დიაზომიდი(დიაკარბი)250მგ #10ტ
გააზიარე:
დიაზომიდი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: აცეტაზოლამიდი 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, PVP K-30, ტარტრაზინი, მაგნიუმის სტეარატი.
1. დიაზომიდის დახასიათებდა გამოყენება
დიაზომიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აცეტაზოლამიდს. 1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აქტიურ ნივთიერებას. პრეპარატის შეფუთვაში წარმოდგენილია 10 ტაბლეტი.
დიაზომიდი მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ჩვენებით:
• ღია კუთხოვანი ან მეორეული გლაუკომა (დაავადება, რომელიც იწვევს თვალშიდა წნევის მატებას);
• მწვავე შეგუბებითი გლაუკომის პრეოპერაციული მკურნალობა;
• გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში (სუნთქვის უკმარისობა გულის უკმარისობის გამო, შეშუპება, ღვიძლის მნიშვნელოვან გადიდებასთან დაკავშირებული დარღვევები) და სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული მეორეული შეშუპების მკურნალობასთან კომბინაციაში.
• დამხმარე თერაპია ეპილეფსიის მკურნალობის დროს;
• სიმაღლის დაავადების მწვავე ეპიზოდის სიმპტომების პროფილაქტიკა და გაუმჯობესება;
2. დიაზომიდის მიღებამდე პაციენტისთვის გასათვალისწინებელი ინფორმაცია
დიაზომიდი არ მიიღება შემდეგ შემთხვეებში, თუ:
- პაციენტი არის ალერგიული აქტიური ნივთიერების, აცეტაზოლამიდის, ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (აცეტაზოლამიდი წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულს. მოსალოდნელია ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქცია);
- პაციენტის სისხლში დაბალია ნატრიუმის და/ან კალიუმის რაოდენობა;
- პაციენტს აქვს ღვიძლის და თირკმლის გამოხატული დაავადება ან დისფუნქცია;
- პაციენტს აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა;
- პაციენტს აქვს სისხლში ქლორის შემცველობის მატებით მიმდინარე სერიოზული მდგომარეობა, რომელიც იწვევს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევას ორგანიზმში (ჰიპერქლორემიული აციდოზი);
- პაციენტს აქვს ღვიძლის სერიოზული დაავადება, ე.წ. ციროზი;
- პაციენტს აქვს არაშეგუბებითი დახურულკუთხოვანი გლაუკომა (აცეტაზოლამიდის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს გლაუკომის გაუარესების ნიშნები თვალშიდა წნევის შემცირების გამო).
დიაზომიდი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი (რომელიც იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას ან დაქვეითებას);
- თუ პაციენტი ხანდაზმულია და აქვს თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შესაძლოა განვითარდეს სერიოზული მეტაბოლური დარღვევა, ე.წ. აციდოზი);
- თუ პაციენტს უტარდება გახანგრძლივებული მკურნალობა (მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სისხლში ელექტროლიტების განსაზღვრა და სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, ის ასევე გააფრთხილებს პაციენტებს, დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს კანზე უჩვეულო გამონაყარის გაჩენის შესახებ);
- პრეპარატის დოზის მომატებისას (თავბრუსხვევის და სუბიექტური სენსორული დარღვევების სიხშირე იზრდება);
- თუ პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვის ალვეოლებს (მაგ. ემფიზემა) ან დაავადება, რომლის დროსაც ფილტვებში ჰაერის ვენტილაცია მცირდება (უარესდება აციდოზის ნიშნები);
- თუ პაციენტი იღებს ასპირინის დიდ დოზას (აღწერილია ანორექსია, ძალინ ხშირი სუნთქვა, ძილიანობა და თავბრუსხვევა, მეტაბოლური აციდოზი, კომა და სიკვდილიც კი);
- სიმაღლის დაავადება შეიძლება განვითარდეს მთაზე სწრაფი ასვლის დროს. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სიმაღლეზე ასვლა.
თუ პაციენტს რომელიმე ზემოთ აღნიშნული აქვს ან წარსულში ჰქონდა, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დიაზომიდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი ექიმის მიერ მითითებული დოზით უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით (1 ჭიქა წყალი). კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია მისი მიღება საკვებთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ექიმი ნიშნავს დიაზომიდს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკებს.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცეტაზოლამიდი გადადის დედის რძეში. ლაქტაციის დროს დიაზომიდის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, დედის რძეში გადასული პრეპარატისგან ბავშვის დაცვის მიზნით ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის და ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიაზომიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა, რომელსაც დიაგნოსტირებული აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ტარტრაზინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
• ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა): იწვევს სისხლში მჟავის დაგროვებას, რაც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ ნერვულ სისტემას;
• ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება): კომბინირებული მიღებისას პაციენტების სისხლში იმატებს ფენიტოინის კონცენტრაცია და იზრდება წამლით-გამოწვეული ძვლოვანი ქსოვილის დარღვევების (ოსტეომალაცია) რისკი;
• პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება): მცირდება აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში, რაც ამცირებს მის ანტიეპილეფსიურ ეფექტს;
• არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება მსგავსი მოქმედების მქონე სხვა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან ერთად;
• შეიძლება გაზარდოს იმ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ხასიათდება ფოლიუმის მჟავას საწინააღმდეგო ეფექტით;
• დიაზომიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდიაბეტური მედიკამენტებით, რადგან მოსალოდნელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება ან მომატება;
• ამფეტამინის (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის და წონის კონტროლის მიზნით) და ქინიდინის (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ) ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, რადგან მცირდება მათი ექსკრეცია შარდით;
• შეიძლება დათრგუნოს მეთენამინის (საშარდე გზების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ) ანტისეპტიკური ეფექტი;
• ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების დროს): ძლიერდება მისი ექსკრეცია, რაც იწვევს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას;
• ნატრიუმის ბიკარბონატი: იზრდება თირკმლის კენჭის ფორმირების რისკი;
• ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისთვის ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს: სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა რეცეპტით გასაცემი და არასარეცეპტო სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
3. დიაზომიდის მიღების წესი
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა):
მოზრდილებში ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს დამხმარე თერაპიის მიზნით ინიშნება 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში მეორეული გლაუკომის და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს ოპერაციამდე ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. მწვავე გლაუკომის ცალკეულ შემთხვევებში საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს, ხოლო შემდეგ 125-250 მგ-ს ყოველ 4 საათში. დღეში 1000 მგ-ზე მეტი რაოდენობით მიღებისას დამატებითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ეპილეფსია (გულყრა):
მოზრდილებში ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ ინიშნება 250-1000 მგ დღეში.
მოზრდილებში სხვა ანტიკონვულსანტებთან (გულყრის საწინააღმდეგო) ერთად მიღებისას, საწყისი დოზა შეადგენს 250 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში.
ოპტიმალური დღიური დოზა არის 375-1000 მგ, თუმცა ცალკეულ პაციენტებში უფრო მცირე დოზაზეც აღინიშნება ეფექტი.
გულის შეგუბებითი უკმარისობა (გამოხატული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის უკმარისობით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით, ღვიძლის გადიდებით) ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული მეორეული შეშუპება:
ჩვეულებრივი დიურეზის (გაძლიერებული დიურეზის) დროს მიიღება 250-375 მგ (1-1.5 ტაბლეტი). პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს; წყვეტილი მკურნალობა რეკომენდებულია ეფექტის შესანარჩუნებლად.
პრეპარატი გულის შეგუბებითი უკმარისობის და აციდოზის (სისხლში მჟავის ჭარბი დაგროვება) დროს გამოიყენება მცირე ხნით, შემდეგ კი საჭიროა ელექტროლიტების რაოდენობის განსაზღვრა.
სიმაღლის მწვავე დაავადება:
დღიური დოზა შეადგენს 500-1000 მგ-ს (2-4 ტაბლეტი).
სწრაფი ასვლის საჭიროებისას, მაგალითად სამაშველო ან სამხედრო ოპერაციების დროს, რეკომენდებულია დღეში 1გ-ის მიღება. მკურნალობის დაწყება სასურველია სიმაღლეზე ასვლამდე 24-48 საათით ადრე, იგი უნდა გაგრძელდეს სიმაღლეზე ასვლის დროს და სიმაღლის მიღწევიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
სიმაღლეზე სწრაფი ასვლის დროს დიაზომიდის მიღების მიუხედავად, საჭიროა სიმაღლიდან დაუყოვნებლივ დაშვება სიმაღლესთან დაკავშირებული დაავადების ისეთი სიმპტომების განვითარებისთანავე, როგორიცაა ფილტვის შეშუპება ან თავის ტვინის შეშუპება.
მიღების გზა
დიაზომიდი მიიღება პერორალურად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში
ეპილეფსია (გულყრა):
ბავშვებში დამხმარე თერაპიის სახით მიიღება 8-30 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე (1-4-ჯერ დღეში). ბავშვებში ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ-ს.
გამოყენება ხანდაზმულებში
საწყისი დოზა შეადგენს 250 მგ-ს ორჯერ დღეში, გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. მკურნალი ექიმი შეაფასებს თირკმლის, ღვიძლის, გულის ფუნქციებს და სხვა არსებულ დაავადებებს და დანიშნავს სათანადო დოზას.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა
მკურნალი ექიმი თირკმლის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით განსაზღვრავს პრეპარატის დოზას.
ღვიძლის უკმარისობა
მკურნალი ექიმი ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით განსაზღვრავს პრეპარატის დოზას.
თუ პაციენტი თვლის, რომ დიაზომიდის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დიაზომიდის დასაშვებზე მეტი დოზის გამოყენებისას
დიაზომიდის დასაშვებზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დიაზომიდის დოზის გამოტოვება
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
დიაზომიდით მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
დიაზომიდით მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტისას შესაძლებელია ისეთი ჩივილების კვლავ განვითარება, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას ან დაავადების მნიშვნელოვნად გაუარესება.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, დიაზომიდის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
დიაზომიდის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
• დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
• სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლმდენი უბნები, შეშუპება და სიწითლე, პროგრესული ანთება);
• თვალის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და საჭიროებს სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენას სიბრმავის თავიდან ასაცილებლად.
ჩამოთვლილთაგან რომელიმეს განვითარება მიუთითებს, რომ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა დიაზომიდის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ნაწილდება შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
ძალიან ხშირი:
• მეტაბოლური აციდოზი (სისხლში და ბიოლოგიურ სითხეებში მჟავის შემცველობის მატება);
• ელექტროლიტური დისბალანსი;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები;
• გაძლიერებული შარდვა;
• დაღლილობა.
ხშირი:
• ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
• მადის დაკარგვა;
• სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება;
• სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება;
• ძილიანობა;
• გემოს დარღვევები;
• თავის ტკივილი;
• დეპრესიული გუნება-განწყობა;
• გულისრევა;
• ფაღარათი;
• ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში.
არც ისე ხშირი:
• სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება;
• მოუსვენრობა;
• დაბნეულობა;
• სმენის მხრივ დარღვევები;
• ღებინება;
• თირკმელში კენჭის ფორმირება.
უცნობი სიხშირის:
• ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის სუპრესია;
• სისხლის მხრივ პრობლემები, როგორიცაა ანემია, სისხლში ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
• დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, წვრილკეროვანი სისხლჩაქცევები, დაბნეულობა, თავის ტკივილი, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
• სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება;
• ძვლების დარბილება;
• ხელის მტევნებში, ტერფებში, ხელის და ფეხის თითებში, პირში, ენაზე, ტუჩებზე და ანუსის ირგვლი მგრძნობელობის შემცირება, ჩხვლეტის შეგრძნება;
• მსუბუქი დამბლა;
• ფიზიკური აქტივობის ან მოტორული ფუნქციების დაქვეითება;
• სიარულთან დაკავშირებული გართულებები მოძრაობის კონტროლის გაძნელების გამო;
• გულყრა;
• ტინიტუსი;
• ალები;
• კუპრისფერი განავალი სისხლდენის გამო;
• ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, რაც გამოწვეულია სანაღვლე სადინრებიდან ნაღვლის ექსკრეციის დარღვევით;
• ურტიკარია, სინათლისადმი მგრძნობელობა;
• ალერგიული რეაქციები კანზე;
• შარდში კრისტალების არსებობა, შარდში გლუკოზის არსებობა, შარდში სისხლის არსებობა, თირკმლის უკმარისობა;
• დაღლილობა/სისუსტე, ცხელება, წყურვილის შეგრძნება;
• დროებითი შორსმხედველობა.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დიაზომიდის შენახვის წესები
დიაზომიდი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დიაზომიდი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი
Sanofi Sağlık Ürünleri Ltd. Şti.
Buyukdere Cad. No: 193 Levent
34394 Sisli-Istanbula
Tel: 0212 339 10 00
Fax: 0212 339 10 89
სანოფი საღლიკ ურუნლერი ლტდ. სტი.
ბუიუკდერე კად. #193, ლევენტი
34394 სისლი-სტამბოლი
ტელ: 0212 339 10 00
ფაქსი: 0212 339 10 89.
მწარმოებელი
Sanofi İlaç San. ve Tic. Inc.
Büyükkarşıran 39780, Lüleburgaz-Kırklareli
sanofi ilaj san ve tij inj.
buiukkarSiran 39780, luleburRazi-kirklareli.