რინოდუო137მკგ+50მკგ/დ120დ ნ/სპ
გააზიარე:
რინოდუო
შესასხურებელი ხსნარი, ნაზალური სპრეი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატი. ყოველი შესხურება (0.137 გ) შეიცავს 137 მიკროგრამ აზელასტინის ჰიდროქლორიდს (=125 მიკროგრამი აზელასტინი) და 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი, გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.
გამოყენება
რინოდუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: აზელასტინის ჰიდროქლორიდს და ფლუტიკაზონის პროპიონატს.
- აზელასტინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. ანტიჰისტამინური საშუალებები მოქმედებს ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ჰისტამინი, რომელიც ორგანიზმის მიერ წარმოიქმნება ალერგიული რეაქციის სახით; ამ გზით ის ამცირებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს.
- ფლუტიკაზონის პროპიონატი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს და ამცირებს ანთებით პროცესს.
რინოდუო გამოიყენება ზომიერი და მძიმე სეზონური ალერგიული რინიტის და ხანგრძლივი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად, იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ინტრანაზალური ანტიჰისტამინური ან კორტიკოსტეროიდული მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდება.
სეზონური ან ხანგრძლივი ალერგიული რინიტი წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა პოლინოზი (თივის ცხელება), სახლის ტკიპა, ობი, მტვერი ან შინაური ცხოველები.
მედიკამენტი ხსნის ალერგიის სიმპტომებს, მაგალითად: გამონადენი ცხვირიდან, რინორეა, ცემინება, ქავილი ან ცხვირის გაჭედვა.
უკუჩვენებები
რინოდუოს მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია აზელასტინის ჰიდროქლორიდის ან ფლუტიკაზონის პროპიონატის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი შემადგენლობაში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:
- ახლახან ჩატარებული ცხვირის ოპერაცია;
- ცხვირის ინფექცია. ცხვირის ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. თუ დანიშნული გაქვთ მედიკამენტი ცხვირის ინფექციის სამკურნალოდ, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ ამ მედიკამენტის მიღება ალერგიის სამკურნალოდ;
- ტუბერკულოზი ან არანამკურნალევი ინფექცია;
- მხედველობის დარღვევები ან ანამნეზში მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა და/ან კატარაქტა. თუ გაწუხებთ რომელიმე ეს დაავადება, ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ;
- თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. სიფრთხილეა საჭირო სისტემური სტეროიდული თერაპიიდან ამ მედიკამენტზე გადასვლისას;
- ღვიძლის მძიმე დაავადება. გაიზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, ექიმი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ რეკომენდებული დოზა ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რასაც შესაძლებელია მოყვეს წონის კლება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მარილის საჭიროება, სახსრების ტკივილი, დეპრესია და კანის გამუქება.
თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, ექიმი ნიშნავს რაც შეიძლება დაბალ დოზას, რაც საჭიროა რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლისთვის.
ნაზალური კორტიკოსტეროიდების (მათ შორის, ამ მედიკამენტის) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში. ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ბავშვების ზრდის პროცესი და დარწმუნდეს, რომ ისინიყველაზე დაბალ დოზას იღებენ.
მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა სახის დარღვევები.
თუ დარწმუნებული არ ხართ გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
რინოდუოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ამ მედიკამენტის მოქმედება, ამიტომ ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის, ზოგიერთი აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი; სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი: კეტოკონაზოლი).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
მედიკამენტს ძალიან მინიმალური გავლენა აქვს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ან თავად დაავადების ან ამ მედიკამენტის მიღების გამო. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ეს გვერდითი მოვლენები.
რინოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას, რადგანაც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ასეთ რეაქციაზე (ცხვირის მუდმივი დახშობა) ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი ნაზალური მედიკამენტი, რომელიც არ შეიცავს ამ დამხმარე ნივთიერებას.
მიღების წესი
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ხელახლა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სრული ეფექტისათვის საჭიროა მედიკამენტის რეგულარულად მიღება.
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)
- რეკომენდებული დოზაა თითო შესხურება თითოეულ ნესტოში, დილით და საღამოს.
გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
- ამ მედიკამენტის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენება
არ არსებობს მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
გამოყენების მეთოდი
გამოიყენება ნაზალური გზით.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ ინსტრუქცია და მედიკამენტი გამოიყენეთ მხოლოდ მითითებების შესაბამისად.
გამოყენების ინსტრუქცია
სპრეის მომზადება
1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური (იხ. სურათი 1).
2. ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას ტუმბო უნდა გააქტიუროთ ჰაერში შესხურებით.
3. გაააქტიურეთ ტუმბო ტუმბოს თითოეულ მხარეს ორი თითის და ფლაკონის ძირზე ცერა თითის დაჭერით.
4. დააჭირეთ და გამოასხით ტუმბოდან 6-ჯერ, სანამ არ გამოჩნდება გლუვი სპრეი (იხ. სურათი 2).
5. ტუმბო ახლა გააქტიურებულია და მზად არის გამოსაყენებლად.
6. თუ ნაზალური სპრეი არ გამოგიყენებიათ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგჭირდებათ ტუმბოს ხელახლა გააქტიურება ტუმბოს დაჭერით და სითხის გამოშვებით.
შესხურების მეთოდი
1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური. (იხ. სურათი 1).
2. გაითავისუფლეთ ცხვირის ნესტოები.
3. თავი ფეხების მიმართულებით დახარეთ. არ გადახაროთ თავი უკან.
4. ფლაკონი დაიკავეთ ვერტიკალურ პოზიციაში და ფრთხილად მოათავსეთ პულვიზატორი ერთ ნესტოში.
5. აიფარეთ თითი მეორე ნესტოზე, სწრაფად შეისხურეთ ერთხელ და, ამავე დროს, მსუბუქად ჩაისუნთქეთ. (იხ. სურათი 3).
6. ისუნთქეთ პირით.
7. გაიმეორეთ ოპერაცია მეორე ნესტოში.
8. მსუბუქად ჩაისუნთქეთ და შესხურების შემდეგ თავი უკან არ გადახაროთ. რითაც ხელს შეუშლით მედიკამენტის ყელში გადასვლას, რაც იწვევს უსიამოვნო გემოს (იხ. სურათი 4).
9. თითოეული გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შესასხურებელი მოწყობილობა სუფთა ხელსახოცით ან ქსოვილით და შეცვალეთ დამცავი თავსახური.
10. არ დაჭეჭყოთ ფილტრი თუ სპრეი არ გადმოდის. სარქველი გაწმინდეთ წყლით.
მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება ალერგიის სიმპტომები.
ჭარბი დოზირება
ამ მედიკამენტის საჭიროზე მეტი რაოდენობით ცხვირში შესხურების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას. რაიმე სახით დაეჭვებისას ან იმ შემთხვევაში თუ რეკომენდებულზე მეტ დოზას დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
თუ ვინმე, განსაკუთრებით ბავშვი, შემთხვევით დალევს მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო ცენტრს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონის ნომერზე (91) 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
დოზის გამოტოვება
მიიღეთ ნაზალური სპრეი, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მკურნალობის შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგანაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მკურნალობის შედეგებს. მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- სისხლდენა ცხვირიდან.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):
- თავის ტკივილი;
- მწარე გემო პირში, განსაკუთრებით მაშინ თუ ნაზალური სპრეის გამოყენებისას თავი უკან არის გადახრილი. ეს გემო გაქრება, თუ მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე წუთში დალევთ გაზიან სასმელს;
- უსიამოვნო სუნი.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):
- ცხვირის შიდა ნაწილის მსუბუქი გაღიზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი ჩხვლეტა, ქავილი ან ცემინება;
- ცხვირის სიმშრალე, ხველა, ყელის სიმშრალე ან ყელის გაღიზიანება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 1.000-დან 1 ადამიანში):
- ყელის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანში):
- მოდუნება ან ძილიანობა;
- კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის წნევის მომატება, მხედველობის შესაძლო დაკარგვით და/ან სიწითლე და ტკივილი თვალებში. ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალური სპრეით ხანგრძლივი მკურნალობისას;
- კანისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებები;
- შეუძლოდ ყოფნის, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება;
- კანის გამონაყარი, სიწითლე ან ქავილი, ჭინჭრის ციება;
- ბრონქოსპაზმი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ყლაპვის/სუნთქვის გართულება, და კანზე გამონაყარის უეცარი გამოჩენა. ეს შესაძლოა იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას).
- მხედველობის დაბინდვა;
- წყლულები ცხვირში.
ამ მედიკამენტის დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები (გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე). ამ გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა ნაკლებია, თუ ორალური კორტიკოსტეროიდების ნაცვლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდი ნაზალური სპრეი. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა განსხვავებული იყოს ცალკეული პაციენტების და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების შემთხვევაში.
ნაზალური კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმში ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დოზები გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში. ბავშვებსა და მოზარდებში ამ გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება.
იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ზემოთ არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es/.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას.
შენახვის წესი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადის გასვლა გახსნის შემდეგ: გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაზალური სპრეი პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
მედიკამენტები არ უნდა იქნას გადაგდებული კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ, მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი
რინოდუო არის თეთრი, ერთგვაროვანი ხსნარი.
რინოდუო წარმოდგენილია ქარვისფერი შუშის ფლაკონში, აღჭურვილია სპრეის ტუმბოთი, აპლიკატორით და დამცავი თავსახურით.
25 მლ ფლაკონი შეიცავს 23 გ ნაზალური სპრეის (მინიმუმ 120 შესხურება).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორია შპს ALDO-UNIÓN
ბარონესა დე მალდას ქუჩა № 73
08950 ესპურგეს-დე-ლობრეგატი,
ბარსელონა - ესპანეთი.
მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სამედიცინო პროდუქციის და წამლის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე: http://www.aemps.gob.es