ნაპროქსენიBP Medr 500მგ #28ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო
შეფუთვის ფურცელი- ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ნაპროქსენი 500 მგ ტაბლეტები
ამ პრეპარატის მიღებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები გავს თქვენსას.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელ - ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :
1. რას წარმოადგენს ნაპროქსენის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებამდე
3. როგორ მიიღება ნაპროქსენის ტაბლეტები
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ნაპროქსენის ტაბლეტები
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ნაპროქსენის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ნაპროქსენი მიეკუთვნება აასს-ების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯგუფს. ნაპროქსენი ამცირებს ანთებას და ტკივილის სახსრებსა და კუნთებში.
ნაპროქსენი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- · რევმატოიდული ართრიტი ან სხვა რევმატოიდული ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები (დაავადებები, რომლებიც იწვევს კუნთების, ძვლების და სახსრების ტკივილს და რიგიდობას);
- · ქალებში, მენსტრუალური ტკივილის დროს;
- · მწვავე პოდაგრის დროს.
2. რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტები :
- · გაქვთ ალერგია ნაპროქსენის, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
- · თუ გაქვთ ალერგია ან ოდესმე გქონიათ რეაქცია ასპირინის ან სხვა აასს-ების (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, როგორიცაა იბუპროფენი ან მელოქსიკამი, ან თუ ამ პრეპარატების მიღებისას აღგენიშნებათ ასთმის ნიშნები (ხიხინი), სურდო, კვანძები ცხვირში ან კანის შეშუპება ან გამონაყარი;
- · თუ გაქვთ კუჭის წყლული ან თუ ხშირად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენა კუჭიდან;
- · თუ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილი) ან თუ ხშირად გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- · თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;
- · თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის წყლულის ან კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს;
- · თუ ხართ 6 თვეზე მეტი ხნის ორსული ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პარაგრაფი 2 "ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა");
- · თუ თქვენს გულის არ აქვს საკმარისი ძალა სისხლის გადასაქაჩად (გულის მძიმე უკმარისობა);
არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტები თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
- · გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გადაიტანეთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ იმყოფებით (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი);
- · ხართ ხანდაზმული ასაკის;
- · გაქვთ პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით;
- · ოდესმე გქონიათ ბრონქული ასთმა ან ალერგია (მაგალითად, თივის ცხელება) ან წარსულში გქონიათ სახის, ტუჩების, თვალების ან ენის შეშუპება;
- · გაწუხებთ ლოკალიზებული შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა;
- · გაქვთ სისხლში ჭარბი ცხიმი (ლიპიდი) (ჰიპერლიპიდემია);
- · გაქვთ თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
- · გაქვთ აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა „სისტემური წითელი მგლურა“, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანისმიერ გამონაყარს და ცხელებას;
- · გაქვთ კოლიტი ან კრონის დაავადება, რომლის სიმპტომებია: ნაწლავების ანთება, ნაწლავების ტკივილი, დიარეა, ღებინება და წონის დაკლება;
- · გაქვთ ცხვირში კვანძები (პოლიპები) ან აღგენიშნებათ ხშირი ცემინება ან სურდო, ცხვირის დახშობა ან ქავილი (რინიტი).
- · ნაპროქსენის ტაბლეტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)). შეწყვიტეთ ნაპროქსენის ტაბლეტების გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 პარაგრაფში აღწერილ ამ სერიოზულ კანისმიერ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.
გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამ მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება (კოჭების შეშუპება, თითების შეშუპება, მსუბუქი პერიფერიული შეშუპება).
უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ ჩუტყვავილა (varicella). თავის ტკივილის საწინააღმდეგო ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თავის ტკივილი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.
ნაპროქსენმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან თუ გაქვთ დაორსულების პრობლემები. აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოთ (იხ. პარაგრაფი 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“ ).
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, შეიძლება გქონდეთ გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ კუჭის ან ნაწლავების მხრივ გაწუხებთ რაიმე უჩვეულო სიმპტომი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ნაპროქსენის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნაპროქსენის ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებსა და მცენარეულ მედიკამენტებსაც. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
- · სხვა ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი და პარაცეტამოლი;
- · სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, როგორიცაა ვარფარინი, ჰეპარინი, ტიკლოპიდინი ან კლოპიდოგრელი;
- · ჰიდანტოინს (ეპილეფსიის სამკურნალოდ), როგორიცაა ფენიტოინი;
- · დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს) (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), როგორიცაა: ფუროსემიდი;
- · „აგფ ინჰიბიტორს“ ან სხვა მედიკამენტებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა პროპრანოლოლი, ენალაპრილი ან ცილაზაპრილი;
- · ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებს, როგორიცაა კანდესარტანი, ეპროსარტანი ან ლოსარტანი;
- · „საგულე გლიკოზიდს“, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა დიგოქსინი;
- · სტეროიდს, რომელიც გამოიყენება შეშუპებისა და ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი;
- · პრობენეციდს, პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტს;
- · გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ლითიუმი ან „სუსი“-ებს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), როგორიცაა ფლუოქსეტინი ან ციტალოპრამი;
- · სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი ან ციტალოპრამი;
- · ეპილეფსიის სამკურნალოდ მედიკამენტებს, როგორიცაა ფენიტოინი და ჰიდანტოინი;
- · სულფონამიდურ მედიკამენტებს, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, აცეტაზოლამიდი, ინდაპამიდი და სულფონამიდური ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ;
- · სულფონილშარდოვანას, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა გლიმეპირიდი ან გლიპიზიდი;
- · „ქინოლონურ ანტიბიოტიკს“, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი ან მოქსიფლოქსაცინი;
- · ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ ან ოპერაციის შემდეგ ტრანსპლანტატის მიუღებლობის პრევენციისთვის;
- · მეტოტრექსატს, კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის და კიბოს სამკურნალო მედიკამენტი;
- · ქოლესტირამინს, ქოლესტერინის შესამცირებელი მედიკამენტი;
- · ზიდოვუდინს, შიდსის და აივ ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი;
- · მიფეპრისტონს, ორსულობის შესაწყვეტი ან მშობიარობის დასაწყები მედიკამენტი, თუ ბავშვი გარდაიცვალა;
- · ასპირინს/აცეტილსალიცილის მჟავას, სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ ან არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შესაძლოა თქვენთვის სხვა სახელწოდებებით იყოს ცნობილი, ხშირად ბრენდული დასახელებით. ამ პარაგრაფში მოცემულია მხოლოდ პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ან თერაპიული ჯგუფი და არა ბრენდული დასახელება. ყოველთვის ყურადღებით შეამოწმეთ იმ მედიკამენტების შეფუთვა და საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რომლებსაც უკვე იყენებთ - ამ პრეპარატის მოქმედი ნივითიერება ან თერაპიული ჯგუფი.
შესაძლოა, ნაპროქსენის ტაბლეტების მიღება მაინც შესაფერისი იყოს თქვენთვის და თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რა არის თქვენთვის უკეთესი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტები, თუ ხართ 6 თვეზე მეტი ხნის ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პარაგრაფი 2 „არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტები“ ).
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ნაპროქსენის ტაბლეტები ორსულობის ადრეულ ეტაპზე, თუ ის გადაწყვეტს, რომ შესაფერისია.
ნაპროქსენმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან გაქვთ დაორსულების პრობლემები.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნაპროქსენის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, ჩაძინების გაძნელება ან დეპრესიის შეგრძნება. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე აღნიშნული გამოგივლინდათ და არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ნაპროქსენის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ინფორმაცია ნატრიუმის შემცველობის შესახებ:
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
3. როგორ მიიღება ნაპროქსენის ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად.
ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ნაპროქსენის ტაბლეტები, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის განვითარების მცირედით გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ მიიღოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი და არ გადააჭარბოთ მკურნალობის ხანგრძლივობას. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიღების წესი:
ნაპროქსენის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის დაყოლებით, საკვებთან ერთად. ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
ნაპროქსენის მიღებისას დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს (კარგად იღებთ სითხეს). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმელების პრობლემები.
ნაპროქსენის ტაბლეტების მიღებისას თქვენი ექიმი დაგინიშნავთ კონსულტაციას, რათა შეამოწმოს, იღებთ თუ არა თქვენთვის შესაფერის დოზას და გივლინდებათ თუ არა გვერდითი მოვლენები. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები
კუნთების, სახსრების ან მყესების პრობლემები და მენსტრუალური ტკივილი
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ, შემდეგ ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ.
ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი
ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ-დან 1000 მგ-მდე.
დოზის მიღება შესაძლებელია ერთდროულად, ან დოზის ნახევარ-ნახევარი შეიძლება მიიღოთ დღეში ორჯერ.
პოდაგრა: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 750 მგ, შემდეგ 8 საათის შემდეგ 500 მგ, შემდეგ კი ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 8 საათში, საჭიროებისამებრ.
ხანდაზმულები და ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას, როგორც წესი, დოზა იქნება უფრო დაბალი, ვიდრე სხვა მოზრდილებისთვის.
5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რევმატოიდული ართრიტი
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე გადაანგარიშებით, ყოველდღიურად.
მთლიანი დღიური დოზა იყოფა ორ დოზად, რომლებიც უნდა მიიღოთ 12 საათიანი ინტერვალით.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი ნაპროქსენის ტაბლეტები
თუ მიიღეთ ნაპროქსენის ტაბლეტები ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, გააგრძელეთ მიღება თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
სერიოზული გვერდითი მოვლენები:
შეწყვიტეთ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ალერგიული რეაქციები, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში.
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
- · ყელის, სახის, ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპება;
- · კანისმიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან ქავილი;
- · ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, სისხლის პათოლოგიები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების დაზიანება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS). იხ. აგრეთვე პარაგრაფი 2.
- · გამორჩეული კანისმიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, რომელიც ჩვეულებრივ მეორდება იმავე ადგილ(ებ)ზე მედიკამენტის ხელახალი მიღებისას და შეიძლება გამოვლინდეს კანზე გაწითლებული და შეშუპებული მრგვალი ან ოვალური ლაქების, ბუშტუკების (ჭინჭრის ციების) სახით და ქავილით.
კუჭის ან ნაწლავების სერიოზული პრობლემები, ნიშნები მოიცავს:
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს)
- · კუჭიდან სისხლდენა, რომელიც ვლინდება სისხლიანი ღებინების ან ნაღებინარ მასაში ყავის ნალექის მსგავსი ნაწილაკების სახით;
- · სისხლდენა უკანა სადინრიდან (ანუსი), რომელიც ვლინდება შავი, წებოვანი განავლის სახით ან სისხლიანი დიარეით.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · კუჭში ან ნაწლავებში წყლულების ან ხვრელების წარმოქმნა, რომელიც ვლინდება კუჭის აშლილობის, კუჭის ტკივილის, ცხელების, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების ან შეუძლოდ ყოფნის სახით.
- · პანკრეასის პრობლემები, რომლებიც ვლინდება კუჭის ძლიერი ტკივილის სახით, რომელიც ვრცელდება ზურგზე.
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
- · წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება, რომელიც ვლინდება ტკივილის, დიარეის, ღებინების და წონის დაკლების სახით.
მძიმე კანისმიერი გამონაყარი, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ბუშტუკებით ან კანის აქერცვლით და შესაძლოა ბუშტუკებით პირის ღრუში, ყელში ან თვალებში. ერთდროულად შეიძლება განვითარდეს ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და სხეულის ტკივილი.
- · კანზე ბუშტუკების გაჩენა მზის სხივების ზემოქმედებისას (porphyria cutanea tarda), რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება მკლავებზე, სახესა და ხელებზე.
ღვიძლის პრობლემები, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
- · დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა და ღია ფერის განავალი (ჰეპატიტი) და პრობლემები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზში.
გულის შეტევა, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს კისერსა და მხრებზე და მარცხენა მკლავში.
ინსულტი, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · კუნთების სისუსტე და დაბუჟება, რომელიც შეიძლება იყოს სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს;
- · ყნოსვის, გემოს, სმენის, მხედველობის ან დაბნეულობის უეცარი ცვლილება.
მენინგიტი, ნიშნები მოიცავს:
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · ცხელება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ და დაბნეულობა. უფრო სავარაუდოა, აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში, როგორიცაა „სისტემური წითელი მგლურა“.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირი: (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)
- · სისხლდენის დროის გახანგრძლივება;
- · გულძმარვა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა დღის განმავლობაში;
- · თავბრუსხვევა;
- · ყურებში შუილი (ტინიტუსი);
- · ქოშინი;
- · სითხის დაგროვება (შეშუპება).
არახშირი: (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს)
- · მხედველობის დაბინდვა;
- · თავბრუსხვევა;
- · სმენის დარღვევები;
- · პალპიტაცია;
- · ღებინება;
- · პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
- · საჭმლის მონელების დარღვევა;
- · დიარეა;
- · სისხლჩაქცევები;
- · წყურვილი;
- · მონელების დარღვევა;
- · პურპურა;
- · ოფლიანობა.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)
- · სისხლის პრობლემები, როგორიცაა ანემია ან ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები;
- · გარკვეული ნივთიერებების მიმართ მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქცია);
- · მადის დაქვეითება;
- · უძილობა;
- · ჩაძინების გაძნელება ან სიზმრების ჩვეული რიტმის ცვლილებები;
- · მეხსიერების პრობლემები;
- · კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- · მსუბუქი დეპრესია;
- · ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინის და/ან ზურგის ტვინის მემბრანის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი);
- · დაბნეულობა ან არარსებული ნივთების დანახვა და ხმების მოსმენა (ჰალუცინაციები);
- · კანის და/ან ლორწოვანი გარსების გარდამავალი ქავილის და სითხის დაგროვების (შეშუპების) განმეორებითი შეტევები (ანგიონევროზული შეშუპება);
- · კრუნჩხვები ან შეტევები;
- · თვალთან დაკავშირებული პათოლოგიები;
- · მომატებული არტერიული წნევა და გულის არასაკმარისი სისხლის გადმოსაქაჩი ძალა (გულის უკმარისობა);
- · პათოლოგიური სისხლის ანალიზი, სისხლძარღვის ანთება (ვასკულიტი);
- · ქოშინის შეტევები, რომლებიც გამოწვეულია კუნთების სპაზმებით და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ხშირად ხველებით და ნახველით (ასთმა);
- · პნევმონია;
- · ეზოფაგიტი;
- · ჰემატემეზისი;
- · პანკრეატიტი;
- · პირის სიმშრალის შეგრძნება;
- · ყელის გაღიზიანება;
- · ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატებული დონე;
- · თმის ცვენა;
- · კანისმიერი მოამტებული მგრძნობელობა მზის მიმართ;
- · კანის ან ლორწოვანი გარსის მძიმე რეაქციები აქერცვლით ან ბუშტუკების გაჩენით (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი), მულტიფორმული ერითემა, კანისმიერი დაავადებების გამწვავება (მაგ. ბრტყელი ლიქენი, კვანძოვანი ერითემა);
- · კუნთების სისუსტე;
- · თირკმლის ფუნქციის დაქვეითება;
- · შარდვის გახშირება (პოლაკიურია);
- · სისხლი შარდში ან თირკმლის პრობლემები;
- · შრატისმიერი კრეატინინის მომატება;
- · კალიუმის დონის მომატება სისხლის ანალიზებში;
- · ცხელება;
- · სხეულის ტემპერატურის შემცირება;
- · დაღლილობა.
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
- · ალერგიული რეაქციები;
- · გასტრიტი;
- · ზედა და ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია;
- · სისტემური წითელი მგლურა (SLE). ნიშნები მოიცავს: ცხელებას, გამონაყარს, თირკმელების პრობლემებს და სახსრების ტკივილს.
- · ორსულობის პრობლემებიქალებში;
- · ზოგადად შეუძლოდ ყოფნა;
- · კუნთების ტკივილი.
შეტყიბინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემით: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ MHRA-ის ყვეთელი ბარათი Google Play-ში ან App Store-ში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ნაპროქსენის ტაბლეტები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება მშრალ ადგილას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.
არ გამოიყენოთ ნაპროქსენის ტაბლეტები, თუ შეამჩნევთ პრეპარატის დაზიანების ხილულ ნიშნებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები წყალსადენში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნაპროქსენის ტაბლეტები
- მოქმედი ნივთიერებაა ნაპროქსენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს.
- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (E 1201), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E470b) და ქინოლინის ყვითელი (E104).
ნაპროქსენის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ნაპროქსენის ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, კაფსულის ფორმის, შემოუგარსავი ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული „NPY“-სა და „500“-ს შორის გამყოფი ღარით, ხოლო მეორე მხარეს გლუვია.
ნაპროქსენის ტაბლეტები ხელმისაწვდომია შემდეგ შეფუთვებში:
ბოთლის შეფუთვა: 28, 30, 56, 60, 84, 100, 250, 500 და 1000 ტაბლეტი.
ბლისტერული შეფუთვა: 28, 30, 56, 60, 84 და 100 ტაბლეტი.
შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
MEDREICH PLC (დსს მედრეიჩ)
Warwick House, Plane Tree Crescent (უორვიკის სახლი, პლაინ თრი ქრესენთი),
ფეიტჰემი TW13 7HF, დიდი ბრიტანეთი.
ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის აგვისტოში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე










