ვენოფერი 100მგ/5მლ #5ა(თურქ)
გააზიარე:
ვენოფერი 100 მგ/5 მლ
ინტრავენური საინექციო ხსნარი
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: თითოეული 5 მლ-იანი ამპულა შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდ-საქაროზულ კომპლექსს.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით კონტროლს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მე-4 თავის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უნდა მიაწოდოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.
1. ვენოფერი და მისი გამოყენება
ვენოფერის თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს 100 მგ (20 მგ/მლ) ელემენტარული რკინის ეკვივალენტურ 2550-2850 მგ რკინის ჰიდროქსიდ-საქაროზულ კომპლექსს. პრეპარატი ვენოფერი შემუშავებულია რკინის ნაკლებობის მიზეზით გამოწვეული ანემიის დროს ინტრავენურად გამოსაყენებლად.
ყოველ კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა ვენოფერი.
ვენოფერის აქტიური ნივთიერება - რკინა, საჭიროა სისხლში ჟანგბადის გადასატანად. რკინა შედის სისხლის უჯრედებში არსებული ნივთიერების - ჰემოგლობინის სტრუქტურაში და მისი ფუნქციაა ჟანგბადის გადატანა.
ვენოფერი გამოიყენება:
- თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან რკინის შეწოვის დარღვევის გამო;
- თუ ანემია განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემაში ძლიერი სისხლდენით წარმოქმნილი რკინის ნაკლებობის გამო;
- თუ რკინის დეფიციტი და ანემია განვითარდა კუჭის სრული ან ნაწილობრივი რეზექციის გამო;
- პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებსაც აქვთ პერორალურად გამოყენებული რკინის აუტანლობა;
- პაციენტებში რკინადეფიციტური ანემიით, რომლებთანაც ორალურად გამოყენებულ რკინას არ ჰქონდა საკმარისი დონის ეფექტი;
- თუ ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროა რკინის მარაგის სწრაფად შევსება და აღნიშნულის გამო რკინის გამოყენება;
- პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რომლებიც არიან ან არ არიან დამოკიდებული დიალიზზე (სისხლის გაწმენდის პროცედურა) და უტარდებათ ერითროპოეტინით (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას) მკურნალობა, რკინის დეფიციტის არსებობისას.
ვენოფერი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოიყენება, თუ მას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ვენოფერის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვენოფერი შემდეგ შემთხვევებში:
ინტრავენურად გამოყენებულმა რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქსოიდური ან ანაფილაქსიური) ალერგიული რეაქციები. ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებთან, მათ შორის, რკინის საქაროზასთან დაკავშირებით, ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე მათი გამოყენების დროს არ წარმოქმნილა პრობლემა. ასევე ცნობილია შემთხვევები, რომელიც პროგრესირებს კოუნისის სინდრომამდე (ალერგიის გამო სისხლძარღვის შევიწროება, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს მიოკარდიუმის ინფარქტით). ამასთანავე პაციენტებთან, რომლებსაც ადრე ინტრავენურად გამოყენებულ რკინის პრეპარატებზე, როგორიცაა რკინის გლუკონატი ან რკინის დექსტრანი, ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობა, ვენოფერის გამოყენებით ჩატარებული მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ისინი კარგად იტანენ ვენოფერს.
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვენოფერზე ან მის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებაზე,
- თუ ადრე გქონდათ რკინის სხვა ინექციურ პრეპარატზე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია,
- თუ ადგილი აქვს ორგანიზმის გადატვირთვას რკინით ან არსებობს პრობლემა რკინის გამოყენებასთან დაკავშირებით,
- თუ ანემია არ არის დაკავშირებული რკინის ნაკლებობასთან.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ, არ შეიძლება ვენოფერის გამოყენება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვენოფერის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ვენოფერი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
- ვენოფერის გამოყენების შემდეგ იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გონების დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის პრობლემები, კონვულსიები. ასეთი შემთხვევები აღინიშნება რკინის შემცველი მრავალი პრეპარატის ინტრავენურად გამოყენების დროს. რის გამოც ინტრავენურად ვენოფერის გამოყენებისას საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას სიცოცხლის გადაუდებელი მხარდაჭერისთვის საჭირო მოწყობილობები.
- თუ ანამნეზში გაქვთ წამლისმიერი ალერგია,
- თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევა ან ისეთი დაავადება, როგორიცაა ინფექცია, ასთმა, ეგზემა, ალერგია,
- თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისუსტე, დაღლილობა, სახსრების ტკივილი, სახეზე, ყელსა და მკლავებზე გავრცელებული გამონაყარი),
- თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი (დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ზემოქმედებს კიდურების სახსრებზე და ახასიათებს სახსრების გავრცელებული ტკივილი და სახსრის სტრუქტურის დარღვევა), აცნობეთ თქვენს ექიმს.
ბავშვის მიერ რკინის შემცველი პრეპარატების შეცდომით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური ინტოქსიკაცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვენოფერის არასწორად გაკეთების გამო შესაძლებელია პრეპარატმა გაჟონოს ინექციის ადგილიდან და გამოიწვიოს კანზე გაღიზიანება და ინექციის ადგილის გაყავისფრება, რომელიც პოტენციურად ხანგრძლივი იქნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვენოფერი არ არის გამოცდილი ორსულ პაციენტებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ ხართ ორსულად ან არსებობს ასეთი ალბათობა ან გეგმავთ დაორსულებას, მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა ამ პრეპარატის მიღება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დედის რძეში ვენოფერში არსებული რკინა, ან თუ გადადის, ამ რკინის ზემოქმედება ბავშვზე. რის გამოც ძუძუთი კვების დროს ვენოფერი გამოყენებული უნდა იქნას დედისთვის უზრუნველყოფილი სარგებლის და ბავშვზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასების შედეგად.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
პაციენტებს, რომლებიც ვენოფერს იყენებენ ინტრავენურად, შესაძლებელია ჰქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან დაბნეულობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი, სანამ ეს სიმპტომები არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენოფერის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მილიგრამი) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ვენოფერმა შესაძლებელია დააქვეითოს პერორალურად მიღებული რკინის ნაწლავებიდან შეწოვა, რის გამოც იგი არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პრეპარატებთან ერთად. რკინის პერორალურად მიღება უნდა დაიწყოს ვენოფერის ინექციიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. ვენოფერის გამოყენების წესი
- ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
მოზრდილებში ვენოფერი გამოიყენება 1-2 ამპულა (100-200 მგ რკინა) კვირაში 1-3-ჯერ. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, მთლიანი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს, რომელიც უნდა გაკეთდეს 10 დოზად. საჭიროებისას შესაძლებელია რეკომენდებული დოზის გამეორება. დოზის გამოყენების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში სამ ჯერზე მეტი. გამოყენების პერიოდში უნდა შეწყდეს რკინის პერორალურად მიღება.
ვენოფერი უნდა გაგიკეთდეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია ალერგიულ რეაქციებზე სათანადო რეაგირება. ვენოფერის ყოველი გამოყენებისას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში იქნებით ექიმის ან ექთნის დაკვირვების ქვეშ.
- გამოყენების გზა და მეთოდი:
ვენოფერი არის მხოლოდ ინტრავენური გზით გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული ბავშვებში ვენოფერის გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
- გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
არ არის საჭირო დოზის კორექტირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თვლით, რომ ვენოფერის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვენოფერი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას და გაგიკეთებთ ინტრავენურად.
თუ შემთხვევით გამოიყენებთ ვენოფერს საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვენოფერის გამოყენება
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ვენოფერით მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ არსებობს.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ვენოფერის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში მითითებული სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია დადგენა ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, შეაჩერეთ ვენოფერის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
- ალერგიული რეაქციები (დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა), სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის - კოუნისის სინდრომის სიმპტომი).
ზოგ პაციენტში ეს ალერგიული რეაქციები შესაძლებელია იყოს სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო (ცნობილია, როგორც ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური) სახის. თუ თვლით, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი:
- გემოს დროებითი დარღვევები
- არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
- ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
- რეაქციები, როგორიცაა ინექციის/ინფუზიის ადგილზე ტკივილი, ირიტაცია (გაღიზიანება), ქავილი, ჰემატომა (სისხლის ადგილობრივად დაგროვება) ან ფერის ცვლილება.
არახშირი:
- ქავილი ან გამონაყარი
- კუნთების სპაზმი, ტკივილი ან კრამპი
- სუნთქვის გაძნელება, ქოშინი
- თავის ტკივილი
- გაბრუების შეგრძნება
- დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება
- შეხების შეგრძნების დაკარგვა ან დაქვეითება
- თრომბის წარმოქმნიდან გამომდინარე სისხლძარღვის შეშუპება
- სისხლძარღვის ანთება
- ღებინება
- მუცლის ტკივილი
- სახეზე სიწითლე, წვის შეგრძნება
- ყაბზობა
- ფაღარათი
- სახსრების ტკივილი
- ხელების და ფეხების ტკივილი
- ზურგის ტკივილი
- შემცივნების შეგრძნება
- სისუსტე და დაღლილობა
- ხელების და ფეხების შეშუპება
- სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST, GGT) მატება
- შრატში ფერიტინის დონის მატება
- კუნთების ხანგრძლივი ტკივილი
იშვიათი
- გონების დაკარგვა
- უძილობა ან ძილიანობის შეგრძნება
- პალპიტაცია
- შარდის ფერის შეცვლა
- მკერდის ტკივილი
- მომატებული ოფლიანობა
- ცხელება
- სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაჩვენებლის მატება (მიუთითებს ქსოვილის დაზიანებაზე)
უცნობია
- დეზორიენტაციის შეგრძნება
- კონცენტრაციის დაკარგვა, კონცენტრაციის დათრგუნვა
- დაძაბულობის შეგრძნება
- კანკალი
- სახის, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა)
- პულსის შენელება
- პულსის აჩქარება
- სისხლის მიმოქცევის შეჩერება
- სისხლძარღვის ანთება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბი
- სასუნთქი გზების უეცარი შევიწროება
- ქავილი
- კანზე წითელი ბუშტუკები ქავილით, კანზე სიწითლე და გამონაყარი
- ცივი ოფლი
- ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
- ფერმკრთალი კანი
- უეცარი და სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქციები
- კოუნისის სინდრომი (ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება მკერდის ტკივილით)
- გრიპის მსგავსი სიმპტომები (შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გაკეთებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ და მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით და კუნთების და სახსრების ტკივილით).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
5. ვენოფერის შენახვა
ვენოფერი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ვენოფერი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვენოფერი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი
ვიფორ (ინტერნეშენელ) ინკ. / შვეიცარიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №: 4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი
სს მეფარ ილაჩ სან.
ქურთქოი/სტამბოლი
ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გააკეთებს ამ პრეპარატს
გამოყენება
ვენოფერის ყოველი გამოყენების დროს და შემდგომ ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს ჰიპერმგრნობელობის ნიშნების და სიმპტომების თვალსაზრისით.
ვენოფერი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია სრული რეანიმაციის საშუალებების უზრუნველყოფა და პერსონალს შეუძლია ანაფილაქსიური რეაქციების სწრაფად შეფასება და მკურნალობა. სავალდებულოა ვენოფერის ყოველი გამოყენების შემდეგ არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება არასასურველი რეაქციების თვალსაზრისით.
გამოყენების ფორმა:
ვენოფერი არის მხოლოდ ინტრავენური გზით გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი. გამოყენება შესაძლებელია ნელ-ნელა ინტრავენური ინექციის, ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ან დიალიზის აპარატის ინტრავენური გზის გამოყენებით.
ვენოფერის გამოყენებისას საჭიროა თავიდან იქნას აცილებული პარავენოზური გაჟონვა. თუ ადგილი ექნება პარავენოზურ გაჟონვას, შესაძლებელია განვითარდეს ტკივილი, ანთება და მიდამოს გაყავისფრება.
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია
ვენოფერი უნდა განზავდეს მხოლოდ 0,9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით (NaCl).
განზავება უნდა მოხდეს უშუალოდ ინფუზიის წინ და ხსნარი მიეცეს შემდეგი სახით:
|
ვენოფერის დოზა (მგ რკინა) |
ვენოფერის დოზა (მლ ვენოფერი) |
განზავებისთვის სტერილური 0,9%-იანი NaCl-ის ხსნარის მაქსიმალური მოცულობა |
ინფუზიის მინიმალური დრო |
|
50 მგ |
2,5 მლ |
50 მლ |
8 წუთი |
|
100 მგ |
5 მლ |
100 მლ |
15 წუთი |
|
200 მგ |
10 მლ |
200 მლ |
30 წუთი |
სტაბილურობასთან დაკავშირებული მიზეზით არ შეიძლება ვენოფერის განზავება უფრო დაბალი კონცენტრაციით.
ინტრავენური ინექცია
ვენოფერის ინექცია უნდა გაკეთდეს ნელ-ნელა. 1 მლ განუზავებელი ვენოფერის გაკეთება შესაძლებელია 1 წუთის განმავლობაში. ერთ ჯერზე არ უნდა გაკეთდეს 10 მლ-ზე (200 მგ რკინა) მეტი ინექცია.
დიალიზის აპარატის ინტრავენური გზით ინექცია
როგორც ინტრავენური ინექციის შემთხვევაში, შესაძლებელია ვენოფერი გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზის დროს დიალიზის აპარატის ინტრავენური დაბოლოებიდან.
შეუთავსებლობა
არ შეიძლება ამ პრეპარატის შერევა არც ერთ სხვა პრეპარატთან, გარდა 0,9% m/V ნატრიუმის ქლორიდისა. სხვა პრეპარატებთან შერევისას არსებობს სხვა აგენტებთან ურთიერთქმედების და დალექვის რისკი. არ არის ცნობილი თავსებადობა მინის, პოლიეთილენის და პვქ-ის გარდა სხვა ჭურჭელთან.
შენახვის პირობები
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სავალდებულოა პრეპარატის გამოყენება გახსნისთანავე.
გამოყენებამდე კონტროლი
გამოყენებამდე ამპულები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნალექის და დაზიანების თვალსაზრისით. გამოიყენეთ მხოლოდ ერთგვაროვანი და დანალექის გარეშე ხსნარი.
განზავებული ხსნარი ვიზუალურად ყავისფერი და გამჭვირვალეა.










