კორტეარი 0.5მგ/მლ 2მლ#20(თურქ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
კორტაირი 0.5 მგ/მლ ინჰალაციისთვის ერთდოზიანი საინჰალაციო სუსპენზიიის შემცველი ფლაკონი
გამოიყენება ინჰალაციის გზით.
სტერილური
- · აქტიური ნივთიერება : თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს.
- · დამხმარე ნივთიერებები : დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
|
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის კორტაირიდა რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კორტაირის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება კორტაირი ?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. კორტაირისშენახვა
1. რა არის კორტაირი და რისთვის გამოიყენება?
- · კორტაირი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომელსაც იყენებენ ანთებითი პროცესის შესამცირებლად.
- · ასთმას იწვევს სასუნთქი გზების ანთება. კორტაირი გამოიყენება ასთმის ყველა ეტაპზე ანთების საწინააღმდეგოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს სასუნთქი გზების გაფართოება, დაავადების სიმპტომები დაექვემდებაროს კონტროლს და შემცირდეს პერორალურად გამოყენებული სტეროიდების (სიცოცხლის გადარჩენის უზრუნველმყოფი პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ ასთმის მკურნალობის დროსაც) საჭიროება. არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით გამოყენება ფქოდ-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დროს. ამავე დროს კორტაირი გამოიყენება ვირუსებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციის - კრუპის სამკურნალოდ, რომელიც სწრაფად ვითარდება ჩვილებსა და ბავშვებში და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.
- · კორტაირი წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 20 ცალი ფლაკონის სახით. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ თეთრ-მოთეთრო სუსპენზიას. თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის.
- · კორტაირი განკუთვნილია ინჰალატორის (საინჰალაციო აპარატი) მეშვეობით შესუნთქვისთვის. სატუჩის ან სახის ნიღბის მეშვეობით შესუნთქვის დროს პრეპარატი მიაღწევს ფილტვებამდე.
საჭიროა გამოყენება რეგულარულად, ექიმის მიერ დანიშნული სახით. მაგრამ კორტაირი არ არის ეფექტური, თუ დაწყებულია ასთმის მწვავე შეტევა.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კორტაირის გამოყენებამდე
არ მიიღოთ კორტაირი ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში
- · თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბუდესონიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში კორტაირი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
- · თუ გაქვთ ფილტვების ანთება,
- · თუ გაქვთ ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების ანთება ან სუნთქვასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,
- · თუ გაქვთ ტუბერკულოზი,
- · თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები,
- · თუ გამოვლინდება დაბინდული მხედველობა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, უმოკლეს ვადაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებ ის (ფქოდ) მქონე ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა სტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, შესაძლებელია გაიზარდოს პნევმონიის (ფილტვებში ინფექცია) რისკი.
ასთმის სიმპტომებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია
თუ კორტაირის გამოყენებისას ფიქრობთ, რომ გიძნელდებათ სუნთქვა ან გაქვთ ხიხინი, უნდა განაგრძოთ კორტაირის გამოყენება, მაგრამ უმოკლეს ვადაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
- · თუ გიძნელდებათ ჩასუნთქვა ან ღამით ხშირად იღვიძებთ ასთმის გამო,
- · დილით გრძნობთ გულმკერდის შებოჭილობას ან ეს შებოჭილობა გრძელდება ჩვეულებრივზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს სიმპტომები შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ თქვენი მდგომარეობა არ ექვემდებარება სათანადო კონტროლს და დაუყოვნებლივ გესაჭიროებათ განსხვავებული ან დამატებითი მკურნალობა.
ზოგ შემთხვევაში კორტაირის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ექიმს ყოველთვის უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით ახლო წარსულში გადატანილი ანთების ან ღვიძლის დაავადების შესახებ.
თქვენს ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ყველა პრეპარატი, რომელსაც იღებთ, განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები, სტეროიდების შემცველი პრეპარატები და აივ ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც დანიშნულების გარეშე იღებთ.
კორტაირი დანიშნული გაქვთ მხოლოდ ასთმის გამო. თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ იგი სხვა დაავადებებისთვის. არ გადასცეთ თქვენი პრეპარატი სხვას.
არ არსებობს სრული ინფორმაცია ადამიანზე კორტაირის ხანგრძლივი ადგილობრივი და ზოგადი ზემოქმედების შესახებ. უნდა შენარჩუნდეს მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის კონტროლს. ექიმები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ იმ ბავშვების ზრდის მაჩვენებელს, რომლებიც ნებისმიერი გზით იღებენ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, და უნდა შეაფასონ ასთმის კონტროლის სარგებლის შეფარდება ზრდის მაჩვენებლის შესაძლო დათრგუნვასთან.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას კორტაირმა მის შემადგენლობაში არსებული კორტიკოსტეროიდების გამო შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი (ზურგზე კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა და განსაკუთრებით წელისა და მენჯის ძვლების განლევა), კუშინგოიდური თავისებურებები (კუშინგის სინდრომის მსგავსი მახასიათებლები), ადრენალური სუპრესია (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლებში მინერალების შემცველობის შემცირება, კატარაქტა, თვალშიგა წნევის მატება (გლაუკომა) და უფრო იშვიათად სისტემური ფსიქიკური ან ქცევითი რეაქციები, როგორიცაა ფსიქომოტორული ჰიპერატიურობა (ძლიერი და ინტენსიური აქტივობა ან მოუსვენრობა), ძილის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია (დათრგუნულობა) ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში).
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს ორალური კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში რძიანა). ამ ინფექციას შესაძლებელია დასჭირდეს სათანადო ანტიფუნგალური პრეპარატებით მკურნალობა და ზოგი პაციენტისთვის კორტაირით მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტებს, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო უტარდებათ მკურნალობა კორტიკოსტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, აღენიშნებათ ფილტვებში ანთებითი პროცესების მატება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, ყოველთვის სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი. არ არსებობს მტკიცებულება ორსულ ქალებში კორტაირის გამოყენებისას დედის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. კორტაირის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში არ შეწყვიტოთ კორტაირის მიღება, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბუდესონიდი გადადის დედის რძეში. მაგრამ სამკურნალო დოზებით კორტაირის მიღებისას არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვების გამო ბავშვზე ზემოქმედება. ლაქტაციის პერიოდში შეიძლება კორტაირის გამოყენება.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
კორტაირი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორტაირის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ არსებობს სპეციალური გაფრთხილება კორტაირის შემადგენელ დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- · სტეროიდული პრეპარატები (იყენებენ მრავალი დაავადების, მათ შორის ასთმის შეტევის და მკურნალობის დროს, როდესაც საჭიროა სწრაფი პასუხის მიღება).
- · სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი).
- · აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირისა და კობისტატის შემცველი პრეპარატები; შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება კორტაირი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
კორტაირის დოზა იცვლება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ყურადღებით შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები. შესაძლებელია ეს რეკომენდაციები განსხვავდებოდეს ამ ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაციისგან.
ყოველთვის გამოიყენეთ კორტაირი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ მათ რჩევა გამოყენებასთან დაკავშირებით. კორტაირის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინჰალატორის მეშვეობით. სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, დარწმუნდით, რომ იცით ინჰალატორის გამოყენება.
ყველა ინჰალატორი არ არის კორტაირის გამოსაყენებლად ვარგისი. არ შეიძლება კორტაირის გამოყენება ულტრაბგერითი ინჰალატორებით.
კორტაირის პირველად გამოყენებამდე უნდა წაიკითხოთ „ გამოყენების ინსტრუქცია “ და ყურადღებით შეასრულოთ მითითებები.
არ დაგავიწყდეთ : ყოველი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია პირში წყლის გამოვლება. თუ იყენებთ სახის ნიღაბს, ყოველი დოზის შემდეგ დაიბანეთ პირი.
ასთმის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა :
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები : დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0,25-0,5 მგ-ს. თუ ბავშვი იღებს კორტიზონს, შესაძლებელია, მიეცეს უფრო მაღალი საწყისი დოზა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
მოზრდილები და ასაკოვნები : დღიური დოზა შეადგენს ჯამში 1-2 მგ-ს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეგიმციროთ დოზა.
შემანარჩუნებელი მკურნალობა :
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები : დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.25 - 2 მგ-ს.
მოზრდილები და ასაკოვნები : დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.5 - 4 მგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
კრუპის მკურნალობა :
ჩვილებისა და ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 2 მგ. ეს დოზა შესაძლებელია მიეცეს ერთ ჯერზე მთლიანად ან თავდაპირველად 1 მგ, 30 წუთის შემდეგ - 1 მგ.
კორტაირით მკურნალობის დაწყების შემდეგ პირველივე დღიდან შესაძლებელია თავი უკეთ იგრძნოთ. მაგრამ სრული ეფექტის მიღებას შესაძლებელია დასჭირდეს 2-4 კვირა. არ შეწყვიტოთ კორტაირის დოზების მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.
თუ იღებთ „კორტიზონის“ ტაბლეტებს და ექიმმა დაგინიშნათ კორტაირი, შესაძლებელია ტაბლეტის დოზა შეგიმციროთ ეტაპობრივად (რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში). ბოლოს შესაძლებელია საჭირო გახდეს ტაბლეტის შეწყვეტა.
შენიშვნა : თუ თქვენ მკურნალობდით „კორტიზონის“ ტაბლეტით და იგი შეიცვალა კორტაირით, დროებით შესაძლებელია ისევ გამოგივლინდეთ სიმპტომები, რომელიც ადრე გაწუხებდათ: ცხვირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე ეს სიმპტომი შეგაწუხებთ ან გექნებათ თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების გზა და მეთოდი :
1. გამოყენების წინ ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება განაწილდეს სითხეში.
2. ერთდოზიანი ერთეული დაიჭირეთ ვერტიკალურად, ზედა ნაწილი მობრუნეთ და გახსენით.
3. ერთეულის ღია დაბოლოება მოათავსეთ ინჰალატორის რეზერვუარში და ფრთხილად მოუჭირეთ ხელი.
ერთდოზიან ფლაკონზე მონიშნულია ხაზი. როდესაც ფლაკონს დაიჭერთ გადმობრუნებული სახით, ეს ხაზი უჩვენებს 1 მლ მოცულობას.
თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, შიგთავსი დაცალეთ, სანამ სითხე არ მიაღწევს ხაზამდე.
გახსნილი ერთდოზიანი ერთეული შეინახეთ სინათლისგან დაცული სახით. გახსნილი ერთდოზიანი ერთეული გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დარჩენილი მოცულობა არ არის სტერილური.
დარჩენილი სითხის გამოყენებამდე ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება კვლავ განაწილდეს სითხეში.
შენიშვნა :
1. ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი.
2. თუ იყენებთ სახის ნიღაბს, დარწმუნდით, რომ ინჰალაციის დროს ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ პირი.
- · გაწმენდა
ინჰალატორის რეზერვუარი და სატუჩე ან სახის ნიღაბი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. დეტალები გარეცხეთ მწარმოებლის მიერ მითითებული სახით ცხელი წყლისა და რბილი დეტერგენტის გამოყენებით. კარგად გაავლეთ წყალი, ინჰალატორის რეზერვუარი გააშრეთ კომპრესორზე დამაგრებული სახით.
თუ თვლით, რომ კორტაირის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ კორტაირი საჭიროზე მეტი რაოდენობით :
თუ შემთხვევით გამოიყენეთ კორტაირი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ერთჯერადად კორტაირის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი საზიანო ზემოქმედება. ხანგრძლივად (თვეების განმავლობაში) ძალიან დიდი რაოდენობით კორტაირის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი რეაქციები. თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია თქვენ გეხებოდეთ, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ კორტაირის მიღება
თუ დაგავიწყდათ კორტაირის რუტინული დოზის მიღება, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსირება. მომდევნო დოზა მიიღეთ დანიშნულების შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
კორტაირით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასთმის მხრივ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
თუ გექნებათ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, კორტაირის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ კორტაირის გამოყენებისას რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენა შეგიქმნით დისკომფორტს ან გაგრძელდება დიდხანს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ კორტაირის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს :
- · სახის, განსაკუთრებით ტუჩების, ენის, თვალებისა და ყურების მიდამოში შეშუპება
- · სუნთქვის გაძნელება
- · კანზე გამონაყარი, ქავილი, კანზე ანთებითი პროცესი (კონტაქტური დერმატიტი), ურტიკარია
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ გამოვლინდა რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია კორტაირზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში მკურნალობა. ასეთი სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია (აღენიშნება 1,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
- · პრეპარატის მიღების (ინჰალაციის) შემდეგ მომენტალური ხიხინი. ეს ძალიან იშვიათია, აღენიშნება 10,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
სხვა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებია:
ხშირი:
- · კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში სოკოვანი ინფექცია). კორტაირის გამოყენების შემდეგ პირის წყლით დაბანის შემთხვევაში ნაკლებია მისი განვითარების ალბათობა.
- · ყელის მსუბუქი გაღიზიანება
- · ხველა
- · ხმის დაბოხება (იშვიათად ვლინდება ბავშვებში)
- · ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონია (ფილტვებში ინფექცია)
თუ კორტაირის გამოყენებისას გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ მითითებული რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს ფილტვის ინფექციის გამოვლინება:
- · ცხელება ან კანკალი
- · ლორწოს მომატებული გამოყოფა, ლორწოს ფერის ცვლილება
- · გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება
არახშირი:
- · შფოთვის, მოუსვენრობის და დაძაბულობის შეგრძნება
- · დეპრესია
- · კანკალი
- · კატარაქტა
- · კუნთების კრამპი
- · დაბინდული მხედველობა
იშვიათი:
- · კანზე სილურჯე
- · სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ სახეზე სიწითლე. აღნიშნული შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირის დაბანით.
- · ძილის პრობლემები, დეპრესია ან აღელვების, მოუსვენრობის, გაღიზიანების, აჟიტირების ან შფოთვის შეგრძნება. ეს რეაქციები უმეტესად ვლინდება ბავშვებში.
- · ხმის ჩახლეჩა
- · ხმის დაბოხება (ბავშვებში)
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზით მიღებამ შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სტეროიდულ ჰორმონებზე, რომელსაც ჩვეულებრივ აწარმოებს თქვენი ორგანიზმი. ეს ზემოქმედება მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებსაც:
- · ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შენელება (იშვიათად). წლების განმავლობაში მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს სიმაღლის დაახლოებით 1 სმ-ით კლება.
- · ძვლებში მინერალების შემცველობის შემცირება (ძვლების გათხელება);
- · გლაუკომა (თვალშიგა წნევის მატება)
- · თირკმელზედა ჯირკვალზე (პატარა ჯირკვალი, რომელიც ესაზღვრება თირკმელს) ზემოქმედება (იშვიათად)
კორტიკოსტეროიდების ტაბლეტებთან შედარებით ინჰალაციის გზით გამოყენებულ კორტიკოსტეროიდებთან ამ რეაქციების გამოვლენა უფრო ნაკლები ალბათობითაა მოსალოდნელი.
რეაქცია სავარაუდოდ დამოკიდებულია დოზაზე, ზემოქმედების ვადაზე, პარალელურად ან ადრე მიღებული სტეროიდების ზემოქმედებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ინჰალატორის ნიღბის გამოყენებისას ზოგჯერ ვლინდება სახის კანის გაღიზიანება. სახეზე კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირი დაიბანეთ წყლით.
იშვიათად ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო ზოგადი გვერდითი რეაქციები, რომელზეც უნდა მიიტანოთ ეჭვი, თუ იგრძნობთ დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას ან ღებინებას.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. კორტაირის შენახვა
კორტაირი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
თუ დოზის მიღებისას მთლიანად არ იყენებთ ერთეულს, დარჩენილი ნაწილი უნდა მოარიდოთ სინათლეს. ყოველი დოზა უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 12 საათის განმავლობაში. ჩაინიშნეთ ფოლგის პაკეტის პირველად გახსნის თარიღი. არ გამოიყენოთ პრეპარატი, რომელიც 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა გახსნილ ფოლგის პაკეტში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ გამოიყენებთ ფლაკონის შიგთავსის ნახევარს, დარჩენილი ნაწილი აღარ იქნება სტერილური.
შეინახეთ ვერტიკალურად.
უნდა ინახებოდეს 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ შეიძლება გაყინვა.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ კორტაირი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ კორტაირი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა 42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №: 2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38
ქაფაქლი / თექირდაი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 23/12/2019 წელს.
15014HM01294-01










