მაგრომაგი 100მგ #20კაფს
გააზიარე:
მაგრომაგი 100 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულები
ნიტროფურანტოინი
ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი - ჩანართი , რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
– ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი - ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :
- რას წარმოადგენს მაგრომაგი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მაგრომაგის მიღებამდე
- როგორ მიიღება მაგრომაგიაქტიური
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება მაგრომაგი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. წარმოადგენს მაგრომაგი და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი მიეკუთვნება ნიტროფურანების ჯგუფს. მაგრომაგის მოქმედი ნივთიერება მოქმედებს საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმეტესობის განადგურებით.
ეს პრეპარატი გამოიყენება მწვავე (უეცრად დაწყებული) საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. საშარდე გზების ინფექცია საშარდე გზების ანთებაა და განსაკუთრებით ხშირია შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი).
ამ ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, როგორიცაა ტკივილი და წვა შარდვის დროს, ხშირად შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
2. რა უნდა იცოდეთ მაგრომაგის მიღებამდე
არ მიიღოთ მაგრომაგი:
- თუ გაქვთ ალერგია ნიტროფურანტოინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, რომელიც სერიოზულად მოქმედებს მათ ფუნქციონირებაზე (თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს);
- თუ გაქვთ პორფირია (სისხლში წითელი პიგმენტის შემცირებული წარმოქმნა);
- თუ გაქვთ G6PD-ის (გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას) დეფიციტი (ორგანიზმის გარკვეული ქიმიური ფერმენტის დეფიციტი, რომელმაც შეიძლება სწრაფად დააზიანოს თქვენი სისხლის წითელი უჯრედები);
- თუ ნიტროფურანტოინის ან სხვა ნიტროფურანების მიღებისას ადრე გქონიათ რეაქცია ფილტვების ან ღვიძლის მხრივ ან პერიფერიული ნეიროპათია (ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე კიდურებში);
- არ გამოიყენოთ მაგრომაგის პრეპარატი 3 თვემდე ასაკის ჩვილებში.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეში არ ხართ დარწმუნებული, აცნობეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მაგრომაგის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ აღგენიშნებათ დაღლილობა, კანის ან თვალების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი და ღია ან ნაცრისფერი განავალი მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები.
ხანგრძლივი მკურნალობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას. აღნიშნული საჭიროა ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროულად გამოსავლენად.
ზოგიერთ შავკანიან ადამიანს, ასევე ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის წარმოშობის ადამიანებს, მკურნალობის დროს შეიძლება განუვითარდეთ ანემია. თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ჯგუფს და მკურნალობის დროს აღგენიშნებათ დაღლილობა, თავბრუსხვევა და ქოშინი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის დროს ხელებში ან ფეხებში გრძნობთ ჩხვლეტას ან დაბუჟებას ან კიდურებში გრძნობთ სისუსტეს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია შემდეგით: თირკმელების არასათანადო ფუნქციონირებით, დიაბეტით ან ანემიით, დაავადებით, რომელიც იწვევს ძლიერ სისუსტეს ან თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქციები.
შესაძლოა განვითარდეს გართულებები ფილტვებში ან ღვიძლში: იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“. თუ გამოვლინება ასეთი გართულებები, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და მაგრომაგი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს მცენარეულ მედიკამენტებს და სხვა მედიკამენტებს, რომელთა ყიდვაც ურეცეპტოდ არის შესაძლებელი.
ზოგიერთ ამ მედიკამენტს შეუძლია მაგრომაგის ეფექტის შეცვლა.
- მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ ნიტროფურანტოინის შეწოვა.
- აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატს, როგორიცაა პრობენეციდი და სულფინპირაზონი. ზოგიერთ ამ მედიკამენტს შეუძლია შეამციროს მაგრომაგის ეფექტი.
- თუ დაგენიშნათ ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატსაც. ამ პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ორივეს ეფექტურობა.
- კარბონანჰიდრაზას ინჰიბიტორები (როგორიცაა: აცეტაზოლამიდი გლაუკომის სამკურნალოდ).
- პერორალურმა ტიფის ვაქცინამ შეიძლება არ იმოქმედოს ამ პრეპარატის მიღებისას. განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.
- მედიკამენტები, რომლებიც ანელებენ საკვების კუჭში გავლას (მაგალითად, ატროპინი, ჰიოსცინი).
- მედიკამენტები, რომლებიც შარდს ნაკლებად მჟავიანს ხდის (მაგალითად, კალიუმის ციტრატის ნარევი).
- ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს შარდში გლუკოზის ანალიზზე.
თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ამ პრეპარატის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მაგრომაგის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მაგრომაგის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს, საკვებთან ან რძის პროდუქტთან ერთად, როგორიცაა რძე ან იოგურტი.
აღნიშნული ხელს შეუწყობს კუჭის აშლილობის თავიდან აცილებას და ასევე ხელს შეუწყობს შეწოვას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
რამდენადაც ცნობილია, ნიტროფურანტოინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს. თუმცა, ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მშობიარობის დროს, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ეტაპზე გამოყენებამ გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ყოველთვის ყურადღებით დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.
ძუძუთი კვება
თუ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, ჯერ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ეს პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება საფრთხე შეუქმნას 3 თვემდე ასაკის ჩვილებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული, სანამ ეს სიმპტომები არ გაქრება.
მაგრომაგი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას, რომლებიც შაქრის სახეობებია. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ მიიღება მაგრომაგი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მაგრომაგი მიიღება პერორალურად: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვებთან ან რძესთან ან იოგურტთან ერთად. ამგვარად პრეპარატს აქვს უკეთესი ტოლერანტობა და ასევე იძლევა უკეთეს შედეგებს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის ორი კაფსულა დღეში, 1 კაფსულა დილით და 1 საღამოს (1 კაფსულა ყოველ 12 საათში). სასურველია კაფსულის მიღება საღამოს, ძილის წინ, ბოლო მოშარდვის შემდეგ.
ზოგადად გამოიყენება ერთი კაფსულა დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში. თუმცა, ყოველთვის ყურადღებით დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.
მკურნალობის დაწყებისას, სიმპტომები შეიძლება სწრაფად შემცირდეს, ჩვეულებრივ, ნახევარი დღიდან 2 დღემდე, და შემდეგ მთლიანად გაქრეს. მიუხედავად ამისა, დანიშნული მკურნალობა სრულად უნდა იქნას დასრულებული. დისკომფორტი შეიძლება გაქრეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბაქტერია უკვე განადგურებულია. თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, ინფექცია შეიძლება სწრაფად ისევ გამოვლინდეს, რაც თქვენთვის უსიამოვნოა და სამედიცინო თვალსაზრისით არასასურველი. თუ დისკომფორტი არ გაქრება მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგრომაგი
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ დარჩენილი კაფსულები, ასევე კონტეინერი და ეტიკეტი, რათა სამედიცინო პერსონალმა იცოდეს, რა მიიღეთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღებინება და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
თუ დაგავიწყდათ მაგრომაგის მიღება
ჩვეულებრივ, უნდა მიიღოთ ერთი კაფსულა ორჯერ დღეში. თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულებრივ გრაფიკს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.
თუ ზედიზედ რამდენიმე დოზის მიღება დაგავიწყდათ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ის, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ ახალ მკურნალობას.
თუ შეწყვეტთ მაგრომაგის მიღებას
თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად განმეორდეს და ეს შეიძლება არასასურველი და უსიამოვნო იყოს თქვენთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობა.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას. მათი უმეტესობა მსუბუქია და, როგორც წესი, ქრება მაგრომაგის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ან სხვა გვერდითი მოვლენები, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუ გივლინდებათ უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელებას=, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, როცა მოიცავს მთლიან სხეულს), შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გაითვალისწინეთ, რომ მაგრომაგის მიღების დროს თქვენი შარდი შეიძლება გახდეს მუქი ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობის. ეს ნორმალურია და არ წარმოადგენს წამლის მიღების შეწყვეტის მიზეზს.
თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
- თქვენს ფილტვებს შეიძლება რეაქცია ჰქონეს მაგრომაგზე. აღნიშნული შეიძლება მალევე გამოვლინეს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში ან ძალიან ნელა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, ხველა და ქოშინი, რომელიც დაკავშირებულია პნევმონიასთან და ქსოვილების დაზიანებასთან.
- ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება). ეს იშვიათად შეიძლება აღინიშნოს.
- ზოგიერთ პაციენტს უზიანდება სისხლის უჯრედები, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, სისხლის შედედების შენელებას, ყელის ტკივილს, ცხელებას, ანემიას და სიცივის ან მუდმივი სიცივის მიმართ მგრძნობელობას.
- თავის ქალაში წნევის მომატება (იწვევს ძლიერ თავის ტკივილს).
- მძიმე კანისმიერი ალერგიული რეაქციები (DRESS სინდრომი).
- აღინიშნა რამდენიმე კანისმიერი რეაქცია, როგორიცაა კანის აქერცვლა, კანის სიწითლე ან ცხელება, რომელსაც თან ახლავს გულისცემის გახშირება და ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- საშარდე გზების ინფექცია, გამოწვეული მაგრომაგის მიმართ არამგრძნობიარე ბაქტერიებით.
- თმის ხანმოკლე ცვენა.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- მადის დაკარგვა.
- შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა).
- გონების დაკარგვა (კოლაფსი).
- კანის, ფრჩხილების, ტუჩების ან თვალების ირგვლივ მოლურჯო ან მონაცრისფრო შეფერილობა (ციანოზი).
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- თავის ტკივილი.
- დიარეა.
- კუჭის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა (ღებინება).
- თავბრუსხვევა, ძილიანობა.
- ნერვები შეიძლება დაზიანდეს, რაც იწვევს შეგრძნებების და კუნთების მუშაობის ცვლილებებს. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, განწყობის ან ფსიქიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებები, დაბნეულობა, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა.
- ინტენსიური აღგზნებისა და ბედნიერების შეგრძნება ან მდგომარეობა (ეიფორია).
- სხვა რეაქციები შეიძლება მოიცავდეს: სანერწყვე ჯირკვლების ანთებას (რაც იწვევს სახის ტკივილს), პანკრეასის ჯირკვლის ანთებას (რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს) და სახსრების ტკივილს.
- წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთება, რაც იწვევს კანის დაზიანებებს.
- ღვიძლის ანთება, რაც გამოწვეულია იმუნური სისტემის მოქმედებით ღვიძლის უჯრედების წინააღმდეგ.
- მილაკების გარშემო თირკმლის ქსოვილის ანთება, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის დარღვევას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობილების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
5. როგორ ინახება მაგრომაგი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ მაგრომაგი 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და/ან ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შ ეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მაგრომაგი
- მოქმედი ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი. თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინს: 25 მგ ნიტროფურანტოინს მაკროკრისტალური ფორმით და 80.7 მგ ნიტროფურანტოინს მონოჰიდრატის სახით, რაც შეესაბამება 75 მგ უწყლო ნიტროფურანტოინს.
- სხვა ინგრედიენტებია:
- · კაფსულის შიგთავსი: ტალკი (E 553b), სიმინდის სახამებელი, კარბომერი 971P, პოვიდონი K30 (E 1201), ლაქტოზის მონოჰიდრატი, საქაროზა (იხ. პარაგრაფი 2. მაგრომაგი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას ), მაგნიუმის სტეარატი (E 470b).
- · კაფსულის გარსი: ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), შავი რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ინდიგო კარმინი (E 132), ჟელატინი.
- · საბეჭდი მელანი: შელაკი (E 904), პროპილენგლიკოლი (E 1520), ამიაკის ძლიერი ხსნარი (E 527), წყალი, კალიუმის ჰიდროქსიდი (E 525), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
მაგრომაგის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მაგრომაგის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები არის 19.4 მმ სიგრძისა და 6.91 მმ სიგანის კაფსულები, ლურჯი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც თეთრი მელნით არის დაწერილი "NTRF" და ყვითელი გაუმჭვირვალე კორპუსით.
მაგრომაგი წარმოდგენილია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 2, 14 ან 20 კაფსულას პვქ-აკლარ/ალუმინის ბლისტერებში.
შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში თქვენს ქვეყანაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Olpha AS (ოლფა ას),
Rupnicu iela (რუპნიკუს ქუჩა) 5,
Olaine, Olaines novads (ოლეინი, ოლეინის ოლქი), LV-2114,
ლატვია
მწარმოებელი
KeVaRo Group Ltd. (შპს კევარო ჯგუფი)
ცარიცა ელეონორას ქ. 9,
ოფისი 23,
სოფია, 1618,
ბულგარეთი
ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
|
ლატვია |
Magromag 100 mg modificētās darbības cietās kapsulas |
|
ჩეხეთის რესპუბლიკა |
Nostiriazyn |
|
ესტონეთი |
Magromag |
|
ლიეტუვა |
Magromag 100 mg modifikuoto atpalaidavimo kapsulės |
|
სლოვაკეთი |
Nostiriazyn 100 mg tvrdé kapsula s riadeným uvoľňovaním |
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის 12 ნოემბერს.
/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია შტამპი წარწერით: სააქციო საზოგადოება "ოლფა", მარეგულირებელი საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იელენა ვოლპერტე, ასევე ყველა გვერდზე დასმულია სააქციო საზოგადოების "ოლფა", მარეგულირებელი საკითხების დეპარტამენტის ბეჭედი/
თარგმანი სწორია:










