სოლუფლოქსი 500მგ #7ტ

სოლუფლოქსი 500მგ #7ტ

26.40 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი ა.შ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 165594
გააზიარე:

ინსტრუქცია

გაფრთხილება: სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (ძვლებისა და კუნთების დამაკავშირებელი ქსოვილების ანთება ან გაგლეჯა), პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვების დაზიანება რაიმე მიზეზით - მგრძნობელობის დაკარგვა), ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და მიასთენია გრავისის (კუნთების სისუსტის ფორმა) გამწვავება.

  • · ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის ლევოფლოქსაცინმა, სოლუფლოქსის აქტიურმა ნივთიერებამ, შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი რეაქციები და დამაინვალიდებელი მდგომარეობები:

- მყესის ანთება (ტენდინიტი; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სახსრების ძლიერ ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს) და მყესის რუპტურა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების ძლიერ ტკივილს, უეცარ და სწრაფ სისხლჩაქცევას, სისუსტეს, გადაადგილების უუნარობას)

- პერიფერიული ნერვების დაზიანება რაიმე მიზეზით - მგრძნობელობის დაკარგვა (პერიფერიული ნეიროპათია; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნერვის ტკივილს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას და ჩხვლეტის შეგრძნებას, კუნთების სისუსტეს, ხელების კანკალს)

- ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს (პაციენტი ხედავს და ისმენს ისეთ რამეს, რაც მის გონების გარეთ არ არსებობს), შფოთვით რეაქციებს, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს ან ქცევას, უძილობას, ძლიერ თავის ტკივილსა და კონფუზიას).

აღნიშნული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სოლუფლოქსის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

  • · ფტორქინოლონებმა, მათ შორის სოლუფლოქსმა, შეიძლება გაამწვავოს კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს) დაავადებულ პაციენტებში. სოლუფლოქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუნთების სისუსტის რაიმე ფორმა. სოლუფლოქსის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
  • · ვინაიდან, ცნობილია, რომ ფტორქინოლონები, მათ შორის სოლუფლოქსი, იწვევს სერიოზულ გვერდით რეაქციებს, შემდეგი ჩვენებების დროს მათი გამოყენება შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში.

- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ახალი განვითარებული სინუსების ანთება), საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია), ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება (ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების ხელახალი გამწვავება).

სოლუფლოქსი /Soluflox / 500მგ შემოგარსული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 512,46მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი, რაც 500მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურია.

შემავსებლები: Avicel pH 102, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, დისტილირებული წყალი, ნატრიუმის ოქტადეცენილ წყალბადის ფუმარატი, Opadry pink (გარსი).

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • · დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.
  • · საავადმყოფოში მისვლისას აცნობეთ ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იღებთ.
  • · დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე დიდი ან პატარა დოზები.

შინაარსი:

1. რა არის სოლუფლოქსი და რა დროს გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ სოლუფლოქსის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ სოლუფლოქსი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. როგორ შევინახოთ სოლუფლოქსი

1. რა არის სოლუფლოქსი და რა დროს გამოიყენება

  • · სოლუფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. შეფუთვაში შედის 7 შემოგარსული ტაბლეტი, თითოეული შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს. გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასაყოფად.
  • · მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით „ფტორქინოლონები“. აფერხებს ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას და ხელს უწყობს მათ განადგურებას.
  • · სოლუფლოქსი გამოიყენება აქტიური ნივთიერების, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
  • · სოლუფლოქსი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
  • · სოლუფლოქსი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

- სინუსიტი;

- პულმონალური ინფექციები, პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემები და პნევმონია;

- საშარდე გზების, მათ შორის შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექციები;

- პროსტატის ჯირკვლის ინფექცია, ხანგრძლივი მიმდინარეობის;

- კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების (ხშირად უწოდებენ რბილ ქსოვილებს) ინფექციები.

ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სოლუფლოქსის ტაბლეტები გამოიყენება პულმონალური დაავადების, ანთრაქსის განვითარების რისკების შემცირების ან დაავადების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

2. რა უნდა იცოდეთ სოლუფლოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ სოლუფლოქსი იმ შემთხვევაში, თუ:

  • · ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
  • · გადატანილი გაქვთ ეპილეფსია.
  • · გქონიათ ოდესმე მყესებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტენდონიტი (მყესი არის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კუნთს აკავშირებს ძვალთან), რომელიც დაკავშირებულია ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან;
  • · ხართ ბავშვი ან მოზარდი;
  • · ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას;
  • · ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

არ მიიღოთ აღნიშნული მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში სოლუფლოქსის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სოლუფლოქსინის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ:

  • · ხართ 60 წლის ან უფროსი ასაკის;
  • · იღებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სტეროიდები (იხილეთ პუნქტი „სოლუფლოქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
  • · გადატანილი გაქვთ კრუნჩხვა/ეპილეპტიური შეტევა;
  • · მიღებული გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან სხვა ქალა-ტვინის ტრავმის გამო.
  • · აღგენიშნებათ თირკმლის პრობლემები;
  • · გაქვთ გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღებისას, თქვენ შეგექმნებათ სისხლთან დაკავშირებული პრობლემები;
  • · გქონიათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • · გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები: აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, თუ თქვენ პირადად გაქვთ ან ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ თანდაყოლილი QT ინტერვალის გახანგრძლივება (რაც ვლინდება ეკგ-ზე, გულის ელექტროკარდიოგრამა), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის განსაკუთრებით დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ გულის სისუსტე (გულის უკმარისობა), ანამნეზში აღგენიშნებათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ან იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევს ცვლილებებს ეკგ-ზე, ან იღებთ K ვიტამინის ანტაგონისტს (როგორიცაა ვარფარინი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოაგულაციის ტესტებში მაჩვენებლების ზრდა და/ან სისხლდენა (იხილეთ პუნქტი „სოლუფლოქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
  • · გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
  • · აღგენიშნებათ მიასთენია გრავისი;
  • · თქვენი დიაგნოზია დიდი სისხლძარღვის გაფართოება (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა);
  • · გადატანილი გაქვთ აორტის დისექცია (აორტის კედლის აშრევება);
  • · გაქვთ გულის სარქვლის რეგურგიტაცია;
  • · ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ აორტის ანევრიზმა ან აორტის დისექცია ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი ფაქტორები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება] ან ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ათეროსკლეროზი ან რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება], ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]);
  • · გაქვთ დიაბეტი;
  • · მუცლის ღრუში, მკერდში ან ზურგში უეცარი ძლიერი ტკივილის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის (აორტის გაგანიერება ან შეშუპება ან რუპტურა) სიმპტომი, დაუყონებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში.
  • · თუ დაგეწყოთ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ფეხების ან მუცლის შეშუპებას, ან აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები (აჩქარებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ქინოლონის ან ფტორქინოლონების მიღებისას წარსულში რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, არ მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების კლასის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის სოლუფლოქსი. ამ შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სახსხრების ტკივილი და შეშუპება ან მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ ხართ ხანში შესული (60 წელზე უფროსი ასაკი), ჩატარებული გაქვთ ორგანოების გადანერგვა, აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და სოლუფლოქსით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. მყესის (მაგ.: კოჭ-წვივის სახსარი, მაჯა, იდაყვი, მხარი ან მუხლი) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ სოლუფლოქსის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.

სოლუფლოქსის მიღებისას მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, და არ გამოიყენოთ მზის სანათები ან სოლარიუმი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სოლუქლოქსის მიღების დაწყებამდე დაუკავშირდით ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და/ან სისუტის შეგრძნება განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში. აღნიშნულ შემთხვევაში, შეწყვიტეთ სოლუფლოქსით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

ლევოფლოქსაცინის მიღებისას გამოვლინდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

  • · სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (SJS/TEN) განვითარების შემთხვევაში თავდაპირველად ჩნდება წითელი ლაქები ან წრიული ლაქები, ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების (წითელი და შეშუპებული თვალები) არეში. აღნიშნულ კანის სერიოზულ რეაქციებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და / ან გრიპისმაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს კანის ფართო უბნების აქერცვლა, სიცოცხლისთვის საშიში გართულება ან ლეტალური შედეგი.
  • · DRESS-ის შემთხვევაში ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, რომელიც ვრცელდება სხეულზე და ახლავს მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძები.

კანის სერიოზული რეაქციების ან აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სოლუფლოქსით მკურნალობა და დაუკავშირდით ექიმს.

ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებს, მათ შორის სოლუფლოქსს, ახლავს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები, ზოგი მათგანი ხანგრძლივი მიმდინარეობისაა (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პოტენციურად შეუქცევადი ან იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. აღნიშნული გულისხმობს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთისა და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას, დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს.

სოლუფლოქსის მიღების შემდეგ რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ, დაუკავშირდით ექიმს.

სოლუფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

სოლუფლოქსის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს საკვები. ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ სოლუფლოქსი, თუ ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

თუ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ სოლუფლოქსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა

სოლუფლოქსის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან მხედველობის დარღვევები. ზოგიერთმა აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს კონცენტრირებისა და რეაგირების უნარზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოერიდეთ ავტომანქანების მართვას და ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლუფლოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მის შეამდგენლობაში არ შედის ისეთი დამხმარე ნივთიერებები, რომელთა შესახებაც გაფრთხილებაა საჭირო.

სოლუფლოქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ვინაიდან ამ მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედოს სოლუფლოქსის ეფექტზე ან პირიქით .

აცნობეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ მედიკამენტს, რადგანაც სოლუფლოქსის მიღებისას აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:

- კორტიკოსტეროიდები, ასევე ცნობილი როგორც სტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ: შეიძლება განვითარდეს მყესის ანთება და/ან რუპტურა.

- K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად: შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება სისხლის შედედების განსაზღვრის მიზნით.

- თეოფილინი, რომელიც გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს: სოლუფლოქსთან ერთად მიღებისას შეიძლება განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვები).

- არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა: ფენბუფენი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ასპირინი და ინდომეტაცინი. სოლუფლოქსთან ერთად მიღებისას შეიძლება განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვები).

- ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ: შეიძლება განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.

- პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს გულის რიტმზე: ანტიარითმიული ჯგუფის პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ანტიფსიქოზური საშუალებები და ანტიმიკრობული საშუალებები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი ).

- პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ ან ციმეტიდინი, რომელიც გამოიყენება წყლულების და გულძმარვის სამკურნალოდ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სოლუფლოქსთან ერთად აღნიშნული მედიკამენტების გამოყენებისას. თუ გაწუხებთ თირკმლის პრობლემები, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას.

არ მიიღოთ სოლუფლოქსი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. სოლუფლოქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების მოქმედებაზე:

რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ; თუთიის შემცველი დანამატები; მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება მჟავიანობის ან გულძმარვის სამკურნალოდ; დიდანოზინი ან სულკრალფატი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტი 3).

შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც სოლუფლოქსთან ერთად იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს „ოპიატებს“. თუ მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი, უთხარით რომ იღებთ სოლუფლოქსის ტაბლეტებს.

სოლუფლოქსმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი ტუბერკულოზის ლაბორატორიული გამოკვლევების დროს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის იმ მედიკამენტებს, რომლებიც არ არის გამოწერილი მკურნალი ექიმის მიერ.

3. როგორ მივიღოთ სოლუფლოქსი

ინსტრუქცია, დოზები/მიღების სიხშირე:

ექიმი გეტყვით რა დოზით და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ მედიკამენტი. მკურნალობის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და მდებარეობაზე.

სოლუფლოქსის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:

ინფექციის ტიპი

სადღეღამისო დოზა

(ინფექციის სიმძიმის მიხედვით)

სინუსიტი

500 მგ დღეში ერთხელ

ფილტვის ინფექციები, პაციენტებში ხანგრძლივი სუნთქვითი პრობლემებით

500 მგ დღეში ერთხელ

პნევმონია

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების და შარდის ბუშტის ინფექციები

250 მგ ან 500 მგ დღეში ერთხელ

კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების ინფექციები

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

პროსტატის ჯირკვლის ინფექციები

500 მგ დღეში ერთხელ

ანთრაქსი (პოსტ-ექსპოზიციური)

500 მგ დღეში ერთხელ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

მიღების წესი

სოლუფლოქსის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით. შეგიძლიათ გაყოთ ტაბლეტი გამყოფ ხაზზე. ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის ნებისმიერ დროს.

თუ ღებულობთ რკინის შემცველ პრეპარატებს, თუთიის შემცველ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს, არ მიიღოთ სოლუფლოქსთან ერთად. აღნიშნულ მედიკამენტებსა და სოლუფლოქსის მიღებებს შორის დაცული უნდა იყოს სულ მცირე 2- საათიანი ინტერვალი.

მზისგან დაცვა

ამ მედიკამენტით მკურნალობისას ან მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. თქვენი კანი შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე მზის მიმართ, რაც იწვევს დამწვრობას, ან ბუშტუკებს. ამიტომ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF-ით. მზეზე გასვლისას ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც დაგიფარავთ ხელებსა და ფეხებს. ერიდეთ მზის აბაზანებს .

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

სოლუფლოქსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულები:

შესაძლოა საჭირო გახდეს სოლუფლოქსის დოზის შემცირება ხანდაზმულებში, თუ არსებობს თირკმლის პრობლემები.

განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია სოლუფლოქსის დოზის შემცირება და რეგულარული მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს სოლუფლოქსის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ექიმი გადაწყვეტს სოლუფლოქსით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ ფიქრობთ რომ სოლუფლოქსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი.

დოზის გადაჭარბება

დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ წამლის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტი გაქვთ მიღებული. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კრუნჩხვითი შეტევები, კონფუზია, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ტრემორი, გულის პრობლემები, არათანაბარი გულისცემა და გულისრევა ან კუჭის წვა.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო.

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სოლუფლოქსით მკურნალობის შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ სოლუფლოქსით მკურნალობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, შესაძლოა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტის მიმართ.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, სოლუფლოქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეა მისი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10- დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობი სიხშირის: ვერ დგინდება არსებული მონაცემებით.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სოლუფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

უცნობი სიხშირის

  • · ალერგიული რეაქცია: სიმპტომები: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები სერიოზული სიმძიმისაა.

რომელიმე სიმპტომის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სოლუფლოქსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

იშვიათი ( ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში)

  • · სისხლიანი დიარეა, რომელსაც შეიძლება ახლდეს სპაზმები და მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების სერიოზულ პრობლემებზე.
  • · მყესების ანთება და ტკივილი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა აქილევსის მყესი, ზოგიერთ შემთხვევაში მყესი შეიძლება გაწყდეს.
  • · კონვულსიები (კრუნჩხვები).

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

  • · წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. აღნიშნული შეიძლება იყოს ნეიროპათიის ნიშნები.

უცნობი სიხშირის

  • · სერიოზული გამონაყარი კანზე, მათ შორის ბუშტუკები და კანის აქერცვლა თვალების, ტუჩების, პირის ღრუს, ცხვირისა და სასქესო ორგანოების არეში.
  • · მადის დაკარგვა, კანისა და თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი, ქავილი, მუცლის ტკივილი. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე.

სოლუფლოქსის მიღებისას მხედველობის გაუარესების ან რაიმე სახის პრობლემის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

აღნიშნული ყველა გვერდითი მოვლენა სერიოზული სიმძიმისაა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს:

ხშირი

  • · ძილთან დაკავშირებული პრობლემები
  • · თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • · გულისრევა (ღებინება) და დიარეა
  • · სისხლში ზოგიერთი ღვიძლისმიერი ფერმენტის დონის მომატება

არახშირი

  • · სხვა ბაქტერიებისა და სოკოების რაოდენობის ცვლილებები, კანდიდა სოკოთი გამოწვეული ინფექციები, რაც საჭიროებს მკურნალობას.
  • · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზის შედეგებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია).
  • · აღზნებულობა, კონფუზია, ნერვოზულობა, ძილიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა (ვერტიგო).
  • · ქოშინი (დისპნოე).
  • · გემოს შეგრძნების დაქვეითება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები (დისპეპსია), ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა და შეკრულობა.
  • · ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი და ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
  • · კუნთების ან სახსრების ტკივილი.
  • · სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცვლილებები ღვიძლში (ბილირუბინის მომატება) ან თირკმლებში (კრეატინინის მომატება).
  • · სისუსტე

იშვიათი

  • · თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით გამოწვეული სისხლჩაქცევები და სისხლდენები (თრომბოციტოპენია).
  • · სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)
  • · მომატებული იმუნური რეაქციები
  • · სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია). ეს საყურადღებოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
  • · ჰალუცინაციები, პარანოია (პაციენტი ხედავს და ისმენს ისეთ რამეს, რაც მის გონების გარეთ არ არსებობს), აზრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები), სუიციდური აზრები ან ქმედებები.
  • · დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აჟიტაცია), ანომალიური სიზმრები ან კოშმარები.
  • · ფეხებსა და ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
  • · მხედველობისა (ბუნდოვანი მხედველობა) და სმენის (ხმაური ყურებში) პრობლემები;
  • · გულის ცემის გახშირება (ტაქიკარდია) ან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);
  • · კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება ) დაავადებული ადამიანებისათვის;
  • · კონვულსიები
  • · თირკმლების მუშაობის ცვლილება და ზოგიერთ შემთხვევებში თირკმლის უკმარისობა, რაც გამოწვეულია თირკმლის ალერგიული რეაქციით ე . წ . ინტერსტიციური ნეფრიტით.
  • · ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის დარღვევა ტვინში მდებარე ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვის შეუძლებლობის გამო (ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი).
  • · ცხელება

უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები

  • · ერითროციტების შემცირება (ანემია), აღნიშნული იწვევს კანის გაფერმკრთალებას ან გაყვითლებას, ერითროციტების დაზიანების გამო.
  • · სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
  • · ციებ - ცხელება, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, რაც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი).
  • · ანაფილაქსიური შოკი
  • · სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია) ან შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა (ჰიპოგლიკემიური კომა). აღნიშნული საყურადღებოა დიაბეტით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში.
  • · სუნის და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია).
  • · გადაადგილებისა და სიარულის გაძნელება (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები).
  • · მხედველობის დროებითი დაკარგვა
  • · სმენის დაქვეითება ან დაკარგვა
  • · აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რიტმის ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ეკგ - ზე, გულის ელექტროაქტივობა).
  • · სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი ).
  • · ფილტვის ალერგიული რექციები
  • · პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
  • · ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • · კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
  • · ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვთა ანთება (ვასკულიტი).
  • · პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი)
  • · კუნთების გაწყვეტა და დაზიანება (რაბდომიოლიზი)
  • · სახსრების შეშუპება და სიწითლე (ართრიტი).
  • · ტკივილი ზურგის, გულ - მკერდისა და ზედა და ქვედა კიდურების არეში.
  • · პორფირიის შეტევები (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე) პორფირიით დაავადებულ პაციენტებში.
  • · ქრონიკული თავის ტკივილი მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე (მსუბუქი ფორმის ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).
  • · გონების დროებითი დაკარგვა (სინკოპე).
  • · სერიოზული გამონაყარი კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ახასიათებს მოწითალო ბრტყელი ფორმის ლაქები ან წრიული ლაქები, ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით, კანის აქერცვლა, ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. ხშირ შემთხვევებში წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპისმაგვარი სიმპტომები.
  • · მადის დაკარგვა, კანისა და თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი, ქავილი, მუცლის ტკივილი. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე, მათ შორის ღვიძლის უკმარისობაზე ფატალური შედეგით.
  • · სისხლიანი დიარეა, რომელსაც შეიძლება ახლდეს სპაზმები და მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების სერიოზულ პრობლემებზე.
  • · მყესებისა და იოგების ანთება და ტკივილი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა აქილევსის მყესი.
  • · სუიციდური აზრებისა ან ქცევის რისკი.

გამოვლენილი ხანგრძლივი (თვეების და წლების განმავლობაში) ან მუდმივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა პათოლოგიური შეგრძნებები (ნეიროპათია), მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება, დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, აგრეთვე მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითება, დაკავშირებულია ფტორქინოლონის და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, წინმსწრები რისკ – ფაქტორების მიუხედავად.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონს/ქინოლონს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოების და აორტის კედლის შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია),ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაცია, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხილეთ პუნქტი 2).

აღნიშნული არის სოლუფლოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ სოლუფლოქსი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ სოლუფლოქსი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სოლუფლოქსი, თუ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: ATABAY KİMYA SAN. VE TİC. A. Ş.

Kadıköy/İSTANBUL/TURKEY

წარმოების ადგილი: ATABAY KİMYA SAN. VE TİC. A. Ş.

Kadıköy/İSTANBUL/TURKEY

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 19.08.2024წ.