მაქსიკაინი ფორტე80+0,02მგ/2მლ#20ა
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
მაქსიკაინი ფორტე 80მგ/2მლ+0,02მგ/2მლ საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა
კეთდება ღრძილში.
სტერილური
- აქტიური ნივთიერება: ყოველი ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 80 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,020 მგ ეპინეფრინის ეკვივალენტურ 0,03638 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
|
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის მაქსიკაინი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება მაქსიკაინი ფორტე?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. მაქსიკაინი ფორტეს შენახვა
1. რა არის მაქსიკაინი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის ბიტარტრატს. ამპულაში არსებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0.01819 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ამპულა, თითოეული შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს.
მაქსიკაინი ფორტეს ამპულა გამოიყენება მხოლოდ სტომატოლოგიური ანესთეზიის დროს.
მაქსიკაინი ფორტე არის ლოკალური (ადგილობრივი) საანესთეზიო პრეპარატი. ეს არის აცეტამიდის ტიპის ლოკალური საანესთეზიო საშუალება. მაქსიკაინი ფორტე ინფილტრაციული საანესთეზიო საშუალებაა. სწრაფად ავლენს ანესთეზიურ ეფექტს და უსაფრთხოა.
მაქსიკაინი ფორტე გამოიყენება ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში:
გამოიყენება ლორწოვან გარსზე და ძვლებზე ჩარევის დროს, რომელიც იწვევს ძლიერ სისხლდენას, პულპაზე განხორციელებული ქირურგიული ჩარევის დროს, ისეთი ოპერაციების დროს, როგორიცაა პაროდონტული ექსტრაქცია, და გატეხილი კბილის ამოღება (ოსტეოტომია), ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციების დროს, კბილთან და ღრძილთან დაკავშირებული სხვა ოპერაციის (პერკუტანული ოსტეოსინთეზი, კისტის ამოღება, ფესვის წვერის ამოღება), მაღალი მგრძნობელობის მქონე კბილებზე ღრუს და გვირგვინის პრეპარაციის დროს.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე,
- თუ გაქვთ ალერგია მაქსიკაინი ფორტეს შემადგენილ არტიკაინზე, ეპინეფრინზე, სულფიტებზე, მათ შორის მეტაბისულფიტზე, ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,
- თუ დაავადებული ხართ ასთმით და გაქვთ ალერგია სულფიტებზე (ძლიერი ასთმის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს უეცარი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქების შევიწროება),
- თუ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ძლიერი ჰიპერტენზია,
- მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც:
- თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, რომელიც უეცრად იწყება და სრულდება,
- თუ გულისცემის აჩქარებასთან ერთად ადგილი აქვს რითმის დარღვევას,
- თუ ბოლო 3-6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ აორტო-კორონარული შუნტირება,
- თუ დაავადებული ხართ ფეოქრომოციტომით,
- თუ გულისთვის იყენებთ სელექტიურ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპანოლოლი),
- თუ გაქვთ ჰიპერთირეოიდიზმი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საკმარისზე მეტი ფარისებრი ჰორმონი),
- თუ გაქვთ მაღალი თვალშიგა წნევა (თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა),
- თუ იღებთ დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაო ინჰიბიტორები).
არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება ინტრავენურად. არ უნდა გაკეთდეს ინექცია ანთებით დაავადებულ მიდამოში.
აუცილებლობის გარეშე არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება პაციენტებში ფერმენტ ქოლინესტერაზას დეფიციტით.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ შეიძლება სხეულის დაბოლოებების (მაგალითად, თითების) ანესთეზიის დროს. არ შეიძლება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
შემდეგ შემთხვევებში არ არის რეკომენდებული მცირე რაოდენობით ეპინეფრინის შემცველი მაქსიკაინის გამოყენება:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადება [გულის უკმარისობა, გულის კორონარული დაავადება, სტენოკარდია (მკერდის ტკივილი, რომელიც ვლინდება გულის მკვებავი სისხლძარღვების დავიწროებით/დახშობით), ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის დარღვევა, მაღალი წნევა],
- ანამნეზში თავის ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაზიანება ან დამბლა,
- ბრონქების ქრონიკული ანთება ან ემფიზემა (ქსოვილებში ან ორგანოებში ჭარბი რაოდენობით ჰაერის დაგროვება),
- დიაბეტი,
- ორგანიზმის მიერ საჭიროზე მეტი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის გამომუშავება,
- ძლიერი შფოთვა.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს არტიკაინს, რის გამოც:
- თუ გაქვთ მკვეთრად შენელებული გულისცემა,
- თუ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა (მაგალითად, მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადა),
- თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა,
- თუ გქონდათ ეპილეფსია;
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც:
- ჰალოგენირებულ საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას,
- თუ გაქვთ დიაბეტი (შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის ცვლილება)
მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
- თუ გაქვთ თირკმლის და ღვიძლის მძიმე დაავადება,
- თუ გაქვთ ალერგიული ასთმა,
- თუ იყენებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატს (ასპირინი, ჰეპარინი).
მაქსიკაინი ფორტემ დოპინგ-ტესტებზე შესაძლებელია მოგვცეს დადებითი პასუხი.
- აუცილებლობის გარეშე არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფერმენტ ქოლინესტერაზას დეფიციტი.
- თუ ინექციის დროს გამოვლინდება პირველი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, დაბუჟება, ექიმი შეწყვეტს ინექცია და განახორციელებს საჭირო რეაგირებას.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების გზიდან გამომდინარე არ გააჩნია ურთიერთზემოქმედება საკვებთან და სასმელთან.
ამ პრეპარატმა გარკვეული ხნის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუში მგრძნობელობის დაკარგვა. პირის ღრუში მგრძნობელობის მთლიანად აღდგენამდე მოერიდეთ საკვების მიღებას, საღეჭი რეზინის ღეჭვას, ცხელი სითხის დალევას. როდესაც პირის ღრუში მგძნობელობა დაკარგულია, ღეჭვამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემთხვევით ენაზე, ტუჩზე ან ლოყის შიდა მხარეს კბენა და დაზიანება.
თუ ბავშვს გაუკეთდა მაქსიკაინი ფორტე, ყურადღებით იყავით, სანამ პირის ღრუში არ აღდგენა მგრძნობელობა, ბავშვმა არ მიიღოს საკვები, არ დაღეჭოს საღეჭი რეზინი, არ დალიოს ცხელი სითხეები.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის სრულად დადგენილი ორსულობის დროს მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების უვნებლობა. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენოს თუ არა ეს პრეპარატი ორსულობის დროს. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის რაოდენობა, რომელიც გადადის დედის რძეში, კლინიკურად უმნიშვნელოა, რის გამოც, როგორც წესი, შესაძლებელია მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება ლაქტაციის დროს.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მართოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება ქალაქში აქტიური მოძრაობის პირობებში ან უნდა მართოთ თუ არა გარკვეული მექანიზმები ჩარევის შემდეგ, რომლის დროსაც გამოიყენეს მაქსიკაინი ფორტე. ამ საკითხზე შეასრულეთ თქვენი ექიმის მითითებები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქსიკაინი ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. ძალიან იშვიათად ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სერიოზული ალერგია) და ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება). ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ძირითადად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
კატეგორიულად დაუშვებელია მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორთან (მაგალითად, პროპანოლოლი) ერთად.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა დეპრესიის სამკურნალო ზოგ პრეპარატთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგ პრეპარატთან (მაო ინჰიბიტორები) ერთად მაქსიკაინი ფორტეს შემადგენლობაში არსებული ეპინეფრინის გამოყენებისას. შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.
მაქსიკაინი ფორტეს შემადგენლობაში არსებულმა ადრენალინმა შესაძლებელია მოახდინოს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფის ინჰიბირება და დააქვეითოს პერორალური დიაბეტური პრეპარატების ეფექტი.
თუ იყენებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატს (ჰეპარინი, ასპირინი), მაქსიკაინი ფორტეს ზემოქმედებით შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
ჰალოტანმა მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მოახდინოს არითმიების პროვოცირება.
მაქსიკაინი ფორტეს შესაძლებელია ჰქონდეს ურთიერთზემოქმედება ფსიქიკური დაავადებების დროს გამოყენებულ ფენოთიაზინთან.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება მაქსიკაინი ფორტე?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი დაავადებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მაქსიკაინი ფორტეს დოზას და გაგიკეთებთ პრეპარატს. მაქსიკაინი ფორტეს იყენებს სტომატოლოგი ლოკალურად ღრძილებზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
თქვენი ექიმი მაქსიკაინი ფორტეს დოზის რეგულირებას მოახდენს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა.
თუ თვლით, რომ მაქსიკაინი ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ქირურგიული პროცედურის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ჩარევის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით.
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება:
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც შეუძლებელია დაგავიწყდეთ გამოყენება.
მაქსიკაინი ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია:
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ქირურგიული პროცედურის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ჩარევის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგივე ექიმი დაასრულებს მკურნალობას.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, მაქსიკაინი ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი:
- გულისრევა, ღებინება
- თავის ტკივილი
- კანზე დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- პირის ღრუს ან სახის მიდამოში მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია)
არახშირი:
- აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია)
- გაბრუება
უცნობია:
- გულის რითმის დარღვევები
- არტერიული წნევის მატება ან დაქვეითება
- შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია)
- გულის უკმარისობა და შოკი, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო
- დოზიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ზედოზირების ან შეცდომით სისხლძარღვში პრეპარატის ინექციის გაკეთების შემთხვევაში) შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის დარღვევები. მაგალითად:
- შფოთვა, გაღიზიანება
- გაბრუება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გონების დაკარგვიდან კომამდე
- სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სუნთქვის გაჩერებამდე
- კუნთების კანკალი, მიოკიმია, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გავრცელებულ კონვულსიებამდე
- თავის მიდამოში გამოყენების დროს ან გამოყენებისთანავე შესაძლებელია გამოვლინდეს, როგორც წესი, შექცევადი მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, სიბრმავე, გაორებული მხედველობა, თვალის გუგების გაფართოება). ეს სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია.
- არასწორი ინექციიდან გამომდინარე ნერვული დარღვევები, სახის ნერვების დაზიანება ან სახის დამბლა, გამოყენების ადგილზე ქსოვილის ნეკროზი
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები). შესაძლებელია გამოვლინდეს ინექციის ადგილზე შეშუპების და ანთების სახით. ქვემოთ ჩამოთვლილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც არ შემოიფარგლება ინექციის ადგილით:
- სიწითლე, გამონაყარი,
- ქავილი,
- თვალების გაწითლება და ცრემლიანობა,
- ცხვირიდან გამონადენი,
- სახის, ზედა და/ან ქვედა ტუჩის და/ან ლოყების შეშუპება,
- ხორხის მიდამოში, სადაც არის მბგერავი ნაოჭები, ყლაპვის გაძნელება და შეშუპება,
- ურტიკარია,
- სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს ანაფილაქსიურ შოკამდე.
- პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო, განსაკუთრებით ასთმით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ეს რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახით: ღებინება, დიარეა, მსტვენი სუნთქვა, ასთმის მწვავე შეტევა, ცნობიერების დარღვევა ან შოკი.
ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები:
პატარა ბავშვებში კბილის მკურნალობის შემდეგ პირის მიდამოში შეგრძნების დაკარგვა უფრო დიდხანს გრძელდება, რის გამოც რბილი ქსოვილების შემთხვევით კბენის შედეგად დაზიანების რისკი მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. მაქსიკაინი ფორტეს შენახვა
მაქსიკაინი ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა №:42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №:2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38 ქაფაქლი / თექირდაი.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 19/07/2018 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის
პოზოლოგია/გამოყენების სიხშირე და ვადა:
ზედა ყბის მიდამოში, სადაც არ არის ანთება, გართულების გარეშე კბილის ამოსაღებად, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 2 მლ მაქსიკაინი ფორტეს ვესტიბულური დეპო. იშვიათ შემთხვევებში სრული ანესთეზიის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს ვესტიბულური ინექციისთვის 1-2 მლ-ის დამატება. სასაზე ინექცია მტკივნეულია, რის გამოც შესაძლებელია მასზე უარის თქმა. თუ სასაზე საჭიროა განაკვეთის გაკეთება ან ნაკერის დადება, ყოველი ნაჩხვლეტისთვის საკმარისია დაახლოებით 0,1 მლ პალატალური დეპოს უზრუნველყოფა. ერთმანეთის გვერდით მდებარე რამდენიმე კბილის ამოღებისას უმეტესწილად შესაძლებელია ვესტიბულური დეპოს რაოდენობის შემცირება.
ქვედა ყბის მიდამოში, სადაც არ არის ანთება, პრემოლარული კბილების გართულების გარეშე ამოღებისას უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია უარი ითქვას მანდიბულურ ანესთეზიაზე, რადგანაც, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 2 მლ მაქსიკაინით განხორციელებული ტერმინალური ანესთეზია. თუ ვერ იქნა მიღწეული სასურველი ანესთეზია, შესაძლებელია ანესთეზიის გაძლიერება 1-2 მლ ვესტიბულური ინექციის გაკეთებით. თუ მიუხედავად ამისა არ იქნა უზრუნველყოფილი სრული ანესთეზია, მიმართავენ ჩვეულებრივ მანდიბულურ ანესთეზიას.
ქირურგიული ჩარევისას მაქსიკაინი ფორტეს დოზა უნდა დარეგულირდეს პროცედურის სერიოზულობის და ხანგრძლივობის მიხედვით.
მოზრდილებში ერთი პროცედურის დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთ კილოგრამზე 7 მგ-მდე არტიკაინი. ცნობილია, რომ ასპირაციის კონტროლის განხორციელებით ტოლერანტობა გამოვლინდა 500 მგ-მდე რაოდენობით (12.5 მლ ხსნარი) გამოყენების შემთხვევაშიც.
გამოყენების ფორმა:
პრეპარატის ინტრავენურად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ყოველ ინექციამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ასპირაციის ტესტი.
პაციენტს შეუძლია საკვების მიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის ანესთეზიის ზემოქმედება.
ამპულის გახსნა:
ამპულა დაიჭირეთ ისე, რომ წერტილი იყოს ზევით. თუ სექციაში არის ხსნარი, ამპულას ფრთხილად დაარტყით ან შეარხიეთ ამპულა, რათა ხსნარი წამოვიდეს ქვემოთ. ამპულა უნდა გეჭიროთ ისე, რომ წერტილი იყოს ზემვით, და სექცია დაქაჩეთ ქვემოთ და გატეხეთ.
დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკური პოპულაციების შესახებ:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, დაბალი დოზა.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების დროს გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ანესთეზიას, ინექციის რაოდენობა უნდა დარეგულირდეს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით ინდივიდუალურად. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ სხეულის წონას (0,175 მლ/კგ). ეს პრეპარატი არ არის შესწავლილი 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
გერიატრიული პოპულაცია:
ასაკოვან პაციენტებს უნდა გაუკეთდეს ყველაზე დაბალი დოზა.
15014HM01297-00










