთან საუბარი, ადამიანთა ჯგუფების წინაშე საუბარი, სხვების წინაშე ჭამა ან სმა, ან უხერხულად მოქცევის შიში).
თქვენმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს წამალი შესაფერისია თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ.
მიმართეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ რატომ დაგინიშნათ სერტრალინი ჯენერისი.
2. რა უნდა იცოდეთ სერტრალინი ჯენერისის მიღებამდე
არ მიიღოთ სერტრალინი ჯენერისი
- თუ გაქვთ ალერგია სერტრალინზე ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნტქტში).
- თუ იღებთ ან იღებდით მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOIs, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მსგავს მედიკამენტებს (მაგალითად, ლინეზოლიდი). თუ შეწყვეტთ სერტრალინით მკურნალობას, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოიცადოთ მინიმუმ ერთი კვირა. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოიცადოთ მინიმუმ 2 კვირა.
- თუ იღებთ სხვა პრეპარატს, სახელწოდებით პიმოზიდი (ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა ფსიქოზი, სამკურნალო საშუალება).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სერტრალინი ჯენერისის მიღებამდე გაესაეუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტები ყოველთვის არ არის შესაფერისი ყველასთვის. სერტრალინი ჯენერისის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ ან წარსულში თუ გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე:
- თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები) ან ეპილეფსიური კრუნჩხვების ისტორია. თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვები (კრუნჩხვები), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
- თუ გაწუხებდათ მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
- თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ სუიციდალური ან თვითდაზიანების შესახებ აზრები (იხილეთ “სუიციდალური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება“ ქვემოთ).
- თუ გაქვთ სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს გარკვეული მედიკამენტების სერტრალინთან ერთად მიღებისას. (სიმპტომებისთვის იხილეთ მე-4 პუნქტი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). ექიმმა უნდა გაცნობოთ, თუ წარსულში გქონიათ ეს მდგომარეობა.
- თუ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე გაქვთ, რაც შეიძლება სერტრალინი ჯენერისით მკურნალობის შედეგი იყოს. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ჰიპერტენზიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს, რადგან ამ მედიკამენტებს ასევე შეუძლიათ სისხლში ნატრიუმის დონის შეცვლა.
- თუ ხანდაზმული ხართ, შესაძლოა გქონდეთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის მომატებული რისკი (იხილეთ ზემოთ).
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სერტრალინი ჯენერისის უფრო დაბალი დოზა უნდა მიიღოთ.
- თუ გაქვთ დიაბეტი, თქვენი გლუკოზის დონე შეიძლება შეიცვალოს სერტრალინი ჯენერისის გამო და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს შეიძლება დასჭირდეთ დოზის კორექცია.
- თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება) ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა“) ან თუ იღებთ სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელ მედიკამენტებს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ვარფარინი) ან რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის დაკარგვის (სისხლდენის) რისკი.
- თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის ბავშვი ან მოზარდი. სერტრალინი ჯენერისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 6-17 წლის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, რომლებიც განიცდიან ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას (OCD). თუ თქვენ მკურნალობთ ამ აშლილობისთვის, თქვენი ექიმი მოისურვებს თქვენს მკაცრ მონიტორინგს (იხილეთ „ბავშვები და მოზარდები“ ქვემოთ).
- თუ თქვენ იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT).
- თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული ტიპები (თვალში წნევის მომატება).
- თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულზე დარღვევა, რომელიც ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) შემდეგ გამოვლინდა, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გახანგრძლივება.
- თუ გაქვთ გულის დაავადება, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე, QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ისტორია, გულისცემის დაბალი სიხშირე და ერთდროულად იღებთ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ მედიკამენტებს.
- თუ იღებთ ბუპრენორფინის შემცველ მედიკამენტებს. ამ მედიკამენტების სერტრალინი ჯენერისთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად ფატალური მდგომარეობა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და სერტრალინი ჯენერისი“).
აკათიზია/მოუსვენრობა დაკავშირებულია შემაწუხებელ არასტაბილურობასთან და აგზნების მოთხოვნილებასთან, რასაც თან ახლავს ერთ ადგილზე ჯდომის შეუძლებლობა (აკათიზია). ეს, სავარაუდოდ, მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში გამოვლინდება. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომ თუ ეს სიმპტომები განვითარდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოხსნის რეაქციები :
მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მოხსნის სინდრომის რეაქციები) ხშირია, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მკვეთრად შეწყდება (იხილეთ მე-3 პუნქტი „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ჯენერისის მიღებას“ და მე-4 პუნქტი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). მოხსნის სინდრომის რეაქციების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიჩქარეზე. როგორც წესი, ასეთი სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმისაა, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება იყოს მძიმე. ისინი, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ვლინდება. ზოგადად, ასეთი სიმპტომები 2 კვირაში ქრება. ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და ყოველთვის უნდა განიხილოთ მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო გზა ექიმთან.
სუიციდალური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.
შესაძლოა, ამ ტიპის აზრებისადმი უფრო მიდრეკილი იყოთ შემდეგ სიტუაციებში:
- თუ გაქვთ სუიციდალური ან თვითდაზიანების შესახებ აზრების ისტორია.
- თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებმა გამოავლინა სუიციდური ქცევის უფრო მაღალი რისკი 25 წლამდე ასაკის ზრდასრულებში, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული პრობლემები და მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
თუ ოდესმე გაგიჩნდებათ თვითდაზიანების შესახებ ან სუიციდალური აზრები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ საავადმყოფოს.
შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო იყოს თუ ახლობელს ან ოჯახის წევრს ეტყვით, რომ დეპრესიაში ხართ ან შფოთვითი აშლილობა გაქვთ და ამ შეფუთვის ჩანართს წასაკითხად მისცემთ. ასევე, შეგიძლიათ სთხოვოთ, შეგატყობინონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან თუ შეშფოთებულნი იქნებიან თქვენი ქცევის ცვლილებებით.
სექსუალური პრობლემები
ე.წ. SSRI-ებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.ე.წ. SSRI-ებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
ბავშვები და მოზარდები
სერტრალინი, როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) მქონე პაციენტების შემთხვევისა. ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, თვითდაზიანებისა და სუიციდის შესახებ აზრები (სუიციდალური იდეები) და მტრული განწყობა (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სერტრალინი ჯენერისი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია. თუ თქვებნა ექიმმა დაგინიშნათ სერტრალინი ჯენერისი და თქვენ 18 წლამდე ასაკის ხართ და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, კვლავ დაუკავშირდეთ მას. გარდა ამისა, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ სერტრალინი ჯენერისის მიღების დროს განვითარდება ან გაუარესდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. სერტრალინი ჯენერისის გრძელვადიანი უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, სწავლის (შემეცნების) და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით შეფასდა გრძელვადიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 900-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ. საერთო ჯამში, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სერტრალინით ნამკურნალები ბავშვები ნორმალურად განვითარდნენ, გარდა წონის უმნიშვნელო მატებისა იმ ბავშვებში, რომლებიც უფრო მაღალი დოზით მკურნალობდნენ.
სხვა მედიკამენტები და სერტრალინი ჯენერისი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სერტრალინი ჯენერისის მოქმედებაზე, ან სერტრალინი ჯენერისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთდროულად მიღებული სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე.
სერტრალინი ჯენერისის შემდეგ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- მედიკამენტები, რომლებსაც მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI) ეწოდება, როგორიცაა მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალოდ), სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (სისხლში მეთემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ). არ გამოიყენოთ სერტრალინი ჯენერისი ამ მედიკამენტებთან ერთად.
- ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ფსიქოზი (პიმოზიდი). არ გამოიყენოთ სერტრალინი ჯენერისი პიმოზიდთან ერთად.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
- ამფეტამინების შემცველი მედიკამენტები [გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალოდ].
- კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი სამედიცინო პროდუქტები. კრაზანას (Hypericum perforatum) ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 კვირის განმავლობაში.
- ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი პროდუქტები.
- ძლიერი ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (ოპიოიდები, მაგ. ტრამადოლი, ფენტანილი).
- ანესთეზიაში გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ფენტანილი, მივაკურიუმი, სუქსამეთონიუმი).
- შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. სუმატრიპტანი).
- სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი მედიკამენტები (ვარფარინი).
- ტკივილის/ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები [მაგ. მეტამიზოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), როგორიცაა იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა].
- ტკივილისა და ცხელების სამკურნალო მედიკამენტები (მეტამიზოლი).
- სედატიური საშუალებები (დიაზეპამი).
- შარდმდენები.
- ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი).
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ტოლბუტამიდი).
- მომატებული კუჭის მჟავიანობის, წყლულისა და გულძმარვის სამკურნალო პრეპარატები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი).
- მანიისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ლითიუმი).
- დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი).
- შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი).
- მაღალი არტერიული წნევის, გულმკერდის ტკივილის სამკურნალო პრეპარატები ან გულისცემის სიხშირისა და რიტმის მარეგულირებელი პრეპარატები (მაგალითად, ვერაპამილი, დილტიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი).
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, ერითრომიცინი).
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი).
- აივ/შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები (პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი).
- ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტები (აპრეპიტანტი).
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკს (მაგალითად, ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და ანტიბიოტიკი).
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს სერტრალინი ჯენერისის გვერდითი მოვლენები და ზოგჯერ გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რეაქციები. სერტრალინი ჯენერისის მიღების დროს არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით:
- მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ბუპრენორფინს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება ურთიერთქმედება მოახდინონ სერტრალინი ჯენერისისთან და შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უნებლიე რიტმული კუნთების შეკუმშვა, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, გადაჭარბებული რეფლექსები, კუნთების დაძაბულობის მომატება, სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი. მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები.
სერტრალინი ჯენერისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სერტრალინი ჯენერისის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სერტრალინ ჯენერისის მიღების დროს თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლს.
სერტრალინი არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან მას შეუძლია გაზარდოს სერტრალინის დონე თქვენს ორგანიზმში.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სერტრალინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. სერტრალინს ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებთ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება განვითარებადი ნაყოფისთვის შესაძლო რისკებს.
თუ სერტრალინ ჯენერისს ორსულობის ბოლოსთან ახლოს მიიღებთ, შესაძლოა, მშობიარობის შემდეგ მალევე გქონდეთ ძლიერი ვაგინალური სისხლდენის მომატებული რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია.
თქვენმა ექიმმა ან დედათა და სამეანო ჯანმრთელობის სპეციალისტმა ექთანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ სერტრალინ ჯენერისს, რათა შეძლონ თქვენთვის კონსულტაციის გაწევა. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვეში, ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინ ჯენერისი, შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომლის სახელია ახალშობილთა პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზია (PPHN), რაც იწვევს ბავშვის აჩქარებულ სუნთქვას და მოლურჯო ელფერს. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს პატარას დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან ექთნებს.
თქვენს ახალშობილს შეიძლება ასევე ჰქონდეს სხვა მდგომარეობები, რომლებიც, როგორც წესი, იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:
- სუნთქვის გაძნელება,
- მოლურჯო კანი ან იყოს ძალიან ცხელი ან ცივი,
- მოლურჯო ტუჩები,
- ღებინება ან არასწორი კვება,
- იყოს ძალიან დაღლილი, ვერ იძინებდეს ან ბევრს ტიროდეს,
- კუნთების შებოჭილობა ან მოქნილობა,
- კანკალ, ნერვიულობა ან კრუნჩხვები,
- რეფლექსური რეაქციების მომატება,
- გაღიზიანება,
- სისხლში შაქრის დაბალი დონე
თუ თქვენს პატარას დაბადებისას აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, ან თუ შეშფოთებული ხართ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის გამო, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რათა მან გაგიწიოთ კონსულტაცია.
არსებობს მტკიცებულება, რომ სერტრალინი გადადის დედის რძეში. მეძუძურმა ქალებმა სერტრალინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკებს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ დღემდე არ დაფიქსირებულა გავლენა ადამიანის ფერტილობაზე.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენს უნარზე შეასრულოთ ეს საქმიანობა.
სერტრალინი ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო შემოგარსულ ტაბლეტში, ანუ ეს ნიშნავს, რომ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
3. სერტრალინი ჯენერისის მიღების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა არის:
ზრდასრულები:
დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:
50 მგ/დღეში დოზა, როგორც წესი, ეფექტურია დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, სულ მცირე ერთი კვირიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:
პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს, მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ/დღეში დოზით და გაიზარდოს 50 მგ/დღემდე ერთი კვირის შემდეგ.
დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
სერტრალინი ჯენერისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 6-17 წლის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ/დღეში.
ერთი კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 50 მგ/დღემდე. მაქსიმალური დოზაა 200 მგ/დღეში.
13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ/დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ/დღეში.
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, აცნობეთ თქვენს ექიმს და მიჰყევით მის რჩევებს.
მიღების წესი:
სერტრალინი ჯენერისის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მიიღეთ პრეპარატი დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.
თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ხასიათზე და მკურნალობისადმი თქვენს რეაქციაზე. სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. როგორც წესი, დეპრესიის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებიდან 6 თვის განმავლობაში
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სერტრალინი ჯენერისი
თუ შემთხვევით მიიღეთ სერტრალინი ჯენერისის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დარჩენილი პრეპარატი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას, გულისცემის აჩქარებას, ტრემორს, აგზნებადობას, თავბრუსხვევას და იშვიათ შემთხვევებში, გონების დაკარგვას.
თუ დაგავიწყდათ სერტრალინი ჯენერისის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულ დროს.
თუ შეწყვიტეთ სერტრალინი ჯენერისის მიღება
არ შეწყვიტოთ სერტრალინი ჯენერისის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. ექიმს ენდომება შეამციროს სერტრალინი ჯენერისის დოზა რამდენიმე კვირის განმავლობაში მანამ, სანამ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას. თუ მკვეთრად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, შეიძლება განიცადოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ტრემორი. თუ სერტრალინი ჯენერისის მიღების შეწყვეტის დროს შენიშნავთ რომელიმე ამ ან სხვა გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა გულისრევა. გვერდითი მოვლენები დოზადამოკიდებულია და, როგორც წესი, ქრება ან მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე.
- თუ განგივითარდებათ კანის მძიმე რეაქცია, რომელიც იწვევს ბუშტუკების წარმოქმნას (მულტიფორმული ერითემა) (ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პირის ღრუსა და ენაზე). ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) ნიშნები. ამ შემთხვევებში ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.
- ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გამონაყარი ქავილით, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება.
- თუ განიცდით აგზნებას, დაბნეულობას, დიარეას, მაღალ ტემპერატურას და არტერიულ წნევას, ჭარბ ოფლიანობას და გულისცემის აჩქარებას. ეს არის სეროტონინის სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს გარკვეული მედიკამენტების სერტრალინთან ერთად მიღებისას. ექიმმა შეიძლება მოისურვოს მკურნალობის შეწყვეტა
- თუ გაგიჩნდათ თვალებისა და კანის სიყვითლე, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანებას ნიშნავდეს.
- თუ გაგიჩნდათ დეპრესიული სიმპტომები თვითდაზიანების ან სუიციდალურ ფიქრებთან ერთად (თვითმკვლელობის აზრები).
- თუ სერტრალინ ჯენერისის მიღების შემდეგ დაგეწყოთ მოუსვენრობა და ვერ ჯდებით ან ვერ ჩერდებით უძრავად. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ დაგეწყებათ მოუსვენრობა.
- თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვა (კრუნჩხვა).
- თუ გაქვთ მანიის ეპიზოდი (იხილეთ მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში და პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ პერიოდში.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
- უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის უკმარისობა, დაღლილობა.
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)
- ბრონქიტი, ყელის ტკივილი, სურდო.
- მადის დაქვეითება, მადის მომატება.
- შფოთვა, დეპრესია, აგზნებადობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, ნერვიულობა, უცნაური შეგრძნება, კოშმარები, კბილების კრაჭუნი.
- ტრემორი, კუნთების მოძრაობის პრობლემები (როგორიცაა ზედმეტი მოძრაობა, კუნთების დაჭიმულობა, სიარულის გაძნელება და შებოჭილობა, სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაობა)*, დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების დაჭიმულობა, ყურადღების ნაკლებობა, გემოს შეცვლა.
- მხედველობის დარღვევები.
- ყურებში შუილი.
- პალპიტაციები.
- ალები.
- მთქნარება.
- კუჭის დისკომფორტი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გაზები.
- გაძლიერებული ოფლიანობა, კანზე გამონაყარი.
- წელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია.
- ზოგადი სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, ცხელება.
- წონის მატება.
- დაზიანება.
ნაკლებად გავრცელებული (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს)
- გასტროენტერიტი, ყურის ინფექცია.
- სიმსივნე.
- ჰიპერსენსიტიურობა, სეზონური ალერგია.
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე.
- სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევები,* ფსიქოზური აშლილობა, პათოლოგიური აზრები, ყურადღების ნაკლებობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ეიფორიული განწყობა, პარანოია.
- ამნეზია, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გულის წასვლა, ზედმეტი მოძრაობები, შაკიკი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ადგომისას, კოორდინაციის შეცვლა, მეტყველების დარღვევა.
- გაფართოებული გუგები.
- გახშირებული გულისცემა, გულის პრობლემები.
- ტკივილი ყურში
- სისხლდენის პრობლემები (მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა)*, მაღალი არტერიული წნევა, წამოხურება, სისხლი შარდში.
- ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხიხინი.
- კუპრისფერი განავალი, კბილების პრობლემები, საყლაპავის ანთება, ენის პრობლემები, ბუასილი, გაზრდილი სალივაცია, ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ცვლილებები ენაზე.
- თვალების შეშუპება, გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), თმის ცვენა, ქავილი, კანზე მეწამული ლაქები, კანზე ბუშტუკები, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ცივი ოფლი.
- ოსტეოართრიტი, კუნთების სპაზმები, კუნთების კრუნჩხვები*, კუნთების სისუსტე.
- შარდვის რაოდენობის გახშირება, შარდვის გაძნელება, შარდვის შეუკავებლობა, შარდვის გახშირება, ღამით შარდვის მოთხოვნილება.
- სექსუალური დისფუნქცია, ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, ვაგინალური სისხლდენა, ქალის სექსუალური დისფუნქცია.
- ფეხების შეშუპება, შემცივნება, სიარულის გაძნელება, წყურვილი.
- ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, წონაში კლება.
სერტრალინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე დაფიქსირდა სუიციდალური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი 2).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს)
- დივერტიკულიტი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, სისხლის შემადედებელი უჯრედების რაოდენობის შემცირება*, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება*.
- მძიმე ალერგიული რეაქცია.
- ენდოკრინული პრობლემები*.
- მაღალი ქოლესტერინი, სისხლში შაქრის დონის კონტროლის პრობლემები (დიაბეტი), სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში შაქრის მაღალი დონე*, სისხლში მარილის დაბალი დონე*.
- ფიზიკური სიმპტომები, გამოწვეული სტრესით ან ემოციებით, საშიში პათოლოგიური სიზმრები*, დამოკიდებულება მედიკამენტებზე, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია.
- კომა, მოძრაობის შეცვლა, მოძრაობის გაძნელება, მგრძნობელობის მომატება, უეცარი ძლიერი თავის ტკივილი [რაც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (CVR)]*, სენსორული დარღვევები.
- ლაქები თვალების წინ, გლაუკომა, გაორებული მხედველობა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სისხლი თვალში, სხვადასხვა ზომის გუგები*, მხედველობის დარღვევა*, ცრემლდენა.
- გულის შეტევა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს ელექტრული აქტივობის ცვლილებების (ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს) ნიშანი ან გულის რიტმის დარღვევა*, ნელი გულისცემა.
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში
- გახშირებული სუნთქვა, ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი დანაწიბურება (ინტერსტიციული ფილტვის დაავადება)*, შებოჭილობა ყელში, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის შენელება, სლოკინი.
- წყლულები პირის ღრუში, პანკრეატიტი*, სისხლიანი განავალი, წყლულები ენაზე, პირის ღრუს დაზიანებები.
- ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, ღვიძლის ფუნქციის მძიმე პრობლემები*, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)*.
- კანის რეაქცია მზეზე*, კანის ედემა*, თმის ტექსტურის შეცვლა, კანის სუნის შეცვლა, ფოლიკულური (თმის) გამონაყარი.
- კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება*, ძვლების პრობლემები.
- შარდის გამოყოფის დაწყების გაძნელება, შარდვის შემცირება.
- გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, ვაგინალური სიმშრალე, სასქესო ორგანოებიდან გამონადენი, პენისის და ჩუჩის შეშუპება და სიწითლე, სარძევე ჯირკვლის გადიდება*, ერექციის გახანგრძლივება.
- თიაქარი, წამლისადმი ტოლერანტობის დაქვეითება.
- სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური ცვლილებები*, პათოლოგიური სპერმა, სისხლის შედედების პრობლემები*.
- სისხლძარღვების რელაქსაციის პროცედურა.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- ყბების მუდმივი შეკუმშვა*.
- ღამით შარდის შეუკავებლობა*.
- მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა.
- ყბის ჩაკეტვა*.
- მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)*
- მშობიარობის შემდეგ მალევე განვითარებული უხვი ვაგინალური სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 პუნქტში „ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა“*.
- კუნთების სისუსტე და კუნთების ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება იყოს მრავლობითი აცილ-კოენზიმ A დეჰიდროგენაზას ("MADD") დეფიციტის მსგავსი დაავადების ნიშანი*.
*პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები ზოგადად მსგავსი იყო მოზრდილებში არსებულისა (იხილეთ ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტისას:
თუ მკვეთრად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, შეიძლება განიცადოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ტრემორი (იხილეთ მე-3 პუნქტი „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ჯენერისის მიღებას“).
ამ ტიპის მედიკამენტის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ძვლების მოტეხილობების გაზრდილი რისკი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ შეფუთვის ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტოს მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი საკონტაქტოს მეშვეობით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ. ფოსტა: [email protected]
5. სერტრალინი ჯენერისის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე, EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს იმ თვის ბოლო დღეზე.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ზომებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაფუჭების თვალსაჩინო ნიშნებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სერტრალინი ჯენერისი
- აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი.
თითოეული სერტრალინ ჯენერისი 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სერტრალინს (სერტრალინის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული სერტრალინ ჯენერისი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სერტრალინს (სერტრალინის ჰიდროქლორიდის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია:
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 და ტიტანის დიოქსიდი (E171).
როგორ გამოიყურება სერტრალინი ჯენერისი და შეფუთვის შიგთავსი
შემოგარსული ტაბლეტი.
სერტრალინი ჯენერისი 50 მგ
შემოგარსული, ორმხრივად ამოზნექილი, თეთრი კაფსულის ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული 'A'-თი და მეორე მხარეს ღარით '8'-სა და '1'-ს შორის.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
სერტრალინი ჯენერისი 100 მგ
შემოგარსული, ორმხრივად ამოზნექილი, თეთრი კაფსულის ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული 'A'-თი და მეორე მხარეს '82'-ით.
სერტრალინი ჯენერისი 50 მგ
შეფუთვის ზომები: 14 და 56 შემოგარსული ტაბლეტი
სერტრალინი ჯენერისი 100 მგ
შეფუთვის ზომები: 56 შემოგარსული ტაბლეტი
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Generis Farmacêutica, S.A.
Rua João de Deus, 19
2700-487 ამადორა,
პორტუგალია
მწარმოებელი
APL Swift Services (Malta) Limited
HF26, ჰალ ფარის ინდუსტრიული ზონა, ჰალ ფარი,
ბირზებუჯა, BBG 3000
მალტა
Generis Farmacêutica, S.A.
Rua João de Deus, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
ამ შეფუთვის ჩანართის ბოლოს გადახედვის თარიღი:










