დაფლოზინი 10მგ #30ტ
გააზიარე:
დაფლოზინი
DAFLOZIN
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დაპაგლიფლოზინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: დაპაგლიფლოზინს - 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი B-ტიპის, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; შემომგარსავი ნივთიერებები: Coating premix yellow.
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ნატრიუმ-გლუკოზის კონტრასპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორი.
ათქ -კოდი: A10BK01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დაპაგლიფლოზინი წარმოადგენს SGLT2 ძლიერ (ინჰიბირების კონსტანტა (Ki) 0,55 nM), სელექციურ შექცევად ინჰიბიტორს. SGLT2-ის ინჰიბირება ამცირებს გლუკოზის რეაბსორბციას გლომერულური ფილტრატიდან თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში, თანმხლები ნატრიუმის რეაბსორბციის შემცირებით, რაც იწვევს გლუკოზის შარდისმიერ ექსკრეციას და ოსმოტურ დიურეზს. ამგვარად, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკებში, რაც აძლიერებს ტუბულო-გლომერულურ პასუხს და ამცირებს ინტრაგლომერულურ წნევას. ოსმოტურ დიურეზთან კომბინაციაში, აღნიშნული ამცირებს მოცულობით გადატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას, რაც ახდენს დადებით ეფექტს როგორც მიოკარდიუმის რემოდელირებაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე, ასევე თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებაზე. დაპაგლიფლოზინის დადებითი მოქმედება გულსა და თირკმელებზე აღემატება მხოლოდ ჰიპოგლიკემიურ ეფექტს და არ შემოიფარგლება მხოლოდ დიაბეტის მქონე პაციენტებით. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის ზრდას და სხეულის წონის შემცირებას.
დაპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლუკოზის დონეს სისხლში როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ. გლუკოზის გამოყოფა (გლუკურეზული ეფექტი) აღინიშნება პრეპარატის პირველივე დოზის მიღების შემდეგ, გრძელდება შემდგომი 24 საათის განმავლობაში და ნარჩუნდება თერაპიის მთელი კურსის პერიოდში. ამ მექანიზმით თირკმლის მიერ გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე სისხლში და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (გფს). ამგვარად, სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლის მქონე სუბიექტებში, დაპაგლიფლოზინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი გამოხატულია უმნიშვნელოდ. დაპაგლიფლოზინი არ არღვევს ენდოგენური გლუკოზის ნორმალურ პროდუქციას ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ და მისი მოქმედება დამოკიდებული არ არის ინსულინის სეკრეციასა და მის მიმართ მგრძნობელობაზე. კლინიკურ კვლევებში დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას აღინიშნებოდა ბეტა-უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესება.
SGLT2 სელექციურად ექსპრესირდება თირკმელებში. დაპაგლიფლოზინი არ მოქმედებს გლუკოზის სხვა გადამტანებზე, რომლებიც ახორციელებს გლუკოზის ტრანსპორტს პერიფერიულ ქსოვილებში და 1400-ჯერ უფრო ძლიერ სელექციურობას ავლენს SGLT2-ს მიმართ, ვიდრე ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი ძირითადი ტრანსპორტერის - SGLT1-ს მიმართ
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია.
დაპაგლიფლოზინი სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) ჩვეულებრივ მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 2 საათის შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში, 10 მგ დაპაგლიფლოზინის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ, საშუალო გეომეტრიული Cmax და AUCτ მაჩვენებლები შეადგენს 158 ნგ/მლ და 628 ნგ/მლ, შესაბამისად. დაპაგლიფლოზინის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 10 მგ დოზის მიღების შემდეგ 78%-ია. უზმოზე მიღებასთან შედარებით, ცხიმიან საკვებთან ერთად მიღების შემდეგ დაპაგლიფლოზინის Cmax მცირდება 50%-მდე, Tmax ხანგრძლივდება დაახლოებით 1 საათით, ხოლო AUC არ იცვლება. ეს ცვლილებები არ არის მიჩნეული კლინიკურად მნიშვნელოვნად, ამიტომ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს საკვებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება.
დაპაგლიფლოზინი დაახლოებით 91%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტეში (მაგ., თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს) ეს მაჩვენებელი არ იცვლება. დაპაგლიფლოზინის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 118 ლ-ს.
ბიოტრანსფორმირება.
დაპაგლიფლოზინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ძირითადად დაპაგლიფლოზინ 3‑O‑გლუკურონიდის წარმოქმნით რომელსაც, როგორც სხვა მეტაბოლიტებს, არ გააჩნია ჰიპოგლიკემიური ეფექტი. დაპაგლიფლოზინ 3‑O‑გლუკურონიდის წარმოქმნის მედიატორია UGT1A9-ენზიმი, წარმოდგენილი ღვიძლსა და თირკმელებში, ხოლო CYP‑განპირობებული მეტაბოლიზმი წარმოადგენს კლირენსის უმნიშვნელო გზას.
გამოყოფა.
ჯანმრთელ სუბიექტებში ერთჯერადი პერორალური დოზის 10 მგ მიღების შემდეგ, პლაზმიდან დაპაგლიფლოზინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს 12.9 საათს. დაპაგლიფლოზინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, ამასთან, მხოლოდ 2% გამოიყოფა უცვლელი სახით.
ხაზოვნება.
დაპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება დოზის ზრდის პროპორციულად 0.1-დან 500 მგ-ის ფარგლებში და მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება განმეორებითი მიღების შემთხვევაში 24 კვირამდე დროის განმავლობაში.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობა.
წონასწორულ მდგომარეობაში (20 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში) პრეპარატის სისტემური ექსპოზიცია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის უკმარისობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში (განსაზღვრული იოჰექსოლის პლაზმური კლირენსით) არის 32%, 60% და 87%-ით უფრო მაღალი, ვიდრე მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. წონასწორულ მდგომარეობაში დაპაგლიფლოზინის მიღებისას თირკმელებით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა 24 საათის განმავლობაში დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე. არ ვლინდება დაპაგლიფლოზინის ცილებთან კავშირის განსხვავება ჯანმრთელ მოხალისეებში და თირკმლის სხვადასხვა ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში. უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას ჰემოდიალიზი დაპაგლიფლოზინის ექსპოზიციაზე. AUC უფრო მაღალია თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, და მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტის გარეშე.
ღვიძლის უკმარისობა.
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს მიხედვით A და B კლასი) დაპაგლიფლოზინის Сmax და AUC 12% და 36%-ით მაღალია საკონტროლო ჯგუფის სუბიექტებთან შედარებით. მოცემული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს მიხედვით С კლასი) დაპაგლიფლოზინის Сmax და AUC-ს საშუალო მნიშვნელობა 40% და 67%-ით უფრო მაღალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წელი).
70 წლამდე ასაკის პაციენტებში არ აღინიშნება პრეპარატის ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ექსპოზიციის მატების ზრდა ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო. 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მოქმედების შესაფასებლად მონაცემები ექსპოზიციის შესახებ არასაკმარისია.
პედიატრიული პოპულაცია.
პედიატრიულ პოპულაციაში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
სქესი.
ქალებში წონასწორულ მდგომარეობაში AUC-ს საშუალო მნიშვნელობა 22%-ით აჭარბებს ანალოგიურ მაჩვენებელს მამაკაცებში.
რასა.
სხვადასხვა რასის წარმომადგენლებში სისტემური ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილი არ არის.
სხეულის მასა.
დაპაგლიფლოზინის ექსპოზიცია ქვეითდება სხეულის მასის მატებისთან ერთად. ამიტომ, სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ექსპოზიციის უფრო მაღალი დონე, დიდი წონის პაციენტებთან შედარებით. თუმცა მოცემული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ჩვენება:
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
მოზრდილებში არასაკმარისად კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობა შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან კომბინაციაში:
- მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ან უკუნაჩვენებია;
- სხვა მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.
გულის უკმარისობა.
მოზრდილებში სიმპტომური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა.
თირკმლის ქრონიკული დაავადება.
მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
დაპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით, დაპაგლიფლოზინის ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელ საშუალებებთან, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, გამოყენების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან მისი სეკრეციის გამაძლიერებლების დოზის შემცირება.
გულის უკმარისობა.
დაპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის ქრონიკული დაავადება.
დაპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის უკმარისობა.
თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება პაციენტებში გლომერული ფილტრაციის სიჩქარით (GFR) <15/მლ/წთ/1.73 მ2 რეკომენდებული არ არის.
მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის ეფექტი მცირდება GFR <45 მლ/წთ/1.73მ2 შემთხვევაში, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს იგისავარაუდოდ არაეფექტურია. შესაბამისად, პაციენტებში GFR-ით <45 მლ/წთ/1.73მ2 უნდა განიხილოს დამატებითი ჰიპოგლიკემიური მკურნალობა.
ღვიძლის უკმარისობა.
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში ერთხელ. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥ 65 წელი).
დოზის კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია.
დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
მიღების წესი.
დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია პერორალურად დღეში ერთხელ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამის დროს ან საკვების მიღების გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, < 1/10), არახშირი (≥1/1000, < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).
ინფექციები და ინვაზიები: ხშირი - ვულვოვაგინიტი, ბალანიტი, სასქესო ორგანოების ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები; არახშირი - სოკოვანი ინფექცია; ძალიან იშვიათი - შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენების დროს); არახშირი - მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია), წყურვილი; იშვიათი - დიაბეტური კეტოაციდოზი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირი – ყაბზობა, პირის სიმშრალე.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - გამონაყარი; ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ხშირი - ზურგის ტკივილი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირი - დიზურია, პოლიურია; არახშირი - ნიქტურია; ძალიან იშვიათი - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: არახშირი - ვულვოვაგინური ქავილი, გენიტალური ქავილი.
ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: ხშირი - ჰემატოკრიტის მომატება, კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება მკურნალობის ინიცირებისას, დისლიპიდემია; არახშირი - სისხლში კრეატინინის მომატება მკურნალობის ინიცირებისას, სისხლში შარდოვანას მომატება, სხეულის წონის კლება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა დაპაგლიფლოზინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- 18 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება.
დაპაგლიფლოზინს შეუძლია გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკების შარდმდენი ეფექტი და გაზარდოს გაუწყლოების და არტერიული ჰიპოტენზიის რისკი.
ინსულინის და ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელი საშუალებების, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, დაპაგლიფლოზინთან კომბინაციაში გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს ამ საშუალებების უფრო დაბალი დოზის მიღება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
In Vitro კვლევებში დაპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450 იზოფერმენტებს CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, და არ აინდუცირებდა იზოფერმენტებს CYP1A2, CYP2B6 ან CYP3A4. ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის დაპაგლიფლოზინის გავლენა ისეთი პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ამ ენზიმების მეშვეობით.
სხვა პრეპარატების ეფექტი დაპაგლიფლოზინზე.
ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი, პიოგლიტაზონი, სიტაგლიპტინი, გლიმეპირიდი, ვოგლიბოზა, ჰიდროქლორთიაზიდი, ბუმეტანიდი, ვალსარტანი ან სიმვასტატინი გავლენას არ ახდენს დაპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დაპაგლიფლოზინის ერთდროული მიღება რიფამპიცინთან, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმში მონაწილე სხვადასხვა აქტიური ტრანსპორტერების და ფერმენტების ინდუქტორს, იწვევს დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 22%-ით დაქვეითებას, თირკმლის მიერ გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გავლენის გარეშე. პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. სხვა ინდუქტორებთან (მაგ., კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი) ერთად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის.
დაპაგლიფლოზინის და მეფენამის მჟავას (UGT1A9 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებისას აღინიშნება დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის 55%-ით მატება დღის განმავლობაში თირკმელებით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
დაპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
დაპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის რენალური ექსკრეცია და გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის დონის შემცირება. მიზანშეწონილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყების შემდეგ და დოზის ცვლილების დროს. უნდა ჩატარდეს შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ურთიერთქმედების კვლევების მიხედვით ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც ძირითადად იღებდნენ პრეპარატის ერთჯერად დოზას, დაპაგლიფლოზინი გავლენას არ ახდენს მეტფორმინის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, გლიმეპირიდის, ჰიდროქლორთიაზიდის, ბუმეტანიდის, ვალსარტანის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე ან ანტიკოაგულაციურ ეფექტზე, რომელიც ფასდება საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებით. დაპაგლიფლოზინის 20 მგ-ის და სიმვასტატინის ერთჯერადი დოზის თანმხლები გამოყენება იწვევს სიმვასტატინის AUC–ის 19%-ით, ხოლო სიმვასტატინის მჟავას 31%-ით მომატებას, რაც არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
1,5-ანჰიდროგლუციტოლის (1,5-AG) ანალიზზე გავლენა.
1,5-AG მაჩვენებლები არასარწმუნოა გლიკემიური კონტროლის შეფასებისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის სასურველია ალტერნატიული მეთოდების გამოიყენება.
პედიატრიული პოპულაცია.
ურთიერთქმედების კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას დაპაგლიფლოზინი არ ავლენს ტოქსიკურობას და არ იწვევს ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს, შრატში ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერების ჩათვლით.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. დაპაგლიფლოზინის გამოყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით შესწავლილი არ არის.
ორსულობა, ლაქტაცია, ფერტილობა:
ორსულობა.
არ არსებობს დაპაგლიფლოზინის გამოყენების მონაცემები ორსულ ქალებში. ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ლაქტაცია.
არ არსებობს მონაცემები დაპაგლიფლოზინის და/ან მისი მეტაბოლიტების გამოყოფაზე დედის რძეში, მისი ზემოქმედების შესახებ ლაქტაციაზე ან ბავშვის ჯანმრთელობაზე. დაპაგლიფლოზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა.
დაპაგლიფლოზინის ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
თირკმლის უკმარისობა.
შეზღუდული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებში GFR-ის მაჩვენებლით <15 მლ/წთ/1.73მ2.
დაპაგლიფლოზინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი მცირდება GFR <45 მლ/წთ/1.73მ2 შემთხვევაში, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს იგი, სავარაუდოდ, არაეფექტურია.
პლაცებოსთან შედარებით, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე უფრო მეტ პაციენტს თირკმლის საშუალო უკმარისობით (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) აღენიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კრეატინინის, ფოსფორის, პარათირეოიდული ჰორმონის მომატება და ჰიპოტენზია.
ღვიძლის უკმარისობა.
არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების შეზღუდული გამოცდილება. დაპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გამოყენება პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკით.
მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, დაპაგლიფლოზინი აძლიერებს დიურეზს, რამაც შეიძლება მცირედ დააქვეითოს არტერიული წნევა. დიურეზული ეფექტი უფრო მკვეთრად ვლინდება სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით ანამნეზში, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ფონზე ან ხანდაზმულ პირებში.
ისეთი თანმხლები მდგომარეობების ფონზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (მაგ., კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება), რეკომენდებულია სისხლის მოცულობის სტატუსის ინტენსიური მონიტორინგი (მაგ., ფიზიკალური გამოკვლევა, არტერიული წნევის კონტროლი, ლაბორატორიული ტესტები, ჰემატოკრიტის და ელექტროლიტების ჩათვლით). პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითებით რეკომენდებულია დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დროებითი შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
დიაბეტური კეტოაციდოზი.
ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორებით, მათ შორის დაპაგლიფლოზინით, მკურნალობისას აღწერილია დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) იშვიათი შემთხვევები, სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევების ჩათვლით. რიგ შემთხვევებში მსგავსი მდგომარეობა გამოვლინდა ატიპურად, ზომიერად მომატებული გლუკოზის მაჩვენებლის ფონზე, რომელიც არ აჭარბებდა 14 მმოლ/ლ-ს (250 მგ/დლ).
დიაბეტური კეტოაციდოზის რისკი უნდა იქნას განხილული არასპეციფიური სიმპტომების ერთობლიობის გამოვლინებისას, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული წყურვილის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა შეფასდეს კეტოაციდოზზე, სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. პაციენტებში, რომლებშიც გამოვლინდა ან დადასტურდა ეჭვი DKA-ს არსებობაზე, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
მკურნალობა უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული არიან მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან შინაგანი ორგანოების მწვავე სერიოზული დაავადებების გამო. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კეტონების კონტროლი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეტონების დონის განსაზღვრას სისხლში, ვიდრე შარდში. დაპაგლიფლოზინით მკურნალობა შეიძლება განახლდეს კეტონების დონის და პაციენტის მდგომარეობა ნორმალიზების შემდეგ.
დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყებამდე გასათვალისწინებელია პაციენტის ანამნეზში ის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ქმნიდეს კეტოაციდოზის განვითარების რისკს.
SGLT2-ის ინჰიბიტორები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში DKA-ს განვითარების მაღალი რისკით, როგორიცაა პაციენტები დაბალი ბეტა-უჯრედული ფუნქციის რეზერვით (მაგ., მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები დაბალი C-პეპტიდით ან მოზრდილების ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტით (LADA), პაციენტები პანკრეატიტით ანამნეზში) ან ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც იწვევს საკვების შეზღუდულ მიღებას ან მძიმე დეჰიდრატაციას, ინსულინის დოზების შემცირების და ინსულინის მიღების გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც განპირობებულია მწვავე დაავადებით, ქირურგიული ჩარევით ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.
მკურნალობის განახლება პაციენტებში, რომლებსაც SGLT2 ინჰიბიტორების მიღების ფონზე განუვითარდათ დიაბეტური კეტოაციდოზი არ არის რეკომენდებული, ვიდრე ამ მდგომარეობის გამომწვევი ფაქტორი არ იქნება დადგენილი და აღმოფხვრილი.
I ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
დიაბეტური კეტოაციდოზი ხშირად ფიქსირდება I ტიპის დიაბეტის კვლევებში დაპაგლიფლოზინით მურნალობის ფონზე. დაპაგლიფლოზინი არ გამოიყენება I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).
პოსტმარკეტინგულ კვლევებში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობის ფონზე ფიქსირდება შეტყობინებები იშვიათი, მაგრამ სერიოზული ნეკროზული ინფექციის განვითარების შესახებ, როგორიცაა ფურნიეს განგრენა. პაციენტები, რომლებსაც დაპაგლიფლოზინით მკურნალობის პერიოდში გამოუვლინდათ ტკივილი, შეშუპება, ერითემა ან ანთება სასქესო ორგანოების ან შორისის მიდამოში, თანმხლები ცხელებით ან სისუსტის შეგრძნებით, საჭიროებენ დაუყოვნებლივ გამოკვლევას ნეკროზული ფასციიტის თაობაზე. ნეკროზულ ფასციიტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დიპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს მკურნალობა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით და, საჭიროებისამებრ, ქირურგიული ჩარევა, გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლითა და შესაბამისი ალტერნატიული ჰიპოგლიკემიური თერაპიის უზრუნველყოფით.
საშარდე გზების ინფექციები.
გლუკოზის ექსკრეცია შარდით შეიძლება დაკავშირებული იყოს საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკთან; შესაბამისად, დაპაგლიფლოზინის დროებითი შეწყვეტა უნდა განიხილოს პიელონეფრიტის ან უროსეფსისის მკურნალობის დროს.
ხანდაზმული პაციენტები (≥65 წელი).
ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების რისკი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და/ან მოსალოდნელია დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების მიღება (მაგ., ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ტიპი 1 რეცეპტორების ბლოკატორები), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება. თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ერთნაირია ხანდაზმულ და სხვა პოპულაციის პაციენტებში.
გულის უკმარისობა.
დაპაგლიფლოზინის გამოყენების გამოცდილება IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია.
თირკმლის ქრონიკული დაავადება.
არ არსებობს გამოცდილება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს დაპაგლიფლოზინის გამოყენებასთან დაკავშირებით პაციენტებში დიაბეტის გარეშე, რომლებსაც არ აღენიშნებათ ალბუმინურია. ალბუმინურიის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია მეტი სარგებელი დაპაგლიფლოზინით მკურნალობისგან.
გავლენა შარდის ანალიზზე.
დაფლოზინის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში შარდის ანალიზი გლუკოზაზე იქნება დადებითი.
ქვედა კიდურებზე ზემოქმედება.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის SGLT2 ინჰიბიტორებით მკურნალობის ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ქვედა კიდურების (ძირითადად ფეხის ცერა თითის) ამპუტაციის შემთხვევების მატება. უცნობია, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული კლასისთვის დამახასიათებელ ეფექტს. მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებში გაიცეს რეკომენდაციები ტერფის რუტინული პრევენციული მოვლის შესახებ.
ლაქტოზა.
დაფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას და მისი მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ლაქტოზას ან გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დარღვეევბით (მაგ., ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია).
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დაპაგლიფლოზინის ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე უმნიშვნელოა. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება დაპაგლიფლოზინის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინირებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ.
შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ.
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაში პრეპარატისმიღებადაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.