ციკლოდოლი 0.002გ #50ტ

ციკლოდოლი 0.002გ #50ტ

3.22 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგა გრინდექსი
ჯენერიკი: Trihexyphenidylum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 11434
გააზიარე:

ციკლოდოლი გრინდექსი
 (Cyclodol Grindeks)


გენერიული დასახელება:
ტრიჰექსიფენიდილი
 
წამლის ფორმა: ტაბლეტი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის     სტეარატი.
    
აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელცილინდროვანი ტაბლეტები ფასკით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიქოლინერგიული საშუალება  АТХ კოდი N04AA01
 
ჩვენება:
პარკინსონიზმი. სამკურნალო საშუალებებით განპირობებული ექსტრაპირამიდული დარღვევები.
 
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად მხოლოდ ექიმის მიერ! პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან ჭამის დროს. თუ პრეპარატის მიღების დროს აღინიშნება პირის სიმშრალე, მაშინ იგი სასურველია მივიღოთ ჭამამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა.
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს (1/2 ტაბლეტი) დღეღამეში. დოზას ზრდიან თანდათანობით 2 მგ-ით (1 ტაბლეტი) ყოველ 3-5 დღეში ერთხელ. დოზის ტიტრაცია ხდება მიღწეული თერაპიული ეფექტის მიხედვით. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 6-10 მგ-ს (3-5 ტაბლეტი) დღეღამეში, რომელიც იყოფა 3-4 მიღებაზე. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 12-16 მგ-მდე (6-8 ტაბლეტი) დღეღამეში, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 16 მგ-ს.
მკურნალობის დასრულების შემდეგ ან ალტერნატიული მკურნალობის საწყის პერიოდში საჭიროა ციკლოდოლი გრინდექსის დოზის თანდათანობით შემცირება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. 
პედიატრიულ პრაქტიკაში  პრეპარატი არ გამოიყენება.
 
უკუჩვენებები: 
პრეპარატი არ გამოიყენება ტრიჰექსიფენიდილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, შარდის შეკავების, პროსტატის ჰიპერტროფიის შარდის შეკავებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომის (მხედველობის ნერვის და ბადურის ფუნქციის დარღვევა თვალისშიდა წნევის მომატების ფონზე), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის და შევიწროების დროს. არ გამოიყენება ტაქიარითმიის, ალკოჰოლით, ფსიქოტროპული ან ოპიოიდური სამკურნალო საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის,  მწვავე დელირიუმისა და მანიაკალური მდგომარეობის დროს, აგრეთვე გვიანი დისკინეზიის (უნებლიე მოძრაობების) დროს.
თუ პაციენტს გააჩნია რომელიმე ზემოაღნიშნული დაავადება ან მდგომარეობა, მან აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს!
პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
• ღვიძლის ან/და თირკმლების დაავადება
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში

სიფრთხილე: სიფრთხილეა საჭირო შემდეგი შემთხვევების დროს: სიცოცხლისათვის საშიში ტაქიკარდიით თანმხლები დაავადებები, დემენციის სინდრომი, myasthenia gravis (დაავადება თანხლებული კუნთოვანი სისუსტით), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის ბუშტის სრული დაცლით.
არსებობს მონაცემები ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის ბოროტად გამოყენების შესახებ (იწვევს ჰალუცინაციებს და ეიფორიულ მდგომარეობას).
მკურნალობის უეცრად შეწყვეტა დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციკლოდოლი გრინდექსის მოქმედება ძლიერდება მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში- ამანტადინი, ანტიჰისტამინური საშუალებები (დიფენჰიდრამინი, პრომეთაზინი, კლემასტინი), ფენოთიაზინის ჯგუფის ანტიფსიქოზური საშუალებები (ქლორპრომაზინი, ტრიმეპრაზინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ტრიმეპრიმინი).
ციკლოდოლის  და სუბლინგვალური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მცირდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი (პირის სიმშრალის გამო).
ციკლოდოლი-გრინდექსი და პარასიმპათომიმეტური (პილოკარპინი, კარბაქსოლი, ნეოსტიგმინი) საშუალებები მოქმედებენ ანტაგონისტურად.
ციკლოდოლი გრინდექსმა შეიძლება შეაფერხოს სხვა პრეპარატების შეწოვა  ნაწლავების პერისტალტიკის შემცირების გამო.
ციკლოდოლი გრინდექსი ასუსტებს მეტოკლოპრამიდის და დომპერიდონის (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები) მოქმედებას.
ალკოჰოლისა და სხვა სამკურნალო საშუალებების დეპრესიული მოქმედების გაძლიერება მოსალოდნელია ტრიჰექსიფენიდილთან კომბინაციაში.
პრეპარატის მიღების წინ ექიმს უნდა ეცნობოს სხვა პრეპარატებით მკურნალობის შესახებ!

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, რის გამოც   მისი მიღება ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტის სარგებლიანობა სჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. ტრიჰექსიფენიდილი გამოიყოფა დედის რძეში, რის გამოც ამ პრეპარატით  მკურნალობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტი ორსულადაა, გეგმავს ორსულობას ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ციკლოდოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. მკურნალობის დროს უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვას.
      
გვერდითი მოვლენები:
მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა, ფოტოფობია, პირის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება, ყაბზობა, კუჭის არეში ტკივილი, გულისრევა. იშვიათად აღინიშნება შარდის შეკავება, ტაქიკარდია (ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია-60-მდე), მომატებული მგრძნობელობა.
შესაძლოა: გადაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება.
პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში ან ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ ათეროსკლეროზი, ან რომელთაც ადრე აღენიშნებოდათ რომელიმე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცნობიერების დაბინდვა და სხვა ფსიქიური დარღვევები, არაბუნებრივად კარგი ხასიათი, გაღიზიანება, ღებინება ან გულისრევა. ზემოაღნიშნული მოვლენების დროს აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
იშვიათად –დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარება, რაც დაკავშირებულია თვალშიდა წნევის მომატებასთან,  ამიტომ აუცილებელია თვალშიდა წნევის  რეგულარული შემოწმება.
ზემოაღნიშნული ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების დროს მკურნალობა წყდება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მიდრიაზი, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ტაქიკარდია, ყაბზობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გაღიზიანებადობა, ცნობიერების დარღვევა.
მძიმე შემთხვევაში - კომა და სუნთქვის გაჩერება.
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება.  თან უნდა ვიქონიოთ პრეპარატის შეფუთვა.
აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ცივი კომპრესები, უნდა ეცნობოს ექიმს მიღებული ზომების შესახებ.

შენახვის პირობები:
ინახება ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა: 5 წელი

გამოშვების ფორმა: 2 მგ ტაბლეტი #25 ბლისტერულ შეფუთვაში, 2 ბლისტერი კოლოფში.

გაცემის წესი: რეცეპტით
 
მწარმოებელი ფირმა:  ს.ს. “Grindeks” (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 7083205
ფაქსი: + 371 7083505